აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, შუახევში კორპორაცია „ევექსის“ კლინიკაში ქირურგი და ანესთეზიოლოგი ადგილზე არიან. „ჩვენი ინფორმაციით, რომელიც გადავამოწმეთ როგორც ადგილზე, ასევე „ევექსის“ ხელმძღვანელობასთან, ქირურგი და ანესთეზიოლოგი შუახევის საავადმყოფოში იმყოფებიან. დღეს ორ საათზე გვაქვს შეხვედრა ამ კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილესთან და გადაწყდება ეს საკითხი, ისე რომ არ მოხდეს, როგორც მაშინ – ჯერ რომ დატოვეს ექიმები და მერე რომ არ აღმოჩნდნენ. კონკრეტულ გრაფიკს გავწერთ, ვინ როგორ იმუშავებს რაიონულ საავადმყოფოში“.
ლევან გორგილაძის თქმით, ევექსს ბევრი ვლდებულება აქვს, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე მკაცრად მოითხოვს შემდეგი მიმართულების ექიმების ყოლას: „გინეკოლოგიური სამსახურის აღდგენას და სამეანოს, ანესთეზიოლოგსა და ქირურგს ახლავე და სასწრაფოდ. დანარჩენებზე ნელ-ნელა ვიზრუნებთ“.
ლევან გორგილაძის განცხადებიდან ირკვევა, რომ მინისტრის მოადგილე ნაკლებად ენდობა „ევექსის“ სიტყვიერ დაპირებებს. შესაბამისად, სამინისტრო მუდმივ მონიტორინგს გეგმავს: „გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ამჟამად ადგილზე ქირურგისა და ანესთეზიოლოგის ყოფნა არაფერს ნიშნავს, შეიძლება ხვალ აღარ იყვნენ. მაშინაც ასე იყო – შევთანხმდით, ორი-სამი დღე იყო ყველაფერი და როცა საჭირო დარჩა, ექიმი აღარ იყო. ჩვენ დღეს მოვისმენთ მათ ხედვებს, როგორ აპირებენ მუშაობას, რომელი კადრებითა და რა სიხშირით. აი, ეს ყველაფერი უნდა გავიაროთ კონკრეტულად“.
„ევექსის“ წარმომადგენლები ამ დროისთვის აჭარის უმაღლეს საბჭოში იმყოფებიან. 14:00 საათისთვის კი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართება შეხვედრა.

როგორც „ბათუმელების“ ჟურნალისტი უმაღლესი საბჭოდან იტყობინება, „ევექსის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვანო ბოკერიამ დეპუტატებს უთხრა, რომ შუახევში 3 მაისს 25 წლის ახალგაზრდის „გარდაცვალება იმასთან კავშირში არ არის, რომ „ევექსმა“ საყოველთაო დაზვევის პროგრამებიდან გამოსვლა გადაწყვიტა“.
3 მაისს ცივი იარაღით დაჭრილი ახლაგაზრდა მამაკაცი შუახევში, კორპორაცია „ევექსის“ კლინიკაში მიიყვანეს. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში არ იყო ქირურგი, ამიტომ დაჭრილს ვერავინ დაეხმარა და ის სისხლისგან დაიცალა.
ამ ფაქტამდე რამდენიმე დრით ადრე „ევექსმა“ განაცხადა, რომ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მაღალმთიან აჭარაში გააუქმა სტაციონარული მომსახურება.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ლევან გორგილაძის ინფორმაციით, „ევექსს“ ამის უფლება არ ჰქონდა, რადგან სახელმწიფოსთან 2011 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით, „ევექსი“ ვალდებულია მაღალმთიან აჭარაში სტაციონარული მომსახურება შეინარჩუნოს.