სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში – საქართველოში პირველად

05.05.2015 • 2098
ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში – საქართველოში პირველად

რამინ შამილიშვილი, გია მაჭავარიანი და ირაკლი თურმანიძე აჭარის ნაკრების ძალოსნები არიან. მათი მწვრთნელი, აბესალომ ბასილაია მეტ შედეგს ელოდა, რომ არა სპორტსმენების ტრავმები. „შეჯიბრებამდე ორი დღით ადრე ტრავმა მიიღო გია მაჭავარიანმა, რომელიც 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოვიდა. მარჯვენა ფეხზე ჩაქცევები ჰქონდა და მთლიანად გაუშავდა. ასეთი სპორტია, როდის რა იქნება, არავინ იცის. რამინ შამილიშვილს ჰქონდა მედლის თეორიული შანსი, მაგრამ მეტი წონის დაკლება მოუწია. რამინს არასოდეს დაუკლია წონა, ამ ჩემპიონატისთვის კი 10 დღეში 6 კილო დაიკლო და როგორც ჩანს, მისმა ორგანიზმმა ვერ მოასწრო ძალების აღდგენა. ორჭიდის ჯამში შეეძლო მეორე ან მესამე ადგილის მოპოვება, მაგრამ პირველი გასვლაზე „შტანგა“ გაუცურდა, ამის გამო მერე ხასიათიც გაუფუჭდა. თუმცა მეორე გამოსვლაზე შედარებით კარგი შედეგი ჰქონდა. მესამე გამოსვლაზე დაჭერილი ძელი უკან გადაუვარდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილს დავჯერდით ამ წონით კატეგორიაში“.

ვროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატამდე წინამოსამზადებელი საწვრთნო შეკრება ჯერ დუშეთში გაიარა, შემდეგ 24 დღე წყალტუბოში ვარჯიშობდა, ჩემპიონატამდე 15 დღით ადრე კი, თბილისში გააგრძელა ორკვირიანი შეკრება. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ნაკრების წევრები აჭარიდან – რამინ შამილიშვილი, გია მაჭავარიანი და ირაკლი თურმანიძე მსოფლიო სალიცენზიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც ნოემბერში ამერიკში, ტეხასის შტატ ქალაქ ჰიუსტონში ჩატარდება. როგორც აბესალომ ბასილაია ამბობს, ამ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები რვა სპორტსმენით გაემგზავრება, ესენი იქნებიან: დავით გოგია, ლაშა ტალახაძე, გიორგი ლომთაძე, რაულ ცირეკიძე. მათ შორის იქნებიან აჭარის ნაკრებიდან: ირაკლი თურმანიძე, ალბერტ კუზილოვი, გია მაჭავარიანი, რამინ შამილიშვილი. მსოფლიო პირველობაზე გარდა ჩემპიონობისა, ოლიმპიური სალიცენზიო ქულებისთვისაც იბრძოლებენ.

 

ირაკლი თურმანიძე

„ჩვენ ორ-სამ სპორტსმენზე მეტი არასოდეს გვყოლია ევროპისა და მსოფლიო შეჯიბრებაზე. ეს იქნება პირველი უძლიერესი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ისტორიაში. წელსაც პირველად გამოვედით საქართველოს გუნდი ევროპის ჩემპიონატზე“, – გვეუბნება აჭარის ძალოსნების მწვრთნელი აბესალომ ბასილაია.

ამჟამად აჭარაში ძალოსნობას ექვსი მწვრთნელი ასწავლის ჩაქვსა და ხელვაჩაურის ორ სოფელში – ერგესა და ჭარნალის სკოლებში. აბესალომ ბასილაიას თქმით, სულ ოთხი ასაკობრივი ნაკრებია აჭარაში: დიდების და 15, 17 და 23 წლამდელთა ნაკრები. მათი საერთო რაოდენობა ხელვაჩაურსა და ჩაქვში 90-ზე მეტი სპორტსმენია. აჭარაში ძალოსნობაში მხოლოდ ბიჭები არიან. რამდენიმე წელია ანუ მას შემდეგ, რაც ნატო ასათიანი აქტიურ სპორტს ჩამოშორდა, აჭარაში ძალოსნობაში გოგო აღარ ჰყავთ.

ირაკლი თურმანიძე -ევროპის ჩემპიონატზე სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა | ჯილდოს გადასცემს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: