კვირის ამბები

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: „ევექსს“ ვადა დღეს, დღის ბოლომდე მივეცით

04.05.2015 • 1440
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: „ევექსს“ ვადა დღეს, დღის ბოლომდე მივეცით

 

ლევან გორგილაძე
ლევან გორგილაძე

ბატონო ლევან, როგორც ვიცით, „ევექსს“ ამ დროისთვის აჭარის სამივე მაღალმთიან მუნიციპალიტეტში გაჩერებული აქვს სტაციონარული მომსახურება. თქვენ ამბობთ, რომ „ევექსის“ სურვილის მიუხედავად ქირურგი, ანესთეზიოლოგი, გინეკოლოგი და რეანომობილი იმუშავებს შუახევის მუნიციპალურ საავადმყოფოში. რა შეიცვალა?

 

სამწუხაროდ, არ მუშაობდა და ამის პასუხისმგებლობა დაეკისრება იმას, ვისი ვალდებულებაც იყო, რომ ემუშავებინა.

 

რა სახის პასუხისმგებლობა დაეკისრება?

ჩამოდის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი კომისია, რომელიც გაარკვევს, რატომ არ მუშაობდა სერვისები. იმ ხელშეკრულებით, რომელიც 2011 წლის ნოემბერში გაფორმდა სახელმწიფოსა და კომპანიას შორის, კომპანია ვალდებული იყო ქედაში, შუახევსა და ხულოში ქირურგი, ანესთეზიოლოგი, გინეკოლოგი ჰყოლოდ და სხვადასხვა სტაციონარული მომსახურება ჰქონოდა. აქედან გამომდინარე, კომპანია ვალდებული იყო ადგილზე ექიმების ბრიგადა ჰყოლოდა.

 

ბოლო პერიოდში თქვა კომპანიამ, რომ აპირებდა სერვისების გადაწყობას, მაგრამ ეს ეხებოდა დაფინანსების ფორმას და არა საავადმყოფოში ექიმის არარსებობას. ანუ ისინი ამბობდნენ, რომ ჩვენ სერვისი გვექნება, მაგრამ არ ვიმუშავებთ სახელმწიფო დაფინანსებითო. სტაციონარის გაუქმებაზე საუბარი არ ყოფილა.

 

ჩვენ მას შევთავაზეთ ასეთი რამ – კი ბატონო, არ გინდა, მაშინ სერვისებმა იმუშავოს და ჩვენ პაციენტს სხვა ფორმით დავაფინანსებთ. მათ ვუთხარით, ანაზრაურება რა ფორმით მოხდება – პაციენტი გადაიხდის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, სარეზერვო ფონდი თუ შევქმნით სხვა პროგრამას, ეს სხვა საკითხია-თქო. შუახევში რეანომობილი დავაყენებინეთ და გადაწყდა, რომ ურგენტული, ანუ სასწრაფო გადაუდებელი მომსახურება ყველა რაიონში ჩატარდებოდა. რაც შეეხება გეგმიურ ოპერაციებს, ის შეიძლება დაეგეგმათ, სადაც მათ სურდათ.

 

აღმოჩნდა, რომ რეანომობილი იდგა ერთი-ორი დღე და შემდეგ შეწყვიტეს მომსახურება – არ შექმნეს განრიგი, რომელი ქირურგი, ანესთეზიოლოგი იმორიგევებდა. აქედან გამომდინარე მოხდა გუშინ სამწუხარო შემთხვეა. ახლა საკითხი ასე დგას – მათ არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შესაბამისად, დაეკისრებით ხელშეკრულებით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.

 

ამ საკითხზე კომპანიის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია უკვე გქონდათ?

 

ჩვენ მივეცით დრო დღის ბოლომდე. თუკი დღის ბოლომდე იქ არ იქნება მოწესრიგებული ეგ საკითხი, შესაბამისად, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აქვს საშუალება ნებისმიერი პროფესიის ექიმებით უზრუნველყოს რეანომობილი. საკითხს საღამომდე თუ არ გადაწყვეტენ, ჯანდაცვის სამინისტრო არის მზად თვითონ უზრუნველყოს ეს მომსახურება.

 

მათი პოზიცია როგორია?

ადგილობრივ ხელმძღვანელობასაც ვესაუბრეთ, თბილისშიც ვესაუბრეთ და დაგვიპრდნენ, რომ საღამომდე საკითხი დადებითად გადაწყდება. შესაბამისად, საღამოს გადავამოწმებთ.

 

„ევექსის“ წარმომადგენელი ბოლო დღეების განამვლობაში განმარტავდა, რომ კომპანია  რისკების შემცირების მიზნით აპირებდა სტაციონარული მომსახურების გაუქმებას. როცა ამას ამბობდნენ, მაშინ რატომ არ მოსთხოვეთ ასე კატეგორიულად ხელშეკრულების პირობების შესრულება, სანამ გუშინდელი ტრაგიკული შედეგი არ დადგა?

 

ჩვენ დავუმტკიცეთ, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება. მისი უფლებაა გამოვიდეს სახელმწიფო პროგრამებიდან, მაგრამ მისი ვალდებულებაა ჰქონდეს მომსახურება. ჩვენ მათ ვესაუბრეთ იმაზე, რომ სურვილის შემთხვევაში ჰქონდა უფლება გამოსულიყო ანაზრაურების ფორმიდან თუ ორი თვით ადრე დაწერდა განცხადებას, მაგრამ ვალდებული იყო განეხორციელებინა სხვადასხვა მომსახურება, მათ შორის სტაციონარული მომსახურება – გინეკოლოგია, მეანობა, ქირურგია, რეანიმაცია, ონკოლოგია, ოტოლარინგოლოგია. ეს წერია ხელშეკრულებაში, რომელზეც ზემოთ ვილაპარაკე, რის საფუძველზეც თავის დროზე მათ ქონება გადეცათ.

 

როგორც ცნობილია, სავადმყოფოები მთიან მუნიციპალიტეტებში კომპანიისთვის წამგებიანია. სახელმწიფო ხომ არ აპირებს პროგრამაც დაფინანსოს და ექიმიც?

ექიმს არ დააფინანსებს, სახელმწიფო დააფინანსებს პაციენტს, კომპანიის ვალდებულება კი ის არის, რომ უზრუნველყოს სამსახური. თუ პაციენტი ამ სამსახურში  მოხვდება, მას მიყვება შესაბამის ანაზღაურება.

 

თუმცა კლინიკამ შეიძლება თქვს, რომ ეს საავადმყოფოები მისთვის მძიმე ტვრითია.

როცა ხელშეკრულებას ხელს აწერ, მძიმე ტვირთიც უნდა განსაზღვრო, უნდა იცოდე, რომ არის საკითხები, რომელიც ძალიან მომგებიანია და არის საკითხი, რომელიც შეიძლება იყოს წამგებიანი. თუ ასე დგას საკითხი, მაშინ ხელშეკრულების ხელმომწერ მეორე მხარეს უნდა შეუთანხმდე და უნდა მონახო სხვა ფორმა. ეს ჩემთვის მძიმეა და აღარ გავაკეთებ – ასე არ შეიძლება. როცა ამ ხელშეკრულებას ხელს აწერდნენ, მაშინაც ძალიან მძიმედ ითვლებოდა, მაგრამ სამაგიეროდ ძალიან მსუბუქია რეფერალური საავადმყოფო აგერ ბათუმში, რამდენიმე საავადმყოფო თბილისში, ქუთასში, ზუგდიდში. ისინი საკმაოდ წარმატებლად მუშაობენ.

 

რაც შეეხება ხულოსა და ქედის საავადმყოფოებს. იქაც დააბრუნებს კომპანია ექიმებს?

გივე მდგომარეობა იყო აქამდე და ისევე გამოსწორდება, როგორც შუახევში. ჩვენ ახლა ვმუშაობთ იურიდიული საკითხების გამყარებაზე – კომპანიამ მიიღო სამართლებრივადაც, მორალურადაც არასწორი გადაწყვეტილება და არავისი აზრი არ გაითვალისწინა. ახლაც თუ ვერ შევთანხმდებით, მაშინ საკითხი გადაწყდება სასამართლოს გზით.

 

თუ დადასტურდება კომპანიის ბრალეულობა, რა სახის პასუხისმგელობა შეიძლება დაეკისროს?

ამის შესახე კონკრეტულად ვერაფეს გეტყვით, კომისიამ უნდა დადოს დასკვნა. ხელშეკრულების მუხლების მოთხოვნები თუ არ სრულდება, ყოველთვის არის ხელშეკრულებაში ისეთი მუხლი, როდესაც შეიძლება გაწყდეს ხელშეკრულება და ის ქონება, რაც წაიღო კომპანიამ, დაუბრუნდეს სახელმწიფოს. მაგრამ მე არ ვამბობ, რომ ეს ასე მოხდება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: