რა გამოწვევის წინაშე დგას საკონსტიტუციო სასამართლო დღეს? – დისკუსია

ხუთშაბათს, 24 დეკემბერს 16 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოს საკონფერენციო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით გაიმართება დისკუსია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს როლზე.

რა გამოწვევის წინაშე დგას საკონსტიტუციო სასამართლო დღეს? – ამ თემაზე სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ისაუბრებს.

ამავე საკითხზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს“ პოზიციას ორგანიზაციის ბათუმის ოფისის კოორდინატორი მალხაზ ჭკადუა გააცნობს დისკუსიის მონაწილეებს.

2015-12-22 დღის სტატისტიკა – ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ცნობით, დღეს 3:50 საათის მონაცემებით, ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 500-მდე ადამიანია დაჯარიმებული. მათ შორის ყველაზე მეტი – 408 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 2 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 1 – ორმაგი პარკირებისთვის, 33 – ნიშანში დგომის გამო, 23 – ტროტუარზე დგომისთვის, 9 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის, კიდევ 2 კი ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg
Jpeg

იაფი სახლის სავარაუდო კრიტერიუმები – მერიის სამუშაო დოკუმენტი

ბათუმის მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურმა ე.წ. იაფი სახლის კრიტერიუმების შემუშავების მიზნით შექმნილ კომისიას სამუშაო დოკუმენტი წარუდგინა. კომისიის თავმჯდომარემ დოკუმენტი კომისიის წევრებს უკვე გადაუგზავნა და ახლა მათგან შენიშვნებს ელოდება. დოკუმენტზე სამსჯელოდ კომისია 15 იანვრის შემდეგ შეიკრიბება.

სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, პროგრამის  ბენეფიციარი უნდა იყოს პირი, რომელსაც ჰყავს პროგრამით განსაზღვრული ოჯახის წევრები და აკმაყოფილებს პროგრამით სარგებლობის აუცილებელ კრიტერიუმებს ან პროგრამით განსაზღვრული ოჯახი, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამით სარგებლობის აუცილებელ პირობებს;

პრეტენდენტის მიერ ქირით ცხოვრების შემთხვევაში პროგრამით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, მოიჯარესა და მეიჯარეს შორის  გაფორმებული და შესაბამისი წესით რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება. ხელშეკრულების არქონის შემთხვევაში ამხანაგობის თავმჯდომარის, გამგეობის და უბნის რწმუნებულის მიერ შესაბამისი წესით დამოწმებული ცნობა ქირით ცხოვრების შესახებ, პროგრამით სარგებლობისთვის განაცხადის გაკეთების მომენტში, სულ მცირე, ბოლო ერთი წლის მანძილზე; სხვა თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება პრეტენდენტს, რომელიც წარადგენს ხელშეკრულებას.

აღნიშნული პროგრამის მიზნებისათვის ოჯახის წევრებში იგულისხმება თვითონ პირი, მისი მეუღლე და მშობლებთან მუდმივად მცხოვრები შვილი ან შვილები,  რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთრებაში უძრავი ქონება; პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს უბნის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის წევრების შემადგენლობის შესახებ.

პოტენციური ბენეფიციარი ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე დაბადებიდან ან მოქალაქეობა მიღებული უნდა ჰქონდეს პროგრამით სარგებლობისათვის განაცხადის წარდგენის მომენტისათვის მინიმუმ 20 წლით ადრე ;

ბენეფიციარს ან მისი ოჯახის ერთ წევრს მაინც უნდა ჰქონდეს ბათუმში რეგისტრაცია პროგრამით სარგებლობისათვის განაცხადის გაკეთების მომენტისათვის სულ მცირე უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში (სხვა თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელიც უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო რეგისტრირებული  ბათუმის ტერიტორიაზე), ხოლო ოჯახის დანარჩენ სრულწლოვან წევრებს მინიმუმ ბოლო 2 წლის განმავლობაში;

ბენეფიციარს უნდა გააჩნდეს შემოსავლის სტაბილური წყარო განაცხადის გაკეთების მომენტიდან მინიმუმ ბოლო 2 წლის მანძილზე; ამ შემთხვევაში თანხა დაკონკრეტებული არ არის.

ბენეფიციარს ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს, კერძო საკუთრებაში არ უნდა გააჩნდეს უძრავი ქონება ბოლო 5 წლის განმავლობაში; სხვა თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება თითოეულ დამატებით წელს.

ბენეფიციარი ოჯახის შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს პროგრამით სარგებლობისათვის დადგენილ შემოსავლის მაქსიმუმს (თანხა განსაზღვრული არ არის) და არ უნდა იყოს დადგენილ მინიმუმზე ნაკლები. პროგრამით სარგებლობისათვის დადგენილი მინიმუმი შეიძლება განისაზღვროს, როგორც პროგრამით სარგებლობის პერიოდში ყოველთვიური შენატანის მინიმუმ სამმაგი ოდენობა.

ოჯახის მთლიანი შემოსავლების განსაზღვრისათვის გაითვალისწინებენ ოჯახის ყველა იმ წევრის შემოსავალს, რომელთა ასაკი შეადგენს ან აღემატება 18 წელს.

ბენეფიციარი ოჯახის წევრებთან ერთად მუდმივად უნდა ცხოვრობდეს გრძელვადიანი გამოსყიდვის უფლებით გადაცემულ ბინაში. ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ სამი უწყვეტი თვის პერიოდით საცხოვრებლის დატოვების შემთხვევაში აღნიშნული გარემოების შესახებ უნდა ეცნობოს ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურს წერილობით, რომელშიც დეტალურად იქნება განმარტებული დროებით საცხოვრისის დატოვების მიზეზი. ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია მიღებული განმარტების დასაბუთების მიზნით.

უპირატესობის მინიჭება ბენეფიციართა შერჩევის პროცესში

იმ პოტენციურ ბენეფიციართა შორის, რომლებიც დააკმაყოფილებენ პროგრამით სარგებლობის აუცილებელ კრიტერიუმებს, სხვა თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭებათ შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარებს თანაბარი უპირატესობით:

ახალდაქორწინებული წყვილი (განაცხადის წარდგენის მომენტისათვის ქორწინებიდან გასული არ უნდა იყოს 1 წელზე მეტი და 2 თვეზე ნაკლები დრო).

მრავალშვილიანი ოჯახი – 5 და მეტი შვილი: (ამასთან, უპირატესობის მინიჭების დროს გათვალისწინებული იქნება შვილების რაოდენობა . მე-7 შვილის გაჩენის შემთხვევაში, თუკი ოჯახი მიიღებს ბინას საკუთრებაში, მათ უნდა დატოვონ პროგრამის ფარგლებში გადაცემული საცხოვრებელი ფართობი და მათ მიერ გადახდილი თანხები ჩაითვლება ბინით სარგებლობის ქირად).

მარტოხელა ან მარჩენალდაკარგული დედა ან მამა, რომელთა კმაყოფაზეც ცხოვრობენ შვილები: (განქორწინების შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს განქორწინების მოწმობა, რომელიც მიღებული უნდა ჰქონდეს პროგრამაში მონაწილეობამდე მინიმუმ 3 წლით ადრე).

ოჯახი, რომელშიც ერთ-ერთი წევრი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი: (ამ შემთხვევაში ბინების განაწილებისას ბენეფიციარს გადაეცემა ბინა პირველ სართულზე).

გარდა  აღნიშნულისა,  ბენეფიციართა  შერჩევის  სპეციალური  კომისია  ბენეფიციართა  შერჩევის პროცესში იხელმძღვანელებს შემდეგი დამატებითი კრიტერიუმებით: საგადასახადო და საბანკო დავალიანების არსებობა.

სხვა თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენჭება იმ ბენეფიციარს, რომელიც ცხოვრობს ქირით, განაცხადის შეტანის მომენტისათვის სულ მცირე 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ამასთან, თითოეულ დამატებით წელს მიენიჭება უპირატესობა.

სხვა თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება იმ ბენეფიციარს, რომლის ოჯახის წევრთა რაოდენობა უფრო მეტია სხვა პოტენციური ბენეფიციარის ოჯახის წევრთა რაოდენობასთან შედარებით.

სხვა თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება იმ ბენეფიციარს, რომელიც ბათუმის ტერიტორიაზე რეგისტრირებულია ბოლო 15 წელზე (პროგრამის აუცილებელი კრიტერიუმებით დადგენილი მინიმუმი) მეტი ხნის განმავლობაში, ამასთან თითოეულ დამტებით წელს ენიჭება უპირატესობა.

პრეტენდენტი, რომელიც ვერ დაადასტურებს შემოსავლის სტაბილურობას, აღმოჩნდება არაუპირატეს მდგომარეობაში სხვა პოტენციურ ბენეფიციართან შედარებით.

ბინის    ქირის   გადაუხდელობის   შემთხვევაში   მერია  განიხილავს რამდენიმე ალტერნატივას:

ბინის ქირის უწყვეტად 3 თვის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში ბენეფიციარს გამოასახლებენ და მის მიერ გადახდილი თანხები უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება.

ბინის ქირის ზედიზედ 3 თვის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბენეფიციარმა მე-4 თვის შესაბამის პერიოდში სრულად უნდა დაფაროს გადაუხდელი 3 თვის დავალიანება.

ბინის ქირის 3 თვეზე ნაკლებ ვადაში სრულად ან ნაწილობრივ გადაუხდელობის შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ჯამი არ უნდა გაუტოლდეს სამი თვის დადგენილი გადასახადის ჯამს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბენეფიციარს გამოასახლებენ და მის მიერ გადახდილი თანხები უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება.

ბენეფიციარს შეუძლია ქ. ბათუმის მერიის თანხმობით, საკუთრებაში გადაცემული ბინა დატვირთოს იპოთეკით მხოლოდ ქ. ბათუმის მერიასთან ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით.

ბინების განაწილების პრინციპი:

ერთოთახიანი ბინა – ერთი და ორსულიანი ოჯახისთვის, არასრულწლოვანი ბავშვი 5 წლამდე; ოროთახიანი ბინა – სამი და ოთხსულიანი ოჯახებისთვის;  სამოთახიანი ბინა – ხუთი და მეტ სულიანი ოჯახისთვის.

იაფი სახლის კრიტერიუმების შემოუშავების მიზნით შექმნილი კომისიის თავმჯდომარის, თამაზ თურმანიის განმარტებით, ეს არის მხოლოდ სამუშაო დოკუმენტი, რომელიც მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურმა შეიმუშავა და კომისიას განსახილველად წარუდგინა.  კომისიის მომზადებული შენიშვნების შემდეგ, დაახლოებით 15 იანვრისთვი,ს კომისია ისევ შეიკრიბება.

გავულამაზოთ ახალი წელი „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებ ბავშვებს

„ოცნების ქალაქში“ 1000-მდე მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს. მათ ერთი ოცნება აქვთ – ახალ წელს თოვლის ბაბუა ესტუმროს. მივმართავთ საზოგადოებას, უნივერსიტეტების ადმინისტრაციებსა და სტუდენტებს, სამოქალაქო სექტორსა და სამთავრობო სტრუქტურებს, თუ გაქვთ შესაძლებლობა, გთხოვთ, დაგვეხმაროთ, რომ ბავშვებს „ოცნების ქალაქიდან“ გავულამაზოთ დამდეგი ახალი წელი.

სამზადისი დაწყებულია.

მისამართი: ბათუმი, აღმაშენებლის 13, კვლევითი ინსტიტუტის შენობა. ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტის“ ოფისი.

დაგვიკავშირდით: როინ გუნდაძე – 577-510-704; დავით არძენაძე – 591-98-93-76.

ბავშვები ოცნების ქალაქში
ბავშვები ოცნების ქალაქში

2016 წლიდან საბავშვო ბაღების რეფორმა იწყება

„ყველა საბავშვო ბაღი სტანდარტიზაციას  დაექვემდებარება“ – ამ თემაზე მიმდინარეობდა 22 დეკემბერს ბათუმში, სასტუმრო  „რადისონ ბლუში“ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის“ პრეზენტაცია. ახალი კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში საბავშვო ბაღი ყველა ბავშვისთვის უფასო და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. საბავშვო ბაღების რეფორმა 2020 წლამდე უნდა განხორციელდეს.

„ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას ბავშვებისთვის. ახალი რეფორმით სახელმწიფო მათ სთავაზობს მიიღონ უფასო, ერთიანი საგანმანათლებლო ანუ სკოლამდელი მომზადების პროგრამა, მიიღონ საუკეთესო პირობები, რომელიც არა მარტო უფასო საგანმანათლებლო კომპონენტს გულისხმობს, არამედ მაღალი ხარისხის სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს, მაღალი ხარისხის კვებას, ინფრასტრუქტურას და ტექნიკურ აღჭურვილობას. ყველა ეს პირობა იქნება ევროპული, საერთაშორისო სტანდარტის“, -განაცხადა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

მისი განცხადებით, ხუთი წლის განმავლობაში ყველა არსებული კერძო თუ საჯარო ბაღი დაექვემდებარება ერთიან აუცილებელ სტანდარტს, რასაც სახელმწიფო კანონით სთავაზობს.

როგორც კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, საბავშვო ბაღებში დაცული იქნება უსაფრთხო გარემო.

ეკა ბესელიას განცხადებით, ვინაიდან 2016 წლის ბიუჯეტი უკვე გაწერილია, რეფორმის განსახორციელებელად საჭირო თანხა 2017 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

„ბიუჯეტის დაგეგმვის დროს ფინანსებს გაითვალისწინებენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობები, ასევე რამდენიმე შესაბამისი რელევანტური სამინისტრო და ის ახალი ბაღები, რომლებიც აშენდება, ყველა იქნება ახალი სტანდარტით, ხოლო უკვე არსებულ ბაღებში, ახალ სტანდარტებამდე მისასვლელად, 2020 წლამდე, ეტაპობრივად მოეწყობა ინფრასტრუქტურა“.

ეკა ბესელიას თქმით, თბილისში ახალი სტანდარტების შესაბამისი 36 ბაღის აშენება არის საჭირო, თვითმმართველობებიც საჭიროების მიხედვით გადაწყვეტენ, რამდენი ახალი ბაღი აშენდება რეფორმის ფარგლებში.

ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის თქმით, ბათუმში  მინიმუმ სამზე მეტი ახალი საბავშო ბაღის აშენებაა აუცილებელი. ამ დროისთვის საბავშვო ბაღების გარეშე ბათუმში 800-ზე მეტი აღსაზრდელია დარჩენილი.

ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა, როგორც კონფერენციაზე განაცხადეს, მინიმუმ ერთი მილიონი ლარი ჯდება.

კანონპროექტის პრეზენტაციაზე საუბარი იყო უკვე არსებული ბაღებზე, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ რეფორმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

„არის ისეთი ბაღები, რომლებიც მაღლივ კორპუსებშია განთავსებული. როგორ შეძლებენ ისინი სტანდარტის დაკმაყოფილებას, ამაზე იქნება სამსჯელო.  გარდა ამისა, საბავშვო ბაღებში პროფესიონალი კადრების დეფიციტია, რეფორმა კადრებსაც უნდა შეეხოს“, – განაცხადა ბათუმის მერმა. მან კერძო ბაღების ვაუჩერიზაციის საკითხიც დააყენა.

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის პროექტის შემუშავებს ხელს უწყობს გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF). მისი ხელმძღვანელის საშა გრაუმანის თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში რეფორმა აუცილებელია, რადგან დღეს ბავშვებს არსებული საბავშო ბაღები ვერ აწვდიან ხარისხიან სერვისს:

„ძალიან დროულია ამ კანონის მიღება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც კანონში გათვალისწინებულია, არის დეცენტრალიზებული სისტემა. ეს კანონი  დაგეხმარებათ იმაში, რომ ნებისმიერ ქალაქში თუ სოფელში სკოლამდელი განათლების მაღალი სტანდარტები იქნება დანერგილი. გარდა ამისა, კანონი წარმოგვიდგენს ძალიან კონკრეტულ სისტემას სკოლამდელი აღმზრდელების პროფესიული განვითარების მიმართულებით“.

კანონპროექტის განხილვის პირველ ეტაპს  ეწრებოდნენ საბავშვო ბაღების წარმომადგენლები, აჭარის განათლებისა და ეკონომიკის მინისტრები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.

 

ბათუმის ძველი ბულვარი – რატომ გახდა საჭირო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოდერნიზაცია?!

დავით მამულაძე, აჭარის მეწარმეთა კავშირის თანათავმჯდომარე, კაფე „მწვანე ბარის“ მეპატრონე

„მწვანე ბარი“ ბულვარის სანაპირო ზოლში 25 წლის წინ გავხსენი, ეს ერთ-ერთი პირველი კერძო კაფე იყო დამოუკიდებელ საქართველოში. თუმცა გასულ კვირას ბულვარში მდებარე კაფეების მფლობელები არ მივუწვევივართ მთავრობას ბულვარის ახალი კონცეფციის განხილვაზე. ზუსტად არ ვიცით, რის გაკეთებას აპირებენ ძველ ბულვარში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მაგრამ მინდა, რამდენიმე მოსაზრება გამოვთქვა და ამით ერთგვარად იმ მეწარმეების შეშფოთება გაგიზიაროთ, რომლებსაც კაფე აქვთ ბულვარში, ასაქმებენ ადამიანებს, არიან პატიოსანი გადამხდელები და იმსახურებენ ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია, ჩართულნი იყვნენ პროცესში.

დავით მამულაძე
დავით მამულაძე
პირველ რიგში, ჩემთვის გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოდერნიზაცია. რატომ არ შეიძლება ბულვარი ძველი სახით დარჩეს?! ის იმიტომ არის კულტურული მემკვიდრეობა, რომ ძველია, ისტორიაა. ხომ შეიძლება ახალი კონცეფციით განვითარდეს ახალი ბულვარი და ძველი ბულვარი, რომელიც ბათუმისა და მთელი საქართველოს განძია, ძველი სახით შევინარჩუნოთ?!

25 წლის მანძილზე ჩემ თვალწინ უამრავმა რამემ ჩაიარა, სხვადასხვა მთავრობა სხვადასხვა დროს ექსპერიმენტის ადგილად აქცევდა ბულვარს, თუმცა შევძელით და აქამდე მოვედით, არ მოგიყვებით რა ნერვების ფასად.

160 კვადრატია ჩემი კაფე, მუშაობს სეზონურად. სამი წელი ვიყავი დამატებითი ღირებულების გადამხდელი, ეს არაფერს ამბობს?! მე და სხვა კაფეების მფლობელებმა ყველანაირი სირთულე გადავიტანეთ: ომი, გაზრდილი საბანკო პროცენტები, კრიზისი… ომის დროსაც, ფორსმაჟორულ მდგომარეობაში, ჩვენ ყველა გადასახადი გადავიხადეთ, არ გვითქვამს უარი სახელმწიფოს წინაშე აღებულ ვალდებულებაზე და ასე მოვედით დღემდე. მიგვაჩნია, რომ ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა თავის დროზე ტურისტების მოზიდვაში, პატიოსნად ვიმუშავეთ და ჯოხს და უყურადღებობას ნამდვილად არ ვიმსახურებთ.
ახლა მეწარმეებს აქვთ შიში, ყველა ელოდება კატასტროფას.

ჩემს კაფეში ყოველ სეზონზე ვასაქმებ 15 ადამიანს. ისინი იმდენს შოულობენ სეზონზე, რომ ზამთარში მთელი ოჯახი დაპურებული ჰყავთ. ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა არ არის მნიშვნელოვანი?! არ შეიძლება ადგილობრივ მეწარმეებს მხოლოდ გადაწყვეტილების წინაშე ვაყენებდეთ ისე, რომ არაფერს ვეკითხებოდეთ, მათ აზრს არ ვისმენდეთ, ასე საშუალო ფენა ქვეყანაში ვერ შეიქმნება.

რაც შეეხება კომპენსირების თემას, რადგან ითქვა, რომ გაიცემა კომპენსაცია მეწარმეებზე, რომლებსაც კაფე-ბარები აქვთ ბულვარში. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება მისაღები, თუ კომპენსირება იქნება რეალური. თუ სახელმწიფო ფიქრობს დასაქმებულ ადამიანებზე, მაშინ ისეთი კომპენსაცია უნდა მოგვცენ, რომ მინიმუმ 15 ადამიანის დასაქმება ისევ შემეძლოს.
აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. გაზაფხულზე თუ გადათხრილი ბულვარი დახვდებათ ტურისტებს, ძალიან ბევრ ტურისტს დავკარგავთ. ისიც უნდა გათვალოს მთავრობამ, რომ შუა ზაფხულში არ მოუწიოს სამშენებლო სამუშაოები. ჩვენ ისეთი პერიოდებიც შეგვხვდა, რომ აგვისტომდე სამუშაოები მიდიოდა ბულვარში. თუ წელსაც ასე მოხდა, ჩავთვალოთ, რომ ტურიზმი არ განვითარდება.

თუ მთავრობა აკეთებს ბულვარის რეკონსტრუციას და ახალი გეგმები აქვს, ხომ შეიძლება ჩვენ, მეწარმეებსაც მოგვაწოდონ ინფორმაცია და ჩვენ თვითონ შევძლებთ ობიექტების იმ ფორმაში მოყვანას, რაც აქვთ გეგმაში.

და ბოლოს, ბათუმი არის ქალაქი, სადაც მთავარია ზღვა, ბულვარი და რამდენიმე ქუჩა. ჩემთვის ბულვარში კაფე არ არის მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესი. როცა კაფეს ვაშენებდით, შეგვეძლო 30-40 მეტრით დიდი ყოფილიყო ფართობი, მაგრამ მაშინ ხეების ხარჯზე უნდა მომხდარიყო ეს, რაც მიუღებელი იყო ჩემთვის. შვილივით ვუვლი ამ ხეებს, იქ ციყვები გვყავს, ყვავი, რომლებსაც სახელები აქვთ. თაობები გაიზარდა ჩემს კაფეში, ფაქტობრივად, ქალაქის 25 წლის ისტორიამ გაიარა აქ: ლიტერატურული კონკურსები, საქველმოქმედო საღამოები, „რა, სად, როდის“… მეტი რა არის ისტორია, თუ არა ეს?!

გაზსადენი მაღალმთიან აჭარაში 2017 წლის შემდეგ

აჭარის მთავრობა არ აპირებს დააფინანსოს გაზსადენის მშენებლობა მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით, შესაბამისად, უარს ამბობს ამ მიზნით სპეციალური მრავალწლიანი პროგრამის შემუშავებაზეც.

აჭარის მთავრობა აცხადებს, რომ ამ საკითხზე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მუშაობს: „არსებული გაზსადენი ვერ უზრუნველყოფს საჭირო სიმძლავრით გაზის მიწოდებას. შესაბამისად ნავთობისა და გაზის კორპორაცია მუშაობს ახალი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის საკითხზე, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება უზრუნველყოფილი იქნეს აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები გაზით.“

აღმოსავლეთ-დასავლეთის (EWGP) მაგისტრალური გაზსადენის საპროექტო და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები კორპორაციას დაწყებული აქვს და მის დასრულებას 2017 წლისთვის გეგმავს. მაგისტრალური გაზსადენის სრული რეაბილიტაციისთვის რამდენიმე პროექტია განსახორციელებელი.

„პროექტების რეალიზაცია ხელს შეუწყობს შიდა ქართლისა და დასავლეთ საქართველოს რეგიონების მოსახლეობისა და საწარმოთა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და შავიზღვისპირა რეკრეაცული ზონის გარანტირებული გაზმომარაგების გაზრდას,“ – აცხადებენ კორპორაციაში.

ზემოაღნიშნული სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი პროექტის განხორციელებაც: „მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის (აჭარის) განშტოება 500მმ დიამეტრის 60კმ-იანი მონაკვეთი“.

კორპორაციის ინფორმაციით: „ჩატარებული წინასწარი კვლევების შედეგების ანალიზის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახალი მარშრუტის გამოყენებით ქობულეთის განშტოების ეტაპობრივი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შესახებ. იგეგმება ძირითადი სამშენებლო მასალების შესყიდვა და 2016 წელს დაახლოებით 30კმ-მდე სიგრძის საწყისი მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარება, მათ შორის მდინარე რიონზე არსებული საჰაერო გადასასვლელის აღდგენაც. ტრასის მეორე ნაწილის მშენებლობა 2017 წელსაა დაგეგმილი“.

მომავალი წლის ბიუჯეტიდან გაზსადენის მშენებლობის  დაფინანსება აჭარის მთავრობას უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ“ შესთავაზა.

აჭარის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ფრაქციის შენიშვნა: „ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას, მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილება და დააფინანსოს მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა… პირველ ეტაპზე, თუნდაც ქედის მიმართულებით დაახლოებით 2 მლნ ლარამდე თანხის გამოყოფა გახდება საჭირო. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება ხულოს ტურისტულ ზონამდე გაზსადენის მიყვანა. ფაქტია, რომ აღნიშნული საკითხით ამ დრომდე კომერციულ სექტორს ინტერესი არ გამოუხატავს, ამიტომ დროა ეს ფუნქცია მთავრობამ თავის თავზე აიღოს“.

 

რა სარგებელს მოუტანს შუახევიჰესი საქართველოს

შუახევიჰესის მშენებლობა მთავარ ეტაპზე გადავიდა: პროექტი ერთ წელიწადში დასრულდება და საქართველოს შეემატება 187 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მქონე სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური. ეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლის პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში მოხმარდება საქართველოს მოსახლეობას, ხოლო ზაფხულის პერიოდში, როდესაც ქვეყანა ჭარბი ოდენობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ექსპორტი თურქეთის მიმართულებით განხორციელდება. შუახევიჰესის მშენებლობას ხელმძღვანელობს პროექტის დირექტორის მოადგილე ჯოშ ჯერარდი, რომელიც პროექტთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებს გააცნობს საზოგადოებას.

ბატონო ჯოშ, როგორ მიმდინარეობს შუახევიჰესის პროექტის სამშენებლო სამუშაოები?

მშენებლობის პროცესი წარმატებით გრძელდება. ჩვენ ვაშენებთ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტს – შუახევიჰესის კასკადს.

გვაქვს გამოწვევები, სირთულეები, თუმცა, ამ ეტაპზე შესრულებული გვაქვს შუახევიჰესის პროექტის სამოქალაქო სამუშაოების 63%, ელექტრული/მექანიკური სამუშაოების 68% და მთლიანი პროექტის 63%. ეს, დამეთანხმებით, მნიშვნელოვანი პროგრესია.

იმ გვირაბების საერთო სიგრძე, რომლითაც შუახევიჰესის კასკადი ერთმანეთს დაუკავშირდება, 38 კილომეტრია. როგორ მიმდინარეობს გვირაბების მშენებლობის პროცესი – რამდენად რთულია ამ სამუშაოების შესრულება?

პროექტის დაწყებამდე ჩატარდა არაერთი კვლევა, რომლის საფუძველზეც გავთვალეთ ყველა ის სირთულე, რასაც მშენებლობის პროცესში შეიძლება წავწყდომოდით. ჩვენ მზად ვართ ყველა გამოწვევას შესაბამისად ვუპასუხოთ. პროექტს აშენებს პროფესიონალთა გუნდი, ვისთვისაც დაუძლეველი წინააღმდეგობები არ არსებობს. ამ ეტაპზე გვირაბების სამუშაოების 72% შესრულებულია.

შუახევიჰესის კასკადის მშენებლობა
შუახევიჰესის კასკადის მშენებლობა

მთავარ გამოწვევად მე უსაფრთხოებას მივიჩნევ. მთავარია, პროექტი შესრულდეს უსაფრთხოების ყველა პარამეტრის მაქსიმალური დაცვით, ყველა სამშენებლო ობიექტზე მოქმედებს მკაცრი წესები, რასაც როგორც თანამშრომლები, ასევე ვიზიტორები ზედმიწევნით იცავენ. როგორც გვირაბების, ასევე კაშხლის, ძალური კვანძის მშენებლობის პროცესში, სწორედ ეს მიმაჩნია მთავარ გამოწვევად. უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.

როდის დასრულდება შუახევიჰესის მშენებლობა?

შუახევიჰესის პროექტი ერთ წელიწადში დასრულდება, ხოლო ელექტროენერგიის გამომუშვება დაიწყება 2017 წლის გაზაფხულზე.

შუახევიჰესის პროექტის დასრულება რა სარგებელს მოუტანს საქართველოს?

თავდაპირველად მშენებლობის პროცესზე გეტყვით კონკრეტულად. პროექტის მშენებლობაში და იმ სოციალურ პროექტებში, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, დასაქმებულია საქართველოს 650 მოქალაქე. მათი უმეტესობა სწორედ მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს. პროექტის დაწყების შედეგად შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, მშენებლობის პროცესში გამოცდილება შეიძინა არაერთმა ადამიანმა, პროექტის დასრულების შემდგომ მათი სახით პროფესიონალი კადრები შეემატება ქართულ ბაზარს.
ასევე მიმდინარეობს არაერთი სოციალური პროექტი, რაც მაღალმთიანი აჭარის გრძელვადიან განვითარებას ისახავს მიზნად.

ჩვენ ვახორციელებთ არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს: გზების მშენებლობა, სკოლების, ბაღების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყლის სისტემების რეაბილიტაცია; წარმატებით გრძელდება საგანმანათლებლო პროექტები, ვეხმარებით რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს მცირე ბიზნესის განვითარებაში; ვცდილობთ, გვერდით დავუდგეთ პროექტის არეალში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მათგანმა საკუთარი ცხოვრების დონე გაიუმჯობესოს.
რაც შეეხება მეორე ეტაპს – მას შემდეგ, რაც შუახევიჰესი ელექტროენერგიის გამომუშავებას დაიწყებს, საქართველოს შეემატება 187 მგვტ. დადგმული სიმძლარვის სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური. ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში მოხმარდება საქართველოს მოსახლეობას, ხოლო ზაფხულის პერიოდში, როდესაც ქვეყანა ჭარბი ოდენობის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ექსპორტი თურქეთის მიმართულებით განხორციელდება.

ასევე აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვქმნით ქონებას, შესაბამისად, ადგილობრივ ბიუჯეტში შეგვაქვს ქონების გადასახადი (ამ დროისთვის დაახლოებით 3 მილიონი ლარი. ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება მშენებლობის დასრულების შემდეგ), ანუ ხელს ვუწყობთ იმ მუნიციპალიტეტების ფინანსურ კეთილდღეობას, სადაც ჩვენი სადგური იქნება განთავსებული.

აჭარისწყალი ჯორჯიამ (AGL) წელს, ზაფხულში, წამოიწყო სტუდენტების სტაჟირების პროგრამა, გეგმავთ მის გაგრძელებას მომავალ წელს?

წელს ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი, რომელშიც ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. გასაუბრების გზით ტექნიკური უნივერსიტეტის სამი სტუდენტი შევარჩიეთ. სამივე მათგანმა მთელი ზაფხული გაატარა ჩვენთან ერთად და მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილება შეიძინა. მომავალ წელსაც ვგეგმავთ ამ პროექტის გაგრძელებას, ჩვენ ვცდილობთ პრაქტიკული გამოცდილება დააგროვონ ქართველმა სტუდენტებმა, რომლებიც, ბუნებრივია, სამომავლოდ, როგორც ჩვენი ჰესის, ასევე სხვა ჰესების პოტენციური თანამშრომლები არიან.

სტუდენტები სტაჟირებაზე
სტუდენტები სტაჟირებაზე

ეს პირველი ჰიდროენერგოპროე¬ქტია, რასაც თქვენ საქართველოში ახორციელებთ. რამდენად საინტერესოა თქვენთვის ქართველ კოლეგებთან მუშაობა?

ქართველ კოლეგებთან მუშაობა არამარტო საინტერესო, არამედ ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის და პროექტში დასაქმებული ყველა უცხოელი თანამშრომლისთვის. ბევრ ქვეყანაში მიმუშავია, მაგრამ არსად შევხვედრივარ ასეთ თბილ და სტუმართმოყვარე ადამიანებს. ყველა ჩემი ქართველი კოლეგა, ვისთანაც ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, თვისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. შუახევიჰესის პროექტის წარმატებით განხორციელების პროცესში ქართველი კოლეგების წვლილი უაღრესად დიდია, როგორც პროექტის მიმდინარე ფაზამდე მიყვანაში, ასევე განვითარების, მშენებლობის, ადმინისტრაციული კუთხით.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აქტიურად ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ხშირად ვხვდები და ვსაუბრობ სხვადასხვა თაობის ადამიანებთან, აშკარად შეინიშნება მზარდი დინამიკა, საქართველო სწრაფად ვითარდება და მომავალი თაობები ქვეყნის უკეთეს მომავალს ელიან.

მალე 2016 წელი დადგება, ეს თქვენი პროექტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წელი იქნება. როგორია თქვენი განწყობა, ელით განსაკუთრებულ სირთულეებს პროექტის განხორციელების ბოლო ეტაპზე?

მშენებლობა დინამიკურად გაგრძელდება და ერთ წელიწადში ქვეყანას შეემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ენერგოობიექტი შუახევიჰესის სახით.

ასევე მინდა შევაფასო 2015 წელი, როგორც წარმატებული წელი და მადლობა გადავუხადო თითოეულ თანამშრომელს იმ დიდი წვლილისთვის, რაც მათ შეიტანეს პროექტის წარმატებაში. ასევე ვისარგებლებ შემთხვევით და ახალ წელს მივულოცავ `გაზეთ ბათუმელების~ მკითხველს, განსაკუთრებით კი მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას.

2016 წელი წარმატების მომტანი ყოფილიყოს საქართველოსთვის!

ჯოშ ჯერარდი
ჯოშ ჯერარდი

კანონიერი ქურდის საქმის გაგრძელება საკონსტიტუციო სასამართლოში

პატიმარი ტარიელ ფოცხვერია, რომელიც სასჯელს კანონიერი ქურდობის გამო იხდის, საკონსტიტუციო სასამართლოში ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ბრძანების გაუქმებას და სიცოცხლის ბოლო დღეების ოჯახში გატარებას ითხოვს.

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 21 დეკემბერს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწვეული ექსპერტი, ონკოლოგი რეზო გაგუა დაიკითხა. ექიმი მოსამართლეებისა და მხარეების შეკითხვებს თითქმის ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა.

სასამართლო პროცესზე მოსარჩელე მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვამდე, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ ექსპერტს შეეფასებინა თუ, რამდენად რელევანტურია მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები განსახილველ საქმეთან, ამიტომაც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა და მხარეებმა სასამართლოს დარბაზში, ექიმ ონკოლოგთან ერთად ნახეს ის ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც მსჯავრდებულ ტარიელ ფოცხვერიას  ჯანმრთელობის  მდგომარეობას ასახავდა და რომელიც მათი შუამდგომლობით საქმეს უნდა დართვოდა.

ვიდეო, რომელშიც ჩანს მსჯავრდებულის ხორხში გადაღებული კადრები – კერძოდ, თუ როგორ შეჰყავთ მის ორგანიზმში აპარატურა, რომელიც ამ შემთხევვაში მსჯავრდებულის ხორხისა და ფილტვის არეში მოძრაობდა, მოსამართლეებმა რამდენიმე წუთიან ვიდეოფაილად  საქმეს დაურთეს, რადგან ექსპერტის თქმით,  ეს კადრები საქმესთან შემხებლობაში და რელევანტურია.

საკონსტიტუციო სასამართლო

 

ამ კადრების ყურების დროს, ექიმმა, ამ შემთხვევაში სასამართლოზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწვეულმა  ექსპერტმა რეზო გაგუამ განაცხადა, რომ მინისტრის ბრძანების შემთხვევაშიც კი ასეთი დიაგნოზის მქონე პაციენტისთვის ჰისტოლოგურ კვლევას ვერ ჩაატარებს, რადგან ეს პაციენტის სიცოცხლისთვის სახიფათოა.  მან სასამართლოში დაადასტურა იმ მოწმეებისა და ექმიმების ჩვენება, რომლებიც ამბობენ, რომ ფოცხვერიას სიმსივნე აქვს და ჰისტოლოგიური კვლევა სიცოცხლისთვის საშიშია.

ონკოლოგი რეზო გაგუა

პატიმარი, რომელიც სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ, სამოქალაქო კლინიკაშია მოთავსებული. მისი ადვოკატების ინფორმაციით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მგდომარეობა ყოველ დღე უფრო მძიმდება.

სადავო ნორმა, რომელსაც პატიმარი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს, ჰისტოლოგიური კვლევის ჩატარების მოთხოვნაა. სპეციალისტების განმარტებით, ჰისტოლოგიური კვლევისთვის ბიოლოგიური მასალის – ორგანოების ნაწილის აღება შეიძლება ოპერაციის გზით, თუმცა სპეციალისტები რომლებიც სასამართლოში მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა, ამბობენ, რომ ფოცხვერიას სიცოცხლისთვის ჰისტოლოგიური კვლევის ჩატარება სახიფათოა, რადგან ის შესაძლოა ფატალურად დასრულდეს.

ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ავადმყოფის სასჯელისგან გათავისუფლებისთვის გადამწყვეტი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაა. დავით სერგეენკოს ბრძანების თანახმად, პაციენტის დიაგნოზი დადასტურებული უნდა იყოს ჰისტომორფოლოგიურად. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმაში არსებული ტერმინი –  „დადასტურებული ჰისტომორფოლოგიურად“ დისკრიმინაციულია იმ პატიმრების მიმართ, ვისთვისაც ოპერაციის გაკეთება იმიტომ არის შეუძლებელი, რომ ის დაიღუპება.

55 წლის ტარიელ ფოცხვერია პატიმრობიდან 2013 წელს გათავისუფლდა. გათავისუფლებიდან 6 დღის შემდეგ, ფოცხვერია, რომელიც საავადმყოფოში იმყოფებოდა, ისევ დააკავეს.

ამ ეტაპზე სასამართლოში მოწმეებისა და ექსპერტების დაკითხვა დასრულდა. მხარეებს დასაკით პირთა სიაში ჯერ არავინ ჰყავთ. ჯერჯერობით უცნობია დაკითხავს თუ არა ვინმეს სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლო ახლა იმაზე მსჯელობს, მიიღოს თუ არა ტარიელ ფოცხვერიას საქმე განსახილველად. თუ საქმეს წარმოებაში მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ამის შემდეგ დაიწყება მსჯელობა იმაზე, რამდენად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება.

 

უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა ამოქმედდა

დღეიდან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა ამოქმედდა, რომელშიც 35 ინდოელი სტუდენტია ჩართული.
პროგრამის ხანგრძლივობა – 6 წელია და იგი 360 კრედიტს მოიცავს, საიდანაც წლის მანძილზე სტუდენტს შეუძლია აითვისოს მაქსიმალური 75 კრედიტი. პროგრამის ხელმძღვანელი ასისტენტ-პროფესორი, თერაპევტი სოფიო ბერიძეა.
პროგრამის აღწერის მიხედვით კურსდამთავრებულს შეეძლება: პაციენტისთვის კონსულტაციის გაწევა, კლინიკური შემთხვევის შეფასება, გამოკვლევების დანიშვნა, სამედიცინო კონტექსტში ინფორმაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება, კლინიკური ჩანაწერების მოწესრიგებულად და სრულად შენახვა, სასწავლო-საინფორმაციო რესურსების სრული სპექტრის გამოყენება, საკუთარი სწავლის პროცესის მართვა; ასევე, სამედიცინო პრაქტიკაში ეთიკური და სამართლებრივი პრინციპების გამოყენება.
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, დიპლომირებული მედიკოსის  ინგლისურენოვანი პროგრამა პირველი ინტეგრირებული უცხოენოვანი კურიკულუმია, რეგიონის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში.
კურსის ამოქმედებასთან დაკავშირებით, დღეს, უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის დარბაზში, დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან  საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ უცხოელ სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უნივერსიტეტის ადამინისტრაციული პერსონალის გარდა, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძეც ესწრებოდა.
 მომავალი წლიდან პროგრამაზე 100  უცხოელი სტუდენტის ჩარიცხვა იგეგმება.

„ნონას“ მენეჯერი: ჩვენი მთავარი მიზანი ბავშვთა ჭადრაკის განვითარება იქნება

„ნორჩი ბავშვები ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, რადგან მომავალში მათ უნდა შეცვალონ ის დიდოსტატები, რომლებიც ამჟამად კლუბში თამაშობენ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ კლუბის მენეჯერმა მარიკა ჯაფარიძემ საჭადრაკო კლუბ „ნონას“ ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაციაზე,  რომელიც 15 დეკემბერს სასტუმრო „ჩაოში“ გაიმართა. მარიკა ჯაფარიძემ 2015 წელს მიღწეულ შედეგებსა და კლუბის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„დაფუძნების (2013 წელი) შემდეგ კლუბმა დიდ შედეგებს მიაღწია. ბათუმის მერიის დახმარებით გვაქვს ჩვენი ბიუჯეტი, რომლითაც შევძელით საქართველოში ერთ-ერთი  უძლიერესი საწვრთნო ბაზის შექმნა. აქ ემზადებიან როგორც დიდოსტატები, ასევე ნორჩი წევრებიც, არა მარტო ბათუმის, არამედ რეგიონის ბავშვებიც. ბაზა აღჭურვილია კომპიუტერებით, საჭირო საჭადრაკო პროგრამებით, ლიტერატურით. ჩვენთან უკვე 200-ზე მეტი ბავშვია თავმოყრილი, რომლებიც ყოველგვარი გადასახადის გარეშე ეუფლებიან საჭადრაკო სივრცეს. გარდა იმისა, რომ ჩვენი მწვრთნელები მუშაობენ, პერიოდულად ვიწვევთ ეროვნული ნაკრების მწვრთნელებსაც – ხვიჩა სუპატაძესა და დავით ჯოჯუას.
ვფიქრობ, კლუბის წევრებს ყველა პირობა აქვთ იმისთვის, რომ წინსვლა შეძლონ და ჭადრაკში სერიოზული სიტყვა თქვან უახლოეს მომავალში.
წელს მოხერხდა ევროპის გუნდურ, ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ნორჩი მოჭადრაკეების (ბიჭების) გაგზავნა, 2016 წელს ვგეგმავთ გოგონების ნაკრების გაგზავნასაც.
2015 წელს შევძელით 2014 წელს მოპოვებული ევროპის ჩემპიონობის ტიტულის შენარჩუნება და „ნონა“ უკვე ევროპის ორგზის საკლუბო ჩემპიონი გახდა.
ვფიქრობ, მომავალში გავაფართოვებთ ჩვენს არეალს. გვაქვს ბევრი გასვლითი პროგრამა, რომლებიც მოიცავს, როგორც რეგიონებში ბავშვების გაყვანას, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ საჭადრაკო კლუბებთან ტურნირების გამართვას.
ვაპირებთ 2016 წელს ჩავატაროთ 15-წლამდე ახალგაზრდული საკლუბო ჩემპიონატი, სადაც სხვადასხვა ქვეყანა იქნება წარმოდგენილი და, თუკი წარმატებით ჩაივლის, შესაძლოა, სამომავლოდ, ევროპის საკლუბო ჩემპიონატის სახით, ოფიციალური სტატუსით წარდგეს მომავალ წლებში.
სათქმელი ბევრი გვაქვს, რადგან ეროვნული ნაკრების ნახევარს ბათუმელი მოჭადრაკეები წარმოადგენენ, სადაც ოთხი მოჭადრაკიდან ჩვენი კლუბის წევრებს – ნინო ბაციაშვილსა და სალომე მელიას მუდმივი ადგილი აქვთ. აქტიურ ჭადრაკს უბრუნდება და უკვე შედეგები აქვს მირანდა მიქაძე“.
კლუბს, სულ ოთხი საერთაშორისო დიდოსტატი ჰყავდა, თუმცა 2015 წლის აპრილიდან მათ გამოაკლდათ საქართველოს ორგზის ჩემპიონი გაიოზ ნიგალიძე, რომელიც თაღლითობის ბრალდებით დუბაის საერთაშორისო, კომერციული ტურნირიდან მოხსნეს და რამდენიმეწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.
„გაიოზს 2018 წლამდე აქვს შეჩერებული ტურნირებში თამაშის უფლება. ეს ცუდი ფაქტი იყო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მარიკა ჯაფარიძემ.
ამიტომ კლუბში ამჟამად დარჩა სამი საერთაშორისო დიდოსტატი (მირანდა მიქაძე, სალომე მელია, ნინო ბაციაშვილი), კონკრეტული ღონისძიების, მაგალითად, ევროპის საკლუბო ჩემპიონატის დროს, კლუბი იწვევს სხვა მოჭადრაკეებსაც.
მარიკა ჯაფარიძემ კლუბის დაფინანსების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან ბიუჯეტის გაზრდას ელოდებიან:
„2016 წლის საპროგნოზო გეგმა უკვე წარდგენილი გვაქვს [მერიისთვის], განხილვა მიმდინარეობს. 2015 წელს 259 000 ლარი გვქონდა, შემდეგ ცვლილება მოხდა და დაგვიმატეს ევროპაზე წასასვლელი თანხა. სამომავლოდ კი, სავარაუდოდ, 300 000-მდე ლარი გამოიყოფა კლუბის დასაფინანსებლად“.

 

გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა განიხილეს

ბათუმში სასტუმრო „შერატონში“ აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების, საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID ) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფობდის (IFES) -ის მხარდაჭერით.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსია საჯარო განხილვებისა და მოსაზრებების და რეკომენტაციების შემდეგ მომზადდება.

„საქართველოს პარლამენტს მიღებული აქვს სამოქმედო გეგმა, ეს არის ავტონომიურ რესპუბლიკაში შესაბამისი ღონისძიება, რომელიც დავიწყეთ ექვსი თვის წინ და მთელი ეს პერიოდი მოხმარდა სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბებას“-აცხადებს უმაღლესი საბჭოს წევრი, გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი, მედეა ვასაძე.

DSCN6387

მისი თქმით, სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ქალთა გაძლიერებას ყველა მიმართულებით:

„ზოგადად ცხოვრებაში, ყოფაში, პოლიტიკაში, განათლებასა და ჯანდაცვაში. გამომდინარე აქედან, საკითხები დალაგებულია და ქალთა გაძლიერება იგეგმება თითქმის ყველა მიმართულებით“.

მედეა  ვასაძის თქმით, მთავარია იყოს საზოგადოების ჩართულობა სამოქმედი გეგმის შემუშავების პროცესში, რადგან შემდეგ ამას მიეცეს უმაღლესი საბჭოს დადგენილების სახე და მოხდეს მისი პრაქტიკაში გამოყენება.

სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას ესწრებოდნენ უმასღლესი საბჭოს დეპუტატები და ცალკეული არასამათავრობო ორგანიზაციის წარმომადგებლები. სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც სამუშაო ვერსიაა,  შეიმუშავა უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭომ IFES-თან თანამშრომლობით.

 

კოსტიუმირებული მსვლელობა ევროპის მოედანზე

ბათუმში ევროპის მოედანზე წინა საახალწლო ღონისძიები, ხელოვნების უნივერსიტეტისა და საზღვაო აკადემიის სტუდენტების  კოსტიუმირებული მსვლელობით დაიწყო. მსვლელობის დროს ახალგაზრდებს თან ჰქონდათ ევროკავშირის და საქართველოს დროშები, ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავად.

ბათუმში საახალწლო პროგრამა ოფიციალურად  25 დეკემბერს, განახლებული ნაძვის ხის ანთებით, ნინო ქათამაძისა და ჯგუფ „ინსაითის“ კონცერტით გაიხსნება.

ევროპის მოედანზე მოეწყობა საშობაო ბაზრობა, საახალწლო დეკორაციებით მორთულ ჯიხურებში წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი და ეთნოგრაფიული სასაჩუქრე ნივთები, სხვადასხვა სახის წიგნები, ადგილობრივი ტკბილეულობა და ცხელი სასმელები სიმბოლურ ფასად.

IMG_5984

ბაგირა – თქვენი ფინასური წარმატებისთვის!

საფინანსო კომპანია ბაგირა გთავაზობთ:

1. სალომბარდე მომსახურებას მაღალი შეფასებით (ძვირფასი ლითონი/ქვები)

2. ავტოსესხებს

3. იპოთეკური სესხებს – დაბალი პროცენტი და მსესხებლის სურვილზე მორგებული დაფარვის გრაფიკი

4. სესხის ვადაზე ადრე დაფარვა პირგასამტეხლოს გარეშე

 

მის.: ბათუმი ჭავჭავაძის ქ.#22(თბილისის მოედანი) მობ.: 574 17 07 53

მის.: ბათუმი წერეთელის ქ.#4 მობ.: 577 757 434

მის.: ბათუმი აღმაშენებელის ქ.#21; მობ.: 577 757 470

მის.: ბათუმი ჭავჭავაძის ქ.#13; მობ.: 577 575 375

მის.: ბათუმი გორგილაძის ქ.#22; მობ.: 0422 29 33 57

მის.: ქობულეთი ; აღმაშენებელის ქ.#116; მობ.: 577  757 485

ბათუმის მერიამ რაიდ და დელფინოთერაპიის პროგრამაზე უარი თქვა

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტში, რაიდ და დელფინოთერაპიის პროგრამის მომზადებისთვის 2016 წლის ბიუჯეტში თანხის გათვალისწინებას ითხოვდა. მერიამ პროგრამის დაფინანსებაზე უარი თქვა.

რაიდთერაპია  ცხენით მკურნალობაა, მსოფლიოში  გავრცელებული მოასაზრების თანახმად ცხენით ჯირითი  ადამიანის ყველა კუნთის ტონუსში მოყვანას უწყობს ხელს. მიიჩნევენ, რომ ცხენი ერთდროულად მასაჟისტიც არის, ფსიქოლოგიც და ექიმიც. ცხენთან ურთიერთიერთობა ადამიანს აჯანსაღებს და უფრო კონტაქტურს ხდის. იმავე მოსაზრებებით ურჩევენ პაციენტებს დელფინებთან ურთიერთობასაც.

„პროგრამის მთავარი მიზანი იქნება ცხოველების გაწვრთნა და პერსონალის შესაბამისად მომზადება.  მეორე ეტაპზე  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სამსახური ვაუჩერის გაცემის გზით მოახდენს ბენეფიციართა დაფინანსებას.  ბენეფიციარები ისარგებლებენ საცხენოსნო კლუბისა და დელფინარიუმის რესურსით,“ – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც საკრებულოს ოპოზიციამ მერიას ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის შესწავლის შემდეგ გადაუგზავნა.

ბათუმის მერიამ პროგრამის დაფინანსებაზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ მსოფლიო მედიცინა მკურნალობის ამ მეთოდს არ ცნობს და არც შესაბამის კოდს ანიჭებს მას.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საახალწლო ღონისძიებების პროგრამა


ქობულეთში საახალწლო ღონისძიებები, დღეიდან – 2 იანვრის ჩათვლით, ყოველდღიურად გაიმართება.

საახალწლო ღონისძიებათა ჩამონათვალი ქობულეთში:

21 დეკემბერი 16:00 სთ – საახალწლო ზღაპარი “სტუმრად საზღაპრეთში” – კულტურის სახლი
22 დეკემბერი 19:00 სთ – ანსამბლ “მხედრულის” კონცერტი – ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი
23 დეკემბერი 16:30 სთ – საახალწლო წარმოდგენა პატარებისთვის “ზეიმი მხიარულების კუნძულზე”, ნაძვის ხის ანთება – კულტურის სახლი
24 დეკემბერი 16:00 სთ – საახალწლო კონცერტი საჯარო სკოლების შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით – კულტურის სახლი
25 დეკემბერი 11:00 სთ, 13:00 სთ, 15:00 სთ – “საშობაო ზღაპარი” – კულტურის სახლი
26 დეკემბერი 13:00 სთ, 15:00 სთ – “საშობაო ზღაპარი” – კულტურის სახლი
27 დეკემბერი 16:00 სთ – კონცერტი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით – კულტურის სახლი
28 დეკემბერი 16:00 სთ – საქველმოქმედო კონცერტი “ძალა ერთობაში” – კულტურის სახლი.
29 დეკემბერი 18:00 სთ – ანსამბლ “მხედრულის” კონცერტი – კულტურის სახლი
30 დეკემბერი 15:00 სთ – საახალწლო კონცერტი – სახელოვნებო სკოლის დარბაზი
31 დეკემბერი 17:00 სთ – გალა კონცერტი – კულტურის სახლი
00:00 სთ – ფოიერვერკი – ცენტრალური მოედანი
1 იანვარი 15:00 სთ – საახალწლო წარმოდგენები პატარებისთვის – კულტურის სახლი
2 იანვარი 15:00 სთ – საახალწლო წარმოდგენები პატარებისთვის – კულტურის სახლი

ბათუმის საახალწლო საგზურები თბილისსა და სხვა ქალაქებში გათამაშდება

საახალწლოდ ბათუმში ტურისტების მოსაზიდად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საქართველოს ქალაქებში სარეკლამო კამპანიას მართავს. სარეკლამო აქციების გასამართად, რომელიც ფლაერების დაბეჭვა-გავრცელებას და სხვა აქტივობებსაც მოიცავს, 163 855 ლარი დაიხარჯება.

დეპარტამენტის ცნობით, 19-დან 24 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის უბნებში იწყება მსვლელობა ბრენდირებული ავტობუსით, რომელიც გამვლელების ყურადღებას მუსიკით მიიქცევს. ავტობუსიდან „საქართველოს ხმა 2015“-ის მონაწილე ბათუმელი ალექსანდრე ზედანია მოსახლეობას მოუწოდებს არ გამოტოვონ გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებები ბათუმში. ავტობუსი პერიოდულად გაჩერდება ხალხმრავალ ადგილებში, სადაც პრომოუტერი გოგონები საახალწლო ღონისძიებების ამსახველ სარეკლამო ფლაერებს დაარიგებენ. აქცია დასრულდება სპეციალური შეჯიბრებით, რომელიც წინასწარ შერჩეულ ადგილას გაიმართება. შეჯიბრებისას გამოვლინდება გამარჯვებული, რომელსაც საჩუქრად 31 დეკემბრისა და 1 იანვარის ღამის 2 კაციანი საგზური გადაეცემა ბათუმში. საგზური ბათუმში გამომგზავრებასა და ღამისთევას ითვალისწინებს.

დეპარტამენტის ცნობით, გათამაშება თბილისში ყოველ დღე, 24 დეკემბრის ჩათვლით, სხვადასხვა უბანში, ხალხმრავალ ადგილას გაიმართება.

21 დეკემბერი – 19:00 გათამაშება 9 აპრილის ბაღში.
22 დეკემბერი – 19:00 – გათამაშება მრგვალ ბაღში.
23 დეკემბერი – 19:00 – გათამაშება ბუკიას ბაღში.
24 დეკემბერი- 19:00 – გათამაშება ჭონქაძის ქუჩაზე, ვილნიუსის სკვერში.

თბილისის პარალელურად სარეკლამო აქციები ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში გაიმართება. აქციის დროს ქუთაისის ცენტრალურ უბნებში მოეწყობა მსვლელობა, რომლის დროსაც გავრცელდება სარეკლამო ფლაერები აჭარაში საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. აქციები რეგიონებშიც გათამაშებით დასრულდება. ყველა გათამაშებაზე ერთი ბათუმის საგზური გათამაშდება. რეგიონებში სარეკლამო აქციები 22 დეკემბერს დაიწყება და 25 დეკემბერს დასრულდება.

ზუგდიდი, 22 დეკემბერი – 19:00 გათამაშება ცენტრალურ ბაღში.

ქუთაისი, 23-24 დეკემბერი – 19:00 გათამაშება ცენტრალურ ბაღში (ქუთაისის ბულვარი).

თელავი, 25 დეკემბერი – 19:00 გათამაშება ერეკლეს ძეგლის მიმდებარე სკვერში.

წელს ბათუმის მერიამ ქალაქის მოსართავად ახალი საახალწლო აქსესუარები შეიძინა, რომლის შეძენისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 419 999,96 ლარი გამოიყო.

ახალი წლის დღეებში, ევროპის მოედანზე ევროპული ტიპის საშობაო გამოფენა-ბაზრობა მოეწყობა. საახალწლო ნაძვის ხესთან არსებულ სცენაზე ცოცხალი შესრულებით უფასო კონცერტებს ჩაატარებს მუსიკალური ჯგუფი მგზავრები, ბათუმის ჯაზ-ბიგ-ბენდი, გუფი ლენდი, სოფო ხალვაში და სხვა ცნობილი შემსრულებლები.

„პეპის მოგზაურობა“ ბათუმის მუსიკალურ ცენტრში

30 დეკემბერს 18:00 საათზე, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში, ახალგაზრდული მუსიკალური თეატრი წარმოგიდგენთ საბავშვო მუსიკალურ ზღაპარს – „პეპის მოგზაურობა“.

პიესის ავტორი და რეჟისორი  ზურაბ ქავთარაძეა,

მთავარი ქორმაისტერი და ვოკალის პედაგოგი  მანანა ჩაუშბა;

მხატვარ – სცენოგრაფი ლუკა ბესელია;

კოსტუმების მხატვარი – გოგლა გოგიბერიძე;

ქორმაისტერი – მიმოზა კილაძე

კონცერტმაისტერი – ევგენია ღოღელიანი

ქორეოგრაფი – გოჩა არობელიძე

გაორკესტრება და არანჟირება – იასონ ხომერიკი, მინდია ხითარიშვილი

პროექცია – რომან შიშმანიძე

მუსიკალურ  სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ნინო კახიძე, ირაკლი გვარჯალაძე, ელენე მეხეშიძე, პაატა ფაცია, რამაზ ვარშანიძე, ირაკლი გოგიტიძე,  მარიამ ძნელაძე, პაატა აბესლამიძე და თეატრის მოსამზადებელი ჯგუფის აღსაზრდელები.

ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – თენგიზ შამილაძეა.

აჭარის ღია ჩემპიონატი კალათბურთში აჭარის ნაკრები გუნდის გამარჯვებით დასრულდა

აჭარის ღია ჩემპიონატი 2003 წელს დაბადებულ კალათბურთელთა შორის გუშინ, 20 დეკემბერს დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს აჭარის ნაკრების და ქუთაისის გუნდები დაუპირისპირდნენ, ორთაბრძოლაში გამარჯვება აჭარის ნაკრებმა მოიპოვა, ანგარიშით 59-50.

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ცნობით, მესამე ადგილი აჭარის ნაკრების 2004 წელში დაბადებულ კალათბურთელთა გუნდმა დაიკავა, რომელმაც ოზურგეთის გუნდს ანგარიშით 46-43 სძლია.

გამარჯვებული გუნდები სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილემ ნოდარ ბოლქვაძემ, ვეტერანმა კალათბურთელმა ლაშა კეშელავამ და აჭარის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გოდერძი კორძაძემ დააჯილდოვეს.

 

2016 – პრემიების წელი ბათუმის მერიაში

ბათუმის მერიამ საკრებულოს შენიშვნების გათვალისწინებით 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი დააკორექტირა და საკრებულოს დაუბრუნა განსახილველად. შეცვლილი ბიუჯეტი სამი მილიონი ლარითაა გაზრდილი. მერიამ შენიშვნების ნაწილი გაითვალისწინა, იმ ნაწილზე კი, რომელიც არ გაითვალისწინა, საკრებულოს განმარტებები გადაუგზავნა.

პრიორიტეტები

ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი; ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება – ეს სფეროები ბათუმის მერიამ 2016-2019 წლების პრიორიტეტებად გამოაცხადა.
მერიის ფინანსისტების ინფორმაციით, ბათუმის პრიორიტეტების განსაზღვრისას მთავარი მიზანი  „ქალაქის ეკონომიკური განვითარების ტემპის შენარჩუნება, ბიუჯეტიდან გასაწევი ხარჯების ეფექტიანობის გაზრდა, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაა“.
ბიუჯეტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა მერიამ საქართველოს მთავრობისა და აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად ბათუმში არსებული სიტუაციის ანალიზის გათვალისწინებით ჩამოაყალიბა.
ინფრასტრუქტურული მშენებლობისთვის მომავალ წელს მერია 74 მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს. [იხილეთ დიაგრამა]

რჩება თუ არა ქალაქი ისევ
„გენგეგმის“ გარეშე

ბათუმის გენერალური განაშენიანების გეგმაზე მუშაობის დაწყება და მისი მომზადება ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ეს საკითხი დაფინანსებულ პროექტებს შორის არ მოხვდა, რის გამოც მერიამ შენიშვნები როგორც საკრებულოს ოპოზიციისგან, ასევე არასამთავრობო სექტორისგან მიიღო. მერი ამბობდა, რომ გენგეგმის მოსამზადებლად საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსების მოპოვებას გეგმავდა. სინამდვილეში ამ დრომდე ამ მხვრივ არაფერი გაკეთებულა – 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტში ბათუმის გენგეგმაზე მუშაობის დასაწყებად ერთი თეთრიც არ იყო გათვალისწინებული. გენგეგმის დაფინანსების არარსებობა ბიუჯეტში `თავისუფალმა დემოკრატებმა~ შენიშვნების ჩამონათვალში პირველ ნომრად ჩაწერეს. ფრაქცია რესპუბლიკელები კი აცხადებდნენ, რომ გენგეგმის პროექტის დაფინანსების გარეშე ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერდნენ, იგივე პოზიცია ჰქონდათ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც. კორექტირებულ ბიუჯეტში მერიამ ბათუმის განვითარების გენერალური გეგმის დოკუმენტის შესამუშავებლად ტექნიკური პირობების მომზადებისთვის 50000 ლარი გაითვალისწინა.

უარი მუნიციპალურ აუზს, ტბელის სახელობის პლანეტარიუმსა და სხვა იდეებს

საკრებულოს ოპოზიცია მუნიციპალური აუზის მშენებლობის დაფინანსებას ითხოვდა. მერიამ ეს შენიშვნა კორექტირებულ ბიუჯეტში არ გაითვალისწინა. „გამომდინარე იქიდან, რომ 2016 წელს მერიის მიერ პრიორიტეტად განსაზღვრულია ე.წ. „ჭაობის“ ქუჩების სამშენებლო-სარეაბილიტაციო, სანიაღვრე და საკანალიზაციო არხების სამშენებლო-სარეაბილიტაციო, გზების, ქუჩებისა და ტროტუარების, ასევე საბავშვო ბაღების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის სამუშაოები, ბათუმში მუნიციპალური საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარე ეტაპზე არ გაითვალისწინება. ფინანსური რესურსების მობილიზების შემთხვევაში წლის განმავლობაში მოხდება მუნიციპალური საცურაო აუზის მშენებლობის სამუშაოების დაფინანსება“, – ნათქვამია დოკუმენტში. იმავე მიზეზით უთხრა უარი მერიამ ოპოზიციას ბათუმში ტბელ აბუსერიძის სახელობის პლანეტარიუმის დაარსებაზეც.
შენიშვნებისა და თხოვნის მიუხედავად მერიამ პროექტში არც მუნიციპალური ტუალეტისა და მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობის დაფინანსება გაითვალისწინა. მერიამ უარი თქვა საზოგადოებრივი ინტერესების კვლევის დაფინანსებაზეც. „საზოგადოებრივი ინტერესების კვლევა ახალგაზრდული ცენტრის ფარგლებში გათვალისწინებული ინიციატივების დაფინანსების დროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ოპოზიციის იდეა იყო ასევე საზაფხულო საბავშვო ბაღების დაფინანსება სოციალურად დაუცველებისთვის. მერიამ ამაზე უარი წერილობით ასე ჩამოაყალიბა: „ამ საკითხის ბიუჯეტში გათვალისწინება ვერ მოხდება, რადგან საჭიროა დაზუსტდეს ბენეფიციართა რაოდენობა, რომლებზეც შესაძლებელია გავრცელდეს საზაფხულო ბაღებით მომსახურება. ა(ა)იპ „ქ. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მიერ მოხდება საკითხის შესწავლა და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“.

ხელფასები და პრემიები

შრომის ანაზღაურების ნაწილში მომავალი წლისთვის მერიამ გასულ წელთან შედარებით ორი მილიონი ლარით მეტი – 20 მილიონი ლარი გაითვალისწინა. განმარტებებში, რომელიც მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა, ნათქვამია, რომ 2016 წელს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში (მერია, საკრებულო) შრომის ანაზღაურების პრინციპი არ იცვლება, ცვლილებები შეეხო მხოლოდ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (შპს, ა(ა)იპ), სადაც ინფრასტრუქტურულ ორგანიზაციებში გათვალისწინებულია კვარტალში 100%-იანი საპრემიო ფონდები, დანარჩენ ორგანიზაციებში 1-3 კვარტალის განმავლობაში დაგეგმილია 75%-იანი საპრემიო ფონდები, მე-4 კვარტალში კი – 100 %-იანი.
გარდა ამისა, მერიამ ახალი აიპი შექმნა, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის სამუშაოებს უზრუნველყოფს. ეს, სავარაუდოდ, შტატების გაზრდასაც გამოიწვევს.

როგორ დახარჯავს ფულს ბათუმის მერია 2016 წელს

meria

 

ქონება, რომელსაც აჭარის მთავრობა 2016 წელს გაყიდის

იმ ქონების საერთო საწყისი ფასი, რომლის გასხვისებასაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მომავალ წელს აპირებს, 18 მილიონ ლარზე მეტია. სავარაუდო საპრივატიზაციო ჩამონათვალში ისეთი ქონებაცაა, რომელიც ადრე ვერ გაიყიდა. მაგალითად, ყოფილი საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე, რომლის გასაყიდი საწყისი ფასი ამჯერად 1 მილიონ 430 აშშ დოლარი იქნება.

ახალი ბულვარის მიმდებარედ, კახაბრის დასახლებაში 36400 კვ/მ მიწის ნაკვეთი სამინისტროს ამ ეტაპზე 4 მილიონ 368 ათას ლარად აქვს შეფასებული; მიწის სამი ნაკვეთი გაიყიდება ბათუმში, ტბელ აბუსერიძისა და ფიროსმანის ქუჩებს შორის მონაკვეთში [გმირთა ხეივნის მიმდებარედ] – საწყისი გასაყიდი ფასი, ჯამში 3 844 750 ლარი; 661 ათას აშშ დოლარადაა შეფასებული ბათუმში, „მაკდონალდსის“ მიმდებარედ არსებული 3055 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთი; გამეორებით გაიტანენ აუქციონზე შპს ,,მახინჯაურის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკის“ აჭარის საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილსა და და უძრავ ქონებას, ამჯერად, 315 ათას აშშ დორად; მიწის ნაკვეთები გასხვისდება ხელვაჩაურში, ასევე ბათუმში, ფსიქიატრიულის, ხოლო ქობულეთში აღმაშენებლის 383-ის მიმდებარედ. ამ ქონების უმეტესობა სავარაუდოდ პირობებით გასხვისდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ „2016 წელს გამოსაცხადებელი  სავარაუდო ობიექტთა ნუსხა“ სავარაუდო საწყისი ფასებით, აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადამუშავებულ პროექტს დაურთო, რომელიც უმაღლეს საბჭოში გადააგზავნა. საბჭომ ბიუჯეტი 2016 წლის 1 იანვრამდე უნდა დაამტკიცოს.

როგორ გავაშენოთ თხილის ბაღი

ქართული თხილის წარმოება და საექსპორტო პოტენციალი ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ბაზარზე თხილის მოთხოვნამ დაინტერესება გაზარდა – მოსახლეობამ თხილის ბაღების გაშენება დაიწყო. როდის უნდა დაირგოს თხილი, რომელი ჯიშის თხილის მოშენება არის რეკომენდებული და რა უნდა გაითვალისწინონ დამწყებმა ფერმერებმა თხილის ბაღების გაშენებისას? – ამ თემაზე ,,ბათუმელები“ აგრონომ ლევან ბერიძეს ესაუბრა.

ბატონო ლევან, როდის უნდა დაირგოს თხილი? რას ურჩევდით ფერმერებს თხილის ბაღების გაშენებისას?

თხილი შემოდგომაზე უნდა დავრგოთ, რადგან გაზაფხულზე მცენარე ადრე იღვიძებს, შემდეგ გვალვა უსწრებს და მცენარეს გახარება უჭირს. თხილი ნოემბრის 15 რიცხვიდან იანვრამდე შეიძლება დავრგოთ, მაგრამ, რადგან ჩვენთან შეიძლება იანვარში გათოვდეს, უმჯობესია ნოემბერში დავიწყოთ დარგვა.
მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, მიწას, სადაც თხილი უნდა გაშენდეს, რა დანიშნულება ჰქონდა მანამდე, გამოიყენებოდა თუ არა და როგორ მუშავდებოდა. იმ შემთხვევაში, თუ მიწა წლების განმავლობაში გამოუყენებელი და დაუმუშავებელი იყო, აუცილებელია ნიადაგი კარგად მომზადდეს: მოიხნას, დამუშავდეს და ისევ მოიხნას. ნიადაგის დამუშავების შემდეგ, იქ, სადაც თხილი უნდა ჩაირგოს, 60 სანტიმეტრი სიღრმისა და 50 სანტიმეტრი სიგანის ორმო უნდა გაკეთდეს და ფხვიერი მიწით, მინერალური და ორგანული სასუქებით შეივსოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, რადგან მინერალური სასუქი ძნელად ხსნადია და ახალდარგული მცენარის ფესვთა სისტემა შეიძლება დაწვას. სასუქი ნიადაგში მცენარის დარგვამდე ერთი თვით ადრე უნდა იქნეს შეტანილი. რაც შეეხება ორგანულ სასუქს, ერთ ძირზე 6 კილოგრამი ორგანული სასუქის შეტანაა რეკომენდებული.
რა ინტერვალით შეიძლება თხილის დარგვა?

თხილის გასაშენებლად მიწის ნაკვეთი ფერდობზე იქნება თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, ნიადაგი კარგად მომზადდეს და ნერგი სიღრმეში დაირგოს.
ზოგადად, ცნობილია თხილის კვადრატული და წრიული გაშენება, მაგრამ დღეს უპირატესობას წრიულ გაშენებას ანიჭებენ. თხილის კვადრატული გაშენებისას ერთ კვადრატში 4 ძირი ირგვება, წრიული გაშენებით კი 6 ძირი. სპეციალურად მომზადებულ ორმოში ორი ძირი უნდა დაირგოს, ორიდან ერთი მაინც გაიხარებს. აქვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ერთი ჯიშის თხილი ერთ ნაკვეთზე გაშენდეს. მართალია, ერთ ნაკვეთზე სხვადასხვა ჯიშის თხილის დარგვა ჯიშთაცვლას არ იწვევს, მაგრამ თხილის მოსავლის შემდგომი დახარისხებისთვის არ არის ხელსაყრელი. ყველა სამრეწველო ბაღში აუცილებელია ველური ჯიშის, ანუ ე.წ. ტყის თხილის დარგვა, რადგან ამ ჯიშის თხილი დამტვერვას მაქსიმალურად ხელს უწყობს და ცრუ ნაყოფი აღარ ექნება მცენარეს.
თხილი ვეგეტატიურად ანუ ამონაყრით მრავლდება. შეიძლება ნაყოფით გამრავლებაც, მაგრამ ის არ იქნება მსხმოიარე, მინიმუმ ერთი წლის ნაზარდი ნერგი უნდა გადაირგოს, შესაძლებელია მეტისაც, მაგრამ გახარება რთულია.
 რომელი ჯიშის თხილის გაშენებას ურჩევდით ფერმერებს?

ჩვენს კლიმატურ პირობებში მაღალპროდუქტიული, მოთხოვნადი და ძვირადღირებული ანაკლიური ჯიშის თხილია, რომელიც მოსახლეობაში ბერძნულის სახელით არის ცნობილი. იგი საუკეთესოა როგორც ნაყოფით, ასევე ხარისხით და ადგილობრივ კლიმატს კარგად არის შეგუებული. გარდა ანაკლიურისა, კარგია გერასუნის ჯიშის თხილიც, მართალია, მისი ნაყოფი ანაკლიურ ჯიშთან შედარებით მცირე ზომისაა, მაგრამ უხვი მოსავლით გამოირჩევა. თუ ბერძნული ჯიშის თხილის ერთ ბუჩქზე შეიძლება მივიღოთ 5-8 კილოგრამამდე მოსავალი, გერასუნი, კარგი მოვლის პირობებში, 15-კილოგრამამდე ნაყოფს იძლევა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ანაკლიური ჯიშის თხილზე მოთხოვნასა და სამრეწველო დანიშნულებას, უკეთესია ანაკლიური ჯიშის თხილის გაშენება.
დარგვის შემდეგ სჭირდება თუ არა განსაკუთრებული მოვლა თხილს?

შემოდგომასა და გაზაფხულზე თხილის ძირი პერიოდულად უნდა შემოიბაროს და ორგანული სასუქები შევიდეს. საჭიროა ზედმეტი ტოტების გასხვლა, სრულ მსხმოიარობაში მყოფ თხილის ბუჩქს 7-12 განვითარებული ტოტი უნდა ჰქონდეს, ზედმეტი კი უნდა გამოისხლას. გვალვაში საჭიროა მინიმუმ 2-3-ჯერ მორწყვა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ნაყოფის ზრდის პერიოდში. თუ არ მოირწყვება, არ ექნება სრული ნაყოფი. მაგალითად, წელს გვალვა იყო და ნაყოფმა გული ამიტომაც ვერ შეივსო.
რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია შხამქიმიკატების გამოყენება?

თხილს ბევრი დაავადება უჩნდება, მაგრამ ჩვენთან ბოლო დროს განსაკუთრებით გავრცელდა თხილის ნაცარი  ნაცრისფერი ფიფქი მცენარეს ფოთლებზე, ყლორტებზე, ყვავილსა და ნაყოფზე უჩნდება. დაავადება ძირითადად გაზაფხულზე ჩნდება, რაც ფოთლების გაყვითლებას იწვევს და საბოლოოდ მცენარის გახმობაც შეუძლია. მცენარე უნდა შეიწამლოს „კუმულუსით“, „ვივიანტით“ ან „სტრობით“. მცენარეს წამლობა გაზაფხულზე სჭირდება, ორჯერ სრულიად საკმარისია.
 თქვენ, როგორც სპეციალისტი, რა პრობლემას ხედავთ ამ კუთხით და რა უნდა გაკეთდეს?

იქედან გამომდინარე, რომ თხილზე დაინტერესება დიდია და მოსახლეობამ ბაღების გაშენება დაიწყო, პრობლემა შეიძლება შექმნას ნერგის ნაკლებობამ. მაგალითად, ქედაში არ არსებობს სანერგე მეურნეობები. აუცილებელია სანერგე მეურნეობების მოწყობა. რაც შეეხება სახელმწიფოს მიდგომას, სამინისტრო მაქსიმალურად დაინტერესებულია თხილის ბაღების გაშენების ხელშეწყობით – მოსახლეობას თხილის ნერგს თანადაფინანსებით აწვდის, რაც ძალიან კარგია. თხილის მოშენება თითოეული ფერმერის ოჯახზე აისახება.

ღონისძიებები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსდება

აჭარის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარება ჯამში 46 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. ბათუმის მუნიციპალიტეტი 16 მილიონ ლარს მიიღებს, ქობულეთი – 18 172 600 ლარს, ხელვაჩაური – 3 მილიონს, შუახევი – 2 მილიონს და ხულოს მუნიციპალიტეტი – 3 მილიონ ლარს.

აჭარის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი უმაღლესმა საბჭომ 2016 წლის 1 იანვრამდე უნდა დაამტკიცოს. კაპიტალური ფინანსური დახმარებით მუნიციპალიტეტებში დასაფინანსებელი ღონისძიებების ჩამონათვალი კი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ უმაღლეს საბჭოში ბიუჯეტის პროექტთან ერთად გადააგზავნა:

ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში 2016  წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული ღონისძიებები

ღონისძიების დასახელება სულ
ე.წ. „ჭაობის დასახლებაში“ ქუჩების კეთილმოწყობის პირველი ეტაპი 11 038 300
დაბა ჩაქვში მდებარე 177 073 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ქ. ბათუმისათვის ახალი სასაფლაოს მოწყობა 2 235 400
ანგისის დასახლებაში სპორტული ბაზის მშენებლობა 2 476 300
აეროპორტის დასახლებაში ახალი ბულვარის მოპირდაპირედ ახალი ქუჩების მშენებლობა 250 000
ჯამი 16 000 000
ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2016  წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული ღონისძიებები
ღონისძიების დასახელება სულ
ქ. ქობულეთში ბაგრატიონის  ქუჩის (საგზაო ინფრასტრუქტურა)  კეთილმოწყობა 281 640
ქ. ქობულეთში აბაშიძის  ქუჩის (მდ. კინტრიშიდან კარიერის დასახლებამდე საგზაო ინფრასტრუქტურა) კეთილმოწყობა 246 688
ქალაქ ქობულეთში რუსთაველის ქუჩა ცენტრალურ სასაფლაომდე მისასვლელი გზის (საგზაო ინფრასტრუქტურა) კეთილმოწყობა 872 908
ქალაქ ქობულეთში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა 1 231 317
სოფელ დაგვაში (საჯარო სკოლის ეზოში) მინი სტადიონის მშენებლობა 60 242
ქ. ქობულეთში თამარ მეფის სანაპიროს სასმელ-სამეურნეო წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია (წყლის სისტემის მოწყობა და გამრიცხველიანება) 280 150
ქ. ქობულეთში ჩოლოქის დასახლებაში წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა 392 836
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ხუცუბნის წყალსადენის სისტემის მოწყობა 1 427 000
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩაისუბანში წყალსადენის სისტემის (პირველი ეტაპი სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის) მოწყობა 1 095 280
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ.ზედა სამების წყლის სისტემის მოწყობა 453 080
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ლეღვაში წყალსადენის სისტემის (პირველი ეტაპი სათავე ნაგებობისა და რეზერვუარის) მოწყობა 1 038 143
ქაქუთის წყალსადენის სისტემის მოწყობა 1 403 460
ქალაქ ქობულეთში „მტს“ და კარიერის უბნის საკანალიზაციო სისტემის და მისი ელემენტების სამშენებლო სამუშაოები II ეტაპი 1 448 319
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემში (სოფლებში საჩინოში და ქვედა აჭყვაში წყლის სათავეს და ქსელის მოწყობა) წყლის სათავე ნაგებობის, რეზერვუარისა და ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა. პირველი ეტაპი 1 039 660
სოფელ ჭახათის წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია სოფლების: აჭყვისთავის, ზენითის, ალამბრის, მუხაესტატეს და წყავროკას წყლის სისტემების  რეაბილიტაცია 709 250
სოფელ ზენითში საბავშვო ბაღის მოწყობა 248 504
ქალაქ ქობულეთში ფიჭვნარში საბავშვო ბაღის მოწყობა 400 000
დაბა ჩაქვში აღმაშენებლის ქუჩა #28-ში საბავშვო ბაღის მშენებლობა 39 793
ქალაქ ქობულეთში (მემედ აბაშიძის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წინ და ცენტრალური ბიბლიოთეკის მიმდებარედ) სკვერების მოწყობის სამუშაოები 331 730
სოფელ დაგვას საბავშვო ბაღის მოწყობა 404 816
სოფელ ცეცხლაურის საბავშვო ბაღის მოწყობა 422 077
ქ.ქობულეთში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა 603 000
სოფელ ხუცუბნის წყლის სათავე ნაგებობის რეზერვუარისა და ქსელის რეაბილიტაცია 161 495
ქ.  ქობულეთში ჯავახიშვილის უბნის (ჯავახიშვილის ქუჩის, ჯავახიშვილის პირველი, მეორე, მესამე შესახვევის და რუსთაველის პირველი შესახვევის საგზაო ინფრასრუქტურა) კეთილმოწყობა 758 747
ქალაქ  ქობულეთში კომახიძის ქუჩის  (კომახიძის ქუჩის, კომახიძის ქუჩისა და გოგებაშვილის ქუჩის შესასვლელის რუსთაველის ქუჩამდე საგზაო ინფრასტრუქტურა) კეთილმოწყობა 660 517
ქ. ქობულეთში ლესელიძის ქუჩის (ლესელიძის ქუჩისა  და ლესელიძის  შესახვევის საგზაო ინფრასტრუქტურა) კეთილმოწყობა 375 390
ქალაქ ქობულეთში გელაურში  საბავშვო ბაღის მოწყობა 233 880
გელაურისა და კარიერის უბნის საკანალიზაციო სისტემის და მისი ელემენტების სამშენებლო სამუშაოების I ეტაპი 495 969
სპორტული მოედნების (ორი მოედანი) მოწყობა (ქ.ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის ტერიტორია) 561 910
სოფელი ჭახათის ე.წ.”კურჩხულას” წყალსადენის სათავე ნაგებობისა და სოფლებში მუხაესტატესა და წყავროკაში ახალი ჭაბურღილების მოწყობა 494 814
ჯამი 18 172 614
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2016  წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული ღონისძიებები
ღონისძიების დასახელება სულ
მტირალა ყოროლისთავის წყალსადენის მოწყობა 1 972 319
სოფ. ერგეში (კაპანდიბის დასახლება) ჭაბურღილისა და სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა 154 214
სოფ. დავითაძეებში 60 ოჯახისათვის 60 ტონიანი წყლის აუზისა და მაგისტრალის მოწყობა 216 709
სოფ. ძაბლავეთში 40 ოჯახისათვის წყალმომარაგების მოწყობა 178 524
სოფ. წინსვლაში 1500 გრ/მეტრი სასმელი წყლის მილის მოწყობა 109 662
სოფ. სიმონეთში სასმელი წყლის მილებისა და სათავე ნაგებობების მიმართ სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების ჩატარება 108 712
სოფ. აჭარისწყლის ცენტრში 80 ტონიანი სასმელი წყლის აუზისა და 2000 გრძ/ მეტრი მაგისტრალის მოწყობა 259 860
ჯამი 3 000 000
ქედის მუნიციპალიტეტში 2016 წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული ღონისძიებები
ღონისძიების დასახელება სულ
დაბა ქედაში მდინარე აკავრეთას და აჭარისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები 1 249 200
ხარაულა-ჯალაბაშვილების სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა 613 442
ოქტომბრის ბაგა-ბაღის მშენებლობა და ინვენტარით აღჭურვა 347 337
ცხმორისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (ახო, კოკოტაური, ცხმორისი, გობრონეთი) მეწყერსაწინააღმდეგო გასატარებელი ღონისძიბების სამუშაოები 125 000
დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (ზენდიდი, სოფ. ქედა, ხუნკუდა, შევაბური, აქუცა, ძენწმანი, გულები) მეწყერსაწინააღმდეგო გასატარებელი ღონისძიბების სამუშაოები 101 247
დანდალოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (ბალაძეები, ხარაულა, ჯალაბაშვილები, დანდალო) მეწყერსაწინააღმდეგო გასატარებელი ღონისძიბების სამუშაოები 94 132
მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (ზუნდაგა, ზედა მახუნცეთი, ზედა ბზუბზუ, ქვედა ბზუბზუ, უჩხითი, დოლოგანი, ჭინკაძეები, ქოსოფელი) მეწყერსაწინააღმდეგო გასატარებელი ღონისძიბების სამუშაოები 83 762
მერისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (სოფ. მერისი, გარეტყე, ინაშარიძეები, გუნდაური, სილიბაური) მეწყერსაწინააღმდეგო გასატარებელი ღონისძიბების სამუშაოები 81 286
პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (აგარა, პ/მაისი, კოლოტაური) მეწყერსაწინააღმდეგო გასატარებელი ღონისძიბების სამუშაოები 79 283
მინი სპორტული მოედნების მშენებლობა (2 მოედანი) და რეაბილიტაცია (16 მოედანი) 80 000
ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (სირაბიძეები, ზესოფელი, ზვარე, კვაშტა, ვაიო) მეწყერსაწინააღმდეგო გასატარებელი ღონისძიბების სამუშაოები 65 213
ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (მეძიბნა, აგოთა, გოგინიძეები, კუჭულა, ოქტომბერი) მეწყერსაწინააღმდეგო გასატარებელი ღონისძიბების სამუშაოები 64 558
წონიარისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (წონიარისი, აბუქეთა, ვარჯანისი, კანტაური, ტიბეთა) მეწყერსაწინააღმდეგო გასატარებელი ღონისძიბების სამუშაოები 61 669
ამბულატორიებისათვის ავტომანქანის შეძენა 60 000
სოფელ ზესოფლის ცენტრის ტერიტორიის კეთილმოწყობა 39 700
სოფ. ქვედა მახუნცეთში  (25 მეტრიანი) გაბიონის მოწყობა 30 000
ზესოფელი-ხუნკუდა-გულების სასმელი წყლის წყალსადენის მშენებლობა 669 171
აწჰესის ტერიტორიის კეთილმოწყობა 65 000
მგზავრთა მოსაცდელების რემონტი (დაზიანებული კედლების ბათქაშის აღდგენა და შეღებვა) 20 000
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი დანიშნულების საპირფარეშოების მშენებლობა-რეაბილიტაცია (ახო, ცხმორისი, წონიარისი, ზვარე და აწჰესი) 25 000
მუნიციპალიტეტის კუთვნილი ავარიული-შენობა ნაგებობების საკვლევი და გამაგრებითი სამუშაოები (დემონტაჟი). 45 000
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება 11 100
ზვარის თემის ადმინისტრაციული შენობისა და კულტურის სახლის მშენებლობა 18 000
შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაცია 28 100
სოფელ გობრონეთის ბარის უბნისათვის სასმელი წყლის სისტემისათვის ავზის მშენებლობა 10 000
სოფელ პირველ მაისში სასმელი წყლის სისტემის გამართვა 5 000
სოფელ ახოს, ძირვენახის უბნის საავტომობილო გზის მშენებლობა 81 000
ჯამი

4 153 200

შუახევის მუნიციპალიტეტში 2016 წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული ღონისძიებები
ღონისძიების დასახელება სულ
სხალთის ხეობიდან ფურტიო- ბუთურაული-ნენიისათვის წყალსადენის ქსელის მშენებლობა 2 000 000
ჯამი 2 000 000
ხულოს მუნიციპალიტეტში 2016 წელს განსახორციელებელი პრიორიტეტული ღონისძიებები
ღონისძიების დასახელება სულ
კურორტ ბეშუმის შიდა გზების რეაბილიტაცია 960 000
სხალთის კულტურის ცენტრის მშენებლობა – რეაბილიტაცია 210 000
კურორტ ბეშუმში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია 729 250
მეკეიძეებში საბავშვო ბაღის მშენებლობა 225 000
კურორტ ბეშუმის საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია 404 000
კორტოხში საბავშვო ბაღის მშენებლობა 200 000
ვერნების წყალსადენის რეაბილიტაცია 40 000
დაბის ქუჩების მოასფალტება 50 000
სახანძრო ავზების მოწყობა (დიოკნისი, ბეღლეთი, ქვ. ვაშლოვანი, თაგო, აგარა) 50 000
სოფ. საციხურის წყლის სისტემის რეაბილიაცია და გამანაწილებელი კაპტაჟის მოწყობა 40 000
ფერდსამაგრი სამუშაოები 51 750
კურორტ ბეშუმის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა 40 000
ჯამი 3 000 000

სად და რატომ არის ქუჩები ჩაბნელებული

ბათუმში, ჭაობის დასახლებაში, ლადო ასათიანის ჩიხში, სულ 16 გარეგანათების ბოძი დგას. მათგან ღამის განმავლობაში მხოლოდ ორი ბოძია განათებული. ეს პატარა ჩიხი ყოველთვის კარგად იყო განათებული, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა სურათი თანდათან იცვლება. ქალაქში სხვადასხვა დაზიანებისა თუ, უბრალოდ, ნათურების მოძველების გამო ცუდად განათებული ქუჩების რაოდენობა ბევრ ადამიანს აწუხებს.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ ქუჩებში გარეგანათების გამორთვის მიზეზი, ელექტროენერგიის ცვალებადობასთან ერთად, კერძო კომპანიების უპასუხისმგებლობასაც უკავშირდება. მერიის ინფორმაციით, ქუჩებში კომუნიკაციების გაყვანის დროს კომპანიები ელექტროგადამცემ სისტემას აზიანებენ, ინფორმაციას კი – მალავენ.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის ინფორმაციით, დაზიანებული განათების სისტემების შესახებ მოქალაქეებისგან ყოველდღიურად ბევრი ზარი შედის: `ახლახან დაგვირეკეს ჭავჭავაძის ქუჩიდან, პუშკინის ქუჩიდანაც დარეკეს და სხვა უბნებიდან შემოდის შეტყობინება, რომ განათება დაზიანებულია. ჩვენ ოპერატიულად ვახდენთ რეაგირებას და გავდივართ დაზიანების აღმოსაფხვრელად.“

თენგიზ პეტრიძის თქმით, ღამის განათების ელექტროსისტემის დაზიანების მიზეზი არის როგორც დენის ცვალებადობა, ასევე ქუჩების ხშირი გადათხრა სხვადასხვა მიზეზით.

„იქნება ეს „სოკარი“, „ენერგო-პრო ჯორჯია“ თუ „ბათუმის წყალი“ არსებობს წერილობითი შეთანხმება, რომ გათხრების დროს ერთმანეთის სისტემები არ უნდა დააზიანონ. ამაზე ხელს ჩვენი სამსახურიც აწერს. მიუხედავად ამისა, არის ბევრი შემთხვევა, როცა შეთანხმებას მხარეები არღვევენ. გადათხრიან ქუჩას და ელექტროკაბელების დაზიანების შემთხვევაში საქმის კურსში არ აყენებენ შესაბამის სამსახურებს, მალავენ ფაქტს, კუსტარულად, ტექნიკური ნორმების დაცვის გარეშე აბამენ ამ კაბელებს და ასე დებენ მიწაში. ბუნებრივია, ასეთ მდგომარეობაში კაბელები ზინადება და შემდეგ ხდება ისე, რომ ერთი დაზიანება მთელ ხაზს წვავს“.

თენგიზ პეტრიძის თქმით, ასეთ შემთხვევაში კომპანია დაჯარიმებას ექვემდებარება: „მას მერიის სპეციალურ ანგარიშზე შემოაქვს თანხა, რითაც მოხდება დაზიანებული კაბელების აღდგენა.“

ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ღამის განათების სისტემების დაზიანების ფაქტზე 2015 წელს მხოლოდ ერთი იურიდიული პირი, სახაჭაპურე „რეტრო“ დაჯარიმდა. სამსახურის უფროსის ზაალ მამუჭაძის თქმით, კაბალების დაზიანების გამო ზურაბ გორგილაძის ქუჩა მთლიანად გაითიშა.

„ჩვენ დავაჯარიმეთ სახაჭაპურე, თუმცა მან სასამართლოზე განაცხადა, რომ დაზიანებას თვითონვე აღმოფხვრიდა და სასამართლომ თანხის გადახდა აღარ დააკისრა“.

კანონის მიხედვით, საჯარომო თანხა იურიდიული პირების შემთხვევაში 1000-2000 ლარია, კერძო პირების შემთხვევაში კი – 500 ლარი.

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თქმით, არის შემთხვევები, როცა დაზიანების კერის დადგენა ვერ ხერხდება: „ერთ ქუჩაზე ლაბორატორიის მიყვანა გახდა საჭირო დაზიანებული კაბელის აღმოსჩენად. თუ ვერ ვიპოვით, იძულებული ვართ მთელი ხაზი გამოცვალოთ“.

ღამის განათებების გათიშვის მიზეზი შეიძლება გახდეს ნათურების საექსპლუატაციო ვადის გასვლაც. ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქში დამონტაჟებული ღამის განათებების დიდი ნაწილი თითქმის რვა წლის წინ დამონტაჟდა.

თვითმმართველობის ბიუჯეტიდან განათების სისტემების ექსპლუატაციისთვის ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი ლარი იხარჯება. წელს განათების სისტემისთვის ერთი მილიონ 49 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. როგორც მერიაში ამბობენ, ამ თანხაში არა მარტო არსებული ელექტრობოძების მოვლა-შენახვა შედის, არამედ ახალი ელექტრობოძების მონტაჟიც.

თენგიზ პეტრიძის ინფორმაციით, ქალაქში გარე განათების 17 ათას 82 წერტი და 342 ელექტროგამანაწილებელი კარადაა დამონტაჟებული. არის როგორც ერთნათურიანი, ასევე ორნათურიანი ელექტრობოძები. „ამ თანხის ფარგლებში შეიღება ორი ათასი ელექტრობოძიც“.

2016 წელს განათების სისტემის ექსპლუატაციისთვის ბიუჯეტში ერთი მილიონ 41 ათასი ლარია გათვალისწინებული. ტენდერი გამოცხადებულია და შედეგები მომავალი წლისთვის იქნება ცნობილი. წელს ტენდერი „აჭარგანათებამ“ მოიგო.

ახალი განათების სისტემების დამონტაჟებაზე წელს 886 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, მომავალ წელს კი 202 ათასი ლარია გათვალისწინებული. თენგიზ პეტრიძის ინფორმაციით, 2016 წელს 13 ქუჩაზე 177 ბოძი უნდა დამონტაჟდეს. 2015 წელს კი 69 ქუჩაზე და მის მონაკვეთებზე დაამონტაჟეს ახალი ელექტრობოძები, ძირითადად, ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე.

კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ქუჩაზე ღამის განათება გაითიშება ან რაიმე სახის დაზიანება დაფიქსირდება, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 595 95 83 81.

     დახაზული და დაუხაზავი ქუჩები

IMG_4744

ქუჩების დახაზვა, ბორდიურებისა და ველობილიკების შეღებვა, მერიის სამსახურის – „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტოს“ ფუნქციებში შედის.

სამსახურის უფროსის, გიორგი ჩხეიძის ინფორმაციით, ქუჩებს ყოველ ექვს თვეში ერთხელ ხაზავენ. „ბარცხანის ხიდიდან აეროპორტთან მისვლამდე ყველა ქუჩა დახაზულია, თუმცა არსებობს ისეთი ქუჩებიც, რომლებსაც ვერ ვხაზავთ, რადგან არაასფალტირებულია,“ – ამბობს გიორგი ჩხეიძე.
ქალაქში ე.წ. ჭაობის დასახლებაში თითქმის ყველა ქუჩა არაასფალტირებულია, რადგან მიწისქვეშა სამოშაოები არ დასრულებულა.
ქუჩების ხშირი გადათხრის გამო ზიანდება ნიშნულებიც. მძღოლები ამბობენ, რომ წვიმაში თითქმის არ ჩანს ღერძულა ხაზი, რამაც შესაძლოა მოძრაობის წესების დარღვევა გამოიწვიოს.
„ჩვენ საღებავს არ ვაკლებთ, არც ველობილიკებს და არც ქუჩებს, თუმცა, კლიმატიდან გამომდინარე, ხშირი წვიმის გამო საღებავი ადვილად ზიანდება. ის ქუჩები, სადაც ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, ყველა დახაზულია. ახლახან დავასრულეთ ხიმშიაშვილის ქუჩის დახაზვა, ჭავაჭავაძის მხოლოდ ნახევარი დავხაზეთ, რადგან აქაც ქუჩის ნაწილი გადათხრილია,“- ამბობს გიორგი ჩხეიძე.
მისივე ინფორმაციით, წელს სამივე ფერის საღებავზე – წითელი ველობილიკებისთვის, შავი ბორდიურებისთვის და თეთრი ქუჩის ხაზებისთვის, – 50 ათასი ლარი დაიხარჯა. რამდენი დაიხარჯება მომავალ წელს ქუჩებისა და ველობილიკების შეღებვა-დახაზვაზე, გიორგი ჩხეიძის თქმით, ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის.

გელა აბაშიძის რევანში

აჭარის ნაკრების წევრმა, მოკრივემ გელა აბაშიძემ ფინალში იმ მოწინააღმდეგეს მოუგო, ვისთანაც შარშან დამარცხდა და გახდა დიდებს შორის, 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს ჩემპიონი. ეს ტიტული მისი მწვრთნელის, გოჩა აბაშიძის შემდეგ 16 წლის განმავლობაში აჭარიდან არავის მოუგია.

მარჯვნივ გელა აბაშიძე, საქართველოს ჩემპიონი დიდებს შორის 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში |თბილისი, 2015
მარჯვნივ გელა აბაშიძე, საქართველოს ჩემპიონი დიდებს შორის 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში |თბილისი, 2015
გოჩა აბაშიძე გარდა მწვრთნელობისა, გელა აბაშიძის ძმაა, მას მრავალწლიანი შრომა დასჭირდა იმისთვის, რომ იგივე შედეგისთვის მიეღწია, რომელიც 1999 წელს ბათუმში გამართულ საქართველოს პირველობაზე მოიპოვა – გახდა საქართველოს ჩემპიონი, რის შედმეგაც ამერიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზა.
გოჩა აბაშიძე: „გელამ ფინალში მოუგო იმას, ვისთანაც შარშან ფინალში დამარცხდა, ჯემალ შალამბერიძესთან. ის ქუთაისელი მოკრივეა, საკმაოდ ტექნიკური. გელა წელს უკეთ მოემზადა, ჩემპიონატამდე ორი ორკვირიანი შეკრება გაიარა ბათუმსა და თბილისში.
ფინალში ტაქტიკურად და ტექნიკურად აჯობა მოწინააღმდეგეს, ქულები აუღო და მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ასე რომ, მას რევანში აუღო. კი ვმეგრობთ ჩვენ [მოწინააღმდეგეები], მაგრამ რინგზე მეგობრობა არ არის“.
შეხვედრის მთავარი მსაჯი მამუკა წიკლაური იყო. გელამ ფინალში 3:0 დაამარცხა ჯემალ შალამბერიძე. გამარჯვებულის შეფასებით წელს რთული ჩემპიონატი იყო.
გელა აბაშიძე: „წინა ოლიმპიური წელიწადია და ყველა მომზადებული იყო წელს. სამი შეხვედრა ჩავატარე. ყველაზე დაძაბული ფინალური ორთაბრძოლა გამოდგა.
წელს როგორ შეძელით მისი დამარცხება?
წელს უკეთ მოვემზადე  ევროპის ჩემპიონატზე მივიღე მონაწილეობა და უფრო მეტი გამოცდილება დავაგროვე“.
გელა აბაშიძე ამჟამად ორკვირიან შეკრებაზე იმყოფება ბაკურიანში, რის შემდეგაც A კლასის საერთაშორისო ტურნირიში მიიღებს მონაწილეობას.
თებერლიდან კი „რიო 2016“-ის ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირები დაიწყება. გელა აბაშიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მისი მთავარი მიზანი ამ ეტაპზე სწორედ ამ ლიცენზიის მოპოვება იქნება.
დიდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი კრივში 9-13 დეკემბერს თბილისში გაიმართა. აჭარის ნაკრები შეჯიბრზე 9 მოკრივეთი იყო წარდგენილი, ორი გოგოთი და შვიდი ბიჭით.
გარდა გელა აბაშიძის ოქროს მედლისა აჭარის ნაკრებმა კიდევ ხუთი საპრიზო ადგილი მოიპოვა. მესამე ადგილებზე გავიდნენ დავით შერვაშიძე (49 კგ), გრიგოლ გაგუა (52 კგ), ნიაზ გორგოშაძე (91 კგ) და მარიამ ჭაბაშვილი (64 კგ), ხოლო ვერცხლის მედალი მარიკა ხორავამ მოიგო 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში.
გუნდურ პირვლობაში კი აჭარის ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა, პირველ ადგილზე ქუთაისის ნაკრები გავიდა.

 

ნინო ბაციაშვილმა მსოფლიო ჩემპიონთან შეხვედრა ყაიმით დაასრულა

საჭადრაკო ტურნირზე “Qatar Masters Open 2015-ზე”, ეროვნული ნაკრებისა და ბათუმის კლუბ “ნონას” მოჭადრაკემ ნინო ბაციაშვილმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ მაგნუს კარლსენთან, შავი ფიგურებით ყაიმით დაამთავრა შეხვედრა.

 მაგნუს კარლსენი და ნინო ბაციაშვილი და
მაგნუს კარლსენი და ნინო ბაციაშვილი

მაგნუს კარლსენი ნორვეგიელი მოჭადრაკეა. მას მსოფლიო რეიტინგში 2834 ქულა აქვს, ნინო ბაციაშვილის კი – 2498 ქულა. კარლსენი და ბაციაშვილი 20 დეკემბერს პირველ რაუნდში შეხვდნენ ერთმანეთს. ტურნირი 9 რაუნდად ჩატარდება და 29 დეკემბერს დასრულდება.

“Qatar Masters Open 2015” კატარის ჭადრაკის ასოციაციის ორგანიზებით, ქალაქ დოხაში იმართება. დაწესებულია საპრიზო ფონდებიც. ტურნირის საუკეთსო მოთამაშე $27,000, სუკეთესო ქალი მოთამაშე კი – $ 8,000 მოიგებს.

 

სესხი, აჭარის ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით, 163 მეწარმეზეა გასაცემი

აჭარაში „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სესხის სახით შესაძლებელია გაიცეს 4 598 200 ლარი, რაც  აჭარის მთავრობის განცხადებით, „საქართველოს ბანკთან“ მიმდინარე მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციართა შემდგენი კომისია 2014 წლის მაისში შეიქმნა, რომელმაც მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე მოამზადა 188 ბენეფიციარისაგან [რომელთაც გააჩნდათ მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესი] შემდგარი მსესხებელთა რეესტრი.

აღნიშნული რეესტრი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2014 წლის ივლისში გადაეგზავნა „ლიბერთი ბანკს“, განხილვისა და შემდგომში სესხის გაცემის მიზნით. ამ ეტაპისათვის ბანკის მიერ გაცემულ იქნა სესხი მხოლოდ 25 ბენეფიციარზე – 1 401 800 ლარი.

დღეს კი, აჭარის მთავრობასა და სს „საქართველოს ბანკს“ შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის“ გაგრძელებასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს პროგრამის ფარგლებში დაუკმაყოფილებელ ბენეფიციარებზე [163 ბენეფიციარი] სესხის გაცემა.

მთავრობაში აცხადებენ, რომ პროგრამის ფარგლებში საკრედიტო რესურსი განსაზღვრული იყო 6 მილიონი ლარი: „მიმდინარე ეტაპზე საკრედიტო რესურსი ათვისებულია 1 401 800 ლარი [„ლიბერთი ბანკის“ მიერ გაცემული სესხის ოდენობა], ხოლო ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან შესაბამისად თანადაფინანსებამ 2015 წლის პირველი დეკემბრისათვის შეადგინა 141 778,98 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე პროგრამის ფარგლებში სესხის სახით შესაძლებელია გაიცეს 4 598 200 ლარი“.

აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში  თანადაფინანსების თანხები შემდეგნაირადაა გათვალისწინებული: 2016 წელი – 672 ათასი ლარი; 2017 წელი – 640 ათასი ლარი; 2018 წელი – 553 ათასი ლარი.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცხადებენ, რომ „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა“ – იგივე ე.წ. „იპოთეკარების“ პროგრამა გრძელდება, თუმცა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ზეპირი განმარტებით, მოსალოდნელი იყო მისი სახეცვლილება, რასაც საბოლოოდ უფრო მეტი ბენეფიციარის  სახეცვლილი პირობებით დაფინანსება უნდა გამოეწვია. 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტში კი მსგავსი არაფერია. ამდენად, „იპოთეკარების“ მიმართ „ქართული ოცნების“ მიერ გაცემული დაპირებები კვლავაც შეუსრულებელი რჩება“.

ბოშები ლიანდაგს მიღმა

  ქობულეთში ასე მიგასწავლიან: ლიანდაგს რომ გადაკვეთ იქ ცხოვრობენ ბოშები. რკინიგზა  ქობულეთის სამხრეთიდან შესასვლელში, ცენტრალურ ავტო და რკინიგზის სადგურთანაა. რკინიგზის უკან ქობულეთის ერთ-ერთი უბანი გელაურია, სწორედ აქ ცხოვრობს ბოშების, დაახლოებით, ასამდე ოჯახი.

რკნიგზის სადგური ქობულეთში. ლიანდაგს რომ გადაკვეთთ იქ ბოშები ცხოვრობენ. ამ უბანს გელაურს უწოდებენ
რკნიგზის სადგური ქობულეთში. ლიანდაგს რომ გადაკვეთთ იქ ბოშები ცხოვრობენ. ამ უბანს გელაურს უწოდებენ
ზოგი მათგანი ნაქირავებში ცხოვრობს, ზოგი – წინაპრების მიერ დატოვებულ სახლებში. რუსლან მელამეტოვსა და მის მეუღლეს, ნანას ექვსი შვილი ჰყავთ, 12 წლის იანიკი, 10 წლის ლოვარკა, 9 წლის ხვიჩა, 8 წლის ერიკი, ხანა – 6 წლის და იურა, რომელიც ორი თვის წინ შეეძინათ. ისინი ერთ პატარა ოთახში ცხოვრობენ. რუსლანი ბავშვებს უვლის ნანა კი ბათუმში მუშაობს – ყიდის კალგოტკებს, წინდებს, სუნამოებს და გვიან საღამოს ბრუნდება სახლში.
„მე პატარაობიდან აქ ვცხოვრობ, აქ ცხოვრობდნენ ჩემი ბებია და ბაბუაც.  მეზობლები პატივს მცემენ, მეც პატივს ვცემ მათ. როცა დავქორწინდით ნორმალურად ვცხოვრობდით, ყველაფერი გვქონდა. ექვსი წლის მერე სახლი დაგვეწვა. ნახევარი ეზო გავყიდეთ. მეც ვვაჭრობდი, მერე ვაგზალზე ვმუშაობდი დასუფთავების კომპანია „სუფთა ქალაქში”, მაგრამ ბავშვების გამო თავი დავანებე, დრო აღარ მაქვს – ვის უნდა დავუტოვო ბავშვები. მთავრობისგან დახმარებას ვიღებთ ბავშვებისთვის 220 ლარი თვეში და შიმშილით არ ვკვდებით, თუმცა ხანდახან  ისე ვცხოვრობთ, რომ პური და შეშაც კი არ გვაქვს”.
კითხვაზე, როგორ გინდა ცხოვრობდეთ, რუსლანი ამბობს, რომ მშვიდად ცხოვრება უნდა: “არ იყოს ომი, რუსეთი და საქართველო მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ერთად. საქართველო ჩემი ოჯახია. სიმდიდრე არ მინდა, სიმდიდრეა თუკი ჩემი შვილები მშვიდად იქნებიან”.
რუსლანის შვილები გელაურში მდებარე #5 საჯარო სკოლაში დადიან, თუმცა აცდენენ ხშირად. „უნდათ დადიან, უნდათ – არაო” – ასე პასუხობს რუსლანი. ხვიჩა სკოლაში არ დადის, მას ფეხბურთელი უნდა რომ გამოვიდეს. ხანაც დადიოდა სკოლაში, მაგრამ ტიროდა. ლოვარკა ამბობს, რომ ხანას უნდა კლასში მარტო თვითონ იყოს, ერთი მოსწავლე.
42 წლის  რუსლან ბერესრამი მარტო ცხოვრობს, „ძალიან გაგვიძნელდა ცხოვრებაო” – გვეუბნება ის. „ზამთარია, შეშა გვინდა ვიყიდოთ მაგრამ ძვირია, ვეღარ ვვაჭრობთ უწინდებურად, დახმარება გვინდა მაგრამ არ გვაქვს, ჩემი და იღებდა დახმარებას, მაგრამ ახლა აღარ იღებს”. მისი თქმით დახმარებას სახელმწიფოსგან სოციალური დახმარება იმიტომ შეუწყდათ, რომ ნათესავებთან ერთდ სამშენებლო სამუშაოებზე დაიწყო მუშაობა.
ის დედის მიერ დატოვებულ სახლში ცხოვრობს დედა დიდი ხანია გარდაეცვალა, დაეღუპა და და კიდევ ორი ძმა. დარჩა მხოლოდ ერთი და რომელიც ბათუმში ცხოვრობს და წინდებით, სუნამოებითა და სხვა წვრილმანის გაყიდვით ირჩენს თავს. ჰყავს ორი შვილი და მეუღლე.
18 წლის კოტე მელამეტოვი მისი ძმისშვილია. ამბობს, რომ ისურვებდა სამუშაოს და უკეთ ცხოვრებას: „დიდი სახლი არ მინდა, მანქანა რად მინდა, ნორმალურად რომ ვიცხოვრო, ეს მინდა”.
ქუჩის პირას მდგარ ერთ-ერთ მოზრდილ სახლში მესამე წელია სამი ოჯახი ცხოვრობს. ისინი დღიურად ორ ლარს იხდიან. მანამდე 10 წელი თბილისში ცხოვრობდნენ. მათ არ ისურვეს ვინაობის დასახელება. „რამდენჯერ იყვნენ ჩვნეთან, რამდენჯერ დაწერეს ჩვენზე – რა აზრი აქვს არაფერი არ იცვლება” – გვითხრა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც 5 შვილის დედაა. ისიც სხვების მსგავსად ქალაქიდან ქალაქში – ბათუმში, ქობულეთსა და ოზურგეთში დადის წვრილმანებით სავაჭრობ და საღამოს ბრუნდება შვილებთან.
სავაჭრო საქონელს ისინი ლილოს ბაზრობაზე ყიდულობენ, ან ხოფაზე ეგრეთ წოდებულ “ოფტავშიკებთან”. ბევრი არაფერი გვრჩება, ერთი-ორი ან სამი ლარი დღეშიო, ამბობენ ისინი.
ერთ-ერთი მასპინძელი ქალი ამ სახლიდან გვეუბნება, რომ ის საქართველოს მოქალაქეა, მონაწილეობს არჩევნებში, მაგრამ ამ უფლებას არაფერი შეუცვლია მის ცხოვრებაში.
“ეს ცხოვრებაა? ვინ თქვა რომ ეს ცხოვრებაა. არის ისეთი დღეები, რომ ვერაფერს ვვაჭრობთ, ზამთარში მითუმეტეს. სკოლაში დადიან ჩვენი ბავშვები შეიძლება… რაღაცა იქნება…. იქნება მუშაობა. შეიძლება შეიცვლება ცხოვრება, სხვა დრო დადგეს”.

 

P.S. გზაზე 10 წლის ლოვარკამ გამოგვაცილა, რომელიც დაგვეხმარა რამდენიმე ოჯახთან გასაუბრებაში. იგი სიხარულით იმეორებდა, ორშაბათს სკოლაში მივალო. მას უნდა რომ ექიმი გამოვიდეს.

 

ვინ და როგორ განკარგავს ბულვარის ქონებას

ბათუმის ბულვარის მართვას სულ ცოტა 2019 წლამდე კვლავ აჭარის მთავრობა გეგმავს. შესაბამისად, თვითმმართველობისთვის ბულვარის დაბრუნების საკითხი, ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მთავრობაში არ განიხილება. ფაქტობრივად, ღია რჩება ბათუმის ბულვარში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების განკვარგვასთან დაკავშირებული საკითხებიც. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბულვარის განვითარების კონცეფციის საბოლოო ვერსიის წარმოდგენის შემდგომ, ბათუმის ბულვარში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების განკვარგვასთან დაკავშირებული საკითხები შესათანხმებელი იქნება როგორც აჭარის მთავრობასთან, ასევე ქალაქის თვითმმართველობასთან

„გამომდინარე იქედან, რომ ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მუშაობა ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციაზე, ბულვარის თვითმმართველობისთვის უკან დაბრუნება არამართებულად მიგვაჩნია. სსიპ „ბათუმის ბულვარის“ 2016-2019 წლის განმავლობაში დაგეგმილი აქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც პირდაპირ კავშირში იქნება დაგეგმარების კონცეფციასთან. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბულვარის განვითარების კონცეფციის საბოლოო ვერსიის წარმოდგენის შემდგომ, როგორც აჭარის მთავრობასთან, ასევე ქალაქის თვითმმართველობასთან შესათანხმებელი იქნება ბათუმის ბულვარში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების განკვარგვასთან დაკავშირებული საკითხები,“ – აცხადებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

„მიგვაჩნია, რომ ბულვარი ქალაქს უნდა დაუბრუნდეს. შესაბამისად, მისი დაფინანსებისათვის საჭირო თანხაც თვითმმართველობის ბიუჯეტში უნდა იყოს გათვალისწინებული,“ – აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებში აჭარის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით.

უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია კი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან ნახევარ მილიონამდე ლარის გამოყოფას ბულვარში „მასწავლებლის ხეივნის“ მოწყობისთვის ითხოვდა: „ჩვენს კუთხეში მოღვაწე ამაგდარ პედაგოგ-მასწავლებელთა შრომის ღირსეული დაფასებისათვის, სასურველია ბათუმის ბულვარის ერთ-ერთ ხეივანს ეწოდოს `მასწავლებლის ხეივანი“. ამ მიზნით 2016 წლის ბიუჯეტებში გამოიყოს თანხა 460 ათასი ლარის ფარგლებში“.

„2015 წლის 7 ოქტომბერს სსიპ „ბათუმის ბულვარსა“ და შპს `სასტუმრო სანატორიუმ ოაზის“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად საბოლოო ვერსია ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციისა წარმოდგენილი უნდა იქნეს 2016 წლის 15 მაისამდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპისათვის, როცა ჩვენთვის ცნობილი არ არის ბულვარის განვითარების კონცეფციის საბოლოო სახე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია 2016 წლის ბიუჯეტში გამოიყოს თანხა 460 ათასი ლარის ფარგლებში იმისათვის, რომ ბათუმის ბულვარის ერთ-ერთ ხეივანს ეწოდოს „მასწავლებლის ხეივანი“. განვითარების კონცეფციის წარმოდგენის შემდგომ, თვითმმართველობასთან თანამშრომლობით შესაძლებელია, აღნიშნული საკითხის განხილვა,“ – აცხადებს აჭარის მთავრობა.

ბათუმის ბულვარი მართვაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წელს გადაეცა. ბათუმის მერიამ მოახდინა აიპი „ბათუმის ბულვარის“ ლიკვიდაცია. ამ პროცესის პარალელურად კი აჭარის მთავრობამ შექმნა სსიპ „ბათუმის ბულვარი“, რომელსაც თვითმმართველი ქალაქის საკუთრებაში არსებული ქონება – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბათუმის ბულვარი, მართვაში უზურფრუქტის წესით გადაეცა.

უზურფრუქტის წესი ნიშნავს, რომ ქონება რჩება მესაკუთრეს, ხოლო მართვაში გადაეცემა იმ ორგანოს, რომელთანაც მესაკუთრე ხელშეკრულებას აფორმებს.

უზურფრუქტის წესით მართვაში ქონების გადაცემა შეიძლება იყოს ვადიანი ან უვადო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის ბულვარის გადაცემის შემთხვევაში ვადები ხელშეკრულებაში დაფიქსირებული არ ყოფილა.

ბათუმის საკრებულომ ბულვარის დაბრუნების საქმის წარმოების დაწყების გადაწყვეტილება 2014 წელს მიიღო.

წინასაახალწლო საჩუქრები სოციალურად დაუცველებს

გაყინული ქათამი 1 ცალი, შაქარი 2 კგ, ფქვილი 2 კგ, ზეთი 1 ბოთლი, შოკოლადის ასორტი 1 კგ, შედედებული რძე 1 ცალი, გოზინაყი 2 ცალი და  10 ცალი კვერცხი – ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რასაც ბათუმის კულტურის ცენტრი ერთ პაკეტში მოათავსებს და სოციალურად დაუცველ მოქალაქეს გადასცემს. 1041 ასეთ პაკეტს საჩუქრად ბათუმში ამდენივე ბენეფიციარი მიიღებს.

ბათუმის კულტურის ცენტრი „სოციალურად მოწყვლადი კატეგორიის“ ადამიანებისთვის წინასაახალწლოდ სასაჩუქრე ნობათს 34 900 ლარად შეისყიდის.

როგორც კულტურის ცენტრში აცხადებენ „აღნიშნული საკითხი არ იყო გათვალისწინებული წლის დასაწყისისთვის, თანხა გამოიყო ნოემბრის ბოლოს, შესაბამისად, გამოცხადდა ტენდერი, თუმცა ტენდერი არ შედგა“. ამიტომ, კულტურის ცენტრი სურსათს გამარტივებული წესით შეიწყიდის და საჩუქარს ბენეფიციარებს 28 დეკემბრამდე გადასცემს.

ვის უნდა მიმართოთ მცირე ბიზნესის დასაწყებად აჭარაში

როგორ უნდა ჩაერთოთ მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების პროგრამაში და ვის უნდა მიმართო, თუ გსურ ბიზნესი წამოიწყო ან არსებული განავითარო? „ბათუმელები“ დაინტერესდა რა ეტაპზეა მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რასაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს.

რას ნიშნავს მცირე საწარმო და რა შეღავათებია მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული? – მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის ინიცირებულ პროგრამას – „აწარმოე საქართველოში“, აცხადებენ, რომ „მცირე საწარმოს თანამშრომელთა რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 20 ადამიანს, ხოლო ბრუნვა – 0,5 მილიონ ლარს. საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულია შეღავათები მიკრო და მცირე მეწარმეებსა და ინდმეწარმეებზე.“

სააგენტოს ინფორმაციით, „პროგრამა ითვალისწინებს კერძო სექტორში მრეწველობის წახალისებას სხვადასხვა ფინანსური და არაფინანსური მექანიზმების საშუალებით. ეს გულისხმობს საბანკო სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას 10%-ის ოდენობით, ხოლო ლიზინგის ობიექტზე 12%-ის ოდენობით და სესხის 50%-მდე გირაოში თანადგომას, როგორც ახალი, ასევე არსებული საწარმოებისთვის. ეს კომპონენტი მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლონ 0, 1, 2 ან მაქსიმუმ 3%-იანი კომერციული სესხით. ხოლო, პროგრამით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული კომპონენტის ფარგლებში დაინტერესებულ მეწარმეს გადაეცემა სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონება 1 ლარად, გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებების სანაცვლოდ“.

სააგენტოში მიიჩნევენ, რომ პროგრამა წარმატებით ხორციელდება და არგუმენტად სტატისტიკა მოჰყავთ: „ერთწლიანი პერიოდში პროგრამას ჰყავს 129 ბენეფიციარი კომპანია, რომელთა მიერ განსახორციელებელი ჯამური ინვესტიციის მოცულობა აღემატება 340 მილიონ ლარს. ისინი 2 წლის განმავლობაში შექმნიან 6700-მდე ახალ სამუშაო ადგილს. პროგრამა ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. ამას ადასტურებს პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკიდან აღებული სესხის მოცულობა, რომელიც 2-დან 2,5 მილიონ ლარს შეადგენს“.

სახელმწიფო პროგრამას – „აწარმოე საქართველოში“, წელს დაემატა კიდევ ერთი მიმართულება – მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა.

„პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა წაახალისოს რეგიონებში ახალი ბიზნესების წამოწყება, დანერგოს ინოვაციები და ხელი შეუწყოს უკვე არსებული მცირე და მიკრობიზნესების განვითარებას. პროგრამა ასევე ითვალისწინებს საკონსულტაციო მომსახურებას, ტრენინგ/სემინარებს. 26-თვიანი პროგრამის განმავლობაში ტრენინგი ჩაუტარდება 6000-მდე ადამიანს, დაფინანსდება 3000-მდე ბიზნესიდეა და შეიქმნება 5000-მდე ახალი სამუშაო ადგილი,“ – აცხადებენ სააგენტოში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, პროგრამას დაემატა კიდევ ორი ახალი კომპონენტი: სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობა რეგიონებში გულისხმობს ქვეყანაში საერთაშორისო ბრენდების შემოყვანის მიზნით Franchising-ის გადასახადებში თანამონაწილეობასთან ერთად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას და საკონსულტაციო სერვისების თანადაფინანსებას;

მეორე – საქართველოში კინოწარმოების ხელშეწყობის მიმართულება, გულისხმობს საქართველოში კინოინდუსტრიის წახალისებას და განვითარებას.

ვის უნდა მიმართოს აჭარაში მცხოვრებმა ადამიანმა, თუ მას სურს ჩაერთოს მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამაში? – საწარმოთა განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მენეჯერის თეონა ბაბუნაშვილის განმარტებით: „საქართველოს ყველა მოქალაქემ, რომელიც არის 18 წელს მიღწეული და სურს აჭარაში წამოიწყოს ბიზნესი ან არსებული განავითაროს, უნდა მიმართოს შპს „ჯი-ემ-სი-ჯის“, რომლის ბათუმის ოფისი მდებარეობს ქ. ბათუმში, მელაშვილის ქ. N2-ში [ცხელი ხაზი: 16100]. აღნიშნული პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყება 2016 წლის პირველი კვარტალიდან“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მეორე ეტაპი თებერვლის დასაწყისში იმერეთის რეგიონიდან დაიწყება. სააგენტოში აცხადებენ, რომ მიკრო და მცირე დაფინანსების კომპონენტის ფარგლებში კარდაკარ ინფორმაციის გავრცელების მეთოდსაც მიმართავენ.

რაც შეეხება პროგრამის პირველ ნაწილს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის აჭარაშიც ჩატარდა. „რადგან ეს ინფორმაცია არის პერსონალური და მოითხოვს თანხმობას თითოეული ბენეფიციარისგან, მათ ვინაობას ვერ გავცემთ“, – აცხადებს თეონა ბაბუნაშვილი. – „რაც შეეხება იმას, თუ რამდენს გაუფორმდა ხელშეკრულება, ასეთი ქვეყნის მასშტაბით, 1530 ბენეფიციარია“.

საჭიროა თუ არა რაიმე საკანონმდებლო ცვლილება მცირე საწარმოების განვითარებისთვის? – სააგენტოში აცხადებენ, რომ – არა.

„ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის [DCFTA] ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წელს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა მოემზადებინა.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ეროვნული სტრატეგია დასრულების ეტაპზეა და 2015 წლის ბოლოს შესაძლებელი იქნება მისი გაზიარება [სტრატეგია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის [OECD] მხარდაჭერით მზადდება].

მაღალმთიანი დასახლების საწარმო გადასახადებისგან გათავისუფლდება

საქართველოს მთავრობამ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონის საფუძველზე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის  წესი დაამტკიცა. ასეთი სტატუსის მქონე საწარმო გარკვეული ვადითა და წესით გათავისუფლდება გადასახადებისგან. სტატუსის მინიჭების წესი 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

მთავრობის დადგენილებით, მეწარმე სუბიექტს (საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საწარმო/მეწარმე ფიზიკური პირი) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსს ანიჭებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით.

მეწარმე სუბიექტი, რომელსაც მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისაგან, თუმცა ასეთი მეწარმე სუბიექტი ვალდებულია, საქმიანობას ახორციელებდეს მხოლოდ შესაბამისი მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე.

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად დაინტერესებული  პირი განცხადებით (წერილობითი ან ელექტრონული ფორმით) მიმართავს შემოსავლების სამსახურს.

განცხადება უნდა შეიცავდეს: პირის სარეგისტრაციო მონაცემებს (საიდენტიფიკაციო  ნომერი, სახელწოდება, მისამართი); საქმიანობის მოკლე აღწერას (მათ შორის, საქმიანობის სახე და განხორციელების ადგილი).

საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, განმცხადებელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია.

შემოსავლების სამსახური ვალდებულია, განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში: განცხადება თანდართულ მასალებთან ერთად წარუდგინოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განხილვის მიზნით, ან უარი თქვას განცხადების სამინისტროსათვის წარდგენაზე, რის შესახებაც წერილობით აცნობებს განმცხადებელს.

შემოსავლების სამსახური სამინისტროს არ წარუდგენს განცხადებას, თუ: მეწარმე სუბიექტი არ აკმაყოფილებს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და თუ მეწარმე სუბიექტის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი ხარვეზი დადგენილ ვადაში.

მეწარმე სუბიექტისათვის მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება ეგზავნება მეწარმე სუბიექტს და შემოსავლების სამსახურს.

მთავრობის დადგენილებით მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის  წესიც დამტკიცდა. მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე პირთა რეესტრს კი შემოსავლების სამსახური აწარმოებს.

ბათუმში ახალი ჰოსპიტალი მომავალ წელს გაიხსნება

ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში მდებარე ჰოსპიტალი ახალი წლის შემდეგ ამოქმედდება. ჰოსპიტალმა სტაციონარული დაწესებულების ნებართვა უკვე მიიღო, რითაც, როგორც დაწესებულებაში აცხადებენ, სრულყოფილი მრავალპროფილური სამედიცინო საქმიანობის უფლება მიენიჭა.

სტაციონალური დაწესებულების ნებართვა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ გასცა. სააგენტოს ინფორმაციით შპს „Brothers“-ს აქვს შემდეგი სამედიცინო საქმიანობის ნებართვა: ქირურგია, ნეიროქირურგია, გინეკოლოგია, მეანობა, ნეონატოლოგია, ოფთალმოლოგია, რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა.

„Brothers“-ი, რომელიც „ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ მფლობელია თურქული კომპანიაა. ის ბათუმში 2012 წელს დაფუძნდა. ჰოსპიტალში, აცხადებენ, რომ  ამ ეტაპზე არ არის საუბარი ონკოლოგიაზე, რაც, მათი მხრიდან გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მინიმუმ 2-3 წლის პერსპექტივაა.

პაციენტების მიღება საავადმყოფოს გახსნისთანავე იგეგმება, თუმცა სხვადასხვა მიმართულება არა ერთად, არამედ ეტაპობრივად ამოქმედდება.  პაციენტთა მომსახურება კი დღეს არსებულ ფასებთან შედარებით სავარაუდოდ 10-15%-ით ძვირი იქნება, თუმცა ჰოსპიტალი აპირებს თითქმის ყველა სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას იმის მიხედვით, რის საშუალებასაც ის თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე იძლევა. ჰოსპიტალი სადაზღვევო სისტემებშიც ჩაერთვება. როგორც ჰოსპიტალში „ბათუმელებს“ უთხრეს, ვაკანტური ადგილები აღარ არის. ჰოსპიტალში 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი ირაკლი დარცმელიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით გამოეხმაურა ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოზიტიური ანგარიშის გამოქვეყნებას.

ვფიქრობთ, რომ ამგვარი დამოკიდებულება ქვეყნის ევროპულ არჩევანთან და პერსპექტივასთან დაკავშირებით, კატეგორიულად მიუღებელია საჯარო უწყებაში მომუშავე ყველა პირისგან, განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრისგან, რომელიც ერთი მხრივ, შრომით ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მონაწილეობს მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების განხილვა-დამტკიცებაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებში ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ ევროპულ ღირებულებებს, კერძოდ, სამოქალაქო კულტურას, ადამიანის უფლებებსა და პიროვნების თავისუფლებას ეთმობა. გაუგებარია, როგორ გახდა შესაძლებელი ირაკლი დარცმელიძის პერსონალური პოზიციის (რაც სოციალური ქსელით გამოჩნდა) შეჯერება ამ დოკუმენტის მთავარ პრინციპებთან.

ამასთან, “მაუწყებლობის შესახებ” კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (შემდგომ − ნატო) და ევროკავშირში ინტეგრაციის, პოპულარიზაცია. ცხადია, კანონის ეს მოთხოვნა მრჩეველთა საბჭოს წევრის საჯარო გამოსვლებზეც ვრცელდება.

მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრებს იმსჯელონ ირაკლი დარცმელიძის საჯარო განცხადებასთან დაკავშირებით, თავად დარცმელიძემ კი ასევე საჯაროდ განმარტოს საკუთარი პოზიცია და ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე.

რა იცვლება ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარში კომპანია „ლიტომმა“ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო. კომპანიის წარმომადგენელის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ბულვარის ამ ნაწილში, ბულვარის ახალი კონცეფციით გათვალისწინებულია. სამუშაოების შესრულებაზე ერთი მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

 

DSCN6358

„უნივერსიტეტიდან კაფე „ტყუპებამდე“, ბულვარის სამი სავალი ნაწილის დემონტაჟი მიმდინარეობს. აქედან ერთი, შუა სავალი ბილიკი გაუქმდება  და გამწვანება გაკეთდება. დაირგვება ყვავილები. პირველ და მესამე ზოლში დაიგება ახალი ფერადი ქვაფენილი, მოეწყობა  ბორდიურები, გაკეთდება ახალი კანალიზაცია და სანიაღვრე ჭები“- გვეუბნება კომპანია „ლიტომის“ სამუშაოთა მწარმოებელი ბადრი ქართველიშვილი.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოები 2016 წლის მარტის დასაწყისში უნდა დასრულდეს.

„ბულვარის სხვა რომელიმე ნაწილში კიდევ დაიწყება თუ არა სამუშაოები ვერ გეტყვით, რადგან ჩვენ მხოლოდ ამ ნაწილზე გვაქვს ტენდერი მოგებული“-გვეუბნება ის.

ბულვარის ახალი კონცეფცია მიმდინარე წელს დამტკიცდა.

DSCN6368

DSCN6367

DSCN6362

DSCN6343

 

Exit mobile version