სიახლეები

ბათუმის საახალწლო საგზურები თბილისსა და სხვა ქალაქებში გათამაშდება

21.12.2015 • 1384
ბათუმის საახალწლო საგზურები თბილისსა და სხვა ქალაქებში გათამაშდება

საახალწლოდ ბათუმში ტურისტების მოსაზიდად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საქართველოს ქალაქებში სარეკლამო კამპანიას მართავს. სარეკლამო აქციების გასამართად, რომელიც ფლაერების დაბეჭვა-გავრცელებას და სხვა აქტივობებსაც მოიცავს, 163 855 ლარი დაიხარჯება.

დეპარტამენტის ცნობით, 19-დან 24 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის უბნებში იწყება მსვლელობა ბრენდირებული ავტობუსით, რომელიც გამვლელების ყურადღებას მუსიკით მიიქცევს. ავტობუსიდან „საქართველოს ხმა 2015“-ის მონაწილე ბათუმელი ალექსანდრე ზედანია მოსახლეობას მოუწოდებს არ გამოტოვონ გრანდიოზული საახალწლო ღონისძიებები ბათუმში. ავტობუსი პერიოდულად გაჩერდება ხალხმრავალ ადგილებში, სადაც პრომოუტერი გოგონები საახალწლო ღონისძიებების ამსახველ სარეკლამო ფლაერებს დაარიგებენ. აქცია დასრულდება სპეციალური შეჯიბრებით, რომელიც წინასწარ შერჩეულ ადგილას გაიმართება. შეჯიბრებისას გამოვლინდება გამარჯვებული, რომელსაც საჩუქრად 31 დეკემბრისა და 1 იანვარის ღამის 2 კაციანი საგზური გადაეცემა ბათუმში. საგზური ბათუმში გამომგზავრებასა და ღამისთევას ითვალისწინებს.

დეპარტამენტის ცნობით, გათამაშება თბილისში ყოველ დღე, 24 დეკემბრის ჩათვლით, სხვადასხვა უბანში, ხალხმრავალ ადგილას გაიმართება.

21 დეკემბერი – 19:00 გათამაშება 9 აპრილის ბაღში.
22 დეკემბერი – 19:00 – გათამაშება მრგვალ ბაღში.
23 დეკემბერი – 19:00 – გათამაშება ბუკიას ბაღში.
24 დეკემბერი- 19:00 – გათამაშება ჭონქაძის ქუჩაზე, ვილნიუსის სკვერში.

თბილისის პარალელურად სარეკლამო აქციები ზუგდიდში, ქუთაისსა და თელავში გაიმართება. აქციის დროს ქუთაისის ცენტრალურ უბნებში მოეწყობა მსვლელობა, რომლის დროსაც გავრცელდება სარეკლამო ფლაერები აჭარაში საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. აქციები რეგიონებშიც გათამაშებით დასრულდება. ყველა გათამაშებაზე ერთი ბათუმის საგზური გათამაშდება. რეგიონებში სარეკლამო აქციები 22 დეკემბერს დაიწყება და 25 დეკემბერს დასრულდება.

ზუგდიდი, 22 დეკემბერი – 19:00 გათამაშება ცენტრალურ ბაღში.

ქუთაისი, 23-24 დეკემბერი – 19:00 გათამაშება ცენტრალურ ბაღში (ქუთაისის ბულვარი).

თელავი, 25 დეკემბერი – 19:00 გათამაშება ერეკლეს ძეგლის მიმდებარე სკვერში.

წელს ბათუმის მერიამ ქალაქის მოსართავად ახალი საახალწლო აქსესუარები შეიძინა, რომლის შეძენისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 419 999,96 ლარი გამოიყო.

ახალი წლის დღეებში, ევროპის მოედანზე ევროპული ტიპის საშობაო გამოფენა-ბაზრობა მოეწყობა. საახალწლო ნაძვის ხესთან არსებულ სცენაზე ცოცხალი შესრულებით უფასო კონცერტებს ჩაატარებს მუსიკალური ჯგუფი მგზავრები, ბათუმის ჯაზ-ბიგ-ბენდი, გუფი ლენდი, სოფო ხალვაში და სხვა ცნობილი შემსრულებლები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: