კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

გაზსადენი მაღალმთიან აჭარაში 2017 წლის შემდეგ

22.12.2015 • 2646
გაზსადენი მაღალმთიან აჭარაში 2017 წლის შემდეგ

აჭარის მთავრობა არ აპირებს დააფინანსოს გაზსადენის მშენებლობა მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით, შესაბამისად, უარს ამბობს ამ მიზნით სპეციალური მრავალწლიანი პროგრამის შემუშავებაზეც.

აჭარის მთავრობა აცხადებს, რომ ამ საკითხზე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მუშაობს: „არსებული გაზსადენი ვერ უზრუნველყოფს საჭირო სიმძლავრით გაზის მიწოდებას. შესაბამისად ნავთობისა და გაზის კორპორაცია მუშაობს ახალი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის საკითხზე, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება უზრუნველყოფილი იქნეს აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები გაზით.“

აღმოსავლეთ-დასავლეთის (EWGP) მაგისტრალური გაზსადენის საპროექტო და სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები კორპორაციას დაწყებული აქვს და მის დასრულებას 2017 წლისთვის გეგმავს. მაგისტრალური გაზსადენის სრული რეაბილიტაციისთვის რამდენიმე პროექტია განსახორციელებელი.

„პროექტების რეალიზაცია ხელს შეუწყობს შიდა ქართლისა და დასავლეთ საქართველოს რეგიონების მოსახლეობისა და საწარმოთა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და შავიზღვისპირა რეკრეაცული ზონის გარანტირებული გაზმომარაგების გაზრდას,“ – აცხადებენ კორპორაციაში.

ზემოაღნიშნული სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი პროექტის განხორციელებაც: „მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის (აჭარის) განშტოება 500მმ დიამეტრის 60კმ-იანი მონაკვეთი“.

კორპორაციის ინფორმაციით: „ჩატარებული წინასწარი კვლევების შედეგების ანალიზის საფუძველზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახალი მარშრუტის გამოყენებით ქობულეთის განშტოების ეტაპობრივი რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის შესახებ. იგეგმება ძირითადი სამშენებლო მასალების შესყიდვა და 2016 წელს დაახლოებით 30კმ-მდე სიგრძის საწყისი მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარება, მათ შორის მდინარე რიონზე არსებული საჰაერო გადასასვლელის აღდგენაც. ტრასის მეორე ნაწილის მშენებლობა 2017 წელსაა დაგეგმილი“.

მომავალი წლის ბიუჯეტიდან გაზსადენის მშენებლობის  დაფინანსება აჭარის მთავრობას უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ“ შესთავაზა.

აჭარის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ფრაქციის შენიშვნა: „ჩვენ ვთავაზობთ ხელისუფლებას, მიიღოს პრინციპული გადაწყვეტილება და დააფინანსოს მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა… პირველ ეტაპზე, თუნდაც ქედის მიმართულებით დაახლოებით 2 მლნ ლარამდე თანხის გამოყოფა გახდება საჭირო. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება ხულოს ტურისტულ ზონამდე გაზსადენის მიყვანა. ფაქტია, რომ აღნიშნული საკითხით ამ დრომდე კომერციულ სექტორს ინტერესი არ გამოუხატავს, ამიტომ დროა ეს ფუნქცია მთავრობამ თავის თავზე აიღოს“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: