მთავარი,სიახლეები

2016 – პრემიების წელი ბათუმის მერიაში

21.12.2015
2016 – პრემიების წელი ბათუმის მერიაში

ბათუმის მერიამ საკრებულოს შენიშვნების გათვალისწინებით 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი დააკორექტირა და საკრებულოს დაუბრუნა განსახილველად. შეცვლილი ბიუჯეტი სამი მილიონი ლარითაა გაზრდილი. მერიამ შენიშვნების ნაწილი გაითვალისწინა, იმ ნაწილზე კი, რომელიც არ გაითვალისწინა, საკრებულოს განმარტებები გადაუგზავნა.

პრიორიტეტები

ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი; ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება – ეს სფეროები ბათუმის მერიამ 2016-2019 წლების პრიორიტეტებად გამოაცხადა.
მერიის ფინანსისტების ინფორმაციით, ბათუმის პრიორიტეტების განსაზღვრისას მთავარი მიზანი  „ქალაქის ეკონომიკური განვითარების ტემპის შენარჩუნება, ბიუჯეტიდან გასაწევი ხარჯების ეფექტიანობის გაზრდა, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაა“.
ბიუჯეტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა მერიამ საქართველოს მთავრობისა და აჭარის მთავრობის წევრებთან ერთად ბათუმში არსებული სიტუაციის ანალიზის გათვალისწინებით ჩამოაყალიბა.
ინფრასტრუქტურული მშენებლობისთვის მომავალ წელს მერია 74 მილიონზე მეტ ლარს დახარჯავს. [იხილეთ დიაგრამა]

რჩება თუ არა ქალაქი ისევ
„გენგეგმის“ გარეშე

ბათუმის გენერალური განაშენიანების გეგმაზე მუშაობის დაწყება და მისი მომზადება ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას ეს საკითხი დაფინანსებულ პროექტებს შორის არ მოხვდა, რის გამოც მერიამ შენიშვნები როგორც საკრებულოს ოპოზიციისგან, ასევე არასამთავრობო სექტორისგან მიიღო. მერი ამბობდა, რომ გენგეგმის მოსამზადებლად საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსების მოპოვებას გეგმავდა. სინამდვილეში ამ დრომდე ამ მხვრივ არაფერი გაკეთებულა – 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტში ბათუმის გენგეგმაზე მუშაობის დასაწყებად ერთი თეთრიც არ იყო გათვალისწინებული. გენგეგმის დაფინანსების არარსებობა ბიუჯეტში `თავისუფალმა დემოკრატებმა~ შენიშვნების ჩამონათვალში პირველ ნომრად ჩაწერეს. ფრაქცია რესპუბლიკელები კი აცხადებდნენ, რომ გენგეგმის პროექტის დაფინანსების გარეშე ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერდნენ, იგივე პოზიცია ჰქონდათ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც. კორექტირებულ ბიუჯეტში მერიამ ბათუმის განვითარების გენერალური გეგმის დოკუმენტის შესამუშავებლად ტექნიკური პირობების მომზადებისთვის 50000 ლარი გაითვალისწინა.

უარი მუნიციპალურ აუზს, ტბელის სახელობის პლანეტარიუმსა და სხვა იდეებს

საკრებულოს ოპოზიცია მუნიციპალური აუზის მშენებლობის დაფინანსებას ითხოვდა. მერიამ ეს შენიშვნა კორექტირებულ ბიუჯეტში არ გაითვალისწინა. „გამომდინარე იქიდან, რომ 2016 წელს მერიის მიერ პრიორიტეტად განსაზღვრულია ე.წ. „ჭაობის“ ქუჩების სამშენებლო-სარეაბილიტაციო, სანიაღვრე და საკანალიზაციო არხების სამშენებლო-სარეაბილიტაციო, გზების, ქუჩებისა და ტროტუარების, ასევე საბავშვო ბაღების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რემონტის სამუშაოები, ბათუმში მუნიციპალური საცურაო აუზის მშენებლობა მიმდინარე ეტაპზე არ გაითვალისწინება. ფინანსური რესურსების მობილიზების შემთხვევაში წლის განმავლობაში მოხდება მუნიციპალური საცურაო აუზის მშენებლობის სამუშაოების დაფინანსება“, – ნათქვამია დოკუმენტში. იმავე მიზეზით უთხრა უარი მერიამ ოპოზიციას ბათუმში ტბელ აბუსერიძის სახელობის პლანეტარიუმის დაარსებაზეც.
შენიშვნებისა და თხოვნის მიუხედავად მერიამ პროექტში არც მუნიციპალური ტუალეტისა და მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობის დაფინანსება გაითვალისწინა. მერიამ უარი თქვა საზოგადოებრივი ინტერესების კვლევის დაფინანსებაზეც. „საზოგადოებრივი ინტერესების კვლევა ახალგაზრდული ცენტრის ფარგლებში გათვალისწინებული ინიციატივების დაფინანსების დროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ოპოზიციის იდეა იყო ასევე საზაფხულო საბავშვო ბაღების დაფინანსება სოციალურად დაუცველებისთვის. მერიამ ამაზე უარი წერილობით ასე ჩამოაყალიბა: „ამ საკითხის ბიუჯეტში გათვალისწინება ვერ მოხდება, რადგან საჭიროა დაზუსტდეს ბენეფიციართა რაოდენობა, რომლებზეც შესაძლებელია გავრცელდეს საზაფხულო ბაღებით მომსახურება. ა(ა)იპ „ქ. ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ მიერ მოხდება საკითხის შესწავლა და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“.

ხელფასები და პრემიები

შრომის ანაზღაურების ნაწილში მომავალი წლისთვის მერიამ გასულ წელთან შედარებით ორი მილიონი ლარით მეტი – 20 მილიონი ლარი გაითვალისწინა. განმარტებებში, რომელიც მერიამ საკრებულოს გადაუგზავნა, ნათქვამია, რომ 2016 წელს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებში (მერია, საკრებულო) შრომის ანაზღაურების პრინციპი არ იცვლება, ცვლილებები შეეხო მხოლოდ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს (შპს, ა(ა)იპ), სადაც ინფრასტრუქტურულ ორგანიზაციებში გათვალისწინებულია კვარტალში 100%-იანი საპრემიო ფონდები, დანარჩენ ორგანიზაციებში 1-3 კვარტალის განმავლობაში დაგეგმილია 75%-იანი საპრემიო ფონდები, მე-4 კვარტალში კი – 100 %-იანი.
გარდა ამისა, მერიამ ახალი აიპი შექმნა, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურის სამუშაოებს უზრუნველყოფს. ეს, სავარაუდოდ, შტატების გაზრდასაც გამოიწვევს.

როგორ დახარჯავს ფულს ბათუმის მერია 2016 წელს

meria

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: