კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ვინ და როგორ განკარგავს ბულვარის ქონებას

20.12.2015 • 2200
ვინ და როგორ განკარგავს ბულვარის ქონებას

ბათუმის ბულვარის მართვას სულ ცოტა 2019 წლამდე კვლავ აჭარის მთავრობა გეგმავს. შესაბამისად, თვითმმართველობისთვის ბულვარის დაბრუნების საკითხი, ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილების მიუხედავად, მთავრობაში არ განიხილება. ფაქტობრივად, ღია რჩება ბათუმის ბულვარში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების განკვარგვასთან დაკავშირებული საკითხებიც. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბულვარის განვითარების კონცეფციის საბოლოო ვერსიის წარმოდგენის შემდგომ, ბათუმის ბულვარში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების განკვარგვასთან დაკავშირებული საკითხები შესათანხმებელი იქნება როგორც აჭარის მთავრობასთან, ასევე ქალაქის თვითმმართველობასთან

„გამომდინარე იქედან, რომ ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს მუშაობა ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციაზე, ბულვარის თვითმმართველობისთვის უკან დაბრუნება არამართებულად მიგვაჩნია. სსიპ „ბათუმის ბულვარის“ 2016-2019 წლის განმავლობაში დაგეგმილი აქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც პირდაპირ კავშირში იქნება დაგეგმარების კონცეფციასთან. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბულვარის განვითარების კონცეფციის საბოლოო ვერსიის წარმოდგენის შემდგომ, როგორც აჭარის მთავრობასთან, ასევე ქალაქის თვითმმართველობასთან შესათანხმებელი იქნება ბათუმის ბულვარში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების განკვარგვასთან დაკავშირებული საკითხები,“ – აცხადებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.

„მიგვაჩნია, რომ ბულვარი ქალაქს უნდა დაუბრუნდეს. შესაბამისად, მისი დაფინანსებისათვის საჭირო თანხაც თვითმმართველობის ბიუჯეტში უნდა იყოს გათვალისწინებული,“ – აღნიშნულია „ნაციონალური მოძრაობის“ შენიშვნებში აჭარის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით.

უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისია კი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან ნახევარ მილიონამდე ლარის გამოყოფას ბულვარში „მასწავლებლის ხეივნის“ მოწყობისთვის ითხოვდა: „ჩვენს კუთხეში მოღვაწე ამაგდარ პედაგოგ-მასწავლებელთა შრომის ღირსეული დაფასებისათვის, სასურველია ბათუმის ბულვარის ერთ-ერთ ხეივანს ეწოდოს `მასწავლებლის ხეივანი“. ამ მიზნით 2016 წლის ბიუჯეტებში გამოიყოს თანხა 460 ათასი ლარის ფარგლებში“.

„2015 წლის 7 ოქტომბერს სსიპ „ბათუმის ბულვარსა“ და შპს `სასტუმრო სანატორიუმ ოაზის“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად საბოლოო ვერსია ბათუმის ბულვარის ტოპოგრაფიული გეგმისა და ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციისა წარმოდგენილი უნდა იქნეს 2016 წლის 15 მაისამდე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ეტაპისათვის, როცა ჩვენთვის ცნობილი არ არის ბულვარის განვითარების კონცეფციის საბოლოო სახე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია 2016 წლის ბიუჯეტში გამოიყოს თანხა 460 ათასი ლარის ფარგლებში იმისათვის, რომ ბათუმის ბულვარის ერთ-ერთ ხეივანს ეწოდოს „მასწავლებლის ხეივანი“. განვითარების კონცეფციის წარმოდგენის შემდგომ, თვითმმართველობასთან თანამშრომლობით შესაძლებელია, აღნიშნული საკითხის განხილვა,“ – აცხადებს აჭარის მთავრობა.

ბათუმის ბულვარი მართვაში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2009 წელს გადაეცა. ბათუმის მერიამ მოახდინა აიპი „ბათუმის ბულვარის“ ლიკვიდაცია. ამ პროცესის პარალელურად კი აჭარის მთავრობამ შექმნა სსიპ „ბათუმის ბულვარი“, რომელსაც თვითმმართველი ქალაქის საკუთრებაში არსებული ქონება – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბათუმის ბულვარი, მართვაში უზურფრუქტის წესით გადაეცა.

უზურფრუქტის წესი ნიშნავს, რომ ქონება რჩება მესაკუთრეს, ხოლო მართვაში გადაეცემა იმ ორგანოს, რომელთანაც მესაკუთრე ხელშეკრულებას აფორმებს.

უზურფრუქტის წესით მართვაში ქონების გადაცემა შეიძლება იყოს ვადიანი ან უვადო. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმის ბულვარის გადაცემის შემთხვევაში ვადები ხელშეკრულებაში დაფიქსირებული არ ყოფილა.

ბათუმის საკრებულომ ბულვარის დაბრუნების საქმის წარმოების დაწყების გადაწყვეტილება 2014 წელს მიიღო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: