მთავარი,სიახლეები

იაფი სახლის სავარაუდო კრიტერიუმები – მერიის სამუშაო დოკუმენტი

22.12.2015 • 2349
იაფი სახლის სავარაუდო კრიტერიუმები – მერიის სამუშაო დოკუმენტი

ბათუმის მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურმა ე.წ. იაფი სახლის კრიტერიუმების შემუშავების მიზნით შექმნილ კომისიას სამუშაო დოკუმენტი წარუდგინა. კომისიის თავმჯდომარემ დოკუმენტი კომისიის წევრებს უკვე გადაუგზავნა და ახლა მათგან შენიშვნებს ელოდება. დოკუმენტზე სამსჯელოდ კომისია 15 იანვრის შემდეგ შეიკრიბება.

სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, პროგრამის  ბენეფიციარი უნდა იყოს პირი, რომელსაც ჰყავს პროგრამით განსაზღვრული ოჯახის წევრები და აკმაყოფილებს პროგრამით სარგებლობის აუცილებელ კრიტერიუმებს ან პროგრამით განსაზღვრული ოჯახი, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამით სარგებლობის აუცილებელ პირობებს;

პრეტენდენტის მიერ ქირით ცხოვრების შემთხვევაში პროგრამით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, მოიჯარესა და მეიჯარეს შორის  გაფორმებული და შესაბამისი წესით რეგისტრირებული საიჯარო ხელშეკრულება. ხელშეკრულების არქონის შემთხვევაში ამხანაგობის თავმჯდომარის, გამგეობის და უბნის რწმუნებულის მიერ შესაბამისი წესით დამოწმებული ცნობა ქირით ცხოვრების შესახებ, პროგრამით სარგებლობისთვის განაცხადის გაკეთების მომენტში, სულ მცირე, ბოლო ერთი წლის მანძილზე; სხვა თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება პრეტენდენტს, რომელიც წარადგენს ხელშეკრულებას.

აღნიშნული პროგრამის მიზნებისათვის ოჯახის წევრებში იგულისხმება თვითონ პირი, მისი მეუღლე და მშობლებთან მუდმივად მცხოვრები შვილი ან შვილები,  რომლებსაც არ გააჩნიათ საკუთრებაში უძრავი ქონება; პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს უბნის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის წევრების შემადგენლობის შესახებ.

პოტენციური ბენეფიციარი ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე დაბადებიდან ან მოქალაქეობა მიღებული უნდა ჰქონდეს პროგრამით სარგებლობისათვის განაცხადის წარდგენის მომენტისათვის მინიმუმ 20 წლით ადრე ;

ბენეფიციარს ან მისი ოჯახის ერთ წევრს მაინც უნდა ჰქონდეს ბათუმში რეგისტრაცია პროგრამით სარგებლობისათვის განაცხადის გაკეთების მომენტისათვის სულ მცირე უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში (სხვა თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება იმ პრეტენდენტს, რომელიც უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო რეგისტრირებული  ბათუმის ტერიტორიაზე), ხოლო ოჯახის დანარჩენ სრულწლოვან წევრებს მინიმუმ ბოლო 2 წლის განმავლობაში;

ბენეფიციარს უნდა გააჩნდეს შემოსავლის სტაბილური წყარო განაცხადის გაკეთების მომენტიდან მინიმუმ ბოლო 2 წლის მანძილზე; ამ შემთხვევაში თანხა დაკონკრეტებული არ არის.

ბენეფიციარს ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს, კერძო საკუთრებაში არ უნდა გააჩნდეს უძრავი ქონება ბოლო 5 წლის განმავლობაში; სხვა თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება თითოეულ დამატებით წელს.

ბენეფიციარი ოჯახის შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს პროგრამით სარგებლობისათვის დადგენილ შემოსავლის მაქსიმუმს (თანხა განსაზღვრული არ არის) და არ უნდა იყოს დადგენილ მინიმუმზე ნაკლები. პროგრამით სარგებლობისათვის დადგენილი მინიმუმი შეიძლება განისაზღვროს, როგორც პროგრამით სარგებლობის პერიოდში ყოველთვიური შენატანის მინიმუმ სამმაგი ოდენობა.

ოჯახის მთლიანი შემოსავლების განსაზღვრისათვის გაითვალისწინებენ ოჯახის ყველა იმ წევრის შემოსავალს, რომელთა ასაკი შეადგენს ან აღემატება 18 წელს.

ბენეფიციარი ოჯახის წევრებთან ერთად მუდმივად უნდა ცხოვრობდეს გრძელვადიანი გამოსყიდვის უფლებით გადაცემულ ბინაში. ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ სამი უწყვეტი თვის პერიოდით საცხოვრებლის დატოვების შემთხვევაში აღნიშნული გარემოების შესახებ უნდა ეცნობოს ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურს წერილობით, რომელშიც დეტალურად იქნება განმარტებული დროებით საცხოვრისის დატოვების მიზეზი. ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია მიღებული განმარტების დასაბუთების მიზნით.

უპირატესობის მინიჭება ბენეფიციართა შერჩევის პროცესში

იმ პოტენციურ ბენეფიციართა შორის, რომლებიც დააკმაყოფილებენ პროგრამით სარგებლობის აუცილებელ კრიტერიუმებს, სხვა თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭებათ შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარებს თანაბარი უპირატესობით:

ახალდაქორწინებული წყვილი (განაცხადის წარდგენის მომენტისათვის ქორწინებიდან გასული არ უნდა იყოს 1 წელზე მეტი და 2 თვეზე ნაკლები დრო).

მრავალშვილიანი ოჯახი – 5 და მეტი შვილი: (ამასთან, უპირატესობის მინიჭების დროს გათვალისწინებული იქნება შვილების რაოდენობა . მე-7 შვილის გაჩენის შემთხვევაში, თუკი ოჯახი მიიღებს ბინას საკუთრებაში, მათ უნდა დატოვონ პროგრამის ფარგლებში გადაცემული საცხოვრებელი ფართობი და მათ მიერ გადახდილი თანხები ჩაითვლება ბინით სარგებლობის ქირად).

მარტოხელა ან მარჩენალდაკარგული დედა ან მამა, რომელთა კმაყოფაზეც ცხოვრობენ შვილები: (განქორწინების შემთხვევაში უნდა წარმოადგინოს განქორწინების მოწმობა, რომელიც მიღებული უნდა ჰქონდეს პროგრამაში მონაწილეობამდე მინიმუმ 3 წლით ადრე).

ოჯახი, რომელშიც ერთ-ერთი წევრი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი: (ამ შემთხვევაში ბინების განაწილებისას ბენეფიციარს გადაეცემა ბინა პირველ სართულზე).

გარდა  აღნიშნულისა,  ბენეფიციართა  შერჩევის  სპეციალური  კომისია  ბენეფიციართა  შერჩევის პროცესში იხელმძღვანელებს შემდეგი დამატებითი კრიტერიუმებით: საგადასახადო და საბანკო დავალიანების არსებობა.

სხვა თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენჭება იმ ბენეფიციარს, რომელიც ცხოვრობს ქირით, განაცხადის შეტანის მომენტისათვის სულ მცირე 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ამასთან, თითოეულ დამატებით წელს მიენიჭება უპირატესობა.

სხვა თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება იმ ბენეფიციარს, რომლის ოჯახის წევრთა რაოდენობა უფრო მეტია სხვა პოტენციური ბენეფიციარის ოჯახის წევრთა რაოდენობასთან შედარებით.

სხვა თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება იმ ბენეფიციარს, რომელიც ბათუმის ტერიტორიაზე რეგისტრირებულია ბოლო 15 წელზე (პროგრამის აუცილებელი კრიტერიუმებით დადგენილი მინიმუმი) მეტი ხნის განმავლობაში, ამასთან თითოეულ დამტებით წელს ენიჭება უპირატესობა.

პრეტენდენტი, რომელიც ვერ დაადასტურებს შემოსავლის სტაბილურობას, აღმოჩნდება არაუპირატეს მდგომარეობაში სხვა პოტენციურ ბენეფიციართან შედარებით.

ბინის    ქირის   გადაუხდელობის   შემთხვევაში   მერია  განიხილავს რამდენიმე ალტერნატივას:

ბინის ქირის უწყვეტად 3 თვის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში ბენეფიციარს გამოასახლებენ და მის მიერ გადახდილი თანხები უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება.

ბინის ქირის ზედიზედ 3 თვის გადაუხდელობის შემთხვევაში, ბენეფიციარმა მე-4 თვის შესაბამის პერიოდში სრულად უნდა დაფაროს გადაუხდელი 3 თვის დავალიანება.

ბინის ქირის 3 თვეზე ნაკლებ ვადაში სრულად ან ნაწილობრივ გადაუხდელობის შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ჯამი არ უნდა გაუტოლდეს სამი თვის დადგენილი გადასახადის ჯამს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბენეფიციარს გამოასახლებენ და მის მიერ გადახდილი თანხები უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება.

ბენეფიციარს შეუძლია ქ. ბათუმის მერიის თანხმობით, საკუთრებაში გადაცემული ბინა დატვირთოს იპოთეკით მხოლოდ ქ. ბათუმის მერიასთან ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით.

ბინების განაწილების პრინციპი:

ერთოთახიანი ბინა – ერთი და ორსულიანი ოჯახისთვის, არასრულწლოვანი ბავშვი 5 წლამდე; ოროთახიანი ბინა – სამი და ოთხსულიანი ოჯახებისთვის;  სამოთახიანი ბინა – ხუთი და მეტ სულიანი ოჯახისთვის.

იაფი სახლის კრიტერიუმების შემოუშავების მიზნით შექმნილი კომისიის თავმჯდომარის, თამაზ თურმანიის განმარტებით, ეს არის მხოლოდ სამუშაო დოკუმენტი, რომელიც მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურმა შეიმუშავა და კომისიას განსახილველად წარუდგინა.  კომისიის მომზადებული შენიშვნების შემდეგ, დაახლოებით 15 იანვრისთვი,ს კომისია ისევ შეიკრიბება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: