Batumelebi | კანონიერი ქურდის საქმის გაგრძელება საკონსტიტუციო სასამართლოში კანონიერი ქურდის საქმის გაგრძელება საკონსტიტუციო სასამართლოში – Batumelebi
RU | GE  

კანონიერი ქურდის საქმის გაგრძელება საკონსტიტუციო სასამართლოში

პატიმარი ტარიელ ფოცხვერია, რომელიც სასჯელს კანონიერი ქურდობის გამო იხდის, საკონსტიტუციო სასამართლოში ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ბრძანების გაუქმებას და სიცოცხლის ბოლო დღეების ოჯახში გატარებას ითხოვს.

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს, 21 დეკემბერს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწვეული ექსპერტი, ონკოლოგი რეზო გაგუა დაიკითხა. ექიმი მოსამართლეებისა და მხარეების შეკითხვებს თითქმის ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა.

სასამართლო პროცესზე მოსარჩელე მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვამდე, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ ექსპერტს შეეფასებინა თუ, რამდენად რელევანტურია მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები განსახილველ საქმეთან, ამიტომაც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა და მხარეებმა სასამართლოს დარბაზში, ექიმ ონკოლოგთან ერთად ნახეს ის ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც მსჯავრდებულ ტარიელ ფოცხვერიას  ჯანმრთელობის  მდგომარეობას ასახავდა და რომელიც მათი შუამდგომლობით საქმეს უნდა დართვოდა.

ვიდეო, რომელშიც ჩანს მსჯავრდებულის ხორხში გადაღებული კადრები – კერძოდ, თუ როგორ შეჰყავთ მის ორგანიზმში აპარატურა, რომელიც ამ შემთხევვაში მსჯავრდებულის ხორხისა და ფილტვის არეში მოძრაობდა, მოსამართლეებმა რამდენიმე წუთიან ვიდეოფაილად  საქმეს დაურთეს, რადგან ექსპერტის თქმით,  ეს კადრები საქმესთან შემხებლობაში და რელევანტურია.

საკონსტიტუციო სასამართლო

 

ამ კადრების ყურების დროს, ექიმმა, ამ შემთხვევაში სასამართლოზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწვეულმა  ექსპერტმა რეზო გაგუამ განაცხადა, რომ მინისტრის ბრძანების შემთხვევაშიც კი ასეთი დიაგნოზის მქონე პაციენტისთვის ჰისტოლოგურ კვლევას ვერ ჩაატარებს, რადგან ეს პაციენტის სიცოცხლისთვის სახიფათოა.  მან სასამართლოში დაადასტურა იმ მოწმეებისა და ექმიმების ჩვენება, რომლებიც ამბობენ, რომ ფოცხვერიას სიმსივნე აქვს და ჰისტოლოგიური კვლევა სიცოცხლისთვის საშიშია.

ონკოლოგი რეზო გაგუა

პატიმარი, რომელიც სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის, ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ, სამოქალაქო კლინიკაშია მოთავსებული. მისი ადვოკატების ინფორმაციით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მგდომარეობა ყოველ დღე უფრო მძიმდება.

სადავო ნორმა, რომელსაც პატიმარი საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს, ჰისტოლოგიური კვლევის ჩატარების მოთხოვნაა. სპეციალისტების განმარტებით, ჰისტოლოგიური კვლევისთვის ბიოლოგიური მასალის – ორგანოების ნაწილის აღება შეიძლება ოპერაციის გზით, თუმცა სპეციალისტები რომლებიც სასამართლოში მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა, ამბობენ, რომ ფოცხვერიას სიცოცხლისთვის ჰისტოლოგიური კვლევის ჩატარება სახიფათოა, რადგან ის შესაძლოა ფატალურად დასრულდეს.

ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო ავადმყოფის სასჯელისგან გათავისუფლებისთვის გადამწყვეტი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაა. დავით სერგეენკოს ბრძანების თანახმად, პაციენტის დიაგნოზი დადასტურებული უნდა იყოს ჰისტომორფოლოგიურად. მოსარჩელე მხარეს მიაჩნია, რომ სადავო ნორმაში არსებული ტერმინი –  „დადასტურებული ჰისტომორფოლოგიურად“ დისკრიმინაციულია იმ პატიმრების მიმართ, ვისთვისაც ოპერაციის გაკეთება იმიტომ არის შეუძლებელი, რომ ის დაიღუპება.

55 წლის ტარიელ ფოცხვერია პატიმრობიდან 2013 წელს გათავისუფლდა. გათავისუფლებიდან 6 დღის შემდეგ, ფოცხვერია, რომელიც საავადმყოფოში იმყოფებოდა, ისევ დააკავეს.

ამ ეტაპზე სასამართლოში მოწმეებისა და ექსპერტების დაკითხვა დასრულდა. მხარეებს დასაკით პირთა სიაში ჯერ არავინ ჰყავთ. ჯერჯერობით უცნობია დაკითხავს თუ არა ვინმეს სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლო ახლა იმაზე მსჯელობს, მიიღოს თუ არა ტარიელ ფოცხვერიას საქმე განსახილველად. თუ საქმეს წარმოებაში მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ამის შემდეგ დაიწყება მსჯელობა იმაზე, რამდენად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი