Batumelebi | 2016 წლიდან საბავშვო ბაღების რეფორმა იწყება 2016 წლიდან საბავშვო ბაღების რეფორმა იწყება – Batumelebi
RU | GE  

2016 წლიდან საბავშვო ბაღების რეფორმა იწყება

„ყველა საბავშვო ბაღი სტანდარტიზაციას  დაექვემდებარება“ – ამ თემაზე მიმდინარეობდა 22 დეკემბერს ბათუმში, სასტუმრო  „რადისონ ბლუში“ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის“ პრეზენტაცია. ახალი კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში საბავშვო ბაღი ყველა ბავშვისთვის უფასო და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. საბავშვო ბაღების რეფორმა 2020 წლამდე უნდა განხორციელდეს.

„ჩვენ ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას ბავშვებისთვის. ახალი რეფორმით სახელმწიფო მათ სთავაზობს მიიღონ უფასო, ერთიანი საგანმანათლებლო ანუ სკოლამდელი მომზადების პროგრამა, მიიღონ საუკეთესო პირობები, რომელიც არა მარტო უფასო საგანმანათლებლო კომპონენტს გულისხმობს, არამედ მაღალი ხარისხის სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს, მაღალი ხარისხის კვებას, ინფრასტრუქტურას და ტექნიკურ აღჭურვილობას. ყველა ეს პირობა იქნება ევროპული, საერთაშორისო სტანდარტის“, -განაცხადა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ.

მისი განცხადებით, ხუთი წლის განმავლობაში ყველა არსებული კერძო თუ საჯარო ბაღი დაექვემდებარება ერთიან აუცილებელ სტანდარტს, რასაც სახელმწიფო კანონით სთავაზობს.

როგორც კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, საბავშვო ბაღებში დაცული იქნება უსაფრთხო გარემო.

ეკა ბესელიას განცხადებით, ვინაიდან 2016 წლის ბიუჯეტი უკვე გაწერილია, რეფორმის განსახორციელებელად საჭირო თანხა 2017 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.

„ბიუჯეტის დაგეგმვის დროს ფინანსებს გაითვალისწინებენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობები, ასევე რამდენიმე შესაბამისი რელევანტური სამინისტრო და ის ახალი ბაღები, რომლებიც აშენდება, ყველა იქნება ახალი სტანდარტით, ხოლო უკვე არსებულ ბაღებში, ახალ სტანდარტებამდე მისასვლელად, 2020 წლამდე, ეტაპობრივად მოეწყობა ინფრასტრუქტურა“.

ეკა ბესელიას თქმით, თბილისში ახალი სტანდარტების შესაბამისი 36 ბაღის აშენება არის საჭირო, თვითმმართველობებიც საჭიროების მიხედვით გადაწყვეტენ, რამდენი ახალი ბაღი აშენდება რეფორმის ფარგლებში.

ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის თქმით, ბათუმში  მინიმუმ სამზე მეტი ახალი საბავშო ბაღის აშენებაა აუცილებელი. ამ დროისთვის საბავშვო ბაღების გარეშე ბათუმში 800-ზე მეტი აღსაზრდელია დარჩენილი.

ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა, როგორც კონფერენციაზე განაცხადეს, მინიმუმ ერთი მილიონი ლარი ჯდება.

კანონპროექტის პრეზენტაციაზე საუბარი იყო უკვე არსებული ბაღებზე, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ რეფორმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

„არის ისეთი ბაღები, რომლებიც მაღლივ კორპუსებშია განთავსებული. როგორ შეძლებენ ისინი სტანდარტის დაკმაყოფილებას, ამაზე იქნება სამსჯელო.  გარდა ამისა, საბავშვო ბაღებში პროფესიონალი კადრების დეფიციტია, რეფორმა კადრებსაც უნდა შეეხოს“, – განაცხადა ბათუმის მერმა. მან კერძო ბაღების ვაუჩერიზაციის საკითხიც დააყენა.

სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის პროექტის შემუშავებს ხელს უწყობს გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF). მისი ხელმძღვანელის საშა გრაუმანის თქმით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში რეფორმა აუცილებელია, რადგან დღეს ბავშვებს არსებული საბავშო ბაღები ვერ აწვდიან ხარისხიან სერვისს:

„ძალიან დროულია ამ კანონის მიღება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც კანონში გათვალისწინებულია, არის დეცენტრალიზებული სისტემა. ეს კანონი  დაგეხმარებათ იმაში, რომ ნებისმიერ ქალაქში თუ სოფელში სკოლამდელი განათლების მაღალი სტანდარტები იქნება დანერგილი. გარდა ამისა, კანონი წარმოგვიდგენს ძალიან კონკრეტულ სისტემას სკოლამდელი აღმზრდელების პროფესიული განვითარების მიმართულებით“.

კანონპროექტის განხილვის პირველ ეტაპს  ეწრებოდნენ საბავშვო ბაღების წარმომადგენლები, აჭარის განათლებისა და ეკონომიკის მინისტრები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com