მთავარი,სიახლეები

სესხი, აჭარის ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით, 163 მეწარმეზეა გასაცემი

20.12.2015 • 1893
სესხი, აჭარის ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით, 163 მეწარმეზეა გასაცემი

აჭარაში „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სესხის სახით შესაძლებელია გაიცეს 4 598 200 ლარი, რაც  აჭარის მთავრობის განცხადებით, „საქართველოს ბანკთან“ მიმდინარე მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციართა შემდგენი კომისია 2014 წლის მაისში შეიქმნა, რომელმაც მოქალაქეების განცხადებების საფუძველზე მოამზადა 188 ბენეფიციარისაგან [რომელთაც გააჩნდათ მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესი] შემდგარი მსესხებელთა რეესტრი.

აღნიშნული რეესტრი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2014 წლის ივლისში გადაეგზავნა „ლიბერთი ბანკს“, განხილვისა და შემდგომში სესხის გაცემის მიზნით. ამ ეტაპისათვის ბანკის მიერ გაცემულ იქნა სესხი მხოლოდ 25 ბენეფიციარზე – 1 401 800 ლარი.

დღეს კი, აჭარის მთავრობასა და სს „საქართველოს ბანკს“ შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის“ გაგრძელებასთან დაკავშირებით, რათა მოხდეს პროგრამის ფარგლებში დაუკმაყოფილებელ ბენეფიციარებზე [163 ბენეფიციარი] სესხის გაცემა.

მთავრობაში აცხადებენ, რომ პროგრამის ფარგლებში საკრედიტო რესურსი განსაზღვრული იყო 6 მილიონი ლარი: „მიმდინარე ეტაპზე საკრედიტო რესურსი ათვისებულია 1 401 800 ლარი [„ლიბერთი ბანკის“ მიერ გაცემული სესხის ოდენობა], ხოლო ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან შესაბამისად თანადაფინანსებამ 2015 წლის პირველი დეკემბრისათვის შეადგინა 141 778,98 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე პროგრამის ფარგლებში სესხის სახით შესაძლებელია გაიცეს 4 598 200 ლარი“.

აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში  თანადაფინანსების თანხები შემდეგნაირადაა გათვალისწინებული: 2016 წელი – 672 ათასი ლარი; 2017 წელი – 640 ათასი ლარი; 2018 წელი – 553 ათასი ლარი.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცხადებენ, რომ „მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა“ – იგივე ე.წ. „იპოთეკარების“ პროგრამა გრძელდება, თუმცა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ზეპირი განმარტებით, მოსალოდნელი იყო მისი სახეცვლილება, რასაც საბოლოოდ უფრო მეტი ბენეფიციარის  სახეცვლილი პირობებით დაფინანსება უნდა გამოეწვია. 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტში კი მსგავსი არაფერია. ამდენად, „იპოთეკარების“ მიმართ „ქართული ოცნების“ მიერ გაცემული დაპირებები კვლავაც შეუსრულებელი რჩება“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: