სიახლეები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადება

19.12.2015 •
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადება

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი ირაკლი დარცმელიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” უცენზურო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით გამოეხმაურა ევროკომისიის მიერ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოზიტიური ანგარიშის გამოქვეყნებას.

ვფიქრობთ, რომ ამგვარი დამოკიდებულება ქვეყნის ევროპულ არჩევანთან და პერსპექტივასთან დაკავშირებით, კატეგორიულად მიუღებელია საჯარო უწყებაში მომუშავე ყველა პირისგან, განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრისგან, რომელიც ერთი მხრივ, შრომით ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მონაწილეობს მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების განხილვა-დამტკიცებაში.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებში ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ ევროპულ ღირებულებებს, კერძოდ, სამოქალაქო კულტურას, ადამიანის უფლებებსა და პიროვნების თავისუფლებას ეთმობა. გაუგებარია, როგორ გახდა შესაძლებელი ირაკლი დარცმელიძის პერსონალური პოზიციის (რაც სოციალური ქსელით გამოჩნდა) შეჯერება ამ დოკუმენტის მთავარ პრინციპებთან.

ამასთან, “მაუწყებლობის შესახებ” კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (შემდგომ − ნატო) და ევროკავშირში ინტეგრაციის, პოპულარიზაცია. ცხადია, კანონის ეს მოთხოვნა მრჩეველთა საბჭოს წევრის საჯარო გამოსვლებზეც ვრცელდება.

მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრებს იმსჯელონ ირაკლი დარცმელიძის საჯარო განცხადებასთან დაკავშირებით, თავად დარცმელიძემ კი ასევე საჯაროდ განმარტოს საკუთარი პოზიცია და ბოდიში მოიხადოს საზოგადოების წინაშე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: