მთავარი,სიახლეები

სად და რატომ არის ქუჩები ჩაბნელებული

21.12.2015 • 3871
სად და რატომ არის ქუჩები ჩაბნელებული

ბათუმში, ჭაობის დასახლებაში, ლადო ასათიანის ჩიხში, სულ 16 გარეგანათების ბოძი დგას. მათგან ღამის განმავლობაში მხოლოდ ორი ბოძია განათებული. ეს პატარა ჩიხი ყოველთვის კარგად იყო განათებული, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა სურათი თანდათან იცვლება. ქალაქში სხვადასხვა დაზიანებისა თუ, უბრალოდ, ნათურების მოძველების გამო ცუდად განათებული ქუჩების რაოდენობა ბევრ ადამიანს აწუხებს.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ ქუჩებში გარეგანათების გამორთვის მიზეზი, ელექტროენერგიის ცვალებადობასთან ერთად, კერძო კომპანიების უპასუხისმგებლობასაც უკავშირდება. მერიის ინფორმაციით, ქუჩებში კომუნიკაციების გაყვანის დროს კომპანიები ელექტროგადამცემ სისტემას აზიანებენ, ინფორმაციას კი – მალავენ.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის ინფორმაციით, დაზიანებული განათების სისტემების შესახებ მოქალაქეებისგან ყოველდღიურად ბევრი ზარი შედის: `ახლახან დაგვირეკეს ჭავჭავაძის ქუჩიდან, პუშკინის ქუჩიდანაც დარეკეს და სხვა უბნებიდან შემოდის შეტყობინება, რომ განათება დაზიანებულია. ჩვენ ოპერატიულად ვახდენთ რეაგირებას და გავდივართ დაზიანების აღმოსაფხვრელად.“

თენგიზ პეტრიძის თქმით, ღამის განათების ელექტროსისტემის დაზიანების მიზეზი არის როგორც დენის ცვალებადობა, ასევე ქუჩების ხშირი გადათხრა სხვადასხვა მიზეზით.

„იქნება ეს „სოკარი“, „ენერგო-პრო ჯორჯია“ თუ „ბათუმის წყალი“ არსებობს წერილობითი შეთანხმება, რომ გათხრების დროს ერთმანეთის სისტემები არ უნდა დააზიანონ. ამაზე ხელს ჩვენი სამსახურიც აწერს. მიუხედავად ამისა, არის ბევრი შემთხვევა, როცა შეთანხმებას მხარეები არღვევენ. გადათხრიან ქუჩას და ელექტროკაბელების დაზიანების შემთხვევაში საქმის კურსში არ აყენებენ შესაბამის სამსახურებს, მალავენ ფაქტს, კუსტარულად, ტექნიკური ნორმების დაცვის გარეშე აბამენ ამ კაბელებს და ასე დებენ მიწაში. ბუნებრივია, ასეთ მდგომარეობაში კაბელები ზინადება და შემდეგ ხდება ისე, რომ ერთი დაზიანება მთელ ხაზს წვავს“.

თენგიზ პეტრიძის თქმით, ასეთ შემთხვევაში კომპანია დაჯარიმებას ექვემდებარება: „მას მერიის სპეციალურ ანგარიშზე შემოაქვს თანხა, რითაც მოხდება დაზიანებული კაბელების აღდგენა.“

ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ღამის განათების სისტემების დაზიანების ფაქტზე 2015 წელს მხოლოდ ერთი იურიდიული პირი, სახაჭაპურე „რეტრო“ დაჯარიმდა. სამსახურის უფროსის ზაალ მამუჭაძის თქმით, კაბალების დაზიანების გამო ზურაბ გორგილაძის ქუჩა მთლიანად გაითიშა.

„ჩვენ დავაჯარიმეთ სახაჭაპურე, თუმცა მან სასამართლოზე განაცხადა, რომ დაზიანებას თვითონვე აღმოფხვრიდა და სასამართლომ თანხის გადახდა აღარ დააკისრა“.

კანონის მიხედვით, საჯარომო თანხა იურიდიული პირების შემთხვევაში 1000-2000 ლარია, კერძო პირების შემთხვევაში კი – 500 ლარი.

კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თქმით, არის შემთხვევები, როცა დაზიანების კერის დადგენა ვერ ხერხდება: „ერთ ქუჩაზე ლაბორატორიის მიყვანა გახდა საჭირო დაზიანებული კაბელის აღმოსჩენად. თუ ვერ ვიპოვით, იძულებული ვართ მთელი ხაზი გამოცვალოთ“.

ღამის განათებების გათიშვის მიზეზი შეიძლება გახდეს ნათურების საექსპლუატაციო ვადის გასვლაც. ოფიციალური ინფორმაციით, ქალაქში დამონტაჟებული ღამის განათებების დიდი ნაწილი თითქმის რვა წლის წინ დამონტაჟდა.

თვითმმართველობის ბიუჯეტიდან განათების სისტემების ექსპლუატაციისთვის ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი ლარი იხარჯება. წელს განათების სისტემისთვის ერთი მილიონ 49 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. როგორც მერიაში ამბობენ, ამ თანხაში არა მარტო არსებული ელექტრობოძების მოვლა-შენახვა შედის, არამედ ახალი ელექტრობოძების მონტაჟიც.

თენგიზ პეტრიძის ინფორმაციით, ქალაქში გარე განათების 17 ათას 82 წერტი და 342 ელექტროგამანაწილებელი კარადაა დამონტაჟებული. არის როგორც ერთნათურიანი, ასევე ორნათურიანი ელექტრობოძები. „ამ თანხის ფარგლებში შეიღება ორი ათასი ელექტრობოძიც“.

2016 წელს განათების სისტემის ექსპლუატაციისთვის ბიუჯეტში ერთი მილიონ 41 ათასი ლარია გათვალისწინებული. ტენდერი გამოცხადებულია და შედეგები მომავალი წლისთვის იქნება ცნობილი. წელს ტენდერი „აჭარგანათებამ“ მოიგო.

ახალი განათების სისტემების დამონტაჟებაზე წელს 886 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, მომავალ წელს კი 202 ათასი ლარია გათვალისწინებული. თენგიზ პეტრიძის ინფორმაციით, 2016 წელს 13 ქუჩაზე 177 ბოძი უნდა დამონტაჟდეს. 2015 წელს კი 69 ქუჩაზე და მის მონაკვეთებზე დაამონტაჟეს ახალი ელექტრობოძები, ძირითადად, ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიებზე.

კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ქუჩაზე ღამის განათება გაითიშება ან რაიმე სახის დაზიანება დაფიქსირდება, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 595 95 83 81.

     დახაზული და დაუხაზავი ქუჩები

IMG_4744

ქუჩების დახაზვა, ბორდიურებისა და ველობილიკების შეღებვა, მერიის სამსახურის – „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სააგენტოს“ ფუნქციებში შედის.

სამსახურის უფროსის, გიორგი ჩხეიძის ინფორმაციით, ქუჩებს ყოველ ექვს თვეში ერთხელ ხაზავენ. „ბარცხანის ხიდიდან აეროპორტთან მისვლამდე ყველა ქუჩა დახაზულია, თუმცა არსებობს ისეთი ქუჩებიც, რომლებსაც ვერ ვხაზავთ, რადგან არაასფალტირებულია,“ – ამბობს გიორგი ჩხეიძე.
ქალაქში ე.წ. ჭაობის დასახლებაში თითქმის ყველა ქუჩა არაასფალტირებულია, რადგან მიწისქვეშა სამოშაოები არ დასრულებულა.
ქუჩების ხშირი გადათხრის გამო ზიანდება ნიშნულებიც. მძღოლები ამბობენ, რომ წვიმაში თითქმის არ ჩანს ღერძულა ხაზი, რამაც შესაძლოა მოძრაობის წესების დარღვევა გამოიწვიოს.
„ჩვენ საღებავს არ ვაკლებთ, არც ველობილიკებს და არც ქუჩებს, თუმცა, კლიმატიდან გამომდინარე, ხშირი წვიმის გამო საღებავი ადვილად ზიანდება. ის ქუჩები, სადაც ინფრასტრუქტურა მოწესრიგებულია, ყველა დახაზულია. ახლახან დავასრულეთ ხიმშიაშვილის ქუჩის დახაზვა, ჭავაჭავაძის მხოლოდ ნახევარი დავხაზეთ, რადგან აქაც ქუჩის ნაწილი გადათხრილია,“- ამბობს გიორგი ჩხეიძე.
მისივე ინფორმაციით, წელს სამივე ფერის საღებავზე – წითელი ველობილიკებისთვის, შავი ბორდიურებისთვის და თეთრი ქუჩის ხაზებისთვის, – 50 ათასი ლარი დაიხარჯა. რამდენი დაიხარჯება მომავალ წელს ქუჩებისა და ველობილიკების შეღებვა-დახაზვაზე, გიორგი ჩხეიძის თქმით, ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: