კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

ვის უნდა მიმართოთ მცირე ბიზნესის დასაწყებად აჭარაში

20.12.2015 • 3312
ვის უნდა მიმართოთ მცირე ბიზნესის დასაწყებად აჭარაში

როგორ უნდა ჩაერთოთ მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების პროგრამაში და ვის უნდა მიმართო, თუ გსურ ბიზნესი წამოიწყო ან არსებული განავითარო? „ბათუმელები“ დაინტერესდა რა ეტაპზეა მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, რასაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს.

რას ნიშნავს მცირე საწარმო და რა შეღავათებია მისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული? – მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის ინიცირებულ პროგრამას – „აწარმოე საქართველოში“, აცხადებენ, რომ „მცირე საწარმოს თანამშრომელთა რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 20 ადამიანს, ხოლო ბრუნვა – 0,5 მილიონ ლარს. საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულია შეღავათები მიკრო და მცირე მეწარმეებსა და ინდმეწარმეებზე.“

სააგენტოს ინფორმაციით, „პროგრამა ითვალისწინებს კერძო სექტორში მრეწველობის წახალისებას სხვადასხვა ფინანსური და არაფინანსური მექანიზმების საშუალებით. ეს გულისხმობს საბანკო სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას 10%-ის ოდენობით, ხოლო ლიზინგის ობიექტზე 12%-ის ოდენობით და სესხის 50%-მდე გირაოში თანადგომას, როგორც ახალი, ასევე არსებული საწარმოებისთვის. ეს კომპონენტი მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლონ 0, 1, 2 ან მაქსიმუმ 3%-იანი კომერციული სესხით. ხოლო, პროგრამით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული კომპონენტის ფარგლებში დაინტერესებულ მეწარმეს გადაეცემა სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონება 1 ლარად, გარკვეული საინვესტიციო ვალდებულებების სანაცვლოდ“.

სააგენტოში მიიჩნევენ, რომ პროგრამა წარმატებით ხორციელდება და არგუმენტად სტატისტიკა მოჰყავთ: „ერთწლიანი პერიოდში პროგრამას ჰყავს 129 ბენეფიციარი კომპანია, რომელთა მიერ განსახორციელებელი ჯამური ინვესტიციის მოცულობა აღემატება 340 მილიონ ლარს. ისინი 2 წლის განმავლობაში შექმნიან 6700-მდე ახალ სამუშაო ადგილს. პროგრამა ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე. ამას ადასტურებს პროგრამის ფარგლებში კომერციული ბანკიდან აღებული სესხის მოცულობა, რომელიც 2-დან 2,5 მილიონ ლარს შეადგენს“.

სახელმწიფო პროგრამას – „აწარმოე საქართველოში“, წელს დაემატა კიდევ ერთი მიმართულება – მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა.

„პროგრამის ძირითადი დანიშნულებაა წაახალისოს რეგიონებში ახალი ბიზნესების წამოწყება, დანერგოს ინოვაციები და ხელი შეუწყოს უკვე არსებული მცირე და მიკრობიზნესების განვითარებას. პროგრამა ასევე ითვალისწინებს საკონსულტაციო მომსახურებას, ტრენინგ/სემინარებს. 26-თვიანი პროგრამის განმავლობაში ტრენინგი ჩაუტარდება 6000-მდე ადამიანს, დაფინანსდება 3000-მდე ბიზნესიდეა და შეიქმნება 5000-მდე ახალი სამუშაო ადგილი,“ – აცხადებენ სააგენტოში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, პროგრამას დაემატა კიდევ ორი ახალი კომპონენტი: სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობა რეგიონებში გულისხმობს ქვეყანაში საერთაშორისო ბრენდების შემოყვანის მიზნით Franchising-ის გადასახადებში თანამონაწილეობასთან ერთად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების წლიური საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას, უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას და საკონსულტაციო სერვისების თანადაფინანსებას;

მეორე – საქართველოში კინოწარმოების ხელშეწყობის მიმართულება, გულისხმობს საქართველოში კინოინდუსტრიის წახალისებას და განვითარებას.

ვის უნდა მიმართოს აჭარაში მცხოვრებმა ადამიანმა, თუ მას სურს ჩაერთოს მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამაში? – საწარმოთა განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მენეჯერის თეონა ბაბუნაშვილის განმარტებით: „საქართველოს ყველა მოქალაქემ, რომელიც არის 18 წელს მიღწეული და სურს აჭარაში წამოიწყოს ბიზნესი ან არსებული განავითაროს, უნდა მიმართოს შპს „ჯი-ემ-სი-ჯის“, რომლის ბათუმის ოფისი მდებარეობს ქ. ბათუმში, მელაშვილის ქ. N2-ში [ცხელი ხაზი: 16100]. აღნიშნული პროგრამის მეორე ეტაპი დაიწყება 2016 წლის პირველი კვარტალიდან“.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მეორე ეტაპი თებერვლის დასაწყისში იმერეთის რეგიონიდან დაიწყება. სააგენტოში აცხადებენ, რომ მიკრო და მცირე დაფინანსების კომპონენტის ფარგლებში კარდაკარ ინფორმაციის გავრცელების მეთოდსაც მიმართავენ.

რაც შეეხება პროგრამის პირველ ნაწილს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის აჭარაშიც ჩატარდა. „რადგან ეს ინფორმაცია არის პერსონალური და მოითხოვს თანხმობას თითოეული ბენეფიციარისგან, მათ ვინაობას ვერ გავცემთ“, – აცხადებს თეონა ბაბუნაშვილი. – „რაც შეეხება იმას, თუ რამდენს გაუფორმდა ხელშეკრულება, ასეთი ქვეყნის მასშტაბით, 1530 ბენეფიციარია“.

საჭიროა თუ არა რაიმე საკანონმდებლო ცვლილება მცირე საწარმოების განვითარებისთვის? – სააგენტოში აცხადებენ, რომ – არა.

„ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის [DCFTA] ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წელს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა მოემზადებინა.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ეროვნული სტრატეგია დასრულების ეტაპზეა და 2015 წლის ბოლოს შესაძლებელი იქნება მისი გაზიარება [სტრატეგია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის [OECD] მხარდაჭერით მზადდება].

გადაბეჭდვის წესი


ასევე: