სახელმწიფო სამსახური, სადაც ყველა უფროსია

სახელმწიფო ორგანო, სადაც ყველა უფროსი გამოდის, აჭარის უმაღლესი საბჭოა. 21-კაციან საკანონმდებლო ორგანოში ორი დეპუტატის გარდა ყველა თანამდებობაზეა. დეპუტატებს – ეკატერინე თარგამაძესა და მიხეილ მჟავანაძეს თანამდებობა სავარაუდოდ აღარც მოუწევთ, რადგან საბჭომ ამ მხრივ ყველა ლიმიტი ამოწურა. ვაკანტური ამჟამად მხოლოდ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტია. უმაღლეს საბჭოში ფრაქციების შექმნის მაქსიმუმიც შეივსო. კანონის მიხედვით, ერთ ფრაქციაში 3 წევრი მინიმუმ უნდა იყოს. უმაღლეს საბჭოში უკვე 7 ფრაქციაა.

მეშვიდე ფრაქცია – „თანასწორობა“ უმაღლეს საბჭოში რამდენიმე დღის წინ დარეგისტრირდა. „ჩვენი მიზანი იყო ოპოზიციური ფლანგის გაძლიერება“, – ამბობს ფრაქციის თავმჯდომარე ასმათ დიასამიძე. ამ დეპუტატმა მურმან ბერიძესთან ერთად „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი ფრაქციის შექმნის მიზეზით დატოვა. ფრაქციის მესამე წევრი დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე გახდა, რომელიც ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარეა და მისგან თანამდებობის დატოვებას პროტესტის ნიშნად ასმათ დიასამიძე 2014 წელს ითხოვდა. მაშინ მედეა ვასაძე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა.

„ეს პოლიტიკაა, პოლიტიკა“, – ასე პასუხობს ასმათ დიასამიძე დღეს „ბათუმელების“ კითხვას – რატომ არ არის ხელშემშლელი ფაქტორი ფრაქციის შექმნის დროს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ჩაწერილი „საერთო პოლიტიკური შეხედულებების“ მოთხოვნის უგულებელყოფაზე დეპუტატები თანხმდებიან.
უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 34-ე მუხლში წერია: „ფრაქცია არის უმაღლეს საბჭოში საქმიანობის კოორდინაციის მიზნით საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საბჭოს წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება“.

დაახლოებით ერთი წლის წინ ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ანზორ თხილაიშვილი პარტია „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა. ფრაქციაში ორი წევრი დარჩა, რაც აღარაა საკმარისი პირობა მისი არსებობისთვის. „თავისუფალი დემოკრატების“ ორი დეპუტატი – სულხან ღლონტი და თემურ კახიძე, ასევე განსხვავებული ხედვების მქონე, „ოცნებიდან“ წამოსულ დამოუკიდებელ დეპუტატ – ჯემალ ფუტკარაძესთან გაერთიანდნენ და ფრაქციას სახელი შეუცვალეს – „დემოკრატიული აჭარა“.

ამ პროცესებამდე უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობაც“ ორ ფრაქციად გაიშალა და იმავე პარტიის წევრებით დაკომპლექტებულ მეორე ფრაქციას „მაჟორიტარები“ დაარქვეს. ფრაქციების შექმნის შანსი არც „ქართულმა ოცნებამ“ გაუშვა ხელიდან. ეს პოლიტიკური ძალა საბჭოში სამ ფრაქციად არის დანაწილებული.

უმაღლესმა საბჭომ უკვე გამოყო ბიუჯეტი ახალი ფრაქცია – „თანასწორობისთვის“. ერთი ფრაქციის შენახვა ბიუჯეტიდან მინიმუმ 108 ათასი ლარი ჯდება. ამას ემატება ავტომანქანისა და საწვავის ხარჯი, რომელიც თითოეულ ფრაქციას ემსახურება.

17198

დეპუტატები ირწმუნებიან, რომ ფრაქცია ოპოზიციურ ფლანგს გააძლიერებს და დემოკრატიულ პროცესს უწყობს ხელს, თუმცა ისინი ვერ გვისახელებენ, რა კონკრეტული შედეგი მოგვცა ამდენმა ფრაქციამ, ან რა ბერკეტი ჩნდება ოპოზიციის ხელში ფრაქციის შექმნით.

„გუშინ შევქმენით ეს ფრაქცია და გვადროვეთ. ჯერ კონკრეტული ინიციატივა არ გვაქვს, მაგრამ ვიმუშავებთ ადამიანის უფლებების, გენდერის მიმართულებით“, – ამბობს ფრაქციის „თანასწორობის“ ხელმძღვანელი ასმათ დიასამიძე. ფრაქციის შექმნის მთავარ მიზეზად მან ბიუროში დამატებით ერთი ხმის უფლების მოპოვება დაგვისახელა, თუმცა ვერ დაგვისაბუთა, რას ცვლის დამატებითი ხმა, როცა ბიუროში ახლა უკვე ოპოზიცია და მმართველი პოლიტიკური ძალა 7-7-ზეა წარმოდგენილი და ხმების გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ხმა იქნება. ახალი ფრაქციის ხელმძღვანელს მივლინების იმედი აქვს. „ჯერ არ ყოფილა ასეთი სხდომა, ოცნებიდან შვიდივე წევრი ესწრებოდეს ბიუროს. ესენი სულ მივლინებებში დადიან“.

ასმათ დიასამიძის ხელფასი ხელზე ასაღებად, სხვა ფრაქციების ხელმძღვანელების მსგავსად, 3700 ლარი იქნება. ასმათ დიასამიძეს ასევე გამოუყეს 2011 წელს გამოშვებული „მიცუბიში“. „გაცილებით ძვირადღირებული მანქანა ისედაც მყავდა – 2013 წელს გამოშვებული „ნისანი“, თავად ვატარებ. ახლა იმითაც ვივლი და ამითაც. სადაც არ იქნება სასურველი სახელმწიფო მანქანის გამოჩენა, იქ საკუთარი მანქანით წავალ“, – ამბობს დეპუტატი.

„არავითარი კომფორტი არ არის ფრაქციის შექმნაში“, – აცხადებს ფრაქციის „დემოკრატიული აჭარა“ ხელმძღვანელი სულხან ღლონტი: „მარტო საქართველოში ხდება ასე, რომ ფრაქციას ხარჯებს უთვლიან და ამაზე კეთდება აქცენტი. გერმანიიდან ახლახან ჩამოვედი და იქ რეგიონულ პარტიებს საკანონმდებლო ორგანო აფინანსებს. ფრაქციის შექმნა აძლიერებს პოლიტიკურ სპექტრს. გარდა ამისა, ამ ფრაქციის საფუძველზე გვაქვს საშუალება, ჩვენი პარტიის რაღაც ნაწილი აპარატის თანამშრომლებად ავიყვანოთ და ისინი აკეთებენ პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეს. ეს აისახება ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაზე“, _ უთხრა „ბათუმელებს“ სულხან ღლონტმა. რა იგულისხმება „მნიშვნელოვან საქმეში“? – კითხვაზე დეპუტატმა გვიპასუხა: „კვირაში სამ ბრიფინგს ვმართავთ მინიმუმ“.

ფრაქციის „დემოკრატიული აჭარა“ მომზადებულ ინიციატივებზე ფრაქციის მდივანი – თემურ კახიძე გვესაუბრა: „განხილვა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ჩვენი ინიციატივით შედის ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ცვლილება მუნიციპალიტეტისა და შსს-ს მიერ დაწესებული საურავების გათანაბრებას ითვალისწინებს. კიდევ ერთი ინიაციატივით კანონში „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ შევიდა ცვლილება. რითაც უმაღლესი საბჭოს წევრებს წყაროების გამხელის ვალდებულება აღარ გვაქვს .
„ფრაქციების შექმნა ოპოზიციის ბუნებრივი მოტივაციაა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ზამბახიძემ. მისი შეფასებით, ამდენი ფრაქციის არსებობა არ მიუთითებს ჯანსაღ პროცესზე, მაგრამ ოპოზიციას 4 ფრაქციის შექმნა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ აიძულა: „ქართული ოცნება“ დაიყო ხელოვნურად ფრაქციებად იმისთვის, რომ უმრავლესობა ჰქონოდა ბიუროში“.

პეტრე ზამბახიძე ვერ ასახელებს კონკრეტულ ინიციატივას, რაც „ნაციონალებიდან“ გამოყოფილმა ფრაქცია „მაჟორიტარებმა“ დაამუშავეს. „თვითმმართველობების კუთხით უმაღლეს საბჭოს არ აქვს უფლება საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელოს. ამ კუთხით ეს ფრაქცია ვერც იმუშავებდა“, – გვითხრა დეპუტატმა. მაშინ რისთვის შეიქმნა ფრაქცია, თუკი იგი ვერ იმუშავებდა? – ამ კითხვაზე პეტრე ზამბახიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მარტო საკანონმდებლო კუთხით არ უნდა შევხედოთ ფრაქციის აქტიურობას და ბიუჯეტის განხილვის დროს არაერთი შენიშვნა დააყენა ამ ოპოზიციურმა ფრაქციამ, რაც მუნიციპალურ პროგრამებს შეეხებოდა.

რაც შეეხება კოალიცია „ქართულ ოცნებას~, აქ არ მალავენ, რომ ფრაქციის აპარატი პარტიული აქტივის დასაქმების საშუალებაა: „ასეა, ამის უფლებას გვაძლევს კანონი და ვიყენებთ. ფრაქციას ეს ფუნქცია აქვს ყველგან~, _ უთხრა „ბათუმელებს~ ალეკო ჩიტიშვილმა, ფრაქცია „ქართული ოცნების~ თავმჯდომარემ.

„უმაღლესი საბჭო დაინტერესებულია მხოლოდ პრივილეგიების მიღებით“, – ასე აფასებს ამ პროცესს იურისტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე: „ერთი შეხედვით, შესაძლოა, ჩანდეს, რომ მრავალფეროვნებაა უმაღლეს საბჭოში, მაგრამ სინამდვილეში, ჩემი აზრით, ფრაქციების ასეთი სიუხვე დაკავშირებულია მხოლოდ კომფორტთან და პრივილეგიებთან. კანონის მიხედვით, ფრაქცია გულისხმობს ერთი და იმავე ღირებულებების, პოლიტიკური იდეების მქონე ადამიანების გაერთიანებას. ამ მოცემულობაში ფრაქციების შექმნა ეწინააღმდეგება თავად ფრაქციის შექმნის იდეას და ეს არის სრულიად ხელოვნური პროცესი. უმაღლესი საბჭოს მთავარი პრობლემა არის ის, რომ იქ ასაქმებენ პარტიის აქტივისტებს, ახლობლებს, ნათესავებს და არ მომხდარა კვალიფიციური კადრის შერჩევა. უმაღლესი საბჭო პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის, ის არის წარმომადგენლობითი ორგანო. როცა ყველა უფროსია, ნაკლებად დამაჯერებელი ხდება დეპუტატების საქმიანი მიდგომა იმ საკითხებზე, რაც მოსახლეობას აწუხებს და რის მოსაგვარებლადაც აირჩიეს დეპუტატები“.

„ეს შენ გეხება“- აქციის მონაწილეთა მოთხოვნები

დღეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია „ეს შენ გეხებას“ მონაწილეებმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტის გამოძიება და კანონმდებლობის გამკაცრება მოითხოვეს:

გიორგი ხიმშიაშვილი, საიას აჭარის ოფისის თავმჯდომარე: „ჩვენ შევუერთდით „ეს შენ გეხებას“ აქციას, რომელიც გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულებას პირადი ცხოვრების დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ არას ვუცხადებთ ამ პროცესებს, რაც უნდა იყოს ხელისუფლებისთვის გზავნილი, რომ მათ მომავალში უფრო მეტად დაიცვან და გაუფრთხილდნენ ადამიანების პირად ცხოვრებას და თავისუფლებას. ჩვენი ძირითადი სამი მოთხოვნაა: იმ ფაქტების გამოძიება რაც შეეხება პირადი ცხოვრების ხელყოფას; ვითხოვთ კანონმდებლობის გამკაცრებას და დასჯის მექანიზმების უფრო მეტი სიმკაცრით ამოქმედებას; ამასთან, ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს იმ სისტემის სრულყოფისთვის, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებასა და თავისუფლებას.“

მარი ზაქარაძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ კოორდინატორი: „მე, როგორც ერთი მოქალაქე, ვაპროტესტებ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. მიმაჩნია, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება არის ხელშეუხებელი და არავის აქვს უფლება უთვალთვალოს და შემდეგ ამით დააშინოს და დაატეროროს ადამიანი, განურჩევლად მისი სტატუსისა.“

დავით ბერიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი მონიტორინგი“: „ეს ჩვენ ყველას ერთად გვეხება და ეს უნდა იყოს ერთგვარი მესიჯი ხელისუფლების მისამართით, რომ საზოგადოება კვლავ გამოხატავს პროტესტს და უნდობლად არის განწყობილი, საზოგადოება მივიჩნევთ, რომ ჩვენ კვლავ გვისმენენ.“

თემურ კახიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“: „ჩვენ ვითხოვთ თავისუფლებას, პიროვნულ თავისუფლებაზეა საუბარი. ეს მარტო შანტაჟი არ არის. ეს არის ტერორი და ჩვენ გვინდა ქართული საზოგადოება ტერორისგან გათავისუფლდეს. ჩვენ არ გვინდა შიშით ცხოვრება. შიშით აშენებული ქვეყანა არ არის ის ქვეყანა, რაც უნდა დავუტოვოთ მომავალ თაობას. ჩვენ გვინდა თავისუფლებაში ლაღად აშენებული ქვეყანა, რაც იქნება ჩვენი ქვეყნის გაძლიერების საფუძველი“.

მურმან დუმბაძე, პარლამენტის წევრი: „ეს უკავშირდება იმ უზნეო პრაქტიკას, რაც დამკვიდრებულია წინა ხელისუფლების ცვლილების დროს. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს. ვინც პოლიტიკაში ღრმად ჩახედულია, მან იცის, რომ ეს იყო უძველესი დროიდან მოყოლებული. მე კომუნისტური მთავრობის დროსაც ვცხოვრობდი და იმ დროსაც იყო თვალთვალი, მიყურადება და აგენტურული ქსელი. ასლან აბაშიძის დროს უამრავი აუდიოფაილი პირადად მე მაქვს ნანახი. აბაშიძის დროს სატელეფონო საუბრები ისმინებოდა, პირადად მე მისმენდნენ. აბაშიძის ხელისუფლების შემდეგ, როცა დროებითი საპრეზიდენტო საბჭო ჩამოყალიბდა, მეორე დღეს პირადად მე აღმოვაჩინე კომპიუტერში ეს ფაილები. სააკაშვილმა ტექნოლოგია შეცვალა და გადავიდა ვიდეომასალებზე. რაც გამოიყენებოდა ადამიანების დაშანტაჟებისთვის. საბადნიეროდ, სააკაშვილის დროს არ გვახსოვს, რომ ვიდეომასალები გამოქვეყნებულიყოს. ის ეუბნებოდა ადამიანებს – იმ შემთხვევაში, თუ ჭკუით არ იქნებით, მაშინ ვიდეომასალას გამოვაქვეყნებთო. ივანიშვილი-კვირიკაშვილის ხელისუფლებამ უფრო დახვეწა ეს ტექნოლოგია და ახერხებს იმას, რომ არამხოლოდ უსმენს და უთვალთვალებს, არამედ აქვეყნებს კიდეც.“

მადონა ბერიძე, „სამართლიანი არჩევნების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი: „ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, არ არის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის პერსონებისკენ მიმართული, ეს არის მთლიანად საზოგადოების წინაშე არსებული საფრთხე. ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ საქართველოში დღეს ისევ გვისმენენ. ჩვენი მოთხოვნაა, გამოძიება ბოლომდე მიიყვანონ, ამ პროცესებში ჩართონ საერთაშორისო ექსპერტები. ასევე მნიშვნელოვნად მივიჩნევთ იმას, რომ საკანონმდებლო ნორმა გაუმჯობესდეს და მიღწევადი გახდეს ის, რომ ჩვენს სახელმწიფოში პირადი ცხოვრება იყოს დაცული.“

გაზის აფეთქების შედეგად ბათუმში სახლი ჩამოინგრა [ფოტო]

19 მარტს, გამთენიისას, ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე, ე.წ. იტალიურ ეზოში, გაზის აფეთქების შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ოთახები ჩამოინგრა.

აფეთქების გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება. აფეთქებას და ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა, როგორც ეზოს ერთ-ერთმა მცხოვრებმა „ბათუმელებს“ უთხრა, სახლში ოჯახის რამდენიმე წევრი, მათ შორის ბავშვებიც იმყოფებოდნენ: „ზემოთ იწვნენ, დილის 6 საათისკენ გავიგონეთ ხმა … სახლშიც და ეზოშიც ყველა გადავრჩით, სავარაუდოდ პირველ სართულზე დაგროვდა გაზი…“

ეზოში მცხოვრები რამდენიმე ოჯახი დაზარალდა აფეთქების შედეგად – დალეწილია კარ-ფანჯრები. აფეთქებას ხანძარი არ გამოუწვევია. ახლომახლო ოჯახებს გამორთული აქვთ გაზი და ელექტროენერგია. ეზოსთან პატრულირებს პოლიციის ეკიპაჟი.

IMG14715

IMG14716

IMG14718

IMG14719

IMG14720

IMG14723

IMG14714
ბათუმში, 9 მარტის ქუჩაზე  გაზი აფეთქდა/ თედო ჯორბენაძის ფოტოები

 

„ეს შენ გეხება“ – აქცია ბათუმში [ფოტო]

ბათუმში ევროპის მოედანზე კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში დაგეგმილი აქცია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქციის მონაწილეებთან ერთად პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების კიდევ ერთხელ გავრცელება გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორები მომხადრის დროულ გამოძიებას და მსგავსი ფაქტების აღკვეთისათვის ხელისუფლებისაგან უფრო ეფექტური ღონისძიებების გატარებას მოითხოვენ.

დღეს, 19 მარტს, ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად პოლიტიკოსებიც გამოჩდნენ. აქციას ესწრებოდა პარლამენტარი მურმან დუმბაძე და უმაღლესი საბჭოს წევრები ოპოზიციური ფრაქციებიდან.

აქცია „ეს შენ გეხება“ დღეს თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 600-ზე მეტი ადამიანი დაჯარიმდა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევაზე სულ 610 ადამიანი დაჯარიმდა.
მათ შორის: 470 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 7 – დგომის მეთოდის დარღვევის გამო, 77 – ნიშანში დგომის გამოს, 39 – ტროტუარზე დგომისთვის, 7 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და კიდევ 10 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.
ფოტოები გადაღებულია ბოლო, რამდენიმე დღის განმავლობაში.

მახინჯაურისა და თამარის დასახლების აბონენტებს წყლის მიწოდება ხვალ დილამდე შეუწყდებათ

შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ჩაქვის მაგისტრალური მილის დაზიანების გამო მახინჯაურისა და თამარის დასახლების აბონენტებს წყლის მიწოდება შეუწყდებათ.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და წყალმომარაგება ხვალ დილას აღდგება.

ორიგამის გაკვეთილები ბათუმში





ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის „ამერიკულ კუთხეში“ მოხალისე ჯონგიუნ პარკი ორიგამის გაკვეთილებს ჩაატარებს. გაკვეთილის მსვლელობისას მონაწილეები ორიგამის საწყის პრინციპებს დაეუფლებიან.


ორიგამი ქაღალდის სხვადასხვა ფიგურებად კეცვის, ძველი იაპონური ხელოვნებაა.
ორიგამის გაკვეთილები ,,ამერიკულ კუთხეში” ყოველკვირეულად ჩატარდება. მსურველებს შეუძლიათ დაესწრონ გაკვეთილებს და დაეუფლონ ქაღალდის ფიგურებისა და საგნების შექმნის ტრადიციულ იაპონურ ხელოვნებას.

ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს სასმელი წყალი სავარაუდოდ 19 საათამდე არ მიეწოდებათ

შპს “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, 355 მმ მაგისტრალური მილსადენის დაზიანების გამო სასმელი წყლის მიწოდება დროებით შეუწყდათ, ბაგრატიონის ქუჩაზე მცხოვრებ აბონენტებს მელიქიშვილის კვეთიდან ლერმონტოვის ქუჩის კვეთამდე.
ამ წუთებში დაზიანებული მილსადენის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

“ბათუმის წყლის” ცნობით, სასმელი წყლის მიწოდება სავარაუდოდ 19:00 საათისთვის აღდგება.

ჩაის პლანტაციების აღდგენის მცდელობა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ჩაის პლანტაციების აღსადგენად წელს მიზნობრივ პროგრამას განახორციელებს. პროგრამის  ფარგლებში სახელმწიფოსგან თანადაფინანსებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი და იურიდიული სტატუსის მქონე პირები მიიღებენ. პროგრამის განსახორციელებლად 3 500 000 ლარია გამოყოფილი.

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა წელს აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში განხორციელდება. პროგრამა 2016 წლის თებერვალში დაიწყო და გაველურებული ჩაის აღსადგენად მცენარის უცხო სხეულებისგან გაწმენდა-გასუფთავებას, გასხვლას, სასუქების შეტანასა და საჭიროების შემთხვევაში სადრენაჟო არხების მოწყობას გულისხმობს. სააგენტო 3.5 მილიონ ლარს მხოლოდ პლანტაციების რეაბილიტაციას მოახმარს. რაც შეეხება რეალიზაციას, პროგრამა ჩაის რეალიზებისთვის ბაზრის მოძიებას არ ითვალისწინებს.

ოჩხამური / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ოჩხამური / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

სააგენტოს მიზნობრივი პროგრამით თანადაფინანსებას მხოლოდ ის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი და იურიდიული პირი მიიღებს, ვისაც საკუთრებაში მინიმუმ 5 ჰექტარი ჩაის პლანტაცია გააჩნია. იმ შემთხვევაში, თუ კოოპერატივს ან რომელიმე იურიდიულ პირს საკუთრებაში ამ ოდენობის პლანტაცია არ აქვს, შეუძლია სახელმწიფოსგან ჩაის პლანტაცია 25-წლიანი იჯარით მიიღოს. ერთი ჰექტარი ჩაის პლანტაციის იჯარით სარგებლობის ღირებულება ერთი წლის განმავლობაში 50 ლარია. სააგენტო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 50 ჰექტარამდე, ხოლო იურიდიული პირის სტატუსის მქონე ბენეფიციარს 300 ჰექტარამდე ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციას დაუფინანსებს.

პროგრამის მენეჯერი ლევან უროტაძე ამბობს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს წინასწარ შერჩეული კომპანიები განახორციელებენ. მენეჯერი აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ პროგრამით მხოლოდ იმ პლანტაციების რეაბილიტაცია დაფინანსდება, რომლებიც ლაბორატორიულად იქნება შესწავლილი.

„რადგან სპეციფიკური სამუშაოებია ჩასატარებელი, ისეთ კომპანიას შევარჩევთ, რომელსაც მსგავსი სამუშაოების ჩატარების გამოცდილება, ყველა საჭირო ტექნიკა და მექანიკური დანადგარი ექნება, რაც ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციას სჭირდება, რადგან ჩაის პლანტაციები მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ძირითადად ისეთ ადგილზეა განლაგებული, სადაც ტექნიკას უჭირს გადაადგილება. მოთხოვნებიც აქედან გამომდინარე გავთვალეთ, თუმცა შეზღუდვა არ გვაქვს, რამდენი კომპანიაც დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, იმდენი ჩაერთვება. ამ დროისთვის 3 კომპანია არის შერჩეული, მაგრამ ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა“, – ამბობს ლევან უროტაძე.

სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 9 000 ჰექტარზეა გაშენებული ჩაის პლანტაცია, საიდანაც თითქმის 6-7 ათასი ექვემდებარება რეაბილიტაციას. სააგენტოში არ იციან, რამდენი ჰექტარი პლანტაცია არის ცალკეულ რეგიონში, მათ შორის აჭარაში. არც ის არის ცნობილი, არსებული ჩაის პლანტაციებიდან რამდენია სახელმწიფოს საკუთრებაში და რამდენი კერძო მფლობელობაში.

ოჩხამური / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ოჩხამური / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

„რამდენი მსურველიც იქნება და რამდენიც დააკმაყოფილებს მოთხოვნას, იმდენი მიიღებს დაფინანსებას. პროექტი გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოო შედეგს არ მივიღებთ. პროექტი არ ითვალისწინებს რეალიზაციის ხელშეწყობას, თუმცა ევროპის ბაზარზე ჩაიზე იმდენად დიდია მოთხოვნა, რომ მაღალი ხარისხის ჩაის რეალიზაციის პრობლემა არ უნდა შეიქმნას“, – ამბობს პროგრამის მენეჯერი.

სააგენტოს გათვლით, არსებული ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციისთვის ერთ ჰექტარზე 2500 ლარია საჭირო. აქედან სააგენტო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 80%-ს, რაც შეეხება იჯარით აღებულ პლანტაციას – ერთ ჰექტარზე 80%-ს დაუფინანსებს. იურიდიული პირის შემთხვევაში სააგენტოს მიერ რეაბილიტაციის თანადაფინანსება იქნება 60%, იჯარის შემთხვევაში – 70%.

ორი მარტის მონაცემებით, სახელმწიფოსგან თანადაფინანსებით ჩაის პლანტაციის აღსადგენად სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოში 15 განაცხადი დარეგისტრირდა, მათგან სამი აჭარიდან არის შესული.

„500 ჰექტარამდე ჩაის რეაბილიტაციისთვის ითხოვენ დაფინანსებას. 3 განაცხადი აჭარიდანაა შემოსული 80 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციისათვის. ხელშეკრულება ჯერ არც ერთ ბენეფიციართან არ გაფორმებულა, რადგან მიწის დიაგნოზირებაა ჩასატარებელი, – უნდა გავარკვიოთ, ექვემდებარება თუ არა პლანტაცია რეაბილიტაციას. პროგრამის მიხედვით, ვადებში შეზღუდვები არ გვაქვს, მიწის ანალიზის ჩატარება-დიაგნოზირება ნებისმიერ დროს შეიძლება,  თუმცა რეაბილიტაცია, რაც მძიმე და ნახევრად მძიმე გასხვლას გულისხმობს,  მიზანშეწონილია ვეგეტაციის პერიოდამდე ჩატარდეს. რაც უფრო მალე წარმოადგენენ ბენეფიციარები საჭირო დოკუმენტებს, მით უფრო მალე შევძლებთ თანადაფინანსებას. პროგრამა მომავალშიც განხორციელდება – მომავალ წელს პროგრამის ბიუჯეტი მოთხოვნიდან გამომდინარე დაიგეგმება. პროგრამა იმდენ ხანს გაგრძელდება, სანამ დაინტერესება იქნება“, – ამბობს ლევან უროტაძე.

თანადაფინანსების თანხას სახელმწიფო პირდაპირ იმ კომპანიას ჩაურიცხავს, რომელმაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განახორციელოს და არა პროგრამით შერჩეულ ბენეფიციარს. კომპანიამ კი პროექტში ჩართვისთვის განსაზღვრული თანხის შესაბამისი საბანკო ცნობა უნდა წარუდგინოს სააგენტოს.

პროგრამაში ჩართული კოოპერატივი პროგრამის დაწყებიდან მესამე წელს ჩაის პირველადი დამუშავების მანქანა-დანადგარებსა და ინვენტარს მიიღებს უფასოდ.

ვინც გაველურებული ჩაის პლანტაციის აღდგენას გეგმავს, მან სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს უნდა მიმართოს ან დაუკავშირდეს ცხელ ხაზზე: 247 01 01.

ოჩხამური / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
ოჩხამური / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

აჭარის ყველა მდინარე ეკოლოგიურად დაბინძურებულია – როგორია დაჯარიმების სტატისტიკა

ბათუმის მიმდებარე და მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში მდინარეები და ხევები საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა დაბინძურებული, თუმცა კონკრეტული დამნაშევე თითქმის არ არსებობს: „ზემოდან მოაქვს მდინარეს“, „მეორე სოფლიდან მოაქვთ და ყრიან“- ამბობენ დაბინძურებულ ხევებთან და მდინარეებთან ახლოს მცხოვრები ადამიანები.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში ამბობენ, რომ კანონის გამკაცრებისა და საჯარიმო სანქციების ამოქმედების შემდეგ მოსახლეობა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გარემოში გადაყრას ერიდება, თუმცა ფაქტები საპირისპიროზე მეტყველებს.

აჭარის გარემოს დაცვის ინსპექციას გასულ და მიმდინარე წელს, აჭარის მასშტაბით, ნარჩენების მართვის კანონდარღვევის 220 შემთხვევა აქვს გამოვლენილი, აქედან 9 შემთხვევა – 2016 წელს. გარემოს დაცვის აჭარის ინსპექციის ანალიტიკოსის, გოჩა ნაცვლიშვილის განმარტებით, წყლის რესურსების დაბინძურების მხოლოდ 44 ფაქტი დაფიქსირდა გასულ წელს, მიმდინარე წელს კი – სამი.

„ძირითადად ბათუმსა და ქობულეთშია გამოვლენილი დარღვევები,“-  გვეუბნება ის, თუმცა „ბათუმელების“ მიერ ქედის მუნიციპალიტეტის ცალკეულ სოფლებში დაფიქსირებული სურათი აჩვენებს, რომ მდინარეები და ხევები საყოფაცხოვრებო ნარჩენებით აქაც აქტიურად ნაგვიანდება. დანდალოს, წონიარისისა და ტიბეთას მდინარეები, სადაც „ბათუმელები“ იმყოფებოდა, საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა დაბინძურებული. მოსახლეობა კი ამბობს, რომ დაჯარიმების შემთხვევები არ ყოფილა.

მოსახლეობა გარემოს დაბინძურების მიზეზად სოფლებში სანაგვე ურნების არარსებობას ასახელებს. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს გარემოს დაცვის პასუხისმგებლობას აკისრებს, თუმცა მუნიციპალიტეტებში გვეუბნებიან, რომ სოფლებიდან ნარჩენების გამოტანას შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობა უშლის ხელს. „ვიწრო გზებზე ვერ გადაადგილდებიან „სანდასუფთავების“  მანქანები,“-  ამბობს ქედის გამგებელი დავით დუმბაძე.

მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაბინძურებაზე საკმაოდ მაღალი საჯარიმო სანქციები მოქმედებს, მდგომარეობა არსებითად არ იცვლება. მაგალითად, ავტომანქანის მდინარეში გარეცხვაზე ჯარიმა 50 ლარია, ნარჩენების დაწვაზე კი – 500 ლარი. როგორც გოჩა ნაცვლიშვილი ამბობს, სასამართლოს მიერ დაჯარიმებული პირების 90 პროცენტი ჯარიმას არ იხდის და საქმეები გადაცემულია აღსრულებაზე.

ნაგავი

„დაჯარიმებული გვყავს მოქალაქეები მანქანიდან სიგარეტის ნამწვავის გადაგდებაზე, ავტომანქანის მდინარეში გარეცხვისა და ნარჩენების დაწვის გამო,“-  ამბობს გოჩა ნაცვლიშვილი.

ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ნარგულ ასანიძის შეფასებით, ნარჩენების პრობლემა გაცილებით ფართო მასშტაბებზე გადის და გლობალურ ეკოლოგიურ პრობლემას მიეკუთვნება.

„ჩვენ კონსტიტუცია გვანიჭებს უფლებას, რომ ვიცხოვროთ გარემოში, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას ზიანს არ მიაყენებს. თუმცა, ის რეალობა, რაც დღეს მდინარეებთან თუ ზღვასთან დაკავშირებით გვაქვს, საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასაც და გარემოსაც,“-  ამბობს ის.

ნარგულ ასანიძე ამბობს, რომ აჭარაში არსებული მდინარეების ეკოლოგიური მდგომარეობა მან ოთხი წლის წინ, კვლევის ფარგლებში შეისწავლა, რომელიც სოფლებში ეკოტურიზმის განვითარების შესაძლებლობებს არკვევდა. „კვლევებმა აჩვენა, რომ სოფლებში მდინარის წყლები სისუფთავის ყველა ნორმას მოკლებულია, რადგან მასში პირდაპირ ჩაედინება საკანალიზაციო სისტემები. გარდა ამ პრობლემისა, მდინარეებსა და სანაპიროებზე ყრია საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ასეთ პირობებში კი წყალი სუფთაც რომ იყოს, ეკოტურიზმის განვითარება შეუძლებელია“.

სპეციალისტის შეფასებით, სახელმწიფომ უნდა შექმნას ყველა საჭირო ბერკეტი იმისთვის, რომ გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს. გარდა ამისა, არსებითად მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ცვლილებაც.

„ეს ყველაფერი აუცილებლად დაგვიბრუნდება უკან, როგორც საფრთხე. ჩვენ ზიანს ვაყენებთ გარემოს, საიდანაც მოსავალი უნდა მივიღოთ, ჰაერი ვისუნთქოთ და წყლის რესურსების სიკეთეებით ვისარგებლოთ. კლიმატის ცვლილებები, რომელიც უკვე მკაფიო და შემაშფოთებელია, ნარჩენების პრობლემასაც უკავშირდება.

საზოგადოების ცნობიერების მხრივ ბევრია სამუშაო. ბავშვებიც აქტიურად უნდა ჩაერთონ ამ პროცესებში, რომ ნათლად დაინახონ, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიურ წონასწორობას ჩვენი მომავლისთვის,“-  ამბობს ნარგულ ასანიძე.

2019 წლიდან მუნიციპალიტეტები ნარჩენების დახარისხებაზე უნდა გადავიდნენ, თუმცა დღეს არსებული მდგომარეობით, არათუ დახარისხება, სოფლებიდან ნარჩენების გამოტანაც კი ვერ ხერხდება.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ბათუმში მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით

ცხრა არასამათავრობო ორგანიზაცია ბათუმში მეჩეთის მშენებელობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ხელმომწერი ორგანიზაციები სოლიდარობას ვუცხადებთ მუსლიმი თემის მშვიდობიან თვითორგანიზებულ კამპანიას ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნით. ამასთან, მოვუწოდებთ სახელმწიფოს მუსლიმი თემის უფლებების სრულყოფილი რეალიზებისკენ.

ბოლო რამდენიმე წელია, მუსლიმი თემი სახელმწიფოსგან აქტიურად ითხოვს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფას და მშენებლობის პროცესის მხარდაჭერას. ბათუმში მოქმედი ორთა ჯამეს ისტორიული შენობის სივრცე არ არის საკმარისი და ვერ იტევს მლოცველებს. ამის გამო, ასეულებით მორწმუნეს პარასკევის ტრადიციული ლოცვის შესრულება ქუჩაში, არასათანადო პირობებში უწევს. მუსლიმი ქალების დიდ ნაწილს კი, საერთოდ არ აქვს საშუალება ილოცოს მეჩეთში.

ხელისუფლებამ რამდენჯერმე მისცა დაპირება მუსლიმი თემს, რომ  ახალი მეჩეთისთვის მათ მიწის ნაკვეთს გადასცემდა. ბოლოს ასეთი დაპირება მუსლიმებმა 2013 წელს მიიღეს, თუმცა, დაპირებებს კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. 2014 წლის ბოლოს, დასავლეთ საქართველოს სამუფტოს წარმომადგენლების ნაწილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა კოლექტიური განცხადებით, რომელშიც ორთა ჯამეს რეკონსტრუქციასა და ბათუმში ახალი მეჩეთის ალტერნატივად, სრულიად საქართველოს სამუფტო სამმართველოს რეზიდენციისა და ბათუმში მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სასწავლებისთვის შენობის გადაცემას ითხოვდა. მუსლიმების განმარტებით, სრულიად საქართველოს სამუფტო სამმართველოზე სახელმწიფოს გავლენების გათვალისწინებით, ესგანცხადება მუსლიმი თემის საჭიროებებისა და ინტერესების უგულებელყოფის ნათელი მაგალითია. ამასთან, იკვეთება მუსლიმ თემსა და მის ფორმალურ რელიგიურ ინსტიტუციას შორის გაუცხოებაც. ნიშანდობლივია, რომ ეს განცხადება შემუშავდა იმ პერიოდში, როდესაც სახელმწიფომ სრულიად საქართველოს სამუფტო სამმართველოს დაფინანსება დაიწყო. სახელმწიფო დაფინანსების დიდი ნაწილი სწორედ სამუფტო სამმართველოს სასულიერო პირების ხელფასებზე იხარჯება. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება მუსლიმი თემის მოთხოვნას ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით სწორედ ერთობლივ განცხადებაზე მითითებით უარყოფს და ორთა ჯამეს მეჩეთის გაფართოების პერსპექტივაზე აპელირებს. მუსლიმების თქმით, ორთა ჯამეს რეკონსტრუქცია საფრთხეს შეუქმნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახეს, მისი მიმდებარე ტერიტორიის შემოერთება კი მაინც არ გადაჭრის სივრცის პრობლემას.

სრულიად საქართველოს სამუფტო სამმართველოს მხრიდან მუსლიმი თემის საჭიროებების გაუთვალისწინებლობის გამო, მუსლიმმა თემმა დაიწყო პროცესის თვითორგანიზება, რისთვისაც მათ დაიწყეს სახელმწიფოსთან დამოუკიდებელი კომუნიკაცია და მეჩეთისთვის საჭირო რესურსების მობილიზება. 2016 წლის 8 თებერვალს, მუსლიმი თემის 12 000-მა წარმომადგენლმა კოლექტიური განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრობასა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს და მეჩეთის მშენებლობისთვის ბათუმში მიწის ნაკვეთის გადაცემა მოითხოვა. განცხადების განხილვას კონკრეტული შედეგები ამ დრომდე არ მოყოლია.

ბათუმში მეჩეთის სივრცის პრობლემა მუსლიმი თემის რელიგიის თავისუფლებით სარგებლობას ზღუდავს. როდესაც სახელმწიფო მართლმადიდებელ ეკლესიას ასეულობით ჰექტარ მიწის ნაკვეთს გადასცემს, როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებში, მუსლიმი თემის მოთხოვნის უგულებელყოფა ავლენს დისკრიმინაციულ მიდგომას. ბათუმში, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრში, მეჩეთის მშენებლობის შეზღუდვას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და მუსლიმი თემის მარგინალიზებისა და სოციალური და პოლიტიკური სივრცეებიდან დეზინტეგრაციას აღრმავებს. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მწვავეა ჩვენს რეალობაში, როცა 2012 წლიდან მოყოლებული, მუსლიმი თემი განიცდის სისტემურ დევნასა და ძალადობას (ნიგვზიანის, წინწყაროს, სამთაწყაროს, ჭელას, ქობულეთის, მოხეს, ადიგენის ინციდენტები), რაც სწორედ სახელმწიფოს არაეფექტური, დისკრიმინაციული და დომინანტი რელიგიური ჯგუფისადმი ლოიალური პოლიტიკის შედეგია.

ხელმომწერ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ მნიშვენლოვანია სახელმწიფომ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხი განიხილოს უფლებრივი პერსპექტივიდან და მოახდინოს ამ საკითხის დეპოლიტიზირება, რომელსაც ცალკეული ქსენოფობიური და ისლამოფობიური პოლიტიკური, კლერიკალური და სოციალური ჯგუფები რადიკალურად ეწინააღმდეგებიან.

შესაბამისად, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ სახელმწიფოს განუხრელად დაიცვას რელიგიის თავისუფლების, სეკულარიზმისა და თანასწორობის პრინციპები და:

  • დააჩქაროს მუსლიმი თემის განცხადების განხილვა ბათუმში ხელმისაწვდომ ტერიტორიაზე ახალი მეჩეთისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის თაობაზე და დააკმაყოფილოს ის;
  • მიწის ნაკვეთის გადაცემისა და შემდგომში მეჩეთის მშენებლობის პროცესში უზრუნველყოს მეჩეთის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფის აქტიური მონაწილეობა, პროცესის დემოკრატიულად წარმართვისა და მუსლიმი თემის ნდობის უზრუნველყოფის მიზნით;
  • არ შეუქმნას მუსლიმ თემს გაუმართლებელი ბარიერები მეჩეთის მშენებლობის პროცესში და უზრუნველყოს მშენებლობის ნებართვის მიღების პროცედურის კანონიერ, დისკრიმინაციისგან თავისუფალ პირობებში წარმართვა“ – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);

ადამიანის უფლებათა ცენტრი;

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);

ტოლერანტობისა და მრავაფლეროვნების ინსტიტუტი (TDI);

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);

მრავალეროვანი საქართველო;

მედიის განვითარების ფონდი (MDF);

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი;

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA).

ტრენინგი თემაზე: ჯანსაღი საკვები პროდუქტების მაჩვენებლები

დღეს, 16:00 საათზე „ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის №317 აუდიტორიაში გაიმართება თანატოლთა ტრენინგი თემაზე: ჯანსაღი საკვები პროდუქტების მაჩვენებლები.

მონაწილეები გაეცნობიან საკვები პროდუქტების შემცველობას და მიიღებენ ინფორმაციას თუ როგორ შეიძლება შეარჩიონ ის საკვები, რომელიც მათ ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის.

ტრენინგს გაუძღვებიან აგროეკოლოგიის მე-4 კურსის სტუდენტები. დასწრება თავისუფალია

აქტივობა ხორციელდება „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები უერთდებიან კამპანიას ,,ეს შენ გეხება”

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი სამოქალაქო ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების არაფორმალურ გაერთიანებას წარმოადგენს, უერთდება არასამთავრობო სექტორის მიერ ინიცირებულ კამპანიას „ეს შენ გეხება.“

“ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში მოქმედ ყველა სამოქალაქო ორგანიზაციას და მოქალაქეს, შემოუერთდეს კამპანიას „ეს შენ გეხება“, რითიც არა მხოლოდ არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურებას და დამნაშავეთა გამოვლენასა და დასჯას მოვითხოვთ, არამედ  ფარული თვალთვალისა და მიყურადების განახლებულ პრაქტიკასაც გავაპროტესტებთ.

სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი მონაწილეობას მიიღებს საპროტესტო მსვლელობაში  ფარული თვალთვალის წინააღმდეგ, რომელსაც მოძრაობა „ეს შენ გეხება“ მართავს თბილისში, რომელიც დაიწყება 19 მარტს, 13:00 საათზე ფილარმონიასთან, ისევე როგორც რეგიონებში დაგემილ აქციებში” – ნათქვამია სამოქალაქოსაზოგადოების რეგიონული ქსელის განცხადებაში.

ქსელის წევრები არიან:

  1. სამოქალაქო განვითარების სააგენტო (სიდა) (რუსთავი)
  2. მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ (გორი)
  3. ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი (ლანჩხუთი)
  4. ჩვენ ჯანსაღი მომავლისთვის (წეროვანი)
  5. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი (ახალციხე)
  6. ნაბიჯი ხარაგაული (ხარაგაული)
  7. ასოციაცია „სპექტრი“ (საგარეჯო)
  8. სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია (რუსთავი)
  9. ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი-მცხეთა–მთიანეთის რეგიონული კომიტეტი (მცხეთა)
  10. ასოციაცია „ჭიათურელთა კავშირი“ (ჭიათურა)
  11. გურიის ახალგაზრდული რესურს ცენტრი (ოზურგეთი)
  12. სთეფ ფორვარდი (ბათუმი)
  13. ასოციაცია „ათინათი“ (ზუგდიდი)
  14. უკეთესი მომავლისათვის (წეროვანი)
  15. ასოციაცია ,,დეა” (ზუგდიდი)
  16. ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი (ოზურგეთი)
  17. დუშეთის განვითარების ფონდი (დუშეთი)
  18. დემოკრატიის ინსტიტუტი (ბათუმი)
  19. რეგიონის განვითარების ცენტრი (თელავი)
  20. ასოციაცია „ტოლერანტი“ (ახალციხე)
  21. დემოსი (რუსთავი)
  22. ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი (ტყიბული)
  23. საზოგადოება „ბილიკი“ (გორი)
  24. ასოციაცია „ზეკარი“ (ამბროლაური)
  25. რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი (ამბროლაური)
  26. ასოციაცია “იმედი” დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის (ზუგდიდი)
  27. ახალი ინიციატივა ქვემო ქართლში (გარდაბანი)
  28. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი “სპექტრი”(ქუთაისი)
  29. ქვემო ქართლის საზოგადოებრივ-საინფორმაციო ცენტრი (ბოლნისი)
  30. ჩვენი ფშავი (ფშავი)
  31. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი (ახალციხე)

საპროტესტო აქცია ფარული თვალთვალის წინააღმდეგ 19 მარტს, 13:00 საათზე ბათუმში, ერას მოედანზეც ჩატარდება.

 

აჭარაში გაზი 29 მარტიდან გაითიშება

აჭარის რეგიონში ქობულეთი-ბათუმის ახალი საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს. მაგისტრალის მშენებლობის პროცესში მაღალი წნევის გაზსადენ მილებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. აჭარის მთავრობის პრესცენტრის ცნობით, მშენებარე ახალი საავტომობილო მაგისტრალის გამო, ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე ბუნებრივი აირის ცენტრალური მილების გადატანა ერთდროულად 6 პუნქტზე განხორციელდება.   

აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე  წლის 29 მარტიდან აჭარის რეგიონში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს.  სამუშაოები სამ დღეს გაგრძელდება, შემდეგ კი გაზის მიწოდების აღდგენის პროცესს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ეტაპობრივად განახორციელებს.  რეგიონს გაზი სრულად 3 აპრილს  მიეწოდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აჭარის მთავრობაში ბრიფინგი გაიმართა. „თხოვნით მივმართავთ და მოვუწოდებთ ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მოსახლეობას, განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები. ამასთან, კომერციული ბუნებრივი აირის მომხმარებლებმა და სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებმა ამ პერიოდისათვის საჭიროა უზრუნველყონ  ალტერნატიული საწვავის მომარაგება, რომ არ შეფერხდეს მათი ფუნქციონირება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბოდიშს უხდის აჭარის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო.

„სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონალური ოფისის თანამშრომლები სრული  შემადგენლობით გადავლენ 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე. 24-საათიან რეჟიმში შეასრულებს სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანიაც, რათა აჭარის ხელისუფლებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად უზრუნველვყოთ შეუფერხებლად და მაქსიმალურად სწრაფად  კომუნიკაციების შეცვლის პროცესის დასრულება,” – ნათქვამია რეგიონის მთავრობისა და „სოკარის“ ერთობლივ განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ,,სოკარ ჯორჯია გაზის“ ცხელ ხაზზე 16 114 ან აჭარის რეგიონალურ ოფისში:   მისამართზე:  ბათუმი ბაქოს ქ # 46

ბათუმში 29 მარტიდან ბუნებრივი აირი გაითიშება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, 29  მარტიდან ბათუმს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. „29 მარტიდან ქალაქისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტა დაგეგმილია, თუმცა მიზეზებსა და ზუსტ დროზე, თუ რამდენი ხნით იქნება გათიშვა, გაკეთდება განცხადება და მოგეწოდებათ ინფორმაცია,“ – გვითხრეს „სოკარის“ ცხელ ხაზზე.

აღნიშნულთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და „სოკარის“ წარმომადგენლები ამ წუთებში ერთობლივ ბრიფინგს მართავენ.

ამავე თემაზე:

აჭარაში გაზი 29 მარტიდან გაითიშება

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა პედაგოგთა დაბალ კვალიფიკაციაზე

2016 წლის იანვარში ჩატარებულ მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდებზე 10 552 პედაგოგი დარეგისტრირდა, თუმცა გამოცდაზე მხოლოდ 6 477 გავიდა. აქედან, დადგენილი ბარიერი – 60 პროცენტი, მხოლოდ 1101-მა პედაგოგმა გადალახა. პედაგოგთა 83 პროცენტი ჩაიჭრა. ანალოგიური ვითარება იყო გასული წლის ზაფხულში ჩატარებულ გამოცდებზე. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა პედაგოგთა დაბალი კვალიფიკაციის გამო და რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს სკოლაში? თემაზე „ბათუმელები“ განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს, რეზო აფხაზავს ესაუბრა.

ბატონო რეზო, პედაგოგთა უმრავლესობა, როგორც შედეგებმა აჩვენა, ვერ აბარებს გამოცდას იმ საგანში, რომელსაც სკოლაში ასწავლის. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ პედაგოგების არაკვალიფიციურობაშია პრობლემა, თუ ტესტებია არაადექვატურად შედგენილი, რაში ხედავთ თქვენ პრობლემას?

ტესტები მასწავლებლისა და საგნის სტანდარტზეა დაყრდნობილი. მასწავლებლები რასაც ასწავლიან, იმის გარშემოა ტესტიც. პედაგოგები უფრო სიღრმისეულად უნდა იცნობდნენ იმ საგანს, რომელსაც ასწავლიან. სხვა თემატიკა არ შემოდის ისეთი, რომელიც არ ეხება იმ საგანს, რომელსაც ასწავლიან და რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული. ანუ ტესტები რთული არ არის.

როგორც ვიცით, საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი იხარჯება პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მაგრამ შედეგი მაინც ცუდია. თქვენ როგორც განათლების სპეციალისტი, რაში ხედავთ გამოსავალს?

ტრენინგები, რაც არ უნდა გრძელვადიანი ჩაუტარდეთ, არ შეცვლის სურათს, რადგან ეს არ აამაღლებს მათ აკადემიურ ცოდნას, რომლის მიზანია გარკვეული საგნის ან მეცნიერების შესწავლა. ეს არის უკვე არსებული ცოდნის გაღრმავება და მისი გამოყენება პედაგოგიურ პრაქტიკაში. თუ ადამიანმა საგანი არ იცის და უმაღლესი განათლების ფარგლებში არ აქვს ეს კომპეტენცია მიღებული, ვერანაირი ტრენინგი ვერ უშველის. რეალურად დღეს ეს პრობლემა დგას, რადგან პედაგოგები ვერ ფლობენ იმ საგანს, რომელსაც სკოლაში ასწავლიან.

ს იმის ბრალია, რომ, ვთქვათ, თავის დროზე უნივერსიტეტებმა ვერ მისცეს შესაბამისი განათლება ამ კადრებს, თუ შემდგომში ვეღარ შეძლეს თვითგანვითარება?

ეს ადამიანები სკოლებში მუშაობდნენ წლების განმავლობაში, მაგრამ მათ არავინ ამოწმებდა. სკოლები უყურადღებოდ იყო დარჩენილი, მიიკეტავდნენ კლასის კარებს და შემდეგ რას აკეთებდნენ, არავინ ამოწმებდა. როგორც კი დაიწყო ეს პროცესი, აღმოჩნდა, რომ პედაგოგების უმრავლესობა ვერ აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს. დადგა დრო იმის, რომ ბავშვების კეთილდღეობაზეც ვიზრუნოთ, რადგან სახელმწიფო, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესებს უნდა იცავდეს, მასწავლებლები იმისთვის გვჭირდება, რომ შესაბამისი განათლება მისცენ ბავშვებს. ისინი თუ ამას ვერ აკეთებენ, აბა რისთვის არსებობენ?

სწორედ ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე მინდა გკითხოთ, როგორც ვიცით, დღეს სკოლას არ აქვს პედაგოგის სკოლიდან გაშვების მექანიზმი, სახელმწიფო კი ამ პედაგოგებს გამოცდებში ჩაჭრის მიუხედავად, უფლებას აძლევს გააგრძელონ მუშაობა. ირღვევა თუ არა ამით იმ ბავშვების უფლება, რომლებსაც სკოლამ სრულფასოვანი განათლება უნდა მისცეს?

რა თქმა უნდა, ირღვევა, მაგრამ ამ პროცესის ინიციატორები მოსწავლეები ვერ იქნებიან – მშობლები და სკოლა უნდა ჩაერთოს. თუ ვხედავთ, რომ პედაგოგი ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ კომპეტენციას, დირექტორი ვალდებულია ის ადამიანი სკოლიდან გაუშვას. ჩემთვის ის პოლიტიკაც გაუგებარია, ხუთჯერ რომ აქვთ გამოცდაზე გასვლის შანსი. პედაგოგი 4-ჯერ რომ ვერ ჩააბარებს საგანს, რომელსაც ასწავლის, მეხუთედ კიდევ უნდა გაიყვანო? მით უმეტეს ეს ტესტები წლიდან-წლამდე ერთმანეთისგან არ განსხვავდება, მხოლოდ დავალებები იცვლება. ეს ვიცით სახელმწიფომ, საზოგადოებამ და შესაბამის რეაგირებას არ ვახდენთ, ეს არ არის ნორმალური.

როგორ უნდა მოხდეს რეაგირება, რადგან სამინისტროში და სკოლაშიც ხშირად ამბობენ, რომ თუ ამ კადრებს გაუშვებენ, სკოლა დარჩება პედაგოგების გარეშე…

ის პედაგოგი, ვინც გამოცდა ვერ ჩააბარა, უნდა გადაიყვანონ დროებით მოვალეობის შემსრულებლებად, ანუ ფაქტობრივად, უნდა იყვნენ გაშვების რეჟიმში და როგორც კი ახალი კადრი მოვა, ავტომატურად უნდა ჩაანაცვლონ. დღეს ახალი კადრი რომ მივიდეს სკოლაში, ადგილი არ არის. თუ ჩვენ საზოგადოება და სახელმწიფოც ვერ გავიაზრებთ ამ პრობლემის სიმწვავეს და რბილი პოლიტიკა იქნება გატარებული, არაფერი გამოვა. აქტიური ჩართულობა და რეალური რესურსების დახარჯვაა საჭირო, რომ ახალი და კარგი პედაგოგები მოვამზადოთ და ხუთ წელიწადში მაინც შევცვალოთ რეალობა.

 განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ ერთადერთი, რაც შეუძლიათ, არის დახმარება. როგორ უნდა დაეხმარონ, რა მექანიზმს ხედავთ?

ჯერ ერთი, ამ პედაგოგებიდან ბევრი არის საპენსიო ასაკის და ხელფასთან ერთად იღებენ პენსიასაც. ერთადერთი, რაც სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ გამონახოს სახსრები და იმ შემთხვევაში, თუ დატოვებენ სამუშაოს, გარკვეული დროით კომპენსაცია გადაუხადონ. მაგრამ სოციალური გარანტიების ფონზე არ უნდა გავიდეს სისტემიდან იმდენი მასწავლებელი, რომ მერე ამან საკადრო დეფიციტი შექმნას. გამოსავალი ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენი ბავშვების მომავლისთვის ეს უნდა გავაკეთოთ. თუ საზოგადოებრივი ძალების კონსოლიდირება მოხდება და დაიწყება ამაზე ფიქრი, უკეთესი გამოსავალიც გამოჩნდება.

ველომარათონი ბათუმში

6 აპრილს ბათუმის სანაპირო ზოლზე ველომარათონი ჩატარდება.

მარათონი 17:00 საათზე სტარტს აიღებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან და საოცრებათა პარკში დასრულდება.

მარათონში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ტურნირში მონაწილე გამარჯვებულ ქალს, კაცს, ყველაზე უხუცესსა და ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეს, პრიზის სახით სპორტული მაღაზიის ვაუჩერები გადაეცემა.

პირველ ადგილზე გასულ ადამიანს 700-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა, მეორე ადგილზე გასულს – 500-ლარიანი, მესამე ადგილზე გასული კი  – 300-ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდება.

ყველაზე უხუცეს და ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეს 150-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. 

მარათონში მონაწილეობის მისაღებად თქვენი პირადი მონაცემები (სახელი; გვარი; პირადი ნომერი; საკონტაქტო ტელეფონი) უნდა გააგზავნოთ ბათუმის მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე: Batumisport.youth@gmail.com

პუშკინის ქუჩის ნაწილობრივი რეაბილიტაცია ზაფხულამდე

ბათუმში ზაფხულამდე პუშკინის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მხოლოდ ჯავახიშვილიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის უნდა დასრულდეს. ასევე დასრულდება  გრიბოედოვის, ლერმონტოვისა და თაყაიშვილის ქუჩების მონაკვეთები ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალის ქუჩებს შორის. რაც შეეხება ამ ქუჩების დარჩენილ მონაკვეთებს „ჭაობში“ და ასევე სხვა ქუჩებს, მათი სრული რეაბილიტაცია 2018 წლის 4 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.

გრიბოედოვის ქუჩაზე სამუშაოები გრაფიკით 29 მარტს უნდა დამთავრდეს, თაყაიშვილის ქუჩაზე – 18 აპრილს, ხოლო ლერმონტოვის ქუჩაზე – 18 მაისს [საუბარია ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალის [ყოფილი კიროვაკანის] ქუჩებს შორის მონაკვეთებზე].

„ამ სამუშაოების პარალელურად მოვყვებით პუშკინის ქუჩას და ხდება დაერთებები – საუბარია სანიაღვრე სისტემაზე – ვცდილობთ, რაც შეიძლება დიდი ტერიტორია მოვიცვათ. ვაპირებთ პუშკინის ქუჩის დაგებას ჯავახიშვილიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე, რაც მაისის ბოლომდე გვინდა მოვასწროთ“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა თენგიზ კორძაძემ.

პუშკინის ქუჩის რეაბილიტაციის გრაფიკი ასეთია: ჯავახიშვილის ქუჩიდან თაყაიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი უნდა დასრულდეს 18 ივნისს, თაყაიშვილის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე – 15 აპრილს, მელიქიშვილის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთი კი – 30 აპრილს.

კეთილმოწყობის სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ დასაქმებულთა რაოდენობა და შესაბამისი ტექნიკა, რაც მობილიზებულია, საკმარისია სამუშაოების გეგმის მიხედვით შესასრულებლად და ხელშემშლელი ფაქტორი მხოლოდ უამინდობა შეიძლება იყოს: „ერთ თოხს ორი კაცი არ სჭირდება, 50 კაცია დასაქმებული. უბრალოდ, დიდია მასშტაბი, სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს. ზერელედ რომ კეთდებოდეს, ადრე გავივლიდით პუშკინის ქუჩას, მაგრამ რასაც ვაკეთებთ, კაპიტალურად კეთდება“.

სანიაღვრე სისტემის მოწყობა პუშკინის ქუჩაზე
სანიაღვრე სისტემის მოწყობა პუშკინის ქუჩაზე

თენგიზ კორძაძის თქმით, „ხელი შეგვიშალა იანვარში უამინდობამ, რის გამოც ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და ზემოაღნიშნულ ქუჩებზე სამუშაოების დასრულების ვადა 32 დღით გადაიწია, თუმცა ეს ჩავარდნა გამოსწორდა და განსაზღვრულზე ადრე დაასრულებს კომპანია პირველი ეტაპის სამუშაოებს. პარალელურად გადავალთ სხვა ქუჩებზე. გრაფიკში ცვლილებები შედის, თუმცა ზაფხულამდე ძირითადი მონაკვეთები გავლილი გვექნება და ასფალტით იქნება დაფარული“.

ქუჩების რეაბილიტაციაზე ბათუმის მერიას ხელშეკრულება კომპანია „ზიმო 7“-თან აქვს გაფორმებული. 2018 წლის ნოემბრამდე ამ ხელშეკრულებით კომპანიამ „ჭაობის“ დასახლებაში 25 ქუჩაზე 18,9 მილიონზე მეტი ლარის სამუშაოები უნდა შეასრულოს [სანიაღვრე სისტემები, ტროტუარები, მოასფალტება].

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ეტაპობრივად „ჭაობის“ იმ ქუჩების რეაბილიტაციას განახორციელებს, სადაც საკანალიზაციო სისტემების გამოცვლა დასრულდება.

საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია კი ბათუმში იმ პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც  გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკიდან მიღებული შეღავათიანი სესხით ფინანსდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს გერმანულ-ქართული ერთობლივი საწარმო „ფაიფერი და გზა“ ასრულებს.

საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია ფაქტობრივად დასრულებულია პუშკინის ქუჩაზე [დარჩენილია მოკლე მონაკვეთი სოხუმის ქუჩიდან ავტოსადგურამდე].

„მოძრაობის კიდევ უფრო მეტად პარალიზება რომ არ მოხდეს ქალაქში, სადაც საშუალებაა და ნებართვას გვაძლევს საპატრულო პოლიცია, იმის მიხედვით ვატარებთ სამუშაოებს. ერთბაშად ვერ ვიზამთ, მაგრამ გრაფიკს არ ავცდებით. ფალავანდიშვილის ქუჩაზე მორჩებიან, შემდეგ გოგებაშვილიდან გამოვალთ შავშეთზე [მანთაშევზე რკინიგზის ქვეშ] და პუშკინის დარჩენილი მონაკვეთიც გამოიცვლება. ამას ალბათ თვენახევარი დასჭირდება“ – აცხადებს ბათუმის მერის მრჩეველი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საკითხებში ჯაბა ტუღუში.

ზოგიერთ ქუჩაზე მოსახლეობა ამბობს, რომ ხდება ძველი, გაცილებით ფართო მილების ამოღება და გაცილებით ვიწრო მილების ჩადება. ჯაბა ტუღუშის თქმით, შესაძლოა უფუნქციო მილი შეხვდეთ და ის ჩაანგრიონ ან ამოიღონ, მაგრამ „ამ ეტაპზე ძველ მილებს არ ვიღებთ, ვინაიდან ახალი ქსელის მოწყობის პარალელურად „ჭაობში“ ჯერჯერობით რჩება ძველი საკანალიზაციო სისტემა და ის ფუნქციონირებს. ახალ სისტემაზე ეზოების დაერთებას ჯერ მხოლოდ პუშკინის ქუჩაზე ვახდენთ, რათა რაც შეიძლება ადრე დავასრულოთ“.

რაც შეეხება მილების დიამეტრს, მერის მრჩევლის განცხადებით: „ყველაფერი არის გათვლილი და 400-დან 250 მმ-მდე მილებს აწყობენ საჭიროების მიხედვით. ჰიდრავლიკური მოდელი დგება ტერიტორიის, მოსახლეობის რაოდენობის, რა ორგანიზაციებია განთავსებული, ვთქვათ, სასტუმრო და ა.შ. გათვალისწინებით… ქალაქის განვითარების პერსპექტივაც გათვალისწინებულია და დატვირთვას ამ შემთხვევაშიც გაუძლებს ქსელი“.

ჯაბა ტუღუშის განცხადებით, საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ბაგრატიონისა და მთისძირის ქუჩებს შორის მონაკვეთებშიც. რაც შეეხება გიორგი ბრწყინვალესა [კიროვაკანი] და ბაგრატიონის ქუჩებს შორის ტერიტორიას, აქ რეაბილიტაცია აპრილში დაიწყება. 2017 წლის პირველ ნახევარში კი „ჭაობის“ უბანში – ჭავჭავაძის, ჯავახიშვილის, მთისძირისა და შავშეთის ქუჩებს შორის მოქცეული ტერიტორია –  მთლიანად დასრულდება კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია.

„სამუშაოების მიმდინარეობისას დგება სამთვიანი გეგმა-გრაფიკი, მაგალითად, ფალავანდიშვილის ქუჩა იყო მომავალ წელს დაგეგმილი, მაგრამ ვინაიდან წერეთლის ქუჩაზე ვერ შევედით, სამუშაოები დავიწყეთ ფალავანდიშვილზე [ვმუშაობდით გოგებაშვილზე, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია ხდება პუშკინზე და წერეთლის ჩაკეტვა ავტომობილების მოძრაობის კოლაფსს გამოიწვევდა. ამიტომ არ მოგვცეს სამუშაოების დაწყების უფლება წერეთელზე,“ – ამბობს ჯაბა ტუღუში და გადათხრილ ქუჩებთან დაკავშირებით დასძენს, რომ „შეძლებისდაგვარად სწორდება, თუმცა ყოველი გაწვიმება პრობლემაა“.

gza+-
მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, გრიბოედოვის ქუჩაზე სამუშაოები გრაფიკით 29 მარტს უნდა დამთავრდეს, თაყაიშვილის ქუჩაზე – 18 აპრილს, ხოლო ლერმონტოვის ქუჩაზე – 18 მაისს [საუბარია ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალის [ყოფილი კიროვაკანის] ქუჩებს შორის მონაკვეთებზე] პუშკინის ქუჩის სრული რეაბილიტაციის გრაფიკი კი ასეთია: ჯავახიშვილის ქუჩიდან თაყაიშვილის ქუჩამდე მონაკვეთი უნდა დასრულდეს 18 ივნისს, თაყაიშვილის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე – 15 აპრილს, მელიქიშვილის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთი კი – 30 აპრილს.

ქობულეთში სახანძრო-სამაშველოს შენობა გაიხსნა


დღეს, ქობულეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველოს შენობა გაიხსნა.

პროექტის ფარგლებში ორ სართულიანი შენობა გარემონტდა, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის ცნობით, უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. შენობაში 47 მეხანძრე-მაშველი და 6 თანამშრომელი იმუშავებს. ქობულეთს 6 სახანძრო და 2 სამაშველო ავტომანქანა მოემსახურება.

 


დღეს მეხანძრე-მაშველებმა სტუმრებისთვის სიმულაციური ჩვენება გამართეს. მათ სიმაღლიდან „დაზარალებულის“ სპეციალური საკაცით ჩამოყვანისა და სიმაღლიდან სწრაფი დაშვების ოპერაცია განახორციელეს.

გახსნას შსს-ს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დამუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ისევ დავით კვაჭაძე და დავით ქარცივაძე – უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

კომისიამ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად გამოცხადებულ ხელახალ კონკურსშიც არჩევანი იმავე კანდიდატურებზე გააკეთა და აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებად მთავრობის თავმჯდომარეს, არჩილ ხაბაძეს, ისევ დავით კვაჭაძისა და დავით ქარცივაძის კანდიდატურები წარუდგინა. მათგან ერთი მთავრობის თავმჯდომარემ დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოს უნდა წარუდგინოს.

უსკოს წევრის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კომისიამ არჩილ ხაბაძეს სოფიო კახაძის, რუსუდან მიქელაძისა და მამუკა ჯაშის კანდიდატურები წარუდგინა. მამუკა ჯაში უმაღლესი საბჭოს იმ წევრის – ირაკლი ჯაშის შვილია, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოამზადა კანონპროექტი, რომლითაც უსკოს თავმჯდომარის არჩევა შესაძლებლი გახდება უმაღლესი საბჭოს შვიდი წევრის მხარდაჭერით. უმაღლეს საბჭოში სულ 21-წევრია.

დავით კვაჭაძის კანდიდატურა უმაღლესმა საბჭომ ერთხელ უკვე ჩააგდო. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამჯერად ჯერ არჩილ ხაბაძე და შემდეგ უმაღლესი საბჭო, ახლო მომავალში გამოჩნდება.

რა დადგინდა გახმაურებული „ნარუშილოვკების“ საქმეზე

რა დაადგინა გამოძიებამ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის (სუს) უფროსის მოადგილის – ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებული „ნარუშილოვკების“ სკანდალის შემდეგ დაიწყო? – ხელისუფლებას ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურს. „ბათუმელებისთვის“ მოწერილ წერილში მთავარი პროკურატურა განმარტავს: „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის  მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე,  რომელიც  დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან. შესაბამისად, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას დავაკმაყოფილოთ  თქვენი  მოთხოვნა“.

„ახაგალგზრდა იურისტთა ასოციაციაში“ თვლიან, რომ ამ ინფორმაციის გასაჯaროვების შესაძლებლობა პროკურატურას აქვს: „ვინაიდან საკითხის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, მიზანშეწონილი იქნებოდა, პოკურატურას ამ მიმართულებით გატარებული საგამოძიებო მოქმედებების და შედეგის შესახებ ინფორმაცია მოეწდებინა“ – ამბობს „ახალგზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი.

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად  გამოყენების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება 2015 წლის 29 სექტემბერს დაიწყო. 28 სექტემბერს შსს-ს ყოფილმა თანამშრომელმა, საპატრულოს უფროსმა ლეიტენანტმა, გიორგი ბაბუნაშვილმა უწყებიდან წამოღებული ვიდეოკადრები გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, რომ შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ლევან იზორიას ძმა, სპეციალური საშვით, ე.წ. „ნარუშილოვკით“ სარგებლობს. საპატრულო პოლიციამ იგი ღერძულა ხაზზე დარღვევით მოძრაობისთვის გააჩერა.

„მომაწოდა ე.წ. სპეცსაშვი, რომელსაც ვეძახით „ნარუშილოვკას“ და ამის საფუძველზე იძულებული ვიყავი გამეშვა“, – აცხადებდა მაშინ გიორგი ბაბუნაშვილი. მისი თქმით, სპეციალური საშვები სამინისტროს მაღალჩინოსნებმა თავიანთ ნათესავებსა და მეგობარ გოგონებს დაურიგეს.

„ნარუშილოვკების“ სკანდალის მეორე დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გენერალურმა ინსპექციამ საქმეზე მოკვლევა დაიწყო. შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გენინსპექციამ მოკვლევა მას შემდეგ შეწყვიტა, როცა უწყების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის – ლევან იზორიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

ჯანმრთელობისა და განათლების სამინისტროების პროგრამების ანგარიში ხელვაჩაურში

2016 წლის 17 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016 წლის პროგრამებისა და 2015 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.

ანგარიშები მინისტრებმა – ნუგზარ სურმანიძემ და გიორგი თავამაიშვილმა წარადგინეს.

სამინისტროების ინფორმაციით: 2016 წელს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 7 პროგრამას და 20 ქვეპროგრამას ახორციელებს. სამინისტროს 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტი 11 306 170 ლარია.

2016 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კი განახორციელებს 9 პროგრამას და 15 ქვეპროგრამას. სამინისტროს ბიუჯეტი განისაზღვრა 41 869 800 ლარით.

პრეზენტაციას სოფლის ექიმები, თემის სამედიცინო პუნქტის მედდები, პედაგოგები, სკოლის დირექტორები, რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა შედარებითი კონფლიქტების კვლევაზე

სინგინუმის უნივერსიტეტის [სერბეთი, ბელგრადი] შედარებითი კონფლიქტების კვლევის ცენტრი [CFCCS] აცხადებს მიღებას შედარებითი კონფლიქტების კვლევის მეშვიდე საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად. საზაფხულო სკოლა მოიცავს ხუთ კურსს. მონაწილეს საშუალება ექნება აირჩიოს მხოლოდ ერთი.

საზაფხულო სკოლის სამუშაო ენა ინგლისურია.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კურსდამთავრებულ სტუდენტებს, ბაკალავრებს, საჯარო თუ კერძო სექტორის დაინტერესებულ წარმომადგენლებს.

საზაფხულო სკოლა გაიმართება სინგინუმის უნივერსიტეტის მედიისა და კომუნიკაციის ფაკულტეტზე, ბელგრადში, მიმდინარე წლის 27 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 25 მარტი.

„შაჰინის სკოლა-ლიცეუმი და ბავშვთა აკადემია“ აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2016-2017 სასწავლო წლისთვის

15 მარტიდან 15 აპრილამდე რეგისტრაციის შემთხვევაში მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება, 15 აპრილიდან 31 მაისამდე რეგისტრაციის შემთხვევაში კი – 10%-იანი ფასდაკლება.

რატომ უნდა აირჩიოთ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი?

  • სკოლის ნათელი და სუფთა შენობა, მოსწავლეთა კვება, მრავალფეროვანი მენიუ, ბავშვთა ექიმი, გამოცდილი, დისციპლინირებული ადმინისტრაცია და პედკოლექტივი, 24-საათიან რეჟიმში ჩართული 60 ვიდეოკამერა – თქვენი შვილების ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში აღზრდის საწინდარია.
  • პირველი კლასიდან მოსწავლეებს უტარდებათ ინგლისური ენის, კომპიუტერის, მუსიკის, ცეკვის, ჭადრაკისა და ტანვარჯიშის გაკვეთილები, მესამე კლასიდან თურქული, მეხუთე კლასიდან კი რუსული ენის გაკვეთილები.
  • სკოლა-ლიცეუმის კურსდამთავრებულები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემთხვევაში სარგებლობენ 50%-იანი შეღავათით/ფასდაკლებით.
  • სკოლა უწევს ორგანიზებას მოსწავლეთა გამგზავრებას ამერიკისა და ინგლისის საზაფხულო სკოლებში.
  • ტარდება საერთაშორისო დონის – KET, PET, FCE, CAE, SAT  და YOS – უფასო კურსები.
  • სკოლა-ლიცეუმში სწავლება მიმდინარეობს 9:00 საათიდან 15:30 საათამდე, დაწყებით კლასებში 18:00 საათამდე ფუნქციონირებს ფასიანი გახანგრძლივებული ჯგუფი.

შაჰინის ბავშვთა აკადემია

  • სკოლამდელი აღზრდის ჯგუფში მეცადინეობა ითვალისწინებს ბავშვების პირველი კლასისათვის მომზადებას, სასწავლო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. ისწავლება ინგლისური ენა, ჭადრაკი, ხატვა, მუსიკა.
  • ყველა საკლასო ოთახი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, კომპიუტერებითა და პროექტორებით.
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს 20015 წლის 4 სექტემბრის #38 გადაწყვეტილების საფუძველზე, შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმს მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით.
  • ბავშვთა აკადემიაში ბავშვები მიიღებიან 3 წლის ასაკიდან.

1დაგვიკავშირდით დღესვე!

„შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი“
ტელ.: 24 81 09; მობ.:  555 10 97 41
მის:  ბათუმი, ბაგრატიონის 117

 

რ.შაჰინის-სახელობის-სკოლა-ლიცეუმი-2-infobatumi

sashin-skola-liceumi-batumi-8-INFOBATUMI

sashin-skola-liceumi-batumi-5-INFOBATUMI

sashin-skola-liceumi-batumi-1-INFOBATUMI

რ.შაჰინის-სახელობის-სკოლა-ლიცეუმი-26-infobatumi

12596158_502844036589971_795859595_n

რ.შაჰინის-სახელობის-სკოლა-ლიცეუმი-9-infobatumi

12596158_502844039923304_1501710899_n

რ.შაჰინის-სახელობის-სკოლა-ლიცეუმი-7-infobatumi

 

“უთხარი არა გადაწერას” – ღონისძიება საავტორი უფლებების დასაცავად

19 მარტს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საავტორო უფლებების დაცვისადმი მიძღვნილი ღონისძიება “Artიდეა” გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში, შაბათს, 10:00-დან 20:00 საათამდე, უნივერსიტეტის როგორც შიდა, ისე გარე ტერიტორიაზე პროექტში მონაწილეობის მსურველები მათთვის სასურველ ადგილას განთავსდებიან და დაიწყებენ მიცემული დავალების შესრულებას. დავალება კი მარტივია, – მონაწილეებმა უნდა დაწერონ ჟიურის მიერ შერჩეულ აქტუალურ ან მათ მიერ შერჩეულ ნებისმიერ საკითხზე ნაშრომი – სტატია, იდეა, ბიზნესგეგმა და სხვა.

როგორც პროექტის ორგანიზატორი ნიკოლოზ ბაძაღუა ამბობს, პროექტს ეყოლება ჟიური, მაგრამ მას არ ექნება კონკურსის სახე, რადგან ჟიური თანხმდება იმაზე, რომ ყოველი ნაშრომი ეკუთვნის ინდივიდს, რომლის აზრი ყველა შემთხვევაში საინტერესო და პატივსაცემია.

ღონისძიების მიზანია საავტორო უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და დაცვა. ასევე, გამყარება თვითრწმენის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას თვითონ და არ იყოს პლაგიატორი. უმთავრესი მიზანი კი არის იდეის დაფინანსება.

საორგანიზაციო ჯგუფის სურვილია მოიძიონ ინვესტორები, რათა საჭიროების შესაბამისად რეალობაში განხორციელდეს მონაწილის იდეა.

 

 

 

შსს-მ სარფში 83 აბი „ექსტაზი“ ამოიღო

შსს-ს ინფორმაციით „აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული, ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე ელნურ ბ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 83 აბი და აბის 3 ნატეხი „ექსტაზი“ ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს“.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

რძის პროდუქტი სოფლიდან ბაზრამდე

ბათუმში, სავაჭრო ცენტრ „ბონში“, ყველი და რძის სხვა პროდუქტები დროებით, ხილის სექციაში გაიყიდება. მიზეზი ყველის სექციის განახლებაა, რომელიც იზოლირებული იქნება. სექციას მოემსახურება ცალკე ლიფტი. ყველი და რძის სხვა პროდუქტები სექციაში ამ ლიფტით მოხვდება და ისინი მხოლოდ მაცივრებიდან გაიყიდება. სავაჭრო ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით, მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორია, შემოტანილია მაცივრები და თითო მოვაჭრისთვის თითო მაცივარია გათვალისწინებული.

რძის პროდუქტების უვნებლობაზე, რომლებიც სავაჭრო ცენტრში იყიდება, პასუხისმგებელი, კანონით, არის როგორც ბიზნესოპერატორი, ასევე, ცენტრის ადმინისტრაციაც. საქართველოს კანონმდებლობით რძე და რძის ნაწარმი, რომელიც ქსელში იყიდება, უვნებლობასთან ერთად მიკვლევადიც უნდა იყოს. ადმინისტრაცია მოვაჭრეებისგან ამ ეტაპზე პროდუქტზე მხოლოდ „ფორმა-2“-ს ითხოვს, რომელსაც ვეტერინარი გასცემს. ყველი ბაზარზე, როგორც აჭარის, ასევე ქვეყნის სხვა რეგიონებიდანაც ხვდება. საჭიროების შემთხვევაში კი, პროდუქტის ლაბორატორიულად გამოკვლევაც ხდება აუცილებელი.

თუ კანონი დღეს ბიზნესოპერატორების გაკონტროლებას ითვალისწინებს, ფერმერს, რომელიც ოჯახის პირობებში აწარმოებს რძის პროდუქტებს, სახელმწიფო 2020 წლამდე ვერ გააკონტროლებს. რა პირობებში მზადდება ყველი და დაცულია თუ არა რძის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები?

ალექსანდრე ივანაძეს, რომელიც შუახევში ცხოვრობს და რძის ნაწარმს საოჯახო პირობებში ამზადებს, პროდუქტები ბაზარზე, მართალია, არ გააქვს, მაგრამ დაბაში მეზობლები რძესა და რძის ნაწარმს მისგან ყიდულობენ.

„იციან, რომ სუფთად და ნატურალური რძისგან ვამზადებთ ყველს, მაწონს, ნადუღს და ვისაც რა უნდა, მიაქვს. ერთი მეწველი ფურით დავიწყე საქმიანობა და ახლა ცხრა სული მყავს. მინდოდა გაფართოვება და სახელმწიფოს მიერ შემოყვანილი პირუტყვის მოყვანა, მაგრამ მოვიდნენ, შეამოწმეს სადგომი და მითხრეს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებსო. მეურნეობის გაფართოებას მაინც ვაპირებ, ამიტომ გადავწყვიტე ახალი სადგომი და მინისაწარმო ავაშენო, რომელიც ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს, ხალხს გამოადგეს და მეც ერთი ორი კაპიკი გავაკეთო“, – ამბობს ალექსანდრე ივანაძე.

რძის პროდუქტების უვნებლობის საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ქართული პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის შესაძლებლობა გაჩნდა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯამბულ აბულაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ „ევროპასთან დაახლოება გულისხმობს იმ ღირებულებებისა და სტანდარტების დამკვიდრებას, რაც ევროპულ ოჯახშია. კონკრეტულად რძის წარმოების [თუმცა არა მხოლოდ რძის] კუთხით კი, ევროპაში მოქმედებს ჰასპის სისტემა, რაც განსაკუთრებული ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვას გულისხმობს, უვნებელი პროდუქციის წარმოების მთელი ციკლის განმავლობაში“.

ჯამბულ აბულაძის განცხადებით, რეგიონში რძის წარმოების განვითარების კუთხით მთელი რიგი ხელშემშლელი ფაქტორები არსებობს, მათ შორის საკვებწარმოება, დაბალპროდუქტიული ჯიშის პირუტყვი და სხვა.

სამინისტროს მონაცემებით, რეგიონში 90 ათასი სული მსხვილფეხა პირუტყვიდან 44 ათასზე მეტი ფურია, თუმცა მათ მაღალპროდუქტიული ჯიშებით ჩანაცვლებას სახელმწიფო თავის თავზე ვერ აიღებს და პროგრამები, რასაც სამინისტრო ახორციელებს, სადემონსტრაციო ხასიათს ატარებს – ფერმერთა ცნობიერების გაზრდას ემსახურება.

„9-10 სული პირუტყვით მუშაობის ეფექტიანობა და პროდუქტიულობა ძალიან მცირეა. იმდენად, რომ ამას რენტაბელურ წარმოებად ვერც კი განვიხილავთ. უბრალოდ, აქ არის თვითდასაქმების მომენტი. თუმცა პერსპექტივა აქვს დარგს, რაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ჩამოყალიბებას გულისხმობს.

„ცალკეულ ფერმერთა ინდივიდუალური საქმიანობა ნამდვილად არარენტაბელურია, არ არის შესაბამისი ცოდნაც, სადგომები არ შეესაბამება სტანდარტებს, ზოგადად, რესურსები არის მწირი და აჭარის რეგიონი სწორედ ამ რესურსების გაერთიანებით, ფერმერთა კოოპერატივების ჩამოყალიბების გზით უნდა განვითარდეს“, – აცხადებს ეკონომიკის სპეციალისტი დავით არძენაძე.

აჭარაში 72 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგულია, რომლის ნახევარზე მეტი, 37 ათასი ჰექტარი, საძოვრებია, უმეტესად ალპურ ზონაში. „დგას საკითხი ამ საძოვრების გაკულტურების, მათი პროდუქტიულობის გაზრდის. სამინისტრო უკვე ამუშავებს შესაბამის პროგრამას და მოხდება საძოვრების [მცენარეული საფარის] განახლება მონაცვლეობითი ძოვებით, შეთესვისა თუ სხვა გზით. ესეც მნიშვნელოვანი დახმარება იქნება ადგილობრივი ფერმერებისთვის“ – ამბობს როინ აბულაძე.

ფერმერებისგან განსხვავებით, რძის გადამამუშავებელი საწარმოები, რომლებსაც 2017 წლის პირველი იანვრისთვის არ ექნებათ ჰასპის სტდანარტები დანერგილი, საქმიანობას ვეღარ გააგრძელებენ.

ბათუმელი ელგუჯა ბარამიძე ერთ-ერთია, ვინც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ რძის გადამამუშავებელ საწარმოს მალე აამუშავებს. ის ეტაპობრივად ჰასპის სისტემის დანერგვასაც გეგმავს. საწარმო რძეს აჭარაში მოქმედი რძის შემკრები პუნქტებისგან მიიღებს. შესაბამისად, სტანდარტების დაცვას კანონმდებლობა ამ პუნქტებსაც მოსთხოვს.

„ჰასპის სისტემის დანერგვამდე აუცილებელია წარმოებისა და ჰიგიენის სანიმუშო ნორმებისა და სტანდარტების დანერგვა, რაც უამრავ კომპონენტს მოიცავს – შენობის ინტერიერიდან დაწყებული, პერსონალის ქცევის წესების ჩათვლით. უმთავრესია მეწარმეებმა გაითავისონ ამ სისტემების დანერგვის აუცილებლობა. დღეს კი მხოლოდ იძულებითი მოტივაცია გვაქვს, ჯარიმებისა და საქმიანობის დროებით შეჩერების სახით… ჰასპის სისტემას ნერგავენ კონკრეტრული საკონსულტაციო კომპანიები. სისტემის დანერგვას კი 6 თვე სჭირდება. აქედან ძირითადი დრო მეწარმეების ფსიქოლოგიის შეცვლას ეხება“, – ამბობს დავით არძენაძე.

ევროპული ბაზარი ქართული რძისა და რძის პროდუქტებისთვის შესაძლოა შორეული პერსპექტივა იყოს. თუმცა, ევროსტანდარტები რძის წარმოებაში ნიშნავს ადგილობრივ ბაზარზე უვნებელი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს.

 

რატომ გაურბის ხელისუფლება ევროპის ენერგეტიკის გაერთიანებას

ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება საქართველომ სექტემბრამდე გადადო. „ხელისუფლება არ ამბობს, რომ არ უნდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პროცესს აჭიანურებს,“ – ამბობს გიორგი მუხიგულაშვილი – ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ მკვლევარი ენერგეტიკის საკითხებში.

ევროპული ენერგეტიკის გაერთიანების წევრობა ენერგეტიკის სფეროში ევროპული სტანდარტების ამოქმედებას და გარკვეული ვალდებულებების აღებას გულისხმობს. საქართველომ ამ გაერთიანებაში შესვლისთვის კანონმდებლობაში გარკვეული რეგულაციები უნდა აამოქმედოს, რაც არ მომხდარა და მიმდინარე წლის იანვარში ქვეყანამ ენერგეტიკულ გაერთიანებაში შესვლის გადავადება მოითხოვა.

„ხელისუფლება ასწრებს ამ ორგანიზაციის წევრობამდე ისეთ მშენებლობებზე გასცეს ნებართვები, რაც შემდეგ უკანონო იქნება და ვეღარ გააკეთებს,“ – აცხადებს დავით ჭიპაშვილი, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგებელი.

დისკუსია ამ თემაზე ბიოლის ფონდის მხარდაჭერით, დღეს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

„ახლა საუკეთესო გარემოა ელიტური კორუფციისთვის. მაგალითად, დარიალიჰესის მშენებლობა დაცულ ტერიტორიაზე დაიწყო ნებართვის გარეშე, შუახევის შემთხვევაში, ასევე არ არსებობდა ნებართვა და არსებობდა გეოლოგის კონკრეტული დასკვნა, რომ იმ კონკრეტულ ზონაში ჰესის მშენებლობა კატეგორიულად მიუღებელია. დარიალის შემთხვევას დღემდე პროკურატურა იძიებს, დაგვკითხეს ბევრჯერ, მაგრამ შედეგი არ ჩანს,“ – განაცხადა დავით ჭიპაშვილმა.

როგორც მომხსენებლებმა განმარტეს, თუ საქართველო ამ გაერთიანების წევრობას თავს აარიდებს, მას მაინც მოუწევს ვალდებულებების შესრულება, რადგან ასოცირების ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია.

გადაიხედება თუ არა ამ გაერთიანებაში შესვლის შემდეგ ის ხელშეკრულებები, რომლებიც ენერგეტიკის სფეროში მანამდე დაიდება? – „ბათუმელების“ ამ შეკითხვაზე ენერგეტიკის საკითხის მკვლევარმა გიორგი მუხიგულაშვილმა გვითხრა: „გადაიხედება მხოლოდ მემორანდუმები, რაც ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან არ იქნება თანხვედრაში“.

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი, დავით ჭიპაშვილი აქცენტს ასევე აკეთებს ენერგეტიკის სფეროში დაურეგულირებელ სატარიფო პოლიტიკაზე. მან დისკუსიის მონაწილეებს ის ხელშეკრულება აჩვენა, რომელიც „ხუდონჰესსა“ და ენერგეტიკის სამინისტროს შორისაა გაფორმებული: „ხელშეკრულება თავიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის სრულ ექსპორტს ითვალისწინებდა, თუმცა მასში 2015 წლის 9 სექტემბერს შევიდა ცვლილება და სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ ამ ჰესისგან ენერგიას თავად შეიძენს 10,5 ცენტად, ეს ძალიან მაღალი ფასია“.

2 მილიონამდე ლარი ფონდს, პლაჟები – სამინისტროს – ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილება

ბათუმის საკრებულომ 16 მარტს სხდომაზე თანხმობა მისცა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, კვარიათიდან მწვანე კონცხამდე მდებარე პლაჟების მონაკვეთები [2016 წლის ნოემბრამდე პერიოდით] უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სსიპ „ბათუმის ბულვარს“ სარგებლობაში გადასცეს.

„აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ბათუმის პლაჟების საზაფხულო სეზონისთვის მომზადებას, სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობასა და დამსვენებელთა მომსახურების ორგანიზებას,“ – აღნიშნულია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმის საკრებულოს წევრი პარტია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ჯაბა ბერიძე მიიჩნევს, რომ ბათუმის პლაჟების  გადაცემა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროზე არასწორია.

სსიპ „ბათუმის ბულვარი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის განცხადებით, ბათუმის მერია ბულვარს მხოლოდ მას შემდეგ დაიბრუნებს მართვაში, რაც ბათუმის ბულვარში მიმდინარე კაპიტალური პროექტები დასრულდება, არაუადრეს 2016 წლის ბოლომდე.

საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე ასევე მხარი დაუჭირა ბათუმის 2016 წლის ბიუჯეტიდან 2 მილიონზე მეტი ლარის ა(ა)იპ − ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში გადარიცხვას. ეს თანხა მიმდინარე წელს ბათუმის ბიუჯეტში ფეხბურთის მხარდაჭერისთვის იყო გათვალისწინებული.

საკრებულოს სხდომის ჩატარებამდე საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდმოარე  გიორგი კირთაძე აცხადებდა, რომ პრემიერ-მინისტრის დადგენილება წარმოადგენდა თხოვნას / რეკომენდაციას, რომელიც ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა პირდაპირ ბრძანებად მიიღო და ბიუჯეტში ცვლილების კანონპროექტი წარადგინა.

გაზეთი „აჭარა“ 95 წლისაა

გაზეთი „აჭარა“ 95 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს არის აჭარის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე გაზეთი. გაზეთის პირველი ნომერი რუსულ ენაზე გამოიცა – 1921 წლის 18 მარტს. მეორე დღესვე ქართულენოვანი ვერსია დაიბეჭდა. გაზეთს მაშინ „ფუხარა“ ერქვა, შემდეგ „საბჭოთა აჭარა“… გაზეთი „აჭარა“ დღეს კვირაში სამჯერ გამოდის, ხოლო რუსულენოვანი ჩანართი კვირაში ერთხელ გამოიცემა.

გაზეთის ისტორიაში იყო ბევრი კარგი და ცუდი დღეები – არსებობის 95 წლის მიუხედავად, გაზეთს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რა სტატუსი უნდა ჰქონდეს . გაზეთის დირექტორი ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ მისი გათავისუფლება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს შეუძლია. თითქმის მთელი საუკუნე გაზეთი სხვადასხვა მთავრობას ექვემდებარება. 2004 წლიდან გაზეთი შპს გახდა  [„გაზეთი აჭარა და ადჟარია“], სადაც 100-პროცენტიან წილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ფლობს. გამოცემის ბიუჯეტი წელს  230 ათასი ლარია. ეს ის თანხაა, რომელსაც რედაქცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან საშუალოდ,  ყოველწლიურად იღებს.

„ჩვენ არ გვიშლის ხელს ეს სტატუსი, რადგან საზოგადოებაზე ვართ ორიენტირებული. ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, ჩახედოს გაზეთს და ნახავს“, – უთხრა „ბათუმელებს“ მამუკა ბერიძემ, „გაზეთი აჭარა და ადჟარიას“ დირექტორმა.

ასე არ ფიქრობს გაზეთის მთავარი რედაქტორი: „არ შეიძლება გაზეთი იყოს მთავრობის, ან რომელიმე სახელმწიფო უწყების დაქვემდებარებაში. არ შეიძლება გაზეთის დირექტორს ნიშნავდეს და ათავისუფლებდეს აჭარის ეკონომიკის მინისტრი“, – ამბობს მარინა მითაიშვილი. ის წლების განმავლობაში და ახლაც გაზეთისთვის საზოგადოებრივი სტატუსის მინიჭების მომხრეა: „ეს გაზეთი რეგიონში მატეანის ფუნქციას ასრულებს. ამ გაზეთს აქვს თავისი, გამორჩეული ნიშა, რომელიც არ უნდა დაიკარგოს. საუკეთესო გამოსავალია, თუკი ეს გამოცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის სივრცეში მოექცევა“.

რატომ არ მოითხოვს სტატუსის შეცლას გაზეთი ოფიციალურად? – კითხვაზე მთავარმა რედაქტორმა გვიპასუხა, რომ ყველაფერი მასზე დამოკიდებული არ არის.

გაზეთის დირექტორი, ვინც რედაქციაში პირდაპირ მთავრობაზეა დამოკიდებული, პრობლემას ვერ ხედავს. „შესაძლებელია, რაიმე ფორმა მოვიფიქროთ და შემდეგ მივმართავთ გადაწყვეტილების მიმღებს პირებს“, – გვითხრა მამუკა ბერიძემ.

გაზეთი „აჭარა“ რედაქციის ძველი შენობის დაბრუნებას აღარ ელოდება. წლების წინ, გაზეთი პროკურატურას იმ შენობის უკანონო გასხვისების გამოძიებას თხოვდა, რომელიც მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარებს და იქ გაზეთი „აჭარა“ ათეული წლების განმავლობაში გამოიცემოდა. გაზეთმა ისტორიული შენობა 2009 წელს დატოვა. დღეს გაზეთის დირექტორი ამბობს, რომ საუბარი შენობის ირგვლივ დასრულებულია.

გაზეთ “აჭარას” წინაშე დღეს არსებული გამოწვევების მიუხედავად, ამ გამოცემას საზოგადოების განვითარებაში თავისი პოზიტიური როლიც აქვს შესრულებული.

პრემიერმა ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა

16 მარტს ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. საავადმყოფოს მშენებლობა 2018 წლის აპრილამდე უნდა დასრულდეს.

გიორგი კვირიკაშვილი არჩილ ხაბაძე
ფოტო: აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ფეისბუქ გვერდიდან

„საყოველთაო ჯანდაცვა ჩვენთვის არის პრიორიტეტი. ის, რომ ჯანდაცვა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ამავე დროს ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, კიდევ ერთხელ დასტურდება ამ ობიექტის გახსნით,“- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

„მნიშვნელოვანია, რომ ტურისტულ ქალაქს მსგავსი თანამედროვე სტანდარტების ახალი სამედიცინო დაწესებულება ექნება. ბათუმის რესპუბლიკურ-კლინიკურ საავადმყოფოს ბაზაზე იმუშავებს ასევე საუნივერსიტეტო კლინიკაც, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამედიცინო მეცნიერების განვითარებასა და ახალი კადრების შექმნას რეგიონში,“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ახალი, 170-საწოლიანი საავადმყოფოს მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერი 2015 წლის 22 ოქტომბერს დასრულდა. მასში ოთხი პრეტენდენტი მონაწილეობდა. ტენდერში, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 27 855 955 ლარი იყო, ყველაზე დაბალი შეთავაზება  22 172 764 ლარი დაფიქსირდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ყველაზე დაბალი შეთავაზების მქონე პრეტენდენტი ტენდერის დასრულების მეორე დღესვე გამარჯვებულად დაასახელა.

საავადმყოფოს მშენებლობაზე ტენდერი შპს „სტადიონმა“ გამოაცხადა, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროა. მშენებლობა 2015-2018 წლების ბიუჯეტიდან დაფინანსდება. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის პირველ აპრილამდე პერიოდი.

 

პრემიერ-მინისტრი ვაჟა-ფშაველას N13-ზე

„დიდი ბოდიში უნდა ვუთხრა არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაგრამ ჯერ არ გავცნობივარ წერილს. რადგან თქვენ მომმართეთ, აუცილებლად გავეცნობი“, – ასე უპასუხა ბათუმში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ბათუმელების“ შეკითხვას  – დაინტერესდა თუ არა პრემიერი აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნგრევას უკავშირდება.

ამ პრობლემების შესახებ იმ ღია წერილშია საუბარი, რომლითაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერ-მინისტრს 2016 წლის 10 მარტს მიმართა. მაგალითად, ბათუმში, ვაჟა-ფშაველას N13-ში მდებარე შენობის უკანონო დემონტაჟს ხელისუფლებამ 7 თვის განმავლობაში ხელი ვერ შეუშალა, ხოლო 8 მარტს, განადგურებული ძეგლის ადგილას, ახლის შენება ასევე უკანონოდ გააგრძელა კომპანიამ „სლავა 2015“-მა, რომელსაც ხელისუფლებამ ასევე ვერ შეუშალა ხელი.

პრემიერ-მინისტრმა დღეს ბათუმში რესპუბლიკური საავადმყოფოს  მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. მან ასევე მოინახულა Porta Tower-ის მშენებლობა და ბათუმის დრამატული თეატრის სარებილიტაციო სამუშაოები. გიორგი კვირიკაშვილი ასევე დაესწრო ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გახსნას.

პრემიერ-მინისტრი ბათუმშია

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბათუმში დღეს რამდენიმე ობიექტს მოინახულებს. ამჟამად პრემიერი სასტუმრო-საცხოვრებელ კომპლექსს Porta Toewer-ის მიმდინარე სამუშაობს ეცნობა. ამ კომპლექსის მშენებლობა ზაფხულში უნდა დასრულდეს.

13 საათსა და 20 წუთზე გიორგი კვირიკაშვილი ბათუმის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა, რის შემდეგაც იგი ბათუმის ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მნშენებლობას ჩაუყრის საფუძველს.

14 საათზე პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ბაგრატიონის ქუჩაზე საუნივერსიტეტო, სამედიცინო კლინიკას  გახსნის.

ნათია ფანჯიკიძის მოხსენება – თაობათა ურთიერთობა [ვიდეო]

13 მარტს, “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა თემაზე: თაობათა ურთიერთობა.
მოხსენება ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ გააკეთა. მან  აუდიტორიის კითხვებსაც უპასუხა.

ბსუ-ს სტუდენტები რექტორს საჯარო შეხვედრაზე შეუთანხმდნენ

 

დღეს, 15 მარტს, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, მერაბ ხალვაშთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართა.

საინიციატივო ჯგუფში იყვნენ ის სტუდენტები (ნაწილი), რომლებმაც 11 და 14 მარტს ბსუ-ს წინ საპროტესტო აქციები მოაწყეს. ისინი მოითხოვდნენ უნივერსიტეტის რეალურ ავტონომიას და სოლიდარობას უცხადებდნენ თსუ-ში თავისუფალი სტუდენტების აქციის მონაწილეებს.

შეხვედრაზე მხარეების შეთანხმების შედეგად დაიგეგმა საჯარო შეხვედრა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, სტუდენტურ თვითმმართველობასა და თავად მერაბ ხალვაშთან.

მორიგი შეხვედრა ჩაინიშნა ორშაბათს, 21 მარტს, 16:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში.

საინიციატივო ჯგუფის წევრები და რექტორის მოვალეობის შემსრულებელი შეხვედრაზე იწვევენ ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც აქვს კითხვები, შენიშვნები ან შეთავაზებები უნივერსიტეტის საქმიანობასთან თუ მის აკადემიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით.

მერაბ ხალვაშმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მას, ამ პოზიციაზე ყოფნის პერიოდში, არ სმენია პრეტენზია/საჩივარი უნივერსიტეტის აკედემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალისგან რაიმე ტიპის ზეწოლაზე ან ზეწოლის მცდელობაზე გარე ძალების (მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების) მხრიდან.

„მოვუწოდებთ ყველას, ლექტორებს, სტუდენტებს, ადმინისტრაციულ პერსონალს, ყველას, ვისაც გქონიათ შეხება, ვისთვისაც მოუთხოვიათ ძალოვან სტრუქტურებს ინფორმაციის გადაცემა, ვისაც გინახავთ იარაღით შემოსული ენრიკო დევაძე უნივერსიტეტის ეზოში, ვისაც გაწუხებთ უნივერსიტეტის პრობლემები, ის რომ უამრავი საჭიროების ფონზე ფულები იხარჯება გასართობ ღონისძიებებზე, ის რომ სტუდენტებს შორის არიან პრივილიგირებულები, – მოდით შეხვედრაზე, საჯაროდ ხმამაღლა თქვით ამაზე, ეს არ წარმოადგენს საფრთხეს, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთი დავიცვათ უკეთესი, უფრო უსაფრთხო და თავისუფალი უნივერსიტეტისთვის”, – ამბობს საინიციატივო ჯგუფის წევრი თამარ ბაუჟაძე.

 

გარემოს დაცვის სამმართველოს „დილემა“ უფროსის უკანონო ბრძანების გამო

აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ განმარტებისთვის უზენაეს სასამართლოს მიმართა. საუბარია სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც უწყებამ უკანონოდ გათავისუფლებული ორსული ქალი სამსახურში უნდა დააბრუნოს. სამმართველოს უფროსის, ვახტანგ წულაძის ხელმოწერილი ბრძანება ყველა ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ ცნო.

„სამმართველო დილემის წინაშე დადგა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს იურისტმა რაულ აბუსერიძემ: „საქმე იმაშია, რომ თანამდებობა, რომელზეც ეს პირი მუშაობდა, გაუქმებულია და არც ახალი საშტატო ერთეული გვაქვს, სადაც შესაძლებელი იქნება მისი სამსახურში აღდგენა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ იყო მითითებული მექანიზმი, თუ როგორ უნდა აღსრულდეს იგი. ამ კუთხით სასამართლო პრაქტიკა აქამდე არ არსებობდა, რომ გვეხელმძღვანელა“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ კი მიიჩნევენ, რომ უზენაესი სასამართლოს კომპეტენცია არ არის და ვერ ეტყვის ადმინისტრაციულ ორგანოს, როგორ აღასრულოს მან გადაწყვეტილება.

„სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტული პირი უკანონოდ გაათავისუფლეს და ის უნდა აღდგეს სამსახურში. გარემოს დაცვის სამმართველოს თავად უნდა შეეტანა ცვლილება წესდებაში, ან დებულებაში და დაეშვა შტატი, ან უკანონოდ გათავისუფლებული პირი დაესაქმებია ტოლფას თანამდებობაზე,“ – ამბობს საიას იურისტი, ანა მდინარაძე.

როგორც გარემოს დაცვის სამმართველოს იურისტმა გვითხრა, ისინი მინიმუმ ერთ თვეს დაელოდებიან უზენაესი სასამართლოს განმარტებას. შესაბამისად, იზრდება განაცდურის თანხა, რომელიც უკანონოდ გათავისუფლებულმა პირმა უნდა მიიღოს. ამ დროისთვის ვახტან წულაძის უკანონო ბრძანების გამო ბიუჯეტიდან უკვე 20 ათასზე მეტი ლარია გადასახდელი.

სამსახურიდან გათავისუფლებამდე ფეხმძიმე ქალმა სამმართველოს უფროსს, ვახტანგ წულაძეს, 2014 წლის იანვარში მიმართა წერილით და თანამშრომელი სექსუალურ ძალადობაში ამხილა. უფროსის რეაგირება ორსულის გათავისუფლებაში გამოიხატა – მას ვახტანგ წულაძემ საჯარო სამსახურის დისკრედიტაციაში დასდო ბრალი.

Exit mobile version