მთავარი,სიახლეები

სახელმწიფო სამსახური, სადაც ყველა უფროსია

19.03.2016 • 1487
სახელმწიფო სამსახური, სადაც ყველა უფროსია

სახელმწიფო ორგანო, სადაც ყველა უფროსი გამოდის, აჭარის უმაღლესი საბჭოა. 21-კაციან საკანონმდებლო ორგანოში ორი დეპუტატის გარდა ყველა თანამდებობაზეა. დეპუტატებს – ეკატერინე თარგამაძესა და მიხეილ მჟავანაძეს თანამდებობა სავარაუდოდ აღარც მოუწევთ, რადგან საბჭომ ამ მხრივ ყველა ლიმიტი ამოწურა. ვაკანტური ამჟამად მხოლოდ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტია. უმაღლეს საბჭოში ფრაქციების შექმნის მაქსიმუმიც შეივსო. კანონის მიხედვით, ერთ ფრაქციაში 3 წევრი მინიმუმ უნდა იყოს. უმაღლეს საბჭოში უკვე 7 ფრაქციაა.

მეშვიდე ფრაქცია – „თანასწორობა“ უმაღლეს საბჭოში რამდენიმე დღის წინ დარეგისტრირდა. „ჩვენი მიზანი იყო ოპოზიციური ფლანგის გაძლიერება“, – ამბობს ფრაქციის თავმჯდომარე ასმათ დიასამიძე. ამ დეპუტატმა მურმან ბერიძესთან ერთად „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი ფრაქციის შექმნის მიზეზით დატოვა. ფრაქციის მესამე წევრი დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე გახდა, რომელიც ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარეა და მისგან თანამდებობის დატოვებას პროტესტის ნიშნად ასმათ დიასამიძე 2014 წელს ითხოვდა. მაშინ მედეა ვასაძე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა.

„ეს პოლიტიკაა, პოლიტიკა“, – ასე პასუხობს ასმათ დიასამიძე დღეს „ბათუმელების“ კითხვას – რატომ არ არის ხელშემშლელი ფაქტორი ფრაქციის შექმნის დროს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ჩაწერილი „საერთო პოლიტიკური შეხედულებების“ მოთხოვნის უგულებელყოფაზე დეპუტატები თანხმდებიან.
უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 34-ე მუხლში წერია: „ფრაქცია არის უმაღლეს საბჭოში საქმიანობის კოორდინაციის მიზნით საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საბჭოს წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება“.

დაახლოებით ერთი წლის წინ ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ანზორ თხილაიშვილი პარტია „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა. ფრაქციაში ორი წევრი დარჩა, რაც აღარაა საკმარისი პირობა მისი არსებობისთვის. „თავისუფალი დემოკრატების“ ორი დეპუტატი – სულხან ღლონტი და თემურ კახიძე, ასევე განსხვავებული ხედვების მქონე, „ოცნებიდან“ წამოსულ დამოუკიდებელ დეპუტატ – ჯემალ ფუტკარაძესთან გაერთიანდნენ და ფრაქციას სახელი შეუცვალეს – „დემოკრატიული აჭარა“.

ამ პროცესებამდე უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობაც“ ორ ფრაქციად გაიშალა და იმავე პარტიის წევრებით დაკომპლექტებულ მეორე ფრაქციას „მაჟორიტარები“ დაარქვეს. ფრაქციების შექმნის შანსი არც „ქართულმა ოცნებამ“ გაუშვა ხელიდან. ეს პოლიტიკური ძალა საბჭოში სამ ფრაქციად არის დანაწილებული.

უმაღლესმა საბჭომ უკვე გამოყო ბიუჯეტი ახალი ფრაქცია – „თანასწორობისთვის“. ერთი ფრაქციის შენახვა ბიუჯეტიდან მინიმუმ 108 ათასი ლარი ჯდება. ამას ემატება ავტომანქანისა და საწვავის ხარჯი, რომელიც თითოეულ ფრაქციას ემსახურება.

17198

დეპუტატები ირწმუნებიან, რომ ფრაქცია ოპოზიციურ ფლანგს გააძლიერებს და დემოკრატიულ პროცესს უწყობს ხელს, თუმცა ისინი ვერ გვისახელებენ, რა კონკრეტული შედეგი მოგვცა ამდენმა ფრაქციამ, ან რა ბერკეტი ჩნდება ოპოზიციის ხელში ფრაქციის შექმნით.

„გუშინ შევქმენით ეს ფრაქცია და გვადროვეთ. ჯერ კონკრეტული ინიციატივა არ გვაქვს, მაგრამ ვიმუშავებთ ადამიანის უფლებების, გენდერის მიმართულებით“, – ამბობს ფრაქციის „თანასწორობის“ ხელმძღვანელი ასმათ დიასამიძე. ფრაქციის შექმნის მთავარ მიზეზად მან ბიუროში დამატებით ერთი ხმის უფლების მოპოვება დაგვისახელა, თუმცა ვერ დაგვისაბუთა, რას ცვლის დამატებითი ხმა, როცა ბიუროში ახლა უკვე ოპოზიცია და მმართველი პოლიტიკური ძალა 7-7-ზეა წარმოდგენილი და ხმების გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ხმა იქნება. ახალი ფრაქციის ხელმძღვანელს მივლინების იმედი აქვს. „ჯერ არ ყოფილა ასეთი სხდომა, ოცნებიდან შვიდივე წევრი ესწრებოდეს ბიუროს. ესენი სულ მივლინებებში დადიან“.

ასმათ დიასამიძის ხელფასი ხელზე ასაღებად, სხვა ფრაქციების ხელმძღვანელების მსგავსად, 3700 ლარი იქნება. ასმათ დიასამიძეს ასევე გამოუყეს 2011 წელს გამოშვებული „მიცუბიში“. „გაცილებით ძვირადღირებული მანქანა ისედაც მყავდა – 2013 წელს გამოშვებული „ნისანი“, თავად ვატარებ. ახლა იმითაც ვივლი და ამითაც. სადაც არ იქნება სასურველი სახელმწიფო მანქანის გამოჩენა, იქ საკუთარი მანქანით წავალ“, – ამბობს დეპუტატი.

„არავითარი კომფორტი არ არის ფრაქციის შექმნაში“, – აცხადებს ფრაქციის „დემოკრატიული აჭარა“ ხელმძღვანელი სულხან ღლონტი: „მარტო საქართველოში ხდება ასე, რომ ფრაქციას ხარჯებს უთვლიან და ამაზე კეთდება აქცენტი. გერმანიიდან ახლახან ჩამოვედი და იქ რეგიონულ პარტიებს საკანონმდებლო ორგანო აფინანსებს. ფრაქციის შექმნა აძლიერებს პოლიტიკურ სპექტრს. გარდა ამისა, ამ ფრაქციის საფუძველზე გვაქვს საშუალება, ჩვენი პარტიის რაღაც ნაწილი აპარატის თანამშრომლებად ავიყვანოთ და ისინი აკეთებენ პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეს. ეს აისახება ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაზე“, _ უთხრა „ბათუმელებს“ სულხან ღლონტმა. რა იგულისხმება „მნიშვნელოვან საქმეში“? – კითხვაზე დეპუტატმა გვიპასუხა: „კვირაში სამ ბრიფინგს ვმართავთ მინიმუმ“.

ფრაქციის „დემოკრატიული აჭარა“ მომზადებულ ინიციატივებზე ფრაქციის მდივანი – თემურ კახიძე გვესაუბრა: „განხილვა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ჩვენი ინიციატივით შედის ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ცვლილება მუნიციპალიტეტისა და შსს-ს მიერ დაწესებული საურავების გათანაბრებას ითვალისწინებს. კიდევ ერთი ინიაციატივით კანონში „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ შევიდა ცვლილება. რითაც უმაღლესი საბჭოს წევრებს წყაროების გამხელის ვალდებულება აღარ გვაქვს .
„ფრაქციების შექმნა ოპოზიციის ბუნებრივი მოტივაციაა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ზამბახიძემ. მისი შეფასებით, ამდენი ფრაქციის არსებობა არ მიუთითებს ჯანსაღ პროცესზე, მაგრამ ოპოზიციას 4 ფრაქციის შექმნა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ აიძულა: „ქართული ოცნება“ დაიყო ხელოვნურად ფრაქციებად იმისთვის, რომ უმრავლესობა ჰქონოდა ბიუროში“.

პეტრე ზამბახიძე ვერ ასახელებს კონკრეტულ ინიციატივას, რაც „ნაციონალებიდან“ გამოყოფილმა ფრაქცია „მაჟორიტარებმა“ დაამუშავეს. „თვითმმართველობების კუთხით უმაღლეს საბჭოს არ აქვს უფლება საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელოს. ამ კუთხით ეს ფრაქცია ვერც იმუშავებდა“, – გვითხრა დეპუტატმა. მაშინ რისთვის შეიქმნა ფრაქცია, თუკი იგი ვერ იმუშავებდა? – ამ კითხვაზე პეტრე ზამბახიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მარტო საკანონმდებლო კუთხით არ უნდა შევხედოთ ფრაქციის აქტიურობას და ბიუჯეტის განხილვის დროს არაერთი შენიშვნა დააყენა ამ ოპოზიციურმა ფრაქციამ, რაც მუნიციპალურ პროგრამებს შეეხებოდა.

რაც შეეხება კოალიცია „ქართულ ოცნებას~, აქ არ მალავენ, რომ ფრაქციის აპარატი პარტიული აქტივის დასაქმების საშუალებაა: „ასეა, ამის უფლებას გვაძლევს კანონი და ვიყენებთ. ფრაქციას ეს ფუნქცია აქვს ყველგან~, _ უთხრა „ბათუმელებს~ ალეკო ჩიტიშვილმა, ფრაქცია „ქართული ოცნების~ თავმჯდომარემ.

„უმაღლესი საბჭო დაინტერესებულია მხოლოდ პრივილეგიების მიღებით“, – ასე აფასებს ამ პროცესს იურისტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე: „ერთი შეხედვით, შესაძლოა, ჩანდეს, რომ მრავალფეროვნებაა უმაღლეს საბჭოში, მაგრამ სინამდვილეში, ჩემი აზრით, ფრაქციების ასეთი სიუხვე დაკავშირებულია მხოლოდ კომფორტთან და პრივილეგიებთან. კანონის მიხედვით, ფრაქცია გულისხმობს ერთი და იმავე ღირებულებების, პოლიტიკური იდეების მქონე ადამიანების გაერთიანებას. ამ მოცემულობაში ფრაქციების შექმნა ეწინააღმდეგება თავად ფრაქციის შექმნის იდეას და ეს არის სრულიად ხელოვნური პროცესი. უმაღლესი საბჭოს მთავარი პრობლემა არის ის, რომ იქ ასაქმებენ პარტიის აქტივისტებს, ახლობლებს, ნათესავებს და არ მომხდარა კვალიფიციური კადრის შერჩევა. უმაღლესი საბჭო პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის, ის არის წარმომადგენლობითი ორგანო. როცა ყველა უფროსია, ნაკლებად დამაჯერებელი ხდება დეპუტატების საქმიანი მიდგომა იმ საკითხებზე, რაც მოსახლეობას აწუხებს და რის მოსაგვარებლადაც აირჩიეს დეპუტატები“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: