მთავარი,სიახლეები

რა დადგინდა გახმაურებული „ნარუშილოვკების“ საქმეზე

17.03.2016
რა დადგინდა გახმაურებული „ნარუშილოვკების“ საქმეზე

რა დაადგინა გამოძიებამ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის (სუს) უფროსის მოადგილის – ლევან იზორიას ძმასთან დაკავშირებული „ნარუშილოვკების“ სკანდალის შემდეგ დაიწყო? – ხელისუფლებას ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ სურს. „ბათუმელებისთვის“ მოწერილ წერილში მთავარი პროკურატურა განმარტავს: „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის  მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე,  რომელიც  დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენის გამო პირის სისხლისსამართლებრივ დევნასთან და სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან. შესაბამისად, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას დავაკმაყოფილოთ  თქვენი  მოთხოვნა“.

„ახაგალგზრდა იურისტთა ასოციაციაში“ თვლიან, რომ ამ ინფორმაციის გასაჯaროვების შესაძლებლობა პროკურატურას აქვს: „ვინაიდან საკითხის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, მიზანშეწონილი იქნებოდა, პოკურატურას ამ მიმართულებით გატარებული საგამოძიებო მოქმედებების და შედეგის შესახებ ინფორმაცია მოეწდებინა“ – ამბობს „ახალგზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი.

სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად  გამოყენების ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება 2015 წლის 29 სექტემბერს დაიწყო. 28 სექტემბერს შსს-ს ყოფილმა თანამშრომელმა, საპატრულოს უფროსმა ლეიტენანტმა, გიორგი ბაბუნაშვილმა უწყებიდან წამოღებული ვიდეოკადრები გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, რომ შსს-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ლევან იზორიას ძმა, სპეციალური საშვით, ე.წ. „ნარუშილოვკით“ სარგებლობს. საპატრულო პოლიციამ იგი ღერძულა ხაზზე დარღვევით მოძრაობისთვის გააჩერა.

„მომაწოდა ე.წ. სპეცსაშვი, რომელსაც ვეძახით „ნარუშილოვკას“ და ამის საფუძველზე იძულებული ვიყავი გამეშვა“, – აცხადებდა მაშინ გიორგი ბაბუნაშვილი. მისი თქმით, სპეციალური საშვები სამინისტროს მაღალჩინოსნებმა თავიანთ ნათესავებსა და მეგობარ გოგონებს დაურიგეს.

„ნარუშილოვკების“ სკანდალის მეორე დღესვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გენერალურმა ინსპექციამ საქმეზე მოკვლევა დაიწყო. შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გენინსპექციამ მოკვლევა მას შემდეგ შეწყვიტა, როცა უწყების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის – ლევან იზორიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: