Batumelebi | ვის ეკისრება პასუხისმგებლობა პედაგოგთა დაბალ კვალიფიკაციაზე ვის ეკისრება პასუხისმგებლობა პედაგოგთა დაბალ კვალიფიკაციაზე – Batumelebi
RU | GE  

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა პედაგოგთა დაბალ კვალიფიკაციაზე

2016 წლის იანვარში ჩატარებულ მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდებზე 10 552 პედაგოგი დარეგისტრირდა, თუმცა გამოცდაზე მხოლოდ 6 477 გავიდა. აქედან, დადგენილი ბარიერი – 60 პროცენტი, მხოლოდ 1101-მა პედაგოგმა გადალახა. პედაგოგთა 83 პროცენტი ჩაიჭრა. ანალოგიური ვითარება იყო გასული წლის ზაფხულში ჩატარებულ გამოცდებზე. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა პედაგოგთა დაბალი კვალიფიკაციის გამო და რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს სკოლაში? თემაზე „ბათუმელები“ განათლების პოლიტიკის დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს, რეზო აფხაზავს ესაუბრა.

ბატონო რეზო, პედაგოგთა უმრავლესობა, როგორც შედეგებმა აჩვენა, ვერ აბარებს გამოცდას იმ საგანში, რომელსაც სკოლაში ასწავლის. როგორ ფიქრობთ, მხოლოდ პედაგოგების არაკვალიფიციურობაშია პრობლემა, თუ ტესტებია არაადექვატურად შედგენილი, რაში ხედავთ თქვენ პრობლემას?

ტესტები მასწავლებლისა და საგნის სტანდარტზეა დაყრდნობილი. მასწავლებლები რასაც ასწავლიან, იმის გარშემოა ტესტიც. პედაგოგები უფრო სიღრმისეულად უნდა იცნობდნენ იმ საგანს, რომელსაც ასწავლიან. სხვა თემატიკა არ შემოდის ისეთი, რომელიც არ ეხება იმ საგანს, რომელსაც ასწავლიან და რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული. ანუ ტესტები რთული არ არის.

როგორც ვიცით, საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი იხარჯება პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, მაგრამ შედეგი მაინც ცუდია. თქვენ როგორც განათლების სპეციალისტი, რაში ხედავთ გამოსავალს?

ტრენინგები, რაც არ უნდა გრძელვადიანი ჩაუტარდეთ, არ შეცვლის სურათს, რადგან ეს არ აამაღლებს მათ აკადემიურ ცოდნას, რომლის მიზანია გარკვეული საგნის ან მეცნიერების შესწავლა. ეს არის უკვე არსებული ცოდნის გაღრმავება და მისი გამოყენება პედაგოგიურ პრაქტიკაში. თუ ადამიანმა საგანი არ იცის და უმაღლესი განათლების ფარგლებში არ აქვს ეს კომპეტენცია მიღებული, ვერანაირი ტრენინგი ვერ უშველის. რეალურად დღეს ეს პრობლემა დგას, რადგან პედაგოგები ვერ ფლობენ იმ საგანს, რომელსაც სკოლაში ასწავლიან.

ს იმის ბრალია, რომ, ვთქვათ, თავის დროზე უნივერსიტეტებმა ვერ მისცეს შესაბამისი განათლება ამ კადრებს, თუ შემდგომში ვეღარ შეძლეს თვითგანვითარება?

ეს ადამიანები სკოლებში მუშაობდნენ წლების განმავლობაში, მაგრამ მათ არავინ ამოწმებდა. სკოლები უყურადღებოდ იყო დარჩენილი, მიიკეტავდნენ კლასის კარებს და შემდეგ რას აკეთებდნენ, არავინ ამოწმებდა. როგორც კი დაიწყო ეს პროცესი, აღმოჩნდა, რომ პედაგოგების უმრავლესობა ვერ აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს. დადგა დრო იმის, რომ ბავშვების კეთილდღეობაზეც ვიზრუნოთ, რადგან სახელმწიფო, პირველ რიგში, ბავშვის ინტერესებს უნდა იცავდეს, მასწავლებლები იმისთვის გვჭირდება, რომ შესაბამისი განათლება მისცენ ბავშვებს. ისინი თუ ამას ვერ აკეთებენ, აბა რისთვის არსებობენ?

სწორედ ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე მინდა გკითხოთ, როგორც ვიცით, დღეს სკოლას არ აქვს პედაგოგის სკოლიდან გაშვების მექანიზმი, სახელმწიფო კი ამ პედაგოგებს გამოცდებში ჩაჭრის მიუხედავად, უფლებას აძლევს გააგრძელონ მუშაობა. ირღვევა თუ არა ამით იმ ბავშვების უფლება, რომლებსაც სკოლამ სრულფასოვანი განათლება უნდა მისცეს?

რა თქმა უნდა, ირღვევა, მაგრამ ამ პროცესის ინიციატორები მოსწავლეები ვერ იქნებიან – მშობლები და სკოლა უნდა ჩაერთოს. თუ ვხედავთ, რომ პედაგოგი ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ კომპეტენციას, დირექტორი ვალდებულია ის ადამიანი სკოლიდან გაუშვას. ჩემთვის ის პოლიტიკაც გაუგებარია, ხუთჯერ რომ აქვთ გამოცდაზე გასვლის შანსი. პედაგოგი 4-ჯერ რომ ვერ ჩააბარებს საგანს, რომელსაც ასწავლის, მეხუთედ კიდევ უნდა გაიყვანო? მით უმეტეს ეს ტესტები წლიდან-წლამდე ერთმანეთისგან არ განსხვავდება, მხოლოდ დავალებები იცვლება. ეს ვიცით სახელმწიფომ, საზოგადოებამ და შესაბამის რეაგირებას არ ვახდენთ, ეს არ არის ნორმალური.

როგორ უნდა მოხდეს რეაგირება, რადგან სამინისტროში და სკოლაშიც ხშირად ამბობენ, რომ თუ ამ კადრებს გაუშვებენ, სკოლა დარჩება პედაგოგების გარეშე…

ის პედაგოგი, ვინც გამოცდა ვერ ჩააბარა, უნდა გადაიყვანონ დროებით მოვალეობის შემსრულებლებად, ანუ ფაქტობრივად, უნდა იყვნენ გაშვების რეჟიმში და როგორც კი ახალი კადრი მოვა, ავტომატურად უნდა ჩაანაცვლონ. დღეს ახალი კადრი რომ მივიდეს სკოლაში, ადგილი არ არის. თუ ჩვენ საზოგადოება და სახელმწიფოც ვერ გავიაზრებთ ამ პრობლემის სიმწვავეს და რბილი პოლიტიკა იქნება გატარებული, არაფერი გამოვა. აქტიური ჩართულობა და რეალური რესურსების დახარჯვაა საჭირო, რომ ახალი და კარგი პედაგოგები მოვამზადოთ და ხუთ წელიწადში მაინც შევცვალოთ რეალობა.

 განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ ერთადერთი, რაც შეუძლიათ, არის დახმარება. როგორ უნდა დაეხმარონ, რა მექანიზმს ხედავთ?

ჯერ ერთი, ამ პედაგოგებიდან ბევრი არის საპენსიო ასაკის და ხელფასთან ერთად იღებენ პენსიასაც. ერთადერთი, რაც სახელმწიფოს შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ გამონახოს სახსრები და იმ შემთხვევაში, თუ დატოვებენ სამუშაოს, გარკვეული დროით კომპენსაცია გადაუხადონ. მაგრამ სოციალური გარანტიების ფონზე არ უნდა გავიდეს სისტემიდან იმდენი მასწავლებელი, რომ მერე ამან საკადრო დეფიციტი შექმნას. გამოსავალი ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენი ბავშვების მომავლისთვის ეს უნდა გავაკეთოთ. თუ საზოგადოებრივი ძალების კონსოლიდირება მოხდება და დაიწყება ამაზე ფიქრი, უკეთესი გამოსავალიც გამოჩნდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com