მთავარი,სიახლეები

„ეს შენ გეხება“- აქციის მონაწილეთა მოთხოვნები

19.03.2016 • 1361
„ეს შენ გეხება“- აქციის მონაწილეთა მოთხოვნები

დღეს ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია „ეს შენ გეხებას“ მონაწილეებმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტის გამოძიება და კანონმდებლობის გამკაცრება მოითხოვეს:

გიორგი ხიმშიაშვილი, საიას აჭარის ოფისის თავმჯდომარე: „ჩვენ შევუერთდით „ეს შენ გეხებას“ აქციას, რომელიც გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულებას პირადი ცხოვრების დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ არას ვუცხადებთ ამ პროცესებს, რაც უნდა იყოს ხელისუფლებისთვის გზავნილი, რომ მათ მომავალში უფრო მეტად დაიცვან და გაუფრთხილდნენ ადამიანების პირად ცხოვრებას და თავისუფლებას. ჩვენი ძირითადი სამი მოთხოვნაა: იმ ფაქტების გამოძიება რაც შეეხება პირადი ცხოვრების ხელყოფას; ვითხოვთ კანონმდებლობის გამკაცრებას და დასჯის მექანიზმების უფრო მეტი სიმკაცრით ამოქმედებას; ამასთან, ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს იმ სისტემის სრულყოფისთვის, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებასა და თავისუფლებას.“

მარი ზაქარაძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ კოორდინატორი: „მე, როგორც ერთი მოქალაქე, ვაპროტესტებ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. მიმაჩნია, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება არის ხელშეუხებელი და არავის აქვს უფლება უთვალთვალოს და შემდეგ ამით დააშინოს და დაატეროროს ადამიანი, განურჩევლად მისი სტატუსისა.“

დავით ბერიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი მონიტორინგი“: „ეს ჩვენ ყველას ერთად გვეხება და ეს უნდა იყოს ერთგვარი მესიჯი ხელისუფლების მისამართით, რომ საზოგადოება კვლავ გამოხატავს პროტესტს და უნდობლად არის განწყობილი, საზოგადოება მივიჩნევთ, რომ ჩვენ კვლავ გვისმენენ.“

თემურ კახიძე, უმაღლესი საბჭოს წევრი „თავისუფალი დემოკრატებიდან“: „ჩვენ ვითხოვთ თავისუფლებას, პიროვნულ თავისუფლებაზეა საუბარი. ეს მარტო შანტაჟი არ არის. ეს არის ტერორი და ჩვენ გვინდა ქართული საზოგადოება ტერორისგან გათავისუფლდეს. ჩვენ არ გვინდა შიშით ცხოვრება. შიშით აშენებული ქვეყანა არ არის ის ქვეყანა, რაც უნდა დავუტოვოთ მომავალ თაობას. ჩვენ გვინდა თავისუფლებაში ლაღად აშენებული ქვეყანა, რაც იქნება ჩვენი ქვეყნის გაძლიერების საფუძველი“.

მურმან დუმბაძე, პარლამენტის წევრი: „ეს უკავშირდება იმ უზნეო პრაქტიკას, რაც დამკვიდრებულია წინა ხელისუფლების ცვლილების დროს. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამბობს, რომ ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს. ვინც პოლიტიკაში ღრმად ჩახედულია, მან იცის, რომ ეს იყო უძველესი დროიდან მოყოლებული. მე კომუნისტური მთავრობის დროსაც ვცხოვრობდი და იმ დროსაც იყო თვალთვალი, მიყურადება და აგენტურული ქსელი. ასლან აბაშიძის დროს უამრავი აუდიოფაილი პირადად მე მაქვს ნანახი. აბაშიძის დროს სატელეფონო საუბრები ისმინებოდა, პირადად მე მისმენდნენ. აბაშიძის ხელისუფლების შემდეგ, როცა დროებითი საპრეზიდენტო საბჭო ჩამოყალიბდა, მეორე დღეს პირადად მე აღმოვაჩინე კომპიუტერში ეს ფაილები. სააკაშვილმა ტექნოლოგია შეცვალა და გადავიდა ვიდეომასალებზე. რაც გამოიყენებოდა ადამიანების დაშანტაჟებისთვის. საბადნიეროდ, სააკაშვილის დროს არ გვახსოვს, რომ ვიდეომასალები გამოქვეყნებულიყოს. ის ეუბნებოდა ადამიანებს – იმ შემთხვევაში, თუ ჭკუით არ იქნებით, მაშინ ვიდეომასალას გამოვაქვეყნებთო. ივანიშვილი-კვირიკაშვილის ხელისუფლებამ უფრო დახვეწა ეს ტექნოლოგია და ახერხებს იმას, რომ არამხოლოდ უსმენს და უთვალთვალებს, არამედ აქვეყნებს კიდეც.“

მადონა ბერიძე, „სამართლიანი არჩევნების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი: „ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, არ არის კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის პერსონებისკენ მიმართული, ეს არის მთლიანად საზოგადოების წინაშე არსებული საფრთხე. ჩვენ ვაპროტესტებთ იმას, რომ საქართველოში დღეს ისევ გვისმენენ. ჩვენი მოთხოვნაა, გამოძიება ბოლომდე მიიყვანონ, ამ პროცესებში ჩართონ საერთაშორისო ექსპერტები. ასევე მნიშვნელოვნად მივიჩნევთ იმას, რომ საკანონმდებლო ნორმა გაუმჯობესდეს და მიღწევადი გახდეს ის, რომ ჩვენს სახელმწიფოში პირადი ცხოვრება იყოს დაცული.“

გადაბეჭდვის წესი