შპს „გზამშენპროექტის“ ტექნიკურმა დირექტორმა ნუგზარ ნირიმანოვმა დღეს, 4 აპრილს, სასამართლოს ჩვენება მისცა. ეს კომპანია დღემდე ბათუმში, ჟილინის არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხის კონტროლს ახორციელებს. გამოძიება ამ საქმეზე მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილეს, არჩილ ვანაძეს და ხულოს გამგებლის მოადგილეს, ლაშა ბოლქვაძეს ედავება (ბოლქვაძე 2013 წელს, როცა ტენდერით გათვალისწინებული პირობები ვერ შესრულდა, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებას ხელმძღვანელობდა). მაღალჩინოსნებს სამსახურებრივ გულგრილობას და დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას ედავებიან. დავის საგანი კომპანია „ტონი და კომპანიისთვის“ ავანსად გადახდილი 1 289 972 ლარია. თანხის მიღების შემდეგ, კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები და მერიას მხოლოდ 254 265 ლარის ღირებულების სამუშაო ჩააბარა.
კომპანია „გზამშენპროექტის“ ტექნიკურმა დირექტორმა სასამართლოს უთხრა, რომ მისი წარმომადგენლები რეგულარულად ამოწმებდნენ მიმდინარე სამუშაოების ხარისხს. „ჩვენ თანხებთან შეხება არ გვქონია,“ -ამის გამეორება არაერთხელ მოუწია მოწმეს, თუმცა მან ასევე დაადასტურა, რომ „გზამშენპროექტი“ ავსებდა დოკუმენტაციას, რომლის საფუძველზეც მერიამ შემსრულებელ კომპანიას მორიგი ეტაპის თანხა ჩაურიცხა.
„ბოლო შესრულებიდან 10 დღის შემდეგ, თქვენ მოგვწერეთ, რომ პროექტი უნდა შეჩერებულიყო, მანამდე როგორ არ გამოჩნდა ეს? – მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის, ლაშა ბოლქვაძის ამ შეკითხვას მოწმემ უპასუხა, რომ ეს შეიძლება ნებისმიერ დროს გამოჩენილიყო. მოწმემ ასევე თქვა, რომ მერიის კეთილმოწყობის სამსახურსაც უნდა შეემოწმებინა შესრულებული საქმე, ვიდრე მომდევნო ეტაპის თანხას გადარიცხავდა.
ნუგზარ ნირიმანოვს დაცვის მხარის ადვოკატებმა შეახსენეს, რომ მის კომპანიას ბათუმის მერიამ იმიტომ გაუფორმა კონტრაქტი და გადაუხადა 61 ათასი ლარი, რომ ეკონტროლებინა არა მხოლოდ შესრულებული სამუშაოს ტექნიკური ხარისხი, არამედ გადახდის სერტიფიკატში დაედგინა სამუშაოს ღირებულება. „რა ღირებულების სამუშაო შესრულდება, ამის კონტროლი თქვენი ვალდებულება იყო, რაც თქვენთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია,“ – უთხრა მოწმეს დაცვის მხარის ადვოკატმა მირდატ ქამადაძემ.
ბათუმის მერიასა და შპს „ტონი და კომპანიას“ შორის ხელშეკრულება 2013 წლის 22 მარტს გაფორმდა ჟილინის არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად. პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონ 108 ათასი ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულებით შეუსრულებელი ვალდებულებების შემდეგ, მერიამ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა, ამჯერად გამარჯვებული შპს „ჰიდრო“ გახდა, რომელმაც ასევე ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. წინა შემთხვევისგან განსხვავებით, აქ უკვე მერიას წინასწარ არ ჰქონდა გადახდილი თანხა და პირიქით, „ჰიდრო“ 250 ათასი ლარით დაჯარიმდა. ამჯერად ჟილინის არხზე შპს „მშენებელი 80“ მუშაობს. ეს კომპანია მერიამ ელექტრონული ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვის გზით შეარჩია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული მასალების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, ტურისტთა რაოდენობა გაზრდილია.
სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის მარტის თვეში ვიზიტორთა რაოდენობა 450 875 განისაზღვრა და 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 16,7 %-ით მეტია.
აქედან, 170 281 პირი ტურისტის სტატუსით შემოვიდა, რაც სამინისტროს ინფორმაციით, რაც საერთო რაოდენობის 37,8%-ია და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 24,8 პროცენტით მეტია.
ტრანზიტი – 82 609 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 18,3%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -6,3%);
სხვა – 197 985 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 43,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 22,5%).
რაც შეეხება იანვარ-მარტის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 1 134 436 ვიზიტი განხორციელდა, რაც 14,7 %-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
შს სამინისტროს მონაცემებით, 2016 წლის მარტშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+19%), თურქეთიდან (+6,7%), სომხეთიდან (+4,2%), რუსეთიდან (+15,7%), უკრაინიდან (+26,9%) და ირანიდან (+1065,8%) განხორციელდა.
„ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-მარტშიც გამოირჩევიან ლატვია, იტალია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი (შესაბამისად 48%, 27%, 23% და 13%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (27%) და უზბეკეთი (80%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (37%) და მოლდოვა (39%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (81%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 348%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.
დღეს 4 აპრილს, ბათუმის ნავსადგურში თურქული სამხედრო გემი TCG Yavuz (F-240) შემოვიდა. თურქულ ფრეგატზე ოფიციალურ მიღებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე თურქული სამხედრო გემის მეთაურს ვიცე-პოლკოვნიკ ოზგურ ოზთურქის და ეკიპაჟის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
„სამხედრო ფრეგატი TCG Yavuz (F-240) ბათუმის პორტში ორდღიანი მეგობრული ვიზიტითაა შემოსული. საქართველოს გარდა მსგავს ვიზიტებს ფრეგატა ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში განახორციელებს. შეხვედრაზე რეგიონის მეთაურმა სტუმარს აჭარის შესახებ ესაუბრა, გააცნო მისი პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა და საინვესტიციო ტურისტული პოტენციალი. დღესვე ეკიპაჟის წევრები შეხვედრას გამართავენ ქ. ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან“ – ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.
მოწმე ბ.ბ. პროკურატურამ მოსამართლე დავით მამისეიშვილის თანდასწრებით სასამართლოში დაკითხა. ეს პირველი შემთხვევაა ბათუმში, როცა საგამოძიებო ეტაპზე პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა მოწმის დასაკითხად ახალი წესი გამოიყენა – მოწმის თანხმობის გარეშე, საგამოძიებო ორგანოს აღარ აქვს უფლება დაკითხოს მოწმე. მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი ითვალისწინებს შემთხვევასაც, როცა პროკურატურა მოწმის დაკითხვას აუცილებლად მიიჩნევს. ამ შემთხვევაში პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს მოსამართლეს. მოსამართლის თანხმობის შემთხვევაში, მოწმე პროკურატურის ნაცვლად, სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება დახურულ სხდომაზე.
მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი 20 თებერვლიდან მოქმედებს, თუმცა ამ შემთხვევამდე, მოსამართლის თანდასწრებით არავინ დაკითხულა. მოწმე ბ.ბ.-ს ადვოკატი არ ჰყოლია. ის სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დაწყებულ საქმეზე დაკითხეს, რაც გულისხმობს თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ხვალ 5 აპრილს, ბათუმის „ამერიკულ კუთხეში“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბენჟამენ ზიფის Webchat -ი იგეგმება თემაზე – „მეწარმეობა და ინოვაციურობა“.
„იგი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ახალგაზრდა მეწარმეებისათვის, რომლებსაც სურთ ბიზნესის დაწყება და აქვთ საინტერესო, ინოვაციური იდეები. ასევე, ბიზნესით დაინტერესებული და ინოვატორი სტუდენტებისათვის“ – ნათქვამია „ამერიკული კუთხეს“ ადმინისტრაციის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, Webchat-ის დროს 20-30 ახალგაზრდა ქართველი მეწარმე და ინოვატორი, ისაუბრებს თავიანთი პროექტების, წამოწყებებისა და გამოწვევების შესახებ. სამუშაო ენა ინგლისური იქნება.
6 აპრილს კი, „ამერიკელი კუთხე“ ამერიკელ დიპლომატს უმასპინძლებს. საჯარო ლექციის თემაა სირიის კრიზისი, ISIS და ტერორიზმი.
საჯარო ლექციების დაფინანსების კონკურსში 4 გამარჯვებული გამოვლინდა. ინფორმაციას აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ავრცელებს. საჯარო ლექციებისთვის სამინისტროსგან დაფინანსებას მიიღებენ შემდეგი პირები: ჯოანა შერშუნოვიჩი, რომელიც წაიკითხავს ლექციას თემაზე – „საჯარო საუბრის ხელოვნება, აკადემიური ტექსტი და მისი სპეციფიკა“ და „კულტურათაშორისი კომუნიკაცია – მნიშვნელოვანი განსხვავებები“.
შემდეგი გამარჯვებულია ჯემალ ხუბუა. მისი საჯარო ლექცია შეეხება მიკროსამყაროს ფიზიკას. თემა – „თანამედროვე ფიზიკის ყველაზე კვლევადი ნაწილი“.
კონკურსის გამარჯვებულია ქეთევან მუხიგულიც. მისი საჯარო ლექციის თემაა „ადამიანის უფლებები, თავისუფლება და მოვალეობა დემოკრატიულ და არადემოკრატიულ რეჟიმებში“.
მეოთხე გამარჯვებულია კორნელი კაკაჩია, საჯარო ლექციით, „უმაღლესი განათლება საქართველოში. მიღწევები, გამოწვევები, პერსპექტივები“.
განათლების სამინისტრო აღნიშნულ პროექტს „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში სულ ათი საჯარო ლექციის განაცხადი შევიდა.
საკონკურსო პირობების მიხედვით, ერთი საჯარო ლექცია არ უნდა აღემატებოდეს 2 500 ლარს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის დელფინარიუმი მუშაობას დროებით წყვეტს:
„ტურისტული სეზონისთვის მზადებასთან დაკავშირებით, ბათუმის დელფინარიუმში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც სამი კვირის განმავლობაში დელფინარიუმი დახურული იქნება,“- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დელფინარიუმის დირექტორის დავით ლეკვეიშვილის თქმით, დაგეგმილია შენობის ფასადის შეღებვა და აუზის მიმდებარე იატაკების დამუშავება. დელფინების შოუ სამუშაოების დასრულებისთანავე განახლდება.
„ჩვენს ჰოსპიტალში კარდიოქირურგიული ოპერაციები კეთდება ისეთივე ხარისხითა და ტექნიკით, როგორც ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში“
საერთაშორისო, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი IUHB-ი ბათუმში ერთი თვეა ფუნქციონირებს, თუმცა ახალი ჰოსპიტლის ჰოლი უკვე სავსეა პაციენტებითა და მათი თანმხლები პირებით. უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჰოსპიტალი, რომელიც აჭარაში სამედიცინო მომსახურების უმაღლესი სტანდარტის დანერგვაზეა ორიენტირებული, კარდიოქირურგიაში უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს პაციენტებს.
ბათუმის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში კარდიოქირურგიის მიმართულებას შაჰინ ბოზოკი ხელმძღვანელობს, თურქეთიდან მოწვეული კარდიოქირურგი, თურქეთის კარდიოქირურგთა ასოციაციის მმართველი გუნდის წევრი, რომელსაც ათასზე მეტი კარდიოქირურგიული ოპერაცია აქვს გაკეთებული.
„დაახლოებით ერთი თვეა აქ ვმუშაობ. ამ ხნის მანძილზე 30-მდე ოპერაცია ჩავატარეთ და კიდევ ბევრი პაციენტი ელოდება რიგს. ახალგახსნილი კლინიკისთვის ეს, ჩემი აზრით, ძალიან კარგი მაჩვენებელია.
შაჰინ ბოზოკი და მახირ ბალაქიშიევი
ჩვენს ჰოსპიტალში გვაქვს საშუალება და პირობები იმისათვის, რომ პაციენტებს არ დასჭირდეთ ბათუმიდან სხვა ქალაქში წასვლა. წარმატებული გუნდი ჩამოვაყალიბეთ. ძალიან მძიმე, ასაკოვანი პაციენტები გვყავდა, რომელთაც გულის სარქვლის ორმაგი გადანერგვა გავუკეთეთ, ხშირად ვაკეთებთ კორონარულ შუნტირებას, სარქვლის პროთეზირებას. ჩვენ მიერ ჩატარებული ყველა ოპერაცია წარმატებით დასრულდა. კარდიოქირურგიაში, რა თქმა უნდა, რისკფაქტორები არსებობს, რაც მთელ მსოფლიოში ერთი და იგივეა, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ჰოსპიტალში კარდიოქირურგიული ოპერაციები კეთდება ისეთივე ხარისხითა და ტექნიკით, როგორც თურქეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში. ჩვენი ჰოსპიტალი მაღალ სტანდარტს შეესაბამება. იმედია, აჭარის და მთელი საქართველოს მოსახლეობას კარგ სამედიცინო მომსახურებას გავუწევთ, ჩვენ კვირაში 7 დღე, დღე-ღამეში 24 საათის მანძილზე მზად ვართ, პაციენტებს დავეხმაროთ“, – ამბობს შაჰინ ბოზოკი, რომელიც ბათუმში ჩამოსვლამდე რიზეში, რეჯებ ტაიპ ერდოღანის სახელობის კლინიკაში ხელძღვანელობდა კარდიოქირურგიულ განყოფილებას. იგი ასამდე სამეცნიერო წერილის ავტორია და ათასზე მეტი კარდიოქირურგიული ოპერაცია აქვს ჩატარებული.
საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კარდიოქირურგიული მიმართულების გუნდის წევრია მახირ ბალაქიშიევი, საქართველოს მოქალაქე, რომელმაც მარნეულში დაამთავრა სკოლა, შემდეგ კი – თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი. მახირი სტუდენტი იყო, როცა 2008 წელს აგვისტოს ომში რეზერვისტად გაიწვიეს და ბრძოლაში დაიჭრა. საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ მახირი თურქეთში გაემგზავრა და ეგეოსის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა. მახირს ორი ლიცენზია აქვს, ანგიოქირურგისა და კარდიოქირურგის.
იგი ამბობს, რომ პაციენტთა ნდობის დასტურია ის ფაქტი, რომ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს უამრავი პაციენტი მიმართავს.
„გახსნის დღესვე ექვსი სააოპერაციო პაციენტი მიიღო ჩვენმა განყოფილებამ. პირველივე დღეს 6 „ფორმა 100“ გავეცით პაციენტების დასაფინანსებლად. ყველაზე ხშირად მოგვმართავენ ის პაციენტები, რომელთაც აორტოკორონალური შუნტირება ესაჭიროებათ, ასევე პაციენტები, რომელთაც ესაჭიროებათ გულის სარქვლების შეცვლა. ჩვენ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას ვუწევთ მათ“, – ამბობს მახირ ბალაქიშიევი.
ბათუმის საერთაშორისო, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში. ჰოსპიტალში მოქმედებს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული და საყოველთაო დაზღვევა.
კარდიოქირურგიაზე საუბრისას შაჰინ ბოზოკი საქართველოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ახალგაზრდების სიმრავლეს უსვამს ხაზს:
„მაგალითად, ერთ-ერთი ბოლო პაციენტი, რომელსაც ჩვენ ოპერაცია გავუკეთეთ, 39 წლის იყო. სამწუხაროდ, თურქეთთან შედარებით საქართველოში ბევრად უფრო ახალგაზრდა პაციენტები გვხვდება. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ზრდა ხშირად სიგარეტის მოწევას, ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებასა და არასწორ კვების რეჟიმს უკავშირდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ პაციენტთა სამკურნალოდ, მაგრამ, ჩემი აზრით, სახელმწიფოს მასშტაბითაა საჭირო ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა“.
ბათუმის საუნივერსიტეტო საერთაშორისო ჰოსპიტალში ტარდება: სარქვლის პლასტიკა; სარქვლის პროტეზირება; ერთი ან ორი სარქვლის (მექანიკური, ბიოლოგიური) პროტეზირება; კორონარული შუნტირება: ხელოვნური სისხლის მიმოქცევის პირობებში ან – მომუშავე გულზე. კორონარული შუნტირება შესაძლებელია იზოლირებულად ან სარქვლის პროტეზირებასთან [პლასტიკასთან] ერთად. ანევრიზმის რეზექცია/პლიკაცია; პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის აღდგენა; აღმავალი აორტის პლასტიკა/პროტეზირება; აორტის რკალის პროტეზირება; გულის სიმსივნის [მიქსომა] ამოკვეთა; პერიკარდიოტომია; ბენტალის პროცედურა: აორტალური სარქვლის, აღმავალი აორტის და აორტის სარქვლის პროტეზირება. იაკუბის პროცედურა: აღმავალი აორტის პროტეზირება და გულის თანდაყოლილი პათოლოგიების ოპერაციები.
ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის კარდიოქირურგიული განყოფილების გუნდი
სერჟანტი რამაზ ბერიძე თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში უჩივის. თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცთან ხელშეკრულება მას შემდეგ შეწყვიტა, როცა რამაზ ბერიძის ჯანმრთელობა დაზიანდა. ავღანეთში, ISAF-ს სამშვიდობო მისიის შესრულების დროს რამაზი ნაღმზე ორჯერ აფეთქდა და მარჯვენა ყურში სმენა სრულიად დაკარგა. 2013 წელს რამაზ ბერიძე NATO-ს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, საპატიო მედლით დააჯილდოვა – სამშვიდობო მისიაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის. ოთხი ომის მონაწილეს და 10-წლიანი სამხედრო გამოცდილების მქონე ვეტერანს, თავდაცვის სამინისტრო ისე დაემშვიდობა, რომ ერთჯერადი კომპენსაცია – 7 ათასი ლარიც კი არ გადაუხადა.
„გადაადგილების დროს, დაახლოებით 20 საათსა და 15 წუთზე, ჯავშანმანქანა „ემრაფი“, რომელშიც იმყოფებოდა რამაზ ბერიძე, აფეთქდა თალიბთა ტერორისტული დაჯგუფების წევრთა მიერ სამშვიდობო მისიაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეთა წინააღმდეგ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე, ე.წ. „აიდი“-ზე, რის შედეგადაც ჯავშანმანქანაში მყოფმა რამაზ ბერიძემ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ბაროტრავმის სახით“, – ასე აღწერს სერჟანტის ნაღმზე აფეთქებას ოფიციალურ წერილში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი კახაბერ ჩიხრაძე.
ეს ამბავი 2013 წლის 15 ნოემბერს მოხდა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. ორი დღის შემდეგ, რამაზ ბერიძე ისევ აფეთქდა ნაღმზე – ის ჰელმანდის პროვინციაში გადაჰყავდათ, სამხედრო ბაზა „ფაიზელში“, სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად.
„მახსოვს, საშინელი ქარი იყო და მტვერი, ვერაფერს ვხედავდი. სამი მანქანით გამოვედით სამედიცინო ცენტრიდან, სადაც ტკივილგამაყუჩებელი გამიკეთეს, რომ დამძინებოდა. მანქანას 5 კმ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობის უფლება არ ჰქონდა… გზაზე ერთი ხევი იყო, სადაც წყალი მხოლოდ წვიმის დროს ჩამოდიოდა. იმ დღეს წყლის ხმა გავიგონე. თურმე მართვადი ნაღმი იყო წყლის ქვეშ დადებული. გაიარა ერთმა მანქანამ, მეორემ და მესამეზე აფეთქდა. იმ მანქანაში ვიწექი მე.
ყველაზე მეტად დავშავდი, რადგან განმეორებით ავფეთქდი. მეთაური მეუბნებოდა, გაგივლის, არ შეგეშინდესო, მაგრამ წივილის ხმა მესმოდა სულ“ – იხსენებს რამაზი.
დაშავებულ სერჟანტს ავღანეთში მდებარე ბრიტანულ სამხედრო ჰოსპიტალში უმკურნალეს, თუმცა დაკარგული სმენა რამაზს აღარ დაბრუნებია. „ფასდაუდებელი წვლილისთვის“ დაჯილდოვებულ ჯარისკაცს გორის სამხედრო ჰოსპიტალში უთხრეს, რომ ყურში არსებული ნერვი უკვე მკვდარია. 2014 წლის 18 აგვისტოდან თავდაცვის სამინისტრომ რამაზ ბერიძესთან დადებული ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყვიტა – ავადმყოფობის გამო.
რამაზ ბერიძე
„მითხრეს, იძულებული ვართ, ხელშეკრულება უნდა გავწყვიტოთო, – გვიყვება რამაზ ბერიძე, – ვთხოვე, იქნებ სადმე სხვაგან მიპოვოთ სამსახური, მე სხვა არაფერი ვიცი-მეთქი. არც პენსია მოუციათ და არც კომპენსაცია. მას შემდეგ ვეძებ სამსახურს, მაგრამ პროფესია მე არ მაქვს და ვინ მამუშავებს? ავღანეთში მეტყვიამფრქვევე ვიყავი. მანამდე ერაყსა და კოსოვოს ომში ვიბრძოდი. აგვისტოს ომშიც ბოლო დღეებამდე ვიყავი…“
ბოლო წერილი რამაზ ბერიძემ თავდაცვის სამინისტროსგან რამდენიმე დღის წინ მიიღო. სამინისტრომ მის მატერიალურ დახმარებაზე კიდევ ერთხელ თქვა უარი. თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის #560 ბრძანების 38-ე მუხლი სამხედრო მოსამსახურისთვის ერთჯერადად კომპენსაციის გაცემას მხოლოდ ორ შემთხვევაში ითვალისწინებს – „დასახიჩრება“ და „დაჭრა“. სამინისტრო 2014 წლის 14 თებერვლით დათარიღებულ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას დაეყრდნო, სადაც წერია, რომ „რამაზ ბერიძეს სხეულზე ფიზიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება“. ამ დასკვნიდან რამდენიმე თვეში რამაზ ბერიძეს თავდაცვის სამინისტრომ კონტრაქტი ვადაზე ადრე შეუწყვიტა – ავადმყოფობის გამო.
„ამ საქმეს როცა თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავდა, თავდაცვის სამინისტრო ადასტურებდა, რომ სმენა რამაზს ნამდვილად დაუქვეითდა, მაგრამ ეს არ ემთხვევა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ „დასახიჩრებას“ და „დაჭრას“. ჩვენი შეფასებით ეს ჯარისკაცის შეურაცხყოფაა. არ შეიძლება კანონმდებლობა ასე ვიწროდ განმარტო“ – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ანა მდინარაძე, რომელიც სასამართლოში რამაზ ბერიძის საქმეს ხელახლა შეიტანს. წინა პროცესზე სასამართლოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა, რაც ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ხარისხს შეაფასებდა. „ამის ჩატარება საკმაოდ ძვირია და რამაზს მისი დაფინანსების საშუალება არ ჰქონდა“, – გვითხრა ანა მდინარაძემ.
თავდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით, სამხედრო ვალდებულებების შესრულების დროს, პირმა შესაძლოა ერთჯერადი კომპენსაცია მიიღოს: მძიმე დაზიანების დროს – 7 ათასი ლარი, ნაკლებად მძიმედ დაზიანებულმა – 3 ათასი, ხოლო მსუბუქად დაზიანებულმა – 2 ათასი ლარი. ნაღმზე აფეთქებული ჯარისკაცი ვერც ერთ კატეგორიაში მოხვდა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ თავდაცვის სამინისტრომ აუცილებლად უნდა გადახედოს როგორც კომპენსაციის ფინანსური ნაწილს, ასევე კატეგორიების ჩამონათვალს, რომლითაც განისაზღვრება ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი არის თუ არა „დასახიჩრება“.
აპირებს თუ არა თავდაცვის სამინისტრო გადახედოს ბრძანებას, რომელიც დაზარალებული სამხედრო მოსამსახურეების კომპენსირებას ითვალისწინებს? რატომ არ ჩათვალა სამინისტრომ „დასახიჩრებად~ ნაღმზე აფეთქება და სმენის დაკარგვა? რას სთავაზობს სახელმწიფო ოთხი ომის მონაწილეს, უმუშევრად დარჩენილ, სმენადაქვეითებულ ვეტერანს? – ამ კითხვებით „ბათუმელებმა“ თავდაცვის სამინისტროს მიმართა. უწყების პრესსამსახური თავდაპირველად პასუხს დაგვპირდა, თუმცა სამუშაო დღის ბოლოს გვითხრეს, რომ „თავდაცვის სამინისტრო დიდი უწყებაა და პასუხს რადმენიმე დღე უნდა დაველოდოთ“.
რამაზ ბერიძის ჯილდოები
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო და კონკრეტულად თავდაცვის სამინისტრო თავს არიდებს პასუხისმგებლობას. „მთავარი პრობლემა არის დამოკიდებულება, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო ავლენს ომში დაზარალებული სამხედრო მოსამსახურის მიმართ. ასე ილახება სახელმწიფოს იმიჯი და იკარგება პატრიოტიზმის განცდა. ამ დამოკიდებულებით საზოგადოება კარგავს პატივისცემას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ გვეკისრება ქვეყნის წინაშე, ქრება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი.
სამართლის დადგენის მოლოდინი აღარ აქვს რამაზ ბერიძეს. ის საკუთარი ოჯახის (ცოლის და ორი შვილის) ფიზიკური არსებობისთვის თურქეთში გადადის და ხან თხილის პლანტაციაში მუშაობს, ხან სხვა სეზონურ სამუშაოს ეძებს. რამაზ ბერიძემ „ბათუმელებს“ ათობით მედალი და მადლობის წერილი აჩვენა. გვითხრა ისიც, რომ ბავშვობაში კაპიტნობაზე ოცნებობდა. „საზღვაო აკადემიაში ერთი წელი ვისწავლე, მერე ოჯახს ფულის გადახდის საშუალება არ ჰქონდა და შევწყვიტე. მას მერე საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ვიყავი.“
რამაზი ომიდან გამოყოლილ სამხედრო ფორმასაც ინახავს. ამბობს, რომ იშვიათად იცვამს, მხოლოდ მაშინ, როცა მარტო რჩება, ან ბუნებაში გადის: „ადამიანებთან აღარ მინდა ასე გამოჩენა“.
პედაგოგთა ბოლო საგნობრივ გამოცდაზე დაწესებული ბარიერი 6 477 პედაგოგიდან 5 376-მა ვერ გადალახა. პედაგოგები მათ მიმართ კრიტიკას სოციალურ ქსელებში გამოეხმაურნენ, სადაც ისინი ტესტების სირთულეზე წერენ. არის თუ არა პედაგოგთა საგნობრივი გამოცდის ტესტები დაუძლეველი, როგორც ამას პედაგოგთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, თუ პრობლემა დროის მენეჯმენტშია?
პედაგოგთა საგნობრივი გამოცდების ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეც. ტესტების პასუხები სხვადასხვა ქულით ფასდება. ავიღოთ დაწყებითი კლასის მასწავლებლის გამოცდის ტესტის ერთ-ერთი ნიმუში, სადაც უმაღლესი ქულა არის 3. მოცემულ დავალებაში პედაგოგმა უნდა აჩვენოს „მწყობრი და დამაჯერებელი მსჯელობა“. მაგალითად, მასწავლებელმა მგელთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე უნდა შეძლოს დამაჯერებლად მოიყვანოს ადეკვატური მაგალითები ზღაპრებიდან, სადაც მგელი დადებითი პერსონაჟია და მეოთხე კლასის მოსწავლეებისთვის გასაგებ ენაზე ახსნას, რატომ არის საჭირო მგლის შესახებ სტერეოტიპული წარმოდგენებისგან გათავისუფლება. თუ ამ მოთხოვნებს პედაგოგი სწორ პასუხს გასცემს, ამ დავალებაში ყველაზე მაღალ, ანუ სამ ქულას აიღებს. პედაგოგს პასუხში ნული ქულა დაეწერება იმ შემთხვევაში, თუ მგელთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე იმსჯელებს ზედაპირულად, დაასახელებს მხოლოდ ნაწარმოებს, სადაც მგელი დადებითი პერსონაჟია ან წარმოდგენილი მსჯელობა იქნება არასწორი.
დაწყებითი საფეხურის ერთ-ერთმა პედაგოგმა ნანა ჯანაშვილმა სოციალურ ქსელში „ბათუმელებს“ მოსწერა: „გადახედეთ ტესტებს, თითქმის 9 კლასის დონეზე სთხოვენ მასწავლებლებს. ეს მათ არაფერში სჭირდებათ. ტესტები ისეა შედგენილი, რომ პედაგოგების უმრავლესობა ვერ მოასწრებს დაწერას, რომც იცოდნენ“.
პედაგოგის აზრით, ამას განათლების სამინისტრო გამიზნულად აკეთებს, „რადგან სერტიფიცირებული მასწავლებელი ხელფასის გარდა იღებს დანამატს, ეს კი ბიუჯეტიდან დამატებითი თანხის გადინებას უწყობს ხელს. თუ ვინმე ხმას ამოიღებს, სამსახურს დაკარგავს, ამიტომ ჩუმდებიან“.
ნათელა ნაკუბაიძის აზრით, რომელიც პედაგოგთა გამოცდებს ასევე სოციალურ ქსელში ეხმიანება, წერს: „მასწავლებელი უნდა შეფასდეს იმით, თუ რა შედეგი მიიღო და არა იმით, თუ რას აკეთებს ამ შედეგისთვის“.
„განა ვერ გაიხსენებს პედაგოგი იმ ყველაფერს, მაგრამ იქაც ჩახლართულია საკითხები. მათი ენით რომ გითხრათ, ფეხწამოსაკრავი საკითხები ბევრია, რასაც დაფიქრება და დრო სჭირდება. 5 საათში ძნელია ყველაფრის მოსწრება“, – გვწერს ნანა ჯანაშვილი, რომელიც დროის სიმცირეზეც საუბრობს: „წელს პირველად ტექსტის გააზრებით დავიწყე და არც ერთი შეცდომა არ მქონდა, მაგრამ დიდი დრო წამართვა, მერე თემის დაწერა დავიწყე და მათემატიკისთვის აღარ დამრჩა დრო. სიჩქარის გამო შეცდომები დავუშვი. განა მთელი მათემატიკა აზროვნებას არ მოითხოვს? ასევეა ზედა საფეხურის ტესტებიც. იქ მოცემული რთული საკითხები მასწავლებელს პრაქტიკაში არ სჭირდება. მოკლედ, ტესტი უნდა იყოს მასწავლებლის საჭიროებებზე მორგებული“.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე ცალკეული პედაგოგების პრეტენზიებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ ტესტები განსაზღვრულ დროში მოსწრებადია და ის მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს ეყრდნობა.
„არა მგონია რეალურად არსებობდეს დროის პრობლემა. ტესტები აპრობირებულია და ხუთი საათი ამ დავალებების შესასრულებლად, რაც ტესტებშია მოცემული, სავსებით საკმარისია. ეს გამოცდები რამდენიმე წელია ტარდება და ამ ხნის განმავლობაში ათასამდე ადამიანმა წარმატებით გაართვა თავი. თუ მასწავლებელი ამბობს, რომ დრო არ ეყო, ესე იგი, მას დროის განაწილების პრობლემა აქვს“.
ივა მინდაძე პედაგოგების მოსაზრებას, თითქოს განზრახ არის ტესტები ჩახლართული, არ ეთანხმება. „განზრახ არაფერი არ იხლართება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს ეს ტესტები და ვნახავთ, რომ კრიტიკა რეალობას არ შეესაბამება“.
ივა მინდაძის თქმით, პედაგოგთა საგამოცდო ტესტები მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა და ეროვნულ სასწავლო გეგმას ეყრდნობა.
„საერთაშორისო კვლევები, რომლებიც პერიოდულად ტარდება, აჩვენებს როგორც სკოლაში არსებულ ხარისხს, ასევე ქვეყნის პროგრესს მსოფლიოს ქვეყნებთან შედარებით და ვითარება ნამდვილად არ არის სახარბიელო. სკოლაში ხარისხის პრობლემა მწვავედ დგას, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის პედაგოგთა კვალიფიკაცია“.
რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს. პედაგოგების თქმით, ზამთარში ჩატარებული გამოცდების დროს არ იყო გათბობა ჩართული, რის გამოც პედაგოგებს რთულ პირობებში მოუხდათ მუშაობა.
ივა მინდაძის თქმით, პედაგოგთა ტესტირება იმ სკოლებში ტარდება, სადაც ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია: „მე როგორც ვიცი, გათბობა ამ სკოლებში გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაირთო. ვეთანხმები იმას, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურა საჭიროებს დახვეწას, მაგრამ ეს ბევრად უფრო საგანგაშო მგონი მოსწავლეებისთვის არის და არა მასწავლებლებისთვის“.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პედაგოგებს ცენტრის ხელშეწყობით საგნობრივი ტრენინგები უტარდებათ, მაგრამ „როგორ უნდა იმუშაონ ტესტზე, ამ მიმართულებით მათ ტრენინგები არ ჩატარებიათ“.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით ქვეყნის მთავრობისთვის მინიჭებული უფლებით, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, აჭარის მთავრობაც ისარგებლებს. პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განკარგულება მიმდინარე წლის პირველ აპრილს გამოქვეყნდა.
ამ განკარგულებით, „სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადაში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით“, აჭარის მთავრობის სამართლებრივი აქტით შესაძლებელია ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში დადგინდეს 200 ათასი ლარის ან მეტი ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვის განხორციელება.
აღნიშნული უფლებით აჭარის მთავრობას შეუძლია ისარგებლოს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და მის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველი ერთეულების სახსრებით, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და შესაბამისი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებების სახსრებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებთან მიმართებაში“.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით აღნიშნული უფლებამოსილება [გამარტივებული ტენდერის ჩატარებაზე თანხმობის მიცემა] მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტს და მთავრობას აქვს. აჭარის მთავრობას კი ანალოგიურ უფლებამოსილებას პერიოდულად, ადრეც ანიჭებდნენ.
4 მარტიდან გაზეთ „ბათუმელების“ მეათე ნომერში წაიკითხავთ:
ადამიანის უფლებები: “ჯარისკაცი თხილის პლანტაციაში ოჯახის სარჩენად, ათწლიანი სამსახურისა და ოთხი ომის შემდეგ” – სერჟანტი, რომელიც ავღანეთში, ISAF-ს სამშვიდობო მისიის შესრულების დროს ნაღმზე ორჯერ აფეთქდა და მარჯვენა ყურში სმენა სრულიად დაკარგა, თავდაცვის სამინისტროს სასამართლოში უჩივის. სერჟანტს, რომელიც 2013 წელს NATO-ს გენერალურმა მდივანმა საპატიო მედლით დააჯილდოვა, თავდაცვის სამინისტრო ისე დაემშვიდობა, რომ ერთჯერადი კომპენსაცია – 7 ათასი ლარიც არ გადაუხადა.
მთავარი თემა: “შეეგუეთ რეალობას – ბიზნესმენი სუს-ის თანამშრომლისგან ზეწოლაზე საუბრობს” – ბიზნესმენმა თემელ ლომაძემ აჭარის ხელისუფლების პირველ პირს – არჩილ ხაბაძესა და სუს-ის პირველ პირს აჭარაში, ირაკლი ერისთავს წერილობით აცნობა, რომ ის ერთ-ერთი პროექტიდან სუს-ის მაღალი თანამდებობის პირის მონაწილეობით ახლახან გააძევეს. თემელ ლომაძის თქმით, მის ჩანაცვლებას გეგმავს კომპანია “რეალ მშენი”, რომლის ერთ-ერთ დამფუძნებელს წილები ასევე აქვს იმ კომპანიაში, რომელსაც არჩილ ხაბაძემ ერთი წლის “ანბანის კოშკი”, 20 წლის ვადით, 1 ლარად გადასცა.
პოლიტიკა: “მოახლოებული არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოში” – ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება. როგორია საპრეზიდენტო რბოლას შემორჩენილი ლიდერების საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები რუსეთთან, ნატოს გაფართოებაზე და რას უნდა ელოდოს მათგან საქართველო? “ბათუმელების” შეკითხვებს ფილადელფიის საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის ანალიტიკოსმა მაიკლ ჩეჩირემ უპასუხა.
ეკონომიკა: “რას ედავება მთავრობა ინვესტორებს” – ყოველი წლის ბოლოს და ზოგჯერ კვარტალურადაც კი, მთავრობა რეგიონში ინვესტიციის გაზრდაზე საუბრობს და შესაბამის სტატისტიკასაც აქვეყნებს. ამას მოყვება ხელის ჩამორთმევის ან საძირკვლის ჩაყრის სატელევიზიო კადრები მთავრობის მონაწილეობით. “ბათუმელებმა” შეისწავლა, თუ როგორ გრძელდება ამბავი პომპეზური დასაწყისის შემდეგ, რაზეც უმეტეს შემთხვევაში არ საუბრობენ და არც ინფორმაციას აქვეყნებენ.
საზოგადოება: “მხოლოდ 6 დირექტორი ქალი 49 სკოლაში” – გენდერული დისბალანსი მაღალმთიან აჭარაში ყველაზე თვალსაჩინოდ სკოლაში იგრძნობა, სადაც მასწავლებლების უმრავლესობა ქალია, თუმცა სკოლაში დირექტორის სავარძელი კაცს უჭირავს.
განათლება: “ბავშვის სისასტიკის მიზეზი საზოგადოებაში უნდა ვეძებოთ” – ბათუმში 14 წლის მოზარდი ანრი გოგიტიძე გარდაიცვალა. გარდაცვლილის დეიდის თქმით, ის თანატოლებმა მოკლეს. თუმცა დანაშაულის გამომწვევი ოფიციალური ვერსია გამოძიებას არ გაუვრცელებია. რა მიზეზები განაპირობებს მოზარდთა სისასტიკეს და რატომ ვერ უზრუნველყოფს სკოლა ან ოჯახი მოზარდთა დანაშაულის პრევენციას?
კულტურული მეხსიერება: “ბათომის ცხოვრების” სევდიანი ამბავი” – “1921 წლის 2 იანვარი. ბათუმში, „შმაევსკის” თეატრში ერთმანეთის მიყოლებით ითამაშეს „ლეგენდა კოშკში” და „დარისპანის გასაჭირი”. 4 იანვარს საქართველოში სტუმრად მყოფმა კარლ კაუცკიმ გემ „ფრანც-ფერდინანდით” დატოვა საქართველო… ამ ამბების გარდა 1921 წლის იანვრის დასაწყისში ბათუმში კიდევ ერთი საინტერესო მოვლენა მოხდა, ახალი გაზეთის – „ბათომის ცხოვრება” – გამოცემა დაიწყეს…” – სულხან სალაძის საავტორო გვერდი.
ეს და სხვა თემები წაიკითხეთ გაზეთ „ბათუმელების“ ახალ ნომერში.
3 აპრილს ბათუმში, ლიტერატურულ კაფეში, გამომცემლობამ „რადარამი“ ტომ ვანდერბილთის წიგნის „საგზაო მოძრაობა: რატომ ვატარებთ მანქანას ისე, როგორც ვატარებთ [და რას ამბობს ეს ჩვენ შესახებ]“ თარგმნის პრეზენტაცია გამართა.
წიგნის ქართული საზოგადოებისთვის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე ედო მჟავანაძემ და „რადარამის“ წარმომადგენელმა მარიამ ადუაშვილმა ისაუბრეს.
გამომცემლობამ პრეზენტაციის დამსწრეებს წიგნი საჩუქრად გადასცა.
„ორგანიზაცია წიგნების გავრცელებას საქართველოს ყველა რეგიონში აპირებს ისეთ ფასად, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
ტომ ვანდერბილთის ეს წიგნი 2008 წელს გამოიცა და უკვე ოცზე მეტ ენაზე ითარგმნა, ის დღემდე “New York Times”- ის, „Washington Post“-ისა და „Amazon“-ის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების სიაშია.
6 აპრილს, 17:00 საათზე, ბათუმში, მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით, ველომარათონი გაიმართება.
მარათონი სტარტს აიღებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიიდან, ხოლო ფინიში საოცრებათა პარკში [Miracle Park] იქნება.
ველომარათონში ნებისმიერ მსურველს შეეძლება მონაწილეობის მიღება.
ბათუმის მერიის სპორტულ-ახალგაზრდული ცენტრის მიერ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელებული ღონისძიების აღწერაში ვკითხულობთ, რომ ტურნირის პირველ-მეორე ადგილზე გასულ და ყველაზე უხუცესსა და ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეს გადაეცემათ სპორტული მაღაზიის ვაუჩერები:
პრიზები: პირველი ადგილი: 700 ლარიანი ვაუჩერი
მეორე ადგილი: 500 ლარიანი ვაუჩერი
მესამე ადგილი: 300 ლარიანი ვაუჩერი
ყველაზე უხუცესი მონაწილე 150 ლარიანი ვაუჩერი!
ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე 150 ლარიანი ვაუჩერი.
მარათონში მონაწილეობისათვის მსურველებმა ელექტრონულ ფოსტაზე [batumisport.youth@gmail.com] უნდა გააგზავნონ პირადი მონაცემები [სახელი; გვარი; პირადი ნომერი; საკონტაქტო ტელეფონი].
13 წლის ბათუმელმა სპორტსმენმა ზურაბ კინწურაშვილმა ამერიკის მსოფლიო ტაეკვონდოს ღია ჩემპიონტში [US World Open Taekwondo Championships] გაიმარჯვა. მან ფინალურ ბრძოლაში მექსიკელი სპორტსმენი დაამარცხა.
აჭარის ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტის ირაკლი ცენტერაძის თქმით, ზურაბ კინწურაშვილმა გასულ წელს 5 საერთაშორისო მედალი მოიგო. იგი ამ ეტაპზე კადეტებში თამაშობს, ხოლო მომავალ წელს გადადის იუნიონების კატეგორიაში.
13 წლის ჩემპიონი საქართველოს ევროპის ჩემპიონატზეც წარადგენს, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.
ზურაბ კინწურაშვილი და მისი პირადი მწვრთნელი აკაკი ცენტერაძე საქართველოში 7 აპრილს დაბრუნდებიან.
როგორ შეიძლება საოჯახო პირობებში ხარისხიანი ღვინის დაყენება, რას კრძალავს ვაზისა და ღვინის წარმოების შესახებ არსებული ტექნიკური რეგლამენტი და რა უნდა გაითვალისწინონ ფერმერებმა ღვინის დაყენებისას? – ამ საკითხებზე „ბათუმელები“ მეღვინეს, მებაღეობა-მევენახეობისა და ღვინის სამეცნიერო ინსტიტუტის დამფუძნებელს, დავით თამარაშვილს ესაუბრა.
ბატონო დავით, რა პრობლემებს ხედავთ ღვინისა და ყურძნის წარმოებაში აჭარის რეგიონში და როგორ შეიძლება ამ პრობლემების მოგვარება?
აჭარის მეღვინეობაში ყველაზე დიდი პრობლემა ჰიბრიდული ვაზის ჯიშებია, რომლებიც რეგიონში ფართოდაა გავრცელებული. ამ ჯიშის ვაზი იმ სტანდარტებს არ შეესაბამება, რაც ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის არის საჭირო. აუცილებელია ჯიშთა იდენტიფიკაცია და ჰიბრიდული ჯიშების ჩანაცვლება კულტურული ვაზის ჯიშებით. აგროსერვისცენტრთან ერთად შემოდგომაზე დაგეგმილი გვაქვს ექსპედიცია, რა დროსაც მოხდება ჯიშების აპრობაცია, ჩამოვივლით ვენახებს და მოვნიშნავთ ყველა ჰიბრიდული ვაზის ჯიშს, რომლისგანაც ღვინო არ უნდა დააყენონ. მებაღეობა-მევენახეობის სამეცნიერო ინსტიტუტი ამას იმისთვის აკეთებს, რომ აჭარაში დავიცვათ ყველა ის სტანდარტი, რასაც ხარისხიანი ღვინის წარმოება ითხოვს. ჰიბრიდული ვაზისგან არ შეიძლება ხარისხიანი ღვინო დაიწუროს. ამ ღვინოს სპეციფიკური გემო აქვს.
ყველაზე მეტად რომელი ჰიბრიდული ჯიშია გავრცელებული აჭარაში?
მაგალითად, ჭეიშვილი. თიქმის ყველა ოჯახს აქვს ყურძნის ეს ჯიში გაშენებული. ჰიბრიდულია იზაბელა, ე.წ „ადესა“, რომელიც ოდესიდან არის შემოტანილი. არის სხვა ჰიბრიდული ჯიშებიც, მაგრამ კონკრეტულად რომელ ლოკალურ ადგილში რა ჰიბრიდული ჯიშია გაშენებული, ამის ზუსტი მონაცემები მაშინ გვექნება, როდესაც აპრობაციას გავივლით, ანუ ჯიშების გავარჩევთ.
ღვინის წარმოების შესახებ მოქმედი რეგლამენტი რას კრძალავს?
რეგლამენტი ჰიბრიდული ვაზის ჯიშიდან ღვინის წარმოებას კრძალავს. ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში და ტექნოლოგიურ რეგლამენტში გაწერილია, რომ ღვინო კულტურული ვაზის ჯიშებით უნდა იწარმოებოდეს და არაჰიბრიდული ყურძნით. რეგლამენტში არსებობს ჩამონათვალი კულტურული ვაზის ჯიშების, რომელთაგანაც შეიძლება ღვინის დაყენება, შესაბამისად, ეს უნდა იცოდნენ ღვინის მწარმოებლებმა.
აჭარაში გავრცელებული ვაზის ჯიშებიდან, რომელია საუკეთესო თვისებების მქონე ღვინის დასაყენებლად?
აჭარაში გავრცელებული ვაზის ჯიშები კახეთსა და იმირეთში გავრცელებულ ვაზის ჯიშებს არ ჩამოუვარდება. ასეთია, მაგალითად, საწური, ჩხავერი, ცოლიკაური, ციცქა…. აჭარაში გავრცელებული ვაზის ჯიშების კოლექცია აგროსერვისცენტრის საკოლექციო ნაკვეთზეა თავმოყრილი: აჭარელ მევენახეებს აქვთ საშუალება აგროსერვის ცენტრში შეიძინონ ნერგები და საკარმიდამო თუ სამრეწველო ბაღებში გააშენონ ვაზი ხარისხიანი ღვინის საწარმოებლად. მევენახეებმა ფოკუსირება უნდა გააკეთონ იმ ჯიშებზე, რომლებიც იძლევა ხარისხიან ღვინოს.
საოჯახო პირობებში ღვინის დასაწურად რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური ჭურჭლის სწორად შერჩევა, მაგალითად, აჭარაში, ძირითადად, პლასტმასის ჭურჭელს იყენებენ. შეიძლება მისი გამოყენება?
აქ მნიშვნელოვანი ის არის, როგორი პლასტმასია. თუ ის კვების ინდუსტრიის მარკით არის, შესაძლებელია მისი გამოყენება, მაგრამ თუ ამ ხაზით არ არის გაკეთებული _ არ შეიძლება, გემოს აძლევს ღვინოს. მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ რომელ ტექნოლოგიურ ჭურჭელს გამოიყენებ და რა ტექნოლოგიურ დანადგარებს, არამედ ისიც, თუ როგორ მოუვლი ვაზს. მეღვინეობაში ღვინის დაყენების დროს ხარისხის ძირითადი ნაწილი ყურძნის ხარისხზე მოდის _ თუ ყურძენი ხარისხიანია, ღვინოც ხარისხიანი იქნება.
როგორ შეიძლება ხარისხიანი ყურძნის წარმოება – ღვინის დაყენება?
პირველი: ჰიბრიდული ჯიში უნდა გაიმიჯნოს კულტურულისგან და მეორე – რაც ძალიან მნიშვნელოვანია: ვაზის მოვლა, გასხვლა სწორი ტექნოლოგიური სქემით. სისტემური, თუ კონტაქტური პრეპარატები, სასუქები და პესტიციდები უნდა გამოიყენოს მევენახემ იმ დოზით, რაც არ გააფუჭებს ყურძენს. მევენახეებმა აუცილებლად უნდა მიმართონ სპეციალიზებულ მაღაზიებს, სადაც კვალიფიციური სპეციალისტები მუშაობენ და მათი რეკომენდაციებით შეიძინონ პრეპარატები. ფალსიფიცირებული პრეპარატების გამოყენებით ვაზის დაზიანება გარდაუვალია.
ფალსიფიცირებული შხამქიმიკატების პრევენციის ღონისძიებები დღეს არსებობს, მაგრამ აღსრულების მექანიზმი მოუქნელია, რის გამოც ბაზარზე უხარისხო პროდუქცია ხვდება. მევენახე დაზღვეული რომ იყოს რისკებისგან, აუცილებლად სპეციალიზებულ მაღაზიებს უნდა მიმართოს, მასთან დადოს ხელშეკრულება – თუ ვენახი დაზიანდება პრეპარატის გამოყენებით, მაშინ პასუხი იმან უნდა აგოს, ვინც მევენახეს ეს პრეპარატი მიაწოდა.
ყურძნის გემო-თვისებაზე გავლენას ახდენს თუ არა ფალსიფიცირებული პრეპარატი?
აქამდე საქმე აღარ მიდის – ვენახი, ნაყოფი ნადგურდება.
როგორია სახელმწიფოს როლს ღვინის წარმოებაში?
აუცილებელია ადგილობრივ ბაზარზე ხარისხის კონტროლი. თუ ხარისხის კონტროლი ეფექტური იქნება, მევენახეობა-მეღვინეობა განვითარდება.
აჭარაში ღვინის ტურიზმის განვითარების შესაძლებლობას თუ ხედავთ?
ღვინის ტურიზმს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ, რაც უნდა აწარმოოს აჭარაში მეღვინემ, მევენახემ თუ ფერმერმა, ყველაფერი ხარისხიანი უნდა იყოს.
აშიშ გულია და ვაიბჰავ ბაბელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები არიან, ინდოეთიდან. მათ კურსზე სულ 37 ინდოელი სტუდენტი სწავლობს. ისინი ბათუმში დაახლოებით ერთი თვის წინ ჩამოვიდნენ. „ბათუმელები“ დაინტერესდა, თუ რატომ აირჩიეს ეს უნივერსიტეტი ინდოელმა ახალგაზრდებმა.
აშიშმა და ვაიბჰავმა ინფორმაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ მეგობრისგან მიიღეს, რომელიც უკვე აქ სწავლობდა. მათ მეგობარმა უთხრა, რომ ბსუ-ში ჩაბარება გაცილებით მარტივად და სწრაფად იყო შესაძლებელი და გარდა ამისა, გადასახადი ინდოეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების გადასახადებთან შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც დაბალი იყო. თუმცა, ბიჭები ამბობენ, რომ არჩევანი ფასის გამო არ გაუკეთებიათ.
„ინდოეთში სახელმწიფო უნივერსიტეტები ბევრად ხელმისაწვდომია ფინანსურად, მაგრამ სამედიცინო ფაკულტეტზე ჩარიცხვა ძალიან რთულია, კონკურსი ძალიან მაღალია და ჩაბარებას მხოლოდ გამორჩეულები ახერხებენ. შეიძლება ნიჭიერი იყო, მაგრამ მაინც გარეთ დარჩე. გამოცდები უამრავ ასპექტს მოიცავს, მოუმზადებლად ვერ ჩააბარებ, სკოლის მომზადება საკმარისი არ არის, ისე კი, ძალიან დიდ თანხასთანაა დაკავშირებული“, – ყვება ვაიბჰავი. მისი თქმით, ამავე მიზეზის გამო მან არ აირჩია გერმანიის ან სხვა განვითარებული ქვეყნის უნივერსიტეტები: „ზოგადად, ეს ფაკულტეტი არის ძალიან რთული, განვითარებული ქვეყნების უნივერსიტეტები, როგორიცაა გერმანია, მთელ რიგ გამოცდებს ითხოვენ, გამოცდა, გამოცდა, ინტერვიუ… ამისთვის მომზადებაც ძვირი ჯდება. ან სკოლიდან უნდა გქონდეს გადაწყვეტილი და მიზნად დასახული“, – ამბობს ვაიბჰავი, მას აშიშიც ეთანხმება.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, თუ რა პროცედურები გაიარეს მათ ბსუ-ში მოსახვედრად და რა დროში მოახერხეს ეს.
„ფაქტობრივად, გამოცდებზე დიდი დრო არ დაგვიხარჯავს. ჩვენ გვყავს იქ, საზღვარგარეთ სწავლის აგენტი. ვუთხარით მას, რომ გვინდოდა წამოსვლა ამ უნივერსიტეტში, რაც შეიძლებოდა მოკლე დროში. ერთ თვეში მოხერხდა. ჩვენ სკოლის სერტიფიკატი წარმოვადგინეთ და აპლიკაცია. სკოლის ნიშნებზე იყო ბარიერი, უნდა ყოფილიყო მინიმუმ 65% თუ 70%“, – იხსენებენ სტუდენტები.
ქალაქის არჩევისას აშიში და ვაიბჰავი ცდილობდნენ პატარა, მშვიდი ქალაქი შეერჩიათ. ბათუმმა ამ მხრივ მათი მოლოდინი გაამართლა.
„როცა ინტერნეტში ინფორმაციას ვეძებდი, წავიკითხე, რომ ბათუმი წვიმის ქალაქია. სიმართლე გითხრათ, აღმოვაჩინე, რომ სულ არაა ასე, წვიმს, მაგრამ მოლოდინი, რომ წვიმა შემაწუხებდა, საბედნიეროდ, არ გამართლდა. მომწონს, რომ პოპულაციის დაბალი მაჩვენებელია ჩვენს ქალაქებთან შედარებით. იქ ქუჩებში მუდამ ხალხი ირევა, ყველა სადღაც გარბის, აქ ამ მხრივ სიმშვიდეა“, – ამბობს აშიში. ახალჩამოსულები იყვნენ, რომ უნივერისტეტის პირველკურსელთა დასახვედრი წვეულება გაიმართა სასტუმრო „ლეოგრანდში“, რომელსაც ყველაზე სასიამოვნოდ იხსენებენ.
„ძალიან კარგი იყო, მუსიკა, გართობა, ერთმანეთიც გავიცანით. მას შემდეგ იმის გამო, რომ ჩვენ გარკვეული მასალის სწრაფად გავლა გვიწევს, დატვირთული ცხრილი გვაქვს, თან ენის ბარიერია და აქაურ სტუდენტებთან დაახლოების საშუალება არ მოგვეცა“, – ყვებიან ბიჭები.
პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, ვაიბჰავი და აშიში უნივერსიტეტში ქართულ ენას სწავლობდნენ. მათ ქართულად წერა-კითხვა ელემენტარულ დონეზე უკვე შეუძლიათ, თუმცა სასწავლო კურსს ინგლისურ ენაზე გადიან.
ვაიბჰავი და აშიში, სხვა 35 თანამოქალაქე კურსელთან ერთად, ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობენ და თვეში 25 დოლარს იხდიან. გეგმები არ აქვთ, რადგან, როგორც ამბობენ, სამედიცინოს პირველი საფეხური საკმაოდ ხანგრძლივია და არავინ იცის რა მოხდება. პროფესიული მიმართულებაც არ აურჩევიათ: „ქირურგია და კარდიოლოგია კარგია, მაგრამ ძალიან რთულია, კარგად უნდა განვსაზღვრო, შევძლებ თუ ვერა“, – ამბობს ვაიბჰავი.
კულტურა, გარემო, უნივერსიტეტი და სასწავლო პროცესი მოსწონთ, მაგრამ აშიში ამბობს, რომ ისურვებდა სწავლის გარე აქტივობებში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონოდათ. ვაიბჰავი ამბობს, რომ ამ ეტაპამდე გადატვირთული იყო სასწავლო განრიგი, რადგან დაგვიანების გამო, გარკვეული მასალა მოკლე დროში დაჩქარებულ რეჟიმში გაიარეს, მაგრამ იმედოვნებს, რომ ამის შემდეგ სხვა აქტივობებში ჩართვასაც შეძლებს.
პედაგოგთა ბოლო საგნობრივ გამოცდაზე დაწესებული ბარიერი 6 477 პედაგოგიდან 5 376-მა ვერ გადალახა. პედაგოგები მათ მიმართ კრიტიკას სოციალურ ქსელებში გამოეხმაურნენ, სადაც ისინი ტესტების სირთულეზე წერენ. არის თუ არა პედაგოგთა საგნობრივი გამოცდის ტესტები დაუძლეველი, როგორც ამას პედაგოგთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, თუ პრობლემა დროის მენეჯმენტშია?
პედაგოგთა საგნობრივი გამოცდების ტესტების ნიმუშები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეც. ტესტების პასუხები სხვადასხვა ქულით ფასდება. ავიღოთ დაწყებითი კლასის მასწავლებლის გამოცდის ტესტის ერთ-ერთი ნიმუში, სადაც უმაღლესი ქულა არის 3. მოცემულ დავალებაში პედაგოგმა უნდა აჩვენოს “მწყობრი და დამაჯერებელი მსჯელობა“.
მაგალითად, მასწავლებელმა მგელთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე უნდა შეძლოს დამაჯერებლად მოიყვანოს ადეკვატური მაგალითები ზღაპრებიდან, სადაც მგელი დადებითი პერსონაჟია და მეოთხე კლასის მოსწავლეებისთვის გასაგებ ენაზე ახსნას, რატომ არის საჭირო მგლის შესახებ სტერეოტიპული წარმოდგენებისგან გათავისუფლება. თუ ამ მოთხოვნებს პედაგოგი სწორ პასუხს გასცემს, ამ დავალებაში ყველაზე მაღალ, ანუ სამ ქულას აიღებს. პედაგოგს პასუხში ნული ქულა დაეწერება იმ შემთხვევაში, თუ მგელთან დაკავშირებულ სტერეოტიპებზე იმსჯელებს ზედაპირულად, დაასახელებს მხოლოდ ნაწარმოებს, სადაც მგელი დადებითი პერსონაჟია ან წარმოდგენილი მსჯელობა იქნება არასწორი.
დაწყებითი საფეხურის ერთ-ერთმა პედაგოგმა ნანა ჯანაშვილმა ფეისბუქზე „ბათუმელებს“ მოსწერა: “გადახედეთ ტესტებს, თითქმის 9 კლასის დონეზე სთხოვენ მასწავლებლებს. ეს მათ არაფერში სჭირდებათ. ტესტები ისეა შედგენილი, რომ პედაგოგების უმრავლესობა ვერ მოასწრებს დაწერას, რომც იცოდნენ“.
პედაგოგის აზრით, ამას განათლების სამინისტრო გამიზნულად აკეთებს, „რადგან სერტიფიცირებული მასწავლებელი ხელფასის გარდა იღებს დანამატს, ეს კი ბიუჯეტიდან დამატებითი თანხის გადინებას უწყობს ხელს. თუ ვინმე ხმას ამოიღებს, სამსახურს დაკარგავს, ამიტომ ჩუმდებიან“.
ნათელა ნაკუბაიძის აზრით, რომელიც პედაგოგთა გამოცდებს ასევე სოციალურ ქსელში ეხმიანება, წერს:„მასწავლებელი უნდა შეფასდეს იმით, თუ რა შედეგი მიიღო და არა იმით, თუ რას აკეთებს ამ შედეგისთვის“.
„განა ვერ გაიხსენებს პედაგოგი იმ ყველაფერს, მაგრამ იქაც ჩახლართულია საკითხები. მათი ენით რომ გითხრათ, ფეხწამოსაკრავი საკითხები ბევრია, რასაც დაფიქრება და დრო სჭირდება. 5 საათში ძნელია ყველაფრის მოსწრება“, – გვწერს ნანა ჯანაშვილი, რომელიც დროის სიმცირეზეც საუბრობს: „წელს პირველად ტექსტის გააზრებით დავიწყე და არც ერთი შეცდომა არ მქონდა, მაგრამ დიდი დრო წამართვა, მერე თემის დაწერა დავიწყე და მათემატიკისთვის აღარ დამრჩა დრო. სიჩქარის გამო შეცდომები დავუშვი. განა მთელი მათემატიკა აზროვნებას არ მოითხოვს? ასევეა ზედა საფეხურის ტესტებიც. იქ მოცემული რთული საკითხები მასწავლებელს პრაქტიკაში არ სჭირდება. მოკლედ, ტესტი უნდა იყოს მასწავლებლის საჭიროებებზე მორგებული“.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე ცალკეული პედაგოგების პრეტენზიებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ ტესტები განსაზღვრულ დროში მოსწრებადია და ის მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს ეყრდნობა.
„არა მგონია რეალურად არსებობდეს დროის პრობლემა. ტესტები აპრობირებულია და ხუთი საათი ამ დავალებების შესასრულებლად, რაც ტესტებშია მოცემული, სავსებით საკმარისია. ეს გამოცდები რამდენიმე წელია ტარდება და ამ ხნის განმავლობაში ათასამდე ადამიანმა წარმატებით გაართვა თავი. თუ მასწავლებელი ამბობს, რომ დრო არ ეყო, ესე იგი, მას დროის განაწილების პრობლემა აქვს“.
ივა მინდაძე პედაგოგების მოსაზრებას, თითქოს განზრახ არის ტესტები ჩახლართული, არ ეთანხმება. „განზრახ არაფერი არ იხლართება. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს ეს ტესტები და ვნახავთ, რომ კრიტიკა რეალობას არ შეესაბამება“.
ივა მინდაძის თქმით, პედაგოგთა საგამოცდო ტესტები მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტსა და ეროვნულ სასწავლო გეგმას ეყრდნობა.
„საერთაშორისო კვლევები, რომლებიც პერიოდულად ტარდება, აჩვენებს როგორც სკოლაში არსებულ ხარისხს, ასევე ქვეყნის პროგრესს მსოფლიოს ქვეყნებთან შედარებით და ვითარება ნამდვილად არ არის სახარბიელო. სკოლაში ხარისხის პრობლემა მწვავედ დგას, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის პედაგოგთა კვალიფიკაცია“.
რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს. პედაგოგების თქმით, ზამთარში ჩატარებული გამოცდების დროს არ იყო გათბობა ჩართული, რის გამოც პედაგოგებს რთულ პირობებში მოუხდათ მუშაობა.
ივა მინდაძის თქმით, პედაგოგთა ტესტირება იმ სკოლებში ტარდება, სადაც ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია: „მე როგორც ვიცი, გათბობა ამ სკოლებში გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაირთო. ვეთანხმები იმას, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურა საჭიროებს დახვეწას, მაგრამ ეს ბევრად უფრო საგანგაშო მგონი მოსწავლეებისთვის არის და არა მასწავლებლებისთვის“.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პედაგოგებს ცენტრის ხელშეწყობით საგნობრივი ტრენინგები უტარდებათ, მაგრამ „როგორ უნდა იმუშაონ ტესტზე, ამ მიმართულებით მათ ტრენინგები არ ჩატარებიათ“.
2 აპრილს, აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ორგანიზებას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“.
„შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო. გვინდა საზოგადოება აუტიზმთან დაკავშირებული სტიგმებისა და სტერეოტიპებისაგან გათავისუფლდეს. ასევე, სახელმწიფოს აკისრია დიდი როლი აუტისტური სპექტრის მქონე პირებისათვის შესაბამისი პროგრამების შექმნაზე, რაც მათ ცხოვრებას გაამარტივებდა“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე. მისი ინფორმაციით, აჭარაში აუტიზმის მქონე მხოლოდ 25 პირი სარგებლობს ჯანდაცვის პროგრამებით, რაც ძალიან მცირე რიცხვია და არ ასახავს აჭარაში აუტიზმის მქონე პირთა საერთო რაოდენობას.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ადამიანები, რომელთა ახლობლები აუტიზმის მქონენი არიან. ერთ-ერთი მომხსენებელი აუტისტური სპექტრის მქონე პირის მშობელი იყო, რომელმაც იმ პრობლემებზე ისაუბრა, რასაც საზოგადოებაში აწყდება და იმ საჭიროებებზე, რომლებიც აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს აქვთ.
მოხსენებების შემდეგ აუტიზმის თემატიკაზე მომზადებული ვიდეორგოლები აჩვენეს: „ვეცადეთ, უფრო მარტივად გვეჩვენებინა საკითხი, რომ ახალგაზრდები მიხვდნენ აუტიზმის მქონე პირთა შესახებ დამკვიდრებული სტერეოტიპების აბსურდულობას“, – ამბობს თომა კაკაბაძე.
სათაურში მითითებული ციტატა ეკუთვნის ფრანგ ფილოსოფოსს ფრანსუა მარი არუეს.
გიორგი თავაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი
ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიგა პროდუქტის რაოდენობის მიხედვით სახელმწიფოები განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებად იყოფიან. თუკი ევროპაში ერთ სულზე წელიწადში 13000 აშშ დოლარის მშპ ითვლება ზღვრად, რომლის აქეთ სიღარიბე იწყება, სამხრეთ ამერიკაში (არგენტინა) ის 8760 დოლარია, სამხრეთ აფრიკაში 740$, ხოლო ჩინეთში სულ 185. საქართველო გაეროს წევრი 186 ქვეყნიდან იმ 132 ქვეყანას შორის აღმოჩნდება, რომელთაც არც თუ საამაყო ტერმინით – განვითარებად ქვეყნებად იხსენიებენ. ამ დელიკატური ტერმინის ქვეშ, უფრო ხშირად, ღარიბი ქვეყნები მოიაზრებიან, რომელთა შორის, ერთ სულზე 3720 დოლარით, „საპატიო“ 116-ე ადგილი უკავია საქართველოს.
ვისი და რისი ბრალია, რომ ქვეყნების ერთი ნაწილი სიღარიბეში იხრჩობა?
განვითარებული ქვეყნების უმეტესობა ევროპას ეკუთვნის, მაგრამ მარტო ევროპელობა რომ სიმდიდრის გარანტიას არ იძლევა, კარგად ჩანს რიგი ქვეყნების მაგალითზე (ბულგარეთი – 6580$ მშპ ერთ სულზე; უკრაინა – 2110$; მოლდავეთი – 1740$). როგორც მდიდარ, ისე ღარიბ ქვეყნებს სახელმწიფო მოწყობის ფორმები და ეკონომიკური მოდელებიც ხშირად მსგავსი აქვთ. ამდენად, პოლიტიკური მოწყობის ფორმას ან ეკონომიკურ მოდელებს დავაბრალოთ სიმდიდრე თუ სიღარიბე, მართებული არ იქნება. ერთი რამ მაინც თვალშისაცემია: განვითარებული ქვეყნების უმრავლესობა თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების დემოკრატიული ქვეყნებია, თუმცა, ნაკლები დემოკრატიის ისეთი ქვეყნებიც არსებობენ (სინგაპური, იაპონია, ტაივანი, სამხრეთ კორეა…), სადაც მშპ-ც მაღალია და ცხოვრების დონეც.
სიღარიბეს მრავალი მიზეზი აქვს და ამას ეკონომისტები შვიდ ფაქტორად აჯგუფებენ:
1. ეკონომიკური (უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება, დაბალი შრომისნაყოფიერება).
2. სოციალურ-სამედიცინო (შშმ, სიბერე, ავადმყოფობა),
3. დემოგრაფიული (არასრული ოჯახები, უმუშევრების სიმრავლე ოჯახში).
4. კვალიფიკაციური (განათლების დაბალი დონე, პროფესიონალიზმი).
5. პოლიტიკური (ომები, კონფლიქტები, იძულებითი მიგრაციები).
6. რეგიონალურ-გეოგრაფიული (რეგიონების არათანაბარი განვითარება, ბუნებრივი რესურსების სიმწირე).
7. რელიგიურ-ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური (ასკეტიზმი).
ჩამოთვლილ ფაქტორთაგან ზოგი სახელმწიფო მასშტაბისაა, ზოგიც პიროვნული დონის. ცხადია, რაც სახელმწიფო მასშტაბისაა, მისი წარმოშობა ყოფილი ხელისუფლებების ბრალია და მათი მოგვარება (ხელისუფლების მემკვიდრეობითობის პრინციპიდან გამომდინარე) მოქმედი ხელისუფლების მოვალეობაა, მაგრამ სწორედ აქ ვაწყდებით სერიოზულ პრობლემას, რომელმაც ეკონომიკური პარანოიას სახე მიიღო.
მიუხედავად არც თუ ხელშესახები ეკონომიკური წარმატებებისა, ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს ბენდუქიძის ნაანდერძევს _ ეკონომიკაში მთავრობის ჩაურევლობის ლიბერტარიანულ პოლიტიკას და შეუზღუდავი კონკურენციისთვის აქვს მინდობილი ისეთი მაკროეკონომიკური ფაქტორების კონტროლი, როგორიცაა: ინფლაცია, უმუშევრობა, მოთხოვნა-მიწოდების საბაზრო წონასწორობის დაცვა.
არავინ დავობს, რომ ეფექტიანობის მხრივ თავისუფალ კონკურენციას კონკურენტი არ ჰყავს, მაგრამ ეკონომიკისა და შრომის სწორი ორგანიზებისას განსხვავებული ეკონომიკური სისტემების პირობებშიც არის წარმატებების მიღწევა შესაძლებელი.
კითხვაზე – სახელმწიფოს მხრიდან ჩარევის შემთხვევაში უკეთ მუშაობს ეკონომიკა, თუ ასეთი ჩარევის გარეშე, ცალსახა პასუხის გაცემა რთულია. თუ აშშ-ის მაგალითზე ვიმსჯელებთ, სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს ეკონომიკის მართვაში, რადგან „წმინდა“, საწარმოო კაპიტალიზმმა, ეკონომიკაში ჩაურევლობამ, უზრუნველყო მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ეკონომიკის შექმნა.
თუ სოციალური და კოლექტიური კაპიტალიზმის ქვეყნების (გერმანია, ნორვეგია, შვედეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა…) მაგალითზე ვიმსჯელებთ, სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკაში ჩარევას კარგის მეტი არაფერი მოუტანია და მოსახლეობის სოციალური საკითხებიც გაცილებით უკეთაა მოგვარებული, ვიდრე აშშ-ში.
ჩვენი აზრით, ეკონომიკაში ჩარევაც და არჩარევაც ეკონომიკაზე ზემოქმედების ხერხებია და ვინც სწორად იყენებს მათ, წარმატებასაც ის აღწევს. ყველაფერი მთავრობის კომპეტენტურობაზეა დამოკიდებული, რომლის მოვალეობაა სწორად განსაზღვროს რა დროს რომელი მეთოდი გამოიყენოს და პარანოიდულად არ აიკვიატოს რომელიმე ერთის უპირატესობა.
თავისუფალ კონკურენციას მაშინ მოაქვს სიკეთე, როცა თავისუფალ ბაზარზე ერთმანეთთან კონკურენციაში კონკურენტუნარიანი სუბიექტები შედიან. ჩვენთან კი, სადაც ეროვნული ვალუტის კურსი ქართველი ბეიბისიტერების გამოგზავნილ ას-ას დოლარზეა დამოკიდებული, ვინ ვისთან უნდა შევიდეს კონკურენციაში? ვინ უნდა ააშენოს ახალი სამრეწველო საწარმოები?
ის, რომ ჩვენი ფერდებჩაცვენილი ეკონომიკა ჭაობში ჩავარდნილ ბარონ მიუნჰაუზენივით თავისთავს ამოათრევს ჭანჭრობიდან, თავის მოტყუებაა.
თუ მთავრობა დროულად არ ჩაერევა ეკონომიკაში და არ შექმნის პირობებს თავისუფალ კონკურენციაზე გადასასვლელად, დიდი დრო გავა, სანამ ქართველი გლეხი ფერმერად, ხოლო დამწყები მეწარმე შეძლებულ ბიზნესმენად ჩამოყალიბდება.
ფრანსუა მარი არუეს სათაურად გამოყენებული შეგონების თანახმად არამარტო პიროვნებისთვის, ქვეყნისთვისაც სახიფათოა, როცა მთავრობა ცდება, რადგან მთავრობის თუნდაც უნებლიე შეცდომები ძვირი უჯდება ხალხს.
ორჯერ გამოცხადებული ტენდერის მიუხედავად, ქობულეთის გამგეობა ჯავახიშვილის უბნის კეთილმოწყობის დასასრულებლად 700 ათას ლარს გამარტივებული შესყიდვით დახარჯავს. გამგეობამ შესყიდვების სააგენტოს თანხმობა უკვე მიიღო და ახლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებას ელოდება.
ქობულეთის გამგეობაში აცხადებენ, რომ ჯავახიშვილის უბნის მოსახლეობამ, ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის გამო, გასულ ტურისტულ სეზონზე სარგებელი ვერ ნახა. თუმცა ასობით ოჯახი ანალოგიური ვითარების წინაშეა ერთი წლის შემდეგაც.
ჯავახიშვილის უბანი ერთ-ერთი ცენტრალური უბანია, სადაც გამგეობის ინფორმაციით, ცხოვრობს დაახლოებით 300-მდე ოჯახი, განთავსებულია კერძო საოჯახო ტიპის სასტუმროები, კომერციული და გასართობი ობიექტები.
ამ უბნის კეთილმოწყობაზე ტენდერი ქობულეთის გამგეობამ 2015 წლის მარტში გამოაცხადა [1 287 200 ლარი]. მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო – შპს „ნიუ სთეიჯ“ და შპს „გზა XXI“ [ბოლო შეთავაზება – 1 148 000 ლარი]. სატენდერო კომისიამ „გზა XXI“-ს 10 სამუშაო დღეში საბანკო გარანტიის წარდგენა მოსთხოვა; ბოლო ვადა 12 ივნისი იყო, თუმცა გარანტია წარდგენილ იქნა 15 ივნისს, რის გამოც კომისიამ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა.
კანონის მიხედვით, კომისიას ხელშეკრულების გაფორმება მეორე პრეტენდენტისთვის – შპს „ნიუ სთეიჯისთვის“ უნდა შეეთავაზებინა, თუმცა კომისიის ოქმში ვკითხულობთ, რომ „ამ კომპანიის მოწვევა ვერ იქნება მართებული, ვინაიდან მასთან გამგეობას ქუჩების კეთილმოწყობაზე ცალკე აქვს გაფორმებული ხელშეკრულება და კომპანია გეგმა-გრაფიკით ვერ ახერხებს სამუშაოს შესრულებას“. შესაბამისად, დამატებითი სამუშაოს გაჩენა კომპანიისთვის კიდევ უფრო გაართულებდა სიტუაციას, ამასთან იყო ტურისტული სეზონი, რის გამოც სატენდერო კომისიამ გადაწყვიტა გამარტივებული ტენდერი გამოეცხადებინა.
გამარტივებულ ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობდა, გამარჯვებულთან, ანუ შპს „ეფექტისთან“ 2015 წლის 24 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება. კომპანიას 1 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა შეესრულებინა და ჯავახიშვილის უბანში ინფრასტრუქტურა მოეწესრიგებინა – მაქსიმუმ 120 დღეში, შესაბამისი ნებართვის მიღებიდან. თუმცა, ამ კომპანიასთან გამგეობამ 2016 წლის 18 იანვარს ხელშეკრულება გააუქმა, ვინაიდან ის „არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას“.
ქობულეთის მინიციპალიტეტის გამგებლის, სულხან ევგენიძის განცხადებით, “კომპანიამ თავიდან კარგი ტემპით დაიწყო მუშაობა, ჰყოლია ქვეკონტრაქტორი, რომელმაც შემოიყვანა მუშები და ასრულებდა სამუშაოებს. პირველი ეტაპის სამუშაოები რომ შესრულდა, „ეფექტს“ ჩავურიცხეთ 244 ათასი ლარი, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ქვეკონტრაქტორს აღარ გადაუხადა ფული [მუშების ხელფასები და ა.შ.] და მიატოვა, ფაქტობრივად, საქმე [ქვეკონტრაქტორმა უჩივლა და ნაწილი ამოიღო თანხის, სასამართლო დავა მიმდინარეობს მგონი]“.
ჯავახიშვილის ქუჩა ქობულეთში. თორნიკე თავაძის ფოტო
გამგეობამ კომპანია ვადაგადაცილებისთვის დააჯარიმა 46 ათასამდე ლარით, რომელიც საგარანტიოთი ამოიღო. რაც შეეხება იმას, არის თუ არა კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები იმ ღირებულების, რაც მას გამგეობამ გადაუხადა? – გამგებლის თქმით – კი. თუმცა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შესაბამისი დასკვნები თავად კომპანიამ გააკეთებინა. „ესეც გასაკვირია, რომ გააკეთეს, თორემ ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა და ბიუჯეტიდან გადაგვეხადა ფული, შემდეგ დავაკისრებდით კომპანიას და უნდა გვედავა ამოღებაზე“, – აცხადებს სულხან ევგენიძე.
გამგებელი არც იმას გამორიცხავს, რომ იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ვალდებულებებს ჯეროვნად ვერ ასრულებენ, ახალ ტენდერებში სხვა ფორმით – ახალი კომპანიებით მონაწილეობენ. ანუ, კომპანია იგებს ტენდერს, აჰყავს ქვეკონტრაქტორი, რომელიც უშუალოდ ასრულებს სამუშაოებს; გარკვეულ ეტაპზე კი, როცა თანხის ნაწილი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ანგარიშზე გადაირიცხება, ეს კომპანია „ქრება“, ხოლო ქვეკონტრაქტორიც და დამკვეთიც შემდეგ მას ედავება. ამასთან, ხან პოულობენ ამ „კომპანიას“ და ხან ვერა.
„ეფექტისთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ქობულეთის გამგეობამ დარჩენილი თანხის – 771 ათას 648 ლარის დახარჯვა, ტენდერისა და კონკურსის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით გადაწყვიტა და თანხმობისთვის შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს მიმართა. გამგეობა ამის აუცილებლობას ამჯერადაც მოახლოებული ტურისტული სეზონით ხსნის:
„დღეის მდგომარეობით, ჯავახიშვილის უბანში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, გზები გადათხრილია, უბნის მოსახლეობა კატეგორიულად მოითხოვს სამუშაოების დასრულებას ტურისტული სეზონის დადგომამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი იმისა, რომ შესაძლოა ზედიზედ მეორედ ჩავარდეს ტურისტული სეზონი. ეს კი გამოიწვევს ჯავახიშვილის უბნის მოსახლეობისთვის სოციალური სიდუხჭირის ზრდას, მათ მიერ აღებული საბანკო ვალდებულებების შეუსრულებლობას და მიაყენებს მათ დიდ ზარალს. ტურისტული სეზონი ჯავახიშვილის უბნის მოსახლეობის შემოსავლის მიღების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია მოსახლეობის არაერთი საჯარო ხასიათის პროტესტი და აღშფოთება“.
ქობულეთის გამგებლის ინფორმაციით, მათ უკვე შეარჩიეს სამი კომპანია და გადაუგზავნეს წერილები, რომ აქვთ გარკვეული თანხა და შესასრულებელია სამუშაოები.
„დახურული კონვერტები უკვე მოვიდა ამ კომპანიებიდან და განკარგულება როცა მოვა არჩილ ხაბაძის, შეიკრიბება კომისია და გავხსნით – ვინც დაბალ ფასს შემოგვთავაზებს, იმათთან დავდებთ ხელშეკრულებას“, – აცხადებს სულხან ევგენიძე.
გამგებლის თქმით, სხვა პრობლემური უბნები ქობულეთში არ აქვთ: „ისეთი კომპანიებია შემოსული, რომ მგონია ყველაფერს გააკეთებენ, კარგი პირი უჩანთ ჯერ… ღმერთმა დაიცვას, რამე მოხდეს სეზონისთვის. სეზონს მომზადებული დავხვდებით _ კეთდება ეზოები, ტროტუარები, სკვერი სადგურთან, მიმდინარეობს გამყოფი ზოლების მოწესრიგება და, ზოგადად, ძალიან ბევრი პროექტია ქალაქშიც და სოფლადაც“.
რაც შეეხება ჯავახიშვილის უბანს, ამ კვირაში ალბათ გაფორმდება ხელშეკრულება, გამგებელი კი სამუშაოების დასრულებას უბანში მაისის ბოლოს ვარაუდობს.
„სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონულ ფორმატში გადატანაზე ვმუშაობთ უკვე მეოთხე წელია. პაციენტს მალე ექნება ელექტრონული ბარათი, სადაც მისი სამედიცინო ისტორია სრულად იქნება ასახული. ნებისმიერ კლინიკაში შეეძლებათ პაციენტზე გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ ამ ბარათით გაიგონ. ეს ასევე იქნება უმძლავრესი მექანიზმი სამედიცინო ხარისხის კონტროლის,“ – განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 2 აპრილს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ის ექიმებს შეხვდა.
„რა ფუნქცია უნდა დაეკისროს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომელიც ახლა შენდება, როგორია თქვენი ხედვა?“ – ეს შეკითხვა მინისტრს ამ კლინიკის ექიმმა, აკაკი ბერიძემ დაუსვა. „რესპუბლიკური საავადმყოფოს რა ისტორიული მისიაც ჰქონდა, ის უნდა შეასრულოს ისევ. ვფიქრობ, რომ ისევ მრავალპროფილური უნდა იყოს და თანაბარ პირობებში იყოს სხვა კლინიკებთან. ჯანსაღი კონკურენცია არის მთავარი პირობა, დანარჩენი თავად თქვენ, ამ კლინიკაში მომუშავე ადამიანებმა უნდა განსაზღვროთ,“ – განაცხადა მინისტრმა.
ბათუმის საკრებულოს წევრმა, რამაზ სურმანიძემ მინისტრს შეკითხვა კომუნალურ ჰიგიენაზე დაუსვა: „სანიტარული ზედამხედველობის დარგში სუსტი ვართ. ხედავთ თუ არა ამ კუთხით გაძლიერების საჭიროებას?“ ამას გარდა, რამაზ სურმანიძე დაინტერესდა, რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა ჯანმრთელობის დაცვის კუთხით, რადგან ამაზე დღეს არავინ საუბრობს. მინისტრი მიიჩნევს, რომ „ამ მხრივ დიდი ნაბიჯებია გადადგმული“ და „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების კიდევ უფრო გაძლიერებით მივიღებთ უკეთეს შედეგს.“
ექიმებმა კითხვები დასვეს სერტიფიცირებაზე, ასევე ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე. დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ იმპერატიულ ცვლილებებს არ გეგმავს, თუმცა „რეფორმა საჭიროებს მეტ განათლებას.“ მას არ უთქვამს კონკრეტულად როგორ და რა ფორმით, მაგრამ მინისტრმა ასევე თქვა: „ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების კურსები არ უნდა ჩავაბაროთ ისტორიას, ეს კარგი ტრადიცია იყო“.
შეხვედრის დასრულების შემდეგ „ბათუმელებმა“ დავით სერგეენკოს შეკითხვა დაუსვა ბათუმის დედათა და ბავშვთა რესპუბლიკური ცენტრზე, სადაც 4 თვის ბავშვი გარდაიცვალა და ამ კლინიკის პირველადი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების, ე.წ. „ემერჯენსის“ ექიმი ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკანონო სამედიცინო საქმიანობისთვის დააჯარიმა [დაჯარიმებული ექიმის ინფორმაციით, „ემერჯენსში“ 12 ექიმი მუშაობს და არც ერთ მათგანს არ აქვს შესაბამისი მიმართულების სერტიფიკატი. თავად კლინიკის ხელმძღვანელობამ ასევე ჯანდაცვის რეგულირების სააგენტომ ამ ამბის გაშუქების დროს კითხვებს არ უპასუხეს].
„ჯანდაცვის სამინისტრო ვალდებულია შეისწავლოს ყველა ასეთი შემთხვევა და ამას ჩვენ დადგენილი წესით ვაკეთებთ. ამ კონკრეტულ კლინიკაში უნებართვო სამედიცინო საქმიანობაზე მე ინფორმაცია არ მაქვს, თუ ეს დადასტურდა, იქნება შესაბამისი ზომები გატარებული. გადაუდებელი მედიცინა შედარებით ახალია, ბოლო ორი-სამი წელია მიმდინარეობს ამის დახვეწა“ – გვიპასუხა დავით სერგეენკომ.
მინისტრს ასევე ვკითხეთ, რატომ ვერ მუშაობს მის მიერ 2014 წლის 11 სექტემბერს მიღებული ბრძანება, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებს ათავისუფლებს სამართალდამცველებისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებისგან, თუკი პაციენტი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ზედოზირების ქვეშაა.
„პაციენტის ინფორმაცია არის კონფიდენციალური. სამედიცინო დაწესებულება აღარ არის ვალდებული შეატყობინოს ინფორმაცია იმ პაციენტებზე,რომლებიც შემოდიან ნარკოტიკული მოხმარების ზედოზირების გამო, თუმცა თუკი სამართალდამცავი უწყებები მოითხოვენ ამას, მიაწვდიან,“ – გვითხრა დავით სერგეენკომ.
„თუკი პოლიციელები მაინც იგებენ ინფორმაციას ამ შემთხვევებზე და შესაბამისად, სტატისტიკურად არც ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართვიანობა არ გაზრდილა ბოლო პერიოდში, მაშინ რა ინტერესს ემსახურებოდა თქვენი ბრძანება?“ – „ბათუმელების“ ამ შეკითხვას მინისტრმა აღარ უპასუხა: „ამ ბრძანებით რისკები შემცირდა. ინტერვიუ დამთავრებულია.“
ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის ბოლოში, ახალი გასართობი პარკი აპრილის დასაწყისში გაიხსნება. პარკი ოთხ ჰექტარზეა გაშენებული და ბათუმში არსებული პარკებისგან განსხვავებული კონცეფციითაა გაკეთებული. პირველად დაიდგა პარკში ადაპტირებული ატრაქციონები და საპირფარეშოები. პარკი 7 000 კვ/მეტრზე უნდა გამწვანდეს. ახალი პარკის მშენებლობაზე ერთი მილიონ 927 ათასი ლარი დაიხარჯა.
ხე-მცენარეები ჯერ შეტანილი არ არის, თუმცა როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურში გვეუბნებიან, პარკის დიდი ნაწილი სწორედ გამწვანებას დაეთმობა. პარკში 150 მაყურებელზე გათვლილი სტადიონიც არის, რომელიც ოთხი პროჟექტორით განათდება. აქ ბავშვებს ფეხბურთის გარდა კალათბურთისა და ხელბურთის თამაშიც შეეძლებათ.
“პარკში განთავსდა 90 საბაღე სკამი, რომელიც ბილიკებშია ჩადგმული. მოეწყო გაზონები, სადაც მერიის გამწვანების სამსახური შეიტანს ხე-მცენარეებს. სულ შვიდი ათასი კვადრატული მეტრი უნდა გამწვანდეს”, – ამბობს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველი, თამაზ ველიაძე.
მისივე განმარტებით, პარკში 50 გარეგანათებაა დამონტაჟებული. “ეს პირველი პარკია ბათუმში, სადაც კომპლექსური, პანდუსებიანი ტუალეტია გაკეთებული. პარკში გართობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებიც შეძლებენ, რადგან ატრაქციონებიც ადაპტირებულია.”
გასართობ სკვერში სასმელი წყლის ფანტანებიც დგას. პარკი მთლიანად დეკორატიული ფილებითაა მოპირკეთებული.
როგორც კეთილმოწყობის სამსახურში ამბობენ, ახალ პარკში ტრენაჟორები არ იქნება. თამაზ ველიაძის თქმით, ტრენაჟორების დადგმა საცხოვრებელი სახლების შიდა ეზოებშია გათვალისწინებული. ახალ პარკში ან მის მიმდებარედ არც ველოპარკის მოწყობა იგეგმება. “ეს საკითხი ბათუმის ავტოტრანსპორტის გადასაწყვეტია, ჩვენ ვერ გავაკეთებთ, თუმცა პარკის პროექტში ველოპარკი გათვალისწინებული არ არის”.
პარკში ჯერჯერობით არც ერთი ვიდეოთვალი არ არის დამონტაჟებული. თამაზ ველიაძე ამბობს, რომ ეს პროექტით გათვალისწინებული არ იყო, მაგრამ საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია ვიდეოთვალებიც დაამონტაჟონ.
თამაზ ველიაძე: “როცა პარკში კაპიტალური სამუშაოები მთლიანად დასრულდება და მერია ჩაიბარებს, პარკს მერიის შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ. გამწვანებაზე პასუხისმგებელი იქნება გამწვანების სამსახური, სხვა დეტალებზე კი, პროფილის მიხედვით, მერიის სამსახურები იზრუნებენ”.
თამაზ ველიაძის თქმით, ახალი პარკი ევროსტანდარტებითაა გაკეთებული და ატრაქციონებისა და განათებების გარდა თითქმის ყველა მასალა ქართული წარმოებისაა.
პარკის კეთილმოწყობას შპს “მონოლითი 2005” აწარმოებდა.
როგორია ქვეყანაში ეკონომიკური და სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი – ამ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება „ბათუმელებმა“ მთავარი პროკურატურისგან ადმინისტრაციული საჩივრის გაგზავნის შემდეგ შეძლო. პროკურატურის მონაცემებით, ქვეყანაში სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირებულია. მაგალითად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის (სსკ-ის 332-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დევნა 2013 წელს დაიწყო 97, 2014 წელს – 40, ხოლო 2015 – 16 პირის მიმართ.
სამსახურებრივი გულგრილობის (სსკ, 342-ე მუხლი) ფაქტები 2014 წელთან შედარებით, 40-დან 21-მდე შემცირდა. 2015 წელს მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილოებისთვის (სსკ, 337-ე მუხლი) სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. 2014 წელს ასეთი ერთი საქმე ყოფილა, 2013 წელს – ხუთი. ანალოგიური მაჩვენებელია „კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების“ კუთხით. ამავე მონაცემებით, ქრთამის მიცემისთვის მხოლოდ ერთ საქმეზე დაწყებულა ძიება, თუმცა ქრთამის აღების მაჩვენებელი უცვლელია: 2013 წელს – 75, 2014 წელს – 56, 2015 წელს – 79 შემთხვევა დაფიქსირებულა.
ეკონომიკური დანაშაულის მაჩვენებელი უმეტეს შემთხვევაში გაზრდილია, მაგალითად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა (სსკ, 1920ე მუხლი) 2013 – 38, 2014 – 68, 2015 – 78. ზრდის მაჩვენებელია კრედიტის უკანონოდ მიღების კუთხითაც (სსკ, 208-ე მუხლი) თუკი 2013 წელს ამ მუხლით დევნა 24 პირის მიმართ დაიწყო, 2015 წელს ეს ციფრი 67-მდე გაიზარდა. ნივთის დაზიანება ან განადგურება (187-ე მუხლი) გასულ წელს 393 იყო, 2013 წელს – 191. ეკონომიკური დანაშაულებიდან შემცირებულა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის, სასაქონლო ზედნადების გაუცემლობის, ფალსიფიცირებული ნივთების უკანონო გადაზიდვისა და გასაღების მაჩვენებლები.
რაც შეეხება ქონების გადამალვას, პროკურატურას ბოლო ორი წლის განმავლობაში ასეთი შემთხვევა არ დაუფიქსირებია. 2013 წელს ამავე მუხლით 37 პირის მიმართ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა.
ხელვაჩაურში ავარია მოხდა, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა. გარდაცვლილია 2 ადამიანი, ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 5 დაშავებული კი გადაყვანილია საავადმყოფოში.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს.
ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის პირველ სართულზე გაზის სავარაუდო გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია. დაშავებულია ერთი მამაკაცი, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სადგურის ინფორმაციით, ხელები აქვს დამწვარი და იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც „ბათუმელებს“ აჭარის სახანძრო სამსახურის უფროსმა ხუსეინ სირაბიძემ უთხრა, დაზიანებულია პირველ სართულზე მდებარე სამი ბინა. ადგილზე გასულია „სოკარის“ საავარიო ჯგუფი.
„სოკარის“ ინფორმაციით, ახლომახლო ტერიტორიაზე გაზი ამჟამად გათიშულია და ხვალ დილიდან აღდგება მიწოდება.
ბათუმში 29 მარტიდან გათიშული იყო ბუნებრივი აირის მიწოდება. გაზი ბათუმში დღეს ჩაირთო. კომპანია „სოკარი“ მოუწოდებს ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მომხმარებლებს, „განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან იქნას აცილებული გაუთვალისწინებელი შედეგები“.
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს მონაცემებით, დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევის გამო სულ 576 ადამიანი დაჯარიმდა.
მათ შორის: 448 – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომის გამო, 2 – დგომის მეთოდის დარღვევის გამო, 80 – ნიშანში დგომისთვის, 19 – ტროტუარზე დგომისთვის, 20 -დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 7 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.
ფოტოები გადაღებულია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ჩაქვის წყლის გადამცემი მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 აპრილიდან 3 კვირის განმავლობაში გადაიკეტება თამარ მეფის გზატკეცილის მარჯვენა მიმართულება – ,,სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურიდან ,,ბათუმი ცენტრალამდე“ მონაკვეთი.
ჩაქვის ხაზი ქალაქის საბაზისო წყალსადენს წარმოადგენს. მილის განახლება ახალი მეთოდით – მილში შიდა გამოკვრის გზით ხორციელდება.
დღეს, ბათუმის თვითმმართველობაში, ევროინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირების მიზნით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ფონდ ,,ღია საზოგადოება -საქართველოსა“ და ,,რუმინეთის ევროპული კვლევების ცენტრის“ ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
ევროპარლამენტარმა, რუმინეთის იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა (2004-2007) მონიკა მაკოვეიმ და ,,რუმინეთის ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ჩიპრიან ჩიუკუმ რუმინეთის მაგალითზე ისაუბრეს, საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებზე და ასევე ევროკავშირთან ინტეგრაციით მიღებულ სიკეთეებზე.
“მომავალ წელს უკვე 10 წელი შესრულდება იქედან, რაც რუმინეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა. ამ დროის განამავლობაში ძალიან დიდი დახმარება მიიღო რუმინეთმა ევროკავშირისგან და ეს არ არის მხოლოდ ფინანსები. ეს უპირველეს ყოვლისა არის დახმარება სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის კუთხით, ასევე დახმარება ინნფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებში.
გარდა ამ სიკეთეებისა, ბოლო 10 წლის განმავლობაში, რუმინეთმა ევროკავშირისგან 40 მილიარდი ევროს დახმარება მიიღო . აღსანიშნავია, რომ ის დაფინანსება რაც ევროკავშირიდან მოდის ქვეყნის მიმართ, არ არის მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლებისკენ მიმართული. ეს ნაწილდება თვითმმართველობებზე, სოფლებზე, თემებზე… რათა ქვეყანაში განხორციელდეს განვითარებისთვის აუცილებელი პროექტები. ახლა რუმინეთი ევროკავშირთან დაფინანსების მეორე ეტაპზე გადადის, რაც ასევე დაახლოებით იგივე თანხას – 40 მილიარდ ევროსმოიცავს” – თქვა ჩიპრიან ჩიუკუმ – “მე კარგად ვიცნობ ქართულ კულტურას და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს რუმინეთსა და საქართევლოს, თუნდაც ევროკავშირზე ინფორმირებული მოსახლეობის რაოდენობით, ასევე საზოგადოების იმ ნაწილის პროცენტული მაჩვენებლით, რომელიც უჭერს მხარს ევროინტეგრაციას და სჯერა ევროსისტემის. ასევე მსგავსებაა რელიგიური აღმსარებლობის კუთხითაც. და თუ კი რუმინეთის ევროკავშირში გაწევრიანებას მოჰყვა ის სიკეთეები, რაზეც ვისაუბრე, ფიქრობ რომ საქართველოსთვისაც არის ადგილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაგვიკარგავს ჩვენი თვითმყოფადობა, როგორც აქამდე ვიყავით რუმინელები, ახლაც ისევე რუმინელები ვართ. მინდა გითხრათ რომ ახლა ჩვენ უფრო მეტად ვგრძნობთ თავისუფლებას, უფრო მეტად ორგანიზებული გახდა ჩვენი ქვეყანა და უფრო გახსნილი“.
ევროინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი თოთმმართველობის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ეტაპობრივად გაიმართება.
ბათუმში, ეპიდზედამხედველობის საკითხებზე, მეოთხე რეგიონული სამუშაო შეხვედრა ტარდება. შეხვედრაზე ადამიანის და ცხოველთა დაავადებების მონიტორინგის დარგში თანამშრომლობის საკითხები განიხილება.
შეხვედრაში საქართველოს გარდა, სამი ქვეყანა – აზერბაიჯანი, ყაზახეთი და უკრაინა მონაწილეობს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მიზანია ინფორმაციის გაცვლისა და უწყებათშორისი კოორდინაციის უზრუნველყოფით, რეგიონული თანამშროლობის გაუმჯებესება ეპიდზედამხედველობის საკითხებში.
მონაწილე ქვეყნების გარდა შეხვედრას ესწრებიან WHO (მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის)-ის, FAO-ს, EAIDSNet-ს, BMJ-ს, აშშ ჯანდაცვის დეპარტამენტის და სხვა ექსპერტები. ღონისძიება ტარდება აშშ საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოდან საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებლის, რეჟისორ შოთა გუჯაბიძის სავარაუდო გათავისუფლებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ კომენტარი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან გააკეთა.
„ბატონი შოთა, ჩემი, ასე ვთქვათ ტაქტიკური გადაწყვეტილება იქნებოდა, თუ კი შიგნით იქნებოდა ამ კომისიაში. ქუჩიდან ყვირილს და ქუჩიდან პროტესტს, მირჩევნია შიგნით იყოს, გაიგოს იქ, ამოწუროს, ასე ვთქვათ, მისი კითხვები“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
შოთა გუჯაბიძის სარეკომენდაციო საბჭოთან გათავისუფლების თემა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მირანდა ჩარკვიანმა საბჭოს განახლების შესახებ განაცხადა. სააგენტოს ხელმძღვანელი პროფესიონალებს სამთავრობო სტრუქტურებში [ბათუმის მერია, თვითმმართველობა, აჭარის ფინანსთა სამინისტრო] და ბათუმში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში ეძებს. სააგენტომ უკვე მიმართა ამ ორგანიზაციებს თხოვნით, გაუწიონ რეკომენდაცია არქიტექტორებს, ინჟინრებს, არქეოლოგებს, კონსტრუქტორებს, ხელოვნებათმცოდნეებს, გეოლოგებს და ა.შ.
მომავალ კვირაში სააგენტო აჭარაში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გეგმავს შეხვედრას კონსულტაციებისთვის.
შოთა გუჯაბიძე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს წევრია 2013 წლიდან. საბჭოს წევრობა ანაზღაურებადი არ არის.
კოოპერატივი „რ.კ. ქაქუთი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შავ სიაშია. სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში ამ კოოპერატივთან დაკავშირებული ორი ურთიერთგამომრიცხავი განმარტებაა. პირველით სამინისტრო „რ.კ ქაქუთთან“ 2013 წლის აგვისტოში გაფორმებული ხელშეკრულების მოშლას გეგმავს. მეორეთი კი „მიმდინარეობს საინვესტიციო პირობების შეთანხმებაზე მოლაპარაკება“. კოოპერატივის მფლობელს ეჭვი აქვს, რომ მთავრობა მისთვის საწარმოს წართმევას და სხვა პირზე გადაცემას გეგმავს.
ინდმეწარმე მერაბ ბერაძემ (შემდგომში კოოპერატივი რ.კ ქაქუთი) ხელისუფლებასთან ვალდებულებები 2013 წელს, მას შემდეგ აიღო, როცა მთავრობამ ოფიციალურად გამოაცხადა ციტრუსის შემფუთავი საწარმოების აღდგენის ინიციატივის შესახებ. აჭარაში ციტრუსის შემფუთავი, დამხარისხებელი და ტარის მწარმოებელი საწარმოების მოწყობის მიზნით აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, არჩილ ხაბაძის განკარგულების საფუძველზე მილიონ 682 400 ლარის ღირებულების ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით, 1 ლარად და გარკვეული ვალდებულებებით საკუთრებაში კერძო პირებს გადასცეს. მათ შორის იყო ინდმეწარმე მერაბ ბერაძეც.
1300კვ/მდე შენობა-ნაგებობა და 7000 კვ/მ მიწა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში აჭარის მთავრობამ ინდმეწარმე მერაბ ბერაძეს – 1 ლარად, შენობაში ციტრუსის შემფუთავი საწარმოს გახსნის პირობით გადასცა. მთავრობასთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, 2013 წლის პირველ ნოემბრამდე მას არანაკლებ 1 ტონა/საათში წარმადობის ციტრუსის დამხარისხებელი საწარმო უნდა აემოქმედებინა; 2014 წლის პირველ ოქტომბრამდე საკუთრებაში გადაცემულ შენობაზე სახურავის გამაგრება-შეკეთება, ხოლო 2015 წლის ოქტომბრამდე შენობის კეთილმოწყობითი სამუშაოები უნდა დაესრულებინა. 2013 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით საწარმოს საკუთარებაში უნდა ჰქონდა ელექტროსასწორი, პნევმატური ურიკა და ორი ტონა ტვირთამწეობის ავტომტვირთავი, ხოლო 2014 წლის პირველ ოქტომბრამდე – სატვირთო ავტომანქანები. მთლიანობაში კი ქონების ახალ მეპატრონეს 114 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება დაეკისრა.
„რ/კ ქაქუთის“ მეპატრონე მერაბ ბერაძე ამბობს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა და 114 000 ლარის ნაცვლად 130 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა. ის ამბობს, რომ ამას დოკუმენტებითაც დაადასტურებს. თუმცა, აჭარის მთავრობასთან პრობლემები მაინც აქვს. მისივე ინფორმაციით, გასულ წელს ის მთავრობამ დოკუმენტების წარდგენის დაგვიანების გამო 16 500 ლარით დააჯარიმა და საწარმო ჩამოართვა.
მერაბ ბერაძემერაბ ბერაძე მიიჩნევს, რომ მას ვალდებულებები შესრულებული ჰქონდა და არ უნდა დაეჯარიმებინათ. ამიტომ მან პრობლემის შესახებ ჯერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს – არჩილ ხაბაძეს, შემდეგ კი ყოფილ პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს მისწერა და დახმარება სთხოვა. ირაკლი ღარიბაშვილმა საქმეში გარკვევა ბიზნესომბუდსმენს დაავალა. რომელმაც თავის მხრივ „რ.კ ქაქუთის“ მთავრობასთან პრობლემების გასარკვევად აჭარაში თავისი წარმომადგენელი ოთარ რიკაძე მიავლინა. მერაბ ბერაძის ინფორმაციით, ოთარ რიკაძე მას აიმედებდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და პრობლემები აღარ ექნებოდა.
თავად ოთარ რიკაძემ „ბათუმელებთან“ საუბარი არ ისურვა.
ამის შემდეგ მერაბ ბერაძე ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ყოფილი პრემიერისა და ბიზნესმენების შეხვედრაზე მიიწვიეს. იქ მან ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. „პრემიერს ჩემი საქმე შევახსენე. მან არჩილ ხაბაძეს გახედა და ჰკითხა, იცით თუ არა რაშია საქმეო“, – იხსენებს ბერაძე.
„ჰილტონში“ შეხვედრის შემდეგ მერაბ ბერაძეს უთხრეს, რომ აღარ აჯარიმებდნენ, პრობლემები მოგვარებული იყო და მალე მისცემდნენ ვალდებულების შესრულების დადასტურების დოკუმენტს. თუმცა, ასე არ მოხდა. ერთი თვის შემდეგ ის სამინისტროში დაიბარეს და აუხსნეს, რომ ჯარიმის ათი პროცენტი მაინც უნდა გადაეხადა: „მითხრეს, ასეთი წესია, ეს საურავიაო. მინისტრის პირველ მოადგილესაც შევხვდი. მისგან მივიღე პირობა, რომ თუ ამ თანხას გადავიხდიდი, მუშაობას ჩვეულებრივად გავაგრძელებდი და პრობლემები აღარ მექნებოდა“.
მერაბ ბერაძემ დაკისრებული თანხა 2016 წლის 18 თებერვალს გადაიხადა. რის შემდეგაც მას უნდა მიეღო სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურების დოკუმენტი. ერთი თვის შემდეგ ის სამინისტროში ისევ დაიბარეს:
„დამირეკა სამინისტროს თანამშრომელმა არჩილ ბერიძემ. მე ვუთხარი – ხომ შევასრულე უკვე, რაზეც მინისტრის მოადგილეს შევუთანხმდი-მეთქი. მითხრა, თუ ისე არ მოიქცევი, როგორც ჩვენ გეტყით, შეიძლება ქონება ჩამოგართვათ ან ჯარიმა გაგიცოცხლოთო. სამინისტროში არჩილ ბერიძემ ამომიბეჭდა დოკუმენტი, სადაც წერია, რომ მე დავარღვიე და მაპატიეს.მე არაფერი დამირღვევია, რა მაპატიეს? – შევშინდი. ეს ხაფანგი ხომ არ არის და ჩემთვის ქონების წართმევა უნდათ-მეთქი. რადგან ვიცი, ამ ქონებით ერთი პირია დაინტერესებული“.
მერაბ ბერაძემ „ბათუმელებს“ აჩვენა მინისტრ დავით ბალაძის სახელზე შედგენილი განცხადება, რომელზე ხელმოწერასაც მას სამინისტროს თანამშრომელი არჩილ ბერიძე სთხოვდა. „…ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დაგვიანებით შესრულებისთვის დარიცხული ჯარიმის 10% გადახდილი იქნა 2015 წლის 18 თებერვალს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, დარჩენილი ჯარიმებისგან გამათავისუფლოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
იმ ლოგიკით, რომ ამ განცხადების ხელმოწერა ნაკისრი ვალდებულებების ვერ შესრულების აღიარებას ნიშნავდა, მერაბ ბერაძემ განცხადებას ხელი არ მოაწერა.
კოოპერატივ „კ.მ ქაქუთთან“ დაკავშირებულ პრობლემებზე „ბათუმელებთან“ საუბარი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არ ისურვეს. სამინისტროს პრესსამსახურისგან მივიღეთ მოკლე ანოტაცია, სადაც ნათქვამია, რომ მერაბ ბერაძემ სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულებები დაგვიანებით შეასრულა:
„მყიდველის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნებიდან ირკვევა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაგვიანებით იქნა შესრულებული, რაზეც კოოპერატივ „ქაქუთს“ დაერიცხა ჯარიმა – ჯამში 16 512 ლარი. ხოლო აჭარის ეკონომიკური საბჭოს 2015 წლის 14 დეკემბრის (N10) ოქმით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია მყიდველი გაათავისუფლოს დარიცხული ჯარიმებისაგან, გარდა დარიცხული ჯარიმის 10%-სა (1651,2 ლარი), რომელიც მყიდველმა გადაიხადა 2016 წლის 18 თებერვალს“.
ეკონომიკურ საბჭოს, რომელიც კონტრაქტორებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის დავებს განიხილავს, არჩილ ხაბაძე ხელმძღვანელობს.
„ბათუმელებთან“ 2013 წლის ნოემბერში კოოპერატივებზე მომზადებულ სტატიაში „რ.კ ქაქუთის“ ბუღალტერი ბესო ცეცხლაძე ამბობდა, რომ კოოპერატივმა 16 000 ლარად ღირებული დანადგარი კომპანიას ვალდებულებების ნაწილში მხოლოდ იმიტომ არ ჩაუთვალა, რომ კომპანიამ ერთი დღის დაგვიანებით შეისყიდა ის. „უკვე მივმართეთ მთავრობის თავმჯდომარეს და მისგან გვაქვს კეთილი ნება, რომ ხელშეკრულების პირობას შეგვიცვლიან“.
კითხვაზე – ჯარიმის 10% გადახდის შემდეგ დასრულდა თუ არა მერაბ ბერაძის ვალდებულებების შესრულება სახელმწიფოსთან? – ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში `ბათუმელებს~ უპასუხეს: „დიახ, დასრულდა. მას ახლა დარჩა ვალდებულება, რომ ეს პროფილი ათი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს და დასაქმებული ჰყავდეს არანაკლებ ხუთი მოქალაქე“.
კიდევ ერთი დეტალი: მერაბ ბერაძემ ჯარიმით გათვალისწინებული თანხა 2015 წლის 18 თებერვალს გადაიხადა. „ბათუმელებმა“ კი საჯარო ინფორმაცია მიიღო 17 მარტს, სადაც წერია, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ „რ.კ ქაქუთთან“ ხელშეკრულების მოშლის ან საინვესტიციო წინადადების შეცვლის საკითხი უნდა განიხილოს.
2013 წლის აგვისტოში არჩილ ხაბაძემ მერაბ ბერაძესთან ერთად 11 პირს გადასცა ქობულეთსა და ხელვაჩაურში მიწის ნაკვეთები 1 ლარად: პირველ ნოემბრამდე მათ უნდა მოეწყოთ მანდარინის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო. 2013 წლის ნოემბრისთვის რამდენიმე მესაკუთრემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ პირობები ვერ შეასრულა.
2013 წლსი 21 ნოემბერს გამოკითხული ექვსი მეწარმიდან „ბათუმელებს“ მხოლოდ ორმა დაუდასტურა სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობის სრულად შესრულება. ერთ-ერთი მათგანი შპს „გუდგუდის“ მფლობელი მურთაზ მიქელაძეა, ხოლო მეორე -შპს – „მანიაკეთი“.
შპს „მანიაკეთთან“ ამ დროისთვის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასამართლოში აქვს დავა პირგასამტეხლოს ამოღებაზე, პრობლემები აქვს შპს „გუდგუდსაც“.
ყველას აწყობს. ძალაუფლებაში მყოფი, თუ ოპოზიციური პარტიები ორი არჩევნების ერთდროულად ჩატარებას ძირითადად იმით ამართლებენ, რომ ამ გზით ამომრჩეველს ნაკლებად აწუხებენ. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ორი არჩევნების – საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს, = ჩატარება ყველაზე მეტად სწორედ ამომრჩეველს აზარალებს, რომელიც პოლიტიკური მოცემულობის გამორკვევის, ანუ პრაქტიკულად, არჩევანის გარეშე რჩება.
ორი ორგანოს არჩევნების ერთ დღეს არჩატარებაზე საუბრის დროს პოლიტიკოსების კიდევ ერთი არგუმენტი ბიუჯეტის დაზოგვაა. „უმაღლესი საბჭო იმდენ ფულს ხარჯავს საკუთარ კომფორტზე, ეს ძალიან სასაცილოა“,- ასე აფასებს პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია საერთო პოლიტიკურ თანხმობას ამ საკითხზე.
უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნებისთვის აჭარის ბიუჯეტში უკვე დევს 3 მილიონ 200 ათასი ლარი. ეს ფული სრულად იმ შემთხვევაში დაიხარჯება, თუკი უმაღლესი საბჭოს ახალ შემადგენლობას პარლამენტთან ერთად არ ავირჩევთ. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უნდა მიიღოს, მაგრამ 2008 წლიდან არჩევნები ერთდროულად ტარდება და კანონიც, ორივე საკანონმდებლო ორგანოს, ოთხწლიანი ინტერვალით არჩევას ითვალისწინებს.
„არჩევნების ერთდროულად ჩატარების შემთხვევაში, გამოყოფილი თანხის დაახლოებით 70 პროცენტი დაიზოგება“, – გვითხრა უმაღლესი საარჩევნო კომისიის ჯერ კიდევ მოქმედმა თავმჯდომარემ, არჩილ მიქელაძემ. ის წინა, 2012 წელს ჩატარებული არჩევნების ციფრებს ეყრდნობა. მაშინ გამოყოფილი 2 მილიონ 800 ათასიდან, დაახლოებით 890 ათასი ლარი დაიხარჯა.
„ასე ერთად ტარდებოდა აქამდეც და არ ყოფილა პრობლემა, ახლა რატომ უნდა იყოს?“ – კითხვითვე გვიპასუხა ალექსანდრე ჩიტიშვილმა, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ. მისთვის არჩევნების ერთდროულად ჩატარება სრულიად მისაღებია: „ერთი ხარჯია და უმჯობესია ერთად. ამას გარდა, მოსახლეობას ნაკლებად ვაწუხებთ. ისედაც ბევრი არჩევნებია, ხან საპრეზიდენტო არჩევნებია, ხან – თვითმმართველობის. ჩრდილში რატომ ვექცევით?“
დეპუტატი პრობლემას მხოლოდ იმ კუთხით ხედავს, რომ რამდენიმე მაჟორიტარული ოლქი გაერთიანდა, რამაც კანდიდატის შერჩევა გაართულა. „ეს რთული იქნება ყველა პოლიტიკური ძალისთვის, რადგან რამდენიმე რაიონიდან უნდა შეარჩიო ერთი ყველასთვის მისაღები კანდიდატი პარლამენტისთვის და ერთიც – უმაღლესი საბჭოსთვის“, – განმარტავს ალექსანდრე ჩიტიშვილი.
ჩიტიშვილის მსგავსად, „ერთ ხარჯზე“ აკეთებს აქცენტს თემურ კახიძეც „თავისუფალი დემოკრატებიდან“: „დამიჯერეთ, არაფერს აზიანებს ეს. პირიქით, ეკონომია ხდება. პარლამენტისა და ცენტრალურის გარეშე მაინც ვერაფერს გააკეთებ. ამის გამიჯვნაც ხდება, როცა ორი კანდიდატი ჰყავს პოლიტიკურ ძალას. ორივე საერთო პრობლემაზე ესაუბრება მოსახლეობას“.
დეპუტატი დაეთანხმა „ბათუმელებს“ იმაში, რომ არჩევნების შემდეგ, ხშირად, ამომრჩეველმა საერთოდ არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი. „თუმცა, ცალ-ცალკე რომ ჩავატაროთ, მით უმეტეს, აღარ ემახსოვრებათ“, – გვარწმუნებს დეპუტატი.
პრობლემას ვერც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხედავენ. პარლამენტის და უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთდროულად ჩატარება ამ პოლიტიკური ძალის მმართველობის დროს დაიწყო. „წინა არჩევნებმა აჩვენა, რომ სირთულეს ერთდროულად ჩატარება არ ქმნის. ის არჩევნები შედგა“, – უთხრა „ბათუმელებს~ ეკა თარგამაძემ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ფინანსები იზოგება და პოლიტიკურ აქტივობას ეს არ აზარალებს, თუკი პოლიტიკური ძალა მობილიზებული იქნება და იგი ამომრჩევლის სათანადოდ ინფორმირებას შეძლებს.
იგივე პოზიცია აქვთ უმაღლეს საბჭოს გარეთ მყოფ „ნინო ბურჯანაძე – ერთიან ოპოზიციაში“. „ქვეყანას იმის ფუფუნება არ აქვს, რომ ამდენი არჩევნები ცალ-ცალკე ატაროს“, – გვითხრა პარტიის ბათუმის ორგანიზაციის აქტივისტმა, დიმიტრი ჭეიშვილმა. მას შემდეგ, რაც მას პოლიტიკურად მეტი აქტივობის შესაძლებლობაზე ვკითხეთ, ჭეიშვილმა გვითხრა, რომ მეტი ფინანსების მოძიება უნდა შეძლოს უმაღლესმა საბჭომ, რომ არჩევნების ცალკე ჩასატარებლად თანხის გამოყოფამ კითხვები არ გააჩინოს.
პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია არ გამორიცხავს ახალი „ავთანდილ ბერიძის“ მოხვედრას უმაღლეს საბჭოში: „პოლიტიკოსები ასე საუბრობენ, რადგან მათ სურთ დაზოგონ პარტიის ფინანსები, ადამიანური რესურსები. ისინი უარს ამბობენ ცალ-ცალკე გაშლილ პოლიტიკურ კამპანიებზე, რადგან რესურსებს რომ თავი დავანებოთ, ამას სულ ცოტა პოლიტიკის სიყვარული სჭირდება. ჩვენთან არავის უნდა თანამდებობა იმის გამო, რომ პოლიტიკური პროცესი უყვარს. ჩვენთან უყვართ ის პრივილეგიები, რასაც თანამდებობა აძლევს მათ. როცა პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ მზაობა აქტიური პოლიტიკური კამპანია ჰქონდეთ, არაა გამორიცხული ისევ მივიღოთ „ავთანდილ ბერიძე“, რომელიც ჩემთვის ძალიან კომიკური ფიგურაა. ისევ იგივე მოცემულობა იქნება, როცა ლიდერია გადამწყვეტი. რეგიონში დაელოდებიან, როდის ჩავა მათთან ლიდერი და ასე შემდეგ.
ამ რეალობაში არ უნდა ველოდოთ კითხვების გააქტიურებას და პოლიტიკოსების პასუხებს, რომელიც ანგარიშვალდებულებით იქნება ნაკარნახევი. ისევ იქნება იმის პირობა, რომ შესაძლოა ადამიანის სექსუალური ცხოვრება უფრო საინტერესო გახდეს, ვიდრე ის, თუ როგორ აპირებს პირი პარლამენტში მოხვედრის შემდეგ მიხედოს, მაგალითად, ეკონომიკას. საბოლოო ჯამში დაზარალდება ამომრჩეველი, რომელსაც გაქცევით რაღაცას დაჰპირდებიან“.
„ქვეყანაში პროგრამებით არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა. არჩევნები მთელი სისტემაა, ფინანსები სჭირდება ამას“, – ამბობს თემურ კახიძე. რატომ არ არის არჩევნების ცალკე ჩატარება იმის საშუალება, რომ კონკრეტულ პრობლემებზე მეტი აქცენტირება მოახერხოს პოლიტიკურმა ძალამ, გაასაჯაროვოს ფაქტები და აქტიური პოლიტიკური დისკუსიის ნაწილად გახადოს? – „ბათუმელების“ ამ კითხვას კახიძემ ასე უპასუხა: „შალვა ნათელაშვილი 24 საათი ლაპარაკობს, მაგრამ შედეგი? ამომრჩეველი არ არის მზად“.
დეპუტატი ასევე მიიჩნევს, რომ კარგია, როცა პარლამენტსა და უმაღლეს საბჭოში ის პოლიტიკური ძალა მოდის, ვინც ამომრჩევლის ნდობას იმსახურებს.
„პირიქით, ეს ცუდია. სინონიმური არ უნდა იყოს ეს ორი არჩევნები“, – მიიჩნევს პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, რა თქმა უნდა, არის მთლიანი პოლიტიკური სივრცის ნაწილი, მაგრამ ეს არჩევნები არის იმის საშუალება, რომ გაძლიერდეს პოლიტიკური პროცესი. ერთდროულად ჩატარება კიდევ უფრო დუნეს ხდის პოლიტიკურ აქტივობებს რეგიონში. არჩევნების ერთდროულად ჩატარებით აჭარის პოლიტიკური ცხოვრება პირდაპირ სუბორდინირებული ხდება ეროვნულ პარტიულ პოლიტიკასთან, რაც უკვე არასწორია“.
როგორც „ბათუმელებს“ კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზში“ განუცხადეს, პირველი აპრილიდან აჭარაში გაზის მიწოდება აღდგება.
„პირველ აპრილს დილის 8 საათისთვის მთლიანად აღდგება გაზის მიწოდება ქალაქ ბათუმში; ამავე დღის დილის 10 საათისთვის გაზის მიწოდება აღუდგება ქობულეთს, ხოლო ხელვაჩაურის მიმართულებით გაზის მიწოდების აღდგენა დაგეგმილია ასევე პირველ აპრილს, თუმცა შეფერხების შემთხვევაში, მიწოდება 2 აპრილს აღდგება“ – განაცხადეს „სოკარის“ ცხელ ხაზზე.
კომპანია მოუწოდებს ქობულეთის, ბათუმისა და ხელვაჩაურის მომხმარებლებს, „განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის დანადგარების ონკანები, რათა ბუნებრივი აირის ჩართვის პროცესში თავიდან იქნას აცილებული გაუთვალისწინებელი შედეგები“.
30 მარტს, 14:00-15:00 საათამდე შუალედში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტში ორი შეიარაღებული პირი დააფიქსირეს.
„უნივერსიტეტის ეზოში ვისხედით და როცა „შკოდას“ ფირმის ავტომანქანა შემოვიდა, მანქანიდან ორი პირი ჩამოვიდა, ერთს [ზედატანზე] პოლიცია ეწერა, მეორე პირი კი სამოქალაქო ფორმაში იყო. რომელსაც პოლიცია ეწერა, იმ პირს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა ქამარზე. ორივე შენობაში ავიდნენ, რადგანაც იარაღით უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილების საკითხზე უკვე ძალიან ბევრი ითქვა და ეს საკითხი ე.წ. უსამხილო ბრალდებად იყო ქცეული, კიბეებზე ვიდეო გადავიღე“, – ამბობს ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ზურა მელიქაძე.
სტუდენტებმა აღნიშნულ საკითხზე უნივერსიტეტის პრორექტორს ინგა შამილიშვილს მიმართეს, რომელმაც მათ სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ ამ დროს უნივერსიტეტში ტარდებოდა „ნატოსთან“ დაკავშირებული ღონისძიება და აღნიშნული პირები შესაძლოა იქ იმყოფებოდნენ, ხოლო შემდეგ დასძინა, რომ უნივერსიტეტში „მსგავსი არაფერი დაფიქსირებულა“.
31 მარტს, სტუდენტებმა უკვე განცხადებით მიმართეს უნივერსიტეტის კანცლერს აღნიშნული ფაქტის მოკვლევისა და რეაგირების მოთხოვნით. განცხადებაში ასევე ითხოვდნენ, აღნიშნული პირების უნივერსიტეტში იარაღით გადაადგილების მიზეზების დასახელებას.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბსუ-ს კანცლერს, ჯემალ ანანიძეს. მისი თქმით განცხადება მან იურიდიულ დეპარტამენტს გადააწერა. რაც შეეხება აღნიშნულ ფაქტს, ჯემალ ანანიძის თქმით, უნივერისტეტის შინაგანაწესის მიხედვით, იარაღით შესვლა, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ეკრძალება უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს, ხოლო ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისათვის უნივერსიტეტს არ აქვს ამკრძალავი წესი.
„დაცვის თანამშრომლებმა, ზეპირსიტყვიერად დამიდასტურეს, რომ იყვნენ შსს-ს წარმომადგენლები, გარკვეულ საქმეზე მოვიდნენ და მალევე დაბრუნდნენ. ამიტომ ვინმე ვინმეს შეხვედროდა, რაიმე ზეწოლა ყოფილიყო, ან შენობაში შესულიყვნენ ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“ საუბარში ჯემალ ანანიძემ, უნივერსიტეტის კანცლერმა.
მისი თქმით, სახელმწიფო დაცვის სამსახურის წარმომადგენელთან ერთად დღეს შეთანხმდნენ, რომ უნდა გაიწეროს რეგულაციები: „ჩვენი ტიპის დაწესებულებებში რა როგორ უნდა მოხდეს, ვისი შესვლა შეიძლება და რა შემთხვევაში უნდა შევიდეს, ვინ უნდა გააფრთხილოს [შესვლისას]… ალბათ იმ კვირაში ჩვენ გვექნება საბოლოო შეჯერებული ვარიანტი, ზოგადად სამომავლოდ ასეთი შემთხვევა პრობლემურად უნდა განვიხილოთ თუ არა“, – ამბობს კანცლერი.
„ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საბოლოო. თუკი გადაწყვეტილება ყველა ინსტანციაში გასაჩივრდება და დადასტურდება, რომ პოლიციელთა ჩვენება არადამაჯერებელია, მაშინ თავად პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება პოლიციელთა წინააღმდეგ ცრუ ჩვენებების მიცემის გამო“, – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე, რომლის დაცვის ქვეშ მყოფი შალვა ქორიძე რამდენიმე დღის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ მიიჩნია.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ოთხი პოლიციელის ჩვენება არადამაჯერებლად გასულ კვირას ჩათვალა. ამ საქმეზე ადვოკატმა შსს-ს მიერ გადაღებული ვიდეოკადრები წარმოადგინა, რომლითაც აშკარად გამოჩნდა მოწმე პოლიციელების სიცრუე.
შალვა ქორიძეს გამოძიება ნარკოტიკების უკანონო მოხმარებას, ასევე პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. სასამართლოს ჩვენება შს სამინისტროს აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსმა მიხეილ ბარნოვმა, ასევე დეტექტივ-გამომძიებლებმა მალხაზ დუმბაძემ, მინდია მალაყმაძემ და გიორგი ნაკაშიძემ მისცეს. მოწმე პოლიციელებმა თქვეს, რომ ბრალდებული თვითონ დააკავეს და მათ დამხმარე ძალა არ დასჭირვებიათ. შსს-ს მიერ გადაღებული ვიდეოკადრებიდან კი ჩანს, რომ შალვა ქორიძე სპეციალური რაზმის თანამშრომლებმა დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია ამ პოლიციელების საქმის შესწავლას არ აპირებს. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს მაშინ მოხდება, თუკი მოსამართლე პოლიციელების ჩვენებას ცრუ ჩვენების კვალიფიკაციის სტატუსს მიანიჭებს.
სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე ადვოკატ ედიშერ მახარაძეს მიაჩნია, რომ მოსამართლემ შესაძლოა პირდაპირ გადაწყვეტილებაში არ ჩაწეროს „ცრუ ჩვენება“: „ასეთი კვალიფიკაციის მინიჭება სასამართლოს შეუძლია, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, არსებითად პოლიციელის ჩვენება არადამაჯერებელია, სიცრუეა, ეს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს და პროკურატურამ უნდა დაიწყოს ძიება. ბუნებრივია, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ.“