მთავარი,მთიანი აჭარა

ტენდერები, გამქრალი კომპანია და გადათხრილი უბანი ქობულეთში

02.04.2016 • 2475
ტენდერები, გამქრალი კომპანია და გადათხრილი უბანი ქობულეთში

ორჯერ გამოცხადებული ტენდერის მიუხედავად, ქობულეთის გამგეობა ჯავახიშვილის უბნის კეთილმოწყობის დასასრულებლად 700 ათას ლარს გამარტივებული შესყიდვით დახარჯავს. გამგეობამ შესყიდვების სააგენტოს თანხმობა უკვე მიიღო და ახლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განკარგულებას ელოდება.

ქობულეთის გამგეობაში აცხადებენ, რომ ჯავახიშვილის უბნის მოსახლეობამ, ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობის გამო, გასულ ტურისტულ სეზონზე სარგებელი ვერ ნახა. თუმცა ასობით ოჯახი ანალოგიური ვითარების წინაშეა ერთი წლის შემდეგაც.

ჯავახიშვილის უბანი ერთ-ერთი ცენტრალური უბანია, სადაც გამგეობის ინფორმაციით, ცხოვრობს დაახლოებით 300-მდე ოჯახი, განთავსებულია კერძო საოჯახო ტიპის სასტუმროები, კომერციული და გასართობი ობიექტები.

ამ უბნის კეთილმოწყობაზე ტენდერი ქობულეთის გამგეობამ 2015 წლის მარტში გამოაცხადა [1 287 200 ლარი]. მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო – შპს „ნიუ სთეიჯ“ და შპს „გზა XXI“ [ბოლო შეთავაზება – 1 148 000 ლარი]. სატენდერო კომისიამ „გზა XXI“-ს 10 სამუშაო დღეში საბანკო გარანტიის წარდგენა მოსთხოვა; ბოლო ვადა 12 ივნისი იყო, თუმცა გარანტია წარდგენილ იქნა 15 ივნისს, რის გამოც კომისიამ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა.

კანონის მიხედვით, კომისიას ხელშეკრულების გაფორმება მეორე პრეტენდენტისთვის – შპს „ნიუ სთეიჯისთვის“ უნდა შეეთავაზებინა, თუმცა კომისიის ოქმში ვკითხულობთ, რომ „ამ კომპანიის მოწვევა ვერ იქნება მართებული, ვინაიდან მასთან გამგეობას ქუჩების კეთილმოწყობაზე ცალკე აქვს გაფორმებული ხელშეკრულება და კომპანია გეგმა-გრაფიკით ვერ ახერხებს სამუშაოს შესრულებას“. შესაბამისად, დამატებითი სამუშაოს გაჩენა კომპანიისთვის კიდევ უფრო გაართულებდა სიტუაციას, ამასთან იყო ტურისტული სეზონი, რის გამოც სატენდერო კომისიამ გადაწყვიტა გამარტივებული ტენდერი გამოეცხადებინა.

გამარტივებულ ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობდა, გამარჯვებულთან, ანუ შპს „ეფექტისთან“ 2015 წლის 24 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება. კომპანიას 1 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები უნდა შეესრულებინა და ჯავახიშვილის უბანში ინფრასტრუქტურა მოეწესრიგებინა – მაქსიმუმ 120 დღეში, შესაბამისი ნებართვის მიღებიდან. თუმცა, ამ კომპანიასთან გამგეობამ 2016 წლის 18 იანვარს ხელშეკრულება გააუქმა, ვინაიდან ის „არ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას“.

ქობულეთის მინიციპალიტეტის გამგებლის, სულხან ევგენიძის განცხადებით, “კომპანიამ თავიდან კარგი ტემპით დაიწყო მუშაობა, ჰყოლია ქვეკონტრაქტორი, რომელმაც შემოიყვანა მუშები და ასრულებდა სამუშაოებს. პირველი ეტაპის სამუშაოები რომ შესრულდა, „ეფექტს“ ჩავურიცხეთ 244 ათასი ლარი, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ქვეკონტრაქტორს აღარ გადაუხადა ფული [მუშების ხელფასები და ა.შ.] და მიატოვა, ფაქტობრივად, საქმე [ქვეკონტრაქტორმა უჩივლა და ნაწილი ამოიღო თანხის, სასამართლო დავა მიმდინარეობს მგონი]“.

ჯავახიშვილის ქუჩა ქობულეთში. თორნიკე თავაძის ფოტო

ჯავახიშვილის ქუჩა ქობულეთში. თორნიკე თავაძის ფოტო

გამგეობამ კომპანია ვადაგადაცილებისთვის დააჯარიმა 46 ათასამდე ლარით, რომელიც საგარანტიოთი ამოიღო. რაც შეეხება იმას, არის თუ არა კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოები იმ ღირებულების, რაც მას გამგეობამ გადაუხადა? – გამგებლის თქმით – კი. თუმცა, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შესაბამისი დასკვნები თავად კომპანიამ გააკეთებინა. „ესეც გასაკვირია, რომ გააკეთეს, თორემ ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა და ბიუჯეტიდან გადაგვეხადა ფული, შემდეგ დავაკისრებდით კომპანიას და უნდა გვედავა ამოღებაზე“, – აცხადებს სულხან ევგენიძე.

გამგებელი არც იმას გამორიცხავს, რომ იმ კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ვალდებულებებს ჯეროვნად ვერ ასრულებენ, ახალ ტენდერებში სხვა ფორმით – ახალი კომპანიებით მონაწილეობენ. ანუ, კომპანია იგებს ტენდერს, აჰყავს ქვეკონტრაქტორი, რომელიც უშუალოდ ასრულებს სამუშაოებს; გარკვეულ ეტაპზე კი, როცა თანხის ნაწილი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ანგარიშზე გადაირიცხება, ეს კომპანია „ქრება“, ხოლო ქვეკონტრაქტორიც და დამკვეთიც შემდეგ მას ედავება. ამასთან, ხან პოულობენ ამ „კომპანიას“ და ხან ვერა.

„ეფექტისთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ქობულეთის გამგეობამ დარჩენილი თანხის – 771 ათას 648 ლარის დახარჯვა, ტენდერისა და კონკურსის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით გადაწყვიტა და თანხმობისთვის შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს მიმართა. გამგეობა ამის აუცილებლობას ამჯერადაც მოახლოებული ტურისტული სეზონით ხსნის:

„დღეის მდგომარეობით, ჯავახიშვილის უბანში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, გზები გადათხრილია, უბნის მოსახლეობა კატეგორიულად მოითხოვს სამუშაოების დასრულებას ტურისტული სეზონის დადგომამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი იმისა, რომ შესაძლოა ზედიზედ მეორედ ჩავარდეს ტურისტული სეზონი. ეს კი გამოიწვევს ჯავახიშვილის უბნის მოსახლეობისთვის სოციალური სიდუხჭირის ზრდას, მათ მიერ აღებული საბანკო ვალდებულებების შეუსრულებლობას და მიაყენებს მათ დიდ ზარალს. ტურისტული სეზონი ჯავახიშვილის უბნის მოსახლეობის შემოსავლის მიღების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია მოსახლეობის არაერთი საჯარო ხასიათის პროტესტი და აღშფოთება“.

ქობულეთის გამგებლის ინფორმაციით, მათ უკვე შეარჩიეს სამი კომპანია და გადაუგზავნეს წერილები, რომ აქვთ გარკვეული თანხა და შესასრულებელია სამუშაოები.

„დახურული კონვერტები უკვე მოვიდა ამ კომპანიებიდან და განკარგულება როცა მოვა არჩილ ხაბაძის, შეიკრიბება კომისია და გავხსნით – ვინც დაბალ ფასს შემოგვთავაზებს, იმათთან დავდებთ ხელშეკრულებას“, – აცხადებს სულხან ევგენიძე.

გამგებლის თქმით, სხვა პრობლემური უბნები ქობულეთში არ აქვთ: „ისეთი კომპანიებია შემოსული, რომ მგონია ყველაფერს გააკეთებენ, კარგი პირი უჩანთ ჯერ… ღმერთმა დაიცვას, რამე მოხდეს სეზონისთვის. სეზონს მომზადებული დავხვდებით _ კეთდება ეზოები, ტროტუარები, სკვერი სადგურთან, მიმდინარეობს გამყოფი ზოლების მოწესრიგება და, ზოგადად, ძალიან ბევრი პროექტია ქალაქშიც და სოფლადაც“.

რაც შეეხება ჯავახიშვილის უბანს, ამ კვირაში ალბათ გაფორმდება ხელშეკრულება, გამგებელი კი სამუშაოების დასრულებას უბანში მაისის ბოლოს ვარაუდობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: