მთავარი,სიახლეები

ბათუმში აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

02.04.2016 • 1920
ბათუმში აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღე აღნიშნეს

2 აპრილს, აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ორგანიზებას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“.

„შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო. გვინდა საზოგადოება აუტიზმთან დაკავშირებული სტიგმებისა და სტერეოტიპებისაგან გათავისუფლდეს. ასევე, სახელმწიფოს აკისრია დიდი როლი აუტისტური სპექტრის მქონე პირებისათვის შესაბამისი პროგრამების შექმნაზე, რაც მათ ცხოვრებას გაამარტივებდა“, – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი თომა კაკაბაძე. მისი ინფორმაციით,  აჭარაში აუტიზმის მქონე მხოლოდ 25 პირი სარგებლობს ჯანდაცვის პროგრამებით, რაც ძალიან მცირე რიცხვია და არ ასახავს აჭარაში აუტიზმის მქონე პირთა საერთო რაოდენობას.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ადამიანები, რომელთა ახლობლები აუტიზმის მქონენი არიან. ერთ-ერთი მომხსენებელი აუტისტური სპექტრის მქონე პირის მშობელი იყო, რომელმაც იმ პრობლემებზე ისაუბრა, რასაც საზოგადოებაში აწყდება და იმ საჭიროებებზე, რომლებიც აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს აქვთ.

მოხსენებების შემდეგ აუტიზმის თემატიკაზე მომზადებული ვიდეორგოლები აჩვენეს: „ვეცადეთ, უფრო მარტივად გვეჩვენებინა საკითხი, რომ ახალგაზრდები მიხვდნენ აუტიზმის მქონე პირთა შესახებ დამკვიდრებული სტერეოტიპების აბსურდულობას“, – ამბობს თომა კაკაბაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: