“ბათუმელებში” გამოქვეყნებულ სტატიას “პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობიან – ბათუმის ციხე სახალხო დამცველის ანგარიშში” გამოეხმაურა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო. ჩვენ ამ უწყების მიერ გამოგზავნილ წერილს უცვლელად გთავაზობთ:
სოფელ მახალაკიძეებში მიმდინარე პროცესებს დამატებითი კომისია შეისწავლის
დღეს, 22 აპრილს, აჭარის მთავრობის სახლის წინ შუახევის ჰესის მშენებლობა გააპროტესტა სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობამ. სოფლის წარმომადგენლებმა მთავრობის აპარატში განცხადებაც შეიტანეს, რომლითაც აჭარის მთავრობას თავიანთი მოთხოვნები გააცნეს.
მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია მოთხოვნებს გაეცნო, საპროტესტო აქციის მონაწილეებს საპასუხო წერილიც გადასცა, რომელშიც წერია, რომ სოფელ მახალაკიძეებში მიმდინარე პროცესებს, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე, მთავარობა დამატებით შეისწავლის: „აღნიშნულთან დაკავშირებით შუახევის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა დაწყებულია კომისიის შექმნის პროცესი, კომისიაში მონაწილეობის მიღების თხოვნით ოფიციალური წერილები უკვე დაეგზავნა სხვადასხვა უწყებას. კომისიის მუშაოებაში ჩაერთვება აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს და სხვა უწყებების შესაბამისი სპეციალისტები” – აღნიშნულია წერილში.
სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობის თქმით, ნაცვლად შეპირებული ბურღვითი სამუშაოებისა, სოფელში მშენებარე ჰესისათვის გვირაბი აფეთქებებით გაჰყავთ, რის გამოც სახლებზე გაჩნდა ბზარები. მათივე ცნობით, შეიქმნა სასმელი წყლის პრობლემაც და გაჩნდა მეწყრის ათამდე ახალი კერა.
აჭარის მთავრობის ცნობით, შუახევიჰესის პროექტი პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტია საქართველოში, რომელიც სერთიფიცირებულია გაეროს ჩარჩო კონვენციის კლიმატის ცვლილებების შესახებ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად. შუახევიჰესის მშენებლობისთვის ინვესტიციის მოცულობა 416 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
11 დაჯარიმებული მძღოლი პარკირების წესების დარღვევისთვის [ფოტო]
ახალი ხეები აბაშიძის გამზირზე
დღეს, 22 აპრილს, “დედამიწის დღესთან” დაკავშირებით, ბათუმის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა მემედ აბაშიძის ქუჩაზე 4 ძირი მუხის ხე დარგო.
გამწვანების სამსახურის ცნობით, გამწვანების აქციები სამომავლოდაც იგეგმება.
საქართველოში დედამიწის დღე 26 წელია აღინიშნება. ამ დღეს, გარემოს დაცვის მიზნით, გამწვანებისა და დასუფთავების აქციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება.
ლექციათა და ვიდეოჩვენებათა ციკლი – გერმანული თეატრის ისტორია და თანამედროვეობა
23-25 აპრილს, 16 საათზე, გოეთეს ინსტიტუტი და ნიდერლანდების სამეფოს კულტურის საერთაშორისო ფონდი “კავკასია”, ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცესთან თანამშრომლობით, ლექციათა და ვიდეოჩვენებათა ციკლს გამართავს.
თემა: გერმანული თეატრის ისტორია და თანამედროვეობა – ბერტოლტ ბრეხტიდან მოძრაობის თეატრამდე.
პრეზენტაციების ავტორია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ლევან ხეთაგური.
დასწრება თავისუფალია
საკონსტიტუციო სასამართლო: ხელისუფლებამ ბინის გადაცემის საკითხი კითხვის ნიშნების გარეშე უნდა გადაწყვიტოს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მოსამართლე მერაბ ტურავასათვის ბინის გადაცემის საკითხს განცხადებით გამოეხმაურა:
„მოსამართლეთა სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფის საკითხი სავსებით ლეგიტიმურად მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნული საკითხის განხილვისას სხვადასხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მიერ გაკეთდა არაერთი განცხადება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს სასამართლო დამოუკიდებლობას, მის მიუკერძოებლობას.
საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ხარისხზე მხოლოდ მისი გადაწყვეტილებები მეტყველებს, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს პოლიტიკურად მოტივირებული და უსაფუძვლო შეფასებებისგან.
საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელისუფლების კანონიდან მომდინარე ვალდებულება, მოსამართლეთა საქმიანობის უზრუნველსაყოფად შეუქმნას მათ სათანადო სოციალური გარანტიები, ემსახურება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის განმტკიცებას და, თავისთავად, ვერ დააყენებს კითხვის ქვეშ მათ მიუკერძოებლობას. ამავე დროს, საკონსტიტუციო სასამართლო მიესალმება ნებისმიერ ნაბიჯს, მათ შორის, კანონმდებლობის დახვეწისა და მეტი განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რაც გამორიცხავს სხვადასხვა სახის სპეკულაციებს ამ საკითხის ირგვლივ,“ – აღნიშნულია განცხადებაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო ვერ მიუთითებს ხელისუფლებას იმაზე, თუ რა სახით უნდა იქნეს შესრულებული კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულება. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო თვლის, რომ ნებისმიერი დროის ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ეს საკითხი გადაწყვიტოს სრულფასოვნად, კითხვის ნიშნების გარეშე, რათა საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული საკანონმდებლო რეგულაცია არ გახდეს სპეკულირების საგანი და არ იქნეს გამოყენებული სასამართლოს რეპუტაციის დასაკნინებლად, რასაც, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში აქვს ადგილი.“
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმის საკრებულო მერაბ ტურავასათვის ბინის გადაცემას განიხილავს, „ბათუმელებმა“ 18 აპრილს გაავრცელა.
ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელმაც ამ პრაქტიკას „მანკიერი“ უწოდა: „დაუშვებლად მიგვაჩნია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების იმგვარი გამოყენება, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდგომში მოსამართლეს სიმბოლურ ფასად. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა საქმიანობისათვის შესაბამისი გარანტიების შექმნა წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას და ამ პროცესში თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონება არ უნდა იქნეს გამოყენებული“ – აღნიშნულია განცხადებაში.
სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობა: ჰესის მშენებლობის გამო მეწყრის ახალი კერები გაჩნდა [ვიდეო]
დღეს, 22 აპრილს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობამ აჭარის მთავრობის სახლის წინ საპროტესტო აქცია გამართა.
მოსახლეობა შუახევში მიმდინარე ჰესის მშენებლობის სამუშაოებს აპროტესტებს. მათი თქმით, ნაცვლად შეპირებული ბურღვითი სამუშაოებისა, გვირაბი აფეთქებებით გაჰყავთ, რის გამოც სოფელში სახლებზე გაჩნდა ბზარები. მათივე ცნობით, შეიქმნა სასმელი წყლის პრობლემაც და გაჩნდა მეწყრის ათამდე ახალი კერა.
მოსახლეობა აჭარის მთავრობას სთხოვს, აიძულოს სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი ნორვეგიული კომპანია შეხვდეს სოფლის მოსახლეობას, დაითვალოს მათ მიერ წარმოებული სამუშაოებისგან მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი და მისცეს მათ ფულადი კომპენსაცია, რადგან, მათი თქმით, სოფელში დარჩენა საშიშია.
ორსართულიანი, შვეიცარიული მატარებელი ბათუმი-თბილისის მიმართულებით
„საქართველოს რკინიგზის“ განცხადებით, 2016 წლის ზაფხულში მგზავრებს ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის შვეიცარიული მატარებლები მოემსახურება.
„ოთხი ახალი მატარებელი საჭირო ყველა თანამედროვე მოწყობილობით, ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტებთან. ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
როგორც „ბათუმელებთან“ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განაცხადა, მატარებელი სავარაუდოდ ივლისიდან იმოძრავებს და მგზავრების გაზრდილ ნაკადს მოემსახურება. მისივე თქმით, ბილეთის ფასი უცვლელი დარჩება.
„ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ბრენდის მატარებელი, რომლით მგზავრობაც იქნება კომფორტული და უსაფრთხო. მატარებელი ადაპტირებულია. ამ ბრენდის მატარებლები მოძრაობს ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა გერმანია და ავსტრია,“ – აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.
დედამიწის დღე 2016 – ხეები დედამიწისთვის
დღეს, 22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება, რომლის წლევანდელი თემაც ხეების დარგვაა. ხუთ წელიწადში „დედამიწის დღეს“ 50 წელი შეუსრულდება, ამასთან დაკავშირებით მოძრაობის წევრები მოუწოდებენ ყველა ადამიანს, დაეხმარონ მათი ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მიზნის მიღწევაში – დაირგოს 7.8 მილიარდი ხე მსოფლიოს მასშტაბით.
„ხეების დარგვა იქნება პირველი იმ ხუთი მთავარი მიზნიდან, რომლის მიღწევაც „დედამიწის დღის“ 50 წლის იუბილისთვის 5 წელიწადში უნდა შესრულდეს. ერთად და ცალ-ცალკე ამ ინიციატივებს ექნებათ არსებითი და ხელშესახები ეფექტი დედამიწისთვის და უზრუნველყოფს უფრო სუფთა, უფრო ჯანმრთელ და უფრო მდგრად პლანეტას ყველასთვის,” – წერენ „დედამიწის დღის“ ქსელის წევრები.

როგორ ისჯებიან 16 წელს მიუღწეველი გოგონების ქმრები
18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მალე მამა გახდება, შვილის დაბადებისთანავე დაპატიმრებას ელის. მიზეზი – მისი მეუღლე შვილის გაჩენის დროისთვის 16 წლის არ იქნება. აჭარის პროკურატურამ უკვე წაუყენა ბრალი რეგიონში მცხოვრებ რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცს იმისათვის, რომ მათ 16 წელს მიუღწეველ გოგონებთან შექმნეს ოჯახი. 16 წელს მიუღწეველ გოგოსთან ქორწინება მკაცრად ისჯება – კანონი ითვალისწინებს პატიმრობას, ჯარიმას და, ასევე, განრიდებას.
საქართველოს კანონმდებლობით, 16 წელს მიუღწეველ გოგოსთან სრულწლოვანი მამაკაცის სექსუალური ურთიერთობა, მათ შორის ქორწინების გზით, კანონით მკაცრად ისჯება.
კანონი, რომელიც 16 წელს მიუღწეველ პირთან ქორწინებას კრძალავს, ახალი არ არის და მისი დარღვევისთვის პრობლემა 2016 წლამდე თითქმის არავის შექმნია. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი, აჭარის პროკურატურამ სამ ახალგაზრდა მამაკაცს წაუყენა ბრალი სწორედ იმის გამო, რომ შვილი გაუჩნდათ გოგონებთან, რომლებიც 16 წელს მიუღწეველები იყვნენ.
ერთ-ერთი მათგანი იყო ორი შვილის მამა – ნადიმ პაქსაძე, რომელმაც 19 წლის ასაკში 13 წლის მაია სოლომონიძე მოიტაცა ცოლად შერთვის მიზნით. ნადიმ პაქსაძეს ბრალი სამი წლის შემდეგ, 2015 წელს, მეორე შვილის დაბადებისთანავე წაუყენეს. თუმცა, მის მიმართ, ისე, როგორც კიდევ ერთი მისი მოგვარის – მარად პაქსაძის მიმართ, სისხლის სამართლის საქმე უკვე შეწყვეტილია. სახელმწიფოს არც ერთი მათგანი არ დაუჯარიმებია.
პატარა გოგოსთან ქორწინების გამო კანონთან პრობლემა 22 წლის მკლავჭიდელ გოგიტა ხიმშიაშვილს სულ ახლახან შეექმნა. მან 14 წლის გოგოსთან სამი წლის წინ იქორწინა. მათ შვილი 2015 წლის 23 აგვისტოს შეეძინათ – სამართალდამცავებიც, არასრულწლოვანთან ქორწინებით ბავშვის დაბადებიდან სამ თვეში დაინტერესდნენ.
გოგიტა ხიმშიაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დასჯადობის შესახებ მხოლოდ შვილის დაბადების შემდეგ გაიგო, როცა ის პოლიციაში დაიბარეს. “ბავშვის დაბადებიდან მესამე თვეს დამიბარეს პოლიციაში და მითხრეს, რომ კანონი დავარღვიე. ჩვენ ირგვლივ ბევრს ჰყავს არასრულწლოვანი მეუღლე, მაგრამ ამის გამო პრობლემა არავის შექმნია. მე არ ვიცოდი, თუ ეს კანონით ისჯებოდა, თორემ პრობლემებს არ შევიქმნიდი”, – ირწმუნება ის.
გოგიტა ხიმშიაშვილს კანონის დარღვევის გამო შეიძლება პირობითი მსჯავრი შეეფარდოს, ან ფულადი ჯარიმა დაეკისროს. კანონით ასევე შეიძლება განრიდების დამტკიცებაც, ანუ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. არც ის არის გამორიცხული, რომ “ძიება შეწყდეს ვითარებიდან გამომდინარე”.
“მე არც პირობითი მსჯავრი მაწყობს და არც ფულადი ჯარიმა, რადგან თუ პირობითს მომისჯიან, საზღვრის გადაკვეთის უფლება აღარ მექნება. 22 წლის ვარ, დიდი მომავალი მაქვს, რადგან წარმატებული სპორტსმენი ვარ და კარიერისთვის ვემზადები, ნასამართლეობა პრობლემებს შემიქმნის… დედ-მამა და ცოლ-შვილი ჩემი სარჩენია. მამიდაც მწოლიარე ავადმყოფი მყავს, რომელიც ასევე ჩემი საზრუნავია. შემოსავლის ერთადერთი წყარო სპორტია, ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადები და სპონსორებს ვეძებ, სად მაქვს ამდენი საშუალება [ჯარმის გადასახდელად]“, – ამბობს გოგიტა.
რა ელით გოგონებს, რომლებიც ადრე ქორწინდებიან?
თუ წინა წლების სტატისტიკას გადავხედავთ, ადრე დაქორწინებული გოგონების ნაწილი საშუალო განათლებასაც კი ვერ იღებს, შესაბამისად, ძირითადად სხვაზე ხდება დამოკიდებული. სპეციალისტების აზრით, ბიჭებისა თუ გოგონებისთვის თავისუფლებაზე უარის თქმა, ანუ ადრეულ ასაკში ქორწინება, სექსუალური ურთიერთობის უფლების მოპოვების ერთადერთ ლეგალურ გზად რჩება საქართველოში.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს“ გენდერის სპეციალისტის იდა ბახტურიძის შეფასებით, „ადრეულ ასაკში ქორწინების მიზეზი სხვადასხვაა. მათ შორის სოციალური პრობლემები, გენდერული უთანასწორობის პრობლემა და სტერეოტიპები. ჩვენს საზოგადოებაში ხშირად გოგონას არ შეუძლია შეხვდეს ბიჭს, რადგან ამით მისი რეპუტაცია ილახება. ამიტომ, გოგონების შემთხვევაში გამოსავალი არის ის, რომ „ლეგალიზება“ გაუკეთონ მათ ურთიერთობას. აქ საუბარი არ არის მაინც და მაინც სექსუალურ ურთიერთობაზე, შეხვედრების ლეგალიზებაც რომ მოახდინონ და მიკროსოციუმთან კონფლიქტი არ ჰქონდეთ, ინიშნებიან ან თხოვდებიან“.
იდა ბახტურიძის აზრით, ქორწინების მიზეზი გოგონების შემთხვევაში შეიძლება იყოს პერსპექტივის ვერ დანახვაც: „ვერ ახერხებენ რეალიზებას, რადგან არ აქვთ განათლება და არ არიან ინფორმირებული საკუთარი უფლებების შესახებ“.
იდა ბახტურიძის თქმით, როცა არ ხდება მოზარდების ინფორმირება იმ საფრთხეების შესახებ, რაც ნაადრევ ქორწინებას შეიძლება მოჰყვეს, ეს სკოლის პასუხისმგებლობაც უნდა იყოს. ცხადია, თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება მშობელსაც, „რომელსაც ჰგონია, რომ შვილის ნაადრევი ქორწინებით მის მომავალს უზრუნველყოფს, რადგან მიიჩნევს, რომ ბედნიერების მთავარი წყარო ქალისთვის არის ოჯახის შექმნა“.
ნაადრევი ქორწინებით გამოწვეულ საფრთხეებზე არის საუბარი სახალხო დამცველის ანგარიშშიც: „16 წლამდე გოგონები 5-ჯერ უფრო დიდი რისკის ქვეშ დგანან მშობიარობის დროს… ზიანდება მათი რეპროდუქციული ფუნქციები და იზრდება სიმსივნური დაავადებების რისკები. ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, როდის გახდნენ დედა. საზოგადოების მოთხოვნები გათხოვილ გოგონებს შვილების გაჩენას აიძულებს“.

არასრულწლოვნების ქორწინება ციფრებში
სახალხო დამცველის ბოლო ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს ბავშვის დაბადების მომენტისთვის 1372 დედა არასრულწლოვანი იყო, 35 კი – არასრულწლოვანი მამა. 2015 წლის მონაცემებით, ბავშვის დაბადების მომენტში ორივე მშობელი არასრულწლოვანი იყო 42 შემთხვევაში. ეს ციფრი გაცილებით მაღალია 2014 წელს, როცა არასრულწლოვანი გოგონების რაოდენობა 1527 იყო, ორივე მშობლის შემთხვევაში – 61.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის იურისტი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ნაადრევი ქორწინების დროს ორივე პირი არასრულწლოვანია, კანონი სასჯელს მაინც ითვალისწინებს.
„სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა 14 წლის ზემოთ იწყება. სხვა შემთხვევაში კანონი სასჯელს არ ითვალისწინებს. 14 წლის ზემოთ კი კანონი საკმაოდ მკაცრია და 7-იდან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.
ამის მიუხედავად, როგორც იურისტი ამბობს, პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, როცა არასრულწლოვნები ამ მუხლით დაესაჯოთ: „შეიძლება ბავშვმა ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისეთი სასჯელი შევუფარდოთ, რაც მას უფრო მეტად დააზიანებს. 15-16 წლის ბავშვებისთვის შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა, ვფიქრობ, უფრო მეტი ზიანის მომტანი იქნება, ამიტომ შესაძლებელია, საპროცესო შეთანხმებით პირობითი მსჯავრის დაკისრებაც“.
იურისტის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო არასრულწლოვანს სასჯელს ფულადი ჯარიმის სახით აკისრებს, ჯარიმას მშობელი იხდის. „თუკი მშობელი ინფორმირებულია არასრულწლოვანთა ქორწინების შესახებ, ან მშობლების ჩარევით ხდება ქორწინება, მშობელს 100-დან 300 ლარამდე დააჯარიმებენ“. თუმცა იურისტს მსგავსი შემთხვევა პრაქტიკაში არ ახსენდება.
ბრძოლა ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ
„გვინდა, ფსევდოტრადიციები, რომლებიც ბავშვზე, 11-13 წლის გოგონაზე ძალადობას გულისხმობს – აღარ იყოს. გვინდა, რომ პატარა გოგონები დავიცვათ ზრდასრული კაცების მხრიდან ძალადობისგან…“ – ეს სიტყვები საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკანს ეკუთვნის.
როგორია სახელმწიფოს რეაგირება ადრეულ ქორწინებებზე, რამდენი პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობის მოტივით და რამდენი პირი იმყოფება საპატიმრო დაწესებულებებში ამ ბრალდებით? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო მთავარი პროკურატურიდან. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით კი, 2014 წელთან შედარებით, 2015 წელს, სსკ-ის 140-ე მუხლით დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის მაჩვენებელი 74 პროცენტითაა გაზრდილი. 2014 წელს სამართლებრივი დევნა 33 პირის მიმართ დაიწყო, 2015 წელს კი – 129 პირის მიმართ.
სსკ-ის 143-ე მუხლით ისჯება ქორწინების მიზნით არასრულწლოვნის მოტაცება. ბოლო წლებში გაზრდილია ამ მუხლით დევნის მაჩვენებელიც. თუ 2014 წელს უკანონო თავისუფლების აღკვეთის მიზნით 11 პირის მიმართ დაიწყო დევნა, 2015 წელს ამ ციფრმა 60-ს მიაღწია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინფორმაციით კი, რომელიც „ბათუმელებს“ მოაწოდეს, 2015-2016 წლებში სსკ-ის 150-ე მუხლის გათვალისწინებული დანაშაულისთვის, „სასამართლოებში 2016 წელს განხილულია ერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და მსჯავრდებულს შეეფარდა პირობითი მსჯავრი“.
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველოს აქვს ნაადრევი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ისევე, როგორც მოლდოვას [19%] და თურქეთს [14%].
სექსმუშაკი, რომელსაც შვილის წართმევას უპირებენ
იმიტომ, რომ ბრალდებული სასამართლოში საბოლოო სიტყვის სათქმელად არ გამოცხადდა, მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა განაჩენის გამოცხადება გადადო. მ.კ.-ს წინასწარი პატიმრობა მას შემდეგ შეუფარდეს, როცა გირაოთი გათავისუფლებულს კიდევ ერთხელ დაედო ბრალი _ ოჯახურ ძალადობაში, ცემასა და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებაში. მან ეს დანაშაული განმეორებით აღმკვეთი ღონისძიების პერიოდში ჩაიდინა.
საქმის მასალების მიხედვით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი უზბეკი ეროვნების ქალია, რომელიც ბრალდებულის ცოლი არ არის. მათ საერთო შვილი ჰყავთ, რომელიც 2 წლისაა. დაზარალებულმა ქალმა უკვე მისცა ჩვენება სასამართლოს და თქვა, რომ მ.კ. სექსმუშაკად მუშაობის დროს გაიცნო, შვილის გაჩენის შემდეგ, რამდენიმე თვე ერთად ცხოვრობდნენ და მ.კ. მას ხშირად სცემდა.
ბრალდებულ მ.კ.-ს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მას შემდეგ, რაც უზბეკმა ქალმა მ.კ.-ს პოლიციაში უჩივლა ცემის გამო, საქმე აღიძრა ოჯახური ძალადობის მუხლითაც, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ოჯახის წევრებად ითვლებიან ის პირებიც, „რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას“.
„ამ დროს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჰქონდა პრობლემები მეუღლესთან და უზბეკ ქალთან ერთად ცხოვრობდა. ახლა მ.კ. თავის ოჯახს დაუბრუნდა და ცოლი თანახმაა, უზბეკ ქალთან გაჩენილი შვილი თვითონ გაზარდოს. ამ ქალის გაღიზიანება ძირითადად შვილს უკავშირდებოდა. ამბობს, რომ მ.კ.-ს მისთვის შვილის წართმევა უნდა. სოციალური სამსახურებიც უნდა დაინტერესდნენ, ალბათ, ამით. დაზარალებული არც ახლა მალავს, რომ ის ისევ სექსმუშაკია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ბრალდებულის ადვოკატმა მიხეილ კვაჭანტირაძემ.
ბრალდებული სამივე ბრალდებას აღიარებს.
ლევან გიგინეიშვილი ბათუმში
24 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში გაიმართება დისკუსია თემაზე ტოლერატობის ფენომენი თანამედროვე და ისტორიულ ჭრილში.
დისკუსიაზე მოხსენებას წაიკითხავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან გიგინეიშვილი.
დისკუსიის არასრული ვერსია გამოქვეყნდება გაზეთ „ბათუმელებში“, სრული ვიდეო-ჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ „ფესიბუქ“გვერდზე და youtube-ის არხზე, აგრეთვე ვებგვერდზე www.presscafe.ge.
დისკუსია მზადდება არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ, პროექტის ფარგლებში „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“, NED-ის ფინანსური მხარდაჭერით.
მშენებელი კომპანიის მეწილეთა დავა და დაზარალებული მოქალაქეები
21 აპრილს, ბათუმში, ჭავჭავაძისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარე შეჩერებულ საცხოვრებელ კორპუსთან ის ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებიც წლებია მშენებლობის დასრულებასა და საცხოვრებელი ბინების გადაცემას ელოდებიან. აქციის მონაწილეების თქმით ამ ტერიტორიაზე იტალიური ეზოს ტიპის დასახლება მდებარეობდა. იქ მცხოვრებლებმა ფართობი აშენებულ სახლში ბინების მიღების სანაცვლოდ დათმეს.
„მერია ხელს იბანს და ამბობს რომ მათ ეს არ ეხებათ, რადგან კერძო ინვესტორია მესაკუთრე, მაგრამ მოქალაქეები დაზარალებულები ვრჩებით. ეს მშენებლობა ასე არასდროს დასრულდება, რადგან ესენი თაღლითები არიან და აქვთ რაღაც მაფიოზური გარიგება. კატასტროფული მდგომარეობაა. სამი წელია ბინის ქირაც არ გადაუხდიათ მათთვის ვინც გაიყვანეს ტერიტორიიდან. 16 ოჯახია ასეთი. მე შეტანილი მაქვს წინასწარ ნასყიდობით და მეცხრე წელია ბინას ვერ ვიღებთ“, – ამბობს აქციის მონაწილე ნუგზარ ჩხაიძე.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ითხოვენ ყურადღების მიქცევას სახელმწიფოს მხრიდან და კომპანიის იმედი აღარ აქვთ, რადგან კომპანიის ყოფილ დირექტორს იაშა გოჩიტიძეს კომპანიის მეორე მეწილესთან [რომელიც ახლანდელი დირექტორია] კონფლიქტი აქვს და ამას ეწირება მათი ინტერესები. აქციის მონაწილეები, წინააღმდეგ შემთხვევაში კორპუსის მიმდებარედ ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვას გეგმავენ.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა შპს „ჰოლდერის“ დირექტორს დავით შეყლაშვილს, რომელმაც თქვა, რომ მშენებლობა იაშა გოჩიტიძის დირექტორობის პერიოდში დაიწყო, შესაბამისად პასუხისმგებლობაც მას ეკისრება: „შპს „ჰოლდერს“ ჰყავდა დირექტორი და მესაკუთრე იაშა გოჩიტიძე, რომელმაც გააფორმა ამ მოსახლეობასთან ხელშეკრულება. ტერიტორია სადაც ეს ხალხი ცხოვრობდა აიღო, დაანგრია ეს ტერიტორია და გააკეთა ათი სართული შენობა, მაგრამ ფინანსურად უკვე იაშა გოჩიტიძეს აღარ ჰქონდა საშუალება რომ დაემთავრებინდა და დარჩა ეს კორპუსი დაუმთავრებელი. რა ვალდებულებები აქვთ ერთმანეთში და როგორ არიან და ვის რა ფული აქვს გადასახდელი ეს პირადად იაშა გოჩიტიძეს უნდა ჰკითხოთ“.
იაშა გოჩიტიძე თავის მხრივ ამბობს, რომ კორპუსის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და 2010 წელს უნდა ჩაბარებულიყო. დავით შეყლაშვილს დირექტორობა და კომპანიის 50%-იანი წილი კი კრიზისის მოგვარების მიზნით დაუთმო, თუმცა მან აღნიშნულ კორპუსზე პასუხისმგებლობა მოიხსნა: „მასთან სამართლებრივი დავა მაქვს ახლა, მოტყუებით მიიღო წილი და ახლა ამ ხალხს ტოვებს ბედის ამარა. 2014 წელში გვყავდა ინვესტორიც, მაგრამ სამმა პირმა სასამართლოში იჩივლა და სასამართლომ შპს „ჰოლდერს“ მათთვის 470 000 აშშ დოლარის ანაზღაურება დააკისრა იმ ფართის სანაცვლოდ რაც მათ უნდა მიეღოთ. ახლანდელმა დირექტორმა არ გააგრძელა სამართლებრივი ბრძოლა და საქმე აღსრულებაშია გადასული. თუმცა, როგორც ვიცი აუქციონზე გატანა ვერ ხერხდება, რადგან თუ გაიტანენ პროექტიც უნდა გაიყიდოს და მაშინ სხვაგვარად უნდა მოხდეს შეფასება, რასაც სააღმსრულებლო ბიურო ვერ ახერხებს“.
იაშა გოჩიტაშვილმა აღნიშნა, რომ ეძებს ინვესტორს, თუმცა ამ პროცესს ართულებს, ის რომ სამ მოქალაქეს საქმე აღსრულებაში აქვს შეტანილი.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით შპს „ჰოლდერის“ 50%-ს იაშა გოჩიტიძე, ხოლო დანარჩენ 50%-ს დავით შეყლაშვილი ფლობს.
უმაღლეს საბჭოში პლენარული სხდომაც არ შედგა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, 21 აპრილის პლენარული სხდომა არ შედგა კვორუმის არარსებობის გამო. თავდაპირველად სხდომაზე დასასწრებად 8 დეპუტატი, ხოლო განმეორებითი რეგისტრაციის შემდეგ კი 9 დეპუტატი დარეგისტრირდა.
აღნიშნულ პლენარულ სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს დავით ბალაძეს უნდა წარმოედგინა 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით, ამჯერად რიგგარეშე სხდომა, მიმდინარე წლის 27 აპრილს, 10 საათზე დაინიშნა.
„ბათუმის კორპუსის“ გამარტივებული ტენდერი ეზოების კეთილმოწყობაზე
დღეს, 21 აპრილს ააიპ „ბათუმის კორპუსმა“ ხელხლა გამოაცხადა ტენდერი ბათუმის კორპუსების 36 ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებზე. თავდაპირველად ტენდერი 23 მარტს გამოცხადდა და წინადადებების მიღების ვადა 13 აპრილს ამოიწურა, თუმცა არცერთ კომპანიას არ შეუტანია განაცხადი. ამჯერად გამარტივებული ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო თანხა 1 227 300 ლარია. ბათუმში 36 საცხოვრებელი კორპუსის ეზოს კეთიმოწყობაა დაგეგმილი[ბორდიურების მოწყობა, ასფალტის საფარის დაგება].
დღესვე, ტენდერის გამოცხადებამდე რამდენიმე ხნით ადრე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გელა დეკანაძემ აღნიშნულ თემაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც უამრავი კომპანია კონკურენტულ გარემოში ცდილობს სხვადასხვა ტენდერის მოგებას, აღნიშნული ტენდერის ჩავარდნა, „ბათუმის კორპუსის“ მიერ შეგნებულად ან შეუგნებლად ტენდერის არაკომპეტენტურად გამოცხადებაზე მიუთითებს.

„ტენდერი ათი დღეა ჩავარდნილია და ამ დროის განმავლობაში არანაირი რეაგირება არ მოუხდენია „ბათუმის კორპუსს“, რომ მოეხდინა გამოსწორება სატენდერო დოკუმენტაციის და განმეორებით გამოეცხადებინა ტენდერი, ამიტომ ჩვენ ეჭვი გვაქვს, რომ ისინი მოითხოვენ გამარტივებული წესით შესყიდვის გზას და შემდეგ ამ ტენდერს მოარგებენ საკუთარ მეგობრებს და გადასცემენ“, – განაცხადა გელა დეკანაძემ.
„ბათუმის კორპუსის“ დირექტორი ზურაბ ნაკაიძე „ბათუმელებთან“ ტენდერის ჩავარდნის მიზეზს ასე ხსნის: „ბათუმში მრავალი ამ ტიპის სამუშაო მიმდინარეობს, რაც ასფალტის დაგებას თუ ბორდიურების მოწყობას გულისხმობს. კომპანიებმა გვთხოვეს სამუშაოების შესრულების ჩადებულ ორ თვიან პირობას ერთი თვით თუ გავაგრძელებდით მიიღებდნენ მონაწილეობას“, – მისივე თქმით, მან მიმართა მთავრობის თავმჯდომარეს ელექტრონული გამარტივებული წესით შესყიდვაზე თანხმობის მისაღებად, რაც ითვალისწინებს ტენდერის 22 სამუშაო დღის ნაცვლად 3 სამუშაო დღის განმავლობაში დასრულებას: „დღეს მივიღე თანხმობა და დღესვე გამოცხადდა ტენდერი, სადაც სამუშაოების შესრულების ვადად სამი თვე იქნა ჩადებული ნაცვლად ორისა“.
ა[ა]იპ „ბათუმის კორპუსი“ ბათუმის მერიის დაქვემდებარებაშია.
ბათუმის მერია და ქობულეთის მუნიციპალიტეტი სტიქიის შედეგებზე
ქალაქ ბათუმის მერიის განცხადებით: „ბათუმში ძლიერმა ქარმა მწვანე ნარგავები დააზიანა. ქალაქის სხვადასხვა უბანში წაქცეულია რამდენიმე ხე. ამ დროისთვის გამწვანების სამსახური მოტეხილი ტოტების გატანის სამუშაოებს ახორციელებს. შპს ,,სანდასუფთავებამ“ უკვე დაასრულა ქარისგან დანაგვიანებული ქუჩების დასუფთავება ქალაქის როგორც ცენტრალურ ნაწილში, ასევე გარეუბნებშიც. გაწმენდილია სანაპირო ზოლიც“.
დღესვე განცხადება გაავრცელა ქობულეთის მუნიციპალიტეტმაც:
„ქობულეთში წუხელ ღამით ძლიერი ქარი დაფიქსირდა. ამ დროის მონაცემებით სტიქიას მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. გამგეობაში სტიქიის საგანგებო შტაბი შეკრებილია. მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის შეგროვება-დამუშავება.
გამთენიისას ქარიშხალმა რამდენიმე ხე მოგლიჯა, რის გამოც ჩაიხერგა გზები ბუკნარში, გვარასა და აღმაშენებლის გამზირზე. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო გამწვანების სამსახურის თანამშრომლებით დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები და სამაშველო ბრიგადები. ოპერატიულად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ამ დროისათვის ჩახერგილი გზები გაწმენდილია და სატრანსპორტო მიმოსვლა აღდგენილია.
ძლიერი ქარის შედეგად ასევე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ამ ეტაპისთვის ელექტროენერგია 4000-მდე აბონენტს არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები“. – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის განცხადებაში.
აჭარასა და გურიაში ქარი წუხელ, დაახლოებით ღამის 2 საათზე გაძლიერდა.
რა წერია ისტორიის სახელმძღვანელოში 9 აპრილისა და აგვისტოს ომის შესახებ
„მიზერული და არასრულფასოვანი“, – ასე აფასებენ საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემულ მასალებს სკოლის პედაგოგები. მათი აზრით, დღეს არსებულ სასკოლო სახელმძღვანელოებში ქვეყნის ისტორიაში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტებისა და ამბების დიდი ნაწილი უგულებელყოფილია.
ბათუმის #16 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ხათუნა ჯანელიძე გვეუბნება, რომ საქართველოს ისტორია სკოლაში მხოლოდ მე-9 კლასში ისწავლება, მე-11 კლასის სახელმძღვანელოში კი რამდენიმე თემაა შეტანილი.
„ავიღოთ თუნდაც ცხრა აპრილის თემა, რომელზეც ერთი ამბავი ატყდა მედიაში, რომ ახალგაზრდებმა არაფერი იციანო. ეს საკითხი მხოლოდ მე-9 კლასის ისტორიაშია შესული და იმდენად მშრალად, რომ შესაძლებელია არც კი დარჩეს მოსწავლეს მეხსიერებაში“. პედაგოგის თქმით, ასეთივე მშრალადაა გადმოცემული სახელმძღვანელოში 9 მარტის ტრაგედიის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდი, გასაბჭოება და ა.შ.
„საგაკვეთილო მასალაში სამხედრო გადატრიალება არც კი არის ნახსენები. მხოლოდ ის წერია, რომ ზვიად გამსახურდია იძულებული გახდა დაეტოვებინა თბილისი. რის გამო, რა მიზეზით – არსად წერია. ის, რომ სამხედრო გადატრიალების მოთავეები იყვნენ თენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი, არ არის ნათლად ნაჩვენები. ნათქვამია მხოლოდ ის, რომ 1992 წლის იანვარში ძალაუფლება ხელში აიღო სამხედრო საბჭომ და იმავე წლის მარტში ქვეყნის მდგომარეობიდან გამოსაყვანად ედუარდ შევარდნაძე მოიწვიეს. ვფიქრობ, ზედმეტად დელიკატურადაა გადმოცემული ეს ფაქტები“.
ხათუნა ჯანელიძის აზრით, მასწავლებელს გაკვეთილზე შეუძლია დამატებითი ინფორმაციის მიწოდება, მაგრამ დამხმარე მასალებისთვის როგორიცაა, მაგალითად, ფოტო, ვიდეო ა.შ. დრო აღარ რჩება, რადგან გაკვეთილისთვის კონკრეტული საათია განკუთვნილი.
პედაგოგის თქმით, სახელმძღვანელოში მწირი ინფორმაციაა 9 მარტის ტრაგედიისა და მშვიდობიანი აქციის დარბევის შესახებაც. „წერია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეები დახოცეს, რომ „საბჭოთა რეჟიმის „ლიბერალიზაცია“ შეუძლებელი იყო“. ვერ ჩაწვდნენ მოსწავლეები ამ ამბის სიმძიმეს ისე, როგორც საჭიროა ქვეყნის მოქალაქემ იცოდეს. კი ვუხსნი, მაგრამ მაინც უჭირთ იმ ეპოქის გააზრება ბოლომდე. ჩემი აზრით, ეს ცუდად მიწოდებული ინფორმაციის შედეგია“.
მასწავლებლის აზრით, თანამედროვე მოსწავლეებს ყველაზე მეტად მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის გააზრება და დამახსოვრება უჭირთ.
„ცუდად იციან რეპრესიების პერიოდიც. მე ვაბრალებ იმას, რომ ამის შესახებ ისწავლება მხოლოდ ერთ კლასში და ისიც არა ამომწურავად. მხოლოდ სამოქალაქო განათლების საგანშია შეტანილი პიროვნების კულტი – სტალინის ამბავი იქ შეიძლება კიდევ გაიხსენო, სხვაგან არსად“.
პედაგოგის აზრით, მოსწავლეებს თემის მიმართ მგრძნობელობა მაშინ უფრო უჩნდებათ, თუ დამატებით წყაროებად მხატვრული ფილმი, მხატვრული ნაწარმოები ან ფოტომასალაა გამოყენებული.
„თვითმფრინავის გატაცების ამბავი როცა ავუხსენი, მანამდე ყველას დავავალე დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ წაეკითხათ. გაცილებით კარგად აღიქვეს ეს თემა და დარწმუნებული ვარ, მაღალკლასელებსაც ახსოვთ“.
საბჭოთა რეპრესიული კულტურის ნაწილში, ერთ-ერთ დამატებით წყაროდ სახელმძღვანელოში მითითებულია თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება“. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მოსწავლეების დიდ ნაწილს, არც მე-9 და არც მე-11 კლასში ეს ფილმი ნანახი არ ჰქონდა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მოსწავლეები ინფორმაციას მხოლოდ მე-9 კლასის სახელმძღვანელოთი იღებენ. ომის მოვლენები რამდენიმე ფრაზითაა გადმოცემული, გაკვეთილის 70 პროცენტი ეთმობა „ვარდების რევოლუციას“ და სააკაშვილის ხელისუფლების დროს განხორციელებულ ცვლილებებს. რომ სააკაშვილის ხელისუფლების დროს შეიცვალა საქართველოს გერბი, ჰიმნი, დროშა, მოხდა პოლიციის რეფორმა, აშენდა იუსტიციის სახლები, „დაიწყო გზების ეფექტიანი მშენებლობა“ და ა.შ.
პედაგოგის აზრით, სახელმძღვანელოში მშრალადაა წარმოდგენილი აფხაზეთის ომის ამბებიც. „წერია მხოლოდ ის, რომ აფხაზებმა ისარგებლეს საქართველოში სამოქალაქო ომით და 1992 წლის ივლისში მიიღეს დეკლარაცია აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ. 14 აგვისტოს შევიდა ქართული გვარდია და გაღვივდა კონფლიქტი. ცუდად ორგანიზებულ ქართულ ჯარს დაუპირისპირდნენ კაზაკები, მოხალისეები ჩრდილოეთ კავკასიიდან და რუსული არმიის ნაწილები. შემდეგ კი რუსული მხარის შუამდგომლობით ცეცხლი შეწყდა. ამ ამბების ცოტა უკეთ დამუშავება ნამდვილად შეიძლებოდა“, – ამბობს პედაგოგი.
საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს კრიტიკულად აფასებს ამავე სკოლის კიდევ ერთი პედაგოგი, თამარ თევზაძე. მისი აზრით, სკოლის სახელმძღვანელოებში „საქართველოს ისტორია იგნორირებულია. მხოლოდ მშრალი წინადადებების დონეზე აღწერენ ფაქტებს და ვერსად წაიკითხავ ანალიზს ან ისეთ დეტალებს, რომელთა ცოდნაც ნამდვილად სჭირდება მოსწავლეს.“
თამარ თევზაძეს მიაჩნია, რომ სხვადასხვა ავტორის მიერ გამოცემული წიგნები, გარდა შინაარსობრივი პრობლემებისა, ფაქტობრივ უზუსტობებსაც შეიცავს. „ერთ გამოცემაში ლაშა-გიორგის გარდაცვალების თარიღად წერია 1223 წელი, სხვა გამოცემაში – 1222 წელი. რომელი დაიმახსოვროს მოსწავლემ? ასეთი უზუსტობები სხვაც არის“, – ამბობს ის.
პედაგოგების თქმით, არის შემთხვევები, როცა სახელმძღვანელოს მასალები და საატესტატო საკითხები ერთმანეთს არ ემთხვევა. „ეროვნულ გამოცდებზე 4-5 ქულით ფასდება ისტორიული წყაროს ანალიზი, კარიკატურის ანალიზი, სახელმძღვანელოში ეს საკითხები არსად მოცემული არ არის, სად ისწავლოს ბავშვმა?“
ისტორიის მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებმა პრაქტიკოსი მასწავლებლების მოსაზრებები უნდა გაითვალისწინონ. მათი თქმით, წლების წინ მოისმინეს კიდეც პედაგოგების მოსაზრებები ავტორებმა, თუმცა არ გაუთვალისწინებიათ.
ქობულეთში სეზონური ობიექტების განსათავსებლად განცხადებების მიღება 15 მაისამდე გაგრძელდება
ქობულეთში სეზონური ობიექტების განთავსების მიზნით ტერიტორიების იჯარის წესით გასაცემად ქობულეთის გამგეობაში განცხადებების მიღება 15 მაისამდე გაგრძელდება.
„განცხადებაში აუცილებლად უნდა მიეთითოს ფართობის ნომერი, ასევე განცხადებებს თან უნდა დაერთოს განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი, ტერიტორიის სიტუაციური ნახაზი და ობიექტის ესკიზი. ხოლო ცენტრალურ პარკში ტერიტორიების იჯარის წესით გაცემა ელექტრონული აუქციონის წესით განხორციელდება, ასევე სეზონური ობიექტების განსათავსებლად აუქციონები გამოცხადდება იმ ტერიტორიებზე, რომელთა იჯარის წესით გაცემა წინა წლებში არ განხორციელებულა,“ – აღნიშნულია გამგეობის განცხადებაში.
ქობულეთის გამგეობაში იმასაც აცხადებენ, რომ წელს ტურისტული სეზონის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ტერიტორიების იჯარის წესით გასაცემად თადარიგი ნაადრევად დაიჭირეს: „სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ სეზონური ობიექტების განსათავსებლად განისაზღვრა ტერიტორიები, რომელთა დროებით განსაკარგავად გადაცემის საკითხს კომისია გადაწყვეტს“.
მორიგი უფასო სამედიცინო აქციები აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში
23 აპრილს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული, მორიგი უფასო სამედიცინო აქციები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარის აღმართში, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანაში, ხოლო 24 აპრილს ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემში ჩატარდება.
აქციების ფარგლებში მოსახლეობას ჩაუტარდება კონსულტაციები და სამედიცინო გამოკვლევები.
უფასო სამედიცინო აქციები 12:00 საათზე დაიწყება და დღის ბოლომდე გაგრძელდება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმები, ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას – ბათუმის N1 პოლიკლინიკის ექიმები, შუახევის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას _ მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი 2010-ის, ბათუმის N4 პოლიკლინიკისა და ბათუმის სამშობიარო სახლის ექიმები, ხოლო ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ონკოლოგიური საავადმყოფოს, საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრისა და თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის ექიმები.
ISIS-ის მხარდაჭერაში ბრალდებული პირების დედების განცხადება
ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში ბრალდებული გია ბახუნტარიძის, მირიან ირემაძის და ჯამბულ აბდულაევის დედებმა დღეს, 21 აპრილს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ ბრიფინგი გამართეს. მათი განცხადებით, მათი შვილები უკანონოდ არიან დაკავებული და ბრალიც არასწორად აქვთ წაყენებული. ისინი საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას და სასამართლო გამოძიების გამჭვირვალედ ჩატარებას ითხოვენ.
ნატო ირემაძე, ბრალდებულ გია ბახუნტარაძის დედა: „ვფიქრობ, ჩვენი შვილები უდანაშაულოები არიან და არასწორად დააკავეს. დაკავების დროს ბრალი ედებოდათ იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაზე, მაგრამ შემდეგ ბრალი ტერორიზმთან კავშირის მუხლით წაუყენეს და ამით უარყოფითად განაწყეს საზოგადოება ჩვენი შვილების მიმართ“.
ნატო ირემაძის განცხადებით, მისი შვილის და სხვა დაკავებულების მიმართაც დარღვეული იყო უდანაშაულობის პრეზუმფცია.
„იარაღიც მათი ჩალაგებული იყო, რადგან ჩვენ ვიცოდით, რომ გვითვალთვალებდნენ და, ბუნებრივია, ასეთ პირობებში იარაღს სახლში არ შევინახავდით და ასაფეთქებლებზე არ დავიძინებდით. გიას სამი თოთო ბავშვი ჰყავს და ასეთ იარაღს სახლში არ შეინახავდა, მხოლოდ ერთი პისტოლეტის ამოღება მოახერხეს“.
ნატო ირემაძის თქმით, სირიიდან გავრცელებულ მუქარის ვიდეოში ასახული პირები ნამდვილად მისი ოჯახის და შვილების მეგობრები და ახლობლები არიან, თუმცა, ის მათთან იდეოლოგიურ კავშირს უარყოფს.
„ისინი იყვნენ ჩვენი მეზობლები, მეგვარეები, ნათესავები… ათი დღის წასვლით ეს ყველაფერი ხომ არ წყდება, მოკითხვის მიზნით ურაკევდნენ და წერდნენ. თავიანთ ოჯახებს კითხულობდნენ და ამის გამო ნახევარი სოფელი ხომ არ უნდა დააკავო“, – ამბობს ნატო ირემაძე.
ნათელა ბერიძე, ბრალდებულ მირიან ბერიძის დედა: „მე ვითხოვ, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს მოეხსნას გრიფით საიდუმლო და ფართო საზოგადოებას მიეცეს გამოძიებისა და სასამართლო განხილევბის მონიტორინგისა და კონტროლის შესაძლებლობა. თხოვნით მივმართავთ შს სამინისტროს, მთავრობას, რომ ტერორიზმთან ბრძოლის მოტივით ნუ დაარღვევს ადამიანის უფლებებს და კანონის დაცვით აწარმოოს გამოძიება“.
ნათელა ბერიძის განცხადებით, სახელმწიფომ მათი შვილებისგან მტრის ხატები არ უნდა შექმნას. „ერთი-ერთი სირიაში წასული პირი, ჩემი ძმისშვილია და, ბუნებრივია, ერთმანეთს ნათესაურად წერდნენ. ეს იყო ტერორიზმთან კავშირი, თუმცა გამოძიება ამბობს, რომ ეს არის „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირი“.
ნატო ირემაძე ამბობს, რომ მისი შვილი ტერორისტებს ემიჯნებოდა: „ჩემი თვალით მაქვს წაკითხული, როცა ჩემი შვილი წერდა, ასეთი ცუდი მიმართვა რატომ გააკეთეთო, ნახოს უშიშროებამ ესეც“.
მერი ივანაძე, ჯამბულ აბდულაევის დედა: „ჩემი შვილი იმავე დღეს აიყვანეს. მას არც იარაღი ჰქონდა და არც „ისლამური სახელმწიფოს“ დროშა.
ბრალდებულების მშობლები ასევე აცხადებენ, რომ საქმეში ერთი და იგივე მოწმეები ფიგურირებენ.
ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით ბრალდებული ოთხი პირი – გია ბახუნტარაძე (25 წლის), ლაშა გობაძე, ჯამბულ აბდულაევი (24 წლის) და მირიან ბერიძე (21 წლის ბსუ-ს სტუდენტი) 2015 წლის 30 ნოემბერს დააკავეს.
მშობლების განცხადებით, დაკავებულების მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ. 22 აპრილს გაიმართება. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ყველა მათგანს მინიმუმ 10-დან 17-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ქალთა მსოფლიო გრან-პრის გათამაშება ბათუმში
20 აპრილს ბათუმში ქალთა მსოფლიო გრან-პრის გათამაშება გაიხსნა. ტურნირი ასევე ეძღვნება ექვსგზის მსოფლიო ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის 75 წლის იუბილეს და „ნონას თასის“ ტიტულსაც ატარებს. საჭადრაკო თამაშები დღეიდან დაიწყება და 3 მაისამდე გაგრძელდება.
ტურნირში სულ 12 ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი მონაწილეობს, მათ შორის 4 ქართველია. მათგან ერთ-ერთი კი, ბათუმელი ნინო ბაციაშვილია.
შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ აღნიშნა, რომ ეს ტურნირი არის იმ ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, რომელიც 2014 წლიდან დაიწყო, – “თქვენ იცით რომ ჩვენ 2018 წელს ვმასპინძლობთ მსოფლიო ჭადრაკის ოლიმპიადას. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება… სამზადისი ჩვენ 2015 წლიდანვე დავიწყეთ და მთლიანი 4 წელი გაწერილია სხვადასხვა ღონისძიება. ჩვენ განსაკუთრებულად ვემზადებით 2018 წლის ოლიმპიადისთვის, საქართველოს მთავრობა ჩართულია აჭარის მთავრობასთან ერთად საორგანიზაციო საკითხებში და ვფიქრობ, რომ ჭადრაკი ზოგადად ჩვენი ქალაქისა და რეგიონისთვის არის ძალია მნიშვნელოვანი,” – აღნიშნა ღონისძიებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ.

ძლიერი ქარი ბათუმში [ფოტო]
ბათუმში გუშინ ღამით ამოვარდნილმა ქარიშხალმა გარკვეული ზიანი მიაყენა ქალაქს, თუმცა ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მერიაში დაზარალებული მოქალაქეების მხრიდან რაიმე განცხადება არ შესულა.
ქარის გამო ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ზოგიერთ სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ ‘ბათუმელებს განუცხადეს, რომ აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია და დენის მიწოდება სრულად 2 საათის განმავლობაში აღდგება.
ბათუმში გუშინ მიმდინარე წელს ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. სინოპტიკოსები სამხრეთ-დასავლეთის ქარს გუშინვე პროგნოზირებდნენ. ძლიერი ქარი შესაძლოა განმეორდეს. ბათუმში 22 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს.













13+8 – რა თანხა ვერ დახარჯა მთავრობამ და რატომ?
2015 წელს აჭარის მთავრობამ ორი მაღალბიუჯეტიანი პროექტის – რესპუბლიკური საავადმყოფოსა და ოლიმპიური საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაგეგმა. საავადმყოფოს მშენებლობას ცოტა ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი, სტადიონის მშენებლობა კი ჯერ არ დაწყებულა. გარდა ამისა, გასულ წელს განსახორციელებელი პროექტებიდან მთავრობას 13 მილიონზე მეტი ლარი მორჩა. ამ თანხას ემატება ის 8 მილიონი, რაც შარშან სტადიონისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობაზე უნდა დაეხარჯათ. მიუხედავად ამისა, აჭარის მთავრობა ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებს დადებითად აფასებს. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ მთავრობა „ციფრებით მანიპულირებს“.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ანგარიშის მიხედვით, 2015 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების დაზუსტებული გეგმა 183 მილიონ 639 000 ლარი იყო, დაიხარჯა 170 მილიონ 031 400 ლარი. ეს გეგმის 92,6 პროცენტია. ციფრები ხარჯვით ნაწილში ასე გადანაწილდა:
2015 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფეხბურთის სტადიონის დაპროექტებასა და მშენებლობაზე 12 მილიონ 984 400 ლარი, ხოლო რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილზე კლინიკის მშენებლობის დასაწყებად – 5 მილიონი ლარი უნდა დაეხარჯათ. სტადიონისთვის 38 მილიონ 225 ათასი ლარი, ხოლო საავადმყოფოსთვის 18 მილიონი ლარი გამოიყოფა 2017 წლის ჩათვლით. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, აქედან ჯერ მხოლოდ 5 მილიონი ლარია დახარჯული.
სტადიონის მშენებლობა, კონტრაქტორთან შექმნილი პრობლემების გამო, გასულ წელს ვერ დაიწყო – მიზეზებსა და ურთიერთბრალდებებზე „ბათუმელებმა“ რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა. კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დავას სასამართლო განიხილავს.
ბიუჯეტის ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს მთავრობამ ნახევარ მილიონზე მეტი ლარი ვერ აითვისა საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის ხარჯებიდან. გეგმა 5 მილიონ 432 200 ლარი იყო, შესრულება კი – 4 მილიონ 806 300 ლარი. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, `ეს თანხა გზების მოვლა-შენახვისთვის იყო გათვალისწინებული, თუმცა არც ერთი დაგეგმილი პროექტი, რაც გზების რეაბილიტაციას ითვალისწინებდა, არ გაჩერებულა“.
სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობებით უზრუნველსაყოფად 2015 წლის ბიუჯეტში 3 მილიონ 047 000 ლარი გაითვალისწინეს, მაგრამ ფული მთავრობამ ვერც ამ შემთხვევაში დახარჯა [შესრულება 2 მილიონ 292 600 ლარი]. პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში, ვაშლოვანის დასახლებაში 72-ბინიანი სახლის დასრულება და ბათუმში, თამარის დასახლებაში 58-ბინიანი კორპუსის მშენებლობის დაწყება იყო დაგეგმილი. სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში 58-ბინიანი კორპუსის მშენებლობა, რომელსაც შპს „დაგი“ ასრულებს, 2016 წელს დასრულდება. სამინისტროს ინფორმაციით, „სამონტაჟო სამუშაოები შესრულდა ექვს სართულზე. დაწყებულია გარე და შიგა კედლებისა და მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟი. კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხულია 2 მილიონ 016 000 ლარი“.
სოფელ ვაშლოვანში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და 2015 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. სამუშაოებს კომპანია „ხიდი“ აწარმოებდა. პროექტის ღირებულება 3 254 000 ლარი იყო, საიდანაც კომპანიამ 2015 წლისთვის მხოლოდ მილიონ 781 200 ლარის სამუშაო შეასრულა. სამინისტროს ინფორმაციით, „ამ კომპანიამ სხვა ობიექტებზე წარმოშობილი ფინანსური სიძნელეების გამო, სრულად ვერ უზრუნველყო ვალდებულებების შესრულება და საკუთარი განაცხადის საფუძველზე შეწყდა გაფორმებული ხელშეკრულება“.
შეუსრულებელი დარჩა 735, 5 ათასი ლარის სამუშაო.
ვაშლოვანის საცხოვრებელი კომპლექსის წყალარინებისა და გარე საკანალიზაციო ქსელების მოწყობაზე სამშენებლო სამუშაოებს შპს „ე-კონი“ ასრულებდა. პროექტის ღირებულება 290 000 ლარი იყო. სამონტაჟო სამუშაოები შეჩერდა კორპუსებზე სამუშაოების შეჩერების გამო, რადგან „რიგი სამუშაოების შესრულება ურთიერთკავშირშია“. დაფინანსებულია 182 600 ლარის სამუშაო. ამის გამო პროექტი 2016 წელს დასრულდება.
მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის 2015 წლის გეგმა 598 000 ლარი იყო, შესრულება – 129 200 ლარი. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში „ლიბერთი ბანკმა“ 25 ბენეფიციარზე გასცა სესხი, საიდანაც ერთმა ბენეფიციარმა სესხი ვადაზე ადრე დაფარა.
ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვისა და განვითარებისთვის 5 116 600 ლარი იყო გათვალისწინებული, გასული წლის ხარჯი – 4 მილიონ 118 100 ლარი. რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, ეს თანხა არის საავანსო ხარჯები, რომლებიც კომპანიებმა ვერ აითვისეს; ასევე ტენდერებიდან მიღებული ეკონომია.
საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის 4 მილიონ 108 000 ლარი იყო გათვალისწინებული, აქედან 3 779 700 ლარი დაიხარჯა. სამუშაოების ნაწილი კონტრაქტორებთან შექმნილი პრობლემების გამო გასულ წელს ვერ შესრულდა.
ბიუჯეტის ანგარიში უმაღლეს საბჭოს განსახილველად ახლახან წარუდგინეს. პირველადი განხილვის შემდეგ „ქართული ოცნება“ „შარშანდელთან შედარებით ზრდის ტენდენციის“ არგუმენტით კმაყოფილია, ოპოზიცია კი – უკმაყოფილო.
ანგარიშის ცნობად მიღების საკითხს, დღეს, 21 აპრილს პლენარულ სხდომაზე უნდა უყარონ კენჭი. საკითხს სხდომაზე მინისტრი დავით ბალაძე წარადგენს. თანამომხსენებლები: კახაბერ კირტავა – აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ანზორ თხილაიშვილი – საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
17 წლის ლია ხულოდან „ზღაპრებს აჰყვა“ და ამერიკაში მიდის სასწავლად
ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლია დეკანაძე ერთ-ერთია იმ 80 ქართველ მოსწავლეს შორის, რომლებიც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის [FLEX] ფარგლებში აშშ-ში ისწავლიან ამერიკულ სკოლაში და იცხოვრებენ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთი აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში.
17 წლის ლია იხსენებს, რომ პირველად ბედი ამ პროგრამაში მეცხრე კლასში სცადა, თუმცა მეორე ეტაპიდან გამოეთიშა კონკურსს. როგორც ლია ამბობს, თავდაპირველად ინგლისური ენის ტესტი გაიარა, შემდეგ ეტაპზე უკვე მცირე თემების ინგლისურად დაწერაა საჭირო, მესამე ეტაპზე გადასული მონაწილეები კი წერენ ესეს – თუ რატომ სურთ ამერიკაში წასვლა, გადიან გასაუბრებას და ამზადებენ მონაცემებს: განათლებისა და ჯანმრთელობის ცნობებს, წერენ ინტერესის საკუთარი სფეროების შესახებ და საკუთარ თავს წარუდგენენ ორგანიზატორებს.
„აკვირდებიან იმასაც, თუ რამდენად მზადაა მონაწილე ფსიქოლოგიურად ოჯახისგან შორს იცხოვროს მთელი წლის განმავლობაში და შეეგუოს ახალ გარემოს. დიდი ყურადღება ექცევა აქტივობებსა და უნარ-ჩვევებს. მეცხრე კლასში ჩემი ინგლისურის ცოდნის დონე დაბალი იყო“, – ამბობს ლია და დასძენს, რომ მაშინ მის ირგვლივ მყოფი ადამიანები სკეპტიკურად უყურებდნენ ამერიკაში ერთი წლით წასვლის შესაძლებლობას და ურჩევდნენ „ზღაპრებს“ არ აჰყოლოდა. „სიმართლე გითხრათ, ამან მომცა მეტი სტიმული. ჩემთვის ვთქვი, რომ ზუსტადაც – შევძლებდი“, – იხსენებს ლია.
მისი თქმით, მიუხედავად სტიმულისა, როცა შემდეგი კონკურსი მოახლოვდა, მაინც ყოყმანობდა და რომ არა ოჯახის დაჟინებული თხოვნა, შესაძლოა მონაწილეობა არც ეცადა:
„ვიფიქრე, ვერ გადავიდოდი, მაგრამ ახლობლები მეუბნებოდნენ, რომ გამარჯვებისთვის კი არა, თუნდაც, უბრალოდ, ცდისთვის უნდა მიმეღო მონაწილეობა. ჩვენს სკოლაში მშვიდობის კორპუსის მოხალისე მუშაობს, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს გადაწყვეტილებაში. მეუბნებოდა, რომ მე შევძლებდი“.
ლია ამბობს, რომ არასდროს უვლია რეპეტიტორთან ინგლისური ენის შესასწავლად: `შეიძლება კარგი ყოფილიყო, მაგრამ ეს დამატებითი ხარჯი იქნებოდა ოჯახისთვის. სკოლაში მეხუთე კლასიდან ვსწავლობ ინგლისურს, მაგრამ გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ეს საკმარისი არ არის. დაბის სკოლაა და არც ბევრი რესურსი გვაქვს სკოლაში, თან კლასშიც ბევრნი ვართ საიმისოდ, რომ უცხო ენა კარგად ვისწავლოთ. ყველა სხვადასხვა დონეზე ითვისებს. თითქმის არ ყოფილა, რომ ინგლისურის სახელმძღვანელო ბოლომდე დაგვესრულებინოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაც დონეზე ცოდნის მიღება აქაც შეიძლება. უფრო გაღრმავებისთვის კი, პირადად ჩემი მაგალითიდან რომ ვთქვა, ჩამოსულ უცხოელ მოხალისეებთან ყოველთვის ვცდილობ ვიკონტაქტო, სოციალურ ქსელებში მყავს ბევრი უცხოელი მეგობარი, ვცდილობ ინგლისურად ვუყურო ფილმებს და ვიკითხო“.

ლიას თქმით, მნიშვნელოვანია კომპლექსების დაძლევა და საკუთარი თავის რწმენა. თავადაც ბევრ აქტივობაშია ჩართული: ცეკვა, კალათბურთი, მოსწავლეთა თვითმმართველობა, ახალგაზრდული საკრებულო და სხვადასხვა საგნობრივი ოლიმპიადა და კონკურსები… „მივხვდი, რომ სწავლასთან ერთად ბევრს მძენდა სწორედ ეს აქტივობები, სასწავლო ბანაკები. იქიდან დაბრუნებული ყოველთვის უფრო გაზრდილი მეჩვენებოდა ჩემი თავი, ამიტომაც უფრო აქტიურად ვერთვებოდი“, – ამბობს ლია.
ლია დეკანაძე წარმატებული მოსწავლეა, მან ახლახან გაიმარჯვა კიდევ ერთ პროექტში – „ვკითხულობთ ინგლისურად“ და 13 ივნისს ბაქოში გაემგზავრება სამდღიან ტურში, ყვავილების ფესტივალზე.
მე-11 კლასის მოსწავლე ხულოს საჯარო სკოლიდან ამბობს, რომ მიუხედავად რესურსებზე დაბალი წვდომისა, მაღალმთიანი სოფლის მოსწავლესაც შეუძლია მიაღწიოს მიზანს. „სკოლაში სწავლა არ არის საკმარისი, რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა ჩაერთო აქტივობებში, სახლში სცადო, დამატებითი გზები ეძებო და რაც მთავარია, საკუთარი თავის უნდა გწამდეს, სწორი თვითშეფასებაა მნიშვნელოვანი. ჩემს კლასშიც არიან მოსწავლეები, რომლებიც ჩემზე გონიერები და კარგები არიან რაღაც საკითხებში, მაგრამ ხშირად იხევენ უკან. ახლა უკვე ყველამ რომ დაინახა ეს ზღაპარი არ არის, მათაც მიეცათ მოტივაცია და უკვე ბევრი მეკითხება, როგორ მოემზადონ, რა რჩევებს მივცემდი ჩემი გამოცდილებიდან. ვიცი, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ცდის და ეს მიხარია“, – ამბობს ლია.
მალალა იუსაფზაი ლიასთვის შთაგონების წყაროდ იქცა. როგორც ამბობს, სწორედ მისი ისტორიის წაკითხვის შემდეგ მოუნდა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოს, ის მშვიდობასა და დაჩაგრულთა უფლებების დაცვას უნდა ეხებოდეს: „ვიცი, ეს ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ ის, რომ მე ამერიკაში წავიდოდი სასწავლად, ჩვენთან, ხულოში, არანაკლებ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ჟღერდა”.
პატიმრებს არაადამიანურად ეპყრობიან – ბათუმის ციხე სახალხო დამცველის ანგარიშში
„პენიტენციურ დაწესებულებებში წამება და არაადამიანური მოპყრობა, როგორც სისტემური დანაშაული, აღმოფხვრილია, რაც საერთაშორისო და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა აღნიშნეს,“ – წერია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წერილში, რომლითაც უწყება სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშს გამოეხმაურა. სასჯელაღსრულების #3 დაწესებულებაზე, ანუ ბათუმის ციხეზე, სახალხო დამცველი საპირისპიროს ამტკიცებს და ადასტურებს იმას, რასაც აქამდე არაერთი პატიმარი „ბათუმელებს“ წერდა. „პირობები, რომელიც არის „ანტივანდალურ საკანში“ უტოლდება არაადამიანურ მოპყრობას“, – ამბობს ომბუდსმენის წარმომადგენელი. პატიმრები გვწერდნენ: „საკანში არის საშინელი უჰაერობა…“
„აქ საერთოდ არ არის საწოლი, რის გამოც გვიწევს პირდაპირ ბეტონის იატაკზე დაძინება. ასევე არ არსებობს მაგიდა და სკამი, გვიწევს იატაკზე საჭმლის ჭამა. ამ მდგომარეობას ამძიმებს ღია მდგომარეობაში არსებული საპირფარეშო. აქვე ვახსენებთ, რომ როგორც დასალევი, ასევე სხვა საშუალებებისთვის გამოსაყენებელი წყალი მოგვეწოდება ძალზე მცირე ოდენობით… საკანი არის სისხლით მოთხვრილი, კედლებს არ წმენდენ განზრახ, რათა იმოქმედოს ჩვენს ფსიქოლოგიაზე“, – ამ წერილს რამდენიმე პატიმარი აწერს ხელს.
„მძიმე პირობებში ყოფნა პატიმრებს ზოგჯერ ერთ თვეზე მეტი ხნით უწევთ,“ – ამბობს ნიკა კვარაცხელია, სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. სახალხო დამცველის რეკომენდაციები „ანტივანდალურ საკნებში“ (აქ გადაჰყავთ ის პატიმრები, ვინც შესაძლოა თვითდაზიანება მიიყენოს) პირობების შეცვლაზე შეუსრულებელია.
„უსაფრთხოების, იგივე „ანტივანდალურ საკანს“, როგორც ტერმინს საერთოდ არ იცნობს „პატიმრობის კოდექსი“. ეს ოთახები არ არის შესაბამისად ადაპტირებული. მართალია, იქ არ არის და არც უნდა იყოს ისეთი ნივთები, რაც საფრთხეს შექმნის, მაგრამ საკანი არ არის ისე აღჭურვილი, პატიმარმა თვითდაზიანება რომ ვერ მოახერხოს. მთავარი პრინციპი არის არა პატიმრის იზოლირება, არამედ მასთან უნდა იმუშავოს მულტიდისციპლინარულმა ჯგუფმა, რაც არ ხდება“, – გვითხრა ნიკა კვარაცხელიამ.
ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, თუკი პატიმრების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას აქვს ადგილი “ანტივანდალურ საკანში”? – სახალხო დამცველის აპარატში განმარტავენ: “დაწესებულების დირექტორი გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს დაწესებულების დებულებით, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ არის დამტკიცებული. ამ დებულებით უსაფრთხო საკანში მოთავსების მაქსიმალური ვადა განსაზღვრული არ არის. შესაბამისად, დირექტორმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეაფასოს, ამოიწურა თუ ისევ არსებობს პატიმრის უსაფრთხო საკანში ყოფნის დებულებით განსაზღვრული კრიტერიუმები. ასეთ პირობებში გართულებულია დირექტორის პასუხისმგებლობაში მიცემის საკითხი. მიგვაჩნია, რომ შესაბამისი ცვლილებები უნდა შევიდეს კანონმდებლობაში და განისაზღვროს უსაფრთხო საკანში მოთავსების მაქსიმალური ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს, რაც ერთის მხრივ, მნიშვნელოვანი გარანტია იქნება არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის თავიდან აცილების თვალსაზრისით და ამავდროულად, გაამარტივებს დირექტორის პასუხისგებაში მიცემას ამ მაქსიმალური ვადის დარღვევის გამო, ვინაიდან მისი მხრიდან ადგილი ექნება აშკარად უკანონო, თვითნებურ ქმედებას.”
„თუ პატიმრების უსაფრთხოების თემაზეა საუბარი, საერთო პოზიციაზე უნდა შევჯერდეთ. რა მნიშვნელობა აქვს, უშიშროება დამავალებს, თუ სახალხო დამცველი გადაწყვეტილების მიღებას? მე ჩემს პოზიციებში ვარ თავისუფალი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ. რატომ ვერ მოახერხა აქამდე პარლამენტმა პოზიციის შეჯერება და სამართლებრივი რეგულაციების განსაზღვრა თუნდაც „ანტივანდალურ საკანზე“? – გედევან ფოფხაძემ “ბათუმელების“ ამ და სხვა შეკითხვებს, სატელეფონო საუბრის დროს, აღარ უპასუხა: „სხდომაზე შემოვედი უკვე, ვეღარ გიპასუხებთ“.
წამების კუთხით ომბუდსმენი თავის რეკომენდაციებში კიდევ ერთ მოთხოვნას ააქტიურებს: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლში შევიდეს ცვლილება და განისაზღვროს, რომ წამება შესაძლებელია ჩადენილი იყოს მოხელის, ან მასთან გათანაბრებული პირის მდუმარე თანხმობით“.

სახალხო დამცველის აპარატში გვითხრეს, რომ ამ რეკომენდაციის ერთ-ერთი მიზეზი გასულ წელს მომხდარი ფაქტიცაა: სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულებაში ერთ-ერთი პატიმარი ძალადობის მსხვერპლი გახდა – შვიდ პატიმარს წამების გამო ახალი მსჯავრი შეეფარდა. ამ საქმეზე დაწესებულების დირექტორი – გიორგი ელიზბარაშვილიც დააკავეს, თუმცა არა წამების (ისჯება თავისუფლების აღკვეთით 12-დან 17 წლამდე), არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით (ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 8 წლამდე, თანამდებობის დაკავების ჩამორთმევით 3 წლამდე).
„მეც პატიმარი ვარ და მაქვს ტკივილის გრძნობა,“ – ასე პატიმარმა კახა მეცხვარიშვილმა მარტში მოგვწერა. ის წერილებს ციხიდან პერიოდულად აგზავნის ჟურნალისტებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, უფლებათადამცველებთან და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას ითხოვს:
„მთელი ღამე ველოდებოდი, ნებისმიერი ნემსი გაეკეთებინათ, რომ მუხლის არეში ტკივილი გამყუჩებოდა. პატიმრის ამ წერილის საპასუხოდ მაშინ სასჯელაღსრულების სამინისტრომ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ პაციენტს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება უტარდება და პირიქით, მან მადლობის წერილიც კი მიწერა დაწესებულების ექიმებს.
სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ: „კვლავ პრობლემად რჩება პენიტენციური დეპარტამენტის #2 და #3 დაწესებულებებში არსებული პრაქტიკა… რომ მიიღოს საჭირო სამედიცინო მომსახურება, პატიმარმა უნდა დაწეროს განცხადება სამედიცინო მომსახურების საჭიროების შესახებ და გადასცეს დაწესებულების მორიგე კონტროლიორს. ამ უკანასკნელს დღის განმავლობაში შეგროვებული განცხადებები მიაქვს კანცელარიაში, საიდანაც განცხადებები ეგზავნება დაწესებულების ექიმს. გადაუდებელ შემთხვევაში მიაქვს მორიგე კონტროლიორს განცხადება კანცელარიაში დაუყოვნებლივ, თუმცა გაუგებარია, როგორ უნდა დაადგინოს სამედიცინო განათლების არმქონე კონტროლიორმა შემთხვევის გადაუდებლობა… ეს პროცედურა ქმნის დამატებით ბარიერს სამედიცინო მომსახურების მიწოდების პროცესში, ამასთან არღვევს კონფიდენციალურობის პრინციპს“.
ამავე ანგარიშის მიხედვით, ბათუმის ციხეს 6 ექიმი და 5 ექთანი ემსახურება. „ეს არ არის საკმარისი რაოდენობა და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების გაწევა ვერ ხერხდება… ჩვენი მონიტორინგის შედეგად ასევე დაფიქსირდა მედიკამენტების პრობლემა. მედიკამენტები, რომელიც საერთო ნუსხით არის გათვალისწინებული, ადგილზე არ აღმოჩნდა. ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ეს ძირითადად მოთხოვნის და მიღების პროცედურასთანაა დაკავშირებული“, – ამბობს ნიკა კვარაცხელია.
ომბუდსმენის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პატიმრებს ჯერ კიდევ აქვთ იმის განცდა, რომ მათ უსმენენ. ამონარიდი ანგარიშიდან: „დაწესებულების საგამოძიებო ოთახებში გარდა საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლებისა, პატიმრებს ხვდებიან ადვოკატები, სასულიერო პირები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ვისთან საუბრის კონფიდენციალურობა კანონით გარანტირებულია. ყველა ოთახში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერა. პატიმართა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საგამოძიებო ოთახებში არსებული სათვალთვალო კამერების საშუალებით მიმდინარეობს მათი საუბრის აუდიო-ვიდეოჩაწერა. ეს უარყოფითად მოქმედებს პატიმართა გახსნილობაზე და საუბრის დროს ზღუდავს მათ“.
სახალხო დამცველის წარმომადგენელი ნიკა კვარაცხელია განმარტავს, რომ კამერები მუდმივად არის ჩართული მე-3 დაწესებულებაში და ხშირ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული ადმინისტრაციის მხრიდან ვიზუალური მეთვალყურეობის აუცილებლობა: „პატიმრობის კოდექსის“ მიხედვით, მეთვალყურეობა უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამის საჭიროება არსებობს და ყველა სხვა საშუალება ამოწურულია“.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ნიკა კვარაცხელია ბათუმის ციხესთან დაკავშირებით აფიქსირებს, სარეაბილიტაციო პროგრამებია: „ძალიან მწირია ის აქტივობები, რაც ხორციელდება და რაც მთავარია – პატიმრების ჩართულობა ძალიან დაბალია. მაგალითად, ჩაატარეს შაშის და ჭადრაკის ტურნირი, ინგლისური ენის შესწავლა და ასე შემდეგ. უნდა გვახსოვდეს, რომ მე-3 დაწესებულება მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაა და იქ პატიმრები დღე-ღამის განმავლობაში 23 საათს საკანში ატარებენ“.
ადასტურებს თუ არა სახალხო დამცველის მიერ დაფიქსირებულ პრობლემებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო – ამ უწყებაში „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხეს. პრესსამსახურმა გვითხრა, რომ შეგვიძლია სამინისტროს წერილობითი, საჯარო განცხადებით ვისარგებლოთ. სამინისტროს ოფიციალურ წერილში არაფერია ნათქვამი ზემოთ აღწერილ პრობლემებზე. ამონარიდი საჯარო განცხადებიდან: „2012 წლის შემდეგ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში მასშტაბური რეფორმები განხორციელდა, რომლის ძირითადი მიზანი მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და სისტემის ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოვებაა“.
„წიგნის კუთხე“ – მერვედფინალური ეტაპის ბოლო თამაშები [ვიდეო]
15-16 აპრილს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის ამერიკულ კუთხეში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსის – „წიგნის კუთხე“ ბოლო მერვედფინალური [VII-VIII] თამაშები. გუნდები თამაშობდნენ შემდეგი ხუთი ძირითადი ლიტერატურული ნაწარმოების ირგვლივ:
- სოფოკლე – „ოიდიპოს მეფე“;
- ალექსანდრე ყაზბეგი – „ხევისბერი გოჩა“;
- ანტუან დე სენტ ეკზიუპერი – „პატარა პრინცი“;
- ჩარლზ დიკენსი – „ოლივერ ტვისტი“;
- ენტონი ბერჯესი – „მექანიკური ფორთოხალი“.
მე-7 მერვედფინალურ თამაშში სკოლა „ევრო 2000“ [ანა აბუსელიძე; ანი ტუღუში; მარიამ დოლიძე] შეხვდა სკოლა-ლიცეუმ „ნერგებს“ [მარი გუნდარიძე, თამარ კეკელიძე, ფატიმა-თეკლე დავითაძე]. აღნიშნული თამაშის შედეგებით მეოთხედფინალურ ეტაპზე გადავიდა ანგარიშით: 11:5.
ბოლო, მე-8 მერვედფინალური თამაში გაიმართა საერო ელიტარულ სკოლა „გორდას“ [დავით მიქელაძე, გულადი მესხი, ზურა კალანდარიშვილი] და სკოლა „მასტერკლასის“ [ალექსანდრე ბარამიძე, ქეთი მათითაიშვილი და ნოდარ ჯინჭარაძე] გუნდებს შორის. მეოთხედფინალურ ეტაპზე გადავიდა სკოლა „მასტერკლასი“ ანგარიშით: 10:3.
მერვედფინალური ეტაპი დასრულდა. რვა თამაშის შედეგებით მეოთხედფინალურ ეტაპზე გადავიდნენ შემდეგი სკოლების გუნდები:
- ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლა [თაკო ბოლქვაძე; სოფო ბაბიჩევი; მარიამ ცინცაბაძე];
- ბათუმის №2 საჯარო სკოლა [ანა გათენაძე; ირაკლი ხუხუნაიშვილი; სესილი მეტრეველი];
- სკოლა „ნიკე“ [მარიამ მიქელაძე, ივა ვარშალომიძე, გიგი დიასამიძე];
- ბათუმის №20 საჯარო სკოლა [სალომე ციმნარიძე, ნათია ბასილაძე, ანა აბაშიძე];
- სკოლა „იმედი“ [ალეკო ბერიძე; სერგი მახარაძე; ანა დიასამიძე];
- ბათუმის №10 საჯარო სკოლა[მაკა ვაშაკიძე; მეგი ქამაშიძე; ნინო ჭაღალიძე];
- სკოლა „ევრო 2000“ [ანა აბუსელიძე; ანი ტუღუში; მარიამ დოლიძე];
- სკოლა „მასტერკლასის“ [ალექსანდრე ბარამიძე; ქეთი მათითაიშვილი].
„წიგნის კუთხე“ წარმოადგენს ლიტერატურული კონკურსის ფორმატის ინტერნეტ გადაცემას, რომელსაც გაზეთ „ბათუმელებთან“ არსებული სტუდია „მედიალაბორატორია” საცდელ რეჟიმში ახორციელებს ბათუმში.
პროექტის ფარგლებში ბათუმის რვა კერძო და რვა საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას, სულ 16 გუნდი. გადაცემა კიდევ ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, გამარჯვებული გუნდები კი დასაჩუქრდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.
ამავე თემაზე იხილეთ:
„წიგნის კუთხეს“ პირველი და მეორე მერვედფინალური თამაში.
შუახევში ჰესის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს
შუახევში, სოფელ მახალაკიძეებში, საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილები ამბობდნენ, რომ მათ ჰესის მშენებლობამ კონკრეტული ზიანი მიაყენა: გააქტიურდა მეწყერი, დაზიანდა სახლები. მოსახლეობა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, ასევე გვირაბების გაყვანის შეჩერებას იმ დრომდე ითხოვს, ვიდრე გეოლოგიური დასკვნა არ იქნება.
შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ტარიელ ებრალიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დასკვნები დაიდება და ამას კომისია გააკეთებს, რომელიც რამდენიმე დღეში შეიქმნება: „ამ კომისიაში იქნებიან გეოლოგები, ასევე მოსახლეობა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. კომისია გაარკვევს, ვის რა ოდენობით მიადგა ზიანი“ .
რატომ არ დაიდო გეოლოგიური დასკვნა აქამდე, რასაც წლების განმავლობაში მოითხოვენ ამ სფეროს ექსპერტები, მაგალითად, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“? – ამ შეკითხვაზე შუახევის გამგებელმა გვითხრა, რომ დასკვნები ჰესის მშენებლობის დაწყებამდეც იყო: „ამჯერად გასარკვევია, ეს ზიანი ადამიანებს ჰესის მშენებლობისგან მიადგათ, თუ სხვა მიზეზით. ისე, მნიშვნელობა არც აქვს, რამ განაპირობა ზიანი, სახელმწიფო ვალდებულია ყველას დაეხმაროს და ზიანი აუნაზღაუროს“
„თუკი დადასტურდება, რომ ჰესია დამნაშავე, არ მგონია, ისინი ამ პასუხისმგებლობას გაექცნენ,“ – ასე უპასუხა ტარიელ ებრალიძემ ჩვენს შეკითხვას – რატომ უნდა აანაზღაუროს სახელმწიფომ ზიანი, თუ ის კერძო კომპანიის მუშაობამ განაპირობა.
„კომისია ვერ დაადგენს, საიდან მიადგათ ადამიანებს ზიანი,“ – ამბობს აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს გეოლოგიის სამსახურის უფროსი, ტარიელ ტუსკია. მისი თქმით, კომისია დაათვალიერებს სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებს და დადებს ფაქტებს, შეაფასებს ზიანის ხარისხს: „არ ვიცი, თუ გამგეობა აპირებს სპეციალური დანადგარების ატანას შუახევში და სპეციალური კვლევების ჩატარებას, ეს სხვა საქმეა. სხვაგვარად ვერ დადგინდება, საიდან დადგა ზიანი.“
ტარიელ ტუსკიას, როგორც აჭარის მთავარ გეოლოგს, ამ სოფელში გეოლოგიური კვლევა ჰესის მშენებლობის დაწყებამდე არ ჩაუტარებია. მისთვის უცნობია, მომზადდა თუ არა აქ დასკვნები წინასწარ, ვიდრე გვირაბის გაყვანა დაიწყებოდა.
ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მოითხოვდა გეოლოგიური კვლევების დადებას არა მხოლოდ იმ ნაწილში, სადაც ჰესი შენდება, არამედ მთლიან ტერიტორიაზე, რაზეც გავლენა შესაძლოა იქონიოს მასშტაბურმა მშენებლობამ.
დისკუსია: 16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი
16 წლამდე გოგოსთან ქორწინება და სასჯელი – ამ თემაზე დისკუსია 26 აპრილს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’ ორგანიზებით გაიმართება.
დისკუსიის ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე, გიორგი ხიმშიაშვილი. იგი ისაუბრებს კანონზე, რომელიც მცირეწლოვანებთან ქორწინების დასჯას ითვალისწინებს;
არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ წარმომადგენელი თამაზ ბაკურიძე ისაუბრებს თემაზე, უნდა დაისაჯონ თუ არა და რატომ მამაკაცები, რომლებიც 16 წელს მიუღწეველ გოგონებზე იქორწინებენ;
კიდევ ერთი მომხსენებელი, ექიმი-გინეკოლოგი, ჯუმბერ უნგიაძე განიხილავს იმ სასიცოცხლო რისკებს, რაც ნაადრევ ასაკში მშობიარობასა და სექსუალურ ცხოვრებას ახლავს თან.
დისკუსიის მოდერატორი იქნება „გაზეთ ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე.
დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია და იგი საღამოს 5 საათზე დაიწყება.
„ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფო ტენდერებში კორუფციას ხედავს
„ასეთი ტენდერების ჩატარებას მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვერ გაბედავდა. დარწმუნებული ვართ, ამის უკან აჭარის მთავრობა დგას,“ – განაცხადა დღეს ირაკლი ბარამიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ფრაქციიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. დეპუტატს ეჭვი კორუფციაზე აქვს, რის დასადასტურებლად მან ორი ტენდერის დოკუმენტაცია წარმოადგინა. ორივე ტენდერში ერთი კომპანიაა გამარჯვებული, რომელიც სხვებთან შედარებით ყველაზე ძვირად მოემსახურა სახელმწიფოს: პირველი ტენდერი სასათბურე კონსტრუქციების შესაძენად სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გასული წლის 20 იანვარს ზუსტად ნახევარ მილიონ ლარზე გამოაცხადა. გამოცხადებული ტენდერი შპს „გრინ ჰაუსმა“ მოიგო – 478 950 ლარით.
„ეს არის კომპანია, რომელიც ტენდერის გამოცხადების შემდეგ დაფუძნდა. გარდა ამისა, ტენდერში სულ 5 კომპანია მონაწილეობდა და მათ შორის ყველაზე მაღალი ფასი სახელმწიფოს „გრინ ჰაუსმა“ შესთავაზა. თუ არა კორუფცია, გაუგებარია, რის საფუძველზე მოიგო ამ კომპანიამ ტენდერი,“ – განმარტავს ირაკლი ბარამიძე.
რეესტრის მონაცემებით, კომპანია „გრინ ჰაუსი“ 2015 წლის 10 თებერვალს დარეგისტრირდა. სატენდერო დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადა, ამ სადავო ტენდერეზე, 11 თებერვლამდე იყო განსაზღვრული.
„ამ კომპანიამ მოიგი იმიტომ, რომ სხვა მონაწილეების დისკვალიფიკაცია მოხდა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იოსებ აბულაძემ: „რატომ მოხდა დისკვალიფიკაცია, ზუსტად ვერ გეტყვით, მათ ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოდგენა ვერ შეძლეს. სისტემას მართავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო და ყველაფერი კანონის დაცვით მოხდა,“ – ამბობს იოსებ აბულაძე.
გასულ წელს კომპანია „გრინ ჰაუსმა“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს კიდევ ერთი ტენდერი მოიგო, ისევ სასათბურე კონსტრუქციების მიწოდებაზე და ამჯერადაც ამ კომპანიამ, სხვა მონაწილეებისგან განსხვავებით, მომსახურება ყველაზე ძვირად შესთავაზა სამინისტროს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდერში დანარჩენმა ორმა კომპანიამ გაცილებით დაბალი ფასი წარმოადგინა, გამარჯვებული მაინც „გრინ ჰაუსი“ გახდა. სატენდერო პირობების შესრულების დროს, კომპანია „გრინ ჰაუსი“ ვადების დარღვევისთვის სამინისტრომ 34 444 ლარით დააჯარიმა.
„დარღვევა რომ ყოფილიყო რამე, ამას სახელმწიფო აუდიტი იტყოდა. გასული წლის ანგარიში უკვე მომზადდა და შენიშვნა აუდიტს არ ჰქონია,“ – გვითხრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იოსებ აბულაძემ.
კომპანია „გრინ ჰაუსი“ თბილისშია დარეგისტრირებული და მისი 100-პროცენტიანი წილის მფლობელი თემურ აფციაურია.
რისთვის გამოიყენებენ ეკრანს, რომელსაც ბათუმის მერია 265 ათას ლარად შეიძენს
ბათუმის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა ეკრანის შეძენას ბათუმის საავტორო, საერთაშორისო კინოფესტივალისთვის. კინოფესტივალის მენეჯერი, ზვიად ელიზიანი ამბობს, რომ ეკრანი, რომელშიც მერია 265 ათასი ლარის გადახდას აპირებს, კინოს საჩვენებლად არ ვარგა და მას ფესტივალის ფარგლებში ვერ გამოიყენებენ.
ფილმების ღია ჩვენებებისთვის ეკრანის შეძენის დაფინანსების მოთხოვნით ბათუმის საკრებულოს BIAFF-ხელმძღვანელებმა მიმართეს. წარდგენილი პროექტის მიხედვით, ეკრანის ღირებულება 55 ათასი ევრო ჯდებოდა. ვიდრე საკრებულო საკითხს კენჭს უყრიდა, ინიციატივა განიხილა და მოიწონა საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმის და სპორტის საკითხთა კომისიამ. კომისიის თავმჯდომარე, ნინო ბერაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ კომისიას ვიცე-მერმა, ალექსანდრე მითაიშვილმა ურჩია, სხვა, უფრო ძვირადღირებული ეკრანის შეძენა.
„ეკრანის შეძენის იდეა ჩვენ უკვე მოწონებული გვქონდა, მაგრამ ორი დღის წინ მოგვმართა ალექსანდრე მითაიშვილმა და დაგვარწმუნა, რომ უმჯობესია ე.წ. „ლედ“ ტელევიზორის შეძენა. პირიქით, ეს ბევრად უფრო უკეთესია, ვიდრე ის, რასაც ინიციატორი მოითხოვს, როგორც ცა და დედამიწა, ისეთი განსხვავებაა ხარისხშიო და ჩვენც დავთანხმდით“ – ამბობს ნინო ბერაძე.
„ეს ეკრანი შეიძლება გამოიყენონ კონცერტებზე, ასევე სარეკლამო რგოლების გასაშვებად, მაგრამ ეს არაა კინოს ეკრანი, რადგან სხვა ტექნიკური პარამეტრები აქვს მას“ – ამბობს BIAFF-ის მენეჯერი, ზვიად ელიზიანი.
რატომ აღმოჩნდა ვიცე-მერის შეთავაზება გადამწყვეტი და რატომ არ გადამოწმდა, იქნებოდა თუ არა 265 ათასად შეძენილი ეკრანი კინოფესტივალისთვის მისაღები? – „ბათუმელების“ ამ შეკითხვაზე ნინო ბერაძემ გვიპასუხა: „ჩვენ ვერ მოვახერხეთ ფესტივალის მენეჯერთან, ზვიად ელიზიანთან დაკავშირება. მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი ამის შესახებ“ . ნინო ბერაძე ამბობს, რომ მოიწვევს დამოუკიდებელ ექპერტს, ვინც გაარკვევს, არის თუ არა ეს ეკრანი მისაღები ფილმის საჩვენებლად, თუმცა ბერაძე არ გამოირიცხავს, რომ საკრებულოს უმრავლესობამ ამ საკითხს მხარი აღარ დაუჭიროს: „მარტივია, თუ რამე ინტერესია, გვეტყვიან, რომ კინოფესტივალისთვის ეკრანის შეძენას უკვე დავუჭირეთ მხარიო, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მითაიშვილმა ეს მიზანმიმართულად გააკეთა“
ზვიად ელიზიანი ქალაქის მუნიციპალიტეტს „შუალედურ ვარიანტს“ სთავაზობს: „ალეკო მითაიშვილს უკვე შევხვდი და ამიხსნა, რომ ეს ეკრანი სჭირდება ქალაქს. ჩათვალა, რომ მისაღები იქნებოდა იგი კინოფესტივალისთვისაც. ჩვენი წინადადებაა, იქნებ პროექტორის შეძნენა მაინც მოხერხდეს, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კინოფსტივალისთვის“ – აცხადებს ზვიად ელიზიანი.
ბათუმის საავტორო კინოფესტივალი წელს ბათუმში მეთერთმეტედ ჩატარდება.
ჰაერის ტემპერატურამ ბათუმში 32 გრადუსს მიაღწია – უახლოესი დღეების პროგნოზი
დღეს, 20 აპრილს, ბათუმში ჰაერის ტემპერატურამ საშუალოდ 30-32 გრადუსს მიაღწია. მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებებზე დამონტაჟებული თერმომეტრები 30-28 გრადუსს, ბენზინგასამართ სადგურებზე კი ზოგან 34 გრადუსსაც აჩვენებს.


აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ტემპერატურა ხვალიდან, 21 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან, საგრძნობლად დაეცემა და ამინდიც გაუარესდება.
„დღეს ქრის აღმოსავლეთის ქარი, რის გამოც მაღალია ჰაერის ტემპერატურაც, მთელი ღამის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება აღმოსავლეთის ქარი. ხვალ, 21 აპრილის შუადღიდან კი, სიტუაცია შეიცვლება და დაუბერავს დასავლეთის ქარი, რომელიც გაძლიერდება და ეს გაცილებით უფრო საგანგაშოა. ამასთან, დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს, დროგამოშვებით ძლიერად – განსაკუთრებით ღამის საათებში. სამხრეთ-დასავლეთის ქარის სიჩქარე 18-20 მეტრს მიაღწევს წამში,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის დირექტორმა რუსუდან დიასამიძემ.
მისივე თქმით, 21 აპრილს, დღისით, ჰაერის ტემპერატურა 15-18 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო ღამის საათებში 3-8 გრადუსამდე დაეცემა.
„22 აპრილს, დღის მეორე ნახევრიდან, ამინდი შედარებით გაუმჯობესდება, ტემპერატურაც მოიმატებს და 23-24 აპრილს ბათუმში უნალექო და თბილი ამინდი იქნება,“ – აცხადებს რუსუდან დიასამიძე.
დღეს ბათუმის პლაჟზე კანტიკუნტად საბანაოდ გამოსული ადამიანებიც გამოჩნდნენ.

გიორგი ერმაკოვი: ”მანკიერია კანონი, რომელიც მოსამართლის ბინით უზრუნველყოფას ითვალისწინებს”
ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი ამბობს, რომ ახლო მომავალში სახელმწიფოსთვის ისევ აპირებს მუნიციპალური ქონების გადაცემას: “მომდევნო საკრებულოს სხდომებზე კიდევ იქნება ასეთი რამდენიმე საკითხი, როცა განაშენიანებისთვის ან სხვა მიზნებისთვის ჩვენ ისევ გადავცემთ გარკვეულ ქონებას სახელმწიფოს”.
”მანკიერია ეს კანონი, რომელიც მოსამართლისთვის ბინით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ჩემი აზრით, უნდა იყოს უფლებამოსილების განხორციელების ვადით, მაგრამ ეს არის არსებული კანონი. მე დავეთანხმე სახელმწიფოს მოთხოვნას, დანარჩენი საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს. გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული კოლექტიური, ამას ერთპიროვნულად ქალაქის მერი ვერ გადაწყვეტს,” – განაცხადა დღეს ბათუმის მერმა, გია ერმაკოვმა საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჟურნალისტებთან.
“რატომ უნდა გადასცეს მოსამართლეს ბინა ბათუმის თვითმმართველობამ, როცა ათასობით უსახლკაროს ვერ აკმაყოფილებთ?” – “ბათუმელების” ამ შეკითხვაზე ქალაქის მერმა გვიპასუხა, რომ საკითხი ერთ კონკრეტულ პიროვნებამდე დაგვყავს და ეს არასწორია: “ასე არაა, გარკვეულ შემთხვევაში, ჩვენ გვითმობს სახელმწიფო ქონებას. ხან ჩვენ ვუთმობთ, ხან – ისინი გვითმობენ”.
ბათუმის საკრებულოში დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვა კი ამ დროისთვის განახლდა. საკრებულოს სხდომა დღეს დროებით შეწყდა. დარბაზში მყოფმა მოქალაქემ, ასლან სარიშვილმა, ბინის გადაცემის მოთხოვნით აგრესიულად მიმართა ქალაქის მერს.
მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის საკითხის განხილვა გადაიდო
“უმრავლესობა შევჯერდით, რომ მოსამართლე მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის საკითხის განხილვა გადაიდოს” – ამ განცხადებით დაიწყო საკრებულოს სხდომა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი ჭეიშვილმა.
“დამსწრეთა უმრავლესობა სჭირდებოდა ამ საკითხის გადაწყვეტას. ჩვენ ამის პრობლემა არ გვქონდა, მაგრამ წერილში, რომელიც მოგვწერეს, არაა დაკონკრეტებული, რა ფორმით გადაეცემა ბინა მოსამართლეს,” – განმარტავს ირაკლი ჭეიშვილი.
მოსამართლე მერაბ ტურავას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, „რესპუბლიკელმა“ ირაკლი ჩავლეიშვილმა გულწრფელობისკენ მოუწოდა: “მოვუწოდებ ამ მოსამართლეს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება და ნუ ჩააყენებს საკრებულოს უხერხულ მდგომარეობაში. მოსამარღლე არ იყო გულწრფელი, როცა განაცხადა, რომ ბინა თურმე არ მდებარეობს ცენტრალურ უბანში”.
“საკითხი აღარ განიხილება იმიტომ, რომ საკითხი ვერ გავიდოდა. ოპოზიციის ყველა წევრმა დააფიქსირა სხდომის დაწყებამდე, რომ ის ამ საკითხს მხარს არ დაუჭერდა,” – ამბობს გიორგი კირთაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”.
საკრებულოს სხდომა ამჟამად დროებით შეწყდა. დარბაზში მყოფმა მოქალაქემ, ასლან სარიშვილმა ფინანსური დახმარების მოთხოვნით (მისი საცხოვრებელი ბინა სტიქიისგან დაზარალდა) აგრესიულად მიმართა ქალაქის მერს. დაცვის სამსახური დარბაზიდან სარიშვილის გაყვანას ცდილობს.
ამავე თემაზე:
ჰიბრიდულ ავტომობილებზე მაისიდან აქციზის განაკვეთები განახევრდება
0-დან 6 წლის ჩათვლით ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული აქციზის განაკვეთი 50 პროცენტით მცირდება.
შესაბამისი ცვლილება კანონში 2016 წლის პირველი მაისიდან შევა ძალაში.
ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლში შევიდა, რომლითაც აქციზის ის განაკვეთებია განსაზღვრული, რომლითაც ესა თუ ის აქციზური საქონელი იბეგრება.
0-დან 6 წლის ჩათვლით ავტომობილების შემთხვევაში აქციზის განაკვეთებია:
2016 წლის პირველი მაისიდან კი, მაგალითად 1 წლის ჰიბრიდული მსუბუქი ავტომობილისთვის [ძრავის მოცულობის მიხედვით, 1სმ/კუბ-ზე] ნაცვლად 1,5 ლარისა აქციზის გადასახადი იქნება 0,75 ლარი, ხოლო 6 წლის ავტომობილისთვის 0,35 ლარი.
ფოტოკონკურსი კომპანია „ანაგისგან“
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ აცხადებს ფოტოკონკურსს.
კონკურსი ცხადდება სამ თემაზე:
- ქალაქი და ადამიანები
- ევროპისკენ
- თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა
კონკურსის პირობების თანახმად თითოეული მონაწილე თავისუფალია ცალკეული თემის ფოკუსის გადაწყვეტაში, თუმცა კონკურსის ორგანიზატორები მიესალმებიან ორიგინალურ მიდგომებსა და განსხვავებულ ხედვებს სტუდენტების მხრიდან ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა, მაგალითად: ქალაქების განვითარების პოლიტიკა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა, თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა.
თითოეულ ნომინაციაში გამოვლინდება თითო გამარჯვებული.
- გამარჯვებულებს თანაბრად დაუფინანსდებათ 1000 ლარით სწავლის ღირებულება ან/და გადაეცემათ 1000 ლარი.
- საკონკურსო ნამუშევრებიდან ერთ გამარჯვებულს გამოავლენს კონკურსის ორგანიზატორი, კომპანია „ანაგი“, რომელიც თავის რჩეულს გადასცემს პრიზს, საგზურს ერთ-ერთ ყველაზე ძველ არქიტექტურულ ქალაქ რომში.
- გარდა ამისა, facebook like-ბის მიხედვით შეირჩევა 20 ფოტო, რომელთა გამოფენა-გაყიდვა გაიმართება პროექტის დახურვისას. გამოფენა-გაყიდვაზე გამოტანილი ფოტოების ავტორები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით. facebook Like-ები გადამოწმდება ყველა ფოტოზე. არ შეირჩევა ის ფოტოები, რომელსაც ექნება საეჭვო გზით მოპოვებული Like-ები.
კონკურსში მონაწილეობის უფლება და წესები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მოქმედ ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
ერთ ნომინაციაზე, ერთი მონაწილისგან დასაშვებია მხოლოდ ერთი ფოტოს წარმოდგენა. კონკურსში მიიღება მობილური ტელეფონით გადაღებული ფოტოებიც. ფოტო უნდა იყოს JPG ფორმატის და ფაილის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 5 მეგაბაიტს.
საკონკურსო ფოტომასალები მიიღება ელექტრონულად. შემდეგ ელ. ფოსტაზე: photokonkursi.anagi@gmail.com; საკონკურსო ფოტოს გამოგზავნისას მიუთითეთ კონკურსის ნომინაცია.
საკონკურსოდ გამოგზავნილ ფოტოს თან უნდა ახლდეს მოკლე აღწერა. საკონკურსო ფოტოსთან ერთად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს თავისი სახელი, გვარი: ასაკი: საკონტაქტო ტელეფონი: სასწავლო უნივერსიტეტი/ პროფესია. წინააღმდეგ შემთხვევაში ფოტო კონკურსზე არ დაიშვება [კონკურსანტის პირადი ინფორმაცია, გამოყენებული იქნება მხოლოდ მოცემულ ფოტოონკურსში დასაკონტაქტებლად].
პლაგიატის ან დამუშავებული ფოტოს (ფოტოზე ზედმეტი დეტალების მოშორება, დამატება) აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსის ორგანიზატორები იტოვებენ უფლებას, კონკურსანტი მოხსნან კონკურსიდან. დასაშვებია ფერის შეცვლა, ფოტოების მსუბუქი კორექტირება.
ყველა საკონკურსო ფოტო კვირაში ერთხელ აიტვირთება და გამოქვეყნდება ვებგვერდებზე – netgazeti.ge; ფოტოების გავრცელება მოხდება ასევე „ნეტგაზეთის“ ფეისბუქგვერდის საშუალებით:
გამარჯვებულს შეარჩევს 7-კაციანი სპეციალური ჟიური, რომელიც პროფესიონალი ფოტოგრაფებისგან და საჯარო პირებისგან იქნება დაკომპლექტებული.
მასალები შეფასდება კონკურსის კონცეფციასთან თანხვედრით, ხარისხით და შემოქმედებითი უნარით.
კონკურსში გამარჯვებულ ფოტოებზე საავტორო უფლება უნარჩუნდება ავტორს. თუმცა, ერთი წლის განმავლობაში ფოტოების ექსკლუზიურად გამოყენების უფლება ეკუთვნის პროექტის შემსრულებელ და დამკვეთ კომპანიებს. ფოტოები გამოყენებული იქნება შემსრულებლის ან/და დაკვეთის შეხედულებისამებრ. მაგ. განთავსდება ვებგვერდებზე, პოსტერებზე და სხვა პროდუქტებში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება უფასოა. კონკურსი დაიწყება 2016 წლის 20 აპრილს და საკონკურსო ფოტოების მიღება დასრულდება 2016 წლის 5 ივნისს.
გამარჯვებულის ვინაობა 2016 წლის 15 ივლისამდე გამოვლინდება.
გამარჯვებულების ვინაობა გამოცხადდება პროექტის დახურვაზე.
პროექტის დახურვის ღონისძიებაზე მოწვეული იქნება კონკურსის ყველა მონაწილე. დახურვის ცერემონიალზე მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან დიპლომატიური კოპრუსის წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორიდან.
კომპანია „ანაგი“ უკვე 27 წელია საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მუშაობს და ამ ხნის მანძილზე არა ერთი სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია. წელს კომპანიის სოციალური პოლიტიკის მთავარი აქცენტი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობაა.
კომპანია „ანაგი“ კონკურსის ყველა მონაწილეს წარმატებას უსურვებს!
უმაღლესი საბჭო აჭარის გასული წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხს განიხილავს
აჭარის უმაღლესი საბჭო მორიგ პლენალურ სხდომაზე, რომელიც 21 აპრილს, 12 საათზე გაიმართება, აჭარის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების საკითხს განიხილავს. მომხსენებლად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძეა ჩანიშნული. ამავე სდომაზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების“ საკითხსაც განიხილავენ.



















