Batumelebi | ბათუმის საკრებულო მოსამართლისთვის ბინის გადაცემაზე ბათუმის საკრებულო მოსამართლისთვის ბინის გადაცემაზე – Batumelebi
RU | GE  

ბათუმის საკრებულო მოსამართლისთვის ბინის გადაცემაზე

ბათუმის საკრებულო ხვალ, 20 აპრილს საკონსტიტუციო მოასამართლის, მერაბ ტურავასათვის ბინის გადაცემის საკითხს განიხილავს. საკრებულოს უმრავლესობა საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარს დაუჭერს – ეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჭეიშვილმა დღეს, 19 აპრილს გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა.

„საქართველოს ორგანული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ავალდებულებს სახელმწიფოს უზრუნველყოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე საცხოვრებელი ფართით. ამ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულმა ქონების მართვის სააგენტომ მოგვმართა, რომ საკუთრებაში გადავცეთ 125 კვ/მ ფართი იმ პირობით, რომ ის სიმბოლურ ფასად გადასცემს აღნიშნულ ქონებას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, მერაბ ტურავას“ – განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი ჭეიშვილმა. მან ასევე აღნიშნა, რომ რაც შეეხება ოპონენტების მიერ დაყენებულ მოთხოვნებს, ეს არის ის შემთხვევა, „როცა საკითხს უნდა მიუდგე სახელმწიფოებრივად და არა მოკლე პოლიტიკური ინტერესებით“. „აქამდე იყო პრაქტიკა, რომ საკუთრებაში აძლევდნენ [ბინას] და ტურავა ვერ იქნება გამონაკლისი“ – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.

საკითხი რომ მერაბ ტურავას სასარგებლოდ გადაწყდეს, ამისათვის ბათუმის საკრებულოს 25 წევრიდან 13-მა მაინც უნდა დაუჭიროს მხარი მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდიდან 125 კვ/მ ფართობის ბინის გადაცემას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისთვის.

უკვე ცნობილია, რომ საკითხს მხარს არ უჭერენ საკრებულოს ფრაქცია  „თავისუფალი დემოკრატები“. მეტიც, როგორც ფრაქციის ხელმძღვანელმა, კობა ჩხეიძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა, ისინი დღეს, 19 აპრილს, ბიუროს სხდომაზე ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგიდან საკითხის საერთოდ ამოღებას მოითხოვენ.

საკითხს მხარს არ დაუჭერენ „რესპუბლიკელებიც“. ფრაქციის თავმჯდომარემ, თემურ ყურაშვილმა აღნიშნა, რომ ფრაქცია გუშინვე შეიკრიბა და მიიღო გადაწყვეტილება: „ფრაქცია არ უჭერს მხარს ტურავასათვის ბინის გადაცემას მუნიციპალიტეტის საბინაო ფონდის ხარჯზე. მიგვაჩნია, რომ ეს ვალდებულება გააჩნია ცენტრალურ ხელისუფლებას, მთავრობას და მან უნდა დააკმაყოფილოს მოსამართლეები ბინით. ამავე დროს ვფიქრობთ, რომ არის საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც ალბათ თავის დროზე უნდა გამოასწოროს პარლამენტმა, იმიტომ, რომ ბინები სახელწიფომ უნდა გადაეცეს მოსამართლეებს იმ ვადით, რა ვადითაც არიან ისინი განმწესებული სასამართლოში“.

ცნობილია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაც. ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის თქმით, „ნაციონალები“ საკითხს მხარს არ დაუჭერენ.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რას გადაწყვეტს საკრებულოს კიდევ ერთი ფრაქცია – „ახალი ოპოზიცია“ [ამ ფრაციის შემადგენლობაში არიან: „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“, „სალომე ზურაბიშვილი- საქართველოს გზის“ და „ერთიანობის დარბაზის” წარმომადგენლები.] ფრაქციის ხელმძღვანელთან, გიორგი ცინცქილაძესთან დაკავშირება „ბათუმელებმა“ ვერ შეძლო, ფრაქციის ერთ-ერთი წევრი, რამაზ სურმანიძე კი ამბობს, რომ ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმის საკრებულო მერაბ ტურავასათვის ბინის გადაცემას განიხილავს, „ბათუმელებმა“ გუშინ, 18 აპრილს გაავრცელა.

ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელმაც ამ პრაქტიკას „მანკიერი“ უწოდა: „დაუშვებლად მიგვაჩნია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისათვის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონების იმგვარი გამოყენება, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდგომში მოსამართლესსიმბოლურ ფასად. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა საქმიანობისათვის შესაბამისი გარანტიების შექმნა წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას და ამ პროცესში თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონება არ უნდა იქნეს გამოყენებული“ – აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინვე, განცხადება გააკეთეს საკონსტიტუციო სასამართლოშიც, სადაც აღნიშნეს, რომ ბინის გადაცემის საკანონმდებოლო საფუძველი არსებობს.

ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის ბალანსზე არსებული საბინაო ფონდის შესახებ „ბათუმელებმა“ სტატია გასულ წელს მოამზადა. გასული წლის მონაცემებით ბათუმში დაახლოებით 1700 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს, მათგან ნაწილი მრვალშვილია, ნაწილი – სოციალურად დაუცველი, ისინი მერიას და მთავრობას წლებია მიმართავენ დამხმარების თხოვნით.

ასეთ ფონზე, რამდენად გამართლებულად მიაჩნია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს მაღალანაზღაურებადი მოსამართლისათვის ბინის საკუთრებაში გადაცემის პრაქტიკა?

„ბათუმელების“ ამ შეკითხვას ირაკლი ჭეიშვილმა ასე უპასუხა:

„როცა სახელწიფო და კანონი გავალდებულებს, რომ უნდა გადასცე საკუთრებაში, ამ შემთხვევაში მე გამართლებულად მიმაჩნია თუ არა, ჩემი აზრი მეორეხარისხოვანია.“

ეყოფა თუ არა საკრებულოს ხმები, საკითხის დადებითად გადასაწყვეტად, ეს ხვალინდელ სხდომაზე გაირკვევა, რომელიც დილის 11 საათზეა ჩანიშნული.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com