შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით თბილისის ინტერპოლის და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური „სარფის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ 2016 წლის თებერვლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ელვინ ი. დააკავეს.
ელვინ ი-ს ბრალი ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 249-ე, 250-ე და 25-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. სამინისტროს ინფრორმაციით ამ დროისთვის ელვინ ი-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
წინასაარჩევნო აგიტაციის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ბათუმის ბიუჯეტი 1 მილიონ 570 ათასი ლარით გაიზარდა. თანხა ინფრასტრუქტურასა და სოციალურ პროგრამებზე გადანაწილდა, რის შედეგადაც ბათუმის ბიუჯეტი ახლა გაცილებით სოციალურია, ვიდრე მანამდე იყო.
დაახლოებით ერთ თვეში ა(ა)იპ ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტო უფასო სადილს დამატებით 500 სოციალურად დაუცველს შესთავაზებს. მეექვსე მუნიციპალ¬¬ური სასადილოს ასამოქმედებლად მერიამ ჯავახიშვილის ქუჩაზე ყოფილი ბიბლიოთეკის შენობა გაარემონტა. სააგენტოს ხელმძღვანელის, ბადრი გოგიძის ინფორმაციით, სააგენტომ ახალი სასადილო შესაბამისი ავეჯითა და ტექნიკით უნდა აღჭურვოს, რასაც დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. გახსნის ცერემონიალი წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვევა. ამ სასადილოში მერია 13 პირის დასაქმებას გეგმავს.
ბიუჯეტში დამტკიცებული ცვლილების თანახმად, 700 ბენეფიციარით მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარების პროგრამა, ხოლო 103 ბენეფიციარით გეგმიური ოპერაციული და ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის თანადაფინანსების პროგრამა გაიზარდა.
გაზრდილი დაფინანსების ხარჯზე მერიას ექნება ასევე საშუალება 250 ბენეფიციარით მეტს დაუფინანსოს სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება.
50 ბენეფიციარით გაიზარდა ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენციისა და რეაბილიტაციის პროგრამა. მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ პროგრამით გათვალისწინებულია: განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებისთვის მომსახურების კურსის ჩატარება ყოველთვიურად მთელი წლის მანძილზე. ხოლო მშობლებისთვის ტრენინგ-კურსების ჩატარება. მომსახურება გაეწევა 7 წლამდე ასაკის ბათუმში რეგისტრირებულ ბავშვებს შემდეგი პათოლოგიით: დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა, აუტიზმი და სხვა. პირველ რიგში მომსახურება გაეწევა იმ ბავშვებს, რომლებიც ვერ სარგებლობენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამით.
ექვსი ბენეფიციარი დაემატა ჰემოდიალეზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარების პროგრამას.
მერიამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებზეც იზრუნა. ბათუმის სამედიცინო დახმარების ცენტრის მომსახურებისთვის მერიას 2016 წლის ბიუჯეტში 968 900 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული და ამ თანხას კიდევ 86 ათასი ლარი დაუმატა. მერიაში ამ გადაწყვეტილებას ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით დამატებითი ბრიგადების საჭიროებას უკავშირებენ და არა არჩევნებს. მერიის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის სოფიო მიქელაძის თქმით, ეს თანხა ტურისტული სეზონის განმავლობაში 52 ექიმის პრემიებით წახალისებას მოხმარდება.
150 ბენეფიციარი დაემატა კომუნალური გადასახდელების სუბსიდირების პროგრამას. ბენეფიციარები დაემატა მოწყვლადი სოციალური კატეგორიისათვის დახმარების უზრუნველყოფის პროგრამასაც. პროგრამა 70000-მდე ქულის მქონე სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედებისათვის სანდასუფთავების მოსაკრებელითა და წყლისა და კანალიზაციის გადასახადით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. გარდა ამისა, პროგრამა 100 000 ქულის მქონე და მრავალშვილიანი ოჯახების (სამი და მეტი შვილი), მარტოხელა დედების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მონაწილეთა, დაინვალიდებულთა და ომში დაღუპულთა ოჯახის ბავშვების დაფინანსებას, სახელოვნებო და სპორტულ დაწესებულებებში ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემას 500 ლარის ოდენობით და ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის კომუნალური გადასახადების და მიმდინარე მცირე ხარჯების დაფარვას ითვალისწინებს. ამ პროგრამას ჯამში 42 ბენეფიციარი დაემატა.
საერთო ჯამში სოციალური პროგრამების ნაწილში ბიუჯეტი 363 900 ლარით გაიზარდა.
ბათუმის მერიას დაფინანსების ნაწილში 313 700 ლარი დაემატა. აქედან 150 000 ლარი დაემატა მერიის სარეზერვო ფონდს, როგორც მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე არჩილ ვანაძე განმარტავს, `საჭიროებისამებრ დასახარჯად.“
ამ ცვლილებამდე 2016 წლის ბიუჯეტში სარეზერვო ფონდში გასულ წელთან შედარებით 200 ათასი ლარით მეტი – 600 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული. ბიუჯეტის ანგარიშების მიხედვით, ამ თანხას მერი, ძირითადად, მატერიალური დახმარების გაწევის ან სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით ხარჯავს. 2016 წლის მეორე ნახევარში გაზრდილი სარეზერვო ფონდი მერს უფრო მეტი ოჯახის ან პირის დახმარების შესაძლებლობას მისცემს.
გაზრდილი დაფინანსებიდან დარჩენილი თანხა კი მერიამ ლუკა ასათიანის ქუჩაზე მდებარე ადმინისტრაციული შენობის სარემონტო სამუშაოებს უნდა მოახმაროს. არჩილ ვანაძის ინფორმაციით, ამ რემონტის ფარგლებში დაგეგმილია შშმ პირებისთვის ადაპტირებული ლიფტის მოწყობაც.
787 700 ლარით გაზარდა მერიამ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, თენგიზ პეტრიძის განმარტებით, ეს თანხა შემდეგნაირად გადანაწილდება: „დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე (#6) გამოტოვებულია ტროტუარის მონაკვეთი. იქ არის ორსართულიანი მიტოვებული სახლი, ინვესტორები აპირებდნენ შესვლას და ვერ გავაკეთეთ თავის დროზე. ამ მონაკვეთის კეთილმოწყობაზე დაიხარჯება 13 877 ლარი. ივანე მესხის ქუჩაზე, აეროპორტის დასახლებაში, #60-66-მდე დაზიანებული მონაკვეთის კეთილმოწყობა იგეგმება, ეს ქუჩა კეთილმოეწყო გასულ წელს. იგეგმება ასევე მარეთის პირველი ჩიხის კეთილმოწყობა.
ამ ქუჩაზე წელს დავაგეთ ასფალტის საფარი და გვერდით არის შეჭრილი ჩიხი, ამ ჩიხის რეაბილიტაციისათვის 22 700 ლარია გათვალისწინებული. გარდა ამისა, 300 000 ლარი გამოიყო შემოერთებულ ტერიტორიებზე ბეტონის დასაგებად – მწვანე კონცხის, გონიო-კვარიათისა და კახაბრის დასახლებაში. აქ სამუშაოები კონკრეტულ მონაკვეთებზე იგეგმება და არა ერთ ქუჩაზე. შესაძლებელია ნაწილობრივ შეეხოს აღმაშენებლის დასახლებასაც. ჟილინის არხის გაგრძელებაზე სატუმბის მშენებლობა იგეგმება. ასევე ორი ქუჩის განათების სამუშაოები, მათ შორის იუნკერების სკვერის და აეროპორტის დასახლებაში ორი პატარა მონაკვეთის განათება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი არის ურეხის დასახლებაში დიდგორის ქუჩა, რომელიც ადის შეფერდებაზე და მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. ვაპირებთ რეზერვუარის მშენებლობას. ეს თანხობრივად და მასშტაბურობითაც ყველაზე მნიშვნელოვანია – დაფინანსება 321 174 ლარია.“
30 ათასი ლარით გაიზარდა სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამა, 160 ათასი ლარი კი კულტურის სფეროს დაფინანსებას დაემატა.
ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის ოცი მოსწავლე ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა ბათუმის ,,კულტურული მრავალფეროვნებისა და თანაცხოვრების რუკის“ შედგენაზე. მოსწავლეებმა სამი მარშრუტი შეადგინეს: არქიტექტურული, რელიგიური და ბათუმი კინოში. მათ მსგავსად, მრავალფეროვნების ამსახველი ტურები დაგეგმეს თბილისელმა, ქუთაისელმა და ახალციხელმა მოსწავლეებმა, შემდეგ კი თავიანთი ტურები გააცნეს ერთმანეთს. პროექტის ფარგლებში თითოეულ სკოლას 760 ლარი ჰქონდა გამოყოფილი.
მეგი დიასამიძე ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეა. ის მეგობრებთან ერთად მუშაობდა ტურზე – ბათუმი კინოში. როგორც მეგი ამბობს, დირექტორმა და მასწავლებელმა პროექტის შესახებ რომ უთხრეს, პირველი, რაც მოუნდა, ბათუმის ახალი რაკურსით აღმოჩენა და ჩვენება იყო. მისი თქმით, როგორც კი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, მაშინვე დაგეგმეს სამი მიმართულება აეღოთ და ქვეჯგუფებად დაყოფილიყვნენ. „ყველამ ის მიმართულება ავიღეთ, რაც გვაინტერესებდა, მაგრამ ერთმანეთის ტურებსაც ვეცნობოდით, სამუშაო პროცესშიც ვეხმარებოდით ერთმანეთს. ჩემი მიმართულება იყო იმ ადგილების შესწავლა, სადაც კინოგადაღებები მიმდინარეობდა, ბევრი საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე“, – იხსენებს მეგი.
მისი თქმით, ძებნის პროცესში იყენებდნენ როგორც დოკუმენტურ ლიტერატურას, ასევე თანაქალაქელების მოყოლილ ისტორიებს. ცდილობდნენ პროექტი ფოტო და ვიდეომასალებითაც გაემდიდრებინათ. „ძალიან დაგვეხმარა ოლიკო ჟღენტის წიგნი – „ბათუმი კინოში“. თითქმის ყველა ადგილი ვიცოდი და ყოველდღიურადაც დავდიოდი, მაგრამ ისტორიები, რაც ამ ადგილებს უკავშირდებოდა, სწორედ პროექტზე მუშაობისას აღმოვაჩინე“, – ამბობს მეგი.
ამ პროექტის ხელმძღვანელი ბათუმის მე-15 საჯარო სკოლის პედაგოგი, ნატალია აფაქიძეა. მისი თქმით, მოსწავლეები ბოლომდე ჩართულები იყვნენ პროექტში, შესაბამისად, ყველა რაიმე ახლის მოძიებას ცდილობდა. „ეძებდნენ საინტერესო ადამიანებს, რომლებსაც ისეთი ამბების მოყოლა შეეძლოთ, რაც დღეს ყველამ არ იცის. ინტერვიუებს იწერდნენ იტალიურ ეზოებში, სამლოცველოებში, ქუჩაში… ჩაწერეს მხატვრებიც, რომლებიც იხსენებდნენ, მაგალითად, შენობებს, არქიტექტურულ ძეგლებს, რაც დღეს აღარ არის“, – ამბობს ნატალია აფაქიძე და დასძენს, რომ საბოლოოდ, როდესაც პროექტის ქუთაისელ მონაწილეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, ორივე ჯგუფმა ახალი ქალაქი აღმოაჩინა.
ნიკოლოზ ტარიელაძე მეგის კლასელია, ის ბათუმის რელიგიური ტურის შედგენაზე მუშაობდა. ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფიც ბათუმივით მრავალფეროვანი იყო: „სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ვიყავით ჯგუფში, ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენი რელიგიების შესახებ“, – ყვება ნიკოლოზიც.
ნიკოლოზის თქმით, პროექტზე მუშაობის პროცესში ძალიან გამოადგათ გაზეთ „ბათუმელების“ გამოცემული წიგნები – „ბათომი“ და „მოგზაურობა ძველ ბათუმში“: „ისეთი ისტორიები და ფოტომასალა იყო, ინტერნეტშიც ვერ იპოვიდი. ბევრი საინტერესო და ახალი ამბავი გავიგეთ“.
ნიკოლოზი ამბობს, რომ აქამდე სხვადასხვა რელიგიურ დაწესებულებასთან შეხება არასდროს ჰქონია. ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებულმა პროექტმა კი მისცა შესაძლებლობა, უკეთ გაცნობოდა იმ ისტორიულ-რელიგიურ შენობებს, რომლებიც ბათუმშია. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზის სამეგობრო წრე პროექტამდეც რელიგიურად მრავალფეროვანი იყო, მისი თქმით, პროექტის დასრულების შემდეგ შეუძლია თქვას, რომ „ეს არის მრავალფეროვნება… ის არქიტექტურა და თავისებურებები, რაც, ვთქვათ, ისლამს არ აქვს, მართლმადიდებლობას აქვს… კიდევ სხვა, რაც მართლმადიდებლურ კულტურაში არ გვხვდება, სხვა რელიგიაშია და ერთად, ურთიერთგაცვლით ძალიან მნიშვნელოვან და კარგ შედეგს ვიღებთ, რაც ქალაქს ამდიდრებს“.
ნიკოლოზი და მეგი ერთხმად აღნიშნავენ, რომ პროექტი მათთვის აღმოჩენების შესაძლებლობა იყო. ამ მოსწავლეების აღმოჩენილი ბათუმის ნახვა კი მალე ნებისმიერ მსურველს შეეძლება. მარშრუტები ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის [TDI] ვებგვერდზე გამოქვეყნდება. პროექტიც [„ტოლერანტობის, რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოში“], რომლის ფარგლებშიც ტურები დაიგეგმა, სწორედ TDI-მ განახორციელა ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
როგორც ბათუმში „კულტურული მრავალფეროვნებისა და თანაცხოვრების რუკის“ საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, ნატალია აფაქიძე ამბობს, აღნიშნული პროექტის მიზანი – სკოლის მოსწავლეებში ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა და საკუთარი ქალაქის მრავალფეროვნების გაცნობა – დიდწილად მიღწეულია.
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო [TI] აჭარაში, ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით დაანონსებული ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტას გამოეხმაურა. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აჭარაში ტურისტულ სეზონზე ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა ბიზნესს და მოსახლეობას დააზარალებს.
„28 მაისს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ტურისტული სეზონი ოფიციალურად გახსნილად გამოაცხადა. ერთის მხრივ, დადებითია ის ფაქტი, რომ კომპანია მომხმარებელს ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე 10 დღით ადრე აფრთხილებს, თუმცა ამ დროისთვის ტურისტულ რეგიონში კერძო სექტორის ბინები წინასწარ დაჯავშნილია და სტუმრებს თანხის ნაწილიც გადახდილი აქვთ. ალტერნატიული გზების მოძებნის რესურსი შესაძლოა, მსხვილ კორპორაციებს ჰქონდეთ, თუმცა საშუალო შემოსავლის მქონე სეგმენტზე გათვლილი კერძო სექტორი ამ გადაწყვეტილებით სავარაუდოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება: ეს ვითარება გამოიწვევს ჯავშნების გაუქმებას, დამატებით ფინანსურ ხარჯებს ან ზარალს. წინა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ბათუმში ხელმისაწვდომი კვების ობიექტები ბუნებრივი აირის შეწყვეტით ზარალდებიან და ზამთრის პერიოდშიც კი მომხმარებლებისთვის სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება უჭირთ, შესაბამისად, ტურისტულ სეზონზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება მათთვის უფრო მეტად პრობლემატური იქნება. სტუმრების უკმაყოფილება კი აჭარის, როგორც ტურისტული რეგიონის, რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედებს.
მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა კერძო სექტორთან კოორდინირებულად უნდა იმუშაონ, რათა მსგავსი რისკების ქვეშ რეგიონი აქტიური ტურისტული სეზონის პერიოდში არ აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს სამუშაოები გეგმურია და ავარიით ან დივერსიით არ არის გამოწვეული“, – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
15 ივნისს მეთერთმეტეკლასელთა საატესტატო გამოცდები დასრულდა. მეთერტმეტეკლასელები ოთხ საგანს – ქიმიას, ბიოლოგიას, გეოგრაფიას და ფიზიკას აბარებდნენ. დარჩენილ ოთხ საგანს კი მეთორმეტე კლასის ბოლოს ჩააბარებენ.
გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეთერთმეტეკლასელთა გამოცდებზე ყველაზე მეტი – დაახლოებით 3 807 მოსწავლე ჩაიჭრა ფიზიკაში. ყველაზე ნაკლები [დაახლოებით 1 143 მოსწავლე] კი გეოგრაფიაში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიოლოგიის გამოცდაზე – 38 102 მოსწავლე; გეოგრაფიის – 38 106; ფიზიკის – 38 074, ხოლო ქიმიის გამოცდაზე 34 884 მოსწავლე გამოცხადდა. ქიმიის გამოცდას რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეები მეთორმეტე კლასში აბარებენ.
ქიმიისა და ბიოლოგიის გამოცდების შედეგების მიხედვით, კი შესაბამისად, 1 395 და 1 905-მა მოსწავლემ ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი [5.5 ქულა].
მოსწავლებს, რომლებმაც ამა თუ იმ საგანში ბარიერი ვერ დაძლიეს, მომავალ წელს ექნებათ შესაძლებლობა განმეორებით ჩააბარონ გამოცდები.
16 ივნისს აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხთა შორის ვერ მოხვდა აჭარის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, პეტრე ზამბახიძის თქმით, დღეს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომაა. როგორც პეტრე ზამბახიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტისა და საბიუჯეტო პროცესების შესახებ კანონმდებლობის მიხედვით, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, უნდა მომხდარიყო 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა:
„სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არაფერი აქვთ სათქმელი მთავრობის წევრებსა და ფინანსთა მინისტრს. დღევანდელ სხდომაზე არ ცხადდებიან, იმალებიან და სირაქლემას პოზიციაში არიან. დღის წესრიგში საერთოდ არ არის ჩასმული. ეს არის პირდაპირ ბალაძის დავალებით ამოღებული საკითხი, რაც კანონდარღვევაა“, – უთხრა „ბათუმელებს“ პეტრე ზამბახიძემ და იქვე აღნიშნა, რომ ეს საკითხი რიგგარეშე სხდომაზე იყო ჩანიშნული, თუმცა მაშინ სხდომა ვერ შედგა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის ბოლო პლენარული სხდომა, დღეს 12 საათზე დაიწყო. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე დღის წესრიგი არ დამტკიცდა, რის გამოც პლენარული სხდომა ვერ შედგა, ამ დსროისათვის მიმდინარეობს უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა, რომელმაც თავიდან უნდა ჩანიშნოს პლენარული სხდომა.
ოთარ ვანაძის ოჯახი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა წინსვლაში ცხოვრობს. ოჯახში ამჟამად სამი მცირეწლოვანი ბავშვია, ორი ნათესავთან იზრდება. მათგან უფროსი, რომელიც 19 წლისაა, თურქეთში სამუშაოდაა გადასული. ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებდა, რომელიც მეშვიდე თვეა შეუწყდა. ბავშვების მამა ამბობს, რომ საცხოვრებელი სახლი იპოთეკით არის დატვირთული.
სახლი პატარაა, ძველი და სარემონტო. სახლი, როგორც ოთარ ვანაძე გვეუბნება, ახლობლების დახმარებით სახელდახელოდ გადახურა. ოთახების ნაწილს ჭერი არ აქვს, ავეჯი ძველი და მორყეულია. კედლებს არ აქვს ბათქაში, ფანჯრებზე კი ფარდების ნაცვლად გადასაფარებლებია ჩამოკიდებული, ზოგანაც პლაკატებია მიკრული. ბებიას თქმით, პატარები ძირითადად მისაღებ ოთახში, დივანზე იძინებენ. სახლში არ აქვთ მაცივარი, გაზქურა და სარეცხი მანქანა.
ოთარ ვანაძე. თორნიკე თევზაძის ფოტო„ჩემი ბიჭი, რომელიც ახლა თურქეთშია, მძიმე ავადმყოფი იყო. ტუბერკულოზი ჰქონდა, ახლაც არ არის ბოლომდე გამოჯანმრთელებული, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა. სახლი ვალების გამო იპოთეკაში გვაქვს და ესეც რომ არ დავკარგოთ, ვცდილობთ რაღაც შემოსავალი ვიშოვოთ. რადგან ჩემი შვილი თურქეთში გადავიდა, სახელმწიფო დახმარება შემიწყვიტეს. კარგი ბატონო, მე ვერ შევატყობინე სახელმწიფოს, მაგრამ ამ ბავშვებს რას ერჩიან, მშიერი რატომ ტოვებენ“, – ამბობს ოთარ ვანაძე. მისი თქმით, სოფელში რაც მოჰყავს, ოჯახის სარჩენად საკმარისი არ არის: `ფქვილი ვალით ვიყიდე, ბანკის ვალები დამედო ბევრი, 80 წლის დედაჩემი პენსიასაც ვერ იღებს, რადგან ბანკს მიაქვს ყველაფერი. შემწეობა რომ აღმიდგინონ, მე ვერ გამოვიყენებ, ყველაფერი ვალებში მიდის. .მეც სერიოზული დაავადება მაქვს, – შიზოფრენია, მაგრამ მედიკამენტებს არ ვიღებ“,- გვეუბნება ოთარ ვანაძე.
ოჯახში ყველაზე პატარა ექვსი წლისაა. საბავშო ბაღში არ უვლია. ორი ბავშვი სკოლაში დადის. „18 წლის გოგონა დეიდასთან არის, 16 წლის კი – ბებიასთან. რა მექნა, ვეღარ ვარჩინე ამდენი ბავშვი და დროებით ნათესავებთან გავუშვი. სოფელში ნაყინის მანქანა რომ მოდის, ჩემი ბავშვები ტირიან. სხვა ბავშვები ყიდულობენ, მე ვერ ვყიდულობ მათთვის, ცხოვრებაა ეს?“ – გვეუბნება ბავშვების მამა.
ნანული გუნთაიშვილი ოთარ ვანაძის მეუღლეა. მისი თქმით, სახელმწიფომ შემწეობის შეწყვეტამდე ბავშვების მდგომარეობა უნდა გაითვალისწინოს და მშობლის შეცდომის გამო საკვების გარეშე არ უნდა დატოვოს:
„როდემდე გარჩენს მეზობელი? ახლა სულ ისინი გვეხმარებიან. ყველაზე მეტად როცა გვიჭირდა, მაშინ შეგვიწყვიტეს დახმარება, ზამთარში. თურქეთში ჩაის საკრეფად დავდიოდი და ახლა იქაც ვეღარ გადავალთ, რადგან 5-წლიანი დეპორტი გვაქვს“.
ოჯახში ამბობენ, რომ სახელმწიფომ სოციალური პოლიტიკა უნდა შეცვალოს და სახელმწიფო შემწეობაზე მყოფ ოჯახებს დამატებითი შემოსავლების მოძიების უფლება უნდა მისცეს.
„იყო ასეთი მომენტი, როდესაც მამაოს შევხვდი და ვთხოვე აღსარების თქმა. მამაოსთან თავზე მადგა თანამშრომელი. მე თანამშრომელს ვთხოვე ან დავეტოვებინე, ან რამდენიმე ნაბიჯით მაინც დაეცვა დისტანცია, რადგან მამაოსთან მეთქვა აღსარება, რაზეც უარი განმიცხადა. ეს ყოველივე იყო ჩემთვის შოკის მომგვრელი და გამაოგნებელი, რის შემდეგაც იძულებული გავხდი დავბრუნებულიყავი უკან, საკანში. არ მომეცა აღსარების თქმის უფლება,“ – გვწერს პატიმარი ბათუმის ციხიდან.
პატიმრებს რომ აღსარების თქმის პრობლემა ექმნებათ, ამას ადასტურებენ სახალხო დამცველის აპარატში. „ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ეს პრობლემა: აღსარების თქმის დროს, სამლოცველო ოთახში პატიმართან ერთად შედის ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელიც. ეს გამოხატვის თავისუფლების პირდაპირი დარღვევაა. ციხის ადმინისტრაციისგან ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ უსაფრთხოების გამო ხდება ასე. სასჯელაღსრულების სამინისტროსგან ასევე არაერთხელ მივიღეთ დაპირება, რომ შეცვლიან ამ დამოკიდებულებას“, – უთხრა „ბათუმელებს“ სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ ქორიძემ.
სასჯელაღსრულების სამინისტრომ `ბათუმელებთან~ ეს პრობლემა უარყო: „ციხის ადმინისტრაციის მისამართით გამოთქმული პრეტენზია, თითქოს მათ აღსარების საიდუმლოდ ჩაბარების საშუალება არ ეძლევათ, სიმართლეს არ შეესაბამება. მე-3 პენიტენციურ დაწესებულების მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი სურვილისამებრ, კვირაში ერთხელ შეხვდნენ სასულიერო პირს. სასულიერო პირთან საუბრის კონფიდენციალობა დაცულია. აქვე აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულ ა.ს.-ს ციხის ადმინისტრაციისთვის სასულიერო პირთან შეხვედრის მოთხოვნით საერთოდ არ მიუმართვს. ამასთან, მე-3 პენიტენციურ დაწესებულებაში სამლოცველო კუთხეც ფუნქციონირებს“, – ნათქვამია წერილში, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროსგან მივიღეთ.
სამინისტროს ჩვენთვის არ მოუწერია, მოითხოვა თუ არა სასულიერო პირთან შეხვედრა მეორე პატიმარმა – ციხიდან გამოგზავნილ წერილს ორი პატიმარი აწერს ხელს და არ არის გარკვეული, კონკრეტულად რომელს შეექმნა აღსარების ჩაბარების პრობლემა.
„ასეთ ფაქტს ვერ ვიხსნებ,“ – გვითხრა დეკანოზმა გრიგოლ თავაძემ. ის უკვე 7 წელია კვირაში ერთ დღეს ბათუმის ციხეში მყოფ პატიმრებთან ატარებს. სასულიერო პირი ირწმუნება, რომ სასულიერო კუთხეში ბათუმის ციხეში არც ვიდეოთვალი არის და არც ადმინისტრაციის თანამშრომელი ესწრება აღსარების პროცესს: „ასეთი რამ რომ მომხდარიყო, თქვენთან კი არ მოვიდოდა ეს წერილი, მე ავტეხდი მთელ ამბავს. აღსარების დროს ბადრაგი ძირითადად კარებთან დგას და თუ პატიმარს შეაგვიანდა გასვლა, მხოლოდ მაშინ შემოგვიხედავს. ციხეში მოწყობილ ტაძარს მხოლოდ ფანჯარა აქვს, რომელიც თეთრადაა შეღებილი და გარედან არაფერი ჩანს”.
დეკანოზს ჩვენ კონკრეტული პატიმრების ვინაობაც გავუმხილეთ, ვინც ციხიდან გამოგზავნილ წერილს ხელს აწერენ. გვითხრა, რომ პატიმრებს ამ სახელებითა და გვარებით საერთოდ ვერ იხსენებს. დეკანოზ გრიგოლ თავაძესთან გასაუბრებამდე, ჩვენ პატრიარქის მდივანს, მიქაელ ბოტკოველს მივმართეთ. „არ ვიცი, ამ საკითხებთან მე შეხება არ მაქვს,” – ამ მოკლე პასუხის შემდეგ ბოტკოველმა ტელეფონი გაგვითიშა.
დიმიტრი კვაჭიძე „კონსტიტუციის 42-ე მუხლიდან” ამბობს, რომ პატიმრებს აღსარების დროს მხოლოდ ვიზუალურად შეიძლება დააკვირდნენ:
„თუ ასე ხდება, კანონის დარღვევაა პირდაპირ. რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას იცავს ნებისმიერი ქვეყანა, რაც ეხება ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, პატიმარს. ამას ითვალისწინებს ნებისმიერი საერთაშორისო კონვენცია, სადაც პატიმრების უფლებებზეა საუბარი. ერთადერთ გამონაკლისს ითვალისწინებს კანონმდებლობა – უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, პატიმარზე ვიზუალური კონტროლის წარმოება აღსარების თქმის დროს.”
პატიმრებმა წერილი, სადაც აღსარების თქმის გარდა ბევრ სხვა პრობლემაზეა საუბარი, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და უფლებადამცველებსაც გაუგზავნეს.
ფოტოზე: სამლოცველო კუთხე ბათუმის საპყრობილეში. „ბათუმელების“ ფოტო.
პოლიპი ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსში წარმოიქმნება და არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში სერიოზული გართულებები შეიძლება შეუქმნას ადამიანს. რა არის პოლიპი, როგორ ხდება მისი მკურნალობა და პროფილაქტიკა – ამ თემაზე „ბათუმელები“ ოტორინოლარინგოლოგ გელა ხოზრევანიძეს ესაუბრა, „ხოზრევანიძის კლინიკის“ მთავარ ექიმს.
ბატონო გელა, რა არის პოლიპი და რა ხდება მისი წარმოქმნის მიზეზი ცხვირის ღრუში?
ეს არის ქრონიკული პროცესის შედეგად გადაგვარებული ლორწოვანი გარსი, რომელიც კეთილთვისებიანად მიიჩნევა. მისი გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა, მაგალითად, ალერგიული რინიტი, ასევე, პოლიპი შესაძლებელია გამოიწვიოს გამრუდებული ცხვირის ძგიდემაც. როცა ჰაერის გამტარიანობა ირღვევა ცხვირის ღრუში, ხდება ლორწოვანის შეშუპება, ქრონიკულ პროცესში გადადის და იწყება პოლიპოზი, რომლის მკურნალობა შესაძლებელია ოპერაციული ჩარევით. პირველ ეტაპზე კი ხდება ენდოსკოპიური დიაგნოსტირება, არის თუ არა ცხვირის ღრუში პოლიპოზი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცხვირის პოლიპოზი სხვა რამეა და ადენოიდები _ სხვა. არის ასევე შემთხვევები, როცა ნიჟარები ცხვირის ღრუში ჰიპერტროფიას განიცდის, ანუ იზრდება, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ან ქრონიკული პროცესების დროს და რჩება გადიდებული. პაციენტი ამბობს, რომ პოლიპი აქვს და ვერ სუნთქავს, მაგრამ ეს პოლიპი კი არა ჰიპერტროფიაა.
რა სიმპტომები მიუთითებს, რომ ადამიანს აქვს პოლიპები ცხვირში?
პირველ რიგში, ესაა ხშირი გამონადენი ცხვირის ღრუდან. ასევე, სუნთქვის გაძნელება და ყნოსვის დარღვევა. არის შემთხვევები, როცა პაციენტი მოდის და ამბობს, რომ სუნთქავს, მაგრამ ვერ გრძნობს, ვერ არჩევს სუნს. ამ შემთხვევაში აუცილებელია დროული მიმართვა სპეციალისტთან და დიაგნოზის დასმა, რადგან ყნოსვის დარღვევა შეიძლება სხვა მიზეზითაც იყოს გამოწვეული. რაც შეეხება მკურნალობას, პოლიპოზის დროს აუცილებელია ოპერაციული მკურნალობა, რის შემდეგად ინიშნება პრეპარატები ხანგრძლივი მიღებისთვის, შეიძლება მთელი ცხოვრებაც კი დასჭირდეს ადამიანს მათი მიღება, რომ პოლიპოზი ისევ არ განვითარდეს ცხვირის ღრუში.
ანუ განმეორება ოპერაციის შემდეგაც შესაძლებელია?
დიახ, შეიძლება განვითარდეს რეციდივი, ამისგან არავინაა დაზღვეული. თუ კარგად გაკეთდა ოპერაცია, უფრო ნაკლებია რისკი იმისა, რომ ხელახლა წარმოიშვას პოლიპი, მაგრამ შემთხვევათა დაახლოებით 30 პროცენტში შესაძლებელია, რომ პოლიპი წამოიზარდოს ხელახლა. ამიტომ საუკეთესო გამოსავალი ამ გართულებისგან თავის დასაზღვევად არის დროული მიმართვა ექიმთან, რადგან ქრონიკული პროცესის მკურნალობა უფრო ძნელია, ვიდრე მწვავე პროცესისა.
პოლიპოზი შეიძლება იყოს ცალ მხარეს ან ორივე მხარეს. ეს მიუთითებს იმაზე, თუ რამდენი ხანი მიმდინარეობს პროცესი. რაც უფრო ადრე ჩატარდება ოპერაცია და მკურნალობა, მით უფრო ნაკლებია რეციდივის ალბათობა, რადგან ლორწოვანი გარსი მასშტაბურად არ ზიანდება.
შეიძლება თუ არა პოლიპოზმა გამოიწვიოს სმენის ან ყნოსვის დაკარგვა?
ყნოსვის დაკარგვა შეუქცევადი პროცესია იმ შემთხვევაში, თუ ცხვირის ღრუ პოლიპოზითაა სავსე. ასეთ დროს, პირველ რიგში, ჰაერის გამტარებლობა ირღვევა და ასევე _ ყნოსვის რეცეპტორები ვერ აღიქვამენ სუნს. რაც შეეხება სმენას: ცხვირი და ყური ერთმანეთთან კავშირშია ევსტახის მილით. პოლიპოზის დროს შეიძლება პერიოდულად ან ხანგრძლივად დაგუბდეს ყური. თუ პოლიპოზის შედეგად არის გამოწვეული სმენის დაქვეითება, ეს შესაძლოა მოიხსნას, მაგრამ, რაც შეეხება ცხვირს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაავადებულია ცხვირის ლორწოვანი გარსი. უმეტესად, პრაქტიკიდან გამომდინარე, პაციენტთა 60-70 პროცენტში მკურნალობის შედეგად ყნოსვა აღდგება, მეტწილად _ ახალგაზრდებში, რომელთაც არა აქვთ დაავადების შორს წასული ფორმა.
რა გართულება შეიძლება მოყვეს პოლიპოზს, თუ ადამიანი დროულად არ იმკურნალებს?
პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს ხანგრძლივი თავის ტკივილი, რომელიც შეიძლება ტკივილგამაყუჩებლებმაც კი ვერ მოუხსნას. თუკი ტოტალურად ჩაკეტილია ცხვირის ღრუ _ ჟანგბადის უკმარისობას განიცდის თავის ტვინი. ტვინს ჟანგბადი უმეტესად მიეწოდება ცხვირიდან, სუნთქვის დროს. თუ ცხვირში ჰაერის გამტარიანობა დარღვეულია, იწყება თავის ტკივილი. ხანგრძლივი პოლიპოზის დროს შესაძლებელია პოლიპოზი გადავიდეს ძვლოვან სტრუქტურაზე, რაც ძალიან საშიშია.
ტენიანი ჰავა მოქმედებს პოლიპოზზე?
რა თქმა უნდა. მაღალი ტენიანობის შემთხვევაში ხდება ლორწოვანი გარსის შეშუპება. თუ დააკვირდებით, როცა მშრალ ჰაერზე გადიხართ, უფრო თავისუფლად სუნთქავთ, ჰაერის გამტარობა უფრო კარგია. ბათუმში ტენიანობა მაღალია, რაც პრობლემურია პაციენტებისთვის. ჩვენს პრაქტიკაში ძირითადად ალერგიულ ფონზე განვითარებული პოლიპოზი გვხვდება, მეორე ადგილზეა პოლიპოზი ცხვირის ძგიდის გამრუდების შედეგად.
თქვენ აღნიშნეთ, რომ ეს არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი. შეიძლება პოლიპი იყოს ავთვისებიანი?
დიახ, რისკი ძალიან დაბალია, მაგრამ არის შემთხვევები შორსწასული ფორმის დროს.
არსებობს თუ არა პრევენცია?
პრევენცია არსებობს და მდგომარეობს შემდეგში: ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება თუ გრძელდება 10 და 20 დღეზე მეტ ხანს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს და ჩაიტაროთ გამოკვლევა. ენდოსკოპიის საშუალებით დადგინდება გამომწვევი მიზეზი, რის შემდეგაც დაინიშნება სხვა კვლევები. დროული მკურნალობა და კონსულტაცია არის საუკეთესო პრევენცია.
“ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესორების წინააღმდეგ” – ამ საქმეზე გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღეს უნდა გამოეცხადებინა, თუმცა მოსამართლე ლევან მიქაბერიძემ იგი მომდევნო კვირისთვის გადადო. მოსამართლის თანაშემწის განმარტებით, საქმის გადადების მიზეზი სხვა საქმეების სიმრავლეა. უნივერსიტეტი 6 პროფესორის გამოსახლებას მელიქიშვილის ქუჩაზე, უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლიდან მოითხოვს. საქმეს სასამართლო 2014 წლიდან განიხილავს.
უნივერსიტეტის მოქმედი და ყოფილი პროფესორები უნივერსიტეტის კუთვნილ შენობაში სხვადასხვა დროიდან ცხოვრობენ. მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ გააჩნიათ, მიიჩნევენ, რომ ბინები მათ უნდა დარჩეთ, რადგან ათეული წლის განმავლობაში ისინი ამ შენობაში ცხოვრობენ. მაგალითად, პროფესორი თემურ გოგმაჩაძე საერთო საცხოვრებელში უკვე 50 წელია ცხოვრობს. მას, ასევე პროფესორ ინდიკო აბაშიძეს, უნივერსიტეტის კუთვნილ შენობაში ოჯახებით ცხოვრების პერიოდში, ქალაქში სხვა ბინებიც აუშენებიათ, რაც “ბათუმელებმა” რეესტრის ამონაწერში დააფიქსირა. ამავე რეესტრის მიხედვით, ყველა ფართობი, რომელსაც პროფესორები ნებაყოფლობით აღარ ტოვებენ, სახელმწიფო საკუთრებაა.
პროფესორები საქმის წაგების შემთხვევაში გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას აპირებენ.
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 306 091.
აჭარაში 6 მაჟორიტარული ოლქია, რომლებსაც 2016 წლის 8 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისათვის, ამდენივე ძირითადი და დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისია მოემსახურება:
№68, №69, №70 მაჟორიტარულ ოლქებს – №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია [ძირითადი];
№71 მაჟორიტარულ ოლქს – №81 ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისია [ძირითადი];
№72 მაჟორიტარულ ოლქს – №83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისია [ძირითადი];
№73 მაჟორიტარულ ოლქს – №84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისია [ძირითადი], ასევე №80 ქედის საოლქო საარჩევნო და №82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიები [როგორც დამხმარე კომისიები]
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა:
სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობამ დღეს, 15 ივნისს, მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. ისინი დეტალური კვლევების ჩატარებას ითხოვენ, რადგან ჰესის მშენებლობის გამო სახლები დაიბზარა, დაიკარგა სასმელი წყალი და მეწყრის ახალი კერები გაჩნდა.
“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სოფელ მახალაკიძეებში ჩატარებული კვლევის პირველადი დასკვნის თანახმად ვერ დადგინდა კავშირი, მეწყრული პროცესების გააქტიურებასა და ჩვენი კონტრაქტორი კომპანიის მიერ, გვირაბის გაყვანის პროცესში ჩატარებულ ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებს შორის” – ნათქვამია წერილში, რომელიც ჰესის მშენებელი კომპანიის “აჭარისწყალი ჯორჯიასგან” მიიღო “ბათუმელებმა”.
საუბარია კვლევაზე, რომელიც მახალაკიძეებში 22 აპრილს გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ შექმნილმა კომისიამ ჩაატარა. მაშინვე აჭარის მთავარმა გეოლოგმა ტარიელ ტუსკიამ “ბათუმელებთან” თქვა, რომ ეს კომისია ვერ დაადგენდა ზიანის წყაროს და მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით გამოიკვეთებოდა მიყენებული ზიანის ხარისხი.
შუახევის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ დღეს “ბათუმელებს” უთხრა, რომ 21 ოჯახი ექვემდებარება გასახლებას და თითოეულ ოჯახს აჭარის მთავრობა 25 ათასს ლარს გადაუხდის. გამგებლის განცხადებით, გეოლოგებმა მუშაობა უკვე დაასრულეს, თუმცა კომისიას მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია და შემდეგი ეტაპის კვლევაში სეისმოლოგები ჩაერთვებიან.
კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ არ ფლობს ინფორმაციას გასასახლებელი ოჯახების შესახებ. კომპანიაში განმარტავენ, რომ 14 ივნისს დაიწყო ახალი კვლევა, რომლის შედეგებიც ივლისში გახდება ცნობილი:
„კომპანია ,,აჭარიწყალი ჯორჯიას“, აჭარის მთავრობისა და ენერგეტიკის სამინისტროს მიერ, შეიქმნა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩართულნი არიან აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გეოლოგები, დამოუკიდებელი ექსპერტები, კომპანიის ტექნიკური ჯგუფის წევრები. კომისიამ მუშაობა 14 ივნისს დაიწყო, კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნება გვირაბის სიახლოვეს 1 კილომეტრის რადიუსში მდებარე სახლები. პირველი ინსპექტირება განხორციელდა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების დაწყების წინ, ხოლო მეორე ხორციელდება მშენებლობის ბოლო ფაზაზე. კომისია საბოლოო დასკვნას შეიმუშავებს ივლისში, წარმოდგენილი მასალების შესწავლის შემდგომ, მიღებული რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ინსპექტირებაში ჩართული მხარეების მიერ დაიგეგმება შესაბამისი ქმედითი ღონისძიებები.” – წერია კომპანიისგან გამოგზავნილ წერილში.
“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბათილად იქნას ცნობილი ხელვაჩაურის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები, რითაც გონიოელებს მიწის საკუთრება ჩამოართვეს” – აცხადებს ლევან კინწურაშვილი, ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე. მან დღეს საკრებულოს შენობასთან მჯდომარე აქციაზე მყოფ გონიოელებს უთხრა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას საკრებულო მომავალი კვირის სამშაბათს გააფორმებს. მისი განმარტებით, დეტალურად უნდა გაიწეროს ის კრიტერიუმები, თუ რომელ შემთხვევაში, რა საფუძველზე მიიღო კომისიამ გადაწყვეტილება: „თანაც კომისიის ყველა წევრს უნდა ეცალოს, რომ ოქმს ხელი მოეწეროს. სამშაბათს ეს პროცესი დასრულდება“.
“ნიშნავს თუ არა ეს გადაწყვეტილება იმას, რომ 271 ოჯახს სადავო მიწა დაუბრუნდება?”- “ბათუმელების” ამ კითხვაზე ლევან კინწურაშვილმა უპასუხა – “არა”. მან გაგვიმარტა, რომ კომისიამ ხელახლა ინდივიდუალურად უნდა შეიწავლოს თითოეული შემთხვევა და მიწის ნაკვეთი დაუბრუნდება მას, ვინც ჩამორთმევამდე კანონიერად ფლობდა: „ჯერ ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით ამ 271-დან 30-40 ოჯახი ვერ დაიბრუნებს მიწას“.
საკრებულოს ამ პოზიციის მოსმენის მიუხედავად, გონიოელები არ ტოვებენ საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიას. მათ საპროეტსტო აქცია გუშინ, 14 ივნისს, დაიწყეს და თქვეს, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე საკრებულოს შესაბამისი კომისია სადავო მიწების შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. “არ ვიშლებით, ასეთი სიტყვიერი დაპირება ვინ იცის, რამდენჯერ მივიღეთ. ვიდრე წერილობით არ ჩაგვბარდება ოქმი, მჯდომარე აქცია გაგრძელდება” – უთხრა “ბათუმელებს” აქციის ერთ-ერთმა წევრმა, ენვერ ირემაძემ. ის დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროშიც იყო მისული და მოითხოვა საკრებულოს კომისიის სხდომას სამინისტროს წარმომადგენელი დასწრებოდა: “კინწურაშვილის კომისიის სხდომა ისე დაიწყო, რომ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი – ნუგზარ ანანიძე მას არ ესწრებოდა. ჩავთვალეთ, რომ სამინისტროს წარმომადგენლის პოზიცია მნიშვნელოვანია, მათ ეკუთვნით მიწა ჯერ-ჯერობით და არიდებდნენ თავს. სამინისტროში არავინ შემახვედრეს, მაგრამ ცოტა ხანში ნუგზარ ანანიძე კომისიის სხდომას შემოუერთდა” – ამბობს ენვერ ირემაძე.
გონიოს მიწებზე დასკვნა აჭარის მთავრობის სპეციალურმა კომისიამ 2014 წლის შემოდგომაზე დადო. დასკვნაში ეწერა, რომ საკითხი ხელახლა უნდა შეესწავლა ბათუმის საკრებულოს შესაბამის კომისიას, რომელიც ხელვაჩაურის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის სამართალმემკვიდრეა ამ მიწებზე. ბათუმის საკრებულოს აქამდე გადაწყვეტილება არ მიუღია სხვადასხვა მიზეზით. გონიოს სადავო მიწების გარკვევა კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო 4 წლის წინ, საპარლამენტო არჩევნების დროს.
კომპანია „მარდი ჯგუფი“, რომელსაც სამშენებლო ღობით ტაბიძის ქუჩაზე ტროტუარი უკანონოდ აქვს გადაკეტილი, მერიას არ დაუჯარიმებია. „ამ კომპანიას რამდენიმე დღის წინ სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა“ – გვითხრა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების განყოფილების უფროსმა, ირაკლი მოქიამ.
„რა ადასტურებს, რომ სიტყვიერი გაფრთხილება კომპანიისთვის მიცემულია?“ – ამ კითხვაზე ბათუმის მერიის წარმომადგენელმა გვიპასუხა – „სავარაუდოდ, არაფერი“. ირაკლი მოქიამ უპასუხოდ დატოვა სხვა კითხვებიც: რატომ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება, როცა უკვე მე-7 სართულის მშენებლობა სრულდება? დაჯარიმებულია თუ არა ქალაქში სხვა სამშენებლო კომპანიები, ვისაც ანალოგიურად ტროტუარები უკანონოდ აქვთ მითვისებული?
გარდა ტროტუარის გადაკეტვისა, ირაკლი მოქიას ინფორმაციით, „მარდი ჯგუფს“ მიმდინარე წლის 10 ივნისს ჩაბარდა მითითება სამშენებლო ნორმების უსაფრთხოების დარღვევის კუთხით: „გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, თუკი ეს ნორმები ისევ მოუწესრიგებელი იქნება, კომპანია დაჯარიმდება“.
ტროტუარების გადაკეტვის პრობლემაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა დღეს დილით მოაწყვეს ბრიფინგი. ბათუმის მერიამ სწორედ ამ ბრიფინგის საპასუხოდ გაავრცელა ინფორმაცია სამშენებლო დარღვევებზე რეაგირების შესახებ.
ტროტუარი მთლიანად დარღვეულია და მანქანის სავალი ნაწილიც ჩამოშლილია კლდიაშვილის ქუჩაზე. ამისთვის კომპანია “სლავა 2015” ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა. კომპანიის წარმომადგენელმა “ბათუმელებს” 8 ივნისს უთხრა, რომ ტროტუარის აღდგენას არ აპირებს, რადგან მოთხოვნა ბათუმის მერიას მათ წინააღმდეგ სასამართლოში არ დაუსვამს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების: მარადიდის, კირნათისა და აჭარისწყლის მოსახლეობას უკვე მეორე დღეა ის ხიდი აქვს გადაკეტილი, რომლის საშუალებითაც „აჭარ ენერჯი 2007“-ს მდინარე ჭოროხზე ჰესის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მასალა გადააქვს.
„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები იყვნენ და გვითხრეს, კანონის ფარგლებში იყავითო… შემდეგ ხელვაჩაურის განყოფილებიდან ათამდე პოლიციელი მოვიდა და დაიშალეთ, თორემ დაგშლითო – გაგვაფრთხილეს. არ ვაპირებთ დაშლას, პირიქით, სოფლებიდან უკვე იკრიბება აქ მოსახლეობა,“ – გვითხრა აქციის მონაწილემ, მუხამედ ცინცაძემ.
აპირებს თუ არა პოლიცია აქციის დაშლას? – შს სამინისტროს პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გზა გადაკეტილი არ არის და პოლიცია აქციის მონაწილეების დაშლას არ აპირებს: „ადგილზე აქციის რამდენიმე მონაწილეა შეკრებილი, იქვეა პოლიციის მხოლოდ სამი თანამშრომელი და საზოგადოებრივ წესრიგს იცავს“.
„ქუჩები ტროტუარის გარეშეა დარჩენილი, მერია დარღვევებზე არ რეაგირებს,“ – განაცხადა ტაბიძის ქუჩაზე მოწყობილ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გელა დეკანაძემ. ის სხვადასხვა ქუჩაზე იმ მშენებლობებს აპროტესტებს, სადაც ნორმები დაცული არ არის, მშენებლობა ტროტუარებს თითქმის სრულად ფარავს და ამით ქვეითად მოსიარულეთა უფლებები ირღვევა.
გელა დეკანაძის თქმით, განსაკუთრებულია ეს პრობლემა იქ, სადაც ქუჩის ორივე მხარეს მიმდინარეობს მშენებლობა: „პრობლემაა აქაც, სოციალური მომსახურების სააგენტოს მოპირდაპირედ ასევე მიმდინარეობს მშენებლობა და ტროტუარი აღარ არსებობს. სააგენტოში, ასევე აქვე მდებარე სამედიცინო ჰოსპიტალში ბევრი სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი დადის. მათ პირდაპირ ქუჩაში, მანქანის სავალ ნაწილზე უწევთ სიარული“.
არის თუ არა გაცემული ნებართვა ისე, რომ მშენებელ კომპანიებს ტროტუარის დაფარვის უფლება ჰქონდეთ, ან რა რეაგირებას ახდენს მერია დარღვევებზე ამ კუთხით? – ბათუმის მერიას კითხვებზე პასუხი ჯერ არ გაუცია.
ქობულეთის მდებარე ტაძრის წინამძღვარმა, ბესიკ ლომინეიშვილმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოწმის სახით ჩვენება მისცა. „გოგოს მოტაცების საქმეში“ ოთხი ახალგაზრდაა ბრალდებული. მათ თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარებას ედავებიან. საქმის მასალების მიხედვით, გასული წლის 11 ნოემბერს ა.გ. ქობულეთიდან მოტყუებით გაიტაცეს ბრალდებულებმა, რომლებიც რამდენიმე საათში პოლიციამ ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში დააკავა.
„ღირშესანიშნავი დღე იყო – ამ ფრაზით დაიწყო ჩვენების მიცემა დაცვის მხარის მოწმედ გამოცხადებულმა სასულიერო პირმა – ოზურგეთის მე-2 სკოლის საზეიმო დღე იყო და მე, როგორც ამ სკოლის კურსდამთავრებული, ვესწრებოდი ღონისძიებას. მერე, ტრაპეზის დროს დამირეკა თემურმა, ჩემმა ძმამ ცოლი მოვიყვანეო და მთხოვა მივსულიყავი მათთან…“
სასულიერო პირის, ბესიკ ლომინეიშვილის მტკიცებით, იგი წყვილთან მივიდა იმისთვის, რომ მეორე დღისთვის ჯვრისწერა დაეგეგმა: „ოზურგეთში სადღესასწაულო განწყობა დამხვდა. პირველ რიგში, გოგონას ვკითხე, თქვენი ნებით ხომ გაყევით-მეთქი და, რა თქმა უნდა, რა შეკითხვებს მისმევთო. საუბარიც გავაბით, მისი გვარის [მოწმემ აქ გატაცებული გოგოს გვარი არასწორად დაასახელა და შემდეგაც არაერთხელ გაიმეორა] კურსელი მყავდა, მეც ვიცნობო მითხრა. დამპირდა, ხვალისთვის საერთო ნაცნობის ტელეფონის ნომერს გავიგებ და მოგცემთო. ვისაუბრეთ შვილებზეც. მითხრა, მეუღლის შვილებს საკუთარ შვილებად მივიღებო [გატაცებაში ბრალდებულს უკვე ჰყავს შვილები წინა ქორწინებიდან]. დაახლოებით 15 წუთი გავჩერდი და წამოვედი იმ პირობით, რომ მეორე დილით, 12 საათზე მოვიდოდნენ ტაძარში ჯვრის დასაწერად“.
სასულიერო პირისთვის კითხვები არ დაუსვამს პროკურორ ადილარ წირღვავას, ადვოკატმა ლაშა რომანაძემ კი მასთან დააზუსტა – ხომ არ შენიშნა ოზურგეთში რამე ისეთი გარემოება, რაც გატაცებულ გოგოს თავისი აზრის გამოხატვის საშუალებას არ მისცემდა. მოწმემ თქვა, რომ ამგვარი არაფერი შეუნიშნავს.
სასამართლოს წინა სხდომაზე, გატაცებული გოგოს დამ აღწერა, რომ გატაცებულმა დამ მას მისწერა სმს ტელეფონზე და შველა სთხოვა. სასამართლოს ჩვენება მისცა გატაცებულის ყოფილმა საქმრომაც. მან დაადასტურა, რომ დაზარალებული გოგო გატაცებამდე მისი საცოლე იყო. სასამართლოს პოლიციელები მოუყვნენ, რა ვითარებაში დააკავეს ბრალდებულები და ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი ერთ-ერთის მანქანიდან.
სასულიერო პირი “გოგოს მოტაცების საქმეზე” ბოლო მოწმე იყო. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე მომდევნო სხდომაზე მხარეების დასკვნით სიტყვებს მოისმენს და გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გოგოს გატაცებაში ბრალდებულ ოთხ ახალგაზრდას 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.
ჰესების წინააღმდეგ მორიგ საპროტესტო აქციას შუახევში სოფელ მახალაკიძეების მოსახლეობა მართავს. მოსახლეობის თქმით, მას შემდეგ, რაც გვირაბის გაყვანა დაიწყეს, სახლებზე გაჩნდა ბზარები, შეიქმნა სასმელი წყლის პრობლემა და მეწყრის ათამდე ახალი კერა გაჩნდა. მოსახლეობამ საპროტესტო აქცია ამავე სოფელში 20 აპრილსაც გამართა, 22 აპრილს კი – აჭარის მთავრობის შენობასთან, ბათუმში. მოთხოვნა უცვლელია – ისინი დეტალურ შესწავლას მოითხოვენ: აზიანებს თუ არა სოფელს ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული მასშტაბური გვირაბების გაყვანა.
„კომისიას დეტალურად არ შეუსწავლია პრობლემა, მხოლოდ ზედაპირული დასკვნები დადეს,“ – ამბობს უფლებათადამცველი თამაზ ბაკურიძე. მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილს კომპენსაციას ჰპირდებიან, თუმცა არავის განუმარტავს, რამ გამოიწვია პრობლემა.
„21 ოჯახი ექვემდებარება გასახლებას გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე. მათ თავად უნდა შეარჩიონ საცხოვრებელი სახლები და აჭარის მთავრობა თითოეულ მათგანს 25 ათას ლარს გადაუხდის. ამ დროისთვის ხარჯთაღრიცხვის პროცესი მიმდინარეობს,“ – თქვა „ბათუმელებთან“ შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ტარიელ ებრალიძემ.
გამგებელი ადასტურებს, რომ დასკვნა გეოლოგებმა ძირითადად ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადეს და ამ გზით შეუძლებელია განისაზღვროს, რამ განაპირობა ზიანი – ჰესის მშენებლობამ, თუ ბუნებრივმა პროცესებმა. „რატომ უნდა გაიცეს ფული სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუკი არ დადგენილა ზიანის წყარო?“ – ამ შეკითხვის შემდეგ შუახევის გამგებელმა გვითხრა, რომ კომისიის მუშაობა გეოლოგების დასკვნით არ დასრულებულა და ზიანის წყაროს სეისმოლოგები დაადგენენ, რომლებიც კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან: „თუკი დადგინდება, რომ ზიანი გვირაბის გაყვანამ განაპირობა, კომპანია თანახმაა აანაზღაუროს ზარალი. ჩანჩხალოს შემთხვევაში დამოუკიდებელმა ექსპერტმა დადო დასკვნა, რომ გვირაბის გაყვანის დროს ბიძგები მინიმალურია და ეს არ შეიძლება იყოს სახლებზე თუნდაც ბზარების გაჩენის მიზეზი. იგივე შეიძლება არ იყოს მახალაკიძეებში, ამას სეისმოლოგები იტყვიან. ჯერ კომისიას საბოლოო დასკვნა არ გამოუქვეყნებია“.
სპეციალურმა კომისიამ მახალაკიძეებში 90 ოჯახის მდგომარეობა შეისწავლა. შუახევის გამგებლის თქმით, 66 ოჯახი ასევე მიიღებს კომპენსაციას იმიტომ, რომ მათ სახლებზე ბზარები გაჩნდა, ზოგიერთმა მათგანმა კი საცხოვრებელი უსაფრთო ადგილას უნდა გადაიტანოს.
შუახევში ჰიდროელექტროსადგურს კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ აშენებს.
მახალაკიძეებში საპროტეტსო აქცია 20 აპრილსაც გაიმართა, მაშინ აჭარის გეოლოგიის სამსახურის უფროსმა, ტარიელ ტუსკიამ „ბათუმელებს“ უთხრა: „კომისია ვერ დაადგენს, საიდან მიადგათ ადამიანებს ზიანი. კომისია დაათვალიერებს სახლებს, საკარმიდამო ნაკვეთებს და დადებს ფაქტებს, შეაფასებს ზიანის ხარისხს. არ ვიცი, თუ გამგეობა აპირებს სპეციალური დანადგარების ატანას შუახევში და სპეციალური კვლევების ჩატარებას, ეს სხვა საქმეა. სხვაგვარად ვერ დადგინდება, საიდან დადგა ზიანი.“
„ბათუმელებმა“ ამჯერად გეოლოგიის სამსახურის უფროსთან დაკავშირება ვერ მოახერხა.
მახალაკიძეების მცხოვრებთა საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან, 22 აპრილი, 2016. ია ფრანგიშვილის ფოტო
14 ივნისს ხელვაჩაურში, ერთ-ერთი ოჯახში გამართული წვეულების შემდეგ ოჯახის წევრები და სტუმრები საავადმყოფოში მოხვდნენ ინტოქსიკაციით, მათ შორის 11 ბავშვია.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, კობა ნაკაიძის თქმით, ამჟამად პაციენტების მდგომარეობა ნორმალურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„რაც შეეხება ინტოქსიკაციის მიზეზებს, კლასიკური სიმპტომატიკა, რაც ახლავს კვებისმიერ ინტოქსიკაციას, არ იყო, თუმცა შეიძლება ეს იყოს რაიმე ატიპიური ფორმა, ამიტომ ჯერჯერობით თავს ვიკავებთ მიზეზებზე საუბრისას, სანამ ზუსტად არ გვეცოდინება.
პროდუქტებზე ანალიზს აკეთებს სურსათის სააგენტო, სისხლის შემცველობაზე ანალიზს აკეთებენ კრიმინალისტები და ამის შემდეგ უკვე გვეცოდინება მიზეზები და გავაკეთებთ განცხადებას დღის განმავლობაში. ყველა პაციენტი გუშინ იყო წვეულებაზე, მხოლოდ ისინი არიან გადმოყვანილი ინტოქსკაციით, სხვა სახლებში მსგავსი რამ არ მომხდარა,“ – ამბობს კობა ნაკაიძე.
მისი თქმით, პაციენტები დღეს დილიდან ნორმალურად გრძნობენ თავს და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნებისთვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის [ხარჯთაღრიცხვის] მიხედვით:
ბათუმის N79-ე საოლქო საარჩევნო ოლქს 56,257 ლარი გამოეყო, ქედას [N80] – 23 177, ქობულეთს [N81] – 32 467, შუახევს [N82] – 29 557, ხელვაჩაურს [N83] – 33 047, ხოლო ხულოს N84 საოლქო საარჩევნო კომისიას – 33 140 ლარი.
უსაფუძვლო გამდიდრებაში აჭარის გზების დეპარტამენტი ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ ამხილა. „შპს „ტექნიკოსს“ არ დაურღვევია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და მას არ უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო. ეს უნდა ჩაითვალოს უსაფუძვლო გამდიდრებად“, – ამ სიტყვებით დაასრულა მოსამართლე თამარ ბურჯანაძემ შპს „ტექნიკოსის“ სარჩელის განხილვა. გზების დეპარტამენტი არ არის ერთადერთი სახელმწიფო უწყება აჭარაში, რომელიც უსაფუძვლო გამდიდრებაში ამხილა სასამართლომ. არც ერთ შემთხვევაზე რეაგირება აჭარის მთავრობას ჯერ არ მოუხდენია.
15 912 ლარი პირგასამტეხლოს სახით გზების დეპარტამენტმა შპს „ტექნიკოსს“ ბეტონის სხვა მისამართზე მიტანის გამო დააკისრა. „ქობულეთში მოხდა ეს. ხალხი ითხოვდა, გზა აქ უფრო მეტად გაფუჭებულია და იქნებ ჯერ აქ გაგვიკეთოთო. ორივე მისამართზე მაინც ჩვენ უნდა მიგვეტანა ბეტონი“, – გვიყვება ინგა საფარიძე, შპს „ტექნიკოსის“ დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი: „გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი ქობულეთში ვინც იყო, დაეთანხმა ხალხის მოთხოვნას და მისი მითითების შემდეგ მივიტანეთ ბეტონი სხვა მისამართზე. მან მიღება-ჩაბარების აქტზეც ხელი მოგვიწერა, მაგრამ შემდეგ იმაზე გამოგვედავენ, რომ ხელშეკრულების მიხედვით, ამის შესახებ წერილობით უნდა გვეცნობებინა დეპარტამენტისთვის“.
გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სასამართლოს დაუდასტურეს, რასაც დაჯარიმებული ყვებოდა. თქვეს ისიც, რომ მათ ზიანი ბეტონის სხვა მისამართზე მიტანით არ მიდგომიათ. მოსამართლემ გზების დეპარტამენტს პირგასამტეხლოს უკან დაბრუნებასთან ერთად დააკისრა შპს „ტექნიკოსის“ მიერ გაწეული ხარჯის: იურიდიული მომსახურების – 700 ლარის და სახელმწიფო ბაჟის – 478 ლარის გადახდა.
„ეს არის მმართველობის სფეროში კვალიფიკაციის პრობლემა“, – მიიჩნევს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი, – „ამასთან, ვუშვებთ რისკს, რომ ამ პროცესში შეიძლება იქნეს გადაწყვეტილება მიღებული შეცდომით და ეს რისკი ნულამდე ვერასდროს დავა. იმ შემთხვევაში, თუკი იკვეთება წინასწარი განზრახვა, უნდა დადგეს პასუხისმგებლობა, რაც შეიძლება გამოხატული იყოს საყვედურით, შენიშვნით, სამსახურიდან გათავისუფლებით. თუკი იკვეთება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ან სახელმწიფო ბიუჯეტის ფლანგვა, ეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხია“.
იურისტის განმარტებით, შიდა აუდიტის სამსახური ან გენერალური ინპექცია უნდა არკვევდეს, დაიხარჯა თუ არა ბიუჯეტის ფული არამიზნობრივად და მოქმედებდა თუ არა გადაწყვეტილების მიმღები პირი წინასწარი განზრახვით. აუდიტის ობიექტურად მუშაობის ერთგვარი ბერკეტი კი სახელმწიფო აუდიტის სამსახური უნდა იყოს.
რას აპირებს აჭარის გზების დეპარტამენტი მას შემდეგ, რაც ის სასამართლომ უსაფუძვლო გამდიდრებაში ამხილა? – დეპარტამენტის პრესსამსახურის თქმით, გიორგი რომანაძის უწყება სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
არც გაუსაჩივრებია და არც რაიმე ტიპის რეაგირება მოუხდენია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. გასული წლის 28 დეკემბერს ეს სამინისტროც უსაფუძვლო გამდიდრებაში ამხილა ხელვაჩაურის სასამართლოს მოსამართლემ, თეიმურაზ ქათამაძემ. სამინისტროს დაქვემდებარებული შპს „გოდერძი რიზორტს“ სასამართლო დავა შპს „მედმშენმა“ მოუგო. „ჩვენ ველოდებით „გოდერძი რიზორტის“ დასკვნას გასულ წელს გაწეულ საქმიანობაზე“, – ამ ფრაზით შემოიფარგლა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხი, რომელიც უწყების პრესსამსახურმა გადმოგვცა.
„ამ კომპანიამ ტენდერი 2014 წელს მოიგო დაახლოებით მილიონი ლარის სამუშაოებზე და მოაწყო საკანალიზაციო სისტემა გოდერძის კურორტზე.
პირგასამტხელო 20 ათასი ლარი „მედმშენს“ მას შემდეგ დააკისრეს, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა დაირღვა. კომპანიამ დაასაბუთა, რომ დარღვევა უგზოობამ განაპირობა: იმ დროს არსებული ერთადერთი ხიდი სხვა კომპანიამ დაანგრია, რომელმაც ასევე ტენდერი მოიგო გზის მოწესრიგებაზე. „გოდერძი რიზორტის“ წარმომადგენელს სასამართლოსთვისაც არ დაუმალავს, რომ მათ ზიანი ამით არ მიდგომიათ, რადგან სეზონის გახსნა 2015 წლის ზამთარში არ იგეგმებოდა“, – გვიყვება ირაკლი ჯაფარიძე, შპს „მედმშენის“ ადვოკატი.
ადვოკატის თქმით, მისმა პატარა იურიდიული მომსახურების ბიურომ ბოლო პერიოდში სამი სარჩელი მოამზადა, სადაც ბიზნესმენები სხვადასხვა საჯარო დაწესებულებას უსაფუძვლო გამდიდრებას ედავებიან.
სასამართლო დავებიდან, სადაც სახელმწიფო უწყებას უსაფუძვლო გამდიდრებას ედავებიან, ადვოკატ ირაკლი ჯაფარიძეს შთაბეჭდილება რჩება, რომ ჩინოვნიკებს რაღაც აშინებთ: „როგორც კი ირღვევა ხელშეკრულების გარკვეული პირობა, მაშინვე იყენებენ პირგასამტეხლოს. არ აანალიზებენ რა ზიანა მიადგათ რეალურად და როგორ შეიძლება სასამართლო დავამ დააზარალოს ორივე მხარე“.
რატომ არ რეაგირებს აჭარის მთავრობა უსაფუძვლო გამდიდრებაში მხილებულ უწყებებზე, რომლებიც მას ექვემდებარება? – „ბათუმელებს“ ამ შეკითხვაზე აჭარის მთავრობიდან არავინ უპასუხა.
220-კილოვოლტიანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის -„ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, აჭარის ტერიტორიაზე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 554 ძირი მცენარე მოიჭრება.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს:
ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 206 ინდივიდი; კაკლის ხე ( Juglans regia L) – 26 ინდივიდი; კოლხური მუხა (Quercus hartwissiana Stev)- 320 ინდივიდი; უთხოვარი (Taxus baccata L.) – 1 ინდივიდი; მცირენაყოფიანი ბალამწარა (Cerasus microcarpa C. A. Meyer) – 1 ინდივიდი.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ვალდებულია: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებისათვის დაგეგმილი ვადების შესახებ; ამასთან, მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.
„წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს.
200 ბათუმელ სტუდენტს ქალაქის მერია ერთი თვის მანძილზე დაასაქმებს. თითოეული, კანონით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, 400 ლარს მიიღებს. პროგრამაში მოსახვედრად განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 20 ივნისამდე გაგრძელდება. სად დასაქმდებიან სტუდენტები?
“სტუდენტური საზაფხულო დასაქმების” პროგრამის ბიუჯეტი წელს 85 000 ლარია. ამ პროგრამას ბათუმის მერია უკვე შვიდი წელია ახორციელებს და წლების განმავლობაში იცვლებოდა როგორც ბენეფიციართა კრიტერიუმები, ისე სამუშაოთა სახეობები.
წელს პროგრამის ფარგლებში 200 სტუდენტი დასაქმდება, ამ რიცხვზე მერიაში შარშანდელი სტატისტიკის შედეგად შეჯერდნენ. როგორც მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების ხელმძღვანელი ია შალამბერიძე ამბობს, 2015 წელს კონკურსი არ ჩატარებულა, მათთან სულ 250 განაცხადი შევიდა და ყველა დააკმაყოფილეს. თუმცა, როგორც მონიტორინგის საფუძველზე დადგინდა, დასაქმებულ სტუდენტთაგან რამდენიმემ არ შეასრულა სამუშაო – ანაზღაურებაც მხოლოდ 235-მა სტუდენტმა მიიღო.
სტუდენტები წელსაც მერიის სტრუქტურულ ერთეულებსა და მერიის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმდებიან.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილებაში გვითხრეს, მათ ბაზრის კვლევა ჩაატარეს და განსაზღვრულია, თუ სად რამდენი რესურსია საჭირო. თუმცა, მუნიციპალურ ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ეს საკითხი ჯერ მათთან არ არის დაზუსტებული.
შპს “ავტოტრანსპორტის” დირექტორი პაატა დუმბაძე ამბობს, რომ მერია თავად ანაწილებს სტუდენტებს აიპიებსა და შპს-ებში, ამიტომ წელს რამდენ სტუდენტს მიიღებენ ზუსტად – ჯერ არ იციან. “როგორც წესი, სტუდენტების თითქმის ნახევარი ჩვენთან მოდის. შარშან 50-ზე მეტი სტუდენტი იყო ჩვენთან, ძირითადად კონტროლის ჯგუფში, ასევე საგზაო მოძრაობის კონტროლის განყოფილებაში. “ბათუმველოში” დავასაქმეთ უცხო ენის მცოდნე სტუდენტები, ექსპლუატაცია-საოპერაციო განყოფილებაშიც, სადაც ავტობუსების გრაფიკების შედგენა-გაშვება ევალებოდათ”.
კითხვაზე, თუ რა რესურსი სჭირდება ამ ეტაპზე მათ ორგანიზაციას, პაატა დუმბაძე პასუხობს: “ჩვენ გვაქვს მერიის მიერ დამტკიცებული საშტატო ერთეული იმისთვის, რომ ნორმალურად ვიფუნქციონიროთ. ეს ერთთვიანი დასაქმება იმ სტუდენტებისთვისაა, რომლებიც იღებენ პრაქტიკას და გამოცდილებას, ვიდრე ჩვენთვის”.
მისივე თქმით, ყველაზე ეფექტურად სტუდენტების რესურსს მარკეტინგის განყოფილებაში იყენებენ, სადაც სპეციალურად შედგენილი კითხვარით, სტუდენტები კვლევებს/გამოკითხვებს ატარებენ. “თუ კვლევა ორ თვეში უნდა გაგვეკეთებინა, სტუდენტების ჭარბი რაოდენობა გვეხმარება იმაში, რომ ეს პროცესი უფრო ადრე დავასრულოთ,” – ამბობს პაატა დუმბაძე.
კიდევ ერთი ორგანიზაცია, სადაც ზაფხულში სტუდენტები დასაქმდებიან, ბათუმის ბოტანიკური ბაღია, რომელიც ასევე ყოველ წელს მონაწილეობს ამ პროგრამაში.
|ჩვენ მზად ვართ, ჩავრთოთ სტუდენტები, მაგრამ, ჯერჯერობით, არ გვაქვს შესაბამისი ინფორმაცია, არც მერიიდან და არც უნივერსიტეტიდან. სტუდენტები, ძირითადად, მცენარეთა მოვლა-პატრონობით სამუშაოებს ასრულებენ ჩვენთან”, – ამბობს ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე ბიძინა ფერცელიძე.
ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ჯერ არ იციან ასეთი სამუშაოებისთვის რამდენი სტუდენტი სჭირდებათ. “ჩვენთან ახალი ხელმძღვანელობაც არის, ამიტომ შარშანდელი მონაცემებით ვერ გიპასუხებთ ამ საკითხზე,” – ამბობს ბიძინა ფერცელიძე.
“წელს იყო ლაპარაკი, მაგრამ, ჯერჯერობით, არაფერი არ არის გადაწყვეტილი,” – ამბობს ა(ა)იპ ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორი ჯონი საბაშვილი. აქ სტუდენტები, ძირითადად, საორგანიზაციო საკითხებში ეხმარებიან პერსონალს – სტუმრების დახვედრა, გაცილება, კულისებში საკონცერტო რეკვიზიტების ჩაბარება და ა.შ. წელს ცენტრში სტუდენტების საჭირო რაოდენობა იმ ღონისძიებების რაოდენობაზეა დამოკიდებული, რაც ზაფხულში უნდა ჩატარდეს. თუ ბევრი ღონისძიება გვექნება, 10 სტუდენტის რესურსი არაფერია ჩვენთვის გამოსაყენებლად, – ამბობს ჯონი საბაშვილი.
ბათუმის დელფინარიუმში კი გვითხრეს, რომ წელს ისინი 20 სტუდენტის დასაქმებას გეგმავენ: “მოთხოვნა გვაქვს 20 სტუდენტზე, ივლისში – 10 და აგვისტოში – 10. ძირითადად კაპედილერის პოზიციებზე. ტურისტული ნაკადი დიდია მთელი დღის განმავლობაში, მათ ევალებათ სტუმრებისთვის ადგილების მითითება და ა.შ.” – ამბობს დელფინარიუმის დირექტორი დავით ლეკვეიშვილი.
გარდა ამისა, სტუდენტები ასევე დასაქმდებიან ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოში, შპს “წყალკანალში”, “სანდასუფთავებაში”, ასევე მერიის სპორტულ განყოფილებაში და სპორტულ-ახალგაზრდულ ცენტრში (ყინულის სასახლეში).
პროგრამით მხოლოდ ბათუმში რეგისტრირებული სტუდენტები ისარგებლებენ. მსგავსი პროგრამები მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტებისთვის არ მუშაობს. „ერთი პერიოდი პროგრამაში ხვდებოდნენ არა მარტო ბათუმში დასახლებული, არამედ ბათუმში ვინც სწავლობდნენ ის პირებიც, ეს ძალიან დიდი კონტინგენტი იყო. ბოლო ორი წელია მხოლოდ ბათუმში რეგისტრირებულ სტუდენტებს ვიღებთ – არ არის მოზღვავებული ტალღა,” – განმარტავს სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი ია შალამბერიძე.
პროგრამაში შესაძლოა მოხვდნენ ის სტუდენტებიც, რომლებიც ბათუმში არიან რეგისტრირებული, მაგრამ სხვა ქალაქებში სწავლობენ. პრიორიტეტი სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახს მიკუთვნებულ, მზრუნველობამოკლებულ სტუდენტებს მიენიჭებათ, ასევე სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულის ან გარდაცვლილად გამოცხადებულის, ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირის შვილები არიან; სტუდენტებს, რომლებიც აქტიურ მოხალისეებად იყვნენ ჩართული მუნიციპალიტეტის მიერ ინიცირებულ პროგრამებში (ეკოლოგიის, გამწვანების, გაწმენდით და სხვა მოხალისეობრივ აქტივობებში) და ასევე მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს, რომელთა საშუალო ქულა 81-ს შედგენს.
ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართვის მსურველთა 40 განცხადებაა შესული. ია შალამბერიძე: “ზოგმა ხარვეზით შემოიტანა განაცხადი. თუ პრობლემები ექნებათ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით და კონტინგენტი არ შეივსება, არ გამოვრიცხავთ, რომ ვადა გადაიწიოს”.
14 ივნისს, საღამოს, ხელვაჩაურიდან 20-ზე მეტი ადამიანი ინტოქსიკაციის შედეგად ბათუმის საავადმყოფოებში გადმოიყვანეს. ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ მათ დაახლოებით 20 ადამიანი გადმოიყვანეს ბავშვთა და რეფერალურ საავადმყოფოებში.
“დაახლოებით საათნახევრის წინ მოხდა, ხელვაჩაურიდან, სატეხიას უბნიდან გადმოვიყვანეთ ადამიანები,” – აღნიშნეს ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სადგურში. ექიმების ინფორმაციით, მოწამლულებს ძირითადად ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნებათ: ადინამია, თავბრუხვევა, სუნთქვის გაძნელება და მოწამვლის სხვა ნიშნები.
“ბათუმელები” აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს დაუკავშირდა. ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის თქმით, სამ სამედიცინო დაწესებულებას 23-მა პაციენტმა მიმართა, აქედან 11 ბავშვია. ინტოქსიკაციის მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა გამოირიცხა საკვებისმიერი მოწამვლვა. ნინო ნიჟარაძის თქმით მოწამლულების მდგომარეობა ამჟამად საშუალო სიმძიმისაა და ინტოქსიკაციის მიზეზებს ეპიდსამსახური და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები სწავლობენ.
ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორი და ყოფილი რექტორი ალეკო ბაკურიძე, რომელსაც სამეცნიერო მუშაობისთვის დრო არასდროს ჰყოფნიდა, პოლიტიკაში მიდის. პარტიის „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელ ყრილობაზე პაატა ბურჭულაძემ ის თავის გუნდში მოიხსენია. რას ჰპირდება ალეკო ბაკურიძე ამომრჩეველს, თუ მას ბათუმის მაჟორიტარობას შესთავაზებენ?
ბატონო ალეკო, თქვენ ყოველთვის ამბობდით, რომ დრო არ გყოფნიდათ სამეცნიერო მუშაობისთვის, როცა იყავით ბსუ-ს რექტორი. რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა?
ისევ პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, მთელი ჩემი ცხოვრება განათლების სფეროში და ჯანდაცვის სისტემაში ვარ.
ანუ ამ საქმიანობას პოლიტიკა დასჭირდა?
თქვენ წარმოიდგინეთ, რომ სწორედ სამეცნიერო საქმიანობას სჭირდება პოლიტიკა, რადგან ამ სფეროს სათანადო ხელშეწყობა არ აქვს. მხოლოდ ჩემზე არ არის აქ საუბარი, ზოგადად, მეცნიერება საქართველოში არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისად. ადამიანური რესურსი, ინტელექტუალური, არის მაღალი დონის. სამწუხაროდ, საქართველოში არც ექსპერიმენტებისათვის არის შესაბამისი, თანამედროვე ბაზა. რაც არის, ისიც ძალიან მწირია. ჩემი იდეების ხორცშესხმას ძირითად შემთხვევაში ვახორციელებ უცხოეთში მუშაობით. საქართველოში ეს, ალბათ, უნდა დამთავრდეს.
ამის დასამთავრებლად თქვენ პოლიტიკოსის რანგიდან რის გაკეთებას გეგმავთ?
საჭიროა სამეცნიერო საქმიანობის კოორდინირება. პრიორიტეტები უნდა იყოს გამოკვეთილი _ ქვეყნის, რეგიონის, გლობალური პრობლემები. მეცნიერება ბაზისურად უნდა ფინანსდებოდეს. დღეს, ძირითადად, დაფინანსების მოპოვება შეიძლება საგრანტო წესით, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ვიდრე განაცხადს წარადგენდე, ამისათვის საბაზო მონაცემები, კვლევები უნდა გქონდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გრანტზე განაცხადის შეტანას აზრი არ აქვს. ჩვენს ქვეყანას არ აქვს ისეთი ეკონომიკა, რომ ყველა სახის აპარატურა, შესაბამისი აღჭურვილობა შეუსყიდოს უნივერსიტეტს, მაგრამ შესაძლებელია, ქვეყანაში რეგიონების მიხედვით ჩამოყალიბდეს ტექნოპარკები, სადაც დაინტერესებული მეცნიერები კვლევებს ჩაატარებენ.
ამ პრობლემებზე მანამდე რატომ არ საუბრობდით, მოგვარების რესურსს ვერ ხედავდით და ახლა გადაწყვიტეთ, რომ პარტიასთან ერთად ამას თავად შეძლებთ?
არ უარვყოფ, რომ ნამდვილად ბევრი მნიშვნელოვანი და სასიკეთო საქმე გაკეთდა, როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვის მიმართულებით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რაც შეეხება პრობლემის გადაჭრას, ეს ჩემს დონეზე გასაკეთებელი საქმე არ იყო. ეს უნდა იყოს ქვეყნის ხედვა მეცნიერების განვითარებასთან დაკავშირებით. კონცეფცია უნდა არსებობდეს. რა თქმა უნდა, იყო ფრაგმენტული ხასიათის ხელშეწყობა, მაგრამ ასეთი ერთჯერადი დახმარებით, ბუნებრივია, საკითხი ვერ მოგვარდება.
თქვენ გაქვთ პირობა, რომ ბურჭულაძის პარტია გააკეთებს ამას თქვენთან ერთად, თუ თქვენ გინდათ პარლამენტარის ტრიბუნიდან ისაუბროთ ამ საჭიროებების მნიშვნელობაზე?
მე ამ ეტაპზე ვარ პარტიის მხარდამჭერი და არა წევრი, წევრობასა და პარლამენტში კენჭისყრაზე შემოთავაზება არ მქონია. ამაზე თავად ბატონი პაატა გამოაცხადებს. მე რაც ამ პარტიაში დავინახე არის ის, რომ აქ არის პროფესიონალების გუნდი, არის საქმის კეთების დიდი სურვილი. ისინი მოდიან პოლიტიკაში არა შურისძიების მიზნით, არა აგრესიით, არამედ ჰუმანური პრინციპებით; მოდიან არა საზოგადოების დაყოფის, არამედ გაერთიანებისთვის. მათ საზოგადოების გაერთიანების დიდი გამოცდილება აქვთ, ვგულისხმობ მათ მიერ განხორციელებულ სოციალურ პროექტებს.
თუმცა ამ პარტიის ირგვლივ შეკრებილი ადამიანები არ მოდიან პოლიტიკიდან, არ აქვთ მათ ამ მიმართულებით გამოცდილება. გჯერათ, რომ ისინი შეძლებენ იმ იდეების განხორციელებას, რაზეც თქვენ საუბრობდით?
გამოცდილებით ვინც მოვიდა, რა მოიტანეს, გასულმა წლებმა აჩვენა. რაც შეეხება პოლიტიკას. პოლიტიკა სამშობლოსა და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა და საქმის კეთებაა. საქმის გამკეთებელი კი არის პროფესიონალი. მე ჩემს სფეროში, სხვა – სხვა სფეროში და ასე შემდეგ. პოლიტიკაში მთავარი ამოსავალი არის ქვეყნის სიყვარული.
უკვე მითხარით, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი იქნებით თუ არა სიაში. დათანხმდებით ბათუმის მაჟრიტარობას შემოთავაზების შემთხვევაში?
მე ვერ გეტყვით, ვიქნები თუ არა და თუ ვიქნები, საიდან წარმადგენენ, თუმცაღა აჭარა არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი კუთხე. მოგეხსენებათ, მე აქ დავიბადე და გავიზარდე. აჭარამ მომცა ყველაფერი ის, რაც გამაჩნია. თუმცა მნიშვნელობა ნამდვილად არა აქვს ჩემთვის, საიდან ვიქნები წარდგენილი. ბუნებრივია, მე უარს არ ვიტყვი.
გაქვთ თუ არა პარტიის დაფინანსების წყაროებზე ინფორმაცია. მედიაში წერენ, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტად მოიაზრება – ბურჭულაძეს ამ პარტიის ფინანსური მხარდაჭერა აქვს.
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ პარტია არავის სატელიტი არ არის, მოდის დამოუკიდებლად. რაც შეეხება თანამშრომლობას, პარტია თანამშრომლობს ყველა იმ ადამიანთან, ვისაც უნდა საქმის კეთება. ადამიანების დაყოფა ჩემთვის და მგონი ყველასთვის, მიუღებელია. ესენი იყვნენ შევარდნაძის მომხრეები, სააკაშვილის მომხრეები, ესენი არიან „ოცნების“ მომხრეები – ჩემთვის ამდაგვარი დაყოფა მიუღებელია, რადგან ყველა საქართველოს მოქალაქეა, ყველას შესტკივა გული თავის სამშობლოზე. ვისაც აქვს საქმის კეთების სურვილი, ყველა უნდა გაერთიანდეს. რაც შეეხება დაფინანსებას, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, თუმცა მე ვიცი, რომ პარტია ფინანსდება შემოწირულობებით.
პაატა ბურჭულაძე გამოსვლებისას ხშირად ახსენებს პატრიარქს, ხაზს უსვამს მასთან სიახლოვეს. კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ყოფილი ტენორი და უკვე პოლიტიკოსი პაატა ბურჭულაძე ამას ამომრჩევლის გულის მოსაგებად აკეთებს. ეს მისი მხრიდან სწორად მიგაჩნიათ?
პატრიარქის ხსენება და საუბარი სარწმუნოებასთან მიმართებაში პარტიასთან კავშირში არ არის. ყველა ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანს ეამაყება პატრიარქი და მას ყველა ახსენებს იქ, სადაც ამის საჭიროება არის. რაც შეეხება პატრიარქის ხსენებას ამომრჩევლის გულის მოსაგებად, ამის საჭიროება, ალბათ, აქვს იმას, ვისაც არ განუხორციელებია სოციალური პროექტები და არ დახმარებია გაჭირვებულ ადამიანებს. ბატონ პაატას ამის საჭიროება ნამდვილად არ აქვს.
ბურჭულაძე ამბობს, რომ პარტიის კურსი პროდასავლურია, ანუ პარტია აღიარებს დასავლურ ფასეულობებს?
დიახ, პარტიის კურსი არის მკვეთრად გამოხატული დასავლური.
ადამიანს, რომელიც ურნიდან საკვებს ან ნივთებს აგროვებს, არც თუ იშვიათად დაინახავთ ქუჩაში. გამვლელები უმეტესად თვალს არიდებენ ამ პროცესს, თუმცა მათი დახმარება ყველას შეგვიძლია, თუნდაც ნაგვის გადაყრამდე ნარჩენების დახარისხებით. „იმისთვის, რომ ამ ადამიანებს დამატებით ქექვა არ მოუწიოთ სარჩოს ძიებაში, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სხვა მოქალაქეების მიერ გადაყრილი ტანსაცმელი თუ საჭმლად ვარგისი საკვები, არ აირიოს სიბინძურეში და შეძლებისდაგვარად ცალკე, გამოყოფილად დაიდოს“, – ამბობს 25 წლის ბათუმელი ლაშა ქამადაძე, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ თავის მეგობართან, ლევან დევაძესთან ერთად საქველმოქმედო მოძრაობა წამოიწყო და უკვე ორ ოჯახს მოუგროვეს საჭირო ნივთები.
ედო მჟავანაძის ფოტო
ლაშა ამბობს, რომ გამოსაყენებლად ვარგისი ნივთებისა და საკვების გადაყრამდე დახარისხება იმიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებს, რომლებიც ურნებში ეძებენ სარჩოს, მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნიათ და მათთან დასახმარებლად დაკონტაქტება არ არის ადვილი.
ლაშასა და ლევანის მიზანი იმ მიუსაფარი ადამიანების დახმარება, რომლებსაც საკვები ესაჭიროებათ.
„ვაგროვებთ უმეტესად სურსათს, თუმცა ყველა ვერ ახერხებს კონკრეტულად საკვების მოგროვებას, ზოგი მეგობარი ფულს გვაძლევს, ზოგი – ტანსაცმელს, ბავშვებისთვის სათამაშოებს… მიგვაქვს ყველაფერი, რასაც გაიღებს ხალხი, უცნობები თუ ნაცნობები,“ – ამბობს ის. მათ, ვისაც ლევანისა და ლაშას წამოწყებისთვის მხარდაჭერა სურთ, უნდა გაითვალისწინონ, რომ საკვები არ უნდა იყოს მზა და მალფუჭებადი. უმჯობესია, მაგალითად: ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, კარტოფილი და ა.შ.
კიდევ ერთი სახის დახმარება, რასაც ბიჭები დიდი სიამოვნებით მიიღებენ, მოგროვებული სანოვაგის დანიშნულების ადგილებამდე ტრანსპორტირებაა. „ლევანს ფოლცვაგენის მარკის მანქანა აქვს და ქალაქში სადაც ასფალტია, იმით დავდივართ, მაგრამ, როდესაც სოფელში მოგვიწია ასვლა, იქ სხვა ტიპის მანქანა დაგვჭირდა და ბიძაჩემმა მათხოვა. ასეთი ფორმით დახმარების სურვილიც თუ ექნება ვინმეს, სიამოვნებით მივიღებთ,“ – ამბობს ის.
ლაშასა და ლევანის ინიციატივა მათი მეგობრის, თბილისელი აკა სინჯიკაშვილის საქველმოქმედო კამპანიის გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც წლებია საქართველოს მასშტაბით ბევრი ადამიანი დაპურდა.
ბოლო თვეებია აკა სინჯიკაშვილი პერიოდულად, ღამღამობით, საკუთარი ავტომობილით, ტაქსის მძღოლად მუშაობს და შეგროვებული თანხით შეჭირვებული ადამიანებისთვის ყიდულობს საკვებს.
„მარტივად არის ყველაფერი, როცა შევხედე, რომ ადამიანებზე არ ზრუნავს არავინ, ხშირ შემთხვევაში მეზობელი და ნათესავიც კი, გადავწყვიტე შემეხსენებინა მოქალაქეებისთვის, რომ ამ ქვეყანაში მარტო თვითონ არ ცხოვრობენ, რომ არსებობენ სხვა ადამიანებიც, ვისაც სჭირდება დახმარება. არავის უნდა დაეზაროს გარეთ გამოვიდეს და მშიერს რომ დაინახავს, გვერდით კი არ ჩაუაროს, ლარი თუ აქვს ჯიბეში, პური იყიდოს და ის მაინც მისცეს,“ – ამბობს აკა.
დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებს ლაშა და ლევანი მედიისა და მეგობრების საშუალებით ეძებენ, ადგილზე მიდიან, საჭიროებებზე ესაუბრებიან, შემდეგ კი ფეისბუქში წერენ, თუ ვისთვის რას აგროვებენ. ბიჭებთან დაკავშირება შესაძლებელია მათ ფეისბუქგვერდებსა და ტელეფონის ნომრებზე. [მობ: 557 907 855; 599 042 392]
„გვაქვს ასევე საბანკო ანგარიშის ნომერიც… შეგვიძლია პირადად შევხვდეთ ამ ადამიანებს, არანაირი პრობლემა არ არის, მთავარია ინიციატივა იყოს მოქალაქეებისგან,“ – ამბობს ლაშა.
ლაშა და ლევანიორი კვირის განმავლობაში ახალგაზრდებმა ქობულეთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები ქალბატონ ნაირასთვის და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ხეყრუში მცხოვრები ხოზრევანიძეების მრავალშვილიანი ოჯახისთვის მოაგროვეს სანოვაგე. ახლა გურიაში, სოფელ სუფსაში მოხუცი ცოლ-ქმრისა და მათი ორი ობოლი შვილიშვილის დასახმარებლად ემზადებიან. „არ გვინდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ბათუმითა და აჭარის რეგიონით, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ამ ეტაპზე ჩვენი ტრანსპორტით უღელტეხილების გადაკვეთას ვერ ვბედავთ, თავიდანვე განვსაზღვრეთ, რომ ადამიანებს დავეხმარებით ქუთაისამდე, ანუ იქამდე, სადამდეც ამ ეტაპზე მიგვიწვდება ხელი და ხმა,“ – ამბობს ლაშა ქამადაძე.
ქველმოქმედებისა და მიუსაფარი ადამიანების დახმარების სურვილი და ინიციატივა ახალგაზრდებისგან ახალი არ არის ბათუმში. ბათუმელი ედო მჟავანაძე რამდენიმე წელია სხვადასხვა აქციის ორგანიზატორია. იგი ამბობს, რომ წლების წინ ქობულეთში მცხოვრები მარტოხელა ქალის დასახმარებლად სხვადასხვა ორგანიზაციისგან გამოხმაურების ლოდინში ქალი გაიყინა და გარდაიცვალა. მას შემდეგ ედო თავისით აწარმოებს ასეთი ადამიანების სიას და ყოველ ზამთარს მათთვის თბილ ტანსაცმელს აგროვებს.
„წელს ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, რაც აქამდე არასოდეს მქონია… იმდენად ბევრს ციოდა და იმდენი ხალხი მოვიდა თბილი ტანსაცმლისთვის, რომ ვიღაცებისთვის უარის თქმა მომიწია, ამდენი ტანსაცმელი აღარ იყო,“ – ამბობს ედო. მისივე განმარტებით, საჭიროების მქონე ადამიანები ტანსაცმელებში ყველაზე ხშირად ფეხსაცმელს ეძებენ, თუმცა იშვიათად პოულობენ. ასევე მნიშვნელოვანია ზაფხულის ტანსაცმელიც.
„რამდენჯერ შემხვედრია ადამიანები, რომლებიც 33 გრადუს სიცხეში გრძელსახელოიანი სვიტერებით დადიან. ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს, რომ მისი ერთი და ორი საზაფხულო მაისური არ არის საკმარისი, რეალურად კი ასეთი „პატარა“ ქველმოქმედებით დგება შედეგი,“ – ამბობს ედო.
2016 წლის თებერვალში ფრანგული სენატის მიერ ერთხმად იქნა მიღებული კანონი, რომელიც სუპერმარკეტებს უკრძალავს გაუყიდავი პროდუქციის გადაყრას ან გაფუჭებას. მაღაზიები ვალდებული არიან, არასაჭირო საკვები ქველმოქმედებაში გასცენ ან ჩააბარონ საკვების ბანკში. მაღაზიებში გაფუჭებული და ვადაგასული პროდუქტის პრობლემა საქართველოშიც აქტუალურია, თუმცა ასეთი პრაქტიკა საქართველოში ვერც მოხალისეობის დონეზე დამკვიდრდა.
დაახლოებით ორი თვის წინ საჭიროების მქონე ადამიანების დაპურების მიზნით ბათუმში, ფარნავაზ მეფის #138-ში და სელიმ ხიმშიაშვილის #15/17-ში „სოციალური მაცივრები“ დაიდგა. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივა მოქალაქეებმა მოიწონეს, მაცივრების თაროებზე საკვებს იშვიათად ნახავთ. ტექნიკური ხარვეზების გამო ხიმშიაშვილის ქუჩაზე განთავსებული მაცივარი დროებით აიღეს. იდეის ინიციატორის – უძრავი ქონების მართვის კომპანიის „ბრავო ჯგუფის“ ინფორმაციით, სოციალურ მაცივარში პროდუქტებს ძირითადად ჩვეულებრივი მოქალაქეები ტოვებდნენ.
„რომ გითხრათ, რომ მაცივარი ყოველ დღე სავსე იყო სანოვაგით, მოგატყუებთ. თუმცა, ისეც არ ყოფილა, რომ საერთოდ არაფერი მოეტანათ. ერთ თაროზე მეტი არ გავსებულა. ვფიქრობ, ნელ-ნელა ჩვენი საზოგადოება ეჩვევა იმას, რომ სხვებისაც გაუნაწილოს საკვები. ყველაზე დიდი ხიბლი სწორედ ის იყო, რომ საკვები სწორედ მოსახლეობას, მოქალაქეებს მოჰქონდათ და არა რესტორნებს, ბიზნესმენებს,“ – ამბობს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან ჯიქია. სოციალური მაცივარი სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, რამდენიმე დღეში კვლავ დაბრუნდება.
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დაასრულა ბათუმის თოჯინების და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დირექტორის, მედეა ჩარკვიანის საქმის განხილვა. მედეა ჩარკვიანს პროკურატურა სახელმწიფო ქონების მითვისებას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. დავის საგანი თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა, სადაც გამოძიების მტკიცებით, სახელმწიფოს 86 663 ლარის ზარალი მიადგა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მედეა ჩარკვიანი ნაწილობრივ გაამართლა. ის უდანაშაულოდ იქნა ცნობილი თანხის მითვისების ნაწილში. „რაც შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ეს მუხლი მოსმართლე დავით მამისეიშვილმა გადააკვალიფიცირა სამსახურებრივი გულგრილობით. ამ ნაწილში მედეა ჩარკვიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ თეატრის მმართველს უნდა გაეფრთხილებია ბანკი და არ უნდა ჩარიცხვოდა თანხა სამუშაოების სრულ დასრულებამდე კომპანიას, ვინც სამუშაობს თეატრში აწარმოებდა. მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მედეა ჩარკვიანს არ უნდა შეეზღუდოს საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება და ის, როგორც ადამიანური რესურსი, მნიშვნელოვანია თეატრისთვის” – უთხრა “ბათუმელებს” ჯემალ კიკნაძემ, მედეა ჩარკვიანის ადვოკატმა.
მედეა ჩარკვიანი სამსახურებრივი გულგრილობისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა. გაასაჩივრებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას რომელიმე მხარე, ჯერ უცნობია. მედეა ჩარკვიანმა გვითხრა, რომ მას ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.
მედეა ჩარკვიანის გარდა, ამავე საქმეზე პროკურატურა ედავებოდა თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის “თექ-ევ ინშაათის” დირექტორს, ჰალილ ექშის, ტექნიკურ დირექტორს გიორგი ოდიშვილს და სამუშაოთა ზედამხედველს ილია ზაქარიაძეს. ჰალილ ექშის მოსამართლე დავით მამისეიშვილმა წელიწადი და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ის დღემდე იძებნება. სასამართლომ სრულად გაამართლა გიორგი ოდიშვილი, ხოლო ტექნიკური ზედამხედველი ილია ზაქარიაძე 1000 ლარით დაჯარიმდა.
გამოძიების მასალების მიხედვით, შპს ,,თექ-ევ ინშაათს“ სსიპ ,,ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრისათვის“ უნდა შეესრულებინა თეატრის შენობის 1 163 226,28 ლარის ღირებულების სარეკონსტრუქციო – სარემონტო სამუშაოები. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული კომპანიის მიერ არ იქნა მოწყობილი თეატრის განათების, გახმოვანებისა და კონდიცირების სისტემები. მიუხედავად ამისა, ყალბი სამუშაოთა აქტების ფორმა N2 საფუძველზე სამუშაოები შესრულებულად იქნა მიღებული.
„პროტესტი მათი უფლებაა და თუ სურვილი აქვთ, ბრძანდებოდნენ იქ. მე მათ თავიდან ბოლომდე გავაცანი ის პროცედურა, რასაც კომისია დღეის მდგომარეობით გადის. პრაქტიკულად დასასრულის პირას ვართ მისულები“, – განაცხადა ლევან კინწურაშვილმა, ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ.
ის საკრებულოს შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა, სადაც გონიოელები საკრებულოსგან პასუხს ითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ლევან კინწურაშვილი მიმდინარე წლის 2 მარტს დაჰპირდა კომისიური წესით განცხადებების შესწავლას და იმის დადგენას, სამართლიანად ჩამოართვეს თუ არა მათ მიწის ნაკვეთები 2010 წელს. ლევან კინწურაშვილი, რომელიც ამავდროულად საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეა, განმარტავს, რომ კომისიის წევრები ამ დროისთვის კონკრეტულ ოქმებს ეცნობიან და კომისია მათ მოსაზრებებსა და შეხედულებებს ელოდება.
„ხვალ ჩანიშნული გვაქვს 11 საათზე კომისიის სხდომა და აქ წარმოდგენილი იქნება ეს მოსაზრებები. ვიმსჯელებთ და თუკი გასათვალისწინებელი იქნება, ბუნებრივია, გავითვალისწინებთ და შესაბამისად დავაკორექტირებთ არსებულ ოქმს. ამის შემდეგ კიდევ ერთ კომისიის სხდომას ჩავნიშნავთ და შესაბამისად ამ ოქმსაც მოვაწერთ ხელს. სავარაუდოდ ორი-სამი დღე დასჭირდება ამას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ამ მიწებს საკუთრებაში მიიღებენ. ეს მისცემს მათ საშუალებას, რომ ინდივიდუალურად განახორციელონ ქონების რეგისტრაცია, ან ჩვენგან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მიმართონ სასამართლოს”, – განმარტავს ლევან კინწურაშვილი.
„ბათუმელების“ შეკითხვას, რა პასუხი მიიღო ბათუმის საკრებულომ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან, ვისაც ამჟამად ქონება ეკუთვნის, ლევან კინწურაშვილმა თქვა, რომ აღარ ელოდებიან სააგენტოს პოზიციას.
მიმდინარე წლის 2 მარტს, როცა მორიგი საპროტესტო აქციის შემდეგ ლევან კინწურაშვილი გონიოლებს შეხვდა, თქვა, რომ პრობლემა იყო ქონების მართვის სააგენტოსთან კომუნიკაცია და შესაძლებელი იყო ამ მიწებს სტრატეგიული დანიშნულების სტატუსი მინიჭებოდა. ამ შემთხვევაში, გონიოელები კომპენსაციას მიიღებდნენ, ან ალტერნატიულ მიწის ფართობებს.
ლევან კინწურაშვილს დღესაც მოუსმინეს გონიოელებმა. ისინი საპროტესტო აქციის შეწყვეტას არ აპირებენ. დღეს დილიდან საკრებულოს შენობასთან რამდენიმე გონიოელმა ლეიბი დააგო და განაცხადა, რომ ვიდრე გონიოს მიწებზე საკრებულოს გადაწყვეტილებას არ მიიღებს, არ დაიშლებიან.
Maroon 5-ის კონცერტთან დაკავშირებით, რომელიც ბათუმში 7 ივნისს გაიმართა, ბათუმს განსაკუთრებით ბევრი ტურისტი ესტუმრა. როგორ დახვდა ქალაქი ტურისტებს და რა პრობლემები გამოიკვეთა, ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელები“ აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსს, სოფიკო გუჯაბიძეს ესაუბრა.
ქალბატონო სოფიკო, რამდენი ტურისტი მიიღო ბათუმმა Maroon 5-ის კონცერტის დღეებში?
ჩვენ შეგვიძლია გაყიდული ბილეთების რაოდენობით ვიმსჯელოთ. ინფორმაციით, რომელიც კონცერტის ორგანიზატორებისგან – კულტურის სამინისტროსგან გვაქვს, დაახლოებით 31 000 ბილეთი გაიყიდა ამ კონცერტზე. ამასთან, მეორე დღეს ქალაქში იყო ისეთი დიდი ღონისძიება, როგორიც იყო გარემოს მინისტერიალი, მე-8 საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც 56-მდე ქვეყნის 800-მდე დელეგატი იმყოფებოდა რეგიონში.
რა ღონისძიებები გატარდა ტურისტების ასეთი დიდი ნაკადის დასახვედრად?
ის, რომ წელს ტურისტული სეზონი ბევრად უფრო ადრე დაიწყებოდა და იქნებოდა ბევრად უფრო დიდი ნაკადი, არაერთხელ ითქვა, როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინტერვიუებში, რომელიც მუდმივად რეგიონალურ არხებზე შუქდებოდა, ასევე ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ არაერთ ღონისძიებაზე. ტურიზმის დეპარტამენტი, რომელიც არის უშუალოდ ამ რგოლზე – ტურიზმის მიმართულებაზე პასუხისმგებელი ორგანო, ატარებს მუდმივ შეხვედრებს კერძო სექტორთან. მათ აქვთ სპეციალური გადამზადების საკონსულტაციო/ტრენინგ ცენტრი, რომელმაც მხოლოდ წელს, იანვრიდან სეზონის დაწყებამდე პერიოდში ორასამდე მომსახურე პერსონალი გადაამზადა. რაც გულისხმობს სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგებს, როგორიც არის მიმტანების, ასევე სასტუმრო სახლების მეპატრონეების, საშუალო რგოლის მენეჯერების და ა.შ. ამას ტურიზმის დეპარტამენტი ყოველწლიურად ახორციელებს.
თუმცა, მიუხედავად ამისა, გვაქვს ხარვეზები და არ გვაქვს იდეალური მდგომარეობა, მაგრამ თუკი შევადარებთ გასულ წლებს ტურიზმის დეპარტამენტის კვლევების მიხედვით – სერვისის ხარისხის დონე რეგიონში შეფასებულია საშუალოდ. ის, რომ ტურისტთა რაოდენობა წელს ზაფხულში გაიზრდებოდა და მითუმეტეს, ამ კონცერტის ფარგლებში ველოდებოდით ამდენ ტურისტს, კერძო სექტორმა კარგად იცოდა. ბათუმში ბევრი კვების ობიექტია, მაგრამ, სამწუხაროდ, არის მოდური ტენდენცია, მაგალითად, ვთქვათ BK-ში მოხვედრის, ან „პრივეტში“ და ა.შ. და შესაძლოა ამ კონკრეტულ, ასე ვთქვათ, მოდურ კაფე-რესტორნებში იყო გადატვირთვა და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ქალაქში ბევრი ტურისტი იყო შემოსული.
იმასაც დავამატებ, რომ ევროპის ნებისმიერ ტურისტულ ქალაქში არის რესტორნები, სადაც თუ წინასწარი ჯავშანი არ გაქვს, ცოცხალ რიგში უნდა იდგე, იქ რომ მოხვდე. ასე რომ, ეს შეიძლება ჩვენთვისაა უცხო, მაგრამ ჩვეულებრივი მოვლენაა. თუნდაც ბევრი კლიენტის გამო სამზარეულოს რომელიღაც კერძი რომ ამოეწუროს, ვფიქრობ, ესეც არ არის უცნაური და იშვიათი შემთხვევა ტურისტული ქალაქებისთვის.
კონცერტის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ იყო განთავსებული სწრაფი კვების ან სხვა ტიპის ჯიხურები?
მე კონცერტის მენეჯმენტში ჩართული არ ვყოფილვარ, თუმცა, როგორც ერთ-ერთი მაყურებელი, რომელიც იმყოფებოდა კონცერტზე, ვიტყვი, რომ იყო სასმელებისა და სწრაფი კვების ჯიხურებიც. რა თქმა უნდა, ეს არ იყო შუაში, სცენის წინ, ეს იყო მიმდებარე ტერიტორიაზე. ყველაზე დიდი პრობლემა რაც იყო, ეს არის ძლიერი წვიმა. მიუხედავად ამისა, ასეთ წვიმაში მაყურებელი ბოლომდე იდგა და ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ეს კონცერტი. ხალხი ბოლომდე დარჩა.
ითქვა და დაიწერა, რომ ქალაქში ფასები საგრძნობლად გაიზარდა. თუ გაქვთ ამაზე ინფორმაცია?
კერძო სექტორში, მითუმეტეს ფასების დარეგულირებაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ბევრმა გამოიყენა მომენტი და, ვთქვათ, ქუჩაში საწვიმარები უფრო ძვირად გაიყიდა… კაფე-რესტორნებში კი ფასები არ შეცვლილა. ქუჩაში თუ ვინმე რაიმეს დამატებითი ღირებულებით ყიდდა, ამაზე ვერ გაგცემთ პასუხს.
გადატვირთული საგზაო მოძრაობა და საცობები იყო ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. იგეგმება თუ არა რაიმე ღონისძიებების გატარება ამ პრობლემის პრევენციისთვის?
რა თქმა უნდა, ქალაქში გვაქვს პარკინგის პრობლემა და ეს ნამდვილად არ იყო ახალი ამბავი. თუმცა დამატებით კიდევ რამდენიმე პარკინგიც რომ არსებობდეს, ასეთი დიდი რაოდენობით ტურისტის შემოსვლის შემთხვევაში მაინც იქნებოდა ეს პრობლემა. ეს გარკვეულწილად სწორედ ტურისტების რაოდენობამ განაპირობა. ჩემი ინფორმაციით, ბათუმის მერია ზაფხულისთვის გეგმავს ამ მიმართულებით გარკვეული პროექტების განხორციელებას.
გარდა წვიმისა, რა პრობლემას გამოყოფდით, რომელიც ამ კონცერტის პერიოდში გამოიკვეთა. რისი გაკეთება იყო უკეთესად შესაძლებელი, ანუ რის გამოსწორებაზე აპირებს რეგიონის ხელისუფლება მოკლე დროში მუშაობას?
ალბათ ვიტყოდი, რომ თუნდაც კვების ობიექტების მიმართულებით [მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შეუძლებელიც კი არის ტურისტების ამხელა ნაკადის მოგერიება, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მოთხოვნაა განსაკუთრებით ტენდენციურ კაფეებზე და ეს იმის ფონზე, როცა ქალაქში არის სხვა უამრავი კვების ობიექტი, სადაც, ვთქვათ, არ ყოფილა არანაირი რიგი და მიწოდების პრობლემა]. ვფიქრობ, შეიძლებოდა უფრო მომზადებული ვყოფილიყავით იმ კუთხით. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთი დიდი ნაკადის დროს, თუნდაც მათი [კერძო სექტორის] მხრიდან ყოფილიყო დიდი მონდომება, შესაძლოა იგივე პრობლემა დამდგარიყო.
დათვლილია რა სარგებელი მიიღო რეგიონმა ამ კონცერტით?
ეს ძალიან დიდი ეკონომიკური სარგებელი იყო. ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი ყვებოდა, რომ ისეთ ჯიხურსაც კი, რომელიც, ვთქვათ, ყოველდღიურად რაღაც უმნიშვნელო თანხას ვაჭრობდა, მხოლოდ იმ დღეს, დაახლოებით 9-10 ათასლარიანი ვაჭრობა ჰქონდა. ეს კონკრეტული მაგალითია, რაც მე დამისახელეს. ჩვენ ველოდებით მონაცემებს ეკონომიკური სარგებლის მიმართულებით და ამჟამად კონკრეტულ ციფრებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ფაქტია, ასეთი ღონისძიებები ძალიან უწყობს ხელს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას, ამიტომ რაც შეიძლება მეტი ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს ქალაქში და ის ხარვეზები, რომელიც იყო, მომავალში უნდა იქნას გათვალისწინებულ-გამოსწორებული.
ბათუმში, ზღვის სანაპიროდან 50 მეტრში, იყიდება ოროთახიანი გარემონტებული ბინა [ძველი რემონტი], მე-3 სართულზე, სხვენის დაშენების დამტკიცებული პროექტით. კორპუსის წინ არის ევკალიპტების ხეივანი და ბავშვების სათამაშო მოედანი. ფასი შეთანხმებით [მაკლერის გარეშე]. მისამართი: თამარის დასახლება, სახლი N1, ბ.33.
საკრებულოს საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი მუშა ჯგუფი, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ლაშა სირაბიძე ხელმძღვანელობს, დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ფიქრობს, რომ გორგილაძის ქუჩა ცალმხრივი უნდა გახდეს.
ლაშა სირაბიძეს გორგილაძის ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის შემოსაღებად აქვს საკუთარი არგუმენტები: „ჩვენ არ ვამბობთ, რომ პროფესიონალურ გადაწყვეტილებას ვიღებთ. უბრალოდ, იმას ვამბობთ, რომ ერას ქუჩა [ეს ამ ქუჩის ძველი სახელწოდებაა-ავტ.] დღესდღეობით არის საშინელ მდგომარეობაში. ამ სიტუაციაშიც კი, როდესაც არ არიან ჩამოსული სტუმრები, არ არიან მანქანები…“
ლაშა სირაბიძე
ლაშა სირაბიძის აზრით, ცვლილებები საჭიროა სხვა ქუჩებზეც. მაგალითად ასეთი, გორგასლის ქუჩიდან სამარშრუტო ტაქსებმა რომ იმოძრაოს, ხოლო ფარნავაზ მეფეზე – მხოლოდ ავტობუსებმა. ამ შემთხვევაში საუბარია საზოგადოებრივ ტრასპორტზე.
„ფარნავაზ მეფის ქუჩაზე პარკირება იყოს ცალ მხარეს, ოღონდ მანქანები დადგეს ცერად. ასე შეიძლება პარკირების პრობლემა აღარ შეიქმნას“, – ესეც ლაშა სირაბიძის ხედვაა ქუჩების განტვირთვასთან დაკავშირებით.
ამ საკითხში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს არ ეთანხმება ბათუმის მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გიგა ჩხეიძე. „ვიღაცა კვალიფიციურმა ადამიანმა რომ მკითხოს, რაზე დაყრდნობით შეცვალეო, რა ვუპასუხო? რა უნდა ვაჩვენო – ჩვენი ჰიპოთეტური მოსაზრებები? თვითმმართველობის კოდექსით ეს გადაწყვეტილება მერიამ უნდა მიიღოს, მაგრამ არამგონია, ეს სწორი იყოს, ეს არაპროფესიონალურია, ჩემი აზრით“, – განაცხადა გიგა ჩხეიძემ.
გიგა ჩხეიძის ამ კითხვებს რიტორიკული კითხვითვე უპასუხა ლაშა სირაბიძემ – „დაუშვათ და გამოვიდა, მერე რას შვრებით?!“.
რაზეც გიგა ჩხეიძემ უპასუხა: „მოსინჯვად ღირს თუ არა, მე არ ვიცი. არ მგონია თვითმმართველობამ ექსპერიმენტი… არ ვიცი. მინიმალური შესწავლა გვჭირდება, არ შეიძლება ასე“.
საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, როლანდ ბერიძემ თქვა, რომ თუ ამ ფორმით შეიცვლება მოძრაობის მიმართულება, უკმაყოფილო იქნება როგორც ხალხი, ისე სამარშრუტო ტაქსების მძღოლები: „მარშრუტკის მძღოლები ადგებიან ფეხზე – 700 კაცი მოგადგება აქ. რუსთაველზე საერთოდ ვერ მოძრაობენ, გორკს ცალმხრივს უხდი, ფარნავაზ მეფიდანაც თუ იქეთ გადაისვრი, მარშრუტკა რას იზამს. მძღოლიც უკმაყოფილო იქნება და მოსახლეობაც – დიდი გზა ექნებათ ადამიანებს ფეხით გასავლელი“.
შეხვედრაზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის წარმომადგენელი ზურაბ გვარიშვილი, რომელმაც დააფიქსირა, რომ გათვლის გარეშე მსგავსი ცვლილებები დაუშვებელია, „რადგან ძნელია ვიცოდეთ რა შედეგები გვექნება. ასე სპონტანურად ძნელია, მერე შეიძლება იმავე პარკირებასთან დაკავშირებით უფრო რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდეთ, ასევე ნაკადებთან დაკავშირებითაც“.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ბოლო ორ-სამ წელიწადში მანქანების რაოდენობამ ბათუმში 2-3-ჯერ მოიმატა.
გიგა ჩხეიძემ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს იქვე სთხოვა 200 ლარით დააჯარიმონ ის მანქანების მძღოლები, რომლებიც პარკინგზე არასწორად აჩერებენ მანქანებს და ამით მოძრაობას აფერხებენ. „ჩვენი 10 ლარის არ ეშინიათ“, – დასძინა მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა.