მთავარი,სიახლეები

ბათუმის თოჯინების თეატრის დირექტორი ნაწილობრივ გამართლდა

14.06.2016
ბათუმის თოჯინების თეატრის დირექტორი ნაწილობრივ გამართლდა

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დაასრულა ბათუმის თოჯინების და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დირექტორის, მედეა ჩარკვიანის საქმის განხილვა. მედეა ჩარკვიანს პროკურატურა სახელმწიფო ქონების მითვისებას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. დავის საგანი თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა, სადაც გამოძიების მტკიცებით, სახელმწიფოს 86 663 ლარის ზარალი მიადგა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ მედეა ჩარკვიანი ნაწილობრივ გაამართლა. ის უდანაშაულოდ იქნა ცნობილი თანხის მითვისების ნაწილში. „რაც შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ეს მუხლი მოსმართლე დავით მამისეიშვილმა გადააკვალიფიცირა სამსახურებრივი გულგრილობით. ამ ნაწილში მედეა ჩარკვიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ თეატრის მმართველს უნდა გაეფრთხილებია ბანკი და არ უნდა ჩარიცხვოდა თანხა სამუშაოების სრულ დასრულებამდე კომპანიას, ვინც სამუშაობს თეატრში აწარმოებდა. მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მედეა ჩარკვიანს არ უნდა შეეზღუდოს საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება და ის, როგორც ადამიანური რესურსი, მნიშვნელოვანია თეატრისთვის” – უთხრა “ბათუმელებს” ჯემალ კიკნაძემ, მედეა ჩარკვიანის ადვოკატმა.

მედეა ჩარკვიანი სამსახურებრივი გულგრილობისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა. გაასაჩივრებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას რომელიმე მხარე, ჯერ უცნობია. მედეა ჩარკვიანმა გვითხრა, რომ მას ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს.

მედეა ჩარკვიანის გარდა, ამავე საქმეზე პროკურატურა ედავებოდა თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის “თექ-ევ ინშაათის” დირექტორს, ჰალილ ექშის, ტექნიკურ დირექტორს გიორგი ოდიშვილს და სამუშაოთა ზედამხედველს ილია ზაქარიაძეს.  ჰალილ ექშის მოსამართლე დავით მამისეიშვილმა წელიწადი და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ის დღემდე იძებნება. სასამართლომ სრულად გაამართლა გიორგი ოდიშვილი, ხოლო ტექნიკური ზედამხედველი ილია ზაქარიაძე 1000 ლარით დაჯარიმდა.

გამოძიების მასალების მიხედვით, შპს ,,თექ-ევ ინშაათს“ სსიპ ,,ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრისათვის“ უნდა შეესრულებინა თეატრის შენობის 1 163 226,28 ლარის ღირებულების სარეკონსტრუქციო – სარემონტო სამუშაოები. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული კომპანიის მიერ არ იქნა მოწყობილი თეატრის განათების, გახმოვანებისა და კონდიცირების სისტემები. მიუხედავად ამისა, ყალბი სამუშაოთა აქტების ფორმა N2 საფუძველზე სამუშაოები შესრულებულად იქნა მიღებული.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: