მთავარი,სიახლეები

გოგოს “მოტაცების საქმე” ბათუმის საქალაქო სასამართლოში

12.04.2016 • 1593
გოგოს “მოტაცების საქმე” ბათუმის საქალაქო სასამართლოში

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე რ.ხ.-ს საქმეს განიხილავს. მას სამ თანხლებ პირთან ერთად, წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებაში ედება ბრალი. საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულებმა გასული წლის 11 ნოემბერს მოტყუებით გაიტაცეს ქობულეთში მცხოვრები გოგო ა.გ.

სასამართლოს დღევანდელ პროცესზე ჩვენება მისცა დაზარალებულის დამ: “ჩვენ ერთად ვმუშაობდით. იმ საღამოს ოფისში შემოვიდა რ.ხ. და ჩემს დას სთხოვა გარეთ გაყოლოდა, თქვენთან გასაუბრება მინდაო. ჩემი და როცა აღარ შემობრუნდა, ვურეკავდი, მაგრამ არ მპასუხობდა. მერე შემოვიდა ზარი ტელეფონზე, გამეცნო რ.ხ. და მითხრა, შენი და უკვე ჩემი ცოლიაო. ძალიან გამიკვირდა, რადგან ჩემს დას უკვე საქმრო ჰყავდა. კატეგორიულად მოვითხოვე, დამალაპარაკეთ ჩემს დას-მეთქი. ისეთ პასუხებს მცემდა ჩემი და, მივხვდი, რაღაცაში იყო საქმე. მერე სმს-ებიც შემოვიდა, სადაც ეწერა: მიშველე, პასუხი არ მომწერო, იარაღით არიანო. მაშინვე პოლიციაში წავედი და სატელეფონო გზავნილები პოლიციელს ვაჩვენე”, – ამბობს გატაცებულის და ქ.გ.

სასამართლოს ქობულეთის პოლიციის დეტექტივ-გამომძიებლები ასევე მოუყვნენ, რომ ბრალდებულები ოზურგეთში იმავე დღეს, გვიან საღამოს დააკავეს. “პირველად სახლში ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. მაგიდაზე საჭმელ-სასმელი ელაგა. ბრალდებულებს დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ”, – აღნიშნა გამომძიებელმა ზურაბ ცეცხლაძემ.

სასამართლოს შემდეგ პროცესზე იძულების წესით დაიკითხება ს.ხ. ის დაზარალებულის საქმროა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ის თავს არიდებს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემას.

როგორც “ბათუმელებს” დაცვის მხარის ადვოკატმა, მერი ცინარიძემ უთხრა, მორიგ პროცესზე მოწმის სახით დაიკითხება სასულიერო პირიც: „ის დაადასტურებს, რომ ბრალდებული გოგოსთან ერთად [ვინც გატაცებულია] მღვდელთან მივიდა და ჯვრისწერა შეათანხმეს 12 ნოემბრისთვის, ანუ შემთხვევიდან მეორე დღისთვის”.

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულ რ.ხ.-ს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ა.გ.-სთან და 11 ნოემბერს წყვილმა, უბრალოდ, გურიაში გასეირნება გადაწყვიტა. მისთვის გაუგებარია, რა მოტივაციით უჩივლა საქმროს შეყვარებულმა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხივე ბრალდებულს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება. მათ შორის ერთ-ერთს ნარკოტიკის უკანონო მოხმარებასაც ედავებიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: