ნეტგაზეთი • RU

ბათუმის საკრებულო გონიოელების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა

„პროტესტი მათი უფლებაა და თუ სურვილი აქვთ, ბრძანდებოდნენ იქ. მე მათ თავიდან ბოლომდე გავაცანი ის პროცედურა, რასაც კომისია დღეის მდგომარეობით გადის. პრაქტიკულად დასასრულის პირას ვართ მისულები“, – განაცხადა ლევან კინწურაშვილმა, ბათუმის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარემ.

ის საკრებულოს შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა, სადაც  გონიოელები საკრებულოსგან პასუხს ითხოვენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს ლევან კინწურაშვილი მიმდინარე წლის 2 მარტს დაჰპირდა კომისიური წესით განცხადებების შესწავლას და იმის დადგენას, სამართლიანად ჩამოართვეს თუ არა მათ მიწის ნაკვეთები 2010 წელს. ლევან კინწურაშვილი, რომელიც ამავდროულად საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეა, განმარტავს, რომ კომისიის წევრები ამ დროისთვის კონკრეტულ ოქმებს ეცნობიან და კომისია მათ მოსაზრებებსა და შეხედულებებს ელოდება.

„ხვალ ჩანიშნული გვაქვს 11 საათზე კომისიის სხდომა და აქ წარმოდგენილი იქნება ეს მოსაზრებები. ვიმსჯელებთ და თუკი გასათვალისწინებელი იქნება, ბუნებრივია, გავითვალისწინებთ და შესაბამისად დავაკორექტირებთ არსებულ ოქმს. ამის შემდეგ კიდევ ერთ კომისიის სხდომას ჩავნიშნავთ და შესაბამისად ამ ოქმსაც მოვაწერთ ხელს. სავარაუდოდ ორი-სამი დღე დასჭირდება ამას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანები ამ მიწებს საკუთრებაში მიიღებენ. ეს მისცემს მათ საშუალებას, რომ ინდივიდუალურად განახორციელონ ქონების რეგისტრაცია, ან ჩვენგან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მიმართონ სასამართლოს”, – განმარტავს ლევან კინწურაშვილი.

„ბათუმელების“ შეკითხვას, რა პასუხი მიიღო ბათუმის საკრებულომ ქონების მართვის ეროვნული სააგენტოსგან, ვისაც ამჟამად ქონება ეკუთვნის,  ლევან კინწურაშვილმა თქვა, რომ აღარ ელოდებიან სააგენტოს პოზიციას.

მიმდინარე წლის 2 მარტს, როცა მორიგი საპროტესტო აქციის შემდეგ ლევან კინწურაშვილი გონიოლებს შეხვდა, თქვა, რომ პრობლემა იყო ქონების მართვის სააგენტოსთან კომუნიკაცია და შესაძლებელი იყო ამ მიწებს სტრატეგიული დანიშნულების სტატუსი მინიჭებოდა. ამ შემთხვევაში, გონიოელები კომპენსაციას მიიღებდნენ, ან ალტერნატიულ მიწის ფართობებს.

ლევან კინწურაშვილს დღესაც მოუსმინეს გონიოელებმა. ისინი საპროტესტო აქციის შეწყვეტას არ აპირებენ. დღეს დილიდან საკრებულოს შენობასთან რამდენიმე გონიოელმა ლეიბი დააგო და განაცხადა, რომ ვიდრე გონიოს მიწებზე საკრებულოს გადაწყვეტილებას არ მიიღებს, არ დაიშლებიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ირმა დიმიტრაძე არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2016 წლიდან