მთავარი,სიახლეები

პატიმარი: არ მომეცა აღსარების თქმის უფლება

16.06.2016 • 2348
პატიმარი: არ მომეცა აღსარების თქმის უფლება

„იყო ასეთი მომენტი, როდესაც მამაოს შევხვდი და ვთხოვე აღსარების თქმა. მამაოსთან თავზე მადგა თანამშრომელი. მე თანამშრომელს ვთხოვე ან დავეტოვებინე, ან რამდენიმე ნაბიჯით მაინც დაეცვა დისტანცია, რადგან მამაოსთან მეთქვა აღსარება, რაზეც უარი განმიცხადა. ეს ყოველივე იყო ჩემთვის შოკის მომგვრელი და გამაოგნებელი, რის შემდეგაც იძულებული გავხდი დავბრუნებულიყავი უკან, საკანში. არ მომეცა აღსარების თქმის უფლება,“ – გვწერს პატიმარი ბათუმის ციხიდან.

პატიმრებს რომ აღსარების თქმის პრობლემა ექმნებათ, ამას ადასტურებენ სახალხო დამცველის აპარატში. „ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ ეს პრობლემა: აღსარების თქმის დროს, სამლოცველო ოთახში პატიმართან ერთად შედის ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელიც. ეს გამოხატვის თავისუფლების პირდაპირი დარღვევაა. ციხის ადმინისტრაციისგან ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ უსაფრთხოების გამო ხდება ასე. სასჯელაღსრულების სამინისტროსგან ასევე არაერთხელ მივიღეთ დაპირება, რომ შეცვლიან ამ დამოკიდებულებას“, – უთხრა „ბათუმელებს“ სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ ქორიძემ.

სასჯელაღსრულების სამინისტრომ `ბათუმელებთან~ ეს პრობლემა უარყო: „ციხის ადმინისტრაციის მისამართით გამოთქმული პრეტენზია, თითქოს მათ აღსარების საიდუმლოდ ჩაბარების საშუალება არ ეძლევათ, სიმართლეს არ შეესაბამება. მე-3 პენიტენციურ დაწესებულების მსჯავრდებულებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი სურვილისამებრ, კვირაში ერთხელ შეხვდნენ სასულიერო პირს. სასულიერო პირთან საუბრის კონფიდენციალობა დაცულია. აქვე აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებულ ა.ს.-ს ციხის ადმინისტრაციისთვის სასულიერო პირთან შეხვედრის მოთხოვნით საერთოდ არ მიუმართვს. ამასთან, მე-3 პენიტენციურ დაწესებულებაში სამლოცველო კუთხეც ფუნქციონირებს“, – ნათქვამია წერილში, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტროსგან მივიღეთ.

სამინისტროს ჩვენთვის არ მოუწერია, მოითხოვა თუ არა სასულიერო პირთან შეხვედრა მეორე პატიმარმა – ციხიდან გამოგზავნილ წერილს ორი პატიმარი აწერს ხელს და არ არის გარკვეული, კონკრეტულად რომელს შეექმნა აღსარების ჩაბარების პრობლემა.

„ასეთ ფაქტს ვერ ვიხსნებ,“ – გვითხრა დეკანოზმა გრიგოლ თავაძემ. ის უკვე 7 წელია კვირაში ერთ დღეს ბათუმის ციხეში მყოფ პატიმრებთან ატარებს. სასულიერო პირი ირწმუნება, რომ სასულიერო კუთხეში ბათუმის ციხეში არც ვიდეოთვალი არის და არც ადმინისტრაციის თანამშრომელი ესწრება აღსარების პროცესს: „ასეთი რამ რომ მომხდარიყო, თქვენთან კი არ მოვიდოდა ეს წერილი, მე ავტეხდი მთელ ამბავს. აღსარების დროს ბადრაგი ძირითადად კარებთან დგას და თუ პატიმარს შეაგვიანდა გასვლა, მხოლოდ მაშინ შემოგვიხედავს. ციხეში მოწყობილ ტაძარს მხოლოდ ფანჯარა აქვს, რომელიც თეთრადაა შეღებილი და გარედან არაფერი ჩანს”.

დეკანოზს ჩვენ კონკრეტული პატიმრების ვინაობაც გავუმხილეთ, ვინც ციხიდან გამოგზავნილ წერილს ხელს აწერენ. გვითხრა, რომ პატიმრებს ამ სახელებითა და გვარებით საერთოდ ვერ იხსენებს. დეკანოზ გრიგოლ თავაძესთან გასაუბრებამდე, ჩვენ პატრიარქის მდივანს, მიქაელ ბოტკოველს მივმართეთ. „არ ვიცი, ამ საკითხებთან მე შეხება არ მაქვს,” – ამ მოკლე პასუხის შემდეგ ბოტკოველმა ტელეფონი გაგვითიშა.

დიმიტრი კვაჭიძე „კონსტიტუციის 42-ე მუხლიდან” ამბობს, რომ პატიმრებს აღსარების დროს მხოლოდ ვიზუალურად შეიძლება დააკვირდნენ:

„თუ ასე ხდება, კანონის დარღვევაა პირდაპირ. რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას იცავს ნებისმიერი ქვეყანა, რაც ეხება ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, პატიმარს. ამას ითვალისწინებს ნებისმიერი საერთაშორისო კონვენცია, სადაც პატიმრების უფლებებზეა საუბარი. ერთადერთ გამონაკლისს ითვალისწინებს კანონმდებლობა – უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, პატიმარზე ვიზუალური კონტროლის წარმოება აღსარების თქმის დროს.”

პატიმრებმა წერილი, სადაც აღსარების თქმის გარდა ბევრ სხვა პრობლემაზეა საუბარი, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და უფლებადამცველებსაც გაუგზავნეს.

ფოტოზე: სამლოცველო კუთხე ბათუმის საპყრობილეში. „ბათუმელების“ ფოტო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: