სიახლეები

საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობამ ჰესის მშენებლობისთვის საჭირო ხიდი გადაკეტა

14.06.2016 • 2527
საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობამ ჰესის მშენებლობისთვის საჭირო ხიდი გადაკეტა

საზღვრისპირა სოფლების – მარადიდის, კირნათისა და აჭარისწყლის მოსახლეობამ ის ხიდი გადაკეტა, რომლის საშუალებითაც “აჭარ ენერჯი 2007”-ს სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მასალა გადააქვს.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, მარადიდის ჰესის მშენებლობა ამ მომენტისთვის შეჩერებულია. ამ სოფლების 200-ზე მეტი ოჯახი, ჰესის მშენებლობის გამო, მათთვის მიყენებული ზიანის სანაცვლოდ – ფულად კომპენსაციას ითხოვს. აქციის მონაწილეები ხიდის გადაკეტვას 20 დღის ვადით გეგმავენ.

მარადიდის ჰესის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია

საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე, სოფელ კირნათის მაცხოვრები, რევაზ დიასამიძე განმარტავს, რომ მათ ცენტრალური გზა არ გადაუკეტავთ, მათ მშენებლობისთვის მასალის გადატანის გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები, მარადიდთან ახლოს არიან, იქ სადაც მეორე ჰესი შენდება – “მეც აქ ვარ, აქ ხიდია ჭოროხზე გაკეთებული, რომ გადავიდნენ და მიიტანონ სამშენებლო მასალები. ცენტრალურ გზაზე დადის ხალხი, ჩვენ არ გვაქვს იმის უფლება, რომ ხალხს გადავუკეტოთ გზა. გადაკეტილი გვაქვს ხიდი, ვერ მუშაობენ, არც გარეთ გამოვუშვებთ – არც შიგნით შევუშვებთ. ამან უნდა გამოიღოს შედეგი.” – ამბობს ის.

საპროტესტო აქციები ამავე მოსახლეობას აქამდეც გაუმართავს, რის გამოც აჭარის მთავრობამ სპეციალური კომისიაც შექმნა, თუმცა როგორც რევაზ დიასამიძე ამბობს – საბოლოოდ მათ მაინც უარი ეთქვათ ფულად კომპენსაციაზე:  „აჭარა ენერჯი” და ჩვენი სახელმწიფოც, მაგ სამუშაოს ასრულებს ისე, რომ  ხალხმა არაფერი იცის. ვინ რას და როგორ აკეთებს არ ვიცით. ბიძინა ივანიშვილის მოსვლის შემდეგ, გვითხრეს, რომ ჩვენი ძველი მიწების ფულს მივიღებდით და ახლა გამოდის ისე, რომ თურქული მხარე არ იძლევა ამ თანხას. მთავრობის კომისია იყო შექმნილი, მუშაობდა მთელი ერთი თვის განმავლობაში, დაკონკრეტდა ყველაფერი, დალაგდა, შეიქმნა ნახაზები, რომლებიც ფინანასთა სამინისტროს ჩაბარდა, ფულიც გადავიხადეთ და ბოლოს უარი გვითხრეს ყველაფერზე. ვითხოვთ კომპენსაციას” – ამბობს რევაზ დიასამიძე.

მარადიდის ჰესის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათთან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელიც იყო მისული და მხარდაჭერა შეჰპირდა.

მარადიდის ჰესის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია

მარადიდის ჰესის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია

გადაბეჭდვის წესი


ასევე: