მთავარი,სიახლეები

პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებული პატიმრები შიმშილობენ

06.06.2016
პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებული პატიმრები შიმშილობენ

„მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ შიმშილობა, რადგან ის ავნებს თქვენს ჯანმრთელობას. მე გპირდებით, რომ საბოლოო შედეგი დადგება იმ მტკიცებულებებით, რომელიც წარმოდგენილი იქნება“ – მიმართა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა პოლიციის წინააღმდეგობაში ბრალდებულ ორ პატიმარს. მათ ქობულეთში, წყალსაცავის სახელმწიფო დაცვის პოლიციის თანამშრომლის დანით დაჭრაში ედებათ ბრალი.

საქმის მასალების მიხედვით, დაპირისპირება წყალსაცავის მიმდებარედ არსებულ კაკლის ბაღში მოხდა, სადაც პოლიციელის თქმით, ბრალდებულები კაკლის მოპარვას ცდილობდნენ. პოლიციელმა თემურ მოწყობილმა სასამართლოს უკვე მისცა ჩვენება და თქვა, რომ მას გულ-მკერდის არეში, მარცხენა მხარეს დანით ჭრილობა მიაყენეს.

„შესაძლებელია თუ არა, ეს ჭრილობა მიადგა პოლიციელს მავთულხლართისგან? – ადვოკატმა რამინ პაპიძემ ეს შეკითხვა სამხარაულის ბიუროს ექსპერტს, თამარ შოშიტაშვილს მას შემდეგ დაუსვა, როცა მან დაზუსტებით ვერ თქვა, რომ ჭრილობა დანით იყო მიყენებული. ექსპერტმა ადვოკატს მოკლედ უპასუხა: „არ გამოვრიცხავ“

ამ საქმეზე გამოძიებას მესამე ბრალდებულიც ჰყავს, რომელიც იძებნება და მის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი რამინ პაპიძე იცავს. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პოლიციელებმა ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცეს სასამართლოს: „გამოძიება ამბობს, რომ ამოცნობა ჩავატარეო, მაგრამ დაზარალებულად ცნობილმა თემურ მოწყობილმა თქვა, რომ ამოცნობა ხუცუბნის პოლიციის შენობაში შედგა, გამომძიებელმა მამუკა ღვინიანიძემ კი გამორიცხა ხუცუბანი და თქვა, რომ ამოცნობა ქობულეთის პოლიციის შენობაში შედგა“

ადვოკატები ასევე ეჭვობენ, რომ სისხლის ლაქებით დასვრილი მაისური, რომელიც საქმის მასალებში დევს, პოლიციელს საერთოდ არ ეკუთვნის: „გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა სისხლის ლაქა ჭრილობის ზემოთ. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ დაცვის პოლიციელი მათთან სამოქალაქო ფორმაში მივიდა და ეჩხუბა, თქვენ არ გეკუთვნით კაკალიო. ბრალდებულებმა ექსპერტიზის ჩატარებაც მოითხოვეს, რაც დაადასტურებდა, რომ პირიქით, ამ პოლიციელმა სცემა ბრალდებულები. ექსპერტიზის ჩატარებაზე პროკურატურამ საერთოდ რეაგირება არ მოახდინა, როცა  ბრალდებულმა ს.ჩ.-მ თქვა, რომ მას არ აქვს ექსპერიტიზის ჩატარების ხარჯი და იქნებ ეს გამოძიებას დაეფინანსებია“ – გვიყვება ადვოკატი მერი ცინარიძე.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეებიც უნდა დაკითხულიყვნენ, მაგრამ ამ ეტაპზე მოსამართლე საქმის პროკურორის გამოუცხადებლობის გამო ვერ გადავიდა. მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა აჭარის მთავარ პროკურატურას მიმართა და აღნიშნა, რომ პროკურორი დავით ჭარბაძე უკვე მერამდენედ არ გამოცხადდა სხდომაზე, რაც პროცესის გაჭიანურების მიზეზი ხდება. სასამართლო პროცესს დღეს დათო ჭარბაძის ნაცვლად, პროკურორი ადილარ წირღვავა ესწრებოდა. ის საქმის მასალებს მომდევნო სხდომისთვის გაეცნობა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: