კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

ცხოვრება პენსიაზე გასვლის შემდეგ

13.02.2016 • 3921
ცხოვრება პენსიაზე გასვლის შემდეგ

„თითქმის ყოველდღე ვხვდებით ჩვენი თაობის ადამიანს, რომელიც დახმარებას საჭიროებს, როგორც მატერიალურს, ასევე სულიერს. ახალგაზრდებს უჭირთ იმის აღქმა და გათავისება, რომ სიბერეს თან ახლავს სევდა და წარსულში დარჩენილი ცხოვრების ნოსტალგია. სწორედ ამიტომ ვერ ახერხებენ ჩვენს თანაგრძნობას.“
ნათელა ჩელებაძე, 81 წლის, ქობულეთი

„არის შემთხვევა, როცა მოხუცს სურს გულით რაიმე პროდუქტის შეძენა, მაგრამ ვერ იმეტებს თავისთვის, რადგან ოჯახს სულ სხვა დანიშნულებისთვის ესაჭიროება მისი კუთვნილი პენსიის თანხა. არის შემთხვევა, როდესაც ვინმეს პატივისცემა უნდა, მაგრამ პენსია არ არის მის ხელში, მინდობილობით აიღო მისმა ოჯახის წევრმა სხვა საქმისათვის. საქართველოში იყო ხანდაზმული, ნიშნავს ოჯახის მარჩენალს…“
თამარ მაღალდაძე, 61 წლის, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ კოდას დევნილთა დასახლება

 

– ეს ამონარიდებია ასაკოვანი ადამიანების თხზულებებიდან თემაზე: “დაბერება საქართველოში”. რა სოციალურ და ფსიქოლოგიურ სირთულეებს აწყდებიან ხანდაზმული ადამიანები საქართველოში, რომელთა ერთი ჯგუფი პენსიით ოჯახს ინახავს და თავისთვის ჯიბის ფულიც არ რჩება?

 

88 წლის ჰენრი, რომელიც ჩიკაგოში, მოხუცებულთა სახლში ცხოვრობს, კვირაში სამჯერ საგანგებოდ იცვამს, სარკის წინ თმას ივარცხნის და 17 წლის ბრაზილიელ ჯონასსთან შესახვედრად ემზადება. მისი მიზანია ჯონასს ინგლისური ასწავლოს, ამისთვის კი უნდა ესაუბროს. ხანდაზულთა უნარების გამოყენების ასეთი ეფექტური ხერხი იპოვა უცხო ენების გაცვლის ამერიკულმა სკოლამ CNA-მ, რომელმაც ორი წლის წინ სარეკლამო კომპანია FCB-ის ბრაზილიის ფილიალთან ერთად საუბრის გაცვლის პროექტი წამოიწყო.

პროექტი, CNA-ს სტუდენტებს, რომელთაც ინგლისური ენის სწავლის მიზნით ინგლისურენოვან ადამიანებთან საუბარი სურთ, ბრაზილიიდან ამერიკაში, მოხუცებულთა თავშესაფარში მცხოვრებ ადამიანებთან აკავშირებს, რომელთაც, უბრალოდ, ახალი მეგობრები სჭირდებათ. შეხვედრა ვიდეოჩათის საშუალებით ხდება, რომლისთვისაც თავშესაფარში მცხოვრები მოხუცები, სარკის წინ საგანგებოდ ემზადებიან.

სოციალური მომსახურების სააგენტოს გასული წლის მონაცემებით, საქართველოში 606 900-მდე ასაკით პენსიონერი ცხოვრობს. მოხუცებულთა უფლებების დაცვაზე, მათ საზოგადოებაში აქტიურ ინტეგრაციასა და მათი რესურსების რეალიზაციაზე კი საქართველოში მხოლოდ ერთი ორგანიზაცია, ასოციაცია “ღირსეული სიბერე” მუშაობს, რომელიც აჭარაში 500-მდე ბენეფიციარს აერთიანებს.

ხანდაზმული ადამიანები გარდა ბიოლოგიურ-ფიზიოლოგიური პრობლემებისა, ასაკის მატებასთან ერთად, სხვადასხვა სოციალური სახის სირთულეებსაც აწყდებიან. ფსიქოლოგ მარიტა მერკვილაძის განმარტებით, ამის ძირითადი მიზეზი საპენსიო ასაკის შემდეგ, ოჯახში სოციალური როლის დათმობა და საზოგადოებაში სტატუსის რადიკალური ცვლილება ხდება.

“სტატუსის დათმობა ოჯახში ყველაზე თვალსაჩინო მაშინ არის, მაგალითად, როცა სახლში დიასახლისი (ოჯახის მმართველი) ხდება სხვა – შვილი ან რძალი, ანუ ოჯახის მართვის პრივილეგიას ისინი მომავალ თაობას გადასცემენ და ამით ძალაუფლების შემცირებას გრძნობენ. ეს რა თქმა უნდა ნორმალურია, მაგრამ  არ ნიშნავს იმას, რომ ხანდაზმულებს ისე მოვექცეთ, როგორც უსუსურებს და ჩამოვართვათ ყველა ფუნქცია/მოვალება. რაც შეეხება საზოგადოებრივ საქმიანობას ხანდაზმულების ის ნაწილი, რომლებიც კმაყოფილნი არიან განვლილი ცხოვრებით და მიღწევებით, შედარებით კარგად გრძნობენ თავს პენსიის ასაკში, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებიათ. თუმცა ორივე შემთხვევაში ფუნქციების და როლების შემცირებასთან გვაქვს საქმე და ხშირად სრულიად უფუნქციოდ დარჩენასთანაც კი, რაც აბსოლიტურად გაუმართლებელია. ასეთ შემთხვევაში საჭიროა, მათი წარსული საქმიანობები სხვა ქმედებებით ჩანაცვლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შესაძლოა დეპრესიულები ან სულაც აგრესიულები გახდნენ,” – ამბობს მარიტა მერკვილაძე.

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხანდაზმულების უმეტესობას უფუნქციობის განცდა აქვს.   გასათვალისწინებელია ტექნოლოგიური სიახლეებიც, საქარტველოსჰი გარდამავალი პერიოდია ამ მხრივ. უკვე ყველაფერი  ტექნიკაზეა დამოკიდებული, რაზედაც ხანდაზმულებს საქართველოში ცოტათი უჭირთ ფეხის აწყობა. თუმცა ამას ყველა ადამიანზე ვერ ვიტყვით, არსებობენ ხანდაზმული ადამიანები, რომელთაც უყვართ სიახლეების მიგნება თავიანთ ცხოვრებაში, თუმცა მათი რაოდენობა მცირეა.  ევროპაში ეს პროცესი უკვე კარგა ხანია დაიწყო და იქ უფრო ადაპტირებულები არიან ადამიანები, _ ამბობს ფსიქოლოგი.

ასოციაციის – “ღირსეული სიბერე” წარმომადგენელი მარინე ჟღენტი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში მოხუცები ნაკლებად ინარჩუნებენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრის სტატუსს: “მათ, ძირითადად, სახლში უწევთ ჯდომა, რადგან არ არიან დასაქმებული, არც რაიმე აქტივობებში არიან ჩართული, რის გამოც ნელ-ნელა შორდებიან სოციუმს და ფიქრობენ, რომ საზოგადოებისთვის აღარ არიან საჭირო. ჩვენ, სწორედ ამ თვითრწმენის დაბრუნებას ვცდილობთ მათთვის” – ამბობს ის.

ხანდაზმულთა რესურს ცენტრის ბენეფიციარები ქობულეთის სანაპიროზე. ფოტო: ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე"

ხანდაზმულთა რესურს ცენტრის ბენეფიციარები ქობულეთის სანაპიროზე. ფოტო: ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე”

 

“ხანდაზმულ ადამიანებს საქართველოში თავადაც სტერეოტიპული შეხედულება აქვთ საკუთარ შესაძლებლობებზე, რასაც, ზოგადად, საზოგადოებაში არსებული კულტურული განწყობა განაპირობებს. ჩვენს საზოგადოებაში მიღებულია ხანდაზმული ადამიანების პასიური როლი და როცა ადამიანები საპენსიო ასაკს უახლოვდებიან, თავადაც განწყობილები არიან საამისოდ, ამიტომაც ვერ აცნობიერებენ, თუ რა შესაძლებლობებია მათ ირგვლივ,” – ამბობს ფსიქოლოგი მარიტა მერკვილაძე.

კითხვაზე: საზოგადოების ასეთი განწყობა არის თუ არა ეიჯიზმი [ადამიანების დისკრიმინაციად ასაკბრივი ნიშნით], თუნდაც უნებლიე? – მარიტა მერკვილაძე პასუხობს: “საქათველოში პატივს ვცემთ მოხუცებს, გვიყვარს ისინი, მაგრამ გარკვეული სტერეოტიპული განწყობის გამო გაუაზრებლად ვახდენთ მათ დისკრიმინაციას. ფინანსური თუ სხვა მიზეზების გამო ხანდაზმულები არც ისე ხშირად დადიან კაფეებსა თუ სხვა საზოგადოების შეკრების ადგილებში, ამიტომ გვგონია, რომ ისინი ჩვენ არ გაგვიწევია გვერდზე, რეალურად კი, თითქოს ჩამოწერილი გვყავს ეს ადამიანები. უნდა დავაღწიოთ თავი შეხედულებებს, რომ მოხუცები მორჩნენ თავიანთ ცხოვრებას, რომ ასაკის გამო მათ არაფერი მოეკითხებათ და ა.შ.

მარინე ჟღენტი ამბობს, რომ საქართველოში ეიჯიზმის პირდაპირი გამოვლინებაც გვხვდება, როცა მოხუცებზე ოჯახის წევრები ფსიქოლოგიურად და ზოგჯერ ფიზიკურადაც ძალადობენ: “გვქონია შემთხვევები, როცა შვილსა და შვილიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიუყენებია ბებიისთვის. ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის მაგალითები, როცა პენსიას სთხოვენ და წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლიდან გაგდებით ემუქრებიან”.

ფსიქოლოგის განმარტებით, მართალია, ხანდაზმულ ადამიანებს უნელდებათ მოტორიკა და ბუნებრივი აზროვნების ტემპი, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ შეუძლიათ იყვნენ ქმედითები, შეიძინონ ახალი ცოდნა და ახალი უნარები და იყვნენ საზოგადოებისთვის საწირო და საინტერესო ადამიანები. მარინე ჟღენტი ამბობს, რომ ამის კარგი მაგალითია ასოციაცია “ღირსეული სიბერის” ბენეფიციარები, რომელთაც კომპიუტერის უფასო კურსების ფარგლებში შეისწავლეს კომპიუტერთან მუშაობა, ბეჭდვა, სოციალურ ქსელებში შესვლა და ახლა თავიანთ ახლობლებს შკყპე-თი უკავშირებიან საზღვარგარეთ. პროექტის ფარგლებში ზოგიერთმა მათგანმა საოჯახო ბიზნესიც კი წამოიწყო, ზოგიერთი კი საკვებსა და ტანსაცმელს უგროვებს უკიდურესად გაჭირვებულებს.

იმისთვის, რომ ხანდაზმულ ადამიანებს უსარგებლობის განცდა არ ჰქონდეთ, ფსიქოლოგის რეკომენდაციით, საჭიროა მათი დასაქმება/ფუნქციების  და მნიშვნელოვნების მინიგნება  – ეს შესაძლოა იყოს როგორც მარტივი ხელსაქმე სახლში, ისე მათი ჩართვა შვილიშვილების აღზრდასა და მათი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში. „ხშირად, იმის გამო, რომ მოხუცი არ გადაიტვირთოს, ოჯახის წევრები ხელიდან ჰგლეჯენ მას ისეთ მარტივ საქმეებს, რომელთა გაკეთება მასაც თავისუფლად შეუძლია,  ეს არასწორია. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს მათი ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარებას. შეიძლება ახალგაზრდა რაიმე საკითხში კარგად იყოს განსწავლული, მაგრამ გამოცდილება, რომელიც ხანდაზმულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ამავე საკითხში – სულ სხვა რესურსია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. მით უმეტეს, ღირებულებების გაცვლის თვალსაზრისით, ახალგაზრდა და ხანდაზმული თაობების მეგობრობა თანაბრად სასარგებლოა ორივე მხარისთვის” – ამბობს მარიტა მერკვილაძე.

კომპიუტერის შემსწალელი კურსები ხანდაზმულთა ცენტრში. ფოტო: ასოციაცია „ღირსეული სიბერე"

კომპიუტერის შემსწალელი კურსები ხანდაზმულთა ცენტრში. ფოტო: ასოციაცია „ღირსეული სიბერე”

კომპიუტერის შემსწალელი კურსები ხანდაზმულთა ცენტრში. ფოტო: ასოციაცია „ღირსეული სიბერე"

კომპიუტერის შემსწალელი კურსები ხანდაზმულთა ცენტრში. ფოტო: ასოციაცია „ღირსეული სიბერე”

ასოციაცია “ღირსეული სიბერე” ახალგაზრდებისა და ხანდაზმულების დაახლოების მიზნით წელს სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებასაც გეგმავს, რომლებშიც ხანდაზმული ადამიანები ახალგაზრდებთან ერთად ჩაერთვებიან. მარინე ჟღენტი: “ღონისძიებებში გათვალისწინებულია სკოლის მოსწავლეების, ბაღის აღსაზრდელების, სტუდენტებისა და საშუალო ასაკის აქტიური ადამიანების ჩართვა. გვინდა, ეს ორი კატეგორია არ გრძნობდეს თავს ერთმანეთისგან განცალკევებულად და როგორც ერთიანი თაობა, ჩავრთოთ სხვადასხვა აქტივობაში”.

მარიამობა ხანდაზმულთა ცენტრში. ფოტო: ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე"

მარიამობა ხანდაზმულთა ცენტრში. ფოტო: ასოციაცია ,,ღირსეული სიბერე”

გადაბეჭდვის წესი


ასევე: