მოახლოებული ბათუმობა და ჩაშლილი ტენდერი

3-4 სექტემბერს სახალხო დღესასწაული „ბათუმობა“ უნდა გაიმართოს. ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს დღესასწაული უფრო ორგანიზებული იქნება, ვიდრე გასულ წლებში იყო და „წინა წლებში დაშვებული შეცდომები გამოსწორდება“, თუმცა დღესასწაულამდე ორი კვირით ადრე ტენდერი, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორმა, ბათუმის კულტურის ცენტრმა, „ბათუმობისთვის“ ორი ქუჩის მოსართავად აქსესუარების შესყიდვის მიზნით გამოაცხადა, არ შედგა.

წინასწარ დაანონსებული ღონისძიების დროზე ადრე დასრულება, ღონისძიებების განრიგის შეცვლა, გამოფენების დახურვა ქალაქის მერის ჩამოვლის შემდეგ, არაორგანიზებულობა და არასაკმარისი საინფორმაციო კამპანია – ეს იმ მიზეზების არასრული ჩამონათვალია, რის გამოც გასულ წლებში „ბათუმობის“ ორგანიზატორებს საყვედურობდნენ. წელს მერია ამ ყველაფრის გამოსწორებას შეეცდება: „ამ გამოცდილებებს და ყველა იმ პრობლემას, რაც წინა ბათუმობაზე შეგვექმნა, გავითვალისწინებთ. წელს კარგად ვიმუშავეთ,“ – ამბობს ანა სიხარულიძე, ბათუმის კულტურის ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ის ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორია. წინა „ბათუმობის“ მთავარ პრობლემად ანა არასაკმარის საინფორმაციო კამპანიას ასახელებს. ის ამბობს, რომ ეს გამოსასწორებელ შეცდომათა ჩამონათვალშია, თუმცა „ბათუმობამდე“ ორ კვირაზე ნაკლები დროა, საინფორმაციო კამპანია კი ჯერ არ დაწყებულა.

„ბათუმობის“ ორგანიზატორების ინფორმაციით, ძირითადი ღონისძიებები კვლავ მემედ აბაშიძის ქუჩაზე ჩატარდება. იგეგმება ორი მთავარი კონცერტი: ანბანის კოშკთან ქართველი შემსრულებლებისა და ადგილობრივი ბენდების მონაწილეობით, ხოლო მეორე – ბათუმის კულტურის ცენტრში, სადაც მერი საპატიო ბათუმელებს დააჯილდოვებს. პარალელურად საბავშვო კონცერტი გაიმართება ბათუმის ექვსი მაისის პარკში.

მემედ აბაშიძის ქუჩა. ფოტო: ცაგო კახაბერიძე.
მემედ აბაშიძის ქუჩა.
ფოტო: ცაგო კახაბერიძე

მემედ აბაშიძის ქუჩაზე, „აპოლოს“ მოპირდაპირე მხარეს გამოიფინება მერიის ფოტოკონკურსში – „ჩვენი ბათუმის“ გამარჯვებული ფოტოები. დაგეგმილია პოეტების საღამო. მოეწყობა რამდენიმე სახალხო ბაზრობა. ევროპის მოედანზე დაგეგმილია ასევე კულინარიული ფესტივალი. თოჯინების თეატრის აივანზე მოაწყობენ წარმოდგენას ბავშვებისთვის, საჯარო ბიბლიოთეკასთან კი წიგნების გამოფენა მოეწყობა. დაგეგმილია ქუჩების მოხატვა და სხვადასხვა გამოფენა; 3 სექტემბერს კულტურის ცენტრში დაგეგმილ „ბათუმურ შეხვედრებზე“ აჩვენებენ ბათუმზე და ბათუმში გადაღებულ ფილმებს.

ანა სიხარულიძის თქმით, „ამ შეხვედრაზე მოწვეულია ყველა ის ადამიანი, ვინც ჩართული იყო ბათუმზე ფილმების მომზადებაში. ესენი არიან: ნუგზარ ერგემლიძე, ალეკო ხომერიკი, რამაზ სურმანიძე, ჯემალ ღაღანიძე, ბაადურ წულაძე, იმედო კახიანი, ელგუჯა ბურდული, ვაჟა ტუღუში… შესრულდება გიო ნიკოლაძის „ახალი ბათუმი“, რომელიც არის კონკურსში გამარჯვებული სიმღერა ბათუმზე. მთავარ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ასევე ნატო მეტონიძე და ლიზა ბაგრატიონი.“

„ბათუმობის“ მუსიკალური ორგანიზატორები არიან ნიკა წულუკიძე და ლაშა ღლონტი.

4 სექტემბერს კონცერტი ჩატარდება ანბანის კოშკთან, სადაც მონაწილეობას მიიღებენ: ჯგუფი „ალილო“, „თეატრალური კვარტეტი“, ანრი ჯოხაძე, ნატო გელაშვილი, გიო ხუციშვილი, მაკა ზამბახიძე, სოფო ხალვაში, „ნიკოლშოუ“ და კვარტეტი ბერიძეები. კონცერტს ჯგუფი „ბანი“ დაასრულებს.

წელს „ბათუმობის“ ორგანიზებისთვის 300 000 ლარი დაიხარჯება. ბათუმის კულტურის ცენტრს ქუჩების მოსართავად საჭირო აქსესუარებზე ტენდერის გამოცხადება ხელმეორედ მოუწევს, რადგან ტენდერი არ შედგა. თუმცა როგორც კულტურის ცენტრის დირექტორი ჯონი საბაშვილი ამბობს, შეიძლება შესყიდვა პირდაპირი მოლაპარაკების წესითაც განახორციელონ.
ბათუმში კი ამ დღესასწაულთან მიმართებაში განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვთ და ასეთ განწყობას წინა წლების გამოცდილებით ხსნიან:

„ბათუმობა“ ვერ იქცა საზოგადოებრივ, საჯარო დღესასწაულად, როგორც დასავლურ ქვეყნებშია, საზოგადოება და ბიზნესსეგმენტიც ჩართულია დღესასწაულში, სახელმწიფოს მონაწილეობა კი ძირითადად ნებართვებით და სხვა ბიუროკრატიული საკითხებით შემოიფარგლება. ძირითადი აქცენტი ერთ ქუჩაზეა გადატანილი. ვიღაცის სახლი უნდა მორთონ რატომღაც, რომ იმ ქუჩაზე გქონდეს დღესასწაულის განცდა, სხვა ქუჩაზე ასეთი განცდა არ გექნება, თუ არ ჩავთვლით ბანერს, რომელსაც გამოკიდებენ.

ყველა ბათუმობაზე ძირითადად ერთი და იგივე ღონისძიებებია, არაფერი ახალი. მე ვფიქრობ, სხვადასხვა აქტივობაზე და ადგილობრივ ხელოვანებზე უნდა იყოს გათვლა და არ უნდა იყოს ტიპური საბჭოთა მარშები. თბილისობის დღესასწაულზეც მწვადისა და ხაშლამის მეტი არაფერი მინახია,

ძირითადი აქცენტი მხოლოდ ჭამაზეა და არა შემეცნებაზე,“ – ამბობს ფოტოგრაფი ლაშა ფალავანდიშვილი.

„ბათუმობა“ დღესასწაულის განცდას ვერ უჩენს თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის პროექტების კოორდინატორს მარი ზაქარაძესაც. ის ხედავს, რომ მერია „ძალიან ცდილობს, მაგრამ დღესასწაული მაინც არ ჰგავს დღესასწაულს და მას რაღაც აკლია.“ მარი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა მერიას ინტერაქტივზე ეფიქრა, რაც საზოგადოების მეტ ჩართულობას და თანამონაწილეობას განაპირობებდა: „მაგალითად, ინტერნეტგამოკითხვა რომ ჩაეტარებინათ იმაზე, თუ რა სურს ხალხს, რა მოლოდინები აქვს, ვის უნდა, რომ მოუსმინონ, თუნდაც კონცერტზე.“

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების“ ინსტიტუტის ხელმძღვანელი ნათია აფხაზავა, რომელიც თვითმმართველობის საკითხებზე მუშაობს, პრობლემის მოგვარების გზებს სპეციალისტების ჩართვაში ხედავს: „ორგანიზებაში სპეციალისტები უნდა ჩართონ ან მერიამ ღონისძიება ტენდერზე უნდა გაიტანოს. საქმის მცოდნეებისგან მივიღოთ წინადადებები, იქედან კი საუკეთესო შევარჩიოთ, ამ კომისიამ კი მის განხორციელებას გაუწიოს კონტროლი.“

შენიშვნა: სტატია გამოქვეყნდა „ბათუმელების“ 22 აგვისტოს ნომერში.

ამავე თემაზე:

ბათუმობასთან დაკავშირებული სამზადისი და აფიშა

ვაკანსია ,,ბუქკაფეში”

შპს ,,ბუქკაფე” აცხადებს ვაკანსიას წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

• სალარო აპარატთან და ტერმინალთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;

• მომხმარებელთან კვალიფიციური და თავაზიანი მოპყრობის უნარი;

• მხატვრული ლიტერატურისა და სასკოლო წიგნების ჟანრებისა და გამოცემების ცოდნა;

საკონტაქტო ტელეფონი: 599 550 554

მიწის აზომვითი სამუშაოებისთვის სახელმწიფო 5 მილიონ ლარს დახარჯავს

2016 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას მხოლოდ ახალი  სტანდარტის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე განახორციელებს.

იმ პირებმა, რომლებსაც ძველი წესის შესაბამისად მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი აქვთ და  სურთ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საჯარო რეესტრს უნდა მიმართონ 2016 წლის პირველ სექტემბრამდე. უკვე დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული ნაკვეთები კი ხელახალ რეგისტრაციას აღარ საჭიროებს.

ახალი წესით, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე – ამზომველი. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებული პირი მიმართავს ამზომველს – უძრავი ქონების საკადასტრო აზომვითი ნახაზის მოსამზადებლად.

ამასთან, ამზომველებს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის მომზადებულ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების საფასურს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გადაუხდის.

დაინტერესებული პირი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, რეგისტრაციის მიზნით წარადგენს კანონმდებლობით განსაზღრულ დოკუმენტაციას, მათ შორის, აზომვითი ნახაზების მომზადების დამადასტურებელ დოკუმენტაციას:

ამზომველთან გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებას;
შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტს;
გაწეული მომსახურების ხარჯების ამსახველ დოკუმენტს.
ამზომველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს.

ანაზღაურებას ექვემდებარება ამზომველსა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თითოეულ მესაკუთრეზე არაუმეტეს 5 ჰა-ის ფარგლებში. ამასთან, ზღვრული ოდენობები განისაზღვრება შემდეგი სახით:

1,5 ჰა – მდე მიწაზე – ანაზღაურდება არაუმეტეს ჯამში 80 ლარის ოდენობით;
1,5 ჰა-დან 5 ჰა – მდე მიწაზე – არაუმეტეს ჯამში 100 ლარის ოდენობით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით განსახორციელებელი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესყიდვის მიზნით საჭიროა 5 მილიონ ლარამდე.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტროს დაევალა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, მიმდინარე წელს, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გამოუყოს 1 მილიონი ლარი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული მიღებული შემოსავლებიდან 4 მილიონი  ლარი ეტაპობრივად მიმართოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე.

ამავე თემაზე:

„მიწის რეფორმა“ მხოლოდ ხულოში, შუახევსა და ქედაში?

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ქობულეთის შემოვლით გზაზე, 28 აგვისტოს, გვიან ღამით ავტოავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. “ბათუმელების” ინფორმაციით, ამავე ავტომანქანაში მყოფი კიდევ სამი მგზავრი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მეორე მსუბუქ ავტომობილში არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ღამის კლუბში ორი მოქალაქის სავარაუდო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ბათუმის ბულვარში, ღამის კლუბ Sector 26-ში ორი მოქალაქის სავარაუდო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. „ბათუმელების“ ინფორმაციით,  ზ.მ.-ს  და მის მეგობარს კლუბში, დაახლოებით ღამის ორ საათზე, დაცვის რამდენიმე თანამშრომელმა მას შემდეგ დაუწყო ცემა, როცა ისინი კლუბის ტერიტორიაზე მდებარე აუზში საბანაოდ ჩავიდნენ. კლუბიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა პოლიცია გამოიძახეს და ჩვენება მისცეს, ასევე გაიარეს ექსპერტიზა სხეულზე მიყენებულ ფიზიკურ დაზიანებებზე. ზ.მ. პროფესიით ადვოკატია.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ამავე ღამის კლუბის დაცვის თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებენ. ივლისში “ბათუმელებს” ერთ-ერთი არასრუწლოვნის ადვოკატი მოუყვა, რომ ასევე აუზში ჩასვლის გამო დაცვის თანამშრომლები არასრუწლოვანს და მის თანხმლებ პირს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მაშინ “ბათუმელებთან” ცემის ფაქტი კლუბის Sector 26-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უარყვეს. მათი თქმით, აუზში ბანაობა ღამით მართლაც აკრძალულია, მაგრამ წესის დამრღვევს ისინი უბრალოდ კლუბის ტერიტორიას ატოვებინებენ.

კლუბ”Sector 26-ის ადმინისტრაციაში ამჯერად “ბათუმელების” სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ გამოძიება ღამის კლუბ Sector 26-ში მომხდარის გამო დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის საფუძველზე.

სოფელში ნაპოვნი შველი რეინჯერმა ბუნებაში დააბრუნა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში, სოფლის ტერიტორიაზე ნაპოვნი შველი მტირალას ეროვნული პარკის რეინჯერმა ბუნებაში დააბრუნა.

14142061_1127047170695219_768889439854331597_n
ფოტო დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფეისბუქგვერდიდან

 

როგორ ჩავრთოთ მოქალაქეები საკრებულოს მუშაობაში სმს-ების საშუალებით

დღეს 29 აგვისტოს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ადგილობრივი ხელისუფლების სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლებისთვის, „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ და მისი პარტნიორი ორგანიზაცია „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ მიერ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის თემა იყო, ინოვაცია რომელიც შეეხება  მოქალაქეების ჩართულობას თვითმმართველობის საკითხებში, მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. აქტივობა, პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის“ ფარგლებში ხორციელდება.

მოქალაქეთა ჩართულობა სმს-ების  საშუალებით პირველად დაინერგა  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, „ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ მეშვეობით. კლუბმა ამისთვის სპეციალური ელექტრონული პროგრამა შეიმუშავა. როგორც კლუბის გამგეობის თავმჯდომარე განმარტავს,  მოქალაქეები მოკლე ტექსტური შეტყობინებით ინფორმაციას მიიღებენ საკრებულოს სხდომების განრიგის, დღის წესრიგისა და სხდომებზე დასწრების პროცედურების შესახებ.

„ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ პრეზენტაცია, სმს-ებით მოქალაქეთა ჩართულობაზე
„ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ პრეზენტაცია, სმს-ებით მოქალაქეთა ჩართულობაზე

„სიახლე სოფელ-სოფელ გავაცანით მოქალაქეებს ანკეტა-მემორანდუმების საშუალებით.  მათ შეუძლიათ სმს-ები დაგზავნონ იმის მიხედვით, თუ რომელი სფერო აინტერესებთ.   სფეროების მიხედვით ამ ბაზაში უკვე 800 ადამიანი გაერთიანდა“ – გვეუბნება კლუბის გამგეობის თავმჯდომარე მინდია სალუქვაძე.

მისი თქმით, პრეზენტაციის მიზანია, რომ ამ სიახლის შესახებ გამოცდილება სხვა თვითმმართველობებმაც გაიზიარონ და დანერგონ პრაქტიკაში, რაც  თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას უზრუნველყოფს.

გაჩერდა თუ არა „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ მშენებლობა ბათუმში

ენმ-ის ბათუმის  მაჟორიტარი  დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში გიორგი კირთაძე ჯავახიშვილის 78 ნომერში „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ მშენებლობის შეჩერებას აპროტესტებს. მისი განცხადებით, მშენებლობა 2015 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მშენებლობა ჯერ კიდევ შეჩერებულია.

„დღეს ვიყავით იმ  ადგილზე, სადაც „იაფი სახლი“ უნდა აშენებულიყო. ჯერ თქვეს რომ მშენებლობა 2014 წელს დასრულდებოდა, შემდეგ ითქვა 2015 წელსო, ახლა გვეუბნებიან რომ 2016 წელს დამთავრდებაო. აქ, ამ ადგილზე 4 ხუთსართულიანი კორპუსი უნდა აშენდეს“ – ამბობს გიორგი კირთაძე.

მისივე ინფორმაციით, ერთის მხრივ მშენებლობაა შეჩერებული და მეორე მხვრივ კრიტერიუმები არ დაუდგენია საკრებულოს.

„ხელმისაწვდომი საცხოვრისის“, კრიტერიუმები კომისიის მიერ განისაზღვრა, თუმცა  საკითხი განსახილველად საკრებულოს სხდომაზე ჯერ არ გასულა.

„ხელმისაწვდომი საცხოვროსის“ მშენებლობის შეჩერება ა ჯავახიშვილის ქუჩაზე, როგორც ბათუმის მერიის  კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე ნუკრი ხინთიბიძე ამბობს, ობიექტურმა მიზეზებმა გამოიწვია:

„პრობლემა შექმნა იმან, რომ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს აღმოჩნდა 6 და 36 კილოვატიანი კაბელი, რომელიც „ენერგო პრო-ჯორჯიას“ ეკუთვნის. საჭირო დარჩა ამ კაბელის გადატანა. ტექნიკური პირობები, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი გადატანა, შპს „კონვენტ ჯორჯიამ“  მიიღო, რომელიც ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს და აქედან გამომდინარე, მან უნდა შეისყიდოს ქუროები, რომლითაც შემდგომში მოხდება გადაჭრილი კაბელების შეერთება. ეს ქუროები საკმაოდ ძვირია და მისი წარმოება ხდება მხოლოდ გერმანიაში. როგორც ვიცი კომპანიის დირექტორი იმყოფება უცხოეთში და მოხდება ამ პრობლემის გადაჭრა“.

ნუკრი ხინთიბიძის განცხადებით, აღნიშნული სამუშაოები 15 დეკემბრამდე დასრულდება.

 

 

 

30 აგვისტოს ქალაქის გარეუბნებს და დაბა ჩაქვს, წყლის მიწოდება შეუწყდება

კომპანია „ბათუმის წყალის“ ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, 29 აგვისტოს ღამის 12:00 საათიდან, 30 აგვისტოს დილის 08:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება  დაბა ჩაქვის, მწვანე კონცხის, მახინჯაურის, განთიადის და თამარის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს.

ინფორმაციას შპს „ბათუმის წყალი“ ავრცელებს.

უსკოში კიდევ ერთი ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია დარეგისტრირდა

დღეს, 29 აგვისტოს, უსკომ უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე კიდევ ერთი დამკვირვებელი ორგანიზაცია დაარეგისტრირა.

კომისიის წევრების გადაწყვეტილებით,  რეგისტრაციაში გატარდა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაცია,  „საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი“. ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებიდან პირველად რეგისტრაცია ორგანიზაცია „მშვიდობა, თანადგომა, სოლიდარობამ”  გაიარა.  ორგანიზაცია უსკოში 14 ივლისს დარეგისტრირდა.

უსკოში, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის ვადა 28 სექტემბერს იწურება,  დამკვირვებელთა სიის წარდგენა კი 3 ოქტომბრამდეა შესაძლებელი.

რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, პირველი ოქტომბერი არის ბოლო თარიღი საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციისთვის, 6 ოქტომბერს კი საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლების წარდგენის ვადა იწურება.

მედიასაშუალებებმა წარმომადგენლების აკრედიტაციისთვის, უსკოს 5 ოქტომბრამდე უნდა მიმართონ.

მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე გრანტების მოცულობა განისაზღვრა

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო გრანტის წლიური მოცულობა,  2 133 000 ლარით განისაზღვრა.

საქართველოს მთავრობის 24 აგვისტოს დადგენილებით, მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური  ოდენობა 2250 ლარია, მინიმალური კი 1850 ლარი.

გრანტების მოცულობა თითოეული პროფესიის მიხედვით:

გრანტების მოცულობა მთავრობის დადგენილების მიხედვით
გრანტების მოცულობა მთავრობის დადგენილების მიხედვით

საქართველოს ხუთ ქალაქში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღე აღინიშნება

30 აგვისტო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეა. საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგას 2 300-ზე მეტი პირი ითვლება დაკარგულად.

ამ დღესთან დაკავშირებით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი ხუთ ქალაქში, თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში, სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავენ.

„ამ დღის მიზანია უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა პატივისცემა, მათო ოჯახების მხარდაჭერა და ფართო საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება  იმ შედეგების შესახებ, რაც ოჯახისთვის ადამიანის გაუჩინარებას მოაქვს“- ნათქვამია ღონისძიებების ორგანიზატორთა განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, უგზო-უკვლოდ დაკარგულ ოჯახებს   საქართველოს  მასშტაბით საშუალება ეძლევათ შეხვდნენ მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანებს, „კიდევ ერთხელ გაიხსენონ  გაუჩინარებული ახლობლები და ერთმანეთს გაუზიარონ განცდები“.

უგზო-უკვლოდ დაგაკრგულთა დღის აღმნიშვნელი ღონისძიებები ბათუმში დღის ათი საათიდან, პუშკინის და ლორიას ქუჩების კვეთაში არსებული სკვერიდან დაიწყება.

ნეიროქირურგია ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ნეიროქირურგიული მიმართულება პაციენტებს უახლეს ტექნოლოგიებსა და ნეიროქირურგიის თანამედროვე მიღწევებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკასა და ქირურგიულ მკურნალობას სთავაზობს. ჰოსპიტალში ბათუმელ სპეციალისტებთან ერთად თბილისიდან მოწვეული ნეიროქირურგებიც მუშაობენ.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ნეიროქირურგიული განყოფილება ამ მიმართულებით ყველა სამედიცინო სერვისს სთავაზობს პაციენტებს.

„ფაქტობრივად, ნეიროქირურგიის მთელ სპექტრს მოვიცავთ. ჩვენთან ხდება ქალა-ტვინის ტრავმის, ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმის მკურნალობა. ასევე გვაქვს ნეიროონკოლოგიის მიმართულება: სისხლძარღვოვანი ნეიროქირურგია, რომელშიც შედის თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, როგორც ღია ოპერაციული მკურნალობა, ასევე გარკვეული პათოლოგიების ენდოვასკულარული მეთოდებით მკურნალობა; ჰიდროცეფალიის მკურნალობა, რაშიც შედის შუნტირება, რეფერალური ნერვების დაზიანების მიკროქირურგიული მკურნალობა, ასევე ხერხემლის დეგენერაციული პათოლოგიების (დისკის თიაქარი და ა.შ.) მიკროქირურგიული მკურნალობა,“ – ამბობს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ნეიროქირურგი მერაბ დოლიძე.

უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება ნეიროქირურგიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი ამ მიმართულებით ლიდერია რეგიონში. მერაბ დოლიძე ამბობს, რომ ჰოსპიტალში არსებულმა თანამედროვე ტექნიკურმა აღჭურვილობამ მათ ურთულესი ნეიროქირურგიული ოპერაციების ჩატარების საშუალება მისცა.

22

„ჰოსპიტალში ჩატარდა ოთხი ურთულესი ოპერაცია ნეიროქირურგიაში. ორ პაციენტს დაუდგინდა თავის ტვინის ანევრიზმა, დიაგნოსტირება მოხდა ანევრიზმის გასკდომამდე, რაც უმნიშვნელოვანესია, რადგან ანევრიზმის გასკდომის შემდეგ ავადმყოფის მდგომარეობა მძიმეა. ერთ ავადმყოფს ჰქონდა ერთდროულად ორი ანევრიზმა, შემთხვევა რთული იყო. ასევე, ჩავატარეთ თავის ტვინის და ქალა-ბუდის სიმსივნეების ამოკვეთის ოპერაცია, რაც ითვლება ნეიროქირურგიაში ერთ-ერთ რთულ მისადგომად. ოთხივე ოპერაცია წარმატებით დასრულდა,“ – ამბობს მერაბ დოლიძე.

განსაკუთრებით რთული შემთხვევების დროს ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში თბილისიდან მოწვეული კონსულტანტები, მედიცინის დოქტორები, ნეიროქირურგები: მირზა ხინიკაძე და ლადო წიქარიშვილი მუშაობენ ჰოსპიტლის ექიმებთან ერთად.
„მირზა ხინიკაძე, რომელიც წარმოშობით ქობულეთიდანაა, ფლობს როგორც ღია ოპერაციული მკურნალობის მეთოდებს, ასევე არის ენდოვასკულარული ნეიროქირურგი. რაც შეეხება ლადო წიქარიშვილს, იგი გამოცდილი და საქართველოში ერთ-ერთი მაღალკვალიფიციური ნეიროქირურგია, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს თავის ტვინის სიმსივნეების მკურნალობაში,“ – ამბობს მერაბ დოლიძე.

ნეიროქირურგის თქმით, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ნეიროქირურგიის განყოფილებას ყველაზე ხშირად ხერხემლის დეგენერაციული პათოლოგიების, მალთაშუა დისკის თიაქრების, სისხლძარღვოვანი პათოლოგიების, თავის ტვინისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების სამკურნალოდ მიმართავენ.

11უახლოეს მომავალში ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში ნეიროქირურგიული სამსახური კარდიოლოგიურ და ნევროლოგიურ სამსახურთან ერთად ინსულტების მართვაში სიახლის შემოტანას გეგმავს:

„გვაქვს გათვლები, რომ მოხდეს დამატებითი კვლევები, რათა დადგინდეს იშემიური ინსულტის გამომწვევი მიზეზი და აქცენტი გვექნება ენდოვასკულარულ ჩარევაზე, რომელიც მიმართული იქნება ინსულტის პრევენციაზე. ეს ახალი მიმართულებაა და სექტემბრიდან ვაპირებთ მის დანერგვას. ასევე, აქტიურად დავიწყებთ ენდოვასკულარულ ოპერაციებს“.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი ჩართულია საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის პროგრამებში. ჰოსპიტალში მოქმედებს როგორც ინდივიდუალური, ასევე კორპორაციული და საყოველთაო დაზღვევა.

ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის ნეიროქირურგიული მიმართულება გთავაზობთ დიაგნოსტიკასა და ქირურგიულ მკურნალობას:

ნეიროტრავმატოლოგიაში – ქალასარქველისა და ქალა-ფუძის მოტეხილობა; ეპიდურული ჰემატომა; მწვავე სუბდურული ჰემატომა; ქრონიკული სუბდურული ჰემატომა; ტრავმული ინტრაცერებრალული ჰემატომა; თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული შეშუპება; ხერხემლისა და ზურგის ტვინის ტრავმა.

სისხლძარღვთა ნეიროქირურგიაში – ჰემორაგიული ინსულტი (სპონტანური ინტრაცერებლური, ინტრავენტრიკულარული ჰემორაგია, სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა); ინტრაკრანიალური ანევრიზმების მიკროქირურგიული მკურნალობა; არტერიო-ვენური მალფორმაციების ღია მიკროქირურგიული მკურნალობა; ინტრაკრანიალური ანევრიზმების და არტერიო-ვენური მალფორმაციების ენდოვასკულარული მკურნალობა; თავის ტვინის სისხლძარღვთა პათოლოგიების ენდოვასკულარული მკურნალობა (სტენტირება, ანგიოპლასტიკა).

ნეიროონკოლოგიაში – თავის ტვინის სიმსივნეების მიკროქირურგიული მკურნალობა; ხერხემლისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების მიკროქირურგიული მკურნალობა; სიმსივნეთა ტრანსნაზალური მიკროქირურგიული მკურნალობა; პერიფერიული ნერვების სიმსივნეების მიკროქირურგიული მკურნალობა.

ჰიდროცეფალიის დროს – შუნტირება და ენდოსკოპიური მკურნალობა.

ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების დროს – მალთაშუა დისკის თიაქრის მიკროქირურგიული მკურნალობა; სპინალური სტენოზი; თავისა და ზურგის ტვინის თაანდაყოლილი ანომალიები; ეპილეფსია; სამწვერა ნერვის ნევრალგია; ჰემიფაციალური სპაზმი; პერიფერიული ნერვების დაზიანების მიკროქირურგიული მკურნალობა; გვირაბული სინდრომების ქირურგიული მკურნალობა.

ჰოსპიტლის ლოგომისამართი: ბათუმი,
გენერალასლან აბაშიძის ქუჩა #14
ტელეფონი: 0422 21 33 33
ელფოსტა: info@Bih.ge
ვებგვერდი: www.bih.ge

2016 წლის ინვესტიციების მოცულობა აჭარაში

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძის ინფორმაციით, 2016 წელს, ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია. ინვესტიციების შესახებ პრეზენტაცია მინისტრმა დღეს, 29 აგვისტოს სასტუმრო „რედისონ ბლუში“ გააკეთა.

მინისტრის განცხადებით, აჭარაში განხორციელებული ინვესტიციების ოდენობა 208 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 154 მილიონი დოლარი უცხოურ ინვესტიციებზე მოდის, 54 მილიონი დოლარი კი ადგილობრივ ინვესტიციებზე.

„ინვესტიციების დინამიკა არის მზარდი წლების მიხედვით, თუ  გასული წლის ამ დროის მონაცემებს შევადარებთ, გვაქვს 150 პროცენტიანი ზრდა.

ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია რომ ბათუმი გახდეს ოთხივე სეზონისთვის საინტერესო და ამისთვის სამედიცინო ტურიზმის განვითარებასაც ვგეგმავთ. ჯერ-ჯერობით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინვესტორებთან და შედეგები ორ კვირაში  გახდება ცნობილი“- განაცხადა მინისტრმა.

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლვაძის განცხადებით, 2016 წელს ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 26 პროცენტით არის გაზრდილი. ფოტო: „ბათუმელები“
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლვაძის განცხადებით, 2016 წელს ინვესტიციების მოცულობა წინა წელთან შედარებით 26 პროცენტით არის გაზრდილი.
ფოტო: „ბათუმელები“

 

მინისტრის თქმით, 2016 წელს 6 საინვესტიციო პროექტი დაიწყო, რომელსაც საძირკველი მალე ჩაეყრება.

„მთლიანობაში 152 მილიონი დოლარის ინვესტიციაზეა საუბარი, ეს ინვესტიციები ხორციელდება ახალი ბულვარის ტერიტორიაზე. ამ ინვესტიციების განხორციელებით 2 600 ადამიანი დასაქმდება,  ინვესტიციების შედეგი 2020 წლამდე აისახება რეგიონზე. პირველი კვარტლის მონაცემებით, ბოლო პერიოდში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად  55 ათასი ადამიანია დასაქმებული.

მინისტრის თქმით, უცხოელებიდან, ძირითადად, სამეზობლო ქვეყნები – თურქეთი, უკრაინა, ყაზახეთი ინტერესდებიან.

აჭარაში ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის „წითელ ნუსხაში“ შეტანილი კიდევ 464 ხე მოიჭრება

აჭარის ტერიტორიაზე 220 კვ-იანი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-ბათუმის“ მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება, ბუნებრივი გარემოდან დამატებით ამოიღოს  საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების [სულ 464 ძირი] შემდეგი სახეობები:

ჩვეულებრივი წაბლი (Castanea sativa Mill.) – 229 ინდივიდი;
კაკლის ხე (Juglans regia L.) – 27 ინდივიდი;
კოლხური მუხა (Quercus hartwissiana Stev.) – 197 ინდივიდი;
უთხოვარი (Taxus baccata L.) – 2 ინდივიდი;
მცირენაყოფიანი ბალამწარა (Cerasus microcarpa C. A. Meyer) – 9 ინდივიდი.

დაახლოებით ორი თვის წინ, იმავე მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიეცა უფლება აჭარის ტერიტორიაზე „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 554 ძირი მცენარე ამოეღო.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ვალდებულია: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებისათვის დაგეგმილი ვადების შესახებ; ამასთან, მოჭრილი მერქნული რესურსი, დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, დაასაწყობოს სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.

„წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა უნდა განახორციელოს.

აჭარაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, ახალციხე-ბათუმის 220 კილოვოლტიან ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში, ინდური კომპანია KEC-ი ააშენებს. ელექტროგადამცემი ხაზი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის.

ბათუმის ნაპირგამაგრებისთვის 12 მილიონამდე ევრო დაიხარჯება

წვიმისა და შტორმის დროს ბათუმის დატბორვის პარალელურად ზღვის სანაპირო ზოლიც ირეცხება, რის შედეგადაც იშლება და ზიანდება ამ ზოლში არსებული ინფრასტრუქტურა – განსაკუთრებით, ახალი ბულვარის ტერიტორია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში კი ნაპირგამაგრების კუთხით მნიშვნელოვანი პროექტი ფაქტობრივად არ განხორციელებულა.

მიმდინარე წლის 16 ივნისს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განაცხადა  ბათუმის ნაპირგამაგრების სამუშაოებისთვის ტენდერში მონაწილეობის მიღების შესახებ. ფონდი საამისოდ, ფაქტობრივად, სამი წელი ემზადებოდა, თუმცა, ინფორმაცია, თუ რა სახის სამუშაოებია დაგეგმილი კონკრეტულად, ფონდისგან ვერ მივიღეთ. ჩვენი ინფორმაციით ყველა პროექტი თუ რეკომენდაცია, რაც 2013 წლამდე არსებობდა, ხელახლა გადამუშავდა ახალ პროექტად და გარკვეული დეტალები სამუშაოების მწარმოებელთან დადებულ ხელშეკრულებაშიც გაიწერება.

ფონდის ინფორმაციით, ბათუმის ნაპირგამაგრების პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: ნაპირსამაგრი ნაგებობის მშენებლობა სანაპირო ზოლის სამხრეთ ნაწილში, 1,8 კმ-ზე, პლაჟზე გადასასვლელი კიბეებით [ადრე საუბარი იყო სულ ცოტა 7 კმ მანძილის გამაგრებაზე – ანბანის კოშკიდან დაახლოებით მდინარე ჭოროხამდე]; ნატანის რეცირკულაცია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ; მდინარე ჭოროხის შესწავლა და მონიტორინგი მშენებლობის პერიოდში და ნატანის გადატუმბვა. სამუშაოები კონტრაქტორთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 600 დღეში უნდა დასრულდეს.

სატენდერო წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 29 ივლისს დასრულდა და ამჟამად მიმდინარეობს შერჩევა-შეფასება. გამარჯვებული დაახლოებით ერთ თვეში უნდა გამოვლინდეს.

„სამუშაოები, ზოგადად საკურორტო ზოლში, ხორციელდება ოქტომბრიდან-მაისამდე პერიოდში, რათა სეზონს ხელი არ შეეშალოს. შესაბამისად, გამარჯვებული როცა გამოვლინდება და ყველა დეტალი დაზუსტდება, სამუშაოები ოქტომბრამდე მაინც ვერ დაიწყება,“ – გვითხრეს მუნიციპალური განვითარების ფონდის პრესსამსახურში.

ნაპირგამაგრებითი სამუშაოები ბათუმში აზიის განვითარების ბანკისგან [ADB] მიღებული სესხით უნდა განხორციელდეს. სესხი საქართველოს მთავრობამ მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის – მეოთხე ტრანშით გათვალისწინებული პროექტების დასაფინანსებლად მიიღო. სწორედ ამ სესხის ნაწილი იქნება გამოყენებული  ბათუმის ნაპირგამაგრებისთვის.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, რამაზ ბოლქვაძის განცხადებით, `გამაგრებითი სამუშაოები ოქტომბრის ბოლოსთვის დაიწყება. ამ პროექტისთვის 12 მილიონამდე ევრო დაიხარჯება. მოეწყობა 2 კმ სანაპირო ზოლი“.

DSCN1776
ახალი ბულვარი მორიგი შტორმის შემდეგ / ფოტო: როინ გუნდაძე

„ჟილინის“ არხი  და დატბორილი ბათუმი

ბათუმში წვიმის დროს ქალაქის გარკვეული უბნების დატბორვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ინფრასტრუქტურულ პროექტებში გადახდილი მილიონების მიუხედავად, „ტრადიციულ“ დატბორვის უბნებს ქალაქში არაფერი ეშველა და ჯერჯერობით არც ეშველება, ვინაიდან სანიაღვრე არხები, რომლებმაც ქალაქი წვიმის წყლისგან უნდა განტვირთოს, შტორმის დროს არაეფექტურად მუშაობს.

ერთ-ერთი ასეთი არხია ე.წ. „ჟილინი“, რომლის რეკონსტრუქციისათვის ბათუმის ბიუჯეტიდან 6 მილინ 317 ათასი ლარი დაიხარჯა.

მერაბ კალანდარიშვილის ფოტოშარჟი
მერაბ კალანდარიშვილის ფოტოშარჟი

ბათუმის მერიის ინფორმაციით, „ჟილინის არხის კაპიტალური რეკონსტრუქცია დასრულდა. არხი ზღვის სანაპიროდან გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩამდე პერიმეტრს მოიცავს, თავდაპირველად ღია არხის სახით ფუნქციონირებდა, პროექტის ფარგლებში კი განხორციელდა არხის რკინაბეტონით ამოშენება და დახურვა“.

მიუხედავად ამისა, არხი ვერ იმუშავებს შტორმის დროს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პრობლემა რჩება შესართავთან, სადაც ზღვას შემოაქვს ნატანი, რაც არხში წყლის შეტბორვას იწვევს. მერიამ პროექტი შეცვალა და ამ მონაკვეთის, დაახლოებით 200 მეტრის სრულ რეკონსტრუქციაზე უარი თქვა.

მშენებელ კომპანიაში [„მშენებელი 80“] კი ადრე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ თუ არხი ზღვამდე არ მივიდოდა და არ გაკეთდებოდა მთლიანად, ახალ კონსტრუქციაში, ანუ ბეტონის გვირაბებში დაილექებოდა ნალექი, რადგან წვიმის წყალთან ერთად გვირაბებში ნაგავიც ხვდება, „წყალი თავისუფლად ვერ ჩადის ზღვაში და უკვე შეტბორილია“.

მაშინ კომპანიაში ისიც განაცხადეს, რომ ახალი კონსტრუქციიდან ზღვის შესართავამდე მონაკვეთი აუცილებლად უნდა დაწეულიყო და ახალგაკეთებული ბეტონის გვირაბის ძირს [საპროექტო ნიშნულს] გასწორებოდა. ამისთვის საჭირო იყო მიწის ამოღება, ანუ არხის დაღრმავება 1,3-1,5 მეტრით; ასევე, საჭირო იყო ახალ ბულვართან ხიდის [ხიმშიაშვილის ქუჩის ბოლოს მდებარე ხიდი, რომელზედაც ავტომაგისტრალი გადის] ფსკერის დანგრევა, დაბლა დაწევა და ამ მონაკვეთში არსებული ძველი კონსტრუქციების მოშლა. კომპანიაში აღნიშნეს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ ჩავიდოდა ახალი არხიდან თავისუფლად წყალი ზღვაში. დამატებით ამ სამუშაოების შესრულება კომპანიამ მერიას შესთავაზა.

ზურაბ წიკლაური, „მშენებელი 80“-ის ინჟინერი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ აღნიშნული სამუშაოები შესრულდა და ბოლო წვიმის დროს არხმა კარგად იმუშავა. რაც შეეხება უშუალოდ არხს, სამუშაოები დასრულებულია და “სამხარაულის“ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდებიან, რის შემდეგაც მერია შესრულებულ სამუშაოებს ჩაიბარებს.

ზემოაღნიშნულ ხიდთან არხის 40-მეტრომდე მონაკვეთი კვლავ ღიად რჩება. შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ აქ არხი დანაგვიანდება. ამ ნაწილში მერია სატუმბი სადგურის აშენებას გეგმავდა, თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით პროექტი დონორმა ორგანიზაციამ დაიწუნა. ჩვენივე ინფორმაციით, სატუმბი სადგური რომ გაკეთდეს, მერიას მოუწევს დაახლოებით 2 ათასი კუბური მეტრის ტევადობის სალექარი რეზერვუარის აშენება და არხის უკვე გაკეთებული, დახურული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ნაწილის მოშლა. სატუმბი სადგურის შემთხვევაში ჟილინის არხის წყალი სალექარიდან ზღვის სიღრმეში ჩაეშვება და შტორმის დროს დატბორვის საშიშროება აღარ იარსებებს. მერია ასეთი სატუმბი სადგურის აშენებას არდაგანის ტბის მიმდებარედაც გეგმავს.

კონკრეტულად ჟილინის არხთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ ამჯერად მერიაში მხოლოდ ის განუცხადეს, რომ „ჟილინის არხის ბოლოში, შესართავთან მოხდება მილების ჩაწყობა [დაახლოებით 200 მეტრი სიგრძის] და სატუმბი სადგურის აშენება, რომლითაც არხში თავმოყრილი წყალი გადაიტუმბება ზღვის სიღრმეში. თუმცა პროექტი ჯერ არ არის მზად და მიმდინარეობს ამაზე საუბარი“.

„ჟილინის არხის“ შესართავი ახალ ბულვართან
„ჟილინის არხის“ შესართავი ახალ ბულვართან

7 შეკითხვა, რომელიც პოლიტიკოსს ხმის მიცემამდე უნდა დაუსვათ

თქვენს კარებთან, საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში, სახლებთან თუ სოფლის ორღობეებთან უკვე ხშირად ჩნდებიან პოლიტიკოსები მრავალფეროვანი დაპირებებით. მათი გზავნილები, როგორც წესი, ხშირად ჰგავს ერთმანეთს. როგორ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, რა შეკითხვები უნდა დავუსვათ პოლიტიკოსებსა და პარტიებს ხმის მიცემამდე? “ბათუმელები”  გთავაზობთ რამდენიმე შეკითხვას იმის გასარკვევად, თუ რა იდეოლოგიის პოლიტიკის გატარებას უნდა ელოდოთ მათგან და რამდენად გათვლილი აქვთ დეპუტატობის კანდიდატებს ის, რასაც გპირდებიან. კითხვები მომზადებულია შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით: nimd.ge; partiebi.ge; socialstudieshelp.com; Princeton.edu; usatoday.com.

როგორ გაიზრდება ჩემი შემოსავლები?

პირველი, რითაც შეიძლება დაინტერესდეთ, პოლიტიკური იდეოლოგიაა. იდეოლოგია თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში იძლევა იმის საშუალებას, რომ პოლიტიკოსებს შორის განსხვავებები დავინახოთ და დაპირების რეალურობა გამოვაჩინოთ.

ზოგადი გაგებით, მემარჯვენე ძალები ემხრობიან ეკონომიკურ და სხვა სახის აქტივობებში სახელმწიფო ჩარევის მინიმალიზაციას. ისინი თავისუფალი ბაზრის პრინციპების ერთგულები არიან. მემარცხენეების ამოსავალი წერტილი კი თანასწორობაა და სახელმწიფო ეფექტური ხარჯვით თითოეული ადამიანის სოციალური კეთილდღეობის შექმნა.

თუკი კანდიდატი გეტყვით, რომ ის მემარჯვენეა და მაგალითად, ამცირებს ან საერთოდ აუქმებს გადასახადებს [ეს მემარჯვენე გზავნილი პოპულარულია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო გზავნილებში], მან უნდა წარმოგიდგინოთ გათვლა, რომელი ფულით მოახერხებს თქვენი პენსიის მინიმუმ – შენარჩუნებას, ან ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსებას, რადგან თუკი პოლიტიკური ძალა გადასახადებს მნიშვნელოვნად შეამცირებს, შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავალიც შემცირდება და შემოსავლები კონკრეტულ მეწარმეებს გაეზრდებათ.

წინასაარჩევნოდ, არამარტო საქართველოში, პოპულარულია მემარცხენე იდეოლოგიით ნაკარნახევი დაპირებები, რადგან როგორც პოლიტოლოგები განმარტავენ, იოლია ადამიანს უთხრა, რომ მის სოციალურ კეთილდღეობას გააუმჯობესებ და არა ის, რომ თავისუფალი განვითარების პირობებს შექმნი და თავად განვითარდეს. როდესაც პოლიტიკოსები გპირდებიან შემოსავლების ზრდას, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების გაუმჯობესებას და სწრაფად გამდიდრებას, უნდა დაინტერესდეთ – რა წყაროებიდან გაიზრდება შემოსავლები ბიუჯეტში და რა შეიცვლება დაფინანსების პრიორიტეტებში. ასევე კარგი იქნება, თუკი პოლიტიკოსი წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების ხედვას და პარამეტრებს, რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ეკონომიკური სარგებლის დათვლა.

საით?

პოლიტოლოგები ხშირად უსვამენ ხაზს, რომ გველოდება არჩევნები, სადაც პოლიტიკური ძალები დაჯგუფდებიან „პროდასავლურობის“ და „პრორუსულობის“ მიხედვით. კანდიდატს შესაძლოა, ჰკითხოთ: რომელ ქვეყნებთან და ალიანსებთან პარტნიორობა მიაჩნია პრიორიტეტად და რა პოლიტიკის გატარებას აპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეცადეთ, დეპუტატობის კანდიდატმა ნათლად გამიჯნოს, ევროპას მოიაზრებს მთავარ პარტნიორად და ევროპული ღირებულებებით წარმოუდგენია ქვეყნის განვითარება, თუ მეგობრობას დასავლეთთანაც აპირებს და ოკუპანტ რუსეთთანაც. მეორე პასუხის შემთხვევაში საინტერესოა კანდიდატის პასუხი კითხვაზე – დაასახელოს რომელიმე ქვეყნის მაგალითი დაასახელოს, სადაც ეს დაპირება შესრულდა.

შეახსენე წარსული

ევროპული გამოცდილება აჩვენებს, რომ ყველაზე პოპულარული და ეფექტური კითხვა წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ წარსულს ანუ „ბექგრაუნდს“ შეეხება. ალბათ, საინტერესო იქნება დეპუტატობის კანდიდატმა წარსული გაიხსენოს, ან თქვენ შეახსენოთ, თუკი ის გახსოვთ და თავად ამის გახსენება აღარ სურს. შეახსენეთ მას რა ღირებულებების ერთგული იყო წარსულში, რას აპროტესტებდა საჯაროდ, ვისთან ერთად აქტიურობდა, მოახერხა თუ არა წინა დაპირებების შესრულება, როგორ გრძნობს პასუხისმგებლობას მიუღწეველ შედეგებზე, მიღწეულზეც ჰკითხეთ. აქ გამოჩნდება, როგორ აღიქვამს პოლიტიკოსად ყოფნას – პრივილეგიაა ეს, თუ საზოგადოებისგან დაქირავებული შრომა, როცა ანგარიშვალდებულებას სწორედ ადამიანების წინაშე გრძნობ და არა კონკრეტულ ელიტებთან. ამ თემებზე საუბარი გამოაჩენს, რამდენად აქვს მას რეალურად მგრძნობელობა იმაზე, რაც თქვენ, ადამიანებს გაწუხებთ. ევროპელი მედიაექსპერტები მიიჩნევენ, რომ წარსულზე აქცენტირება ყველაზე კარგად აჩენს რატომ გაუჩნდა ადამიანს პოლიტიკაში მოსვლის სურვილი, რა უნდა მას თქვენგან, მხოლოდ ხმა, თუ?

რას უპირებ განათლების სისტემას?

განათლების ხარისხი და მისი დაფინანსება რჩება ქვეყნის მთავარ გამოწვევად. პოლიტიკოსებისგან რაც გვესმის, არის ზოგადი დაპირება განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით. კანდიდატებს სთხოვეთ დაასახელონ კონკრეტული ხედვა განათლების პოლიტიკის კუთხით, როგორც დაწყებითი, ისე საშუალო და უმაღლესი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ასევე საინტერესოა, როგორია პოლიტიკური ძალის ხედვა პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ კიდევ პოპულარული არ არის და რის საჭიროებაც დგას.

განათლების დაფინანსება – აქაც აქტუალურია პოლიტიკური ძალა, კანდიდატი მემარჯვენე იდეოლოგიას აკუთვნებს თავს თუ მემარცხენეა. თუკი პოლიტიკური პარტია დეკლარირებულად მემარჯვენეა, ის არ უნდა გპირდებოდეთ სრულიად უფასო განათლებას, უფასო სახელმძღვანელოებს და ასე შემდეგ. იმისთვის, რომ მათი დაპირება დამაჯერებელი იყოს, მათ მინიმუმ უნდა იცოდნენ, რა ჯდება განათლების მიღება დღეს, რამდენით უნდა გაიზარდოს ეს ხარჯები, რის შემცირების ხარჯზე უნდა გაიზარდოს და რატომ იქნება ეფექტური, თუკი, მაგალითად, სოციალური სფეროს დაფინანსებიდან თანხის ნაწილს განათლების სასარგებლოდ დავხარჯავთ.

რას ფიქრობთ ქალებზე პოლიტიკაში?

თუკი ამ კითხვაზე პოლიტიკოსმა ირონიული პასუხი გაგცათ, ჩათვალეთ, რომ ის ადეკვატურად ვერ აღიქვამს გენდერული ბალანსის დაცვის საჭიროებას.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, „ნიდერლადების ინსტიტუტმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ სხვადასხვა პარტიას რამდენიმე კითხვით მიმართა და მათგან წერილობითი პასუხები მიიღო. მაშინ ქალთა საკითხებთან დამოკიდებულება ამ ინსტიტუტმა შემდეგი ფორმით სცადა: „ეუთოს წევრ სახელმწიფოთა შორის საქართველო ბოლო ადგილზეა საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრ ქალთა რაოდენობის მხრივ. გთხოვთ, აღწეროთ თქვენი ინიციატივები [თუკი ასეთი გაქვთ] ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გასაზრდელად~. პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ ამ კითხვას ძალიან მოკლე და ფორმალური პასუხი გასცა, ხელს შევუწყობთ ქალთა თანამონაწილეობის გაზრდასო. ამჯერად თქვენ სცადეთ გაგება, დაფიქრდნენ თუ არა პოლიტიკოსები და შეიმუშავეს თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რაც პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობას გაზრდის?

სად ხედავთ უმცირესობების ადგილს?

„რა წინადადებებს [თუკი ასეთი გაქვთ] გვთავაზობთ უმცირესობათა უფლებების დაცვისა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მეტად ინტეგრირებისთვის?“ – ნიდერლანდების ინსტიტუტის ამ შეკითხვას ქართულმა პარტიებმა ყველაზე მოკლე პასუხები გასცეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. მთავარი პათოსი იყო ის, რომ ტოლერანტობის კულტურა უნდა იყოს დაცული და ენის სწავლების პროგრამებს აამოქმედებდნენ. გამოკითხული 5 პარტიიდან არც ერთს უსაუბრია, მაგალითად, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებზე. პოლიტიკური პარტიის და მისი წარმომადგენლის კონკრეტული ხედვა ამ საკითხებზე კარგად ავლენს მის აღქმას დემოკრატიულობაზე. კანდიდატობის მსურველს უმჯობესია თუკი ჰკითხავთ, კონკრეტულად რას ფიქრობს, მაგალითად, ისეთ დემოკრატიულ მიდგომაზე, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ეკლესიის გამიჯვნა? ან სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ორგანიზების დაფინანსება, ან მოსწონს თუ არა „ანტიდისკრიმინაციული კანონი“, რომელიც პარლამენტმა 2013 წელს მიიღო.

ვინ ვიქნები მე?

თუკი სასურველი პოლიტიკოსი უკვე შეარჩიეთ, აუცილებლად ჰკითხეთ _ ვინ იქნებით თავად თქვენ მისთვის, როცა არჩევნები ჩაივლის. როგორ უყურებს პოლიტიკოსი ამომრჩეველს – ეს საკითხი ავლენს იმას, თუ როგორია მისი დამოკიდებულება ბიუროკრატიის მიმართ. დიდი ალბათობით, ის გეტყვით, რომ ყოველთვის მოიცლის ხალხისთვის, მიგიღებთ საჭირო დროს და მოგისმენთ. ევროპელი პოლიტოლოგების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამომრჩეველმა პოლიტიკოსს უნდა აგრძნობინოს, რომ ის მას ქირაობს და ანგარიშვალდებულების განცდა კენჭისყრამდე უნდა გაჩნდეს. დამოკიდებულია თუ არა პოლიტიკოსი ვერტიკალზე და რას ნიშნავს მისთვის თანამდებობა – ამას კარგად გავიგებთ, თუკი მას პარტიის სტრუქტურის შესახებ ვკითხავთ: როგორ ირჩევენ პარტიული თანამდებობისთვის პირებს, როგორ ხდება ადამიანი მაჟორიტარობის კანდიდატი, როგორ იღებენ გადაწყვეტილებას, არსებობს თუ არა დემოკრატია თავად პარტიის შიგნით?

კახა კალაძე: არჩევნებში ჩვენი გამარჯვება, საქართველოს მოსახლეობის, ქართული დემოკრატიის გამარჯვება იქნება!

პარტიაქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს განახლებული შემადგენლობით ხვდება. ახალი სახეები გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით შეარჩიეს პრინციპით ახალ გამოწვევებს პარტია ახალი მუხტით უნდა დახვდეს. ახალ გამოწვევებამდე მნიშვნელოვანი არჩევნებია. ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, კახა კალაძის შეფასებით, 2016 წლის 8 ოქტომბერი კიდევ ერთი, გადამწყვეტი ეტაპია საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა დავუმტკიცოთ, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები შეუქცევადია. ამ ფონზე, ვიცეპრემიერი აცხადებს, რომ დღეს ოცნების მთავარი საზრუნავი, კანონიერ გარემოში, დემოკრატიული არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებაა.

ორგანიზატორული ნიჭი, მენეჯერისა და ლიდერის თვისებები, გამოცდილება ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რის გამოც, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, პარტიაქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსსაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად კახა კალაძე დასახელდა. ვიცეპრემიერი თავად განმარტავს, რა მნიშვნელობა აქვს არჩევნებზე ოცნების დამოუკიდებლად გასვლას, რატომ გადაწყდა პარტიის შემადგენლობის გადახალისება, როგორ აპირებს მმართველი ძალა მოსალოდნელი პროვოკაციების აღკვეთას და რა მოლოდინი აქვთ ოცნებაში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

ბატონო კახა, ქართული ოცნება 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. კოალიციის დაშლამ არჩევნებზე როგორ შეიძლება იმოქმედოს?

კოალიციის დაშლა ტრაგედია ნამდვილად არ არის. ყოველთვის ვამბობდი, ჩვენ გაერთიანებაში გაწევრიანებული იყო სხვადასხვა მსოფლმხედველობის, იდეოლოგიის  პარტიები.  ამ ფონზე, არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა, დემოკრატიის განვითარებისთვის, პირიქით, დროული და საჭიროა. უპირველეს ყოვლისა, თვალსაჩინოდ გამოჩნდება, ხალხი რეალურად ვის უჭერს მხარს.

პარტია დღეს განახლებული შემადგენლობითაა. რატომ და რა პრინციპით შეარჩიეთ ახალი სახეები

ახალი სახეები შერჩეულნი არიან პროფესიონალიზმით, გამოცდილებით, ქვეყნის სამსახურში ყოფნით. დარწმუნებული ვარ, ისინი დიდ წვლილს შეიტანენ ქვეყნის განვითარებასა და პროგრესში. ისინი პარტიაშიც ახალ მუხტს შემოიტანენ. „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ განაცხადა პარტიის რიგების განახლების პროცესის დაწყების შესახებ. დღეს ჩვენ ახალი გამოწვევების, პერსპექტივების წინაშე ვდგავართ, რასაც ახალი სახეებით ვხვდებით. ეს, პარტიის მუშაობის ეფექტურობისთვის, არა მარტო საარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

წინასაარჩევნოდ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, სტაბილური გარემოცაა. დარწმუნებული ხართ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება?

რა თქმა უნდა. „ქართული ოცნების“  დაარსებიდან პირველად ხდება, რომ  საპარლამენტო არჩევნებს სტაბილურ გარემოში თავად ვატარებთ.  ჩვენი ხელისუფლების პირობებში არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტს აქვს შესაძლებლობა, თანაბარ პირობებში უთხრას ხალხს, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის და როგორ ხედავს ჩვენს ერთობლივ მომავალს.

ანუ, პროვოკაციებს არ ელით? უახლოეს წარსულში კორცხელის ინციდენტის მოწმენი გავხდით და გამორიცხული არაა, მსგავსი სცენარის განვითარებას საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიცია ისევ გეგმავდეს

სამწუხაროდ, ნაცმოძრაობამ კორცხელში შეძლო პროვოკაციის მოწყობა, რისიც დიდი გამოცდილება და მრავალჯერადი პრაქტიკა აქვთ. პოლიტიკაში მოსვლისთანავე მოვუწოდებდი ყველას, აგვეყვანა პოლიტიკური ურთიერთობები ახალ, ცივილურ საფეხურზე – მორალი ყოფილიყო ხალხთან ურთიერთობის, ერთმანეთთან ოპონირების მთავარი განმსაზღვრელი. წინა კარიერა რა ღირებულებებითაც გავიარე, იგივე ღირებულებებით მოვედი პოლიტიკაში და ვერანაირი ამორალური, ლოგიკისა და ღირსების, ხშირ შემთხვევაში გონიერების ზღვარსმიღმა მდგარი საქციელი, უფრო სწორად – უსაქციელობები, ჩემში განწყობას ვერ შეცვლის. ჩვენდა სამწუხაროდ, ქვეყნის სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა როგორი ამორალურიც იყო ხელისუფლებაში ყოფნისას, იგივე ამორალურია ოპოზიციაშიც. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მათი „პოლიტიკური ბრძოლის“ მეთოდები. არ იშლიან თავის სტილს და ოპონირების ერთადერთ საშუალებად იყენებენ ცილისწამებას, სიცრუესა და მოსახლეობის დეზინფორმაციით დაზაფვრას. ეს არის პარტია, რომელსაც არც არასდროს ჰქონია არსენალში პოლიტიკური მუშაობის, ბრძოლის სხვა მეთოდი, ეს არის პარტია, რომელიც ქვებისა და ტალახის სროლით მოვიდა ხელისუფლებაში და თავის „მეორედ მოსვლა“ იგივე მეთოდებით სურს. თუმცა დღეს სხვა რეალობაა – ხელისუფლება სხვაა, ხოლო ამომრჩეველი – ბევრად გამოცდილი. მას ყველაფერი ახსოვს!

kaxa 1
კახა კალაძე

გპირდებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებს დემოკრატიულ, სამართლიან, თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში ჩაატარებს. არავის მივცემთ უფლებას, პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებებით ჩრდილი მიაყენონ საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენ დავანახებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები შეუქცევადია. „ქართული ოცნება“ ხაზგასმით აცხადებს, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, არ დავუშვათ აგრესია და ძალადობა საარჩევნო პროცესში.  ეს არ არის ჩვენი მართვის სტილი და არც არავის მივცემთ უფლებას, წარსულში აპრობირებული სცენარებით საარჩევნო პროცესს ჩრდილი მიაყენოს!

არჩევნების წინ, შიდაპროვოკაციებთან ერთად, რუსული პროპაგანდის მომძლავრებაც მოსალოდნელიასხვათა შორის, ამაზე აშშ ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯეიმს კლაპერმაც ისაუბრა, არც ისე დიდი ხნის წინ. მმართველი პარტია მზადაა, ამ გამოწვევას გაუმკლავდეს?  

გეთანხმებით, როცა არჩევნები ახლოვდება, რუსული პროპაგანდა ყოველთვის მატულობს. ხელისუფლება არ დაუშვებს, ამან ჩრდილი მიაყენოს ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსს. რაც შეიძლება სწრაფად უნდა განვახორციელოთ ყველა  დაწყებული და დაგეგმილი რეფორმა, რათა უახლოეს მომავალში საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია. ეს ჩვენი პრიორიტეტია, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ. „ქართული ოცნება“ ფორსმაჟორულ პოლიტიკურ ვითარებაში ხალხის სურვილითა და ხალხის სურვილების ასასრულებლად შეიქმნა. ჩვენ გადავლახეთ 2012 წლის ურთულესი არჩევნები, დაბრკოლებებით აღსავსე რამდენიმე წელი. არ გვიზრუნია პარტიულ კეთილდღეობაზე, რადგან ქვეყანაში ურთულესი სოციალური, ეკონომიკური ბარიერები იყო დასაძლევი, მოსახლეობა კი შიშისა და ძალადობის წნეხიდან გამოსაყვანი. ჩვენ ახალი გზა ავირჩიეთ და საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება კლანური ან სხვა სახის რეჟიმის მმართველობა. ჩვენ, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, ხალხის გვერდით დგომითა და ნდობის მანდატით, ჩავუყარეთ საფუძველი დემოკრატიული, ევროპული ქვეყნის მშენებლობას; ქვეყნის, რომლის მთავარი ღირებულება, თავისუფალი მოქალაქეების ერთობაა, რომლის მართვის სტილი დემოკრატიული და ტოლერანტულია. ქვეყნის, სადაც კანონის ძალით მართავს ხელისუფლება და არა ძალადობით ან განუკითხაობით. ჩვენი ლიდერია ხალხი. სწორება გვაქვს საქართველოს კონსტიტუციაზე. ჩვენი უმთავრესი ღირებულებებია თავისუფლება, ერთობა და პროგრესი. იყო დრო, პარტიის თითოეული წევრი, რეჟიმისგან დაჩაგრული მოსახლეობა, დავირაზმეთ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ და ქვეყანაში მშვიდობიანი არჩევნებით შევცვალეთ არასასურველი ხელისუფლება. ჩვენ ყველამ ერთად, „ოცნების“ ჯარისკაცებმა, თანამედროვე საქართველოს უახლესი ისტორია ახალ ეტაპზე გადავიყვანეთ.

მიუხედავად იმისა, ქვეყანაში ისევ ბევრი პრობლემაა, ხელისუფლებაში ოცნების 4-წლიან ეტაპს წარმატებულად აფასებთ?

ჯერ კიდევ ბევრი რამაა გამოსასწორებელი… ყველაფერს ერთბაშად ვერ ეშველება. მთავარია, ამ 4 წელში შევქმენით ახალი რეალობა. ეს იყო უაღრესად შრომატევადი და შორსმიმავალ შედეგებზე ორიენტირებული პერიოდი. დასაბამი მიეცა სოციალურ, ეკონომიკური ფონის მოწესრიგებას, დიდ თუ მცირე წამოწყებებსა და პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ეკონომიკურ ზრდას, საზოგადოების სამოქალაქო შეგნების ამაღლებასა და განვითარებას. „ქართული ოცნების“ ძალისხმევით, ამ 4 წელში, შეუქცევადი გახდა ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსი. გადაიდგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით. იმავდროულად, ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკით, მნიშვნელოვნად ამაღლდა ჩვენი ქვეყნის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხარისხი. ჩვენ მოსახლეობას წარვუდგენთ იმ გაკეთებული საქმეების ანგარიშს, რის საფუძველზეც ამომრჩეველი თავად განსაზღვრავს, ვიმსახურებთ თუ არა მათ ნდობასა და მხარდაჭერას. ყველაზე მთავარი, დაიგეგმა  და დაიწყო მთელი რიგი რეფორმები, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სიღარიბის დაძლევაზე, მოქალაქეების დასაქმებასა და რაც მთავარია, ჯანმრთელობის უზრუნველყოფაზე!

და როგორც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, როგორი მოლოდინი გაქვთიმსახურებთ ხალხის ნდობის მანდატის კიდევ 4 წლით გახანგრძლივებას?

დღეს პარტია „ქართული ოცნება“ საქართველოში ერთადერთი ძალაა, რომელსაც ძალიან დიდი შანსი და შესაძლებლობა აქვს, არჩევნები ძალიან დიდი უპირატესობით მოიგოს. ამისთვის ჩვენი პარტიული რესურსის სრულ მობილიზებას მოვახდენთ. უმნიშვნელოვანესი არჩევნები გველის. დარწმუნებულები ვართ, ამომრჩევლის მხარდაჭერით გავიმარჯვებთ და ეს, მხოლოდ „ქართული ოცნების“, მხოლოდ ჩვენი პარტიის ან მისი წევრების კი არა, ზოგადად, საქართველოს მოსახლეობის, ქართული დემოკრატიის გამარჯვება იქნება.

ჩვენ შეგვწევს უნარი, შევქმნათ ახალი პოლიტიკური კულტურა, ახალი პოლიტიკური სტანდარტი ქვეყანაში. ჩვენი ვალდებულებაა, ხელი შევუწყოთ ხელისუფლების შტოების გაძლიერებას. სრულიად განახლებული პარტია, მოტივირებული, პროფესიონალი ადამიანების საშუალებით შეუდგება ჩვენი ოცნებების რეალიზებაზე მუშაობას. ჩვენ გვაქვს მოტივაცია და შეგვწევს ძალა,  ყველა რესურსის მობილიზებით ამას მივაღწიოთ!

შსს: სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით ორი პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ბრალდებით ორი პირი: 1970 წელს დაბადებული ტ.ხ. და 1969 წელს დაბადებული კ.ხ. დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 26 აგვისტოს, გონიოს დასახლებაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაეყენეს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსპობით დაემუქრნენ“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება, სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის, მსაჯულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს. ([საქართველოს სსკ-ს 365-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით].

თურქეთიდან მოქალაქეებს შემოსვლა უჭირთ – რიგები სარფის საბაჟოზე

თურქეთიდან საქართველოში, სარფის საბაჟოზე შემოსასვლელად მოქალაქეებს დიდ რიგში დგომა უწევთ. კონკრეტულ მიზეზებს, თუ რა ქმნის პრობლემას, რიგში მდგომ მოქალაქეებს არ ეუბნებიან. ბათუმში მდებარე თურქეთის საკონსულოში „ბათუმელებს” უთხრეს, რომ მათი ინფორმაციით, ეს შეფერხება მხოლოდ ზაფხულის სეზონს შეიძლება უკვაშირდებოდეს, როცა მიმოსვლა ინტენსიურია, თუმცა რიგში მდგომი მოქალაქეები ამბებობენ, რომ მსგავსი რიგები საზღვრის გადასაკვეთად წინა წლებში არ ყოფილა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სარფის საბაჟოზე თურქეთის მხრიდან მოქალაქეების გადმოსვლა ფერხდება.

 საბაჟო. როინ გუნდაძის ფოტო
საბაჟო. როინ გუნდაძის ფოტო

„ბეთლემი“ ჯარიმისა და დისკვალიფიკაციების შემდეგ

ქედის საფეხბურთო კლუბ „ბეთლემის“ დირექტორად სულხან ჯიჯავაძე მას შემდეგ დაინიშნა, რაც საფეხბურთო კლუბში მოთამაშე ოთხ ფეხბურთელსა და მწვრთნელ-ასისტენტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დისკვალიფიკაცია მისცა, ხოლო კლუბს სანქციის სახით 50 000 ლარის გადახდა დააკისრა სპორტული მანიპულირებისთვის. შეიცვალა როგორც გუნდის შემადგენლობა, ასევე მთავარი მწვრთნელი და მწვრთნელ-ასისტენტიც. პირველ ლიგაში მოთამაშე გუნდი ფედერაციის გადაწყვეტილებით ჩამოქვეითდა და ასპარეზობას მეორე ლიგაში განაგრძობს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქედის საფეხბურთო კლუბ „ბეთლემის“ თხოვნა, გუნდისთვის საჯარიმო სანქცია – 50 000 ლარი მოეხსნა, რადგან გუნდი თანხის გადახდას ვერ შეძლებდა და არსებობას შეწყვეტდა, გაითვალისწინა, „ბეთლემს“ სანქცია მოუხსნა და ფულადი ჯარიმისაგან გაათავისუფლა.

სანქციის მოხსნის შემდეგ ცვლილებები გატარდა როგორც გუნდის შემადგენლობაში, ასევე ადმინისტრაციაშიც. კლუბის ყოფილი დირექტორი, გამგებლის ერთ-ერთი მოადგილის მამა, ნაზიმ ფარტენაძე, „ბეთლემის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა და ქედის სასპორტო სკოლის ბაზაზე არსებული თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელმა, სულხან ჯიჯავაძემ ჩაანაცვლა. შეიცვალა კლუბის მთავარი მწვრთნელი, ამ პოზიციაზე ავთანდილ კუნჭულია ბათუმის „დინამოს“ ბავშვთა გუნდის მწვრთნელმა ამირან გოგიტიძემ შეცვალა, დისკვალიფიცირებული მწვრთნელ-ასისტენტი რომა ქობულაძე კი ირაკლი ბარამიძემ ჩაანაცვლა, რომელიც „ბეთლემის“ ბავშვთა ასაკობრივი გუნდის მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობდა. შეიცვალა გუნდის მეკარეც, ლევან ბექთაშევი ადი მაქაცარიამ შეცვალა.
გუნდს 14 ახალი ფეხბურთელი ჰყავს, ძველი შემადგენლობიდან გუნდში მხოლოდ სამი ქედელი ფეხბურთელი – ელიზბარ ერქომაიშვილი, ჯაბა გორგაძე და რუსლან ბარამიძე თამაშობს.

„ბეთლემის“ დირექტორი ამბობს, რომ გუნდის ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბდა, თუმცა რეორგანიზაცია არ დასრულებულა. ის აქვე დასძენს, რომ ხელშეკრულება მხოლოდ ძირითად ფეხბურთელებთან გააფორმეს.

„14 ახალი ფეხბურთელი გვყავს, გუნდის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია და თერთმეტივე ფეხბურთელთან გავაფორმეთ ხელ¬შეკრულება, სახელფასო ფონდი კი 18 ფეხბურთელზეა გათვლილი. ძირითადი მოთამაშეები არიან: ადი მაქაცარია, ნიკოლოზ ჩიხლაძე, რომეო კანკია, ლაშა რამიშვილი, გელოდი ფალავანდიშვილი, ვიტალი დარჩიძე, ტატო აბუსერიძე, ბესო დემურაძე, შაქრო დუმბაძე, ზაზა ტუღუში და მირზა ფარტენაძე. ყოფილმა შემადგენლობამ შედეგი ვერ დადო, როცა შედეგი არ არის, ახალი ფეხბურთელები უნდა მოიწვიო. ამავდროულად, როცა მწვრთნელი იცვლება, ახალ მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს, საშუალება უნდა მისცე ის ფეხბურთელი ათამაშოს გუნდში, ვისაც საჭიროდ მიიჩნევს. პირველი თამაში მეორე ლიგაში პირველ სექტემბერს ხობთან გვაქვს და ქედაში ვმასპინძლობთ გუნდს,“ – ამბობს სულხან ჯიჯავაძე.

ქედის „ბეთლემის“ ახალი შემადგენლობა. ეკა ბარამიძის ფოტო
ქედის „ბეთლემის“ ახალი შემადგენლობა. ეკა ბარამიძის ფოტო

გუნდის მთავარი მწვრთნელი ამირან გოგიტიძე გუნდის არსებულ შემადგენლობას დამაკმაყოფილებლად აფასებს:

„მწვრთნელად ერთი თვეა რაც დავინიშნე, ამ ეტაპზე უფასოდ ვმუშაობ, ცუდ მდგომარეობაში იყო გუნდი, დახმარება სჭირდებოდა, მთხოვეს და ამოვედი. მირჩევნია ფეხბურთელმა აიღოს ანაზღაურება და ჩემი მუშაობით სასიკეთო საქმე გაკეთდეს. რაც შეეხება გუნდის შემადგენლობას, ძირითადი ბირთვი 16 ფეხბურთელის შემადგენლობით გვყავს, ერთი-ორი ფეხბურთელის გამოკლებით გუნდის არსებული შემადგენლობა დარჩება, ვითარება ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია და წვრთნის პროცესში ვართ, წინა მოსამზადებელ პერიოდს თითქმის ვასრულებთ“.

გუნდის მთავარი მწვრთნელი საფეხბურთო კლუბის მწირ ფინანსებზე საუბრობს. მისი თქმით, ფეხბურთელისთვის აქ არც სამედიცინო (მედიკამენტების) ხარჯია გათვალისწინებული და არც კვების. განახლებული ქედის „ბეთლემი“ წვრთნებს ძველი ფორმებითა და ასევე, ძველი ბურთებით განაგრძობს.

„ექვსი თვის შემდეგ გუნდს ახალი ფორმა, ბურთი და საჭირო ინვენტარი უნდა ჰქონდეს. არსებული მწირი ფინანსებიდან გამომდინარე, აქ ეს საჭიროებები გათვლილი არ არის, ვარჯიშითა და სწორი კვებით ვითარდება ფეხბურთელის სხეული და ხდება მისი ფორმირება, ყველაფერი მატერიალურ პირობებზეა დამოკიდებული. 2300 კალორია მაინც უნდა მიიღოს დღის განმავლობაში ფეხბურთელმა, წვრთნაზე მოსული ფეხბურთელი შეიძლება ნაჭამიც კი არ იყოს, ვარჯიშიდან წავა და არც ის ვიცით, იღებს თუ არა საჭირო რაოდენობის საკვებს. სპორტში კვება, მასაჟი და ვიტამინები აუცილებელია,“ – ამბობს მწვრთნელი.

კითხვას, რამდენად შესაძლებელია მწირი დაფინანსების პირობებში საფეხბურთო კლუბმა კარგ შედეგს მიაღწიოს, მთავარი მწვრთნელი ასე პასუხობს:

„ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, გუნდში დამწყები ფეხბურთელი არავინაა, ყველა გამოცდილია, გვყავს როგორც პირველი ლიგის თამაშებში გამოცდილი ფეხბურთელები, ასევე მეორე ლიგასა თუ უმაღლეს ლიგაში მოთამაშე სპორტსმენები. ახლა მთავარია იბრძოლონ, ივარჯიშონ და მაყურებელი გაახარონ, ჩვენ შევეცდებით კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ.

თამაშებზე გამოიკვეთება, რის შესაძლებლობა გააჩნია გუნდს და რისი _ არა. იმედი მაქვს, 2017 წლისთვის გუნდი პირველ ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას. ზოგადად, სპორტი ძვირადღირებულია და ძნელია პატარა ბიუჯეტით დიდი შედეგი დადო, მაგრამ გამორიცხული და მიუღწეველი არაფერია“.

ქედის საფეხბურთო კლუბი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. იქედან გამომდინარე, რომ პირველი ლიგიდან „ბეთლემი“ ჩამოქვეითდა და ასპარეზობას მეორე ლიგაში განაგრძობს, გუნდს შეუმცირდა დაფინანსებაც. `350 000 ლარი იყო გუნდის დაფინანსება, ახლა 50 000 ლარია, ამ თანხიდან 5 000 ლარი საწევროს საფასურია, დანარჩენი თანხა კი გუნდს მოხმარდება“ – ამბობს სულხან ჯიჯავაძე. მისი ინფორმაციით, წამყვანი ფეხბურთელის ხელფასი აქ 600 ლარია, ხოლო იმ ფეხბურთელების, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში არ არიან – 300 ლარი.

ამავე თემაზე:

ორი ავტოგოლი, ოთხი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი და დაჯარიმებული ქედის „ბეთლემი“

ხულოში საქონლის დაკვლის ღირებულების მხოლოდ 20 პროცენტს გადაიხდიან

ხულოს გამგეობამ „ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების ხელშეწყობის პროგრამა~ შეიმუშავა, რომლის ფარგლებში გამგეობა ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ლიცენზირებულ სასაკლაოზე საქონლის დაკვლის ღირებულების 80%-ს დაუფინანსებს.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს პირველი მიზნობრივი პროგრამაა, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფლის მეურნეობის კუთხით ადგილობრივი ბიუჯეტიდან დააფინანსა.

„ფერმერებსა და აგრომეწარმეებზე ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოების ხელშეწყობის პროგრამა~ პირველი აგვისტოდან ამოქმედდა. იმისთვის, რომ მოქალაქემ ამ პროგრამით ისარგებლოს, მან ხულოს გამგეობას ლიცენზირებული სასაკლაოს მიერ გაცემული ცნობა, ვეტერინარული მოწმობა ფორმა #2 და დაკლული პირუტყვის მესაკუთრის ცნობა უნდა წარუდგინოს. პროგრამით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ გამგეობა სასაკლაოს საქონლის დაკვლის ღირებულების 80%-ს ჩაურიცხავს, დაკვლის ღირებულების დარჩენილი 20% კი მოქალაქემ უნდა გადაიხადოს.

ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან სამსახურის უფროსი თორნიკე მიქელაძე ამბობს, რომ პროგრამა მოსახლეობის მოთხოვნისა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მესაქონლეობის დარგის განვითარების საფუძველზე შემუშავდა. მისი თქმით, პროგრამით სარგებლობაში შეზღუდვები არ არის და მოქალაქეს იმდენი საქონლის დაკვლის ღირებულება დაუფინანსდება, რამდენზეც პროგრამით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას წარუდგენს გამგეობას. პროგრამის საწყისი ბიუჯეტი 20 000 ლარია.

„მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, ლიცენზირებულ სასაკლაოზე საქონლის დაკვლის ღირებულების თანადაფინანსება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ მოხდება. როდესაც მოქალაქე შესაბამის დოკუმენტაციას წარმოუდგენს გამგეობას, გამგეობის შესაბამისი სამსახური დაკვლის ღირებულების 80%-ს სასაკლაოს ჩაურიცხავს. პროგრამის დაფინანსება – 20 000 ლარი, ხუთი თვისთვის გაიწერა. ეს თანხა ამ დროის განმავლობაში სრულიად საკმარისია,“ – ამბობს თორნიკე მიქელაძე.

აჭარაში სულ ოთხი ლიცენზირებული სასაკლაოა: ხელვაჩაურში, ქობულეთში, ხულოსა და შუახევში. ხულოს მუნიციპალიტეტში სასაკლაო სოფელ ღორჯომში ფუნქციონირებს. შპს „ორი გიო~ ამ სოფელში 2013 წელს გაიხსნა, სადაც პირუტყვის დაკვლის ღირებულება 40-50 ლარია.

ხელნაკეთი ნივთების გამოფენა 4 წლის გიგლას დასახმარებლად

27 აგვისტოს ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ხელნაკეთი ნივთებისა და ხატების გამოფენა გაიმართა. გამოფენის ორგანიზატორები არასამთავრობორ ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგი“ და საქველმოქმედო ორგანიზაცია „იმედის ნერგი“.

გამოფენის ერთ ერთი ორგანიზატორის, დავით ბერიძის თქმით, ეს არ არის ერთჯერადი გამოფენა და უახლოეს დღეებში გამოფენა-გაყიდვა უკვე სხვა ადგილებშიც გაიმართება. „საქველმოწმედო აქციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება 4 წლის გიგლა ზაქარაძეს. რომელსაც აქვს უმძიმესი დიაგნოზი – ბარძაყის ძვლის თავის იუვენილური ოსტეოქონდროზი“ – ამბობს დავით ბერიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგის“ ხელმძღვანელი.

2

როგორ მიმდინარეობს დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები – ბათუმს სამი თეატრალური სცენა ექნება

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის გაზაფხულიდან უტარდება. სამუშაოების შედეგად თეატრის შენობას ახალი გათბობა-ვენტილაციის სისტემა ექნება, რაც ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელის, ანდრო ენუქიძის თქმით, წლების განმავლობაში ნაგებობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო. ამ ეტაპზე შენობა უკვე დაიქსელა გათბობის თანამედროვე მილებით. დამონტაჟდება განათებისა და გახმოვანების ახალი აპარატურა. რესტავრაცია უტარდება თეატრის ჭაღსა და შიდა ინვენტარს. წინასწარი გათვლით, თეატრის დასი განახლებულ შენობაში 2017 წლის მესამე კვარტალის ბოლოს დაუბრუნდება.

ბატონო ანდრო, როგორც ვიცით, პროექტი ახალი მცირე სცენის დამატებასაც ითვალისწინებს, რა სცენა იქნება ეს და რამდენად მნიშვნელოვანია იგი ბათუმის თეატრისთვის?

სარემონტო სამუშაოების შემდეგ თეატრის დიდ შენობაში უკვე ორი სცენა გვექნება, ერთი ძირითადი (დიდი სცენა), მაგრამ უფრო გაუმჯობესებული, განახლებული ახალი ტექნიკური საშუალებებით და მეორე – ექსპერიმენტული სცენა, რომელიც ე.წ. სიმულტანური პრინციპის სცენა იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებლის განლაგება შესაძლებელია იმ კონკრეტულ სივრცეში, რომელშიც მოგესურვება _ გნებავთ წრიულად დასვამ, არენის პრინციპით, გნებავთ მარჯვნიდან ან მარცხნიდან. აქ არის ძალიან საინტერესოდ დამონტაჟებული ე.წ. განათების სოფიტი, რომელიც ანათებს ნებისმიერ კუნჭულს, სადაც გინდა თეატრალური მოქმედების გამართვა, ეს თეატრალურ ექსპერიმენტებს დაეხმარება.

ასევე გვაქვს მესამე, მელაშვილის ქუჩაზე გახსნილი სცენაც, რომელიც ჩვენი თეატრის ყველაზე დემოკრატიული სცენა იქნება და ფართოდ გაუღებს კარს ახალგაზრდებს. ამ სცენების არსებობა საშუალებას გვაძლევს ყველა ჟანრისა და შინაარსის სპექტაკლების დადგმისა – თუ დიდ სცენაზე კლასიკური ტიპის ნაწარმოებს ვითამაშებთ, ექსპერიმენტულ (ფორმალური თვალსაზრისით) ნაწარმოებს ვითამაშებთ ექსპერიმენტულ სცენაზე, ხოლო თემატური თვალსაზრისით უფრო თამამ ნაწარმოებებს – მელაშვილის ქუჩაზე არსებულ სცენაზე.

ეს არის კარგი პირობა ნებისმიერი თეატრალური ფესტივალის ჩატარებისთვის იმიტომ, რომ უკვე არის სამი სპეციფიკური სცენა, რომლებიც თანამედროვე თეატრის ყველა ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩვენი თეატრი გაიხსნას არა უბრალოდ პრემიერით, არამედ თანამედროვე, ფართომასშტაბიანი თეატრალური ფესტივალით.

პროექტის მიხედვით თეატრში სინქრონული თარგმნის აპარატი უნდა დამონტაჟდეს, რა იგულისხმება ამ აპარატში?

ამ აპარატის განთავსება ნებისმიერ სცენაზე შეიძლება. თარგმანი შესაძლოა იყოს გადამცემის ფორმატით – როცა ყურსასმენებით უსმენ თარგმანს, ან მეორე ტიპის – ე.წ. მორბენალი სტრიქონი. ეს იქნება იმისთვის, რომ გაიზარდოს მაყურებელთა სეგმენტი, მოვიზიდოთ უცხოენოვანი მაყურებელი, ტურისტები, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ფესტივალისთვის, სახელოვნებო ფორუმისთვისაც იყოს გამოსადეგი. ეს არის ნორმა, რომელიც თანამედროვე სტანდარტშია ჩადებული.

პროექტის თანახმად პირველ სართ¬ულზე თეატრის მუზეუმი უნდა განთავსდეს, ფოიეში კი – ლიტერატურული კაფე. რა განთავსდება თეატრის მუზეუმში?

თეატრის მუზეუმში განთავსდება აქ არსებული/დაცული ექსპონატები: მაკეტები, ფოტოები და მთლიანად თეატრის ისტორია. ეს არ იქნება მარტო ბათუმის თეატრის ისტორია, ეს იქნება საგანმანათლებლო ივენთების სივრცე, სადაც გვექნება ძალიან პედანტურად გაწერილი პროგრამა, რომელშიც დავიწყებთ ახალგაზრდების ჩართვას, ძირითადად სკოლებიდან, დაბალი კლასებიდანვე, რომ მათ ნათელი წარმოდგენა შეექმნათ თეატრზე.

ვმუშაობთ იმ თაობაზე, იმ მაყურებელზე, რომელმაც 15-20 წლის შემდეგ უნდა შეავსოს თეატრის პარტერი.

ბათუმის დრამატული თეატრის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, როგორც ვიცი იგეგმება თეატრის შენობის ფასადის რესტავრაცია, რომ მას პირველადი სახე დაუბრუნდეს, კონკრეტულად რა ნაწილზეა საუბარი?

დიახ, ეს ნამდვილად ჩვენი დიდი სურვილია. ამ ეტაპზე თეატრის შენობა ძალიან ეკლექტურია. რომაულ სტილს მოგვიანებით მიაწებეს ამ სტილისთვის ყოვლად შეუსაბამო ოქროსფერი ნიღბები, რაც არაჯანსაღ ეკლექტიკას ქმნის. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი აზრი, ამაზე გამოკითხვაც ჩავატარეთ როგორც მაყურებელთან, ისე ქართველ და უცხოელ პროფესიონალებთანაც. ის ნიღბები ისტორიული რეპლიკებია და ძალიან საინტერესოდ გაკეთებული, ალბათ, სხვა შენობას დაამშვენებდა, ამ რომაულ სტილს კი არ უხდება. გარედან დრამატული თეატრის ნაცვლად მუსიკალური თეატრის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ ჩვენი თეატრის თხოვნაა ეს ნაწილი გაითვალისწინონ და ვფიქრობ, ეს საკითხი უკვე უნდა იყოს დადებითად გადაწყვეტილი.

ახლა რა ეტაპზეა გათბობისა და სავენტილაციო სისტემების სამუშაოები?

ამ ულამაზესი თეატრალური ნაგებობის ძირეული პრობლემა პროფესიული თვალსაზრისით იყო ვენტილაციისა და გათბობის არარსებობა, ზამთარში სიცივე გვაწუხებდა, ზაფხულში – სიცხე. თეატრი მაინც მაყურებლისთვისაა და თუ აქ მოსვლა ზამთარსა თუ ზაფხულში გმირობის ტოლფასია, მაშინ თეატრი კვდება. ახლა ამაზე წარმატებით მიდის მუშაობა. ყველა პარამეტრი რაც გვქონდა, გათვალისწინებულია დაპროექტების დონეზე, გამოყენებულია ყველაზე ახალი და მოწინავე სისტემები, რომლებიც არც ვიბრაციას იწვევს, არც ხმაურს – ანუ არ უშლის ხელს სპექტაკლის მსვლელობას.

ფარულად გადაღებული სექსის კადრები გოგოს თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი გახდა

სექსუალური ხასიათის მასალის ხელყოფის საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში განიხილება. მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ მამაკაცს უკვე დაუსვა კითხვა: ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?

ბრალდებული გურამ მ. პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს უარყოფს. მას პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციისა და პერსონალური მონაცემების ხელყოფის გარდა პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას ედავებიან. გამოძიების ვერსიის მიხედვით, ბრალდებულმა ჩუმად გადაიღო სალომე დ.-ს ინტიმური ურთიერთობა და დისკზე ჩაწერილი ელექტრონული მასალა სალომეს მშობლებს სხვა პირის დახმარებით გადაუგზავნა. გოგომ მიმდინარე წლის 9 მარტს ზღვაში თავის დახრჩობა სცადა.

„ბრალდებულის მოქმედებამ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ჩააყენა დაზარალებული, რითაც მას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა და შეულახა ღირსება…” – ამოიკითხა მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების ჩანაწერიდან. პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ საქმეზე არაერთი მოწმე დაიკითხება და წარდგენილი ბრალი დადასტურდება.

„წარდგენილი ბრალდებები დაუსაბუთებელია. მტკიცებულებები არის ფალსიფიცირებული და გაზვიადებული,” – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

მომდევნო სასამართლო პროცესზე მოწმეების დაკითხვა დაიწყება. წინასასამართლო სხდომას დაზარალებული და მისი ახლობლები არ დასწრებიან. საქმის დეტალებზე „ბათუმელებს” ინფორმაცია არ მიაწოდა ადვოკატმა რამინ პაპიძემ და პროკურატურამ.

წინასასამართლო სხდომაზე არ გაჟღერებულა, რა იყო სავარაუდო ამ ვიდეოჩანაწერების გოგოს მშობლებისთვის გადაცემის მოტივი.
გურამ მ. წინასწარ პატიმრობაში არ იმყოფება. ვიდრე ბრალდებული სასამართლო სხდომის დარბაზს დატოვებდა, მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილმა მას განუმარტა, რომ გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, თვითმკვლელობამდე მიყვანა თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს 3 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფა კი, ჯარიმით ისჯება, ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით ეფექტური გამოძიების წარმოება პრობლემაა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში~ მიიჩნევენ, რომ დანაშაულის გამოვლენის ერთადერთი რეალური გზა მაინც გამოძიებასთან თანამშრომლობაა: „თუ ფიზიკურ იძულებასთან გვაქვს საქმე, არსებობს შანსი იმისა, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდეს სამართალდამცავებისთვის სხვადასხვა გზით, მაგრამ თუ ფსიქიკურ იძულებასთან გვაქვს საქმე, მაშინ დანაშაულის გამოვლენა რთულდება. მთავარია, დაზარალებულმა გადალახოს შინაგანი წინაღობა, დაძლიოს ფსიქიკური ზეწოლა და ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეიძლება დაუსრულებელ პროცესად იქცეს ისევ დაზარალებულებისათვის. თვითმკვლელობამდე მიყვანის წინაპირობა უმრავლეს შემთხვევაში ძალადობაა, რომელსაც დასასრული არ უჩანს,“ – ამბობს გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

16 მხატვარი და ორი დღე „ბათუმური ჩანახატებისთვის“

ბათუმს ქართველი “ურბან სკეჩერები” ესტუმრნენ – ხელოვანთა ჯგუფი, რომელბიც ქალაქური ჩანახატების სესიებს გამართავენ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში.

„ურბან სკეჩერები“ ბათუმში / თამთა კახაბერიძის ფოტო
„ურბან სკეჩერები“ ბათუმში / თამთა კახაბერიძის ფოტო

პირველი სესია 26 აგვისტოს, ხუთ საათზე, ევროპის მოედანზე გაიმართა. ამბობენ, რომ ორი დღის განმავლობაში  დახატავენ ძველ და ახალ ბათუმის. აინტერესებთ ქალაქის არატურისტული ნაწილიც, რათა უკეთ გამოჩნდეს განსხვავება ქალაქის უბნებს შორის.

„რამდენიმე ლოკაცია წინასწარ, ბათუმელების რჩევით შევარჩიეთ. მაგალითად, ბაზარი, “რვაფეხა”, ძველი და ახალი ბულვარი, პორტის მიმდებარე ტერიტორია. თუმცა, ძირითადად, პროცესი თავისუფალია და მხატვრები დახატავენ იმას, რაც დააინტერესებთ ამ ქალაქში“ – ამბობს პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლალი პერტენავა.

„ურბან სკეჩერები“ ბათუმში / თამთა კახაბერიძის ფოტო
„ურბან სკეჩერები“ ბათუმში / თამთა კახაბერიძის ფოტო

27 აგვისტოს, 7 საათზე, “ბათუმური ჩანახატების” გამოფენა ანბანის კოშკთან გაიმართება. პროცესი აბსოლუტურად ღიაა და როგორც დასწრება, ასევე მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

პროექტის ორგანიზატორი, “აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭოს” წარმომადგენელი ილია მახარაძე გვიყვება, რომ იდეა გაჩნდა გერმანელ კოლეგებთან ურთიერთობით, რომლებიც შარშან იყვნენ საქართველოში ჩამოსულები: „ჩვენი მოწვევით წელს ისევ ჩამოვიდნენ, შტუტგარდელი “ურბან სკეჩერები”. გარდა მხატვრობისა, ისინი არიან სამოქალაქო აქტივისტებიც, რომლებიც თავიანთ ქალაქებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად იბრძვიან.”

„ურბან სკეჩერები“ ბათუმში / თამთა კახაბერიძის ფოტო
„ურბან სკეჩერები“ ბათუმში / თამთა კახაბერიძის ფოტო

ბათუმამდე იყვნენ ბოლნისში, დუშეთში, თბილისში და სხვა ქალაქებში. ლალი პერტენავა ამბობს რომ ქალაქების შერჩევისას აქცენტს აკეთებენ პრობლემატურ სივრცეებზე, სადაც რაიმე მნიშვნელოვანი საკითხია განსახილველი. კითხვაზე, რა ნიშნით შეარჩიეს ბათუმი, ასე გვპასუხობს: “ბათუმი ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია ურბანული განვითარების თვალსაზრისით. ჩასახატი ქალაქია ბათუმი. ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. ხშირი დებატების და დისკუსიების საგანია აქაური ურბანული ცვლილებები. მხატვრული თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა ამ ცვლილებების ასახვა.”

„ურბან სკეჩერები“ ბათუმში / თამთა კახაბერიძის ფოტო
„ურბან სკეჩერები“ ბათუმში / თამთა კახაბერიძის ფოტო

მხატვართა ჯგუფი ქალაქს შაბათს, 27 აგვისტოს დატოვებს და ახალი სივრცეების ასათვისებლად გაემართება.

უსკოს 5 სხვადასხვა ბლოკის შექმნის მიზნით ჯამში 11-მა საარჩევნო სუბიექტმა მიმართა

ცოტა ხნის წინ უმაღლეს საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციის ვადა ამოიწურა. უსკოს 5 სხვადასხვა ბლოკის შექმნის მიზნით ჯამში 11-მა საარჩევნო სუბიექტმა მიმართა, ესენია:

  • .„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ და „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ ქმნიან ბლოკს შემდეგი სახელწოდებით –ნინო ბურჯანაძედემოკრატიული მოძრაობა“;
  • .,,საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ და „ნეიტრალური საქართველო“ – ბლოკის სახელწოდება კვარაცხელიასოციალისტური საქართველო;“
  • ,,ახალი მემარჯვენეები,’’ ,,მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის,” და ,,ამოქალაქო პლატფორმა- ახალი საქართველო” – საარჩევნო ბლოკის სახელწოდება – პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ ;
  • . „თოფაძე – მრეწველები“ და „ჩვენი სამშობლო“ – ბლოკის სახელწოდება თოფაძე მრეწველები, ჩვენი სამშობლო ;
  • .,,სახალხო პარტია“ და „ჩვენები“ – ბლოკის სახელი – „ჩვენები – სახალხო პარტია“.

უსკოს შესაბამისი სამსახური კომისიის თავმჯდომარეს დასკვნას ბლოკის შექმნასთან დაკავშირებით ხვალ წარუდგენს. იმ შემთხვევაში თუ წარმოდგენილი დოკუმენტაცია (უფლებამოსილი პირების მიერ ხელმოწერილი შესაბამისი განცხადება და პარტიის წესდება) შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, უსკოს თავმჯდომარე დასკვნის წარდგენიდან მეორე დღეს რეგისტრაციაში გაატარებს საარჩევნო ბლოკს.

საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციისთანავე უსკოს თავმჯდომარის განკარგულებით უფლებამოსილება უწყდებათ ბლოკში გაერთიანებული პარტიების წარმომადგენლებს ყველა საარჩევნო კომისიაში, ხოლო საარჩევნო ბლოკს შეუძლია დანიშნოს 2 წარმომადგენელი თითოეულ საარჩევნო კომისიაში.

 

დღეს ბათუმში პარკირების წესების დარღვევისთვის 600-მდე ადამიანი დაჯარიმდა [ფოტო]

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში პარკრების წესების დარღვევის გამო სულ 581 ადამიანი დაჯარიმდა.

მათ შორის, 482- პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის, 1 – დგომის მეთოდის დარღვევისთვის, 1 – ორმაგი პარკირებისთვის, 41 – ნიშანში დგომის გამო, 26 – ტროტუარზე დგომისთვის, 12 – ტაქსისა და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობისთვის, 14 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის და 4 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომის გამო.

ფოტოები გადაღებულია ბოლო სამი კვირის განმავლობაში:

თამარის დასახლებიდან ჩაქვამდე აბონენტებს წყლის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ

შპს „ბათუმის წყალი“ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს, რის გამოც, დღეს, 26 აგვისტოს, ღამის 12:00 საათიდან დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება დაბა ჩაქვში, მწვანე კონცხზე, მახინჯაურში, განთიადსა და თამარის დასახლებაში მცხოვრებ აბონენტებს.

აჭარის მთავრობამ 6 ინვესტორი პირგასამტეხლოსგან გაათავისუფლა

დღეს, აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელზეც განსახილველად 12 საკითხი იყო გამოტანილი.

დღევანდელ სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ რეგიონში მოქმედ, რამდენიმე შპს-ს საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელების შესახებ ისაუბრა. კერძდ 6 კომპანიას – (შპს “გიაგო”, შპს “რეკან გრუპ ჯორჯია”, შპს “TCF GEORGIA”, შპს “ADOG-GEORGIA”, შპს “ბათმშენი 2007”, “შპს “ბიჯი თრეიდი”, ინდ მეწარმე “მერაბ ბერიძე (რ.კ. “ქაქუთი””)  პირობით გადაუვადდა პირგასამტეხლოს გადახდა და მიეცათ დამატებიტი ვადა ვალდებულებების შესასრულებლად – “საუბარია 82 000 000 აშშ დოლარის ინვესტირებაზე. ასევე გაიწერა ახალი პირობები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ინვესტორებთან მივაღწიოთ მიზანს და არა ის რომ გვქონდეს მათთან ჯარიმებით ურთიერთობა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ დაიწყოს და განხორციელდეს ყველა ის საინვესტიციო პროექტი, რომელიც აქამდე მიმდინარეობდა და მნიშვნელოვანია ამ ინვესტიციების შედეგად შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები და განვითარდეს რეგიონის ეკონომიკა. ამ ეტაპზე ჩვენ მოგვმართა მხოლოდ ექვსმა ინვესტორმა, თუმცა ამ კუთხით დამატებითი კონსულტაციები მიმდინარეობს სხვადასხვა კომპანიებთან. ჩვენ განვიხილავთ ნებისმიერ შემოთავაზებას ინვესტორების მხრიდან, რადგან მათთან მიმართებაშ უნდა ვიყოთ ძალიან ფაქიზები იმიტომ, რომ ეს საკითხი რეგიონისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხია” – თქვა რამაზ ბოლქვაძემ.

სხდომაზე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლად განვითარების რეგიონული სტრატეგიის შემმუშავებელი საბჭოს შექმნის შესახებ“ აჭარის მთავრობის 2015 წლის 25 სექტემბრის №180 განგარგულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ისაუბა. ცვლილების თანახმად კომისიის შემადგენლობაში სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე დაემატება. ასევე გაიზარდა საბჭოს მიზნები და ამოცანები. ლაშა კომახიძემ ლოჯისტიკური ცენტრების პროგრამაზე ისაუბრა და აჭნიშნა, რომ აჭარის სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის მიზნით, 300-ზე მეტ სოფელში, მცირე მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქცია ამ კომპანიების დახმარებით ერთად მოიყრის თავს, დახარისხდება და სასაქონლო სახის მიცემის შემდეგ ტრანსპორტირდება ერთ მსხვილ წერტში, რომელიც ბათუმში ან ბათუმის ახლოს იქნება განთავსებული – “პრობლემა რომელსაც მე ფერმერებთან შეხვედრისას ვხვდები და რომელიც მანამდეც ძალიან კარგად ვიცოდი, არის წარმოებული პროდუქციის შემდგომში რეალიზაციის პრობლემა. საქმე ისაა, რომ ჩვენ გვყავს ძირითადად მცირემიწიანი ფერმერები და ამ მცირე მიწებზე წარმოებული პროდუქცია არ ქმნის იმ მასას, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს მსხვილი შემსყიდველისთვის. ამაზე გამოხმაურების ერთ-ერთი ნაბიჯი იყო სახელმწიფოსა და ევროკავშირის პროგრამა კოოპერატივების ხელშეწყობის მიმართულებით. რეალურად ლოჯისტიკური ცენტრების პროგრამით, ჩვენ ვაგრძელებთაი ამ მიმართულებას იმისთვის, რომ ცალკეული ფერმერებს მივცეთ საშუალება ადგილზე მუნიციპალიტეტებში ლოჯისტიკურ ცენტრებში მოაგროვონ საკუთარი ნაწარმი. ანუ თუკი ერთი ფერმერი ცალკე აღებული საკუთარი პროდუქციით, არ არის მსხვილი წარმომადგენელი ბაზარზე – რამდენიმე სოფლის ფერმერი ეს უკვე მნიშვნელოვანი ანგარიშშგასაწევი მასაა, მათ მიერ შეგროვებული პროდუქტი არის ძალიან სერიოზული მასა, რომელიც დამუშავდება იმ ლოჯისტიკურ ცენტრებში, რომლებიც გაკეთდება მუნიციპალიტეტებში. დამუშავებაში იგულისხმება შეფუთვა, დახარისხება, სასაწყობო მეურნეობების გამოყენება, ტრანსპორტირება სოფლებიდან ამ ლოჯისტკურ კომპანიებამდე და შემდეგ მათი ძირითად ცენტრებამდე ტრანსპორტირება. ასეთი სახემიცემული პროდუქტი ყველა მუნიციპალიტეტიდან თავს მოიყრის ერთ ძირითად ბაზარზე, რომელიც იქნება ბათუმში ან ბათუმის მიმდებარე ტერიტორიაზე” – თქვა მინისტრმა.

მტავრობის დღევანდელ სხდომაზე „ახალციხე-ბათუმის“ 220 კილოვატიანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში განსახორციელელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტების გამგებლებმა ნადიმ ვარშანიძემ და ტარიელ ებრალიძემ.

ასევე, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას თანხმობა მიეცა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, კურორტ ბეშუმში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების (საორიენტაციო ღირებულება 378 000 ლარი) და სოფელ ვერნებში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობითი სამუშაოების (საორიენტაციო ღირებულება 33 331 ლარი) სახელმწიფო შესყიდვები, გამარტივებული ელექტრონული ტენდერით განახორციელოს. დღესვე სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტოს“ მიეცა თანხმობა ელექტრონული აუქციონის ფორმით გასცეს მერქნული რესურსი, მათ შორის II ხარისხის საშეშე მერქანი.

„მამაკაცები დავრჩეთ, შეკითხვები მაქვს“ – გარჩევები ქედის საკრებულოში

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  გამგებლის პირველი  მოადგილის თანამდებობაზე სახელფასო სარგოსთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ მისი ერთ-ერთ მოადგილე გურამ ბერიძე დააწინაურა და პირველ მოადგილედ დანიშნა.

წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, გამგებლის პირველი მოადგილის ხელფასი 1700 ლარითაა განსაზღვურული. რა თანხა გაიწერება გამგებლის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადმინისტრაციული წარმოება დასრულდება და დეპუტატები საბოლოოდ უყრიან კენჭს თანამდებობრივ სარგოს.

ამ დროისთვის გამგებლის მოადგილეების ხელფასი ქედის გამგეობაში 1 300 ლარია.

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქედის საკრებულოს წევრ ვაჟა ბოლქვაძეს, გამგებლის მოადგილეების ხელფასებს შორის 400 ლარის სხვაობა დაუშვებლად მიაჩნია და ამბობს, რომ „ოცნება“ საკუთარი ხელფასებითაა დაინტერესებული.

„განსხვავებული ხელფასი უნდა ჰქონდეს გამგებლის პირველ მოადგილესა და დანარჩენ მოადგილეებს, მაგრამ არა 400 ლარით, ეს დაუშვებელია, „ოცნება“საკუთარი ხელფასების ზრდითაა დაინტერესებული“ – ამბობს ვაჟა ბოლქვაძე.

სხდომის დასრულებისთანავე საკრებულოში პირადი გარჩევები დაიწყო. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ბაქარ ბარამიძემ სიტყვით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს: „მამაკაცები დავრჩეთ, შეკითხვები მაქვს“ და დარბაზიდან ქალების გასვლა მოითხოვა. საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე განმარტავს, რომ საკრებულოში „პირადი საკითხები“ განიხილეს და ქალების ყოფნა საჭირო არ იყო.

ქედის საკრებულოში ორი ქალია, სხდომას ასევე აპარატის თანამშრომელი ქალებიც ესწრებოდნენ.

„პირადი საკითხები იყო გასარკვევი და დასალაპარაკებელი მამაკაცებში, სხვა არაფერი, არ იყო იქ ქალბატონების ყოფნა საჭირო“ – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.

რას მიიჩნევენ ყველაზე ეფექტურ დახმარებად დევნილები და ეკომიგრანტები

25 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო „ინტურისტში“ კვლევის – „იძულებით გადაადგილებულ პირთა და ადგილობრივი თემების ეკონომიკური პოტენციალისა და შესაძლებლობების კვლევა აჭარის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონში; საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის ხელშემწყობი პროგრამები, პროვაიდერები და მექანიზმები“ – პრეზენტაცია გაიმართა.

მიგრაციის კვლევის ცენტრის მკვლევარის, ენერგეტიკის სამინისტროს აპარატის უფროსის, ნათია ჭელიძის განცხადებით, კვლევის ფარგლებში აჭარაში, სამეგრელოსა და იმერეთში გამოკვლეულ იქნა ის დასახლებული ადგილები, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირებს და ეკომიგრანტებს გადაეცათ გრძელვადიანი საცხოვრებელი:

„ვინაიდან მათ უკვე ჰქონდათ ჭერი, საჭირო იყო გამოვლენილიყო მათი ძირითადი საჭიროებები, საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა, მათი ეკონომიკური შესაძლებლობები და პროფესიული უნარები. გამოკვლეულ იქნა 500 იძულებით გადაადგილებული პირი ექვს თვითმმართველ ერთეულში: ფოთში, ბათუმში, ქუთაისში, წყალტუბოში, ზუგდიდსა და ხელვაჩაურში. გამოიკვეთა, რომ თვითკმარობის უზრუნველსაყოფად იძულებით გადაადგილებული პირები ეფექტურ დახმარებად ხედავენ ყოველთვიურ, სტაბილურ ფულად დახმარებას.

მიუხედავად იმისა, რომ მათ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები გრანტებს გადასცემენ და მათ შესაძლებლობა ეძლევათ ჩაერთონ ეკონომიკურ საქმანობაში, სთავაზობენ პროფესიული უნარების განვითარებას, იმისთვის, რომ დაიწყონ ეკონომიკური საქმიანობა და გაუჩნდეთ საკუთარი შემოსავალი, იძულებით გადაადგილებული პირები მაინც ყოველთვიურ ფულად დახმარებას ამჯობინებენ, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ ეს უფრო სტაბილურია. მათ იმის შიში აქვთ, რომ თუ მათ ეკონომიკური საქმიანობა ჩაუვარდებათ, ამის პარალელურად დაეკარგებათ სოციალური დახმარება.“

მისივე თქმით, კვლევამ გამოავლინა, რომ სოციალური დახმარების სისტემა საჭიროებს რეფორმირებას და სოციალური დახმარების შეწყვეტა არ უნდა იყოს პირდაპირ კავშირში საარსებო წყაროების გაჩენასთან.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ შემუშავდა რეკომენდაციები დევნილთა სამინისტროს სოცუზრუნველყოფის სააგენტოსთვის, რომ სააგენტო აქტიურად ჩაერთოს საჭიროებების გამოვლენაში და დახმარება განისაზღვროს არა სტატუსიდან გამომდინარე, არამედ საჭიროებების მიხედვით.

„უნდა შეიქმნას მონაცემთა ბაზა და საფუძვლად დაედოს კონკრეტული ეფექტური პროგრამების შემუშავებას, რომელიც ხელს შეუწყობს მოწყვლადი ჯგუფების, იძულებით გადაადგილებული პირთა (დევნილები და ეკომიგრანტები) სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას“ – განაცხადა ნათია ჭელიძემ.

კვლევა მომზადებულია კომპანია „ეისითის“, ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთისთვის“ პროექტის ,,დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე – ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის“ – ფარგლებში.

კვლევის პრეზენტაცია. ნაზი ბერიძის ფოტო
კვლევის პრეზენტაცია. ნაზი ბერიძის ფოტო

შსს: ქობულეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,  ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გუშინ ღამით, 1995 წელს დაბადებული ა.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში დაჭრა 1994 წელს დაბადებული ნ.გ. , რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

შს სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა ცივი იარაღით სხეულის დაზიანება კიდევ სამ პირს მიაყენა, მათ შორის, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორ მირიან ნოღაიდელს. პოლიციელი იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. იგი შორიახლოს იმყოფებოდა, ხმაური გაიგო და შემთხვევის ადგილზე ვითარების გასარკვევად მივიდა. უიარაღო პატრულ-ინსპექტორი ა.ტ.-ს შეჩერებას შეეცადა, რა დროსაც იგი ხელის არეში დაიჭრა.

ამ დროისთვის პოლიციელისა და ორი დაჭრილი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ქობულეთის რაიონის სოფელ აჭიში, შემთხვევიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით).

ამავე თემაზე: ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია პატრულის თანამშრომელი 

ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, დაჭრილია პატრულის თანამშრომელი

25 აგვისტოს, ღამით, ქობულეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შს სამინისტროს ინფორმაციით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ასევე დაჭრილია ოთხი პიროვნება, მათ შორის ერთ-ერთი პატრულის თანამშრომელია. წინასწარი ინფორმაციით მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

 

უსკომ საიას საჩივარი განიხილა და არ დააკმაყოფილა

8 ხმით 5-ის წინააღმდეგ  – უსკომ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საჩივარი არ დააკმაყოფილა. საუბარია 31 ივლისის შემთხვევაზე, როცა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის დროს მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილებს ვიდეო ჩართვით მიმართა.  

უსკომ საიას მიერ პირველ აგვისტოს შეტანილი საჩივრის განხილვაზე უარი თქვა, რაც საიამ სასამართლოში გაასაჩივრა. ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში უსკომ პროცესი წააგო, რის შემდეგაც დღეს, 25 აგვისტოს საიას სარჩელის განხილვა შედგა.

უსკოს გადაწყვეტილებით, სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა ფაქტობრივად შეუძლებელია პირზე, რომელიც არ იმყოფება საქართველოში. ამ შეფასებით უსკომ ძალაში დატოვა მანამდე ბათუმის 79-ე ოლქის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო აგიტაციაში არ შეიცავდა დარღვევის ნიშნებს.

უსკოში საკითხის განხილვის დროს, საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ, გიორგი ხიმშიაშვილმა მაგალითი მოიყვანა გერმანიის პრაქტიკიდან, როცა ანალოგიურ სიტუაციაში სამართალმცოდნეები გასცდნენ ქმედების ჩადენის კლასიკურ გაგებას და შემოიღეს ახალი განმარტება, რომლის მიხედვითაც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი არის ის ადგილი, სადაც განზრახვას და ზემოქმედებას აქვს შესაბამისი რეაქცია და შედეგი: “ამომრჩეველმა ბათუმში მოისმინა კონკრეტული სუბიექტის, უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიმართვა. ამ შემთხვევაში სამართალდარღვევის ადგილად უნდა მივიჩნიოთ ბათუმი, ვინაიდან, შედეგი დადგა სწორედ ბათუმში,”– განაცხადა გიორგი ხიმშიაშვილმა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, პეტრე ზამბახიძე კი ფიქრობს, რომ სხვა ქვეყნიდან ვიდეო–მიმართვა არ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტად:  “ეს არ არის სამართალდარღვევა, რადგანაც ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიაზე. აქ ხომ საუბარია არა კონკრეტულ სამართალდარღვევაში უშუალო მნაწილეობაზე, არამედ ვიდეოზე. ვირტუალური სამყარო არ შეიძლება გაგებული იყოს საქართველოს ტერიტორიად”

თუკი უსკო “ახალაგზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელს დააკმაყოფილებდა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მინიმუმ 2 ათასი ლარით დაჯარიმდებოდა. საიას ჯერ არ გადაუწყვეტია, გაასაჩივრებს თუ არა უსკოს ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში. 

 

ფოტო: უსკოს ფეისბუქგვერდიდან

Exit mobile version