მთავარი,სიახლეები

„ბეთლემი“ ჯარიმისა და დისკვალიფიკაციების შემდეგ

27.08.2016 • 2903
„ბეთლემი“ ჯარიმისა და დისკვალიფიკაციების შემდეგ

ქედის საფეხბურთო კლუბ „ბეთლემის“ დირექტორად სულხან ჯიჯავაძე მას შემდეგ დაინიშნა, რაც საფეხბურთო კლუბში მოთამაშე ოთხ ფეხბურთელსა და მწვრთნელ-ასისტენტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დისკვალიფიკაცია მისცა, ხოლო კლუბს სანქციის სახით 50 000 ლარის გადახდა დააკისრა სპორტული მანიპულირებისთვის. შეიცვალა როგორც გუნდის შემადგენლობა, ასევე მთავარი მწვრთნელი და მწვრთნელ-ასისტენტიც. პირველ ლიგაში მოთამაშე გუნდი ფედერაციის გადაწყვეტილებით ჩამოქვეითდა და ასპარეზობას მეორე ლიგაში განაგრძობს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქედის საფეხბურთო კლუბ „ბეთლემის“ თხოვნა, გუნდისთვის საჯარიმო სანქცია – 50 000 ლარი მოეხსნა, რადგან გუნდი თანხის გადახდას ვერ შეძლებდა და არსებობას შეწყვეტდა, გაითვალისწინა, „ბეთლემს“ სანქცია მოუხსნა და ფულადი ჯარიმისაგან გაათავისუფლა.

სანქციის მოხსნის შემდეგ ცვლილებები გატარდა როგორც გუნდის შემადგენლობაში, ასევე ადმინისტრაციაშიც. კლუბის ყოფილი დირექტორი, გამგებლის ერთ-ერთი მოადგილის მამა, ნაზიმ ფარტენაძე, „ბეთლემის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა და ქედის სასპორტო სკოლის ბაზაზე არსებული თავისუფალი ჭიდაობის მწვრთნელმა, სულხან ჯიჯავაძემ ჩაანაცვლა. შეიცვალა კლუბის მთავარი მწვრთნელი, ამ პოზიციაზე ავთანდილ კუნჭულია ბათუმის „დინამოს“ ბავშვთა გუნდის მწვრთნელმა ამირან გოგიტიძემ შეცვალა, დისკვალიფიცირებული მწვრთნელ-ასისტენტი რომა ქობულაძე კი ირაკლი ბარამიძემ ჩაანაცვლა, რომელიც „ბეთლემის“ ბავშვთა ასაკობრივი გუნდის მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობდა. შეიცვალა გუნდის მეკარეც, ლევან ბექთაშევი ადი მაქაცარიამ შეცვალა.
გუნდს 14 ახალი ფეხბურთელი ჰყავს, ძველი შემადგენლობიდან გუნდში მხოლოდ სამი ქედელი ფეხბურთელი – ელიზბარ ერქომაიშვილი, ჯაბა გორგაძე და რუსლან ბარამიძე თამაშობს.

„ბეთლემის“ დირექტორი ამბობს, რომ გუნდის ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბდა, თუმცა რეორგანიზაცია არ დასრულებულა. ის აქვე დასძენს, რომ ხელშეკრულება მხოლოდ ძირითად ფეხბურთელებთან გააფორმეს.

„14 ახალი ფეხბურთელი გვყავს, გუნდის ძირითადი შემადგენლობა ცნობილია და თერთმეტივე ფეხბურთელთან გავაფორმეთ ხელ¬შეკრულება, სახელფასო ფონდი კი 18 ფეხბურთელზეა გათვლილი. ძირითადი მოთამაშეები არიან: ადი მაქაცარია, ნიკოლოზ ჩიხლაძე, რომეო კანკია, ლაშა რამიშვილი, გელოდი ფალავანდიშვილი, ვიტალი დარჩიძე, ტატო აბუსერიძე, ბესო დემურაძე, შაქრო დუმბაძე, ზაზა ტუღუში და მირზა ფარტენაძე. ყოფილმა შემადგენლობამ შედეგი ვერ დადო, როცა შედეგი არ არის, ახალი ფეხბურთელები უნდა მოიწვიო. ამავდროულად, როცა მწვრთნელი იცვლება, ახალ მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს, საშუალება უნდა მისცე ის ფეხბურთელი ათამაშოს გუნდში, ვისაც საჭიროდ მიიჩნევს. პირველი თამაში მეორე ლიგაში პირველ სექტემბერს ხობთან გვაქვს და ქედაში ვმასპინძლობთ გუნდს,“ – ამბობს სულხან ჯიჯავაძე.

ქედის „ბეთლემის“ ახალი შემადგენლობა. ეკა ბარამიძის ფოტო

ქედის „ბეთლემის“ ახალი შემადგენლობა. ეკა ბარამიძის ფოტო

გუნდის მთავარი მწვრთნელი ამირან გოგიტიძე გუნდის არსებულ შემადგენლობას დამაკმაყოფილებლად აფასებს:

„მწვრთნელად ერთი თვეა რაც დავინიშნე, ამ ეტაპზე უფასოდ ვმუშაობ, ცუდ მდგომარეობაში იყო გუნდი, დახმარება სჭირდებოდა, მთხოვეს და ამოვედი. მირჩევნია ფეხბურთელმა აიღოს ანაზღაურება და ჩემი მუშაობით სასიკეთო საქმე გაკეთდეს. რაც შეეხება გუნდის შემადგენლობას, ძირითადი ბირთვი 16 ფეხბურთელის შემადგენლობით გვყავს, ერთი-ორი ფეხბურთელის გამოკლებით გუნდის არსებული შემადგენლობა დარჩება, ვითარება ჯერჯერობით დამაკმაყოფილებელია და წვრთნის პროცესში ვართ, წინა მოსამზადებელ პერიოდს თითქმის ვასრულებთ“.

გუნდის მთავარი მწვრთნელი საფეხბურთო კლუბის მწირ ფინანსებზე საუბრობს. მისი თქმით, ფეხბურთელისთვის აქ არც სამედიცინო (მედიკამენტების) ხარჯია გათვალისწინებული და არც კვების. განახლებული ქედის „ბეთლემი“ წვრთნებს ძველი ფორმებითა და ასევე, ძველი ბურთებით განაგრძობს.

„ექვსი თვის შემდეგ გუნდს ახალი ფორმა, ბურთი და საჭირო ინვენტარი უნდა ჰქონდეს. არსებული მწირი ფინანსებიდან გამომდინარე, აქ ეს საჭიროებები გათვლილი არ არის, ვარჯიშითა და სწორი კვებით ვითარდება ფეხბურთელის სხეული და ხდება მისი ფორმირება, ყველაფერი მატერიალურ პირობებზეა დამოკიდებული. 2300 კალორია მაინც უნდა მიიღოს დღის განმავლობაში ფეხბურთელმა, წვრთნაზე მოსული ფეხბურთელი შეიძლება ნაჭამიც კი არ იყოს, ვარჯიშიდან წავა და არც ის ვიცით, იღებს თუ არა საჭირო რაოდენობის საკვებს. სპორტში კვება, მასაჟი და ვიტამინები აუცილებელია,“ – ამბობს მწვრთნელი.

კითხვას, რამდენად შესაძლებელია მწირი დაფინანსების პირობებში საფეხბურთო კლუბმა კარგ შედეგს მიაღწიოს, მთავარი მწვრთნელი ასე პასუხობს:

„ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, გუნდში დამწყები ფეხბურთელი არავინაა, ყველა გამოცდილია, გვყავს როგორც პირველი ლიგის თამაშებში გამოცდილი ფეხბურთელები, ასევე მეორე ლიგასა თუ უმაღლეს ლიგაში მოთამაშე სპორტსმენები. ახლა მთავარია იბრძოლონ, ივარჯიშონ და მაყურებელი გაახარონ, ჩვენ შევეცდებით კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ.

თამაშებზე გამოიკვეთება, რის შესაძლებლობა გააჩნია გუნდს და რისი _ არა. იმედი მაქვს, 2017 წლისთვის გუნდი პირველ ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას. ზოგადად, სპორტი ძვირადღირებულია და ძნელია პატარა ბიუჯეტით დიდი შედეგი დადო, მაგრამ გამორიცხული და მიუღწეველი არაფერია“.

ქედის საფეხბურთო კლუბი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. იქედან გამომდინარე, რომ პირველი ლიგიდან „ბეთლემი“ ჩამოქვეითდა და ასპარეზობას მეორე ლიგაში განაგრძობს, გუნდს შეუმცირდა დაფინანსებაც. `350 000 ლარი იყო გუნდის დაფინანსება, ახლა 50 000 ლარია, ამ თანხიდან 5 000 ლარი საწევროს საფასურია, დანარჩენი თანხა კი გუნდს მოხმარდება“ – ამბობს სულხან ჯიჯავაძე. მისი ინფორმაციით, წამყვანი ფეხბურთელის ხელფასი აქ 600 ლარია, ხოლო იმ ფეხბურთელების, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში არ არიან – 300 ლარი.

ამავე თემაზე:

ორი ავტოგოლი, ოთხი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი და დაჯარიმებული ქედის „ბეთლემი“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: