კვირის ამბები,მთავარი

„ჟილინის“ არხი  და დატბორილი ბათუმი

28.08.2016 • 3563
„ჟილინის“ არხი  და დატბორილი ბათუმი

ბათუმში წვიმის დროს ქალაქის გარკვეული უბნების დატბორვა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ინფრასტრუქტურულ პროექტებში გადახდილი მილიონების მიუხედავად, „ტრადიციულ“ დატბორვის უბნებს ქალაქში არაფერი ეშველა და ჯერჯერობით არც ეშველება, ვინაიდან სანიაღვრე არხები, რომლებმაც ქალაქი წვიმის წყლისგან უნდა განტვირთოს, შტორმის დროს არაეფექტურად მუშაობს.

ერთ-ერთი ასეთი არხია ე.წ. „ჟილინი“, რომლის რეკონსტრუქციისათვის ბათუმის ბიუჯეტიდან 6 მილინ 317 ათასი ლარი დაიხარჯა.

მერაბ კალანდარიშვილის ფოტოშარჟი

მერაბ კალანდარიშვილის ფოტოშარჟი

ბათუმის მერიის ინფორმაციით, „ჟილინის არხის კაპიტალური რეკონსტრუქცია დასრულდა. არხი ზღვის სანაპიროდან გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩამდე პერიმეტრს მოიცავს, თავდაპირველად ღია არხის სახით ფუნქციონირებდა, პროექტის ფარგლებში კი განხორციელდა არხის რკინაბეტონით ამოშენება და დახურვა“.

მიუხედავად ამისა, არხი ვერ იმუშავებს შტორმის დროს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პრობლემა რჩება შესართავთან, სადაც ზღვას შემოაქვს ნატანი, რაც არხში წყლის შეტბორვას იწვევს. მერიამ პროექტი შეცვალა და ამ მონაკვეთის, დაახლოებით 200 მეტრის სრულ რეკონსტრუქციაზე უარი თქვა.

მშენებელ კომპანიაში [„მშენებელი 80“] კი ადრე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ თუ არხი ზღვამდე არ მივიდოდა და არ გაკეთდებოდა მთლიანად, ახალ კონსტრუქციაში, ანუ ბეტონის გვირაბებში დაილექებოდა ნალექი, რადგან წვიმის წყალთან ერთად გვირაბებში ნაგავიც ხვდება, „წყალი თავისუფლად ვერ ჩადის ზღვაში და უკვე შეტბორილია“.

მაშინ კომპანიაში ისიც განაცხადეს, რომ ახალი კონსტრუქციიდან ზღვის შესართავამდე მონაკვეთი აუცილებლად უნდა დაწეულიყო და ახალგაკეთებული ბეტონის გვირაბის ძირს [საპროექტო ნიშნულს] გასწორებოდა. ამისთვის საჭირო იყო მიწის ამოღება, ანუ არხის დაღრმავება 1,3-1,5 მეტრით; ასევე, საჭირო იყო ახალ ბულვართან ხიდის [ხიმშიაშვილის ქუჩის ბოლოს მდებარე ხიდი, რომელზედაც ავტომაგისტრალი გადის] ფსკერის დანგრევა, დაბლა დაწევა და ამ მონაკვეთში არსებული ძველი კონსტრუქციების მოშლა. კომპანიაში აღნიშნეს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ ჩავიდოდა ახალი არხიდან თავისუფლად წყალი ზღვაში. დამატებით ამ სამუშაოების შესრულება კომპანიამ მერიას შესთავაზა.

ზურაბ წიკლაური, „მშენებელი 80“-ის ინჟინერი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ აღნიშნული სამუშაოები შესრულდა და ბოლო წვიმის დროს არხმა კარგად იმუშავა. რაც შეეხება უშუალოდ არხს, სამუშაოები დასრულებულია და “სამხარაულის“ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას ელოდებიან, რის შემდეგაც მერია შესრულებულ სამუშაოებს ჩაიბარებს.

ზემოაღნიშნულ ხიდთან არხის 40-მეტრომდე მონაკვეთი კვლავ ღიად რჩება. შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ აქ არხი დანაგვიანდება. ამ ნაწილში მერია სატუმბი სადგურის აშენებას გეგმავდა, თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით პროექტი დონორმა ორგანიზაციამ დაიწუნა. ჩვენივე ინფორმაციით, სატუმბი სადგური რომ გაკეთდეს, მერიას მოუწევს დაახლოებით 2 ათასი კუბური მეტრის ტევადობის სალექარი რეზერვუარის აშენება და არხის უკვე გაკეთებული, დახურული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ნაწილის მოშლა. სატუმბი სადგურის შემთხვევაში ჟილინის არხის წყალი სალექარიდან ზღვის სიღრმეში ჩაეშვება და შტორმის დროს დატბორვის საშიშროება აღარ იარსებებს. მერია ასეთი სატუმბი სადგურის აშენებას არდაგანის ტბის მიმდებარედაც გეგმავს.

კონკრეტულად ჟილინის არხთან დაკავშირებით „ბათუმელებს“ ამჯერად მერიაში მხოლოდ ის განუცხადეს, რომ „ჟილინის არხის ბოლოში, შესართავთან მოხდება მილების ჩაწყობა [დაახლოებით 200 მეტრი სიგრძის] და სატუმბი სადგურის აშენება, რომლითაც არხში თავმოყრილი წყალი გადაიტუმბება ზღვის სიღრმეში. თუმცა პროექტი ჯერ არ არის მზად და მიმდინარეობს ამაზე საუბარი“.

„ჟილინის არხის“ შესართავი ახალ ბულვართან

„ჟილინის არხის“ შესართავი ახალ ბულვართან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: