კვირის ამბები,მთავარი

7 შეკითხვა, რომელიც პოლიტიკოსს ხმის მიცემამდე უნდა დაუსვათ

28.08.2016 • 3297
7 შეკითხვა, რომელიც პოლიტიკოსს ხმის მიცემამდე უნდა დაუსვათ

თქვენს კარებთან, საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში, სახლებთან თუ სოფლის ორღობეებთან უკვე ხშირად ჩნდებიან პოლიტიკოსები მრავალფეროვანი დაპირებებით. მათი გზავნილები, როგორც წესი, ხშირად ჰგავს ერთმანეთს. როგორ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, რა შეკითხვები უნდა დავუსვათ პოლიტიკოსებსა და პარტიებს ხმის მიცემამდე? “ბათუმელები”  გთავაზობთ რამდენიმე შეკითხვას იმის გასარკვევად, თუ რა იდეოლოგიის პოლიტიკის გატარებას უნდა ელოდოთ მათგან და რამდენად გათვლილი აქვთ დეპუტატობის კანდიდატებს ის, რასაც გპირდებიან. კითხვები მომზადებულია შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით: nimd.ge; partiebi.ge; socialstudieshelp.com; Princeton.edu; usatoday.com.

როგორ გაიზრდება ჩემი შემოსავლები?

პირველი, რითაც შეიძლება დაინტერესდეთ, პოლიტიკური იდეოლოგიაა. იდეოლოგია თანამედროვე პოლიტიკურ ცხოვრებაში იძლევა იმის საშუალებას, რომ პოლიტიკოსებს შორის განსხვავებები დავინახოთ და დაპირების რეალურობა გამოვაჩინოთ.

ზოგადი გაგებით, მემარჯვენე ძალები ემხრობიან ეკონომიკურ და სხვა სახის აქტივობებში სახელმწიფო ჩარევის მინიმალიზაციას. ისინი თავისუფალი ბაზრის პრინციპების ერთგულები არიან. მემარცხენეების ამოსავალი წერტილი კი თანასწორობაა და სახელმწიფო ეფექტური ხარჯვით თითოეული ადამიანის სოციალური კეთილდღეობის შექმნა.

თუკი კანდიდატი გეტყვით, რომ ის მემარჯვენეა და მაგალითად, ამცირებს ან საერთოდ აუქმებს გადასახადებს [ეს მემარჯვენე გზავნილი პოპულარულია რამდენიმე პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო გზავნილებში], მან უნდა წარმოგიდგინოთ გათვლა, რომელი ფულით მოახერხებს თქვენი პენსიის მინიმუმ – შენარჩუნებას, ან ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსებას, რადგან თუკი პოლიტიკური ძალა გადასახადებს მნიშვნელოვნად შეამცირებს, შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავალიც შემცირდება და შემოსავლები კონკრეტულ მეწარმეებს გაეზრდებათ.

წინასაარჩევნოდ, არამარტო საქართველოში, პოპულარულია მემარცხენე იდეოლოგიით ნაკარნახევი დაპირებები, რადგან როგორც პოლიტოლოგები განმარტავენ, იოლია ადამიანს უთხრა, რომ მის სოციალურ კეთილდღეობას გააუმჯობესებ და არა ის, რომ თავისუფალი განვითარების პირობებს შექმნი და თავად განვითარდეს. როდესაც პოლიტიკოსები გპირდებიან შემოსავლების ზრდას, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების გაუმჯობესებას და სწრაფად გამდიდრებას, უნდა დაინტერესდეთ – რა წყაროებიდან გაიზრდება შემოსავლები ბიუჯეტში და რა შეიცვლება დაფინანსების პრიორიტეტებში. ასევე კარგი იქნება, თუკი პოლიტიკოსი წარმოადგენს ეკონომიკური განვითარების ხედვას და პარამეტრებს, რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ეკონომიკური სარგებლის დათვლა.

საით?

პოლიტოლოგები ხშირად უსვამენ ხაზს, რომ გველოდება არჩევნები, სადაც პოლიტიკური ძალები დაჯგუფდებიან „პროდასავლურობის“ და „პრორუსულობის“ მიხედვით. კანდიდატს შესაძლოა, ჰკითხოთ: რომელ ქვეყნებთან და ალიანსებთან პარტნიორობა მიაჩნია პრიორიტეტად და რა პოლიტიკის გატარებას აპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ეცადეთ, დეპუტატობის კანდიდატმა ნათლად გამიჯნოს, ევროპას მოიაზრებს მთავარ პარტნიორად და ევროპული ღირებულებებით წარმოუდგენია ქვეყნის განვითარება, თუ მეგობრობას დასავლეთთანაც აპირებს და ოკუპანტ რუსეთთანაც. მეორე პასუხის შემთხვევაში საინტერესოა კანდიდატის პასუხი კითხვაზე – დაასახელოს რომელიმე ქვეყნის მაგალითი დაასახელოს, სადაც ეს დაპირება შესრულდა.

შეახსენე წარსული

ევროპული გამოცდილება აჩვენებს, რომ ყველაზე პოპულარული და ეფექტური კითხვა წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ წარსულს ანუ „ბექგრაუნდს“ შეეხება. ალბათ, საინტერესო იქნება დეპუტატობის კანდიდატმა წარსული გაიხსენოს, ან თქვენ შეახსენოთ, თუკი ის გახსოვთ და თავად ამის გახსენება აღარ სურს. შეახსენეთ მას რა ღირებულებების ერთგული იყო წარსულში, რას აპროტესტებდა საჯაროდ, ვისთან ერთად აქტიურობდა, მოახერხა თუ არა წინა დაპირებების შესრულება, როგორ გრძნობს პასუხისმგებლობას მიუღწეველ შედეგებზე, მიღწეულზეც ჰკითხეთ. აქ გამოჩნდება, როგორ აღიქვამს პოლიტიკოსად ყოფნას – პრივილეგიაა ეს, თუ საზოგადოებისგან დაქირავებული შრომა, როცა ანგარიშვალდებულებას სწორედ ადამიანების წინაშე გრძნობ და არა კონკრეტულ ელიტებთან. ამ თემებზე საუბარი გამოაჩენს, რამდენად აქვს მას რეალურად მგრძნობელობა იმაზე, რაც თქვენ, ადამიანებს გაწუხებთ. ევროპელი მედიაექსპერტები მიიჩნევენ, რომ წარსულზე აქცენტირება ყველაზე კარგად აჩენს რატომ გაუჩნდა ადამიანს პოლიტიკაში მოსვლის სურვილი, რა უნდა მას თქვენგან, მხოლოდ ხმა, თუ?

რას უპირებ განათლების სისტემას?

განათლების ხარისხი და მისი დაფინანსება რჩება ქვეყნის მთავარ გამოწვევად. პოლიტიკოსებისგან რაც გვესმის, არის ზოგადი დაპირება განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით. კანდიდატებს სთხოვეთ დაასახელონ კონკრეტული ხედვა განათლების პოლიტიკის კუთხით, როგორც დაწყებითი, ისე საშუალო და უმაღლესი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ასევე საინტერესოა, როგორია პოლიტიკური ძალის ხედვა პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით, რომელიც ჯერ კიდევ პოპულარული არ არის და რის საჭიროებაც დგას.

განათლების დაფინანსება – აქაც აქტუალურია პოლიტიკური ძალა, კანდიდატი მემარჯვენე იდეოლოგიას აკუთვნებს თავს თუ მემარცხენეა. თუკი პოლიტიკური პარტია დეკლარირებულად მემარჯვენეა, ის არ უნდა გპირდებოდეთ სრულიად უფასო განათლებას, უფასო სახელმძღვანელოებს და ასე შემდეგ. იმისთვის, რომ მათი დაპირება დამაჯერებელი იყოს, მათ მინიმუმ უნდა იცოდნენ, რა ჯდება განათლების მიღება დღეს, რამდენით უნდა გაიზარდოს ეს ხარჯები, რის შემცირების ხარჯზე უნდა გაიზარდოს და რატომ იქნება ეფექტური, თუკი, მაგალითად, სოციალური სფეროს დაფინანსებიდან თანხის ნაწილს განათლების სასარგებლოდ დავხარჯავთ.

რას ფიქრობთ ქალებზე პოლიტიკაში?

თუკი ამ კითხვაზე პოლიტიკოსმა ირონიული პასუხი გაგცათ, ჩათვალეთ, რომ ის ადეკვატურად ვერ აღიქვამს გენდერული ბალანსის დაცვის საჭიროებას.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, „ნიდერლადების ინსტიტუტმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ სხვადასხვა პარტიას რამდენიმე კითხვით მიმართა და მათგან წერილობითი პასუხები მიიღო. მაშინ ქალთა საკითხებთან დამოკიდებულება ამ ინსტიტუტმა შემდეგი ფორმით სცადა: „ეუთოს წევრ სახელმწიფოთა შორის საქართველო ბოლო ადგილზეა საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრ ქალთა რაოდენობის მხრივ. გთხოვთ, აღწეროთ თქვენი ინიციატივები [თუკი ასეთი გაქვთ] ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გასაზრდელად~. პოლიტიკური პარტიების უმრავლესობამ ამ კითხვას ძალიან მოკლე და ფორმალური პასუხი გასცა, ხელს შევუწყობთ ქალთა თანამონაწილეობის გაზრდასო. ამჯერად თქვენ სცადეთ გაგება, დაფიქრდნენ თუ არა პოლიტიკოსები და შეიმუშავეს თუ არა კონკრეტული ინიციატივები, რაც პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობას გაზრდის?

სად ხედავთ უმცირესობების ადგილს?

„რა წინადადებებს [თუკი ასეთი გაქვთ] გვთავაზობთ უმცირესობათა უფლებების დაცვისა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მათი მეტად ინტეგრირებისთვის?“ – ნიდერლანდების ინსტიტუტის ამ შეკითხვას ქართულმა პარტიებმა ყველაზე მოკლე პასუხები გასცეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ. მთავარი პათოსი იყო ის, რომ ტოლერანტობის კულტურა უნდა იყოს დაცული და ენის სწავლების პროგრამებს აამოქმედებდნენ. გამოკითხული 5 პარტიიდან არც ერთს უსაუბრია, მაგალითად, რელიგიურ და სექსუალურ უმცირესობებზე. პოლიტიკური პარტიის და მისი წარმომადგენლის კონკრეტული ხედვა ამ საკითხებზე კარგად ავლენს მის აღქმას დემოკრატიულობაზე. კანდიდატობის მსურველს უმჯობესია თუკი ჰკითხავთ, კონკრეტულად რას ფიქრობს, მაგალითად, ისეთ დემოკრატიულ მიდგომაზე, როგორიცაა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ეკლესიის გამიჯვნა? ან სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ორგანიზების დაფინანსება, ან მოსწონს თუ არა „ანტიდისკრიმინაციული კანონი“, რომელიც პარლამენტმა 2013 წელს მიიღო.

ვინ ვიქნები მე?

თუკი სასურველი პოლიტიკოსი უკვე შეარჩიეთ, აუცილებლად ჰკითხეთ _ ვინ იქნებით თავად თქვენ მისთვის, როცა არჩევნები ჩაივლის. როგორ უყურებს პოლიტიკოსი ამომრჩეველს – ეს საკითხი ავლენს იმას, თუ როგორია მისი დამოკიდებულება ბიუროკრატიის მიმართ. დიდი ალბათობით, ის გეტყვით, რომ ყოველთვის მოიცლის ხალხისთვის, მიგიღებთ საჭირო დროს და მოგისმენთ. ევროპელი პოლიტოლოგების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამომრჩეველმა პოლიტიკოსს უნდა აგრძნობინოს, რომ ის მას ქირაობს და ანგარიშვალდებულების განცდა კენჭისყრამდე უნდა გაჩნდეს. დამოკიდებულია თუ არა პოლიტიკოსი ვერტიკალზე და რას ნიშნავს მისთვის თანამდებობა – ამას კარგად გავიგებთ, თუკი მას პარტიის სტრუქტურის შესახებ ვკითხავთ: როგორ ირჩევენ პარტიული თანამდებობისთვის პირებს, როგორ ხდება ადამიანი მაჟორიტარობის კანდიდატი, როგორ იღებენ გადაწყვეტილებას, არსებობს თუ არა დემოკრატია თავად პარტიის შიგნით?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: