მთავარი,სიახლეები

უსკომ საიას საჩივარი განიხილა და არ დააკმაყოფილა

25.08.2016
უსკომ საიას საჩივარი განიხილა და არ დააკმაყოფილა

8 ხმით 5-ის წინააღმდეგ  – უსკომ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” საჩივარი არ დააკმაყოფილა. საუბარია 31 ივლისის შემთხვევაზე, როცა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის დროს მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილებს ვიდეო ჩართვით მიმართა.  

უსკომ საიას მიერ პირველ აგვისტოს შეტანილი საჩივრის განხილვაზე უარი თქვა, რაც საიამ სასამართლოში გაასაჩივრა. ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში უსკომ პროცესი წააგო, რის შემდეგაც დღეს, 25 აგვისტოს საიას სარჩელის განხილვა შედგა.

უსკოს გადაწყვეტილებით, სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა ფაქტობრივად შეუძლებელია პირზე, რომელიც არ იმყოფება საქართველოში. ამ შეფასებით უსკომ ძალაში დატოვა მანამდე ბათუმის 79-ე ოლქის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო აგიტაციაში არ შეიცავდა დარღვევის ნიშნებს.

უსკოში საკითხის განხილვის დროს, საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარემ, გიორგი ხიმშიაშვილმა მაგალითი მოიყვანა გერმანიის პრაქტიკიდან, როცა ანალოგიურ სიტუაციაში სამართალმცოდნეები გასცდნენ ქმედების ჩადენის კლასიკურ გაგებას და შემოიღეს ახალი განმარტება, რომლის მიხედვითაც სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი არის ის ადგილი, სადაც განზრახვას და ზემოქმედებას აქვს შესაბამისი რეაქცია და შედეგი: “ამომრჩეველმა ბათუმში მოისმინა კონკრეტული სუბიექტის, უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიმართვა. ამ შემთხვევაში სამართალდარღვევის ადგილად უნდა მივიჩნიოთ ბათუმი, ვინაიდან, შედეგი დადგა სწორედ ბათუმში,”– განაცხადა გიორგი ხიმშიაშვილმა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, პეტრე ზამბახიძე კი ფიქრობს, რომ სხვა ქვეყნიდან ვიდეო–მიმართვა არ შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტად:  “ეს არ არის სამართალდარღვევა, რადგანაც ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიაზე. აქ ხომ საუბარია არა კონკრეტულ სამართალდარღვევაში უშუალო მნაწილეობაზე, არამედ ვიდეოზე. ვირტუალური სამყარო არ შეიძლება გაგებული იყოს საქართველოს ტერიტორიად”

თუკი უსკო “ახალაგზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელს დააკმაყოფილებდა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მინიმუმ 2 ათასი ლარით დაჯარიმდებოდა. საიას ჯერ არ გადაუწყვეტია, გაასაჩივრებს თუ არა უსკოს ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში. 

 

ფოტო: უსკოს ფეისბუქგვერდიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: