მთავარი

როგორ მიმდინარეობს დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები – ბათუმს სამი თეატრალური სცენა ექნება

27.08.2016 • 2657
როგორ მიმდინარეობს დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები – ბათუმს სამი თეატრალური სცენა ექნება

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის გაზაფხულიდან უტარდება. სამუშაოების შედეგად თეატრის შენობას ახალი გათბობა-ვენტილაციის სისტემა ექნება, რაც ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელის, ანდრო ენუქიძის თქმით, წლების განმავლობაში ნაგებობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო. ამ ეტაპზე შენობა უკვე დაიქსელა გათბობის თანამედროვე მილებით. დამონტაჟდება განათებისა და გახმოვანების ახალი აპარატურა. რესტავრაცია უტარდება თეატრის ჭაღსა და შიდა ინვენტარს. წინასწარი გათვლით, თეატრის დასი განახლებულ შენობაში 2017 წლის მესამე კვარტალის ბოლოს დაუბრუნდება.

ბატონო ანდრო, როგორც ვიცით, პროექტი ახალი მცირე სცენის დამატებასაც ითვალისწინებს, რა სცენა იქნება ეს და რამდენად მნიშვნელოვანია იგი ბათუმის თეატრისთვის?

სარემონტო სამუშაოების შემდეგ თეატრის დიდ შენობაში უკვე ორი სცენა გვექნება, ერთი ძირითადი (დიდი სცენა), მაგრამ უფრო გაუმჯობესებული, განახლებული ახალი ტექნიკური საშუალებებით და მეორე – ექსპერიმენტული სცენა, რომელიც ე.წ. სიმულტანური პრინციპის სცენა იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მაყურებლის განლაგება შესაძლებელია იმ კონკრეტულ სივრცეში, რომელშიც მოგესურვება _ გნებავთ წრიულად დასვამ, არენის პრინციპით, გნებავთ მარჯვნიდან ან მარცხნიდან. აქ არის ძალიან საინტერესოდ დამონტაჟებული ე.წ. განათების სოფიტი, რომელიც ანათებს ნებისმიერ კუნჭულს, სადაც გინდა თეატრალური მოქმედების გამართვა, ეს თეატრალურ ექსპერიმენტებს დაეხმარება.

ასევე გვაქვს მესამე, მელაშვილის ქუჩაზე გახსნილი სცენაც, რომელიც ჩვენი თეატრის ყველაზე დემოკრატიული სცენა იქნება და ფართოდ გაუღებს კარს ახალგაზრდებს. ამ სცენების არსებობა საშუალებას გვაძლევს ყველა ჟანრისა და შინაარსის სპექტაკლების დადგმისა – თუ დიდ სცენაზე კლასიკური ტიპის ნაწარმოებს ვითამაშებთ, ექსპერიმენტულ (ფორმალური თვალსაზრისით) ნაწარმოებს ვითამაშებთ ექსპერიმენტულ სცენაზე, ხოლო თემატური თვალსაზრისით უფრო თამამ ნაწარმოებებს – მელაშვილის ქუჩაზე არსებულ სცენაზე.

ეს არის კარგი პირობა ნებისმიერი თეატრალური ფესტივალის ჩატარებისთვის იმიტომ, რომ უკვე არის სამი სპეციფიკური სცენა, რომლებიც თანამედროვე თეატრის ყველა ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩვენი თეატრი გაიხსნას არა უბრალოდ პრემიერით, არამედ თანამედროვე, ფართომასშტაბიანი თეატრალური ფესტივალით.

პროექტის მიხედვით თეატრში სინქრონული თარგმნის აპარატი უნდა დამონტაჟდეს, რა იგულისხმება ამ აპარატში?

ამ აპარატის განთავსება ნებისმიერ სცენაზე შეიძლება. თარგმანი შესაძლოა იყოს გადამცემის ფორმატით – როცა ყურსასმენებით უსმენ თარგმანს, ან მეორე ტიპის – ე.წ. მორბენალი სტრიქონი. ეს იქნება იმისთვის, რომ გაიზარდოს მაყურებელთა სეგმენტი, მოვიზიდოთ უცხოენოვანი მაყურებელი, ტურისტები, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ფესტივალისთვის, სახელოვნებო ფორუმისთვისაც იყოს გამოსადეგი. ეს არის ნორმა, რომელიც თანამედროვე სტანდარტშია ჩადებული.

პროექტის თანახმად პირველ სართ¬ულზე თეატრის მუზეუმი უნდა განთავსდეს, ფოიეში კი – ლიტერატურული კაფე. რა განთავსდება თეატრის მუზეუმში?

თეატრის მუზეუმში განთავსდება აქ არსებული/დაცული ექსპონატები: მაკეტები, ფოტოები და მთლიანად თეატრის ისტორია. ეს არ იქნება მარტო ბათუმის თეატრის ისტორია, ეს იქნება საგანმანათლებლო ივენთების სივრცე, სადაც გვექნება ძალიან პედანტურად გაწერილი პროგრამა, რომელშიც დავიწყებთ ახალგაზრდების ჩართვას, ძირითადად სკოლებიდან, დაბალი კლასებიდანვე, რომ მათ ნათელი წარმოდგენა შეექმნათ თეატრზე.

ვმუშაობთ იმ თაობაზე, იმ მაყურებელზე, რომელმაც 15-20 წლის შემდეგ უნდა შეავსოს თეატრის პარტერი.

ბათუმის დრამატული თეატრის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, როგორც ვიცი იგეგმება თეატრის შენობის ფასადის რესტავრაცია, რომ მას პირველადი სახე დაუბრუნდეს, კონკრეტულად რა ნაწილზეა საუბარი?

დიახ, ეს ნამდვილად ჩვენი დიდი სურვილია. ამ ეტაპზე თეატრის შენობა ძალიან ეკლექტურია. რომაულ სტილს მოგვიანებით მიაწებეს ამ სტილისთვის ყოვლად შეუსაბამო ოქროსფერი ნიღბები, რაც არაჯანსაღ ეკლექტიკას ქმნის. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი აზრი, ამაზე გამოკითხვაც ჩავატარეთ როგორც მაყურებელთან, ისე ქართველ და უცხოელ პროფესიონალებთანაც. ის ნიღბები ისტორიული რეპლიკებია და ძალიან საინტერესოდ გაკეთებული, ალბათ, სხვა შენობას დაამშვენებდა, ამ რომაულ სტილს კი არ უხდება. გარედან დრამატული თეატრის ნაცვლად მუსიკალური თეატრის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ ჩვენი თეატრის თხოვნაა ეს ნაწილი გაითვალისწინონ და ვფიქრობ, ეს საკითხი უკვე უნდა იყოს დადებითად გადაწყვეტილი.

ახლა რა ეტაპზეა გათბობისა და სავენტილაციო სისტემების სამუშაოები?

ამ ულამაზესი თეატრალური ნაგებობის ძირეული პრობლემა პროფესიული თვალსაზრისით იყო ვენტილაციისა და გათბობის არარსებობა, ზამთარში სიცივე გვაწუხებდა, ზაფხულში – სიცხე. თეატრი მაინც მაყურებლისთვისაა და თუ აქ მოსვლა ზამთარსა თუ ზაფხულში გმირობის ტოლფასია, მაშინ თეატრი კვდება. ახლა ამაზე წარმატებით მიდის მუშაობა. ყველა პარამეტრი რაც გვქონდა, გათვალისწინებულია დაპროექტების დონეზე, გამოყენებულია ყველაზე ახალი და მოწინავე სისტემები, რომლებიც არც ვიბრაციას იწვევს, არც ხმაურს – ანუ არ უშლის ხელს სპექტაკლის მსვლელობას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: