მთავარი,სიახლეები

მიწის აზომვითი სამუშაოებისთვის სახელმწიფო 5 მილიონ ლარს დახარჯავს

30.08.2016 • 3479
მიწის აზომვითი სამუშაოებისთვის სახელმწიფო 5 მილიონ ლარს დახარჯავს

2016 წლის პირველი სექტემბრიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას მხოლოდ ახალი  სტანდარტის შესაბამისად შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის საფუძველზე განახორციელებს.

იმ პირებმა, რომლებსაც ძველი წესის შესაბამისად მომზადებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი აქვთ და  სურთ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, საჯარო რეესტრს უნდა მიმართონ 2016 წლის პირველ სექტემბრამდე. უკვე დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული ნაკვეთები კი ხელახალ რეგისტრაციას აღარ საჭიროებს.

ახალი წესით, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე – ამზომველი. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებული პირი მიმართავს ამზომველს – უძრავი ქონების საკადასტრო აზომვითი ნახაზის მოსამზადებლად.

ამასთან, ამზომველებს მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის მომზადებულ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების საფასურს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გადაუხდის.

დაინტერესებული პირი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, რეგისტრაციის მიზნით წარადგენს კანონმდებლობით განსაზღრულ დოკუმენტაციას, მათ შორის, აზომვითი ნახაზების მომზადების დამადასტურებელ დოკუმენტაციას:

ამზომველთან გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებას;
შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტს;
გაწეული მომსახურების ხარჯების ამსახველ დოკუმენტს.
ამზომველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს.

ანაზღაურებას ექვემდებარება ამზომველსა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თითოეულ მესაკუთრეზე არაუმეტეს 5 ჰა-ის ფარგლებში. ამასთან, ზღვრული ოდენობები განისაზღვრება შემდეგი სახით:

1,5 ჰა – მდე მიწაზე – ანაზღაურდება არაუმეტეს ჯამში 80 ლარის ოდენობით;
1,5 ჰა-დან 5 ჰა – მდე მიწაზე – არაუმეტეს ჯამში 100 ლარის ოდენობით.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით განსახორციელებელი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შესყიდვის მიზნით საჭიროა 5 მილიონ ლარამდე.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტროს დაევალა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, მიმდინარე წელს, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გამოუყოს 1 მილიონი ლარი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული მიღებული შემოსავლებიდან 4 მილიონი  ლარი ეტაპობრივად მიმართოს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე.

ამავე თემაზე:

„მიწის რეფორმა“ მხოლოდ ხულოში, შუახევსა და ქედაში?

გადაბეჭდვის წესი


ასევე: