დაკავება ქობულეთში ორმხრივი სროლის შემდეგ

ორმხრივი სროლის შემდეგ ქობულეთში, ალამბარი-აჭყვისთავის შიდა სასოფლო გზაზე ხვიჩა თ. დააკავეს. შემთხვევა 13 ნოემბრის ღამეს მოხდა. ადგილობრივების თქმით, პოლიციელებს ცეცხლი ბრალდებულმა გაუხსნა, რასაც პოლიციელთა მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა.

“როგორც ვიცი, ნარკოტიკებს და იარაღის შენახვას ედავებოდნენ. იმალებოდა ბიძაშვილთან. მანამდე რამდენიმე დღით ადრეც სცადეს დაკავება, მაშინაც სროლა იყო, მაგრამ მოახერხა დამალვა… ბოლოს გზაზე დახვდნენ და დააკავეს. სოფელ მუხაესტატეს პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ქობულეთის პოლიციის ხელმძღვანელობაც იყო ჩართული. დაკავებამდე ხვიჩას იარაღი გადაუგდია, მაგრამ მალე იპოვეს იქვე,” – გვიყვება ქობულეთის მკვიდრი.

“ბათუმელების” ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. დაკავებაში პოლიციის ორი ჯგუფი მონაწილეობდა, დაზიანებულია პოლიციის ერთი ავტომანქანა. ბრალდებულს იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. საქმეს პოლიციის ბათუმის განყოფილება იძიებს.

“ბათუმელები” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პრესსამსახურის თქმით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უწყება თავად გაავრცელებს ინფორმაციას.

რას ასწავლიან მერიაში თანამშრომლებს

რა ფორმით უნდა მიაწოდოს მერიის თანამშრომელმა მოქალაქეს მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხი, რომ მისი გულისწყრომა არ დაიმსახუროს და თავადაც არ გახდეს აგრესიული დამოკიდებულების ადრესატი? – როგორ ჩანს ეს კითხვა დღის წესრიგში ბათუმის მერიშიც დადგა. ნეგატიური ინფორმაციის გადაცემის ტექნიკა იმ საკითხების ჩამონათვალშია, რომელთა სწავლებაზეც მიმდინარე წელს მერიამ ტენდერი გამოაცხადა და შესაბამისი მომსახურება შეისყიდა.

ბათუმის მერია თანამშრომლების სწავლების 2017 წლის გეგმის დამტკიცებას საკრებულოს მომავალ სხდომაზე გეგმავს. სხდომა 17 ნოემბერსაა ჩანიშნული. მსგავსი მომსახურებისთვის – კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მერიის თანამშრომლების [140 საჯარო მოხელის] სწავლება-გადამზადებისთვის – მიმდინარე წელს ქალაქის ბიუჯეტიდან 57 ათასი ლარი დაიხარჯა.

მერიის პრესსამსსახურის ინფორმაციით, იმისათვის, რომ დაგეგმილი მომსახურება მაქსიმალურად ყოფილიყო მორგებული მუნიციპალიტეტის თანამშროელთა მოთხოვნებსა და საჭიროებებზე, ტრენინგების დაგეგმვის ეტაპზე განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

  • ტრენინგსაჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით ჩატარდა გამოკითხვა [შეფასება კითხვარის გამოყენებით]. მასში მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელმა.
  • მონაცემების ანალიზის საფუძველზე შეიქმნა მონაცემთა ბაზა;
  • გამოიკვეთა პრიორიტეტული სფეროები, ტრენინგების თემატიკა და ასევე განისაზღვრა ამ სფეროებში გადამზადების მსურველთა სიები [ბათუმის მერიის-136 და საკრებულოს-12 თანამშრომელი)
  • შეიქმნა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მოხელეთა 2016 წლის სასწავლო გეგმა“, რომელიც დამტკიცდა საკრებულოს მიერ;
  • ჩატარდა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა სწავლება-გადამზადების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტონული ტენდერი“, რომელშიც გაიმარჯვა სსიპ „ფინანსთა სამინისტროს აკადემიამ“.

ბათუმის მერიაში ტრენინგები თანამშრომლებისთვის 2016 წლის 22 ოქტომბრიდან დაიწყო და 22 დეკემბრამდე გაგრძელდება.

სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ტრენინგების ტემატიკის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

ა) ეფექტური მომსახურების საჭიროება და მნიშვნელობა პროფესიულ საქმიანობაში,
ბ) მომსახურების ძირითადი პრინციპები და სტანდარტები,
გ) მომსახურების სპეციფიკა სახელმწიფო სტრუქტურაში,
დ)ეფექტური კომუნიკაცია,
ე) ინფორმაციის ხელმისაწვდომობა,
ვ) მომსახურების ცენტრის გარემო
ზ) საუბრის მართვის ტექნიკები: აქტიური მოსმენა, შეკითხვების დასმა
თ) მომსახურების სერვისების ხარისხიანი მიწოდება,
ი) სატელეფონო კომუნიკაციისა და მომსახურების სპეციფიკა
კ) ნეგატიური ინფორმაციის გადაცემის ტექნიკა.

თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ეტეპობრივად სწავლების ორგანიზებას მერიას თვითმმართველობის კოდექსი ავალდებულებს.

დავიგირავებ ბინას ბათუმში 10 ათასი დოლარის ფარგლებში

დავიგირავებ 10 ათასი დოლარის ფარგლებში, კეთილმოწყობილ ბინას ბათუმში, ქალაქის ტერიტორიაზე. ტელ: 574 33 90 77

მერია შვიდი სპორტული კლუბის ლიკვიდაციას გეგმავს

ბათუმის მერია შვიდი მუნიციპალური ორგანიზაციის ლიკვიდაციას გეგმავს, შვიდივე სპორტული კლუბის საქმიანობის მართვას ემსახურება. სხვადასხვა კომპანიის ერთი აიპის მართვაში გაერთიანების იდეას მერიაში მენეჯმენტის გაუმჯობესების სურვილით ხსნიან. ამ სპორტული კლუბებიდან ბევრმა მიზერული დაფინანსების პირობებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

ბათუმის ხელბურთის კლუბი „ბათუმი“ შავი ზღვის თასის გათამაშების გამარჯვებული და ორგზის ქვეყნის ჩემპიონია. „შავი ზღვის ბიჭებმა“ დაარსებიდან დღემდე კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. ამ კლუბის წარმატებების შედეგია ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილება 2017 წელს ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში გამართვაზე. ამის შესახებ 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს დოჰაში (ყატარი) გამართულ კონგრესზე გახდა ცნობილი, რომელსაც ბათუმის მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილიც ესწრებოდა. 2015 წელს კლუბის დაფინანსება 280 000 ლარი იყო, ამ წელს ხელბურთის კლუბმა – „ბათუმი“ საქართველოს თასი მოიპოვა. ამ წარმატებების მიუხედავად მერიაში მიიჩნევენ, რომ კლუბს ცუდად მართავენ, ამიტომაც ორგანიზაციის ლიკვიდაცია და კლუბის სხვა კლუბებთან ერთ მართვაში გაერთიანება იგეგმება.

მერიის სპორტის სამსახურის უფროსმა ია შალამბერიძემ საკითხის განხილვისას ბიუროს სხდომაზე საკრებულოს წევრებს უთხრა, რომ მერიამ სპორტულ ფედერაციებს კლუბების მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ აცნობა და „იქედანაც მოვიდა პასუხი, რომ კლუბებს არანაირი დაბრკოლება თავიანთ საქმიანობაში არ შეექმნებათ.“ ორგანიზაციების დირექტორებმა მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ „ბათუმელებიდან“ გაიგეს.

შპს „ხელბურთის კლუბი ბათუმის“ დირექტორს სპორტული ორგანიზაციების კლუბების ერთ მართვაში გაერთიანებაზე არა ოფიციალური, არამედ ზეპირი ინფორმაცია აქვს. ის გაერთიანების იდეას არ იწუნებს და ამბობს, რომ ეს მას საშუალებას მისცემს დირექტორის მოვალეობები აირიდოს და გუნდის მენეჯერი გახდეს. თუმცა იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილი იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობის ერთ მართვაში მოქცევა, ორგანიზაციის დირექტორი, გია ბზეკალავა არ საუბრობს: `ეს არ ვიცი, წინასწარ ვერ ვიტყვი გაამართლებს თუ არა.“

საკალათბურთო კლუბის ხელმძღვანელმა, კახა დევაძემ მისი ორგანიზაციის მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ არაფერი იცის: „ადრე იყო მაგაზე საუბარი და ჩავარდა. ისევ იგეგმება? არაფერი ვიცი.“ სპორტის სხვადასხვა სახეობის ერთ მართვაში გაერთიანების მიზანშეწონილობაზე საუბარი არც მას სურს: „ხომ მაქვს უფლება არ გიპასუხოთ.“

წარმატებულია სარაგბო კლუბი „ბათუმიც“ – 2016 წლის აგვისტოში ბათუმის სარაგბო კლუბი „შვიდკაცა“ რაგბის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე, მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა. მერიის ინიციატივის დამტკიცების შესახებ დაზუსტებით არც სარაგბო კლუბის ხელმძღვანელმა იცის: „ვიცი, რომ ადრე იყო ამაზე საუბარი და ჩავარდა“.

ბათუმის მერიის ცხრა მუნიციპალური ორგანიზაცია ემსახურება სპორტული კლუბების მართვას, აქედან მერიამ შვიდის გაერთიანება გადაწყვიტა. განკარგულების პროექტში, რომელიც საკრებულოს ბიურომ უკვე განიხილა ოთხი მუნიციპალური შპს და ორი აიპი შედის [შპს „სარაგბო კლუბი ბათუმი“, შპს „საკალათბურთო კლუბი ბათუმი 2010“, შპს ფრენბურთის კლუბი „ბათუმი“, შპს წყალბურთის კლუბი „ბათუმი“, ააიპ „საცხენოსნო კლუბი“ და ააიპ „ბათუმის ავტოდრომი“. ჩამონათვალში არ არის ბათუმის „დინამო“ და „ყინულის სასახლე“.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი, რომელიც გაერთიანების საკითხს მხარს არ უჭერს, დაინტერესდა რა ნიშნით გამოარჩია მერიამ ეს ორი ორგანიზაცია, რაზეც ია შალამბერიძემ უპასუხა, რომ ყინულის სასახლეს სპეციფიკური შესყიდვები სჭირდება, ხოლო „დინამოს“ შესყიდვები საერთოდ არ სჭირდება:

„მერია ახალი აიპის განთავსებას აეროპორტის გზატკეცილზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობაში გეგმავს, სადაც მერიის აუდიტის სამსახურია განთავსებული. ამ შენობაში მერიას ახალი აიპისთვის ოთხი თავისუფალი ოთახი აქვს. საკრებულოს წევრები მიიჩნევენ, რომ შვიდი სპორტული კლუბისთვის ოთხი ოთახი საკმარისი არ იქნება, რაზეც მერიის სპორტის განყოფილიების უფროსმა უპასუხა, რომ `საცხენოსნო კლუბს ოფისში ადგილი არ სჭირდება.“

შვიდი მუნიციპალური ორგანიზაციის გაერთიანების საკითხი საკრებულომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე არ დაამტკიცა. მაშინ მერიასა და საკრებულოს ახალი აიპების შექმნის ხარჯზე „შტატების გაბერვას“ საყვედურობდნენ. შვიდი წარმატებული შპს-ის ლიკვიდაციაზე თანხმობა ბევრი დასაქმებული „ამომრჩევლის“ გათავისუფლების საფუძველი გახდებოდა.

იმავე საკითხით მერიამ არჩევნების შემდეგ საკრებულოს ისევ მიმართა. ბიუროს სხდომაზე მერიის სპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა მერიის ინიციატივა მენეჯმენტის გაუმჯობესების სურვილითა და ფინანსების დაზოგვით ახსნა: „ისინი ახორციელებენ თითქმის ერთგვაროვან საქმიანობას და მათ სჭირდებათ ერთგვაროვანი შესყიდვები და სატრანსპორტო მომსახურება“. თუმცა, საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარის კითხვაზე, დაახლოებით რამდენით დაიზოგება ბიუჯეტი, მან არათუ დაზუსტებული, არამედ სავარაუდო ციფრიც კი ვერ დაასახელა: „22 000 ლარი მხოლოდ ოფისების ხარჯი გამოგვაკლდება, რადგან არც ერთ ორგანიზაციას არ აქვს საკუთარი შენობა.“

ია შალამბერიძის ინფორმაციით, ორგანიზაციების დირექტორები კლუბების მენეჯერები გახდებიან და ინიციატივა შტატების შემცირებასა და დასაქმებული პირების გათავისუფლებაზე ორიენტირებული არ არის. თუმცა, იქვე განაცხადა, რომ ორგანიზაციას ექნება ერთი ადმინისტრაცია და „ბუნებრივია, მას 7 ბუღალტერი და შესყიდვების სამსახური აღარ დასჭირდება.“ ახალი ორგანიზაციის ერთ დირექტორს ალბათ არც 7 მოადგილე დასჭირდება.

მერიის ინფორმაციით, ერთი ა(ა)იპის მართვის ქვეშ გაერთიანებულ კლუბებს ექნება ძლიერი ადმინისტრაცია ერთიანი საქმის წარმოებით, შესყიდვებითა და ანგარიშგების ფორმით. ერთიანი ადმინისტრირება კი მათ მეტი განვითარების საშუალებას მისცემს, რაც კლუბების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიზანი არის მოგება, რაც ჩვენი კლუბების მიზანი არ არის. გარდა ამისა, გაერთიანების შექმნა სპონსორის დაინტერესების შემთხვევაში კლუბების წილების ან მთლიანად კლუბების გასხვისებას ხელს არ შეუშლის“, – განმარტა მერიის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა.

შვიდ მუნიციპალურ ორგანიზაციაში, რომელთა გაერთიანებაც მერიას სურს, 39 პირია დასაქმებული. რამდენი დაკარგავს სამსახურს გაერთიანების შემდეგ? – დაზუსტებული პასუხი მერიას ჯერ არ აქვს.

2016 წლის ბიუჯეტში მერიამ სპორტული განვითარების ხელშეწყობის დაფინანსების ნაწილში 11 მილიონი ლარი გაითვალისწინა, აქედან სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერისთვის – ხუთი მილიონი ლარი.

ბიუროს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კოლეგებს მოუწოდა არ დათანხმდნენ ორგანიზაციების გაერთიანებას: „მითუმეტეს, რომ მომავალ წელსაც მერის და ახალი საკრებულოს არჩევნებია, მოვა ახალი მერი ახალი სტრატეგიით და მან გადაწყვიტოს.“ ბიუროს სხდომაზე საკითხის მიზნობრიობა გაუგებარი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარისთვისაც, ხელი მან წინააღმდეგ აწია. თუმცა ბიუროს სხვა წევრების მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან საკითხის კომისიებზე გადასაცემად საკმარისი მაინც აღმოჩნდა. ირაკლი მიქელაძეს კოლეგა, ლევან კინწურაშვილი შეჰპირდა, რომ მას აუცილებლად დაარწმუნებს.
15053268_1495470253815729_5199701_o

200 ათასი ლარი აჭარაში სოფლის ექიმებისთვის ავტომობილების შესაძენად

მაქსიმუმ 200 ათას ლარს გადაიხდის აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო  მაღალი გამავლობის 9 მსუბუქ ავტომობილში. სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილები პირველადი ჯანდაცვის ცენტრებისთვის, სოფლის ექიმებისთვის გადასაცემად უნდა შეისყიდონ. რაც შეეხება მიმდინარე ტენდერს, ის ხელახლა გამოცხადდა, ვინაიდან წინა ტენდერში მონაწილეობა არავინ მიიღო.

სატენდერო პირობების თანახმად, ავტომობილი უნდა იყოს ახალი, 2014-2016 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არნამყოფი; ტექნიკური პარამეტრები უნდა შეესაბამებოდეს სამინისტროს მიერ მოთხოვნილს, ან იყოს გაუმჯობესებული ტექნიკური პარამეტრების მქონე.

jandacvis manqnebi
შესასყიდი ავტომობილების ტექნიკური პარამეტრები სატენდერო დოკუმენტაციიდან

მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ყველა ხარჯს [იმპორტირების, განბაჟების, ავტომანქანის შემსყიდველზე გადაფორმების, სახელმწიფო სანომრე ნიშნების) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. ამასთან, ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.

ავტომობილების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 25 მარტამდე. ტენდერი პირველ დეკემბერს დასრულდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ავტომანქანები „სოფლად პირველადი ჯანდაცვის განვითარებაზე ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს გასულ წლებშიც გადასცა.

შსს-მ სარფში ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა

შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ინტერპოლისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური „სარფი“-ს თანამშრომლებმა, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ვისბადენის ინტერპოლის მიერ მიმდინარე წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე კ. ჩ. დააკავეს.

„დაკავებული საქართველოში შემოსვლას ვისბადენის ინტერპოლის მიერ მიმდინარე წლის ივნისიდან ძებნილი, „რენჯ როვერის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებით ცდილობდა.

კ.ჩ.-ს ბრალი ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 263-ე მუხლის 1-ლი და მე-5 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ჯგუფის მიერ პროფესიონალურ თაღლითობას გულისხმობს“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები, ხოლო აღნიშნულ ავტომანქანასთან დაკავშირებით გამოძიებას შსს-ს საპარტულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილება აწარმოებს.

ყინჩაურის მოსახლეობა აჭარის მთავრობასთან შეხვედრას ითხოვს

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურის მოსახლეობას ამ წუთებში ხულოს პოლიციის უფროსი ვახტანგ ბერიძე ხვდება. მოსახლეობა დღეს აქციას მართავს და ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკას მუშაობის საშუალებას არ აძლევს.

აქციის მონაწილე მურმან აბაშიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რათა მოსახლეობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შეახვედრონ.

„ჩვენ მთავრობისგან პასუხს ველოდებით… თუ მთავრობის თავმჯდომარე 2-3 დღეში ჩვენთან შესახვედრად არ ამოვა, ჩვენ ისევ ჩავკეტავთ გზას და არ ვამუშავებთ ჰესების მშენებელ კომპანიას.“ – ამბობს მურმან აბაშიძე.

შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით პოლიციის უფროსი იქ იმყოფება საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად და მოსახლეობას მოუწოდებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებას. მოსახლეობა კი აჭარის მთავრობისგან პასუხს ელოდება.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე მათ არ შეუძლიათ კომენტარის გაკეთება, შეხვდება თუ არა მთავრობის თავმჯდომარე ყინჩაურის მოსახლეობას.

მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა მათი უსაფრთხო ადგილებზე გადაყვანაა.

17 ათასი ლარი ახალაშენებული სასპორტო სკოლის რემონტისთვის

შუახევის მუნიციპალიტეტში 2013 წელს აშენებულ სასპორტო სკოლას არემონტებენ, რომლის ასაგებად  ბიუჯეტიდან 1 მლნ 5000 ლარი დაიხარჯა. ამ შენობის რემონტისთვის ახლა 17 800 ლარია გათვალისწინებული. რატომ გახდა საჭირო სამი წლის შემდეგ ძვირადღირებული სარემონტო სამუშაოების ჩატარება?

დაბა შუახევში სასპორტო სკოლის გასარემონტებლად ტენდერი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 17 800 ლარზე ივლისში გამოაცხადა. სარემონტო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში შპს „კონსულმა“ გაიმარჯვა.

შუახევის გამგეობის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის, ედნარ შარაშიძის განმარტებით, სარემონტო სამუშაოების ჩატარება იქედან გამომდინარე გახდა აუცილებელი, რომ  წვიმისა და უხვი ნალექის დროს სახურავიდან ჩამოსული წყალი შენობის კედელთან გროვდებოდა, კედელს დამცავი საფარი არ ჰქონდა, ამიტომ სისველე შენობაში აღწევდა, რამაც შენობის იატაკი დააზიანა.

„სპორტკომპლექსი პროექტის მიხედვით მოეწყო, ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც პროექტში იყო გაწერილი. თუმცა აღმოჩნდა, რომ პროექტი პრობლემურია, დამპროექტებელმა ადგილობრივი პირობები არ გაითვალისწინა. აქ უხვი ნალექი მოდის და ამან შექმნა პრობლემა. როცა ჩვენ მოვედით, ეს პროექტი დაგვხვდა“, – აცხადებს ედნარ შარაშიძე.

სასპორტო სკოლის დირექტორი რამინ ჯოიძე ამბობს, რომ სარემონტო სამუშაოების პირობებში გაფართოვდა შენობის სახურავი, ხოლო ფასადს თუნუქის ფურცლები შემოეკრა. ამ ეტაპზე შენობის პირველი სართულის იატაკს არემონტებენ.

რამინ ჯოიძის თქმით, სარემონტო სამუშაოები წვრთნების ჩატარებას ხელს არ უშლის: „სპორტულ ღონისძიებებსა და ვარჯიშში ხელი არ გვეშლება, რადგან მხოლოდ იატაკის ნაწილი იცვლება. აქ სპორტის ოთხ სახეობას  – ქართულ ჭიდაობას, კალათბურთს, ფრენბურთსა და ფეხბურთს ვასწავლით. დანარჩენ შვიდ სახეობას კი სოფლებში ვასწავლით, სასპორტო სკოლის ბაზაზე სულ 24 მწვრთნელი და 402 აღსაზრდელი გვყავს“.

სატენდერო პირობებით კომპანია  „კონსული“  ვალდებულია აღმოფხვრას ყველა ის ხარვეზი, რომელიც მის მიერ განხორციელებულ, 17 800 ლარად შეფასებულ სამუშაოებზე 36 თვის განმავლობაში აღმოჩნდება.

დაბა შუახევში თანამედროვე სტანდარტების სპორტკომპლექსის ასაშენებლად 2013 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 მლნ 30 000 ლარი გამოიყო. 1400 კვ.მ ფართობის სპორტული დანიშნულების ორსართულიანი შენობა გამარჯვებულმა კომპანიამ 1 მლნ 5000 ლარით ააშენა. გამგეობამ შენობა 2013 წლის ივნისში ჩაიბარა.

 

როდის მიიღებენ ხელფასს ჭვანის საბავშვო ბაღის თანამშრომლები

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ორი თვეა ხელფასი არ აუღიათ. მათ სამუშაო ხელშეკრულება წელს, ორჯერ –  სამი თვით, ხოლო შემდეგ წლის ბოლომდე გაუგრძელდათ. ხელშეკრულებას ვადა არ გასვლია, თუმცა ბაღში დასაქმებულები კუთვნილ ხელფასს ვერ იღებენ.

შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების ბუღალტერი მიხეილ ცეცხლაძე განმარტავს, რომ ხელფასი თანამშრომლებმა მხოლოდ იმის გამო ვერ მიიღეს, რომ საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

„სოფელ ჭვანაში ბაღი ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე ფუნქციონირებდა. სურსათის უვნებლობის სამსახურმა გვითხრა, ნესტია და ბაღი გაუქმდება, თუ არ გადაიტანთო. შენობის მეორე სართულის რემონტი მიმდინარეობს, სადაც ბაღი უნდა გადავიტანოთ. სარემონტო სამუშაოები აგვიტოში დავიწყეთ და დასრულების ფაზაშია. რადგანაც ბაღი არ ფუნქციონირებდა, ხელფასების გაცემა შეჩერდა. როგორც კი ბაღი ფუნქციონირებას დაიწყებს, ალბათ, მერე ეკონომიის ხარჯზე გავცემთ იმ ხელფასებს, სრულად ავუნაზღაურებთ, არც ერთი თეთრი არ დაეკარგებათ“, –  ამბობს მიხეილ ცეცხლაძე.

ჭვანის საბავშვო ბაღში 10 ადამიანია დასაქმებული. მიხეილ ცეცხლაძის ინფორმაციით, მათ გაერთიანებამ სამუშაო ხელშეკრულება 2016 წლის იანვარში 10 თვით გაუფორმა, შესაბამისად, სახელშეკრულებო ვადა მათ ოქტომბერში ამოეწურათ.

„ვადის გასვლის შემდეგ ავტომატურად გაუგრძელდებათ მათ ხელშეკრულება“, –  ამბობს აიპის მთავარი ბუღალტერი.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, აიპები გამგეობის დაქვემდებარებაშია. შესაბამისად, ფინანსურ ხარჯებს მათ, მოთხოვნის  საფუძველზე, გამგეობა გამოუყოფს. კითხვას, აიღებენ თუ არა ორი თვის ანაზღაურებას ბაღის თანამშრომლები? – შუახევის გამგებელმა ასე უპასუხა:

„ვერ გეტყვით, ჩვენ სამართლებრივად და კანონმდებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ. შევეცდებით მაქსიმალურად დავარეგულიროთ ეს საკითხი ისე, რომ გათვალისწინებული იყოს დასაქმებულთა ინტერესი, არც ბიუჯეტმა იზარალოს და არც კანონდარღვევა გამოგვივიდეს. როდესაც ისინი არ მუშაობდნენ და ჩვენ ხელფასები გაგვეცა, ეს კანონდარღვევა იქნებოდა“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე და იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ აიპ-ში დასაქმებულთა უფლებები შრომითი ხელშეკრულებით რეგულირდება:

„აიპ-ში დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობები შრომის კოდექსით რეგულირდება. დამსაქმებლის იძულებით მოცდენის გამო ანაზღაურების გაჩერების უფლება დამსაქმებელს არ აქვს თუ მათ შორის მსგავსი შეთანხმება არ არის“.

ჭვანის ბაღის თანამშრომელთა სამუშაო ხელშეკრულებაში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე „ოცნების ქალაქზე“

კითხვაზე, რატომ არ შეხვდა „ოცნების ქალაქის“ მაცხოვრებლებს ამ დრომდე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ განაცხადა, რომ მას არ უნდოდა წინასაარჩევნო პერიოდში დაპირებების გაცემა:

„მე თავი ავარიდე შეხვედრას, რადგანაც იყო წინასაარჩევნო პერიოდი. არ მინდოდა, რაღაც დაპირებები გამეცა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მადარდებს ეს საკითხი. აუცილებლად მივალ იქ.

ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი კომისია კომისიისთვის არ უნდა შეიქმნას. თითოეული ადამიანის შემთხვევა იქნება შესწავლილი, მაგრამ ამას გააკეთებს მთავრობა. ვისაც ეკუთვნის სხვადასხვა პროგრამაში მოხვედრა, სუბსიდირება, ან საცხოვრებელი ფართობი, ის აუცილებლად მიიღებს. ამ საკითხს არ გავშლით წლებზე და უახლოეს პერიოდში დავიწყებთ კონკრეტული შემთხვევების განხილვას. ვისაც არ ეკუთვნის რომელიმე კონკრეტული პროგრამით სარგებლობა, მათთან კანონის სრული დაცვით ვიმოქმედებთ“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ „ბათუმელებთან“ ინტერვიუში, რომელიც გაზეთის დღევანდელ, 14 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ უკანონო დასახლების, „ოცნების ქალაქის“, საკითხი წინა მთავრობამ ვერ გადაწყვიტა, იმის მიუხედავად რომ აქ მცხოვრებთა საკითხს სპეციალური კომისია სწავლობდა. „ოცნების ქალაქი“ 2012 წელს შეიქმნა, აქ, სახელდახელოდ აგებულ ქოხებში ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა ნაწილი თავს ეკომიგრანტს უწოდებს, ნაწილი კი ამბობს, რომ მაღალმთიანეთიდან მძიმე სოციალური პირობების გამო ჩამოვიდა.

ამავე თემაზე: 

ლაპარაკობენ ბავშვები

„ოცნების ქალაქის“ ულტიმატუმი არჩილ ხაბაძეს

ჭიბონის ოსტატი ქედიდან

თემურ არძენაძე ჭიბონს ბავშვობიდან ამზადებს. ქედელ ხელოსანს ჭიბონის დასამზადებლად  არამარტო ქართველი, არამედ საქართველოში ჩამოსული უცხოელი ტურისტებიც ხშირად აკითხავენ. ჩასაბერი საკრავის დამზადებასთან ერთად ქედელი ხელოსანი ჭიბონის საუკეთესო დამკვრელიცაა.

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოში მცხოვრებმა თემურ არძენაძემ პირველი ჭიბონი 12 წლის ასაკში დაამზადა. ახლა 52 წლისაა და ამბობს, რომ წლების განმავლობაში ათეულობით დამზადებულმა ჭიბონმა პროფესიონალ ხელოსნად აქცია.

„არ მახსოვს დღემდე რამდენი ჭიბონი მექნება გაკეთებული, ვერც იმას ვიტყვი, რომ ადვილი გასაკეთებელია. წლებმა დიდი გამოცდილება მომიტანა და დღეს უფრო ადვილად ვამზადებ და უფრო ხარისხიანს. ჭიბონის გაკეთება ბავშვობაში, მეზობლისგან ვისწავლე. ჩვენთან, ახლოს, ვასო ირემაძე ცხოვრობდა, ის ამზადებდა ჭიბონს. ვუყურებდი. ტყავის დამზადებაც მისგან ვისწავლე, მერე მეც დავიწყე კეთება“, –  ყვება თემური.

ჭიბონი თხის ტყავისგან მზადდება. დამზადებისას ტყავი არ უნდა დაზიანდეს და მხოლოდ იმ ადგილზე უნდა გაიჭრას, საიდანაც დასაკრავად უნდა ჩაჰბერო. თუ ტყავი დაზიანდება, ის საჭიბონე მასალად აღარ გამოდგება.

„თხის ტყავს სპეციალური მომზადება სჭირდება. ტყავის გასუფთავებას ვიწყებ ბეწვისგან, შემდეგ ვრეცხავ და ნაცარ-ტუტში ვაჩერებ, იქედან ამოღებულ ტყავს ისევ ვრეცხავ და შემდეგ გაწმენდას ვიწყებ, ვაცლი ზედმეტი ნაწილებს. ტყავის გაწმენდისთვის სპეციალური ხსნარები არ არის საჭირო, ჩვეულებრივად იწმინდება. ჭიბონის კეთების პროცესში მნიშვნელოვანია ტყავის სათანადოდ გამოშრობა. გაბერილ ფორმაში უნდა გამოშრეს, რადგან თუ ჩვეულებრივ ფორმაში გამოაშრობ, იმ ფორმაში დარჩება და საჭიბონედ თითქმის გამოუსადეგარი იქნება. ზაფხულის მზიან ამინდში ორ დღეში შრება, ზამთარში უჭირს გამოშრობა, რამდენიმე დღე სჭირდება. ტყავი ან უნდა გაბერო, ან შიგ ისეთი მასალა მოათავსო, რომლის გამოღებასაც გამოშრობის შემდეგ შეძლებ. მე, მაგალითად, შიგ ხმელ ბალახს ვათავსებ და როცა გამოშრება ტყავი, ბალახს ვიღებ“,  – ამბობს თემური.

თემური ახლა ღიმილით იხსენებს იმ დროს, როდესაც საკრავის დამზადებას იმაზე მეტ დროს ანდომებდა, ვიდრე დღეს:

„როცა კარგად არ ვიცოდი ტყავის დამუშავება, ჭიბონის დამზადებას დიდ დროს ვუთმობდი. ერთ-ერთ მეჭიბონეს როცა ვკითხე, როგორ იღებ ტყავს-მეთქი, მითხრა ყელიდანო. მომატყუა, მაგრამ მაშინ ამას ვერ მივხვდი, ხორცს ყელიდან ვიღებდი, ეს კი საკმაოდ რთულია. ამ მეთოდით ჭიბონს დიდხანს ვაკეთებდი, მიჭირდა კიდეც, მაგრამ თუ არ იწვალე, პროფესიონალი ვერ გახდები. ჭიბონის დამზადება საკმაოდ რთული და შრომატევადია. როცა არ ვიცოდი ის მეთოდი, რა მეთოდითაც ახლა ვამზადებ, ერთ ჭიბონს სამი თვე ვამზადებდი, ახლა 15-20 დღეში ვაკეთებ, თუმცა რაც უფრო მეტ დროს უთმობ ტყავის დამუშავებას, მით უფრო კარგი და ხარისხიანი გამოდის საკრავი“.

ქედელ ხელოსანს ჭიბონის დამზადებაში ოჯახის წევრები ეხმარებიან, განსაკუთრებით კი ცოლი –  დარიკო. ამბობს, რომ ჭიბონის გაკეთება შვილებსაც ასწავლა, თუმცა მათ დამოუკიდებლად გაკეთება ჯერ არ უცდიათ.

„წლის განმავლობაში მინიმუმ 20-30 ჭიბონს მაინც ვაკეთებ, ეს ჩემი მთავარი შემოსავლის წყაროა, საქმიანობაში ოჯახიც მეხმარება, განსაკუთრებით – ცოლი. სამი შვილი მყავს, ორი ბიჭი და ერთი გოგო, ყველა დაოჯახებულია. გოჩას, რომელიც  ბათუმში ცხოვრობს, შეუძლია დამოუკიდებლად გააკეთოს ჭიბონი, მაგრამ ჯერ არ უცდია. აქ, სოფელში, ჩემთან ერთად მირზა ცხოვრობს, მასაც შეუძლია გაკეთება, მაგრამ დამოუკიდებლად კეთების ინტერესი არ აქვთ. ჩემი ხელობა განსაკუთრებით ცოლს შევასწავლე, დამხმარე ხომ მინდოდა? დაკვრაც იცის, რომ დასჭირდეს, დაუკრავს კიდეც“, –  გვიყვება თემური.

ოჯახში დამზადებული ჭიბონისთვის ქედელ ხელოსანს უცხოელი ტურისტებიც ხშირად აკითხავენ. ამბობს, რომ განსაკუთრებით ჰოლანდიელები არიან დაინტერესებული აჭარაში გავრცელებული ძველი საკრავით.

ჭიბონის ოსტატი თემურ არძენაძე ქედიდან
ჭიბონის ოსტატი თემურ არძენაძე ქედიდან

„საუკეთესო ხარისხის საკრავს რომ ვამზადებ, მსურველებიც ბევრი მყავს. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი დამზადებული ჭიბონი საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა ანსამბლს აქვს. შემიძლია ვთქვა, რომ უცხოელები უფრო მაკითხავენ, ვიდრე ქართველები. არ ვიცი როგორ მაგნებენ. რამდენიმე დღის წინ ჰოლანდიელები მყავდა, გასაყიდი რომ აღარ მქონდა, 26 წლის წინ გაკეთებული, საკუთარი ჭიბონი გავყიდე. რაც შეეხება ღირებულებას – ხარისხზეა დამოკიდებული. დიდ და პატარა ჭიბონს ერთნაირი შრომა სჭირდება. საშუალო ზომის ჭიბონი 350 ლარი ღირს, მაგრამ შემიძლია ვაჩუქო კიდეც. თუ თანხა არ აქვთ, ფასს ვუკლებ, თუ აქვს შესაძლებლობა მყიდველს  –  იმდენში ვყიდი, რაც ღირს. იყო ისეთი შემთხვევა, 600 ლარიც გადამიხადეს. იმდენად კარგი ხარისხის საკრავს ვამზადებ, რომ თუ არ გახიე ან თაგვმა არ დააზიანა, არაფერი მოუვა“.

ქედელ მეჭიბონეს კავშირი აქვს თავის კოლეგებთანაც: „აჭარაში ცნობილი სულ სამი მეჭიბონე ვართ, ძირითადად, ჩვენ ვაკეთებთ, მაგრამ საბოლოოდ ჩემთან მოაქვთ ასაწყობად. ჩემი აწყობილი ჭიბონი მიაქვთ სხვა მეჭიბონეებსაც.“

გარდა იმისა, რომ საკრავს აკეთებს, თემური ჭიბონის უბადლო დამკვრელიცაა და ხშირად სხვადასხვა ფესტივალსა თუ ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე გამოდის. უკრავს ქედაში ჩამოსული ტურისტებისთვისაც. ასე მის საყვარელ საქმესაც აკეთებს და მნახველსაც ახალისებს:

„ჯარშიც კი მქონდა წაღებული ჭიბონი, თავისუფალ დროს ჯარისკაცებისთვის კონცერტს ვმართავდი. რადგან სასაზღვრო ჯარში ვმსახურობდი, მიწევდა სხვადასხვა ქვეყანაში შესვლა, შესაბამისად, ჭიბონი ხშირად დამიკრავს სირიასა და იუგოსლავიაში… მე დაკვრასაც ვასწავლი  – სხვა მუსიკალური ინსტრუმენტებისგან განსხვავებით ჭიბონზე დაკვრა უფრო რთულია. თუ ადამიანი რომელიმე საკრავზე უკრავს, ის ადვილად ითვისებს ამაზე დაკვრასაც. ვყოფილვარ გასტროლით საზღვარგარეთაც“.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე სახელმწიფოსგან ბინის ჩუქებაზე

“ახლა მკითხავთ ალბათ, თქვენ რომ მოგცეს ბინა და გაყიდეთ, ხომ კარგი იყოო… ვფიქრობ, მოსამართლეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, როგორ ურჩევნიათ [ბინა], საკუთრებაში, თუ სარგებლობის უფლებით. სახელმწიფო თუ გააკეთებს ამას, ეს შეიძლება დისკრიმინაციულად შეფასდეს“- განაცხადა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ „ბათუმელებთან“ ინტერვიუში.

„ბათუმელები“: თქვენ რატომ არ გააკეთეთ იგივე? ხომ შეგეძლოთ უარი გეთქვათ საკუთრების ჩუქებაზე და უფლებამოსილების ვადით აგეღოთ ბინა?

ზაზა თავაძე: მე გიპასუხეთ, რა იქნებოდა სწორი. ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ ასე.

როგორი საკითხია იცით, როცა უკვე ამ ბინით სარგებლობ, იქ ოჯახის ინტერესებია, ოჯახთან ერთად  ცხოვრობ და დარჩენილი გაქვს, მაგალითად, უფლებამოსილების ვადა რამდენიმე წელი… გინდა უფრო წყნარ ადგილას გადახვიდე საცხოვრებლად და ელემენტარულად ითვლი რესურსს. თუ არ გაყიდი ამას, როგორ იყიდი სხვა ბინას?…

მე გითხარით, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასე იქნებოდა სწორი. შეიძლებოდა, ვყოფილიყავი თეთრი ყვავი, მაგრამ ასე არ გამოვიდა. მე უკვე ვისარგებლე ამ ბინით და ეს საქმე ჩავლილია. შეიძლება ჯობდა, გამოვსულიყავი თეთრი ყვავი.

ზაზა თავაძესთან ინტერვიუ, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმაზე, ნადირობაზე და სხვა თემებზე საუბრობს, გაზეთ „ბათუმელების“ დღევანდელ, 14 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა.

ამავე თემაზე: 

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ქონება და იარაღით გატაცება

ბათუმის მერიის უკონტროლო ქონება და უფასო მოსარგებლეები

აჭარის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში სულ ცოტა 125 ადამიანი ყოველგვარი საზღაურისა და უფლების გარეშე სარგებლობს. აჭარაში მუნიციპალური ქონების უსასყიდლოდ და უნებართვოდ გამოყენების ფაქტებიც ფიქსირდება. სახელმწიფო აუდიტის ერთ-ერთი დასკვნის მიხედვით, „ბათუმის მერიის საკუთრებაშია ქონება, რომელთაც იყენებენ გარკვეული ფიზიკური ან იურიდიული პირები უსასყიდლოდ“.

ბათუმის მერიის მიერ აუდიტისთვის მიწოდებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ქონებიდან 10 ობიექტი მესამე პირებს აქვთ თვითნებურად დაკავებული. „არსებობს შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა პირი თვითნებურად სარგებლობს მუნიციპალური ქონებით. მათ შორის არიან იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტის საკუთრებას იყენებენ კომერციული საქმიანობისთვის – მაგალითად, ორ შემთხვევაში დაკავებული ქონების ტერიტორიაზე მოქმედებს მაღაზია. ბათუმის ბულვარში კი მერიის კუთვნილ ფართობებს რამდენიმე რესტორანი უსასყიდლოდ იყენებს“, – აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ საერთო სურათის შესაქმნელად შეარჩიეს ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტი – ბათუმი და მომცრო მუნიციპალიტეტი მაღალმთიანი აჭარიდან – ქედა. აუდიტის პერიოდად განისაზღვრა 2013-2015 წლები, „თუმცა ანალიტიკური მიზნებისთვის ასევე გამოყენებულ იქნა აუდიტის დასრულების დროისთვის ხელთ არსებული ინფორმაცია“.

ბათუმის მუნიციპალიტეტმა აუდიტს მიაწოდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნუსხა, რომელმაც შეადგინა 811 საკადასტრო ერთეული, ხოლო ქედის მუნიციპალიტეტმა – 197 საკადასტრო ერთეული. საჯარო რეესტრის მონაცემებით კი, ბათუმის მერიის საკუთრებაში იყო 1 446 საკადასტრო ერთეული, ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში – 305. შესაბამისად, რეესტრის მონაცემებით, ბათუმის მფლობელობაში 635 ერთეულით მეტი ქონებაა, ხოლო ქედის შემთხვევაში – 150 ერთეულით მეტი, ვიდრე მუნიციპალიტეტებს აქვთ დაფიქსირებული.

აუდიტის დასკვნით: „ქედისა და ბათუმის მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ მუნიციპალიტეტების მიერ ქონების აღრიცხვა და სრული ინფორმაციის ფორმირება ხარვეზებით წარიმართება. გამოტოვებული ინფორმაციის მოცულობა საკმაოდ დიდია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტებს შესაძლოა გააჩნდეთ არსებითი პრობლემები ქონების ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენების თვალსაზრისით… მუნიციპალიტეტებში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემაა გარკვეული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ქონების თვითნებურად დაკავება/სარგებლობა, რაც თავდაპირველ ეტაპზე ფინანსურ ზარალს იწვევს მუნიციპალიტეტისათვის“.

აუდიტის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ „ქედის მუნიციპალიტეტმა დაადასტურა ანგარიშში წარმოდგენილი ფაქტობრივი ინფორმაციის სიზუსტე… ბათუმის მუნიციპალიტეტი კი არ დაეთანხმა ანგარიშში წარმოდგენილ მონაცემებს“.

აუდიტის რეკომენდაციით, ბათუმის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ უნდა განიხილოს ეფექტიანი კონტროლის მექნიზმების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს არსებული ქონების ხელყოფისაგან/თვითნებურად დაკავებისაგან დაცვას.

ქირავდება სახლი რეფერალურ საავადმყოფოსთან

ბათუმში, რეფერალურ საავადმყოფოსთან ქირავდება ორსართულიანი სახლი საკუთარი ეზოთი, უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით, ცხელი წყლითა და ავეჯით. ფასი შეთანხმებით.

მობ.: 555 55 02 90

აჭარის ქონების უფასოდ მოსარგებლეები

აჭარის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში სულ ცოტა 125 ადამიანი ყოველგვარი საზღაურისა და უფლების გარეშე სარგებლობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ურთიერთობა მოსარგებლეებთან კანონის შესაბამისად მოწესრიგდება. სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ეს ადამიანები გამოასახლონ კიდეც. კანონის ნორმა კი, რომლითაც სამინისტრო საკითხს არეგულირებდა, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. სახელმწიფო აუდიტის დასკვნით აჭარაში უკონტროლოა მუნიციპალური, მათ შორის ქალაქ ბათუმის ქონებაც.

აჭარის ქონების უკანონოდ მოსარგებლეები

ინფორმაცია აჭარის ქონების შესახებ, რომელსაც სხვა პირები უკანონოდ სარგებლობენ, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოგვაწოდა, თუმცა, სამინისტროში ისიც გვითხრეს, რომ „ეს ინფორმაცია ვერ იქნება ზუსტი და სრულყოფილი“.

სამინისტროს მონაცემებით, ბათუმში 37 ფიზიკური პირი არამართლზომიერად სარგებლობს ქონებით, რომელიც თამარ მეფის დასახლებაშია [ბნქ-ს ტერიტორიაზე]. რეესტრის მიხედვით, ეს ქონება არის – 40 547 კვ/მ მიწის ფართობი და რამდენიმე შენობა-ნაგებობა.

ბათუმში მოქალაქეებს ასევე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე აქვთ დაკავებული მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი თუ არასაცხოვრებელი ფართობები მაქაცარიას [№5], ელიავას [N4], საბაჟოს შესახვევი/კოსტავასა [N6/4] და ფიროსმანის ქუჩებზე. ჯამში დაახლოებით 471,9 კვ/მ ფართობი. ელიავას ქუჩა N4-ში მდებარე 61,2 კვ/მ ფართობით მოსარგებლე პირის ვინაობა კი, სამინისტროს ინფორმაციით, საერთოდ ვერ დადგინდა.

121 მოქალაქე სარგებლობს აჭარის ქონებით ქობულეთის მუნიციპალიტეტში. დაკავებული ფართობები სამინისტროს მონაცემებით მდებარეობს კომახიძის ქუჩაზე, აღმაშენებლის გამზირზე [სტადიონი], რუსთაველის ქუჩაზე, დაბა ჩაქვში: შემფუთავი ქარხანა, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარედ; თავისუფლების ქ. #19-ში და ქაქუთში. 5 მოქალაქე სარგებლობს აჭარის კუთვნილი ქონებით ხელვაჩაურშიც.

„ქონება ჩვენია და ალბათ, გამოსახლების მოთხოვნით მივმართავთ სასამართლოს, ან გამოინახება სხვა მექანიზმი ქონების დასაბრუნებლად“, – აღნიშნა „ბათუმელებთან“  სატელეფონო საუბარში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გელა ცინცაძემ.

სამინისტროს მიერ ერთ-ერთი ასეთი ქონების „დაბრუნების“ მიზნით ორი წლის წინ დაწყებული საქმე კი საბოლოოდ საკონსტიტუციო სასამართლოში აღმოჩნდა.

საკონსტიტუციო სასამართლო აჭარის ქონების განკარგვაზე

სასამართლოს მასალების მიხედვით, „სერგო გოგიჩაიშვილი, მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სამეწარმეო მიზნით იყენებდა აჭარის კუთვნილ ქონებას“, რის გამოც სამინისტრომ 2014 წელს მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მხარეს სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 3 600 ლარის გადახდა.

ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაასაჩივრა. სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის სასამართლომ არ იხელმძღვანელა იმ ნორმით, რომელსაც სამინისტრო უთითებდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საერთოდ შეაჩერა საქმის წარმოება და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი აწესრიგებს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ „სამოქალაქო სამართლისა“ და „საპროცესო“ კანონმდებლობის საკითხებს და არსებობს საკმარისი საფუძველი მისი არაკონსტიტუციურად მიჩნევისთვის. ეს ნორმა ეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებულ ერთ-ერთ სამართლებრივ ურთიერთობას – უსაფუძვლო გამდიდრებას… ამასთან, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის პუნქტს, რომელიც სამოქალაქო სამართლის და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის გამოცემის უფლებამოსილებას მხოლოდ უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს ანიჭებს“.

  • „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი: „აჭარის ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის [კომერციული მიზნით] იყენებს, ვალდებულია, სამინისტროს წერილობითი მოთხოვნის თანახმად, აჭარის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად [საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე], სარგებლობის მთელი პერიოდისათვის, მაგრამ არაუმეტეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრაციის მომენტიდან“.

თავის მხრვ საკონსტიტუციო სასამართლო მიუთითებს, რომ ავტონომიური რესპუბლიკა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი ქონების განკარგვის თაობაზე, თუმცა, ეს უფლებამოსილება არ მოიცავს ამ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი ურთიერთობის მოწესრიგების კომპეტენციას. ვთქვათ, მესამე პირებისთვის ცალმხრივად რაიმე ვალდებულების დაკისრების ან განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმის დაწესების უფლებას.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა არ არის უფლებამოსილი დააწესოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რესპუბლიკის ქონების ხელყოფასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებაში, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი.

სამინისტროს ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებული ფართობების [მიწა/შენობა-ნაგებობა] ფაქტობრივი მფლობელებიდან დაახლოებით 20-მდე ეწევა კომერციულ საქმიანობას, რომელთა მიმართ სამინისტრო „უსაფუძვლო გამდიდრების“ ბრალდებით გააგრძელებს დავას სასამართლოში. დანარჩენი მოქალაქეები კი აჭარის საკუთრებაში არსებულ ქონებას/ფართობებს, ძირითადად, საცხოვრებლად იყენებენ.

აჭარის ქონების უფასოდ მოსარგებლეები

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აჭარის ქონებას, ხოლო შესაბამისი მუნიციპალიტეტები მათ კუთვნილ ქონებას გასცემენ იჯარით, რაც თავისთავად, დამატებითი შემოსავალია ადგილობრივი ბიუჯეტებისთვის.

ქონება გაიცემა უსასყიდლო უზუფრუქტითაც, ანუ უფასოდ სარგებლობის უფლებით, თუმცა მესაკუთრის თანხმობით.

მაგალითად, უსასყიდლო უზუფრუქტით შპს „GEBEP“-ზე, კახაბრის დასახლებაში 2011 წელს გადაცემულია შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი უსახლკარო ცხოველთა თავშესაფრის არსებობის ვადით; ბათუმსა და ქობულეთში ქონება ასევე უსასყიდლოდაა გადაცემული „აგროსერვის ცენტრზე“; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში მდებარე შენობა-ნაგებობით უსასყიდლოდ სარგებლობს „საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და ეროვნული თვითგანვითარების ქართული ასოციაცია გენეზისი“, რომელსაც ქონება 2013 წელს გადაეცა 10 წლის ვადით; 2023 წლამდე უსასყიდლოდ ისარგებლებს მახინჯაურში მდებარე შენობა-ნაგებობით სამედიცინო ასოციაცია „თანა“; წელს 10 წლის ვადით გადაეცა ქალაქ ქობულეთში, თბილისის ქუჩაზე არსებული შენობა-ნაგებობა შპს „თანალმობას“; ხოლო დაბა ჩაქვში მდებარე აჭარის ქონებით 49 წლის ვადით უსასყიდლოდ ისარგებლებს `საქართველოს  სკაუტური მოძრაობის აჭარის ორგანიზაცია“.

იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც აჭარის ქონებით უფასოდ, თუმცა, მესაკუთრის თანხმობით სარგებლობს, არის საქართველოს საპატრიარქოც.

ქალაქ ქობულეთში, სოფელ ხუცუბნის მიმდებარედ 249 909 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი უსასყიდლო უზუფრუქტით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2015 წლის მარტში შპს „ხარ-ფურს“ 49 წლით გადასცა.

შპს „ხარ-ფური“ ქონების გადაცემამდე ერთი თვით ადრე დაფუძნდა. რეესტრის დოკუმენტებით, კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორია საქართველოს საპატრიარქო, რომელიც ამ კომპანიის წილის 100%-ს დღემდე ფლობს, ხოლო წარმომადგენელი – ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი. უსასყიდლოდ გადაცემულ 25 ჰექტარზე „ხარ-ფური“ ბიზნეს საქმიანობას ეწევა – მოწყობილი აქვს მეცხოველეობის ფერმა.

შს სამინისტრო „ჭკვიანი კამერების“ დამონტაჟებას იწყებს

შინაგან საქმეთა მინისტროს ინფორმაციით, „დანაშაულის პრევენციის, მომხდარ დანაშაულზე ოპერატიული რეაგირების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის, ასევე, სატრანსპორტო ნაკადების მართვის და უტყუარი მტკიცებულებების მოპოვების უზრუნველსაყოფად“ სამინისტრო ახალ პროექტს – „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“  იწყებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ახალი პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში, ვიდეოანალიტიკური პროგრამებით აღჭურვილი ე.წ. „ჭკვიანი კამერების“ დამონტაჟება, მათი ჩართვა შს სამინისტროს ერთიან ქსელში და ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მიერ ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით აღნიშნული კამერების უწყვეტი მონიტორინგი.

„ამ პროექტის განხორციელებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების ჩართვას. ამ მიზნით, შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის თანამშრომლებმა, საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს. შეხვედრებზე მხარეებმა პროექტის განხორციელების პროცესში თავიანთი შესაძლებლობები განიხილეს და ერთობლივ ღონისძიებებზე შეთანხმდნენ.“

აღნიშნული პროექტის მეშვეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეალურ დროში მოხდება დანაშაულზე და სამართალდარღვევებზე სწრაფი რეაგირება და მისი პრევენცია, მოსახლეობაში გაიზრდება უსაფრთხოებისა და დაცულობის ხარისხი, მკვეთრად შემცირდება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა, ამაღლდება პოლიციის საქმიანობის ეფექტურობა და გამოძიების ხარისხი“-ნათქვამია შს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„აჭარისწყალი ჯორჯიას“ წინააღმდეგ მოსახლეობა საპროტესტო აქციას გეგმავს

დღე, 14 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“,  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურში საპროტესტო აქციის განახლებას გეგმავს.  ორგანიზაციის წარმომადგენლები და სოფლის მოსახლეობა აპირებს არ გაატარონ ჰესის მშენებლობაზე მომუშავე ტექნიკა, რადგან მათი განცხადებით, სოფლებში სადაც ჰესების მშენებლობა მიმდინარეობს, არ არის დაცული ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები.

„ყველა გეოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ სოფელი  მეწყერსაშიშ ზონაშია და ხელისუფლება კი არ აპირებს ამ ოჯახების უსაფრთხო გარემოში გადაყვანას. ახლა მხოლოდ ორი ოჯახის ადგილმონაცვლეობაზე საუბრობენ, მაშინ როცა არჩევნებამდე ლამის მთელ ხეობას უპირებდნენ განსახლებას“-აცხადებს „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე.

საპროტერსტო აქცია  დღეს, ხულო – წაბლანა – ყინჩაურში „აჭარისწყალი  ჯორჯიას“ ოფისის  წინ დღის 12 საათზე და 30 წუთზეა დაგეგმილი.

ზურაბ პატარაძე: უახლოეს პერიოდში ვიწყებთ „რვაფეხას“ აღდგენას

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ „რვაფეხას“ რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ის იქნება ისეთი, როგორიც იყო წარსულში. უახლოეს პერიოდში ჩვენ ვიწყებთ რვაფეხას აღდგენას“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ. „ბათუმელების“ კითხვაზე, ვისი დაფინანსებით მოხდება „რვაფეხას“ რეაბილიტაცია, ზურაბ პატარაძე პასუხობს, რომ შესაძლოა პროექტი ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსოს.

„ჩვენ დავუკავშირდით სხვადასხვა ჯგუფს, მათ შორის, „ფონდ ქართუს“. ვფიქრობ, რომ უახლოეს პერიოდში გამოიყოფა სახსრები, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არ გვაქვს. დიდი იმედი მაქვს, რომ „ქართუ“ ამ პროექტს დააფინანსებს“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ „ბათუმელებთან“ ინტერვიუში.

ინტერვიუ ზურაბ პატარაძესთან, სადაც იგი ახალი მთავრობის ფორმირებაზე, გამოწვევებსა და  ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობაზე საუბრობს, „ბათუმელების“ ხვალინდელ, 14 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდება.

ამავე თემაზე: 

“რვაფეხა ტიპიური ჰიპური ხელოვნების ნიმუშია”

“დაიცავი რვაფეხა!“ – ბათუმში აქცია იგეგმება

როდის მიიღებს ძეგლის სტატუსს რვაფეხა

გადავარჩინოთ „რვაფეხა“ აქციაზე ქალაქის მერი და დეპუტატები იყვნენ

„ჰილტონ ბათუმი“, რვაფეხა და ოფშორი

ბათუმელი მოსწავლეების გამოგონებამ სპეციალური პრიზი მიიღო

სკოლა „გორდას“  გამომგონებელი  მოსწავლეები, მკვლევართა და გამომგონებელთა კონკურსზე – „ლეონარდო და ვინჩი“   ახალი  ტექნოლოგიებით  წარსდგნენ.  ანა შუბლაძისა და ენრი გეგიძეს   გამოგონებამ  სპეციალური პრიზი დაიმსახურა.  მათ  „ლენოვოს“ ფირმის  ტაბლეტები გადაეცათ.

გამოგონება, რომელიც ბუნებრივი აირის, ნავთობის ან წყლის გაჟონვის რისკებს თითქმის გამორიცხავს, მეთერთმეტეკლასელ ანა შუბლაძეს და ენრი გეგიძეს ეკუთვნით. ეს მათთვის პირველი გამოგონებაა, თუმცა სხვა ინოვაციებიც აქვთ ჩაფიქრებული.  „ჩვენს გამოგონებას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს“, –  გვეუბნება ანა და თანაკლასელთან ერთად ამ გამოგონების უნიკალურობას გვიხსნის.

„ეს ზამბარებიანი მოწყობილობა არა მარტო ბუნებრივი აირის მილებთან შეიძლება გამოვიყენოთ, არამედ ნავთობის და წყლის მილებთანაც, რომელიც წნევის მატების შემთხვევაში მილებს კეტავს და ნედლეულის გაჟონვის საფრთხეს გამორიცხავს“, –  გვეუბნება ანა.

გამოგონების თვისებებს აღწერს ენრიც:  „მოწყობილობა მაგრდება მილებს შორის და აკონტროლებს წნევის ცვალებადობას. თუკი წნევა იმატებს და ამით მილის გახეთქვის საფრთხე ჩნდება, მოწყობილობა იკეტება და წყლის, ნავთობის ან ბუნებრივი აირის მილი წნევის გამო აღარ გასკდება. გარდა იმისა, რომ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ნედლეულის დანაკარგების რისკებსაც გამორიცხავს“.

ანას და ენრის აზრით, ხელსაწყოს უპირატესობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მისი დაყენება შესაძლებელია ყველგან  –  მიწაში, ზედაპირზეც და შენობის შიგნითაც.

„თუკი 60-ბინიანი კორპუსის რომელიმე ბინაში ბუნებრივი აირი გაჟონავს, წნევის მატების შემთხვევაში ხელსაწყო ავტომატურად ჩაკეტავს აირს და აფეთქების ან ადამიანის მოწამვლის საფრთხე გამოირიცხება“.

ანა და ენრი გვიყვებიან, რომ აპარატის დამზადების შესაძლებლობას სკოლის ლაბორატორიები არ იძლევა.  „აქ მხოლოდ გამოთვლების გაკეთებაა შესაძლებელი. ხელსაწყო კი თბილისში, ერთ-ერთი კომპანიის ლაბორატორიაში დავამზადეთ“, –  გვეუბნება ანა.

ენრის თქმით, თბილისში დამზადებული ხელსაწყოთი ბოლომდე კმაყოფილები არ არიან, რადგან მათ უკეთესი ჩანაფიქრი აქვთ:  „შეგვეძლო გერმანიაში დაგვემზადებინა უფრო კარგი და დახვეწილი [ხელსაწყო], მაგრამ ეს დიდ თანხებს უკავშირდება. თუ ჩვენი გამოგონება კონკურსზე გაიმარჯვებს, იმედი გვაქვს, რომ მის დამზადებაში დონორი ორგანიზაციები დაგვეხმარებიან და პრაქტიკაშიც დამკვიდრდება“.

მიუხედავად იმისა, რომ ანას და ენრის თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი აქვთ, მომავალი პროფესია მაინც ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით აირჩიეს. „თანამედროვე ტექნოლოგიები მაინტერესებს, მაგრამ საქართველოში სამეცნიერო სფერო ნაკლებად ფინანსდება და რთული იქნება განვითარება. მუდმივად ფინანსური პრობლემების წინაშე დგახარ. ამიტომ, ტექნოლოგიები, როგორც ჰობი, ისე იქნება ჩემთვის“, –  გვეუბნება ენრი. ანა კი თავის მომავალს მედიცინაში ხედავს.

სკოლა  „გორდას“  გამომგონებლები არიან მეთორმეტეკლასელი ზურა კალანდარიშვილი და გიორგი სოლომონიძეც. მათთვის ეს გამოგონება პირველი არ არის.  მათ  „ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსში გასულ წელს გაიმარჯვეს  –  თხილის მოსაკრეფი ხელსაწყო ჰქონდათ წარდგენილი.

სკოლა „გორდას“ მოსწავლეები ზურა კალანდარიშვილი და გიორგი სოლომონიძე
სკოლა „გორდას“ მოსწავლეები ზურა კალანდარიშვილი და გიორგი სოლომონიძე

ზურას და გიორგის ახალ გამოგონებას  „უნივერსალური მაშველი“  ჰქვია, რომელიც ზღვაში შესვლის წინ მოსარგებლემ გულმკერდის არეში, წრიულად უნდა დაიმაგროს.  „უნივერსალური მაშველი“  ფხრიწიანი ჟილეტია, რომელსაც შუა ნაწილში, გულთან ახლოს დამაგრებული აქვს ჰელიუმით სავსე კაფსულა.

„იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი ზღვაში ღრმად შეცურავს, მაგრამ უკან ვეღარ ახერხებს დაბრუნებას, ძარღვი გაენასკვა ფეხში ან სხვა მიზეზით და დაიწყო ჩაძირვა, ამ დროს ის ხელს გამოკრავს ჰელიუმიან კაფსულას, რომელიც მას ჩაძირვის შესაძლებლობას არ მისცემს. ჟილეტი კარგად არის შეკრული და ზღვაში მისი გახსნა ან დაზიანება გამორიცხულია“, –  გვეუბნება ზურა.

გიორგის აზრით, ახალი გამოგონება კარგი საშუალება იქნება დამსვენებლებისთვის, რადგან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანმა ცურვა კარგად არ იცის და ჩაძირვის საფრთხის წინაშე დგება.

გამომგონებლები ამბობენ, რომ კონკურსზე, ჯერჯერობით, მხოლოდ ელექტრონული მასალის წაღებას ახერხებენ, მათ „უნივერსალური მაშველის“  დამზადება შესაბამისი ლაბორატოერიების არარსებობის გამო ვერ მოახერხეს.

„ლეონარდო და ვინჩის“  კონკურსზე კონკურენცია მაღალია. ბათუმელი გამომგონებლები იმედოვნებენ. რომ რომელიმე საპრიზო ადგილს მაინც მიიღებენ.

„გორდას“  ჰქონდა პირველი ადგილი აღებული გამოგონებისთვის  – „გონიერი მაღვიძარა“  და კიდევ ჰქონდა ერთი საპრიზო ადგილი –  მაშინ მოსწავლეებმა  „გონიერი შუქნიშანი“  შექმნეს. ჩვენმა თხილის საკრეფმაც გაიმარჯვა, ასე, რომ წელსაც გვაქვს გამარჯვების იმედი“, _ ვეუბნებიან ბიჭები.

თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით სწავლის გაგრძელებას ანასა და ენრის მსგავსად, არც ზურა და გიორგი აპირებენ. ისინიც ფიქრობენ, რომ საქართველოში თუკი მეცნიერება არ დაფინანსდება, ამ მიმართულებით ადგილის დამკვიდრება ძნელი იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები მაინტერესებს, მაინც ვფიქრობ, რომ სხვა პროფესია ავირჩიო. თუ სახელმწიფო  „სტარტაპის“  დაფინანსებას გააგრძელებს, შესაძლებელია ეს პროექტი ახალგაზრდებს დაგვეხმაროს იდეების განხორციელებაში. სხვა შემთხვევაში მუშაობა რთული იქნება“, –  გვეუბნება ზურა.

გიორგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გააძლიეროს სკოლის ლაბორატორიები და დაფინანსება გაზარდოს, რომ ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი გაუღვივდეთ.

გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი  „ლეონარდო და ვინჩი“  მეექვსედ ტარდება  „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“  ორგანიზებით. პროექტის მხარდამჭერი  „თი ბი სი“  ბანკია.

კონკურსში გამარჯვებულ გამომგობენლებს ფულადი პრემია გადაეცემათ. პირველ ადგილზე გასული პროექტი 5 000 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული  –  3 000 ლარით, მესამე ადგილზე გასული კი 2 000 ლარს მიიღებს.

წლევანდელ კონკურსზე 42 განაცხადი იყო წარდგენილი. აქედან 17 რეგიონებიდან, 25 კი თბილისიდან. ბათუმიდან კონკურსში მოსწავლეთა ოთხი ჯგუფი მონაწილეობს.

„ლეონარდო და ვინჩის“ კონკურსში ბათუმიდან  „შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმიც“ მონაწილეობდა, თუმცა,  პრიზი მხოლოდ ერთმა გამოგონებამ მიიღო.

პირველი ადგილის მფლობელი გამოგონების ავტორები,  მონაწილეობას მიიღებენ ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე აშშ-ში.

რას შეცვლის მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა

პირველი მოსამართლე, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლოში უვადოდ დაინიშნა, გოჩა ფუტკარაძეა. 2010 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილება 2013 წლიდან ამოქმედდა და მას შემდეგ მოსამართლეები გამოსაცდელი ვადით – სამი წლით ინიშნებიან. ამ ვადის გასვლის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭო წყვეტს, მოსამართლე უვადოდ [საპენსიო ასაკამდე] გამწესდება თუ არა. „არის თუ არა უვადოდ მოსამართლის დანიშვნა მისი დამოუკიდებლობის გარანტი?

მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება – მიიჩნევენ მესამე სექტორში. აქ მთავარ ფაქტორად მოსამართლის დანიშვნა-გათავისუფლების წესს ასახელებენ, რომლის რეფორმირებასაც ხელისუფლება თავს არიდებს. გარდა ამისა, მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაყენებით უვადოდ დანიშნული მოსამართლის გათავისუფლებაც შეიძლება.

„კარტერულ გარიგებას დაემსგავსა ეს სისტემა,“- გვიყვება არჩილ ჩოფიკაშვილი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი. ის მიიჩნევს, რომ ძალიან რთულია სასამართლო სისტემაში ახალგაზრდა და კვალიფიციური სამართალმცოდნე მოხვდეს, მექანიზმი გაუმჭვირვალეა და შეიძლება სრულიად დაუმსახურებლად დარჩე მანტიის გარეშე:

„ახალი მოსამართლეები ინიშნებიან, მაგრამ, ძირითადად, ესენი არიან ყოფილი მოსამართლეები. ყველა მოსამართლე ცდილობს, იუსიტიციის უმაღლეს საბჭოს მოაწონოს თავი, რადგან იცის, რომ მისი უვადოდ დანიშვნა, თუ გათავისუფლება ამ საბჭოზეა დამოკიდებული. საბჭოს არამოსამართლე წევრები თავდაპირველად კრიტიკულ დამოკიდებულებას აჩვენებდნენ, მაგრამ შემდეგ შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის კანდიდატურებს დაუჭერდნენ მხარს. მთავარია, კვალიფიციური და გამოცდილი იურისტების სისტემაში მოხვედრის შესაძლებლობა გაჩნდეს, მოსამართლის უფლებამოსილება გაიზარდოს და შემდეგ მისი გათავისუფლების პროცესი იყოს ძალიან რთული და გამჭვირვალე. ეს პირობა შექმნის მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიას და არა მხოლოდ უვადოდ დანიშვნა, რასაც ახლა არეკლამებენ“.

მოსამართლეთა უვადოდ გამწესებაზე საუბრის დროს მთავარ აქცენტს ეკა ციმაკურიძე გამოსაცდელი ვადით დანიშვნაზე აკეთებს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მართლმსაჯულების პროექტის კოორდინატორი ამბობს, რომ არ არსებობს არანაირი გარანტია, რაც მოსამართლეს პოლიტიკური თუ სხვა ტიპის გავლენისგან დაიცავს: „როცა ეს ცვლილებები მიიღეს, არასამთავრობო სექტორს, ასევე ვენეციის კომისიას ჰქონდა უარყოფითი შეფასება, რადგან გამოსაცდელი ვადა მოსამართლის შემთხვევაში არის ბევრ რისკთან დაკავშირებული. ჯერჯერობით მხოლოდ 12 მოსამართლე დაინიშნა უვადოდ. გამოსაცდელი ვადით დანიშნულმა მოსამართლეებმა კი შეიძლება ანგარიში გაუწიონ იმათ, ვინც მოსამართლეებს უვადოდ ნიშნავს. გარდა ამისა, თავად გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლის იუსტიციის საბჭოსგან ყოველწლიური შეფასების პროცესი არის სრულიად დახურული. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საშუალება გავიგოთ, რამდენად ობიქტურად ხდება მოსამართლეების შეფასება და მათი შემდგომი გამწესება უვადოდ“.

ეკა ციმაკურიძე ფიქრობს, რომ თუკი კანონმდებლობაში არ გაიწერება გარანტიები, უვადოდ დანიშნული მოსამართლეც შეიძლება დააშინონ დისციპლინური პასუხისმგებლობით: „ეს იმდენად გაუმჭვირვალე პროცესია, შეიძლება სრულიად დაუმსახურებლად მოხდეს მოსამართლის დისციპლინირება. მხოლოდ მოსამართლის უვადოდ დანიშვნა ვერ იქნება ეფექტური. კანონმდებლობა უნდა ქმნიდეს გარანტიების მთელ სისტემას, რომელიც მოსამართლეზე ზეწოლის საშუალებას არავის მისცემს. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, არაა სავალდებულო მოსამართლის უვადოდ დანიშვნა, ევროპის ბევრ ქვეყანაში არ ნიშნავენ მოსამართლეებს უვადოდ, მაგრამ არსებობს კონკრეტული გარანტიები, რაც უზრუნველყოფს მათ დამოუკიდებლობას. მთავარია, რომ მოსამართლე ინიშნებოდეს ხანგრძლივი ვადით და მოსამართლეობის ვადა არ უნდა იყოს განახლებადი. მოსამართლე მორიგ კონკურსზე არ უნდა იყოს დამოკიდებული“.

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნამდე უნდა შეფასდეს მათი წარსული _ მიიჩნევს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი. მას აბსურდად მიაჩნია მდგომარეობა, როცა პარლამენტმა 500-მდე ადამიანი პოლიტიკურ პატიმრად ჩათვალა და ციხიდან გამოუშვა, ხოლო მოსამართლეები, რომლებმაც ისინი ციხეში ჩასვეს, შესაძლოა, უვადოდ დაინიშნონ: „ეს არის მთავარი პრეტენზია ხელისუფლების მიმართ: მოსამართლეები, რომლებიც მუშაობდნენ ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში და ასრულებდნენ დაკვეთებს, მინიმუმ ისინი უნდა შეაფასონ. წარმოუდგენელია მათი უვადოდ გამწესება“.

მოსამართლეების უვადოდ დანიშვნისგან პოზიტიური მოლოდინი აქვს ადვოკატ ედიშერ მახარაძეს. მისი აზრით, ამ შემთხვევაში მოსამართლის თვითშეფასების ხარისხი გაიზრდება: „ის ფაქტი, რომ უვადოდ არის დანიშნული მოსამართლე, მისასალმებელი ფაქტია. ეს გახდის მოსამართლეს ფიგურას, გაიზრდება მისი როლი და მისი გადაწყვეტილებების მიმართაც გაიზრდება ინტერესი. მესმის არგუმენტი, რომ უსამართლოდ გათავისუფლების ბერკეტი ისევ არსებობს, მაგრამ ფიგურადქცეულ მოსამართლეს დაუსაბუთებლად და ერთი ხელის მოსმით ვეღარ გაათავისუფლებენ.“

13 წლის ბიჭი სკოლის ნაცვლად ქუჩაში

ის ილიაა და არ არის ერთადერთი ბიჭი, ვინც სკოლიდან გაგდების შემდეგ ქუჩაში აღმოჩნდა. მაგრამ ცოტაა ისეთი, ვისაც 13 წლის ასაკში სამწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს –  როგორც თავად ამბობს, ბაზრობის „კაჭკაზე“. ზაფხულობით „კაჭკას“ პლაჟზე შეზლონგები ანაცვლებს. ილია ძირითად დროს ქუჩაში ატარებს.

ილიას ჰყავს მამა და ოთხი და-ძმა. ილიას და ახლა 18 წლის არის. ის 4 წლის წინ გათხოვილა ბათუმთან ახლოს სოფელში. ერთი ნახევარდა ჰყავს. ამბობს, რომ ამ დასთან მეგობრობს. ის ქუჩაში მოწყალებას ითხოვს, ამიტომაც ირჩევს სხვადასხვა სახელს.

მის ოჯახს საკუთარი სახლი არ აქვს, ბათუმში ნაქირავებში ცხოვრობენ. ილიას ერთი, 8 წლის ძმა სკოლა-პანსიონში სწავლობს. მარტამდე ილიაც ამ სკოლაში სწავლობდა და იქვე ცხოვრობდა კიდეც, მაგრამ ერთ დღეს დირექტორმა ის „სკოლიდან გარიცხა“. მართალია, ის ბათუმის სხვა სკოლაში ჩარიცხეს, მაგრამ აქ მხოლოდ ერთი კვირა იარა. „დამცინოდნენო“ – თქვა. რადგან არ უნდოდა ეჩხუბა, სკოლისკენ აღარ გაუხედია. დაცინვაც რომ არა, სკოლაში ისედაც ვერ წავიდოდა – წელს ფეხსაცმელი და ტანსაცმელი არ ჰქონდა.

როცა მამა 13 წლის ბიჭს სცემს

ილიას სახეზე, ორივე მხარეს, ნაკაწრების კვალი ემჩნევა. ერთ ლოყაზე, რამდენიმე სანტიმეტრზე კანი აქვს გადამძვრალი, მეორე მხარეს კი – პატარა ნაკაწრები. ეს არ არის ქუჩაში ჩხუბის კვალი. გასულ კვირას მამამ ჩამოკაწრა, მერე კი, როგორც თვითონ ამბობს, „გააქანა და დაარტყა“.

ილია საკუთარ თავზე

პატარა ძმებს მამა ცუდად არ ექცევა. მე იმიტომ დამარტყა, რომ ავყევი მის ცოლს. მივხვდი უკვე, რომ როცა თვრება, რომც არაფერს ვაშავებდე, მეჩხუბება. როცა მთვრალია, ენა არ უნდა ამოვიღო, დავწვები და ვიძინებ.

ბოლოს ერთი კვირის წინ დამარტყა. გაშლილი ხელი დამარტყა. მერე გამომფჩხვნა, ფრჩხილებით ჩამომჩხაპნა ქალივით. მისი ცოლიც ხედავდა ამას, მაგრამ არაფერი უთხრა.

დილით ზოგჯერ ადრე ვდგები, ზოგჯერ არა. ყოველ დღე, პირველ საათზე მივდივარ ლერმონტოვის ქუჩაზე და საჭმელი მომაქვს უფასო სასადილოდან. ამას ვჭამთ სახლში…

დედინაცვალი კარგად მექცევა, მირეცხავს, საჭმელს მაჭმევს, მაგრამ ენა არ უნდა შეუბრუნო. იმ დღეს, როცა მამამ დამარტყა, ამბავი იმით დაიწყო, რომ მისმა ცოლმა მითხრა, შუადღეა, ადექი და სასადილოში წადიო. მეძინება, მამიკო წავიდეს-მეთქი. მერე კიდევ რაღაცა მითხრა, მეც ვუთხარი… რატომ მიყვირიხარ, რა დაგიშავე-მეთქი. საღამოს მამიკო მთვრალი მოვიდა. იმან უთხრა ჩემი ტლიკინის ამბავი, მამამაც ვეღარ მოითმინა და დამარტყა.

“დედაზე მეტი ლაპარაკი არ მინდა“

ნამდვილი დედაც მყავს, აქ ცხოვრობს, ბათუმში. მამაჩემმა ჩხუბი რომ დაუწყო, უთხრა, რომ შვილი აღარ მოიკითხოო – ასე ამიხსნა დედამ. მე დავიწყე ტირილი და ვუთხარი, მამიკო თუ გეუბნება მასე, მე რა ვქნა, მე ხომ არ მითქვამს, რომ აღარ მომიკითხო-მეთქი. დედამ მაინც მითხრა, რომ მაგი მამაშენს ჰკითხე, გული მატკინაო. მე მაგის გამო რას მატირებ-მეთქი, ვკითხე. მერე დედა წავიდა – თბილისში წავიდა.

დედაზე მეტი ლაპარაკი არ მინდა.

„კაჭკაზე“ მუშაობა

მამა მუშაობს ფარეხში „კაჭკაზე“. მისი ცოლი სახლშია, პატარა ბავშვი ჰყავთ და ამის გამო ვერ მუშაობს. მე მთელ დროს ქუჩაში ვატარებ. ადრე ხალხს ფულს ვთხოვდი. მაგრამ ახლა დავანებე თავი, სკოლაში მინდა წავიდე და გამოვსწორდე.

შეზლონგებზეც სამი წელი ვიმუშავე, პლაჟზე. „კაჭკაზეც“ ვიმუშავე. ტვირთი გადამაქვს, 5,6,7,8,10 `მეშოკი~. იმის მეტს არ უძლებს „კაჭკა“. მამასთან ერთად ვმუშაობდი. კაჭკა მამამ მიყიდა. დღეში 15 ლარს ვაკეთებდი, ფული მამას მივეცი. მამიკოს ვუთხარი, რომ ტანსაცმელი მიყიდე-მეთქი და არა, ცენტრი [მუსიკალური] ვიყიდოთო. განვადებით გამოიტანა.

სექტემბერში კიდევ ვუთხარი მიყიდე ტანსაცმელი-მეთქი და ფული არ მაქვსო. ვუთხარი, აბა, რისთვის მუშაობ-მეთქი. არაფერი არ მიყიდა და ვერც წავედი სკოლაში. თეთრი „სარუჩკა“ მინდოდა და არ მქონდა. ახლა რაც მაცვია, მაშინ არც ეს ტანსაცმელი მქონდა. მაგრამ ამით სკოლაში ისედაც არ შემიშვებდნენ.

ჩემი „კაჭკა“ უკვე გავყიდე 200 ლარში. მამამ რომ გაიგო, დაიგრუზა, მაგრამ ვუთხარი, ფული რომ გჭირდება, მაგიტომ გავყიდე-მეთქი. სარეცხი მანქანა უნდა ეყიდა განვადებით. დედინაცვალი ხელით ვეღარ რეცხავდა, გაცივდა და მაგიტომ მივეცი ფული. ისე გავყიდე, რომ არ მითქვამს. ახლა სახლში გვაქვს სარეცხი მანქანა, ცენტრი, მაცივარი.

„რატომ გამომრიცხეს სკოლიდან“

სკოლაში პირველი კლასიდან კარგად ვსწავლობდი, ქართული მიყვარს, მათემატიკა, ისტორია და ბუნება. ინგლისური არც ისე. მე-4-5 კლასში, მუშაობას რომ მივაწექი შეზლონგებზე, მერე ვეღარ ვისწავლე. მერე კაჭკაზე ვმუშაოდი…

სკოლაში მასწავლებლებთან არ დამიშავებია, ბავშვებთან კი ვაშავებდი. ზოგჯერ მქონდა ჩხუბი, „კაჩავი“. ერთხელ მასწავლებელმა სიგარეტი დამინახა. მერე ინგლისურის გაკვეთილებზე ვლაპარაკობდი, არ ვუსმენდი მასწავლებელს. ერთხელაც სპორტზე რომ გავდიოდით, ბავშვს ვეჩხუბე, მაგრამ არა ტყუილუბრალოდ. მაგან ჩემს ძმას კვანტი გამოდო. ის დაეცა და ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. მე ვერ მოვითმინე. სპორტი რომ მოვა, დაგელაპარაკები-მეთქი. კაიო. გარეთ რომ გავედით, გავაქანე და დავარტყი.

ერთ დღესაც მეძინა და ბავშვების ყვირილი შემომესმა – დირექტორი მოვიდაო. ამ დროს ბავშვები ლოგინიდან ლოგინზე ხტებოდნენ. ავდექი და მეც გავიხედე ფანჯარაში. დირექტორმა მე დამინახა, რატომ ხტუნავდი ლოგინებზეო. მე არ ვხტუნავდი-მეთქი… მაინც და მაინც მე დამინახა – მე დამადო ხელი და გამომიშვა. ოთახში 10-15 ბიჭს გვეძინა. ჩვენთან ორსართულიანი საწოლები დგას, მაგრამ ფანჯრიდან ბავშვი ვერ გადავარდებოდა, დაკეტილი იყო.

 

ქუჩა

ქუჩაში ყოფნა არ მომწონს, კაი სიტყვას ვერ გაიგებ. ღამე მთვრალი კაცები იგინებიან. გამომყეო, მეუბნებიან. ერთხელ ერთმა მომკიდა ხელი, პოლიციაში უნდა წაგიყვანო, ფულს რატომ ითხოვო. მაშინებდა. ხელი გამიშვი, სად უნდა წამიყვანო-მეთქი. ნარკომანი იყო. ერთ დიდ ბიჭს ვიცნოდი, ვულკანიზაციაში მუშაობს. ვიყვირე – გოჩა ბიძია-მეთქი. ვიცნობდი გოჩას და ის დამეხმარა. გადამარჩინა. მერე პოლიციაც მოვიდა და ვინც მიმათრევდა, იმას პანჩური ამოარტყეს.

ქუჩაში ჩხუბით არ ვჩხუბობ. ერთხელ, 11 წლის ვიყავი და მივდიოდი პარკში საქანელებზე. მაგ დროს ბავშვი ვიყავი. ფული მომთხოვეს. ვუთხარი არ მაქვს და რომც მქონდეს, ჩემთვის მექნება-მეთქი. აუ, ბიჭო, შენ როგორ ლაპარაკობო. ახალგაზრდა ბიჭი იყო, ლუკა ჩხარტიშვილი კიკ ბოქსში დადიოდა. ფეხი რომ წამოიღო, პირდაპირ ლავიწის ძვალი ჩამიმტვრია. მწარე ფეხი აქვს. რომ დამარტყა წავიქეცი, კინაღამ მანქანის შუშა დავამტვრიე.

ჩემმა მეგობარმა, ერთია და სულ ფულს მჩუქნის, რა გჭირს ბიჭოო. ვუთხარი, ჩამარტყეს ლავიწის ძვალში და ხელს ვეღარ ვანძრევ-მეთქი. ბავშვთა საავადმყოფში რენტგენი გადამიღეს. ბამბა და ბინტები დამადეს და მხარი გამისწორეს. ლოგინზე როგორ ვიწექი იცი, ბალიში შუაში მედო, წელთან. მამაჩემმა შემნიშნა და ვუთხარი რაც მოხდა. იმ ბიჭმა 200 ლარი მომცა და მაგით წამლები ვიყიდეთ. მაგის დედამ და მამამ მომცეს.

„ჩემს სკოლაში მინდა დაბრუნება, მაგრამ არ მაბრუნებენ“

ამ სკოლაში რატომ წამიყვანეს პირველ კლასში, არ მახსოვს. მაშინ დედინაცვალი არ მყავდა. ნამდვილი დედა მყავდა. იქ საჭმელი იყო, ვიძინებდი. იქ მერჩივნა ყოფნა. მამაჩემი რომ თვრება ხანდახან, ჩემთან ჩხუბს იწყებს და მაგი არ მინდოდა.

ჩემს სკოლაში ბავშვებს კარგად ექცევიან. დილით ვიღვიძებთ, ვჭამთ, მერე კლასში წავალთ. გაკვეთილების მერე სასადილოში შევდივართ, მერე დავალებას ვწერთ. სანამ არ ვისწავლით, იქამდე გარეთ არ გამოგვიშვებენ. შუადღეზე კიდევ „ბულკი“ და კაკაო. მერე საღამოს ჩაი, მერე ჯერ საჭირო ოთახში და მერე საძინებელში. მერე გათენდება და ასე.

საღამოს 9-ზე დიდები იძინებენ, 8-ზე – ჩვენ. გასართობიც გვაქვს, ხან ტელევიზორს ვუყურებთ, ხან ვხატავთ, ხან ვთამაშობთ. რომ ვიძინებთ, ძიძა რჩება ჩვენთან. ორი ძიძა გვყავდა. ძიძები კარგად გვექცევიან. თუ არ დაიძინებ, გაგაფრთხილებენ, მერე დაცვას ეტყვიან არ გვემორჩილებაო. მოვა დაცვა, გაგაფრთხილებს და დაიძინებ. დიდები არ გვაძინებენ – შუქები კი გვაქვს ჩაქრობილი, მაგრამ მუსიკას რთავენ ხმამაღალზე.

სკოლაში დაბრუნება ნამდვილად მინდა, მაგრამ ჩემს სკოლაში. იქ მიჩვეული ვარ, ჩემი ძმაც იქ სწავლობს. ვერთობი, ვთამაშობ.

სხვა სკოლაში გაზაფხულზე ერთ კვირას ვიარე. გარეთ რომ გავდიოდით, ბიჭები იწყებდნენ რაღაცებს, დაცინვას. მე მეკეტება მაგნაირებზე და რაც მომყვება, ჩავარტყამ. ამიტომ არ მინდა. ჩემს სკოლას მიჩვეული ვარ – დირექტორს ვიცნობ, ბავშვებთან ურთიერთბა მაქვს. ხეებია, ფეხბურთია. ჭამა-სმა.

„რაზე ვოცნებობ“

მინდა აკადემიაში. გემის ტარებას ვისწავლი, ხელფასსაც ავიღებ, სახლს ვიყიდი. ასე იქნება ჩემი ცხოვრება. ამის მიღწევა სწავლით შემიძლია. თუ ვისწავლი, ატესტატს ავიღებ და მერე წავალ აკადემიაში. მაგრამ მაგას ინგლისური უნდა. ინგლისური წერა და კითხვა კი ვიცი, მაგრამ ვერ ვსწავლობ…

ილიას ყოფილი სკოლის დირექტორი

ჩვენ რა უფლება გვქონდა სკოლიდან გაგვეშვა. მაგის პატარა ძმა ჩვენთან სწავლობს, მაგრამ უფროსმა მშობელი აიძულა გადაეყვანა სხვაგან – სხვა სკოლაში გადავიდა მარტის თვეში. ეს ბავშვი არავის ემორჩილება, არც მშობელს. თავიდან მშობელმა დააწყებინა ქუჩაში მოწყალების თხოვნა, მერე თვითონაც გაიღო ამის გემო და თანატოლებს თუ პატარებს მის ჭკუაზე ატარებს – ერთმა ილიამ ათი ილია გააჩინა. ბავშვებს ეუბნება, აქ რა გინდათ, წამოდით ჩემთან და ერთ საათში 300 დოლარს გაგაკეთებინებო. ძირითადად საკონსულოებთან და შუქნიშანთან ითხოვს მოწყალებას. სამჯერ მე თვითონ ვიპოვე. სკოლაში მივიყვანდი, 5 წუთში გაიპარებოდა. ჩვენი სკოლა უნდოდა იმის გამო, რომ ეს სკოლა არის ქალაქიდან შორს და ვერავინ აკონტროლებს – ოჯახში ატყუებს, რომ სკოლაშია და სინამდვილეში სხვაგან არის.

სკოლაში დავაბრუნო? – რის გამო. ეს სკოლაა და არა ციხე, რომ გამოკეტო. კლასში რომც მივიღო, ადგილი არ მაქვს, რეზერვში მაგის კლასში კიდევ 25 ბავშვი მყავს ჩაწერილი. მაგის კლასში 46 ბავშვია, ორ პარალელურ კლასში. დაფასთან დგას მერხები.

და ერთიც – თუ ვინმე განიცდის ამ ბავშვის ბედს, არაფერს აკეთებენ, უფლებების დამცველები თუ სოცმუშაკები. მე მირეკავენ აბა სად წავიყვანოთო. სინამდვილეში, ჩვენ როცა პრობლემა გვაქვს, არავინ გვეხმარება. თუ გინდათ მაგ ბავშვთან მიმართებაში, სანამ პატარა იყო და პრობლემები დაგვეწყო, ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ დაგვიმტკიცეთ თუ აშავებსო.
მშობელს რომ ვიბარებდით, მოსვლა არ უნდოდა. რა მოხდაო იძახდა. იმიტომაც ვერ მოდიოდა, რომ არავითარი უნარი არ ჰქონდა ამ ბავშვის მართვის. თუ მშობელი არ იქცევა სათანადოდ, ჩამოართვან მშობლის უფლება.

ეს ბავშვები სხვებს უფუჭებენ ცხოვრებას. ეგენი ქუჩაში სისტემურად იმართებიან, ეს ხომ ყველამ ვიცით, არა?

რა გავაკეთო? მას ერთი გრამი სურვილი არ აქვს, რომ დაეხმარო, პირიქით – შეუძლია ნებისმიერ ადამიანს იქეთ დაეხმაროს… ვინ რას უკეთებს მაგ ბავშვს, მე არ ვიცი, მაგრამ ყველა ფულს რომ ართმევს, ვიცი. ნაცემია? – დავიჯერო მამამ სცემა? მამა პირველ კლასშიც ურტყამდა ვითომ, მაგრამ სინამდვილეში, უმრავლეს შემთხვევაში, ქუჩაში ჰქონდა ნაჩხუბი და მამას აბრალებდა.

თიკო აბაშიძე – საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ილიაზე

ილია ჩვენ 9 თვის წინ ვიპოვეთ ქუჩაში. შემდეგ გაუჩინარდა და მეორედ ახლა ვნახეთ – სამი დღის წინ. ილიას ყოფილი სკოლის დირექტორმა მითხრა, რომ ბავშვი გასული სასწავლო წლის 25 მარტს ამორიცხა სიიდან. სხვა სკოლაში, სადაც ჩარიცხეს, მხოლოდ ერთი კვირა იარა მაისში.

ახლა ნოემბერია და ამ სკოლას არც წელს მოუკითხავს ბავშვი. კლასის დამრიგებელმა ერთხელ მოძებნა და ვერ მიაგნო მშობლებიო, ამბობენ სკოლაში, მაგრამ ამ ოჯახს ბინა არასდროს გამოუცვლია… სკოლის დირექტორს კანონში უწერია, რომ კლასის დამრიგებელმა ვიზიტი უნდა განახორციელოს ოჯახში, როცა ბავშვი არ ცხადდება, შემდეგ კი უნდა მიწეროს კომპეტენტურ ორგანოებს. ეს არ გაუკეთებიათ.

ილიას თავის ყოფილ სკოლაში უნდა დაბრუნება, მაგრამ იქ დირექტორი მეუბნება _ ჩვენთან არ ისწავლოს და სადაც გინდათ იქ გადაიყვანეთო.

ამ ბავშვების მიმართ სახელმწიფო გულგრილია – „იალქანი“, ჩვენი საქველმოქმედო ორგანიზაცია ძალადობის მსხვერპლ და ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს ეხმარება. ბავშვებს, რომლებიც არ არიან მარტო, მაგრამ დროის უმეტეს ნაწილს ქუჩაში ატარებენ. ჯამში 75 ბავშვი გვყავს, აქედან 35 სისტემატურად დადის, არ აცდენს გაკვეთილებს – მოხალისე პედაგოგები 8 საგანში ვამეცადინებთ უფასოდ. დანარჩენი ბავშვები მიდიან და მოდიან იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლიან ადგილს – ხან სოფელში მიდიან, ხან თურქეთში გადადიან. ბევრი ბავშვის დედა იქ არის გათხოვილი.

ამ ბავშვების ძირითადი პრობლემა არის განათლება და ურთიერთობა. ისინი არასრულფასოვნად, საზოგადოებისგან გარიყულებად გრძნობენ თავს. გვქონია შემთხვევები, როცა პედაგოგმა სოციალურად დაუცველ ბავშვებს სცემა.

ფინანსურად, იურიდიულად მეგობრები გვეხმარებიან – ძირითადად მეზღვაურები და პედაგოგები. გვინდოდა გვებრძოლა გრანტზე, გვეთანამშრომლა მერიასთან, მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა – ბათუმის მერია უკონტაქტოა, ყველაფერზე უარს გვეუბნებიან. მერიაში გაგზავნილი 100 წერილიდან პასუხი არც ერთზე მოუწერიათ.

თავიდან ვითხოვდით ფართობის დაფინანსებას. შევთავაზეთ გზებიც, თუ საიდან შეიძლებოდა დაფინანსების გამოყოფა. მერიას რამდენიმე პროექტი ჰქონდა გამოცხადებული, იქაც შევიტანეთ განაცხადი, მაგრამ უარი გვითხრეს.

წამლისთვის, საჭმლისთვის თანხის შეგროვება უფრო ადვილია, მაგრამ ფართობის თანხის შეგროვება ჭირს. ახლა ერთი თვის დავალიანება გვაქვს და შეიძლება გაგვასახლონ. ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს მივმართეთ, ეკონომიკის სამინისტროსაც, ბათუმში, ჯავახიშვილზე ფართობია – ის რომ გადმოეცათ, დღის ცენტრისა და კრიზისული ცენტრისთვის გვეყოფოდა. სრულყოფილ სერვისს შევთავაზებთ ბავშვებს.

მოხალისეობრივ სისტემას არ შევცვლით – საზოგადოებამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს. მაგრამ გვჭირდება კომუნიკაციის გადასახადი და ფართობის ქირა, – თვეში დაახლოებით 1500 ლარი.

თორნიკე თავაძის ფოტო 

პარკირების წესების დარღვევისთვის ბათუმში დღეს 600-მდე ადამიანი დაჯარიმდა

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ბათუმში, პარკირების წესების დარღვევის გამო, 576 ადამიანი დაჯარიმდა :

პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის დაჯარიმდა – 485 ადამიანი, ორმაგი პარკირებისთვის – 1, ნიშანში დგომის გამო – 54 ადამიანი, ტროტუარზე დგომისვის – 18 ადამიანი, ტაქსის და სპეცტქნიკის პარკირების საფასურის გადაუხდელობის გამო – დაჯარიმდა 1 ადამიანი, დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის – 16 და მხოლოდ 1 დაჯარიმდა ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის.

ბათუმში მე-2 საერთაშორისო ფორუმი: რელიგია და მშვიდობა ჩატარდება

 

ბათუმში, 12-13 ნოემბერს, კონფერენცია “ქართველ მუსლიმთა კავშირის” ორგანიზებით „ბათუმის მე-2 საერთაშორისო ფორუმი: რელიგია და მშვიდობა“ ჩატარდება.

კონფერენციის მიზანია სხვადსხვა რელიგიურ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობების და თანამშრომლობის გაღრმავება, რელიგიების დამოკიდებულებისა და ხედვის წარმოჩენა მსოფლიოში საყოველთაო მშვიდობის აუცილებლობის თაობაზე, სხვადასხვა რელიგიური მრწამსის  ადამიანებში ტოლერანტული, შემწყნარებლური გარემო წახალისება.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მრგვალი მაგიდა სახელწოდებით „მედიის როლი რელიგიურ და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის საქმეში“, რომელის წამყვანებიც იქნებიან უცხოური და ქართული მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთს გაუზუარებენ საუკეთესო გამოცდილებებს ამ სფეროში.

წლევანდელი კონფერენციის სტუმრები იქნებიან: ღირსი იოჰანე კანდელინი – პირველი ნაბიჯის ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი; იბრაჰიმ სალეჰ ალ ნაიმი, დოჰას ინტერ რელიგიური დიალოგის საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი, პროფესორი ნები გუმუში –  თურქეთის საელჩოს რელიგიურ საქმეთა ატაშე საქართველოში; ახუნდი აქბარ მუყადდასი – ყუმის უნივერსიტეტის პროფესორი (ირანი); ლორდ აჰმედ ნაზირი – პირველი მუსლიმი ევროპარლამენტარი და ორგანიზაცია “EMISCO” (ევროპელ მუსლიმთა ინიციატივა სოციალური ინტეგრაციისათვის”) – თავმჯომარე. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული პროფესორები, ირანისა და თურქეთის გენერალური კონსულები ქალაქ ბათუმში, სასულიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეები. ასევე საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. სპიკერები-პროფესორები, სასულიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ყატარიდან, კუვეიტიდან, აზერბაიჯანიდან, ბოსნა ჰერცოგოვინიდან.

საერთაშორისო კონფერენცია პირველად 2015 წელს ჩატარდა და ორგანიზატორების თქმით, იგი ყოველწლიური ღონისძიების სახეს მიიღებს. კონფერენცია 12-13 ნოემბერს დილის 10:30 საათიდან 18 საათამდე ქალაქ ბათუმი სასტუმრო “Radisson”- ში ჩატარდება, დასწრება თავისუფალია.

 

სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომა ქედაში” [ფოტო]

 

დღეს ქედაში სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომა ქედაში 2016″ იმართება. სხვადასხვა ღონისძიებები და გამოფენები ამ წუთებში ქედის გამარჯვების პარკში იმართება.

დღეს საპატიო ქედელის სტატუსი მიენიჭა  ბიბლიოთეკარს, პედაგოგს და ფრიდლნ ხალვაშის სახლმუზეუმის დირექტორს – ზურიეთ ბერიძეს, ექიმ-გინეკოლოგ მარინა პოლიაკოვას, გაზეთ “აჭარის” კორესპოდენტს ჟურნალისტ ოთარ ცინარიძეს, ისტორიკოს პუბლიცისტს შალვა აბაშიძეს და საგზაო ინჟინერს ვახტანგ ბერიძეს.

თამბაქოს საჭრელი



კაიმაღის გამოხდა სეფერატორიდან

ელექტრონული ჭადრაკი სკოლებში

ბათუმში ელექტრონულ ჭადრაკს ორ საჯარო და ერთ კერძო სკოლაში ასწავლიან. მთლიანად აჭარაში კი ელექტრონული ჭადრაკის სწავლება 42 სკოლაში უნდა დაიწყოს. პროგრამა საპილოტეა და სკოლების შემდეგ, საბავშვო ბაღებშიც დაინერგება. რა მოსწონთ და რას ვერ ეგუებიან ბავშვები  ელექტრონულ ჭადრაკში?

ელექტრონული ჭადრაკის გაკვეთილს „ბათუმელები“  ბათუმის  #2 საჯარო სკოლაში დაესწრო. გაკვეთილი მეორეკლასელებს ჩაუტარდათ და ის სალექციო ფორმატში მიმდინარეობდა. პროცესს მასწავლებელი პროექტორით ეკრანზე უჩვენებდა.

მასწავლებელი თამარ კვაჭანტირაძე გვეუბნება, რომ, რადგან მეორეკლასელებმა ჭადრაკის გაკვეთილები ახლახან დაიწყეს, ამიტომ ჯერ კომპიუტერებთან არ სხდებიან.  „დაახლოებით ათი გაკვეთილი მაინც უნდა მოისმინონ, რომ კომპიუტერთან   პრაქტიკულად იმუშაონ“.

ლუკა მეორეკლასელია. გვეუბნება, რომ ჭადრაკის გაკვეთილები „სამხიარულოა“. მას მოსწონს „პაიკი“, რომელსაც მხიარული ბიჭის სახე აქვს და ფოჩებიანი კოსტიუმი აცვია.

„ჭადრაკზე დავდივარ და ჩემთვის ნაცნობია ფიგურები. თუმცა, როცა ფიგურებით ვთამაშობ, უფრო მომწონს, რადგან მაგიდასთან თამაშის დროს მოწინააღმდეგეს ვხედავ,   კომპიუტერში კი – ვერა“, – გვეუბნება ის.

ლუკას მოპირდაპირედ ანდრია ზის. მას სახლში კომპიუტერი აქვს, მაგრამ ჭადრაკის გაკვეთილების მომზადება ავიწყდება.  „მისამართი დამავიწყდა და ვერ შევედი პროგრამაში“, – გვეუბნება ის. კითხვაზე, მოსწონს თუ არა ჭადრაკი, ანდრია გვპასუხობს:  „ისე, რა“.

ჭადრაკს გაკვეთილების დაწყებამდე თომაც თამაშობდა.  „რაში მეხმარება? აზროვნებაში“, –  გვეუბნება ის. თომას ელექტრონულ ჭადრაკში  „სახალისო ფიგურები“  მოსწონს.

მეგობრების აზრს ანაც იზიარებს და ამბობს, რომ  „ნამდვილი ფიგურებით თამაში“ უფრო მოსწონს. თუმცა დასძენს, რომ ელექტრონული გაკვეთილები მას ფიგურების სწორად დალაგებაში დაეხმარა.

ელექტრონული ჭადრაკის გაკვეთილი ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში
ელექტრონული ჭადრაკის გაკვეთილი ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში

„მე არ ვთამაშობდი მანამდე, მაგრამ არ გამჭირვებია სწავლა. რა მომეწონა? –  დედოფალი მომწონს, ძნელია მისი მოკვლა“, –  გვეუბნება მარი. ის ჭადრაკს მხოლოდ გაკვეთილზე სწავლობს.

ბავშვს საშინაო დავალების ანუ ელექტრონული გაკვეთილების მომზადება იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ სახლში ინტერნეტი აქვს. მასწავლებლის თქმით, ბავშვების გარკვეული ნაწილისთვის ინტერნეტი ხელმისაწვდომია.

ელექტრონულ ჭადრაკს მეორე და მესამე კლასებს დაწყებითის გადამზადებული პედაგოგი ასწავლის. ის არ არის პროფესიონალი მოჭადრაკე, თუმცა, როგორც თამარი გვეუბნება, ამ გაკვეთილების ჩატარება ჭადრაკის მოყვარულსაც შეუძლია.

„ჭადრაკი ვიცი მოყვარულის დონეზე, პროფესიონალი მოჭადრაკე არ ვარ, თუმცა გადამზადების დროს აგვიხსნეს, თუ როგორ უნდა ჩამერთო პროგრამა, როგორ ამეხსნა, გადამეგზავნა ვიდეოები ბავშვებისთვის და ა.შ.

იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე სპეციფიკური კითხვა უჩნდებათ ბავშვებს და მქონდა ასეთი შემთხვევაც, ვურეკავ ტრენერს და ის მიხსნის, თუ როგორ უნდა მივაწოდო ბავშვს ინფორმაცია“, – გვეუბნება პედაგოგი.

აჭარაში ჭადრაკის პედაგოგები საჭადრაკო კლუბ  „ნონას“  ინიციატივით გადაამზადეს.  „დავაფინანსეთ გადამზადება და ტრენერი, ალექსანდრე არსენიძეც [საერთაშორისო არბიტრი, ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი] მოვიწვიეთ“, – გვეუბნება მარიკა ჯაფარიძე, საჭადრაკო კლუბ  „ნონას“  მენეჯერი. მისი თქმით, პროექტი მსოფლიოში აპრობირებულია და მას ცნობილი მოჭადრაკეები კურირებენ.

საპილოტე ელექტრონული პროგრამის დანერგვა საბავშვო ბაღებშიც უნდა დაიწყოს, რასაც მარიკა ჯაფარიძე გვიდასტურებს, თუმცა ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნატალია ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საბავშვო ბაღები ჯერ არ შეურჩევიათ:  „სამი თვის წინ იყო შემოტანილი პროექტი, თუმცა შემდეგ ამაზე შეწყდა საუბარი.“

საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის თანამშრომელი ქეთი ჩხობაძე ამბობს, რომ სკოლებში ელექტრონული ჭადრაკის დანერგვის მიზანი ბავშვებში სხვადასხვა უნარის განვითარებაა.  „ვიცით, რომ ჭადრაკი არ არის მხოლოდ სპორტი და ის ბევრ დადებით უნარს ავითარებს. გარდა ამისა, სახალისო თამაშების მეშვეობით ბავშვები სწავლობენ და ივითარებენ კომპიუტერულ უნარებსაც“,  –  გვეუბნება ის.

ელექტრონული ჭადრაკის გაკვეთილი ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში
ელექტრონული ჭადრაკის გაკვეთილი ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში

ელექტრონული ჭადრაკის სწავლება 2015 წელს, სამხრივი მემორანდუმის საფუძველზე გადაწყდა. მემორანდუმი განათლების სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ჭადრაკის ფედერაციას შორის გაფორმდა.  „სამივე მხარემ აიღო გარკვეული ვალდებულებები. გადაითარგმნა ელექტრონული პროგრამა, რომელიც ადაპტირებულია მეორე და მესამე კლასელი ბავშვებისთვის. ჩვენ დავეხმარეთ ჭადრაკის ფედერაციას საპილოტე სკოლების შერჩევაში. საქართველოს ხუთი რეგიონიდან შეირჩა 300 სკოლა, მათ შორის აჭარაში“, –  ამბობს ქეთი ჩხობაძე.

საპილოტე პროგრამა ორწლიანია, შემდეგ კი სკოლა გადაწყვეტს გააგრძელებს თუ არა პროგრამას.

ელექტრონული ჭადრაკი დაწყებითი საფეხურის ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში არჩევით საგნად არის შეტანილი.

ბათუმში 104 აბი ნარკოტიკული საშუალება, ჰეროინის ფხვნილი და გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში 1976 წელს დაბადებული მ. კ., დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, ამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 104 აბი და აბის 4 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,83416 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. ასევე, ამოღებულია ჰეროინის შემცველი ფხვნილი და გამომშრალი მარიხუანა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

ქედაში საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები 250 ლარით დააჯარიმეს

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ნუგზარ მგელაძემ 250-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა ქედაში, სოფელ გოგიაშვილებში, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირებს და დარბაზიდან გაათავისუფლა.

გოგიაშვილებში საპროტესტო აქცია 9 ნოემბერს დაიწყო. აქ მოსახლეობა ელექტროგადამცემი ხაზების სისტემის დამონტაჟებას აპროტესტებს.

“დაგვარბიეს. 100-მდე პოლიციელი იყო მოსული და დაგვშალეს. ტრაქტორებმა მუშაობა უკვე დაიწყეს”, – ამბობს “ბათუმელებთან” შახო არძენაძე, სოფელ გოგიაშვილების მკვიდრი. მისი თქმით, პოლიციამ ის ოთხი პირი დააკავა, ვინც ტრაქტორს წინ გადაუდგა.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულებს ადმინისტრაციული წესით სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა ედებოდათ ბრალად.

მოსახლეობა საპროტესტო აქციას აგრძელებს სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით.

საწოლს მიჯაჭვულები და სახელმწიფო [ვიდეო]

რას აკეთებს სახელმწიფო ადამიანებისთვის, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო საწოლს მიჯაჭვული აღმოჩნდნენ – ნახეთ ადამიანები მთიდან, რომლებიც გარესამყაროს მოწყვეტილი არიან და ადამიანები, რომლებიც ვალდებულებამ მომვლელებად აქცია…

მესამე წელია შინმოვლის პროგრას ბათუმის მერია ახორციელებს. რას ცვლის მუნიციპალური პროგრამა ბათუმში ფიზიკურად დაუძლურებული ადამიანებისთვის?

6 ათასი დისკრიმინაციული განცხადება დასაქმების ბაზარზე

არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ დასაქმების შესახებ გამოქვეყნებული 85 ათასი განცხადების შესწავლის შემდეგ დაადგინა, რომ 6 090 განცხადება შეიცავს დისკრიმინაციულ ტერმინებს.

საქართველოს კანონმდებლობით, წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაცია იკრძალება. დამსაქმებელს უფლება არ აქვს, გასაუბრების დროს კითხვა დაგისვას ოჯახური მდგომარეობის შესახებ. თუ ამას აკეთებს, უნდა იცოდეთ, რომ ის თქვენს უფლებებს არღვევს.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტის, ადვოკატირების ჯგუფის კოორდინატორის, თიკო ნადარეიშვილის შეფასებით, დამსაქმებლები უნდა მოერიდონ ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორიცაა – „ასისტენტი გოგონა“, „უკომპლექსო“, „ლამაზი გარეგნობის“ და ა.შ. ხშირია შემთხვევები, როდესაც დამსაქმებელი აკონკრეტებს სქესს – „მამაკაცი“, ან „ქალი“. რაც ასევე დაუშვებელია, რადგან არც ამ ტერმინებს აქვს საერთო პროფესიულ უნარებთან თუ გამოცდილებასთან.

„ასეთი შინაარსის ტერმინები პირდაპირ მიუთითებს დისკრიმინაციაზე. ეს არ არის ადეკვატური მოთხოვნები და არ არის კავშირში სამუშაოს ხარისხიანად შესრულებასთან“, – მიაჩნიათ ორგანიზაციაში.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ ორ ვებგვერდზე – jobs.je-სა და hr.ge-ზე 2010-2014 წლებში გამოქვეყნებული 85 ათასი განცხადება სპეციალური მეთოდოლოგიით შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ შესწავლილი განცხადებების შვიდ პროცენტზე მეტი, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციული იყო.

ჯობს.ჯე-დან შევისწავლეთ 76 360 განცხადება, ჰრ.გე-დან კი – 14 376. შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია, სადაც მითითებული იყო დისკრიმინაციული სიტყვები. განცხადებებში სიტყვა „მამაკაცი“ 1 008-ჯერ დაფიქსირდა, „სასიამოვნო გარეგნობა“ – 1589-ჯერ, „სტაბილურობა“ კი – 780-ჯერ.

როცა განცხადებაში დამსაქმებელი წერს – „სტაბილური“, ამით სამსახურის მაძიებლის ოჯახურ მდგომარეობაზე მიუთითებს. ანუ, არის თუ არა გათხოვილი, ჰყავს თუ არა შვილები, ან ფეხმძიმედ ხომ არ არის… ეს, ბუნებრივია, დისკრიმინაციულია“, – გვეუბნება თიკო ნადარეიშვილი.

მისი თქმით, განცხადებები დისკრიმინაციას შეიცავს ორივე სქესის მისამართ: „წერია არა მხოლოდ „ლამაზი“ ან „სასიამოვნო გარეგნობის გოგონა“, არამედ „სიმპათიური მამაკაცი“. ასეთი იყო 90 პროცენტი“.

სოციალურ ქსელში გავრცელდა განცხადება, სადაც დამსაქმებელი პირდაპირ მიუთითებს, რომ ძიძას არ უნდა ჰქონოდა კილო: „…კარგი მეტყველების უნარი (არ უნდა ჰქონდეს კილო და დიალექტი)“. თიკო ნადარეიშვილის თქმით, მსგავსი ფრაზებიც დისკრიმინაციულია, რადგან „კილო არ უნდა ჰქონდეს“ -მიუთითებს მის წარმომავლობაზე ან ეთნიკურობაზე. ჩვენი კოდექსი, წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში ზღუდავს ეთნიკური, რასობრივი, გენდერის ნიშნით და ა.შ. დისკრიმინაციას“.

„ზოგჯერ არის მოთხოვნა, რომ სჭირდებათ მამაკაცი დირექტორის თანამდებობაზე, ან მაგალითად „იურისტი ქალი“. ესეც დისკრიმინაციულია. განცხადებაში არ უნდა იყოს მითითებული სქესი, თუ ამის აუცილებლობა და გონივრული საჭიროება არ არსებობს“.

დისკრიმინაციული განცხადებები შეფასების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველსაც გადაეგზავნა, რომელმაც რეკომენდაციით მიმართა jobs.je-სა და hr.ge-ს. სახალხო დამცველმა შესთავაზა მათ, რომ გაეკეთებინათ ზოგად სტრუქტურა, რაც განცხადებების გაფილტვრის წესის შემუშავებაში დაეხმარებოდათ. hr.g-მ მიიღო ეს წინადადება და ადვილად გადაჭრა პრობლემა, jobs.je კი ცინიკურად მიუდგა საკითხს და არ მიიღო ეს როგორც ვალდებულება, რადგან რეკომენდაცია იყო“.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლმა ამ საკითხზე გამოკითხვები ჩაატარა ათ რეგიონში, სადაც თიკო ნადარეიშვილის თქმით, ყოველი მეოთხე ადამიანი ამბობდა, რომ მათ უნახავთ დისკრიმინაციული განცხადებები.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ შრომის კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტსაც მიმართა. ინიციატივა მოისმინეს შესაბამის საპარლამენტო კომიტეტშიც.

იმ შემთხვევაში თუკი პარლამენტი კანონში ცვლილებებს შეიტანს, დასაქმების შესახებ განცხადებებში დისკრიმინაცია საკანონმდებლო დონეზე აიკრძალება.

ბსუ-ს პროფესორის ფეისბუქსტატუსს ომბუდსმენი სწავლობს

„მათ შვილებს და შვილიშვილებს შეექმნათ ერთნაირსქესიანთა ოჯახები, რათა უმოკლეს დროში ამოწყდეს მათი ბინძური გენი. ერთნაირსქესიანთა ოჯახი ხომ ვერ მრავლდება…“ – ეს ამონარიდია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ზებურ ავალიანის ფეისბუქპოსტიდან. პროფესორმა დისკრიმინაციული მოსაზრებით პარლამენტის ერთ-ერთ წევრს მიმართა. სახალხო დამცველი ზებურ ავალიანის სავარაუდო დისკრიმინაციული თავდასხმის საკითხს განიხილავს. რა მექანიზმი აქვს სახელმწიფოს, როცა ადამიანები ინტერნეტსივრცეში დისკრიმინაციულ მიდგომას აფიქსირებენ   „ბათუმელები“ სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ქეთევან შუბაშვილს ესაუბრა.

თქვენი დეპარტამენტი 2014 წლის ნოემბერში შეიქმნა და განიხილავთ დისკრიმინაციის სავარაუდო შემთხვევებს. რა მექანიზმი აქვს სახალხო დამცველს, როცა სოციალურ ქსელებში ფიქსირდება დისკრიმინაციული თავდასხმა?

ინტერნეტსივრცისთვის ცალკე მექანიზმი არ არსებობს. თუ ადგილი აქვს დისკრიმინაციის ფაქტს, შეგვიძლია მივმართოთ რეკომენდაციით, როგორც კერძო, ასევე საჯარო პირს. თუ დისკრიმინაციის წახალისებასთან ან ტირაჟირებასთან გვაქვს საქმე, ამ შემთხვევაში, ზოგადი წინადადებით მივმართავთ პირს. ყველა მსგავს სიტუაციაში ამოსავალია რამდენად ჯდება ამა თუ იმ პირის მოსაზრება გამოხატვის თავისუფლების საზღვრებში. თითოეულ შემთხვევას ცალკე განვიხილავთ. აღსრულების ბერკეტი სახალხო დამცველს არ გააჩნია, თუმცა არ ყოფილა შემთხვევა, როცა მიმართული რეკომენდაციის შესრულებაზე პირს უარი ეთქვას. ისინი დაუყონებლივ ცდილობენ აღმოფხვრან ფაქტი, ან გვაწვდიან წერილობით ახსნას, როდის შეასრულებენ რეკომენდაციას, ან ზოგად წინადადებას.

განიხილა თუ არა სახალხო დამცველმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ზებურ ავალიანის სავარაუდო დისკრიმინაციული თავდასხმის შემთხვევა?

განხილვა ჩვენს დეპარტამენტს ჯერ არ დაუსრულებია. შესაბამისად, ამ ეტაპზე კონკრეტული მოსაზრების დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ. ჩვენ არ განვიხილავთ ამას, როგორც ინტერნეტ თავდასხმასა და პარლამენტის წევრის შეურაცხყოფას, ან დისკრიმინაციული მიდგომას მის მიმართ. ეს სხვა ტიპის დავაა: კონკრეტული პირი [ზებურ ავალიანი] გამოთქვამს მოსაზრებებს ლგბტ თემის მიმართ და შესაძლოა, ეს შეფასდეს, როგორც დისკრიმინაციული.

როცა განვიხილავთ მსგავს შემთხვევებს, ამოსავალია, რა ნიშნით აყენებს პირი შეურაცხყოფას რომლიმე ჯგუფს, მაგალითად, სექსუალურ უმცირესობას, რელიგიურს, ეთნიკურს და ასე შემდეგ. პარლამენტის წევრი, ვის მიმართაც დაწერა პოსტი ლექტორმა, არ მიეკუთვნება ჩამომთვლილთაგან რომელიმე ჯგუფს. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვთქვათ, კონრეტული პროფესორის ფეისბუქ პოსტი დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავდა თუ არა. როცა მივიღებთ გადაწყვეტილებას, გადავუგზავნით მხარეს და საჯაროდაც გამოვაქვეყნებთ.

განუხილავს თუ არა თანასწორობის დეპარტამენტს მსგავსი შემთხვევა და ამ შემთხვევაში მიმართვის ადრესატი იქნება თუ არა თავად უნივერსიტეტი? ჩვენი ინფორმაციით, უნივერისტეტში სხვა ლექტორებსაც აქვთ დისკრიმინაციული მიდგომები.

ქეთევან შუბაშვილი
ქეთევან შუბაშვილი – სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მსგავსი შემთხვევა აქამდე არ გვქონია. ჩვენ უნდა მოგვმართოს პირმა, თუკი მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ჰქონდა ადგილი. ჩვენც შეგვიძლია საკუთარი ინიციატივით დავიწყოთ საქმის წარმოება… რაც შეეხება უნივერსიტეტს, შესაძლოა, მის მიმართაც შემუშავდეს რეკომენდაცია, თუკი დადგინდება, რომ სალექციო პერიოდშიც იყენებს ლექტორი ამ ლექსიკას.

კერძო პირების შემთხვევაში რა ბერკეტი აქვს სახალხო დამცველს, რეკომენდაციით მიმართვის გარდა?

არათუ აღსრულების, არამედ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის თანახმად, ისინი ვალდებულიც კი არ არიან, სახალახო დამცველს მოგვაწოდონ ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით. გვქონია წარმატებული შემთხვევებიც. მაგალითად, შპს „კრედოს“ მივეცით რეკომენდაცია, რომელიც შეეხებოდა ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციას. მოპასუხე ასახელებდა მიზეზებს, რომ ქალს, რომელიც გაათავისუფლეს, ჰქონდა დისციპლინური გადაცდომა, ამოეწურა ხელშეკრულება და გათავისუფლება არ უკავშირდებოდა მის ორსულობას. რეკომენდაციით მიმართვის შემდეგ, სასამართლო დავა აღარ დარჩა საჭირო და ამ ორგანიზაციამ გააგრძელა შრომითი ხელშეკრულება ამ პირთან.

სასამართლო დავის შემთხვევაში რა გავლენა აქვს სახალხო დამცველის რეკომენდაციას, რომელიც მხარემ არ შეასრულა?

დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევაში, სასამართლოსთვის მიმართვის ვადა არის სამი თვე. ჩვენ საკმაოდ ბევრი საქმე გვაქვს განსახილველი და ხშირად ვერ ვასწრებთ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ფაქტის შესწავლას. ერთი შემთხვევა გვქონდა, როცა ქირავნობის ხელშეკრულება შეწყდა აუტისტური სინდრომის მქონე ბავშვის გამო. დიასახლისი ამბობდა ფრაზებს, რომ ის არის ავადმყოფი და თუ არ დაცლიდა ოჯახი ბინას, გადაწვავდა ყველაფერს, ღამით გამოყარა სახლიდან. ჩვენ ამ ოჯახს რეკომენდაციით მივმართეთ, მაგრამ არ გაითვალისწინეს. სასამართლოში საქმეს ჩვენი რეკომენდაციაც დაერთო და დაკმაყოფილდა მოთხოვნა.

როგორია პრაქტიკა საჯარო უწყებების შემთხვევაში?

ბოლოს განათლების სამინისტოს შემთხვევა განვიხილეთ – ერთ-ერთ გრიფირებულ სახელმძღვანელოში არასწორადაა გადმოცემული აივ ინფექციის და შიდსის შესახებ მონაცემები. წერია, რომ ეს ერთი და იგივეა. ამავე სახელმძღვანელოს მიხედვით, წამალდამოკიდებული პირები საშიშროებას წარმოადგენენ საზოგადოებისთვის. განათლების სამინისტრომ გვიპასუხა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების მომდევნო გრიფირების პროცესში სახალხო დამცველის წინადადებას გაითვალისწინებენ.
ჩვენთვის გასაგებია, რომ სახელმძღვანელოს ჩანაცვლება გარკვეულ ფინანსებთან იქნებოდა დაკავშირებული. თუკი სამინისტრო მომავალი წლისთვის ამას გაითვალისწინებს, ჩავთვლით, რომ წინადადების მიზანი მიღწეულია.

2014 წლიდან დღემდე საჯარო უწყებების მხრიდან რამდენჯერ დაფიქსირდა დისკრიმინაციის ან მისი წახალისების ფაქტი?

10 შემთხვეა გვქონდა. რეკომენდაციები იყო სხვადასხვა, მაგალითად, სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართ გვქონდა რეკომენდაცია და შეეხებოდა სავარაუდო ლგბტ თემის პატიმრების არაადეკვატურ გარემოში განთავსებას, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა. სამინისტრომ ეს მოთხოვნა შეასრულა. ბოლოს ქედის საკრებულოსაც მივმართეთ საჯარო წინადადებით, რომ შეიკავონ თავი სექსისტური გამონათქვამებისგან. გახსოვთ, ალბათ, საკრებულოს წევრმა მამაკაცებმა ქალებს უთხრეს, ახლა კაცებმა უნდა ვილაპარაკოთ და ქალებმა დაგვტოვეთო.

ფიქრობთ თუ არა, რომ უნდა შეიცვალოს სახალხო დამცველისთვის მექანიზმები დისკრიმინაციის რეაგირების შემთხვევებზე?

კი, ეს არის ჩვენი მოთხოვნა და საკანონმდებლო წინადადებაც წარვადგინეთ პარლამენტში 2015 წლის თებერვალში. განხილვები იყო, მაგრამ პლენარულ სხდომაზე ის არ გაუტანიათ. მომავალ პარლამენტში აუცილებლად ვეცდებით ამ საკითხის გააქტიურებას. მართალია, კონსტიტუციური ბუნებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის რეკომენდაციას ვერ ექნება ვალდებულებითი ხასიათი, მაგრამ გვინდა, რომ კერძო პირს ჰქონდეს ვალდებულება, მოგვაწოდოს ინფორმაცია განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, ასევე სასამართლოსთვის მიმართვის ვადა სამი თვიდან ერთ წლამდე გაიზარდოს.

ქედაში საპროტესტო აქციაზე სამი პირი დააკავეს

ქედაში, სოფელ გოგიაშვილებში, საპროტესტო აქციაზე პოლიციელებმა სამი პირი დააკავეს. სოფელში  უკვე მუშაობს მძიმე ტექნიკა.

გოგიაშვილებში საპროტესტო აქცია გუშინ დაიწყო. მოსახლეობა ელექტროგადამცემი ხაზების სისტემის დამონტაჟებას აპროტესტებს.

“დაგვარბიეს. 100-მდე პოლიციელი იყო მოსული და დაგვშალეს. ტრაქტორებმა მუშაობა უკვე დაიწყეს…” – ამბობს “ბათუმელებთან” შახო არძენაძე, სოფელ გოგიაშვილების მკვიდრი. მისი თქმით, პოლიციამ ის ოთხი პირი დააკავა, ვინც ტრაქტორს წინ გადაუდგა.

მოსახლეობა საპროტესტო აქციას განაგრძობს სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით. შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულებს  ადმინისტრაციული წესით სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა ედებათ ბრალად.

gogiashvilebi

 

სოფელ გოგიაშვილებში მოსახლეობის პროტესტის გამო პოლიციაა მობილიზებული

ამ დრომდე გრძელდება საპროტესტო აქცია ქედაში, სოფელ გოგიაშვილებში. ადგილობრივები მძიმე ტექნიკას შესვლის საშუალებას არ აძლევენ სოფელში , სადაც ახალი ელექტროგადამცემი ხაზების სისტემა უნდა დამონტაჟდეს. აქციის მონაწილეების თქმით, ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

“ჩვენს სოფელში ანძებს არ დავადგმევინებთ. ეს იწვევს უშვილობას, სიმსივნეს. არის საშუალება, რომ მდინარის პირას გაიყვანონ ელექტროხაზები, მაგრამ არ უნდათ. ეტყობა, პროექტში ფული უკვე გადახდილია და მისი შეცვლა არ უნდათ,” – ამბობს “ბათუმელებთან” გოგიაშვილების მკვიდრი, შახო არძენაძე.

“მოსახლეობის წინააღმდეგობა უსაფუძვლოა,” – გვითხრა გიორგი შარკოვმა, სააქციო საზოგადოება “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” მმართველთა საბჭოს წევრმა. მისი თქმით, პროექტში ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მოსახლეობის ჩართულობით არაერთი ცვლილება შევიდა.

“მათ არ უნდათ მოსმენა, უსასრულო ცვლილებები შეუძლებელია, გადამცემი ხაზები მაქსიმალურად დაშორებულია სოფელს და სხვა მარშრუტის შესაძლებლობა არ არსებობს,” – ამბობს შარკოვი.

აპირებს თუ არა “სახელმწიფო ელექტროსისტემა” პოლიციის გამოყენებას იმისთვის, რომ ტექნიკამ სოფელში მუშაობა შეძლოს? – გიორგი შარკოვმა “ბათუმელების” შეკითხვას ასე უპასუხა: “გამოვიყენებთ კანონით განსაზღვრულ ფორმას”.

“ბათუმელების” სატელეფონო ზარს არ უპასუხა ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით დუმბაძემ. გოგიაშვილების მკვიდრის, შახო არძენაძის ინფორმაციით, გამგებელი აქციაზე იმყოფება: “გვეხვეწება, დაიწიეთ უკან, ასე არ შეიძლებაო.”

საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებებისათვის” ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძეც: “მოსახლეობის პროტესტი არის სამართლიანი. საპროტესტო აქცია ამ ადამიანებმა გამართეს წინასაარჩევნო პერიოდშიც. მაშინ გიორგი შარკოვმა გვითხრა, რომ ალტერნატიული პროექტი შემუშავდებოდა. დღეს გავიგეთ, რომ თურმე ალტერნატივის შემუშავება შეუძლებელია, თუმცა მათ ვერ წარმოგვიდგინეს გეოლოგების დასკვნა ან რამე დოკუმენტი, რაც ამას დაადასტურებდა”.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ და შპს ,,აჭარისწყალი ჯორჯია” აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ერთობლივად ახორციელებენ ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების პროექტებს, რომლის ფარგლებში, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) დაფინანსებით ხორციელდება ახალციხე – ბათუმის 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა. ამ ხაზით მოხდება ახალი ჰესების (,,შუახევის“ და ,,კორომხეთის“ ჰესები) მშენებლობის შედეგად გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემა, განაწილება ან/და ექსპორტი.

აჭარაში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს, ახალციხე-ბათუმის 220 კილოვოლტიან ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში, ინდური კომპანია KEC-ი ააშენებს. ელექტროგადამცემი ხაზი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გაივლის.

gogiashvilebi 4

gogiashvilebi 5

gogiashvilebi 2
სოფელი გოგიაშვილები. 9.11.2016 /ფოტომასალა აქციის მონაწილეებმა მოგვაწოდეს.

 

მოსამართლეთა დანიშვნის წესს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ახალი შემადგენლობით ამ წუთებში განიხილავს მოსამართლეთა დანიშვნის წესს. დავის საგანია ჩანაწერი ორგანულ კანონში “საერთო სასამართლოების შესახებ”, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს ვალდებულება მოსამართლეთა კონკურსის მონაწილეს დაუსაბუთოს, რის გამო არ მოხდა მისი არჩევა. ამასთანავე, იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერთადერთი ორგანოა, რომელსაც საერთო სასამართლოებში მოსამართლის დანიშვნა შეუძლია.

მოსარჩელე სამი ყოფილი მოსამართლეა. მათ კონკურსში რამდენჯერმე მიიღეს მონაწილეობა 2006 წლიდან დღემდე, თუმცა უშედეგოდ.

“მოსარჩელეებს არ აქვთ შესაძლებლობა სასამართლო წესით დაიცვან თავიანთი დარღვეული უფლება, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან,”- ამბობს “ბათუმელებთან” არჩილ ჩოფიკაშვილი, “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი.

“მოსამართლეთა შერჩევა ხდება ფარული კენჭისყრით, რაც დასაბუთების ვალდებულებას გამორიცხავს,” – აღნიშნა თავის გამოსვლაში პარლამენტის წარმომადგენელმა. მოპასუხე მხარის განმარტებით, დეტალური აღწერა შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს იუსტიციის საბჭოს წევრთა “შინაგანი რწმენისთვის”, რის საფუძველზეც ისინი მოსამართლეებს აძლევენ, ან აძლევენ ხმას.

“ბათუმელები” კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს საერთო სასამართლოების მოსამართლეების დანიშვნის არსებულ წესს, მოსარჩელე მხარის ინტრესების დამცველი, არჩილ ჩოფიკაშვილი გვპასუხობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დასაბუთების ვალდებულება დაეკისრება. კონკურსის მონაწილეებს კი, გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება მიეცემათ.

არჩილ ჩოფიკაშვილთან ერთად, მოსარჩელეების ინტერესს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი, გიორგი გოცირიძე იცავს.

პლენუმის სხდომა ზაზა თავაძემ გახსნა, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ. მან სასამართლოს ახალ წევრებს – ირინე იმერლიშვილს და გიორგი კვერენჩხილაძეს წარმატება უსურვა. 

282 ათასი ლარი ბათუმის მერიის შენობის რემონტისთვის

ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის [ლუკა ასათიანის ქ. N25] სარემონტო სამუშაოებისა და შშმ პირთა ადაპტირებული ლიფტის მოწყობისთვის ბათუმის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 282 ათას 50 ლარია.

ლიფტი - ფოტომონტაჟი სატენდერო დოკუმენტაციიდან
ლიფტი – ფოტომონტაჟი სატენდერო დოკუმენტაციიდან

არსებული პროექტის მიხედვით შშმ პირთა ადაპტირებული ლიფტი ადმინისტრაციულ შენობას ეზოს მხრიდან მიედგმება.

შენობის ფასადის საღებავის ფერები ჯერ არ არის შერჩეული და ის შემდგომში უნდა შეთანხმდეს მერიასთან. არსებული ფასადის ფერების შენარჩუნების შემთხვევაში კი ფერის ნიმუშები რეაბილიტაციამდე კიდევ ერთხელ უნდა გადამოწმდეს ადგილზე.

ლუკა ასათიანის N25-ში მდებარე ბათუმის მინიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, შენობის სარემონტო სამუშაოები შეთანხმებულია სააგენტოსთან.

სააგენტოსთან შეთანხმდება ასევე შენობის ფასადის ფერიც.

ტენდერის პირობების თანახმად, მონაწილე პრეტენდენტს უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში [2011 წლიდან 2016 წლის ნოემბრამდე] შესრულებული უნდა ჰქონდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 500 ათასი ლარის ოდენობით.

სამუშაოების შესრულება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღის განმავლობაში, კერძოდ:

  • შენობის შიდა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში;
  • შენობის ფასადის სამუშაოები, შენობის შიდა სამუშაოების დასრულებიდან 90 დღეში.

ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 29 ნოემბერს დასრულდება.

ფოტომასალა სატენდერო დოკუმენტაციიდან
ფოტომასალა სატენდერო დოკუმენტაციიდან

 

უცხოური ინვესტიციები აჭარაში ქვეყნების მიხედვით

აჭარაში, 2013 წლიდან 2016 წლის ექვსი თვის ჩათვლით განხორციელებულია 683,5 მილიონი აშშ დოლარის კერძო უცხოური ინვესტიცია. აქედან 341,1 მილიონი აშშ დოლრის მხოლოდ ბათუმში. ყველაზე მსხვილი ნორვეგიულ-ინდური ინვესტიცია აჭარის მთაში ჰესების მშენებლობას უკავშირდება.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კერძო უცხოური ინვესტიცია ძირითადად განხორციელდა ტურიზმის, მშენებლობის, ენერგეტიკისა და სხვა დარგებში.

ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა
ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

2013-2015 წლებში აჭარაში 93 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინგლისური ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო 2014-2015 წლებში 28,2 მილიონი დოლარის აზერბაიჯანული ინვესტიცია. გასულ წელს აჭარაში ასევე განხორციელდა 19 მილიონზე მეტი დოლარის ავსტრიული ინვესტიცია.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აჭარაში კერძო უცხოური ინვესტიციების უფრო მეტად დიფერენცირება ინვესტორი ქვეყნების მიხედვით ვერ ხერხდება. მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს ინვესტიციების შესახებ ინფორმაცია ქვეყნების მიხედვით მოვთხოვეთ, სამინისტრომ წლების მიხედვით მხოლოდ 4 ქვეყნის [საიდანაც ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა] შესახებ მოგვაწოდა მონაცემები.

„ინფორმაციას ამ მეთოდით ვამუშავებთ და, შესაბამისად, როგორც მოგაწოდეთ სწორი ფორმაა“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

მაგალითად, სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში 2013 წელს 10,2 მილიონი აშშ დოლარის უკრაინული ინვესტიცია განხორციელდა. თუმცა, მომდევნო წლებში განხორციელდა თუ არა კონკრეტულად ამ ქვეყნიდან ინვესტიცია, სამინისტროდან მოწოდებულ ინფორმაციაში არ ჩანს.

სამინისტროდან მიღებულ პასუხში არ იყო ინფორმაცია აჭარაში განხორციელებული რუსული ინვესტიციის შესახებაც, რაც სამინისტროს ცალკე მოვთხოვეთ. აღმოჩნდა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რეგიონში 17 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციაა განხორციელებული ამ ქვეყნიდან.

უცხოური ინვესტიციები აჭარაში , აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით
უცხოური ინვესტიციები აჭარაში , აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით

ოცდაერთი ვიდეოარტი ოლგა იურგენსონისგან ბათუმის ხელოვნების სივრცეში

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე ოლგა იურგენსონს უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ოცდაერთი თანამედროვე ხელოვანის ვიდეოარტი სხვადასხვა გლობალურ და ეგზისტენციალურ საკითხებზე.

გამოფენა შაბათს, 12 ნოემბერს – 18:00-ზე გაიხსნება და რვა დეკემბრამდე გაგრძელდება.
14971067_10209756293637705_1700090391_o

Exit mobile version