მთავარი,სიახლეები

როდის მიიღებენ ხელფასს ჭვანის საბავშვო ბაღის თანამშრომლები

14.11.2016 • 1418
როდის მიიღებენ ხელფასს ჭვანის საბავშვო ბაღის თანამშრომლები

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანის საბავშვო ბაღის თანამშრომლებს ორი თვეა ხელფასი არ აუღიათ. მათ სამუშაო ხელშეკრულება წელს, ორჯერ –  სამი თვით, ხოლო შემდეგ წლის ბოლომდე გაუგრძელდათ. ხელშეკრულებას ვადა არ გასვლია, თუმცა ბაღში დასაქმებულები კუთვნილ ხელფასს ვერ იღებენ.

შუახევის ბაგა-ბაღების გაერთიანების ბუღალტერი მიხეილ ცეცხლაძე განმარტავს, რომ ხელფასი თანამშრომლებმა მხოლოდ იმის გამო ვერ მიიღეს, რომ საბავშვო ბაღში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

„სოფელ ჭვანაში ბაღი ორსართულიანი შენობის პირველ სართულზე ფუნქციონირებდა. სურსათის უვნებლობის სამსახურმა გვითხრა, ნესტია და ბაღი გაუქმდება, თუ არ გადაიტანთო. შენობის მეორე სართულის რემონტი მიმდინარეობს, სადაც ბაღი უნდა გადავიტანოთ. სარემონტო სამუშაოები აგვიტოში დავიწყეთ და დასრულების ფაზაშია. რადგანაც ბაღი არ ფუნქციონირებდა, ხელფასების გაცემა შეჩერდა. როგორც კი ბაღი ფუნქციონირებას დაიწყებს, ალბათ, მერე ეკონომიის ხარჯზე გავცემთ იმ ხელფასებს, სრულად ავუნაზღაურებთ, არც ერთი თეთრი არ დაეკარგებათ“, –  ამბობს მიხეილ ცეცხლაძე.

ჭვანის საბავშვო ბაღში 10 ადამიანია დასაქმებული. მიხეილ ცეცხლაძის ინფორმაციით, მათ გაერთიანებამ სამუშაო ხელშეკრულება 2016 წლის იანვარში 10 თვით გაუფორმა, შესაბამისად, სახელშეკრულებო ვადა მათ ოქტომბერში ამოეწურათ.

„ვადის გასვლის შემდეგ ავტომატურად გაუგრძელდებათ მათ ხელშეკრულება“, –  ამბობს აიპის მთავარი ბუღალტერი.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, აიპები გამგეობის დაქვემდებარებაშია. შესაბამისად, ფინანსურ ხარჯებს მათ, მოთხოვნის  საფუძველზე, გამგეობა გამოუყოფს. კითხვას, აიღებენ თუ არა ორი თვის ანაზღაურებას ბაღის თანამშრომლები? – შუახევის გამგებელმა ასე უპასუხა:

„ვერ გეტყვით, ჩვენ სამართლებრივად და კანონმდებლობის შესაბამისად ვიმოქმედებთ. შევეცდებით მაქსიმალურად დავარეგულიროთ ეს საკითხი ისე, რომ გათვალისწინებული იყოს დასაქმებულთა ინტერესი, არც ბიუჯეტმა იზარალოს და არც კანონდარღვევა გამოგვივიდეს. როდესაც ისინი არ მუშაობდნენ და ჩვენ ხელფასები გაგვეცა, ეს კანონდარღვევა იქნებოდა“.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე და იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ აიპ-ში დასაქმებულთა უფლებები შრომითი ხელშეკრულებით რეგულირდება:

„აიპ-ში დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობები შრომის კოდექსით რეგულირდება. დამსაქმებლის იძულებით მოცდენის გამო ანაზღაურების გაჩერების უფლება დამსაქმებელს არ აქვს თუ მათ შორის მსგავსი შეთანხმება არ არის“.

ჭვანის ბაღის თანამშრომელთა სამუშაო ხელშეკრულებაში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს.

გადაბეჭდვის წესი