კვირის ამბები,მთავარი,სიახლეები

მერია შვიდი სპორტული კლუბის ლიკვიდაციას გეგმავს

15.11.2016 • 2019
მერია შვიდი სპორტული კლუბის ლიკვიდაციას გეგმავს

ბათუმის მერია შვიდი მუნიციპალური ორგანიზაციის ლიკვიდაციას გეგმავს, შვიდივე სპორტული კლუბის საქმიანობის მართვას ემსახურება. სხვადასხვა კომპანიის ერთი აიპის მართვაში გაერთიანების იდეას მერიაში მენეჯმენტის გაუმჯობესების სურვილით ხსნიან. ამ სპორტული კლუბებიდან ბევრმა მიზერული დაფინანსების პირობებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

ბათუმის ხელბურთის კლუბი „ბათუმი“ შავი ზღვის თასის გათამაშების გამარჯვებული და ორგზის ქვეყნის ჩემპიონია. „შავი ზღვის ბიჭებმა“ დაარსებიდან დღემდე კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. ამ კლუბის წარმატებების შედეგია ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილება 2017 წელს ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში გამართვაზე. ამის შესახებ 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს დოჰაში (ყატარი) გამართულ კონგრესზე გახდა ცნობილი, რომელსაც ბათუმის მაშინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილიც ესწრებოდა. 2015 წელს კლუბის დაფინანსება 280 000 ლარი იყო, ამ წელს ხელბურთის კლუბმა – „ბათუმი“ საქართველოს თასი მოიპოვა. ამ წარმატებების მიუხედავად მერიაში მიიჩნევენ, რომ კლუბს ცუდად მართავენ, ამიტომაც ორგანიზაციის ლიკვიდაცია და კლუბის სხვა კლუბებთან ერთ მართვაში გაერთიანება იგეგმება.

მერიის სპორტის სამსახურის უფროსმა ია შალამბერიძემ საკითხის განხილვისას ბიუროს სხდომაზე საკრებულოს წევრებს უთხრა, რომ მერიამ სპორტულ ფედერაციებს კლუბების მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ აცნობა და „იქედანაც მოვიდა პასუხი, რომ კლუბებს არანაირი დაბრკოლება თავიანთ საქმიანობაში არ შეექმნებათ.“ ორგანიზაციების დირექტორებმა მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ „ბათუმელებიდან“ გაიგეს.

შპს „ხელბურთის კლუბი ბათუმის“ დირექტორს სპორტული ორგანიზაციების კლუბების ერთ მართვაში გაერთიანებაზე არა ოფიციალური, არამედ ზეპირი ინფორმაცია აქვს. ის გაერთიანების იდეას არ იწუნებს და ამბობს, რომ ეს მას საშუალებას მისცემს დირექტორის მოვალეობები აირიდოს და გუნდის მენეჯერი გახდეს. თუმცა იმაზე, თუ რამდენად მიზანშეწონილი იქნება სპორტის სხვადასხვა სახეობის ერთ მართვაში მოქცევა, ორგანიზაციის დირექტორი, გია ბზეკალავა არ საუბრობს: `ეს არ ვიცი, წინასწარ ვერ ვიტყვი გაამართლებს თუ არა.“

საკალათბურთო კლუბის ხელმძღვანელმა, კახა დევაძემ მისი ორგანიზაციის მოსალოდნელი ლიკვიდაციის შესახებ არაფერი იცის: „ადრე იყო მაგაზე საუბარი და ჩავარდა. ისევ იგეგმება? არაფერი ვიცი.“ სპორტის სხვადასხვა სახეობის ერთ მართვაში გაერთიანების მიზანშეწონილობაზე საუბარი არც მას სურს: „ხომ მაქვს უფლება არ გიპასუხოთ.“

წარმატებულია სარაგბო კლუბი „ბათუმიც“ – 2016 წლის აგვისტოში ბათუმის სარაგბო კლუბი „შვიდკაცა“ რაგბის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე, მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა. მერიის ინიციატივის დამტკიცების შესახებ დაზუსტებით არც სარაგბო კლუბის ხელმძღვანელმა იცის: „ვიცი, რომ ადრე იყო ამაზე საუბარი და ჩავარდა“.

ბათუმის მერიის ცხრა მუნიციპალური ორგანიზაცია ემსახურება სპორტული კლუბების მართვას, აქედან მერიამ შვიდის გაერთიანება გადაწყვიტა. განკარგულების პროექტში, რომელიც საკრებულოს ბიურომ უკვე განიხილა ოთხი მუნიციპალური შპს და ორი აიპი შედის [შპს „სარაგბო კლუბი ბათუმი“, შპს „საკალათბურთო კლუბი ბათუმი 2010“, შპს ფრენბურთის კლუბი „ბათუმი“, შპს წყალბურთის კლუბი „ბათუმი“, ააიპ „საცხენოსნო კლუბი“ და ააიპ „ბათუმის ავტოდრომი“. ჩამონათვალში არ არის ბათუმის „დინამო“ და „ყინულის სასახლე“.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი, რომელიც გაერთიანების საკითხს მხარს არ უჭერს, დაინტერესდა რა ნიშნით გამოარჩია მერიამ ეს ორი ორგანიზაცია, რაზეც ია შალამბერიძემ უპასუხა, რომ ყინულის სასახლეს სპეციფიკური შესყიდვები სჭირდება, ხოლო „დინამოს“ შესყიდვები საერთოდ არ სჭირდება:

„მერია ახალი აიპის განთავსებას აეროპორტის გზატკეცილზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობაში გეგმავს, სადაც მერიის აუდიტის სამსახურია განთავსებული. ამ შენობაში მერიას ახალი აიპისთვის ოთხი თავისუფალი ოთახი აქვს. საკრებულოს წევრები მიიჩნევენ, რომ შვიდი სპორტული კლუბისთვის ოთხი ოთახი საკმარისი არ იქნება, რაზეც მერიის სპორტის განყოფილიების უფროსმა უპასუხა, რომ `საცხენოსნო კლუბს ოფისში ადგილი არ სჭირდება.“

შვიდი მუნიციპალური ორგანიზაციის გაერთიანების საკითხი საკრებულომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე არ დაამტკიცა. მაშინ მერიასა და საკრებულოს ახალი აიპების შექმნის ხარჯზე „შტატების გაბერვას“ საყვედურობდნენ. შვიდი წარმატებული შპს-ის ლიკვიდაციაზე თანხმობა ბევრი დასაქმებული „ამომრჩევლის“ გათავისუფლების საფუძველი გახდებოდა.

იმავე საკითხით მერიამ არჩევნების შემდეგ საკრებულოს ისევ მიმართა. ბიუროს სხდომაზე მერიის სპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა მერიის ინიციატივა მენეჯმენტის გაუმჯობესების სურვილითა და ფინანსების დაზოგვით ახსნა: „ისინი ახორციელებენ თითქმის ერთგვაროვან საქმიანობას და მათ სჭირდებათ ერთგვაროვანი შესყიდვები და სატრანსპორტო მომსახურება“. თუმცა, საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარის კითხვაზე, დაახლოებით რამდენით დაიზოგება ბიუჯეტი, მან არათუ დაზუსტებული, არამედ სავარაუდო ციფრიც კი ვერ დაასახელა: „22 000 ლარი მხოლოდ ოფისების ხარჯი გამოგვაკლდება, რადგან არც ერთ ორგანიზაციას არ აქვს საკუთარი შენობა.“

ია შალამბერიძის ინფორმაციით, ორგანიზაციების დირექტორები კლუბების მენეჯერები გახდებიან და ინიციატივა შტატების შემცირებასა და დასაქმებული პირების გათავისუფლებაზე ორიენტირებული არ არის. თუმცა, იქვე განაცხადა, რომ ორგანიზაციას ექნება ერთი ადმინისტრაცია და „ბუნებრივია, მას 7 ბუღალტერი და შესყიდვების სამსახური აღარ დასჭირდება.“ ახალი ორგანიზაციის ერთ დირექტორს ალბათ არც 7 მოადგილე დასჭირდება.

მერიის ინფორმაციით, ერთი ა(ა)იპის მართვის ქვეშ გაერთიანებულ კლუბებს ექნება ძლიერი ადმინისტრაცია ერთიანი საქმის წარმოებით, შესყიდვებითა და ანგარიშგების ფორმით. ერთიანი ადმინისტრირება კი მათ მეტი განვითარების საშუალებას მისცემს, რაც კლუბების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მიზანი არის მოგება, რაც ჩვენი კლუბების მიზანი არ არის. გარდა ამისა, გაერთიანების შექმნა სპონსორის დაინტერესების შემთხვევაში კლუბების წილების ან მთლიანად კლუბების გასხვისებას ხელს არ შეუშლის“, – განმარტა მერიის სპორტის სამსახურის ხელმძღვანელმა.

შვიდ მუნიციპალურ ორგანიზაციაში, რომელთა გაერთიანებაც მერიას სურს, 39 პირია დასაქმებული. რამდენი დაკარგავს სამსახურს გაერთიანების შემდეგ? – დაზუსტებული პასუხი მერიას ჯერ არ აქვს.

2016 წლის ბიუჯეტში მერიამ სპორტული განვითარების ხელშეწყობის დაფინანსების ნაწილში 11 მილიონი ლარი გაითვალისწინა, აქედან სპორტული საკლუბო გუნდების მხარდაჭერისთვის – ხუთი მილიონი ლარი.

ბიუროს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კოლეგებს მოუწოდა არ დათანხმდნენ ორგანიზაციების გაერთიანებას: „მითუმეტეს, რომ მომავალ წელსაც მერის და ახალი საკრებულოს არჩევნებია, მოვა ახალი მერი ახალი სტრატეგიით და მან გადაწყვიტოს.“ ბიუროს სხდომაზე საკითხის მიზნობრიობა გაუგებარი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარისთვისაც, ხელი მან წინააღმდეგ აწია. თუმცა ბიუროს სხვა წევრების მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ უმრავლესობიდან საკითხის კომისიებზე გადასაცემად საკმარისი მაინც აღმოჩნდა. ირაკლი მიქელაძეს კოლეგა, ლევან კინწურაშვილი შეჰპირდა, რომ მას აუცილებლად დაარწმუნებს.
15053268_1495470253815729_5199701_o

გადაბეჭდვის წესი


ასევე: