Batumelebi | მოსამართლეთა დანიშვნის წესს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს მოსამართლეთა დანიშვნის წესს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს – Batumelebi
RU | GE  

მოსამართლეთა დანიშვნის წესს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ახალი შემადგენლობით ამ წუთებში განიხილავს მოსამართლეთა დანიშვნის წესს. დავის საგანია ჩანაწერი ორგანულ კანონში “საერთო სასამართლოების შესახებ”, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ აქვს ვალდებულება მოსამართლეთა კონკურსის მონაწილეს დაუსაბუთოს, რის გამო არ მოხდა მისი არჩევა. ამასთანავე, იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილება არ საჩივრდება. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერთადერთი ორგანოა, რომელსაც საერთო სასამართლოებში მოსამართლის დანიშვნა შეუძლია.

მოსარჩელე სამი ყოფილი მოსამართლეა. მათ კონკურსში რამდენჯერმე მიიღეს მონაწილეობა 2006 წლიდან დღემდე, თუმცა უშედეგოდ.

“მოსარჩელეებს არ აქვთ შესაძლებლობა სასამართლო წესით დაიცვან თავიანთი დარღვეული უფლება, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან,”- ამბობს “ბათუმელებთან” არჩილ ჩოფიკაშვილი, “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი.

“მოსამართლეთა შერჩევა ხდება ფარული კენჭისყრით, რაც დასაბუთების ვალდებულებას გამორიცხავს,” – აღნიშნა თავის გამოსვლაში პარლამენტის წარმომადგენელმა. მოპასუხე მხარის განმარტებით, დეტალური აღწერა შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს იუსტიციის საბჭოს წევრთა “შინაგანი რწმენისთვის”, რის საფუძველზეც ისინი მოსამართლეებს აძლევენ, ან აძლევენ ხმას.

“ბათუმელები” კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს საერთო სასამართლოების მოსამართლეების დანიშვნის არსებულ წესს, მოსარჩელე მხარის ინტრესების დამცველი, არჩილ ჩოფიკაშვილი გვპასუხობს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დასაბუთების ვალდებულება დაეკისრება. კონკურსის მონაწილეებს კი, გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება მიეცემათ.

არჩილ ჩოფიკაშვილთან ერთად, მოსარჩელეების ინტერესს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი, გიორგი გოცირიძე იცავს.

პლენუმის სხდომა ზაზა თავაძემ გახსნა, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ. მან სასამართლოს ახალ წევრებს – ირინე იმერლიშვილს და გიორგი კვერენჩხილაძეს წარმატება უსურვა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი