მთავარი,სიახლეები

17 ათასი ლარი ახალაშენებული სასპორტო სკოლის რემონტისთვის

14.11.2016 • 1383
17 ათასი ლარი ახალაშენებული სასპორტო სკოლის რემონტისთვის

შუახევის მუნიციპალიტეტში 2013 წელს აშენებულ სასპორტო სკოლას არემონტებენ, რომლის ასაგებად  ბიუჯეტიდან 1 მლნ 5000 ლარი დაიხარჯა. ამ შენობის რემონტისთვის ახლა 17 800 ლარია გათვალისწინებული. რატომ გახდა საჭირო სამი წლის შემდეგ ძვირადღირებული სარემონტო სამუშაოების ჩატარება?

დაბა შუახევში სასპორტო სკოლის გასარემონტებლად ტენდერი შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 17 800 ლარზე ივლისში გამოაცხადა. სარემონტო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში შპს „კონსულმა“ გაიმარჯვა.

შუახევის გამგეობის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსის, ედნარ შარაშიძის განმარტებით, სარემონტო სამუშაოების ჩატარება იქედან გამომდინარე გახდა აუცილებელი, რომ  წვიმისა და უხვი ნალექის დროს სახურავიდან ჩამოსული წყალი შენობის კედელთან გროვდებოდა, კედელს დამცავი საფარი არ ჰქონდა, ამიტომ სისველე შენობაში აღწევდა, რამაც შენობის იატაკი დააზიანა.

„სპორტკომპლექსი პროექტის მიხედვით მოეწყო, ყველაფერი ისე გაკეთდა, როგორც პროექტში იყო გაწერილი. თუმცა აღმოჩნდა, რომ პროექტი პრობლემურია, დამპროექტებელმა ადგილობრივი პირობები არ გაითვალისწინა. აქ უხვი ნალექი მოდის და ამან შექმნა პრობლემა. როცა ჩვენ მოვედით, ეს პროექტი დაგვხვდა“, – აცხადებს ედნარ შარაშიძე.

სასპორტო სკოლის დირექტორი რამინ ჯოიძე ამბობს, რომ სარემონტო სამუშაოების პირობებში გაფართოვდა შენობის სახურავი, ხოლო ფასადს თუნუქის ფურცლები შემოეკრა. ამ ეტაპზე შენობის პირველი სართულის იატაკს არემონტებენ.

რამინ ჯოიძის თქმით, სარემონტო სამუშაოები წვრთნების ჩატარებას ხელს არ უშლის: „სპორტულ ღონისძიებებსა და ვარჯიშში ხელი არ გვეშლება, რადგან მხოლოდ იატაკის ნაწილი იცვლება. აქ სპორტის ოთხ სახეობას  – ქართულ ჭიდაობას, კალათბურთს, ფრენბურთსა და ფეხბურთს ვასწავლით. დანარჩენ შვიდ სახეობას კი სოფლებში ვასწავლით, სასპორტო სკოლის ბაზაზე სულ 24 მწვრთნელი და 402 აღსაზრდელი გვყავს“.

სატენდერო პირობებით კომპანია  „კონსული“  ვალდებულია აღმოფხვრას ყველა ის ხარვეზი, რომელიც მის მიერ განხორციელებულ, 17 800 ლარად შეფასებულ სამუშაოებზე 36 თვის განმავლობაში აღმოჩნდება.

დაბა შუახევში თანამედროვე სტანდარტების სპორტკომპლექსის ასაშენებლად 2013 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 მლნ 30 000 ლარი გამოიყო. 1400 კვ.მ ფართობის სპორტული დანიშნულების ორსართულიანი შენობა გამარჯვებულმა კომპანიამ 1 მლნ 5000 ლარით ააშენა. გამგეობამ შენობა 2013 წლის ივნისში ჩაიბარა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: