Batumelebi | ელექტრონული ჭადრაკი სკოლებში ელექტრონული ჭადრაკი სკოლებში – Batumelebi
RU | GE  

ელექტრონული ჭადრაკი სკოლებში

ბათუმში ელექტრონულ ჭადრაკს ორ საჯარო და ერთ კერძო სკოლაში ასწავლიან. მთლიანად აჭარაში კი ელექტრონული ჭადრაკის სწავლება 42 სკოლაში უნდა დაიწყოს. პროგრამა საპილოტეა და სკოლების შემდეგ, საბავშვო ბაღებშიც დაინერგება. რა მოსწონთ და რას ვერ ეგუებიან ბავშვები  ელექტრონულ ჭადრაკში?

ელექტრონული ჭადრაკის გაკვეთილს „ბათუმელები“  ბათუმის  #2 საჯარო სკოლაში დაესწრო. გაკვეთილი მეორეკლასელებს ჩაუტარდათ და ის სალექციო ფორმატში მიმდინარეობდა. პროცესს მასწავლებელი პროექტორით ეკრანზე უჩვენებდა.

მასწავლებელი თამარ კვაჭანტირაძე გვეუბნება, რომ, რადგან მეორეკლასელებმა ჭადრაკის გაკვეთილები ახლახან დაიწყეს, ამიტომ ჯერ კომპიუტერებთან არ სხდებიან.  „დაახლოებით ათი გაკვეთილი მაინც უნდა მოისმინონ, რომ კომპიუტერთან   პრაქტიკულად იმუშაონ“.

ლუკა მეორეკლასელია. გვეუბნება, რომ ჭადრაკის გაკვეთილები „სამხიარულოა“. მას მოსწონს „პაიკი“, რომელსაც მხიარული ბიჭის სახე აქვს და ფოჩებიანი კოსტიუმი აცვია.

„ჭადრაკზე დავდივარ და ჩემთვის ნაცნობია ფიგურები. თუმცა, როცა ფიგურებით ვთამაშობ, უფრო მომწონს, რადგან მაგიდასთან თამაშის დროს მოწინააღმდეგეს ვხედავ,   კომპიუტერში კი – ვერა“, – გვეუბნება ის.

ლუკას მოპირდაპირედ ანდრია ზის. მას სახლში კომპიუტერი აქვს, მაგრამ ჭადრაკის გაკვეთილების მომზადება ავიწყდება.  „მისამართი დამავიწყდა და ვერ შევედი პროგრამაში“, – გვეუბნება ის. კითხვაზე, მოსწონს თუ არა ჭადრაკი, ანდრია გვპასუხობს:  „ისე, რა“.

ჭადრაკს გაკვეთილების დაწყებამდე თომაც თამაშობდა.  „რაში მეხმარება? აზროვნებაში“, –  გვეუბნება ის. თომას ელექტრონულ ჭადრაკში  „სახალისო ფიგურები“  მოსწონს.

მეგობრების აზრს ანაც იზიარებს და ამბობს, რომ  „ნამდვილი ფიგურებით თამაში“ უფრო მოსწონს. თუმცა დასძენს, რომ ელექტრონული გაკვეთილები მას ფიგურების სწორად დალაგებაში დაეხმარა.

ელექტრონული ჭადრაკის გაკვეთილი ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში

ელექტრონული ჭადრაკის გაკვეთილი ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში

„მე არ ვთამაშობდი მანამდე, მაგრამ არ გამჭირვებია სწავლა. რა მომეწონა? –  დედოფალი მომწონს, ძნელია მისი მოკვლა“, –  გვეუბნება მარი. ის ჭადრაკს მხოლოდ გაკვეთილზე სწავლობს.

ბავშვს საშინაო დავალების ანუ ელექტრონული გაკვეთილების მომზადება იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ სახლში ინტერნეტი აქვს. მასწავლებლის თქმით, ბავშვების გარკვეული ნაწილისთვის ინტერნეტი ხელმისაწვდომია.

ელექტრონულ ჭადრაკს მეორე და მესამე კლასებს დაწყებითის გადამზადებული პედაგოგი ასწავლის. ის არ არის პროფესიონალი მოჭადრაკე, თუმცა, როგორც თამარი გვეუბნება, ამ გაკვეთილების ჩატარება ჭადრაკის მოყვარულსაც შეუძლია.

„ჭადრაკი ვიცი მოყვარულის დონეზე, პროფესიონალი მოჭადრაკე არ ვარ, თუმცა გადამზადების დროს აგვიხსნეს, თუ როგორ უნდა ჩამერთო პროგრამა, როგორ ამეხსნა, გადამეგზავნა ვიდეოები ბავშვებისთვის და ა.შ.

იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე სპეციფიკური კითხვა უჩნდებათ ბავშვებს და მქონდა ასეთი შემთხვევაც, ვურეკავ ტრენერს და ის მიხსნის, თუ როგორ უნდა მივაწოდო ბავშვს ინფორმაცია“, – გვეუბნება პედაგოგი.

აჭარაში ჭადრაკის პედაგოგები საჭადრაკო კლუბ  „ნონას“  ინიციატივით გადაამზადეს.  „დავაფინანსეთ გადამზადება და ტრენერი, ალექსანდრე არსენიძეც [საერთაშორისო არბიტრი, ჭადრაკის ფედერაციის გენერალური მდივანი] მოვიწვიეთ“, – გვეუბნება მარიკა ჯაფარიძე, საჭადრაკო კლუბ  „ნონას“  მენეჯერი. მისი თქმით, პროექტი მსოფლიოში აპრობირებულია და მას ცნობილი მოჭადრაკეები კურირებენ.

საპილოტე ელექტრონული პროგრამის დანერგვა საბავშვო ბაღებშიც უნდა დაიწყოს, რასაც მარიკა ჯაფარიძე გვიდასტურებს, თუმცა ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნატალია ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საბავშვო ბაღები ჯერ არ შეურჩევიათ:  „სამი თვის წინ იყო შემოტანილი პროექტი, თუმცა შემდეგ ამაზე შეწყდა საუბარი.“

საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის თანამშრომელი ქეთი ჩხობაძე ამბობს, რომ სკოლებში ელექტრონული ჭადრაკის დანერგვის მიზანი ბავშვებში სხვადასხვა უნარის განვითარებაა.  „ვიცით, რომ ჭადრაკი არ არის მხოლოდ სპორტი და ის ბევრ დადებით უნარს ავითარებს. გარდა ამისა, სახალისო თამაშების მეშვეობით ბავშვები სწავლობენ და ივითარებენ კომპიუტერულ უნარებსაც“,  –  გვეუბნება ის.

ელექტრონული ჭადრაკის გაკვეთილი ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში

ელექტრონული ჭადრაკის გაკვეთილი ბათუმის მე-2 საჯარო სკოლაში

ელექტრონული ჭადრაკის სწავლება 2015 წელს, სამხრივი მემორანდუმის საფუძველზე გადაწყდა. მემორანდუმი განათლების სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ჭადრაკის ფედერაციას შორის გაფორმდა.  „სამივე მხარემ აიღო გარკვეული ვალდებულებები. გადაითარგმნა ელექტრონული პროგრამა, რომელიც ადაპტირებულია მეორე და მესამე კლასელი ბავშვებისთვის. ჩვენ დავეხმარეთ ჭადრაკის ფედერაციას საპილოტე სკოლების შერჩევაში. საქართველოს ხუთი რეგიონიდან შეირჩა 300 სკოლა, მათ შორის აჭარაში“, –  ამბობს ქეთი ჩხობაძე.

საპილოტე პროგრამა ორწლიანია, შემდეგ კი სკოლა გადაწყვეტს გააგრძელებს თუ არა პროგრამას.

ელექტრონული ჭადრაკი დაწყებითი საფეხურის ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში არჩევით საგნად არის შეტანილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com