მთავარი

ბსუ-ს პროფესორის ფეისბუქსტატუსს ომბუდსმენი სწავლობს

10.11.2016 • 2775
ბსუ-ს პროფესორის ფეისბუქსტატუსს ომბუდსმენი სწავლობს

„მათ შვილებს და შვილიშვილებს შეექმნათ ერთნაირსქესიანთა ოჯახები, რათა უმოკლეს დროში ამოწყდეს მათი ბინძური გენი. ერთნაირსქესიანთა ოჯახი ხომ ვერ მრავლდება…“ – ეს ამონარიდია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ზებურ ავალიანის ფეისბუქპოსტიდან. პროფესორმა დისკრიმინაციული მოსაზრებით პარლამენტის ერთ-ერთ წევრს მიმართა. სახალხო დამცველი ზებურ ავალიანის სავარაუდო დისკრიმინაციული თავდასხმის საკითხს განიხილავს. რა მექანიზმი აქვს სახელმწიფოს, როცა ადამიანები ინტერნეტსივრცეში დისკრიმინაციულ მიდგომას აფიქსირებენ   „ბათუმელები“ სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ქეთევან შუბაშვილს ესაუბრა.

თქვენი დეპარტამენტი 2014 წლის ნოემბერში შეიქმნა და განიხილავთ დისკრიმინაციის სავარაუდო შემთხვევებს. რა მექანიზმი აქვს სახალხო დამცველს, როცა სოციალურ ქსელებში ფიქსირდება დისკრიმინაციული თავდასხმა?

ინტერნეტსივრცისთვის ცალკე მექანიზმი არ არსებობს. თუ ადგილი აქვს დისკრიმინაციის ფაქტს, შეგვიძლია მივმართოთ რეკომენდაციით, როგორც კერძო, ასევე საჯარო პირს. თუ დისკრიმინაციის წახალისებასთან ან ტირაჟირებასთან გვაქვს საქმე, ამ შემთხვევაში, ზოგადი წინადადებით მივმართავთ პირს. ყველა მსგავს სიტუაციაში ამოსავალია რამდენად ჯდება ამა თუ იმ პირის მოსაზრება გამოხატვის თავისუფლების საზღვრებში. თითოეულ შემთხვევას ცალკე განვიხილავთ. აღსრულების ბერკეტი სახალხო დამცველს არ გააჩნია, თუმცა არ ყოფილა შემთხვევა, როცა მიმართული რეკომენდაციის შესრულებაზე პირს უარი ეთქვას. ისინი დაუყონებლივ ცდილობენ აღმოფხვრან ფაქტი, ან გვაწვდიან წერილობით ახსნას, როდის შეასრულებენ რეკომენდაციას, ან ზოგად წინადადებას.

განიხილა თუ არა სახალხო დამცველმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ზებურ ავალიანის სავარაუდო დისკრიმინაციული თავდასხმის შემთხვევა?

განხილვა ჩვენს დეპარტამენტს ჯერ არ დაუსრულებია. შესაბამისად, ამ ეტაპზე კონკრეტული მოსაზრების დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ. ჩვენ არ განვიხილავთ ამას, როგორც ინტერნეტ თავდასხმასა და პარლამენტის წევრის შეურაცხყოფას, ან დისკრიმინაციული მიდგომას მის მიმართ. ეს სხვა ტიპის დავაა: კონკრეტული პირი [ზებურ ავალიანი] გამოთქვამს მოსაზრებებს ლგბტ თემის მიმართ და შესაძლოა, ეს შეფასდეს, როგორც დისკრიმინაციული.

როცა განვიხილავთ მსგავს შემთხვევებს, ამოსავალია, რა ნიშნით აყენებს პირი შეურაცხყოფას რომლიმე ჯგუფს, მაგალითად, სექსუალურ უმცირესობას, რელიგიურს, ეთნიკურს და ასე შემდეგ. პარლამენტის წევრი, ვის მიმართაც დაწერა პოსტი ლექტორმა, არ მიეკუთვნება ჩამომთვლილთაგან რომელიმე ჯგუფს. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვთქვათ, კონრეტული პროფესორის ფეისბუქ პოსტი დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავდა თუ არა. როცა მივიღებთ გადაწყვეტილებას, გადავუგზავნით მხარეს და საჯაროდაც გამოვაქვეყნებთ.

განუხილავს თუ არა თანასწორობის დეპარტამენტს მსგავსი შემთხვევა და ამ შემთხვევაში მიმართვის ადრესატი იქნება თუ არა თავად უნივერსიტეტი? ჩვენი ინფორმაციით, უნივერისტეტში სხვა ლექტორებსაც აქვთ დისკრიმინაციული მიდგომები.

ქეთევან შუბაშვილი

ქეთევან შუბაშვილი – სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

მსგავსი შემთხვევა აქამდე არ გვქონია. ჩვენ უნდა მოგვმართოს პირმა, თუკი მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ჰქონდა ადგილი. ჩვენც შეგვიძლია საკუთარი ინიციატივით დავიწყოთ საქმის წარმოება… რაც შეეხება უნივერსიტეტს, შესაძლოა, მის მიმართაც შემუშავდეს რეკომენდაცია, თუკი დადგინდება, რომ სალექციო პერიოდშიც იყენებს ლექტორი ამ ლექსიკას.

კერძო პირების შემთხვევაში რა ბერკეტი აქვს სახალხო დამცველს, რეკომენდაციით მიმართვის გარდა?

არათუ აღსრულების, არამედ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის თანახმად, ისინი ვალდებულიც კი არ არიან, სახალახო დამცველს მოგვაწოდონ ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით. გვქონია წარმატებული შემთხვევებიც. მაგალითად, შპს „კრედოს“ მივეცით რეკომენდაცია, რომელიც შეეხებოდა ორსულობის ნიშნით დისკრიმინაციას. მოპასუხე ასახელებდა მიზეზებს, რომ ქალს, რომელიც გაათავისუფლეს, ჰქონდა დისციპლინური გადაცდომა, ამოეწურა ხელშეკრულება და გათავისუფლება არ უკავშირდებოდა მის ორსულობას. რეკომენდაციით მიმართვის შემდეგ, სასამართლო დავა აღარ დარჩა საჭირო და ამ ორგანიზაციამ გააგრძელა შრომითი ხელშეკრულება ამ პირთან.

სასამართლო დავის შემთხვევაში რა გავლენა აქვს სახალხო დამცველის რეკომენდაციას, რომელიც მხარემ არ შეასრულა?

დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევაში, სასამართლოსთვის მიმართვის ვადა არის სამი თვე. ჩვენ საკმაოდ ბევრი საქმე გვაქვს განსახილველი და ხშირად ვერ ვასწრებთ სასამართლო პროცესის დაწყებამდე ფაქტის შესწავლას. ერთი შემთხვევა გვქონდა, როცა ქირავნობის ხელშეკრულება შეწყდა აუტისტური სინდრომის მქონე ბავშვის გამო. დიასახლისი ამბობდა ფრაზებს, რომ ის არის ავადმყოფი და თუ არ დაცლიდა ოჯახი ბინას, გადაწვავდა ყველაფერს, ღამით გამოყარა სახლიდან. ჩვენ ამ ოჯახს რეკომენდაციით მივმართეთ, მაგრამ არ გაითვალისწინეს. სასამართლოში საქმეს ჩვენი რეკომენდაციაც დაერთო და დაკმაყოფილდა მოთხოვნა.

როგორია პრაქტიკა საჯარო უწყებების შემთხვევაში?

ბოლოს განათლების სამინისტოს შემთხვევა განვიხილეთ – ერთ-ერთ გრიფირებულ სახელმძღვანელოში არასწორადაა გადმოცემული აივ ინფექციის და შიდსის შესახებ მონაცემები. წერია, რომ ეს ერთი და იგივეა. ამავე სახელმძღვანელოს მიხედვით, წამალდამოკიდებული პირები საშიშროებას წარმოადგენენ საზოგადოებისთვის. განათლების სამინისტრომ გვიპასუხა, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების მომდევნო გრიფირების პროცესში სახალხო დამცველის წინადადებას გაითვალისწინებენ.
ჩვენთვის გასაგებია, რომ სახელმძღვანელოს ჩანაცვლება გარკვეულ ფინანსებთან იქნებოდა დაკავშირებული. თუკი სამინისტრო მომავალი წლისთვის ამას გაითვალისწინებს, ჩავთვლით, რომ წინადადების მიზანი მიღწეულია.

2014 წლიდან დღემდე საჯარო უწყებების მხრიდან რამდენჯერ დაფიქსირდა დისკრიმინაციის ან მისი წახალისების ფაქტი?

10 შემთხვეა გვქონდა. რეკომენდაციები იყო სხვადასხვა, მაგალითად, სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართ გვქონდა რეკომენდაცია და შეეხებოდა სავარაუდო ლგბტ თემის პატიმრების არაადეკვატურ გარემოში განთავსებას, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა. სამინისტრომ ეს მოთხოვნა შეასრულა. ბოლოს ქედის საკრებულოსაც მივმართეთ საჯარო წინადადებით, რომ შეიკავონ თავი სექსისტური გამონათქვამებისგან. გახსოვთ, ალბათ, საკრებულოს წევრმა მამაკაცებმა ქალებს უთხრეს, ახლა კაცებმა უნდა ვილაპარაკოთ და ქალებმა დაგვტოვეთო.

ფიქრობთ თუ არა, რომ უნდა შეიცვალოს სახალხო დამცველისთვის მექანიზმები დისკრიმინაციის რეაგირების შემთხვევებზე?

კი, ეს არის ჩვენი მოთხოვნა და საკანონმდებლო წინადადებაც წარვადგინეთ პარლამენტში 2015 წლის თებერვალში. განხილვები იყო, მაგრამ პლენარულ სხდომაზე ის არ გაუტანიათ. მომავალ პარლამენტში აუცილებლად ვეცდებით ამ საკითხის გააქტიურებას. მართალია, კონსტიტუციური ბუნებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველის რეკომენდაციას ვერ ექნება ვალდებულებითი ხასიათი, მაგრამ გვინდა, რომ კერძო პირს ჰქონდეს ვალდებულება, მოგვაწოდოს ინფორმაცია განსახილველ საქმესთან დაკავშირებით, ასევე სასამართლოსთვის მიმართვის ვადა სამი თვიდან ერთ წლამდე გაიზარდოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: