ავტომანქანების დეფიციტი აჭარის პოლიციის დეპარტამენტში

11-12 მარტის მოვლენების დროს, შსს-ს  ინფორმაციით, ბათუმში პოლიციის კუთვნილი 5 ავტომანქანა დაიწვა. რამდენი ავტომანქანა დაზიანდა, აქედან რამდენი იყო საპატრულო პოლიციის და რამდენი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, შსს-ს პრესამსახურში არ გვითხრეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი 4 ავტომანქანაა დამწვარი, ხოლო ათამდე დაზიანებულია [დაზიანებული და დამწვარია მოქალაქეთა კუთვნილი ავტომანქანებიც] . „ბათუმელების“ ინფორმაციით, დეპარტამენტში ავტომანქანების არასაკმარისი რაოდენობა 11 მარტის აქციამდეც იყო – გასარემონტებელი ავტომანქანებიდან ზოგიერთის შეკეთება ან დროულად ვერ ხერხდება, ან „სიძვირის გამო“ აღარ არემონტებენ.

არის თუ არა ავტომანქანების საკმარისი რაოდენობა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, რამდენი ავტომანქანაა სარემონტო და რატომ ვერ ხერხდება დროულად შეკეთება? – ამ კითხვებზე შსს-დან პასუხი ვერ მივიღეთ. სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

პოლიციის ავტომანქანები „მათემოტორსის“ სერვისცენტრში / 18.03.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
პოლიციის ავტომანქანები „მათემოტორსის“ სერვისცენტრში / 18.03.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე

„აქ კომისიური წესით ხდება ავტომანქანის შემოწმება. დგება ხარჯთაღრიცხვა, გადახედავენ პოლიციაში და თუ უღირთ შეკეთება, ვარემონტებთ, თუ არა, იგზავნება თბილისში და იქ ან ჩამოწერენ, ან შეიძლება 2 მანქანიდან ერთი ააწყონ“, – გვითხრეს „მათემოტორსის“ ბათუმის [ჩაქვის] სერვისცენტრში. – „აქციის დროს დაზიანებული ავტომანქანები კი ჩვენთან არ მოუყვანიათ. არც გვაქვს ისეთი სერვისი, რომ, ვთქვათ, გარედან დაზიანებული ავტომანქანები შევაკეთოთ.“

 

პოლიციის ავტომანქანები „მათემოტორსის“ სერვისცენტრში / 18.03.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
პოლიციის ავტომანქანები „მათემოტორსის“ სერვისცენტრში / 18.03.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე

ამ სერვისცენტრში დღეს პოლიციის 20-ზე მეტი ავტომანქანაა გაჩერებული [რომლებიც, როგორც ცენტრში ამბობენ, არა მარტო აჭარის, არამედ გურიისა და სამეგრელოს რეგიონში არსებულ განყოფილებებსაც ეკუთვნის]. აქედან, როგორც გვითხრეს სამი ჩამოსაწერი იქნება, დანარჩენს კი რიგითობის მიხედვით არემონტებენ. „მათემოტორსის“ ცენტრში ამბობენ, რომ მათთან, ძირითადად, ძველი ავტომანქანები რემონტდება: „ასეთი ხელშეკრულება გვაქვს. შედარებით ახალი ავტომანქანებიც აქვს სამინისტროს, რომლებსაც, თუ საჭირო გახდა „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ცენტრში არემონტებენ.“

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გასულ წელს „სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთება, ტექნიკური მომსახურების შესყიდვაზე“ გამოცხადებულ ტენდერში „მათემოტორსმა“ გაიმარჯვა.

პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება, 22 ავტომანქანაზე შეადგენდა 2 630 747 ლარს,  სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება კი 300 ათას ლარზე გაფორმდა. შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მიხედვით, ხელშეკრულებაში ცვლილება 9-ჯერ შევიდა. საბოლოოდ კი თანხაც გაიზარდა 30 ათასი ლარით. ამავე ვებგვერდის მიხედვით, გასულ წელს 330 ათასი ლარი „მათემოტორსს“ სრულად გადაურიცხეს.

რაც შეეხება 2017 წელს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტს ცალკე ტენდერი აღარ გამოუცხადებია.

წელს ერთობლივი ტენდერი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, სისტემაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების [აზიური] და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზე. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება იყო 4 898 320 ლარი. ხელშეკრულება კი 2017 წლის იანვარში სამინისტრომ კვლავ „მათემოტორსთან“ გააფორმა  1 087 937 ლარზე.  ამ ხელშეკრულებაში ორჯერ შეცდომა გასწორდა, 13-ჯერ ცვლილება შევიდა, საბოლოო თანხად კი 1 067 937 ლარი განისაზღვრა. აქედან 50 ათას ლარამდე უკვე გადარიცხულია კომპანიისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს TOYOTA-ს და LEXUS-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე ხელშეკრულება ასევე „მათემოტორსთან“ აქვს გაფორმებული 2017 წლის იანვარში – 1 340 000 ლარზე. ამ ხელშეკრულების ფარგლებში კი კომპანიისთვის მიმდინარე წელს უკვე გადარიცხულია 234 ათასი ლარი.

„მათემოტორსთან“ აქვს ხელშეკრულება სამინისტროს გაფორმებული წელს, SHKODA-ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზეც. ამ ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიისთვის 154 ათას ლარამდეა გადარიცხული.

„მათემოტორსის“ მფლობელი ბიზნესმენი გელა ბარკალაია სამართალდამცავებმა 2017 წლის 5 მარტს დააკავეს. მას ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი.

პოლიციის ავტომანქანები „მათემოტორსის“ სერვისცენტრში / 18.03.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე
პოლიციის გასარემონტებელი ავტომანქანები „მათემოტორსის“ სერვისცენტრში / 18.03.2017 / ფოტო: თედო ჯორბენაძე

მუხა გურიაში, რომლითაც ივანიშვილი დაინტერესდა

ლანჩხუთში, სოფელ ჯურუყვეთში მდგარი ასწლოვანი მუხით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით ჯურუყვეთში, ფოფხაძეების კუთვნილ მიწის ნაკვეთში მდგარი მუხის სანახავად ივანიშვილი თავად იყო მისული, ხე შეამოწმა და მისმა წარმომადგენლებმა მეპატრონესთან მოლაპარაკებები  დაიწყეს.

მუხის მეპატრონე დავით ფოფხაძე ამბობს, რომ „ივანიშვილს ხე ჯერ არ უყიდია“.იგი არ საუბრობს არც მუხის სავარაუდო ფასზე. „შეიძლება საერთოდ არ წაიღონ“ – ამბობს ის.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ივანიშვილს ხე მოეწონა, მაგრამ სირთულე მის გადატანაშია. იმ ადგილამდე მისასვლელი გზა, სადაც მუხა დგას, ვიწროა. თუ ივანიშვილი ხის გადატანას გადაწყვეტს, მას საჰაერო ტრანსპორტი დასჭირდება.

ბიძინა ივანიშვილმა ხეების გადატანა გასული წლის მარტში დაიწყო. პირველი ხე, რომელმაც შავ ზღვაში გაცურა, ასწლოვანი ტიტას ხე იყო.  ივანიშვილის დაკვეთით ხეების გადასატანად, ციხისძირში სპეციალური დროებით ნავმისადგომიც ააგეს. ხეებს მილიარდერი საკუთარ დენდროლოგიურ პარკში რგავს.

გიორგი ჯორბენაძის ფოტო
გიორგი ჯორბენაძის ფოტო
გიორგი ჯორბენაძის ფოტო
გიორგი ჯორბენაძის ფოტო

ბათუმის ახალი არქიტექტურა – ეზო [ფოტო]

ეს ბათუმში, ერთ-ერთი ახალაშენებული კორპუსის ეზოა, სადაც მზის შუქი ძლივს აღწევს. ასეთ კორპუსებში ბინების საშუალო ფასი, 1 კვმ – 800 დოლარიდან იწყება.

ცაგო კახაბერიძის ფოტო
ცაგო კახაბერიძის ფოტო
ცაგო კახაბერიძის ფოტო
ცაგო კახაბერიძის ფოტო
ცაგო კახაბერიძის ფოტო
ცაგო კახაბერიძის ფოტო
ცაგო კახაბერიძის ფოტო
ცაგო კახაბერიძის ფოტო

ბათუმში მამაკაცის ცხედარი ბინაში იპოვეს

18 მარტს ბათუმში, ბინაში, გარდაცვლილი მამაკაცი იპივეს, რომელიც შს სამნისტროს ცნობით თურქეთის მოქალაქეა. იგი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა ბათუმში. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფრომაციით, მამაკაცი დაახლოებით 75 წლისაა.

პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილია და მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ამ დროისათვის მიმდინარეობს ექსპერტიზა.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით  [თვითმკვლელობამდე მიყვანა] არის აღძრული.

ეკომიგრანტების სახლი შეჭრილებმა დატოვეს

ბათუმში მდებარე ეკომიგრანტთა სახლში თვითნებურად შესულმა მოქალაქეებმა შენობა დატოვეს. მათი უმრავლესობა შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულიდანაა. მოქალაქეები ამბობენ, რომ სოფელი მეწყრული პროცესების გამო დატოვეს.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის თქმით, მოქალაქეები სოფელში, ბუთურაულში დაბრუნდნენ: „ორშაბათს, 20 მარტს, სოფელში გეოლოგების ჯგუფი ავა და მდგომარეობას შეისწავლის. თუ დადასტურდება მეწყრული პროცესები, მოქალაქეები ჩაერთვებიან ეკომიგრანტთა დახმარების პროექტში“.

შენობაში თვითნებურად შესულ მოქალაქეებს შორის იყვნენ ბათუმში მაცხოვრებლებიც, რომელთა განცხადებითაც, ისინი ვერ ახერხებენ ბინის ქირის გადახდას. მათთან მოლაპარაკებას ბათუმის მერია აწარმოებს.

ეკომიგრანტთა სახლის თეთრი კარკასი, სადაც მოქალაქეები თვითნებურად შევიდნენ, თამარის დასახლებაში მდებარეობს.

ამავე თემაზე: 

ბათუმში ეკომიგრანტებისთვის აგებულ სახლში 60-მდე ოჯახი შეიჭრა

დაკავებულია ბათუმში გამართული აქციის კიდევ რვა მონაწილე

18 მარტს, შს სამინსტრომ ბათუმში, 12 მარტს გამართული აქციის კიდევ რვა მონაწილე დააკავა. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით და 353-ე [პრიმა] მუხლებით ედებათ, რაც მასობრივ არეულობას და პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს და 7-დან 11 წლამდე პატმრობას ითვალისწინებს.

დაკავებულთაგან რვავე ბათუმელია.

12 მარტს ბათუმში, პოლიციის სამმართველოს შენობასთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ შს სამინისტრომ ასამდე აქციის მონაწილე დააკავა.

ამავე თემაზე: 

ბათუმის აქციის შემდეგ დაკავებულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა

“ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ბათუმის აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდება – სასამართლომ განხილვა დაიწყო

ბათუმის აქციის შემდეგ დაკავებულთა სასამართლო პროცესი (ფოტო)

 

ბათუმში ეკომიგრანტებისთვის აგებულ სახლში 60-მდე ოჯახი შეიჭრა

18 მარტს თამარის დასახლებაში მდებარე ეკომიგრანტებისთვის აგებულ სახლში რამდენიმე ათეული ოჯახი შეიჭრა. მათი ნაწილი ამბობს, რომ მათ საცხოვრებელ სახლებში ცხოვრება შეუძლებელია მეწყრული პროცესების გამო და საცხოვრებელ ადგილს ითხოვენ. როგორც “ბათუმელებთან” “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეგიონული ოფისების მენეჯერმა მალხაზ ჭკადუამ აღნიშნა, რომელიც ამჟამად ადგილზე იმყოფება, ეკომიგრანტთა სახლში თვითნებურად შესულთა ნაწილი აცხადებს, რომ ეკომიგრანტები არიან შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულიდან, თუმცა აქ არიან ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან და ასევე, რამდენიმე ოჯახი ე.წ. “ოცნების ქალაქიდან”. მათ შორის არიან ბავშვებიც.

“შეამოწმონ, შეისწავლონ ჩვენი სახლები და დაგვაკმაყოფილონ იმის მიხედვით, რაც გვეკუთვნის. რასაც ახლა ამბობენ, შევისწავლითო, ასე ამბობენ ათი წელია” – აცხადებენ ეკომიგრანტების სახლში შეჭრილი მოქალაქეები.

ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ქალაქის მერის გიორგი ერმაკოვი და საპატრულო პოლიცია.

რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ ეკომიგრანტთა სახლში თვითნებურად შესული მოსახლეობის ნაწილი ქალაქის მერიაში წავიდა, ნაწილი – ჯანდაცვის სამინისტროშო. ასევე, მთავრობის წარმომადგენლები, რამდენიმე მოქალაქესთან ერთად შუახევში, სოფელ ბუთურაულში გაემართნენ მდგომარეობის შესასწავლად.

“აქ არის ოჯახების ნაწილი, რომლებიც ამბობენ, რომ აქამდე ქირით იყვნენ, სოციალური დახმარებას იღებდნენ, ახლა მოეხსნათ ეს დახმარება და ვერ ახერხებენ ბინის ქირის გადახდას, რამდენიმე ოჯახია, რომელიც საუბრობს, რომ იყო მიგრირებული სხვა რეგიონში, დაბრუნდა და ისევ პრობლემა წარმოეშვა. ძირითადი ნაწილი არის ბუთურაულის [მოსახლეობა]. ხვალვე სოფელში ავა გეოლოგების ჯგუფი, თუ იქნება გეოლოგების დასკვნა, რომ იქ საფრთხის შემცველი მდგომარეობაა, სახელწიფო იღებს ვალდებულებას, ქირით აუღებს ბინებს მათ და როცა დასრულდება საკითხის შეწავლა ბოლომდე, ისინი ბინების [ეკომიგრანტთა პროგრამის] მოლოდინის რეჟიმში ჩადგებიან.” – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ლაივჩართვაში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ.

ბათუმში, მასობრივ არეულობაში ბრალდებულ 17 წლის არასრულწლოვანს სკოლაში არასდროს უვლია

11 მარტის ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობის და პოლიციელების მიმართ თავდასხმის საქმეში კიდევ ორი ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხის განხილვა დახურულ სხდომაზე, ახლახანს დასრულდა. სხდომას ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი უძღვებოდა.

ერთ-ერთი არასრუწლოვანი ბრალდებული 16 წელს მიუღწეველია. ის სასამართლომ 3 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მეორე არასრულწლოვანი 17 წლისაა. ის გუშინ დააკავეს სამართადამცველებმა. მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ. დაკავებულს, რომელიც ბათუმში ცხოვრობს სკოლაში არასდროს უვლია, შესაბამისად, არც წერა-კითხვა იცის. ის ქურდობაზე იყო უკვე ერთხელ გასამართლებული და პირობითი მსჯავრი ჰქონდა შეფარდებული. ის მშობლებთან ერთად ბათუმში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

დღეს, 17 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მასობრივ არეულობასა და პოლიციელების მიმართ თავდასხმაში ბრალდებულ 5 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათგან ერთ-ერთი, ლაშა დეკანაძე 12 მარტიდან ხუთდღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, პროკურატურა მასობრივი არეულობის საქმეზე სისხლის სამართლის წესით კიდევ 9 პირის დაკავებას აპირებს და დაკავების ორდერის მისაღებად უკვე მიმართა ბათუმის სასამართლოს.

ბათუმის აქციის შემდეგ ადმინისტრაციული წესით სამართალდამცველებმა 80 პირი დააკავეს. მათგან 17 მარტის მდგომარეობით 41 საქმე შესულია ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამ საქმეებიდან 7 პირს 5-5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, 18 პირი დაჯარიმდა, ერთ არასრულწლოვანს ადმინისტრაციული შენიშვნა მისცეს, ორი პირის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა, ხოლო 13 საქმის განხილვა გადაიდო.

„ბათუმში მომხდარი არეულობის საქმეზე იმაზე მეტია დასაკვებელი, ვიდრე დავაკავეთ“, – აღნიშნა დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა მღებრიშვილმა.

 

პატიმრების სტატისტიკა საქართველოში [ინფოგრაფიკა]

ვროპის საბჭოს მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, საქართველო პატიმრების რაოდენობით ლიდერი ქვეყნების სიაშია და ამავდროულად ევროპაში ყველაზე ცოტას ხარჯავს თითოეულ პატიმარზე.

ევროპის საბჭო ასევე აქვეყნებს არაოფიციალურ ანგარიშებს ქვეყნების მიხედვით, რომელშიც საქართველოს შესახებ ვკითხულობთ:

ამავე თემაზე:  პატიმრების რაოდენობით საქართველო ლიდერი ქვეყნების სიაშია ევროპაში

ბათუმის აქციის შემდეგ დაკავებულთა სასამართლო პროცესი (ფოტო)

11 მარტის ბათუმის აქციის მონაწილეთაგან შვიდ პირს დღეს, 17 მარტს წაუყენეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით. გუშინ იგივე კოდექსით შს სამინისტრომ ექვსი პირი დააკავა. დღეს, 17 მარტს შს მინისტრის მოადგილემ შოთა ხუციშვილმა თქვა, რომ „ბათუმში მომხდარი არეულობის საქმეზე იმაზე მეტია დასაკავებელი, ვიდრე დავაკავეთ“. ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის კოდექსით კიდევ არაერთ ადამიანს დააკავებენ ბათუმში, უახლეს დღეებში.

11 მაისისი აქციის მონაწილეთა საქმის პროკურორები - რამაზ შავაძე და ფრიდონ ქარცივაძე. ფოტო - მანანა ქველიაშვილი
11 მაისისი აქციის მონაწილეთა საქმის პროკურორები – რამაზ შავაძე და ფრიდონ ქარცივაძე. ფოტო – მანანა ქველიაშვილი
დაკავებულების ახლობლები სასამართლო პროცესზე. ფოტო მანანა ქველიაშვილი
დაკავებულების ახლობლები სასამართლო პროცესზე. ფოტო მანანა ქველიაშვილი
11 მარტის აქციის მონაწილეებს სისხლის სამართლის კოდექსით წაუყენეს ბრალი. დაკავებულები სასამართლო პროცესზე გალიებთან სპეცრაზმი დგას
11 მარტის აქციის მონაწილეებს სისხლის სამართლის კოდექსით წაუყენეს ბრალი. დაკავებულების სასამართლო პროცესზე გალიებთან სპეცრაზმი დგას
პროკურორები და ადვოკატები 11 მარტის აქციის მონაწილეთა სასამართლო პროცესის დაწყებამდე
პროკურორები და ადვოკატები 11 მარტის აქციის მონაწილეთა სასამართლო პროცესის დაწყებამდე

შს სამინისტრომ 11 მარტის ბათუმის აქციის 92 მონაწილე უკვე დააკავა. მათგან უმრავლესობა ადმინისტრაციული ჯარიმით ან ადმინისტრაციული პატიმრობით გაათავისფლეს.

იმ პირებს, ვისაც სისხლის სამართლის კოდექსით გაასამართლებენ 4-დან 7 წლამდე, ან 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ.

“ბათუმის აქციის საქმეზე“ დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

“ასეთი საქმე ჯერ ამ რეგიონის სასამართლოს პრაქტიკაში არ ჰქონია,”- აღნიშნა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. მან ამ წუთებში დაასრულა ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობის და პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი. ხუთივე ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არც ერთი მათგანი დღემდე ნასამართლევი არ ყოფილა.

ბრალდებულ ლაშა დეკანაძის ადვოკატი, დავით ჯაფარიძე აქცენტს აკეთებს ბრალდებულის ძმაზე, რომლის საქმე სავარაუდო ნარკოდანაშაულზე უკვე განიხილება სასამართლოში. ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურა დანაშაულს ლაშა დეკანაძის ძმას ვერ უმტკიცებს და ამიტომ წაუყენეს მას ბრალი.

ადვოკატმა აღნიშნა ისიც, რომ “ლაშა დეკანაძე შეუბღალავი წარსულის მქონეა, ნასამართლევი არ არის და მეზღვაურია”. მისივე თქმით, ბრალდებული მარტო ზრდის მცირეწლივან შვილს, ის მეუღლესთან განქორწინებულია.

ლაშა დეკანაძეს 12 მარტს ადმინისტრაციული წესით 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა ბათუმის სასამართლომ. ” ერთი და იგივე ქმედება 5 დღის წინ როგორ იყო ადმინისტრაციული გადაცდომა და ახლა დანაშაული?”- კითხულობს დავით ჯაფარიძე, ლაშა დეკანაძის ადვოკატი. მისი აზრით, ბრალდებული სასამართლომ 30 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ უნდა გაათავისუფლოს.

ბრალდებულ გიორგი ბერიძის ადვოკატმა, თენგიზ კახიძემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ “დაკავებული 22 წლისაა, მამით ობოლია, სამსახურს ეძებს და პირველად მიეცა სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში”

გიორგი ბერიძე დუმილის უფლებით სარგებლობს, თუმცა ადვოკატმა თავის გამოსვლაში აღნიშნა: “ახალგაზრდა კაცი დაუფიქრებლად აღმოჩნდა იქ, სადაც წესით არ უნდა ყოფილიყო და იქ მისი ადგილი არ იყო.”

მინდია ბერიძეს სახელმწიფო იურიდიული დახმარების იურისტი, გვანცა თურმანიძე იცავს: “დასაბუთებული უნდა იყოს, რატომაა აუცილებელი წინასწარი პატიმრობის შეფარდება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. იმედი მაქვს, მის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გამოიჩენს სასამართლო”.

ადვოკატი ტურფა ნიკურაძე კახა მახარაძის ინტერესებს იცავს. ადვოკატის თქმით, ბრალდებული აქციაზე მხოლიდ ცნობისმოყვარეობის გამო მივიდა: “მისი მიზანი არ იყო დესტაბილიზაცია შეეტანა ქალაქის ცხოვრებაში. შესაბამისად, პროკურატურის მტკიცება, რომ ბრალდებული დანაშაულისკენაა მიდრეკილი, ვერ დავეთანხმები.”

ტურფა ნიკურაძემ ასევე თქვა, რომ კახა მახარაძე ჩემპიონია სპორტის ერთ-ერთ სახეობაში: “მას დედა მძიმედ დაავადებული ჰყავს, ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და თან სწავლობს”.

გენადი მამულაძის ინტერესების დამცველმა, ირაკლი აბაშიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრალდებულს მიმალვა არ უცდია, იგი თანამშრომლობს გამოძიებასთან და წარსულში ნასამართლევი არ არის.

რამდენიმე წუთში მოსამართლე დავით მამისეიშვილი ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობის მოწყობაში ბრალდებული კიდევ ორი პირის აღმკვეთ ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. ორივე მათგანი არასრულწლივანია, თუმცა დაკავებული მხოლოდ ერთია. ის უკვე 17 წლისაა.

 

11-12 მარტის  აქციის 5 მონაწილეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

 

სასკოლო ოლიმპიადა ინგლისურში, მათემატიკასა და ისტორიაში

სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია საჯარო და კერძო სკოლის ყველა მოსწავლეს, მე-2-დან მე-11 კლასის ჩათვლით. ოლიმპიადის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი ბოლქვაძის თქმით, სასკოლო ოლიმპიადა საქართველოს 17 ქალაქში გაიმართება. ოლიმპიადა ისტორიაში, მათემატიკასა და ინგლისურ ენაში ჩატარდება.

გამარჯვებული მოსწავლეები გამოვლინდებიან ფინალური ტურის შედეგების გათვალისწინებით, დამატებითი ტურის დანიშვნის შემთხვევაში, შედეგები განსაზღვრავს გამარჯვებულთა ვინაობას“-ამბობს გიორგი ბოლქვაძე.

ოლიმპიადის მეორე და ფინალურ ტურში გადასული თითოეული მონაწილე მიიღებს შესაბამისი ხარისხის სერტიფიკატს“.

ორგანიზატორის თქმით, ოლიმპიადის ფარგლებში გამოვლინდება 5 საუკეთესო სკოლა და საგნის პედაგოგი, რომლებსაც გადაეცემათ სიგელები და საჩუქრები. ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოება კი გაიმართება თბილისში,10 ივნისს.

სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილეობა ფასიანია. პირველ ტურში მონაწილეობისთვის მოსწავლემ უნდა გადაიხადოს 3 ლარი, მეორე ტურში კი 9 ლარი. მესამე ტურში მოანწილეობა კი უფასოა.

ოლიმპიადა, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, საგანმანათლებლო პროგრამა „ერუდიტის“ ფარგლებში იმართება.

ბიორგი ბოლქვაძის თქმით,  მოსწავლეთა რეგისტრაცია 15 მარტს დაიწყება და 12 აპრილამდე გაგრძელდება.

ბათუმის აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდება – სასამართლომ განხილვა დაიწყო

მოსამართლე დავით მამისეიშვილი ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობის და პოლიციელებისადმი თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 5 პირის საქმეს განიხილავს. დღეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მათ წინასწარი პატიმრობა შეეფარდებათ საბოლოო განაჩენის გამოტანამდე, თუ გირაოთი გაათავისუფლებენ.

ბრალდებულებს კახა მახარაძეს, გენადი მალაყმაძეს, მინდია ბერიძეს, გიორგი ბერიძეს და ლაშა დეკანაძეს მოსამართლემ განუმარტა, რომ ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მათ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდებათ, ხოლო პროკურატურასთან საპროცესო გარიგების შემთხვევაში, პირობითი მსჯავრის შეფარდება გამორიცხულია, რადგან პოლიციელებისადმი თავდასხმა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება.

ბრალდებულებიდან სამს 4-დან 7 წლამდე, ხოლო ორს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდებათ.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პროკურატურის მიერ შედგენილი ბრალიც გააცნო ბრალდებულებს. პროკურატურის ვერსიით, ისინი ისროდნენ ქვებს, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილებს“, რითაც გაანადგურეს, როფორც სახელმწიფო, ისე კერძო პირების ქონება.

ბრალდებულებიდან არცერთი არ ყოფილა წარსულში ნასამართლევი. 4 მათგანი ბათუმელია, ხოლო ერთი თბილისში ცხოვრობს.

ამ წუთებში პროკურორი რამაზ შავაძე უსაბუთებს სასამართლოს, თუ რატომ უნდა შეეფარდოს ხუთივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა.

ამავე საქმეზე კიდევ ორი პირია ბრალდებული. ორივე მათგანი არასრულწლოვანია. მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს მოსამართლე დავით მამისეიშვილი დახურულ სხდომაზე, საღამოს 7 საათზე განიხილავს.

სულხან ევგენიძე: გარეგანათების ბოძების ამოთხრა ხის გადატანას არ უკავშირდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სულხან ევგენიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ ჩაქვი-ბუკნარის მონაკვეთზე გარეგანათების ბოძების ამოთხრა მრავალწლოვანი ხის ტრანსპორტირებას არ უკავშირდება.

„ეს არის მიმდინარე სამუშაო გარეგანათების ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის პროგრამის ფარგლებში, რისთვისაც მუნიციპალიტეტს ჯამში 280 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. არის ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია გარეგანათებაზე. ჩვენ არ ვართ ვალდებული რაიმე ნებართვა გავცეთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ინფორმირებული ვართ, რომ მიმდინარეობს სამუშაო და ხვალ უნდა დაიწყოს ამ ბოძების აღმართვა. რაც შესაცვლელი და შესაკეთებელი იქნება, გააკეთებენ. მაგ მონაკვეთში ტენდერში გამარჯვებულს ქვეკონტრაქტორი ჰყავს და ის ასრულებს სამუშაოებს. ხის გადატანას არ უკავშირდება. ანალოგიურ სამუშაოს ვგეგმავთ, მაგალითად, აღმაშენებლის ქუჩაზეც ქობულეთში, სადაც კაბელებია შესაცვლელი და შესაძლოა ბოძების გამაგრებაც გახდეს საჭირო“, – განაცხადა სულხან ევგენიძემ.

დღეს, 17 მარტს, საღამოს, ბათუმი-ქობულეთის მაგისტრალზე, სოფელ ბუკნარიდან ჩაქვის მიმართულებით მრავალწლოვანი ხის ტრანსპორტირება იგეგმება. ავტომაგისტრალზე გარეგანათების ბოძები და საგზაო ნიშნებიც ამოთხარეს. მაგისტრალზე გარეგანათება გუშინ საღამოს გათიშეს, ხოლო განათების ბოძები წუხელ ამოიღეს. კომპანიაში, რომელიც ხის გადატანაზე მუშაობს, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ბოძების აღდგენა ხის გადატანისთანავე დაიწყება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამინისტროს მიერ ტვირთის გადატანაზე ნებართვა გაცემულია, სხვა საკითხები კი, მუნიციპალიტეტს და გზების დეპარტამენტს ეხება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აჭარის დირექციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დეპარტამენტს გაცემული აქვს ნებართვა ბუკნარიდან ჩაქვში არაგაბარიტული ტვირთის გადატანაზე.

„რაც შეეხება საგზაო ნიშნებს, ერთი ნიშანია ამოღებული და ასე ხდება, როცა არაგაბარიტული ტვირთი გადაადგილდება. გადაიტანენ ტვირთს და ნიშანსაც აღადგენენ. რაც შეეხება გზის ჩაკეტვას, ჩვენგან ნებართვა არ გაიცემა. უბრალოდ, ჩვენ ყველა ხის გადატანის პროცესს ვესწრებოდით და ამჯერადაც დავესწრებით, რომ რაიმე პრობლემა არ შეიქმნას – შესაძლოა ასაქცევი გზა გახდეს საჭირო და სხვა. ამჯერად, ზუსტი დრო არ ვიცით როდის დაიწყებენ ხის გადატანას, დაგვიკავშირდებიან და გავალთ“, – გვითხრეს გზების დირექციაში.

ბობოყვათის რეზიდენციიდან მხოლოდ ერთ ხეს გაიტანენ – არქეოლოგები „ქართუს“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

დღეს, 17 მარტს, დილის ათ საათზე, არქეოლოგების ჯგუფი „ქართუ ჯგუფის“ და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებს ბობოყვათში შეხვდა. არქეოლოგების თქმით, შეხვედრის მიზანი არქეოლოგიური ზონიდან ხეების გადატანის საკითხის განხილვა იყო. მანამდე არქეოლოგმა ნინო ინაიშვილმა ღია წერილით მიმართა ბიძინა ივანიშვილს და სთხოვა, რომ არქეოლოგიური ზონიდან ხეებს ნუ გაიტანს, რადგან ეს ფასეულ მემკვიდრეობას დააზიანებს ან სულაც გაანადგურებს.

დღევანდელ შეხვედრას ბობოყვათში ესწრებოდა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, არქეოლოგი ირაკლი ჩავლეიშვილიც.

„როგორც ვიცით, ბობოყვათის ტერიტორიიდან აპირებდნენ ხის ტრანსპორტირებას და ამასთან დაკავშირებით ჩავედით ის არქეოლოგები, რომლებიც 80-იან წლებში ვმუშაობდით ამ ტერიტორიაზე, როგორც სამაროვანის, ასევე ბიზანტიური პერიოდის ნაქალაქარის გათხრებზე. შევამოწმეთ ადგილზე რა ვითარება იყო.  შეხვედრაზე იმყოფებოდნენ: არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორი ამირან კახიძე,  არქეოლოგები: გია თავამაიშვილი და შოთა მამულაძე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი ლაშა ასლანიშვილი და ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

ირაკლი ჩავლეიშვილი
ირაკლი ჩავლეიშვილი

შევთანხმდით, რომ სამომავლო ამ ტერიტორიაზე არ იწარმოებს არანაირი სამუშაოები არქეოლოგებისა და კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლების გარეშე. თუკი აღმოჩნდება კულტურული ნაშთები, შეწყდება სამუშაოები და მოხდება ტეროტორიის შესწავლა“, – ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ეხება არა მარტო ბობოყვათის, არამედ ციხისძირისა და ჩაქვის ტერიტორიასაც.

ირაკლი ჩავლეიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორიიდან მხოლოდ ერთ ძირ ევკალიპტს ამზადებენ გასატანად. მისივე განცხადებით, „შესრულებული სამუშაოების დათვალიერების შედეგად შემიძლია ვთქვა, რომ  საბედნიეროდ, აქ არქეოლოგიური ფენა არ არის“. ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, რომ „ქართუ ჯგუფი“ ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორიიდან მეტ ხეს აღარ გაიტანს.

შეხვედრას ბობოყვათში აჭარის განათლების ყოფილი მინისტრი, არქეოლოგი გიორგი თავამაიშვილიც ესწრებოდა, რომელიც ამბობს, რომ შეხვედრა პრევენციული ხასიათის იყო.

„ვთქვით, რომ ამ ტერიტორიაზე სანამ რამე აშენდება ან ამოითხრება, მანამდე მოხდეს ჩვენი პროცესში ჩართვა. ეს იყო ზეპირი შეთანხმება. თუმცა სამომავლოდ ამ ყველაფერს სამართლებრივად მოწესრიგებაც სჭირდება. ეს ტერიტორია პოტენციურად არის სიძველეების მატარებელი, ამიტომ ჩვენი [არქეოლოგების] ჩარევის გარეშე არ უნდა მოხდეს რაიმე ტიპის სამუშაოების წარმოება“, – ამბობს გია თავამაიშვილი.

გია თავამაიშვილი
გია თავამაიშვილი

გია თავამაიშვილი ამბობს, რომ რადგან  სამართლებრივი თვალსაზრისით გარკვეული ვაკუუმია, კოლეგიალურ და პარტნიორულ პასუხისმგებლობაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. „ჩვენ შევთავაზეთ ეს გზები და ვესაუბრეთ „ჯგუფ ქართუს“ და სააგენტოს წარმომადგენლებსაც.“

არქეოლოგები ამბობენ, რომ ბობოყვათი-ციხისძირის ტერიტორიას უნდა მიენიჭოს ძეგლთა დაცვის ზონის სტატუსი. „სამართლებრივად ამის მოგვარება იმიტომ ჯობია, რომ თუკი მოხდება ჩარევა [სტატუსის პირობებში], ეს უკვე სისხლის სამართლის საქმე იქნება“, – ამბობს გიორგი თავამაიშვილი.

„წინა ხელისუფლების პერიოდში მთავრობამ ბობოყვათს მოუხსნა ძეგლის სტატუსი და ძეგლის დაცვის ზონა, რადგან პეტრას ციხის გაყიდვა უნდოდა, მაგრამ სტატუსის აღდგენის პროცესი აღარ გაგრძელდა. ასევე არის ფიჭვნარშიც და ეს საკითხები არის სამართლებრივად მოსაგვარებელი. პრობლემა არის ის, რომ დღეს რა სამუშაოებიც ტარდება, ჩვენ ვერავის ვერ შევედავებით სამართლებრივად. ამიტომ, ეს საკითხი მთავრობამ უნდა დაარეგულიროს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტთან ერთად“, – ამბობს ირაკლი ჩავლეიშვილი.

რაც შეეხება ლანდშაფტში უხეშ ჩარევას, როგორც ირაკლი ჩავლეიშვილი ამბობს, მან ამ თემაზეც ესაუბრა „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენლებს.

„როგორც მე მითხრეს, ხეების გადატანის შემდეგ ამ ადგილებში ლანდშაფტს აღადგენენ, ხეებს დარგავენ და იმ გზებზე, რომლებიც შეყვანილია, დაიგება ბეტონის საფარი. ასე, რომ ამ პასუხებმა მე დამაკმაყოფილა“, – ამბობს ის.

ბიძინა ივანიშვილმა  ციხისძირიდან რამდენიმე ხე უკვე გაიტანა შეკვეთილში, სადაც ის დენდროლოგიურ პარკს აშენებს. ხეების გადასატანი სამუშაოები დაიწყო ბობოყვათის რეზიდენციის ტერიტორიაზეც.

ბათუმის მერიის თანამშრომლებისთვის პარკირება აკრძალულ მხარესაც დასაშვები გახდა

გუშინ, 15 მარტს, „ბათუმელებმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, ბათუმის საკრებულოსა და ბათუმის მერიის თანამშრომლები სამსახურებრივ ავტომანქანებს კანონის დარღვევით აჩერებდნენ. დღეს ქუჩის ამ მონაკვეთში საგზაო ნიშანი „გაჩერება აკრძალულია“ მერიამ შეცვალა საგზაო ნიშნით – „სამსახურებრივი ტრანსპორტის გარდა“.

პარკირება მერიის წინ, 16 მარტი
პარკირება მერიის წინ, 16 მარტი

ქუჩის ამ მონაკვეთში მუდმივად ჭირს ავტომანქანით გადაადგილება, რადგან ვიწრო ქუჩის ორივე მხარეს ჩაყენებული მანქანები ამის საშუალებას არ იძლევა. ამის მიუხედავად, მერიაში გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა მაინც მიიჩნიეს, რომ მანქანების ქუჩის ორივე მხარეს ლეგალურად გაჩერება სწორი გადაწყვეტილებაა.

მოლოდინი, რომ ბათუმის მერიაში სწორედ ასე მოიქცეოდნენ, გუშინ, „ბათუმელების“ მიერ სტატიის გამოქვეყნებისთანავე გაჩნდა. სოციალურ ქსელებში ამაზე ბევრმა დაწერა.  „მალე აკრძალულ მხარესაც დასაშვები გახდება პარკირება მერიის და საკრებულოს თანამშრომლებისთვის და ასე ბედნიერად მოაგვარებენ პრობლემას“  – ასეთი იყო ერთ-ერთი მოქალაქის კომენტარი 15 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაზე.  

Untitled

 

 

ხულოს საკრებულოს წევრი სოციალურ სახლში ეკომიგრანტებისთვის ბინების გადაცემას ითხოვს

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ირაკლი ჯორბენაძე, სოფელ ქვედა ვაშლოვანში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ აგებული, 72-ბინიანი „სოციალური სახლის“ ეკომიგრანტი, პირველი კატეგორიის მქონე ოჯახებისთვის გადაცემას ითხოვს. ამ მოთხოვნით საკრებულოს წევრმა ბრიფინგი დღეს, 17 მარტს, ხულოს მუნიციპალიტეტში გამართა და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდა:

„იმ სოციალურ ფონზე, რაც ხულოშია, 2015 წელს დასრულებული 72- ბინიანი „სოციალური სახლი“ სოფელ ვაშლოვანში ჩაკეტილი არ უნდა იყოს. სოციალური სახლის მშენებლობა თითქმის ორი წლის წინ დასრულდა, მხოლოდ გარე სამუშაოები მიმდინარეობდა, რაც მოსახლეობისთვის ბინების გადაცემას ხელს არაფერში უშლიდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს მივმართავთ, რომ დროულად გადასცეს ბინები სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს.“

საკრებულოს წევრის თქმით, ვაშლოვანში ბინების გადაცემას მთავრობა მხოლოდ მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამო აყოვნებს, „უნდათ წინასაარჩევნოდ გადასცენ“ – აცხადებს საკრებულოს წევრი და დასძენს, რომ მისი ინფორმაციით, ვაშლოვნის სოციალურ სახლში რემონტი უკვე დაზიანებულია და სახლის დათვალიერების მიზნით სამინისტროს წერილობით მიმართა, თუმცა ამ დრომდე თანხმობა ვერ მიიღო.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ბინების გადაცემა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პრეროგატივაა, ხულოს გამგეობაში კი ამბობენ, რომ ამ საკითხზე კომისია მუშაობს.

„არ ვფიქრობ, რომ ბინების გადაცემა გაჭიანურდა. იმ ოჯახებთან დაკავშირებით, რომლებიც ითხოვენ ბინას, ინფორმაცია საჯარო რეესტრიდან გამოვითხოვეთ, რომ დაგვეზუსტებინა, ჰქონდათ თუ არა მათ ალტერნატიული ფართი. მომავალი კვირიდან კომისია შეიკრიბება და განხილვას დავიწყებთ, ერთი ოჯახის საჯარო რეესტრის მონაცემებიც რომ არ იყოს დაზუსტებული, კომისიის სხდომაზე საკითხს განსახილველად ვერ გავიტანთ“ – ამბობს რამაზ შავაძე, ხულოს გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი.

მისი ინფორმაციით, საცხოვრებელი ბინის მოთხოვნით გამგეობაში 88 განაცხადია შესული. ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში პირველ კატეგორიაში 150-მდე ეკომიგრანტი ოჯახი, ხოლო მეორე კატეგორიაში – 450-მდე ოჯახი ირიცხება.

პირველი კატეგორია მოიცავს ეკომიგრანტ ოჯახებს, რომელთა სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიური მოვლენის შედეგად (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა) და არ ექვემდებარება აღდგენას.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში 72- ბინიანი „სოციალური სახლის“ მშენებლობა 2014 წელს დაიწყო. მის ასაშენებლად ხელშეკრულება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანია „ხიდთან“ 3 მილიონ 253 ათას 993 ლარზე გააფორმა, თუმცა სამინისტროს, სოციალური სახლის დასასრულებლად ტენდერის გამოცხადება მეორედ, 1 174 530 ლარზე 2016 წლის აპრილს მოუწია, რადგანაც კომპანია „ხიდს“ სამინისტრომ 2015 წლის 27 ნოემბერს ტენდერით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ხელშეკრულება შეუწყვიტა და მხოლოდ 2 მილიონ 425 ათასი ლარი ჩაურიცხა.

ბათუმში კამელიების ხეივანი გაშენდება

ბათუმში, გორგილაძის ქუჩის გაგრძელებაზე, კამელიების ხეივანი გაშენდება – ამის შესახებ „ბათუმელებს“ ქალაქის მერიის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსმა, ლევან ჭანუყვაძემ უთხრა. ამ ტერიტორიაზე  50 ძირზე მეტი, სხვადასხვა ფერის კამელია დაირგვება.

„ორმოების ამოღება დავიწყეთ უკვე, ძალიან ცუდი სიტუაცია დაგვხვდა, სულ დაბეტონებულია ირგვლივ ყველაფერი. დღეში ათ ორმოზე მეტს ვერ ვიღებთ“ – ამბობს ლევან ჭანუყვაძე.

ბათუმში, თამარ მეფის ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგურის წინ განახლდა სკვერი, სადაც კვიპაროსი, ირმის რქა, ფიჭვი, ტუია, აზალია, სხვა ბუჩქოვანი და სეზონურად მოყვავილე მცენარეები დარგეს.

სკვერი თამარ მეფის ქუჩაზე
სკვერი თამარ მეფის ქუჩაზე

ქალაქის განწვანების სამსახურის უფროსის თქმით, ბათუმში ეტაპობრივად იგეგმება სხვა სკვერების და გამწვანებული ადგლების განახლებაც:

„უნდა განვაახლოთ იუნკერების სკვერი, გამწვანება აეროპორტის ტერიტორიაზე, სასტუმრო „რედისონთან“.  პუშკინის ქუჩის ბოლოს ახალი ქუჩა გაიჭრა, სადაც ერთი ძირი ხე არ არის, იქ ვგეგმავთ ლიკვიდამბარების დარგვას, ძალიან ლამაზი მცენარეა,  ძალიან ჰგავს ნეკერჩხალს, ზაფხულში მწვანეა, შემოდგომით იწყებს გაყვითლებას, გაწითლებას, გაჩახჩახებას.

ლიკვიდამბარი
ლიკვიდამბარი

ასევე, „არკასთან“ იგეგმება გამწვანების რეკონსტრუქცია,  ძველ ბათუმში, „ვაიკიკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი ცუდ მგომარეობაშია და მის რეკონსტრუქციასაც ვგეგმავთ, რეფერალურ საავადმყოფოსთან არსებული გზაგამყოფის რეკონსტრუქციას,  „მონატრების სკვერს“ რომ ეძახიან, ბაგრატიონის ქუჩის ბოლოს – მის რეკონსტრუქციას,  ბარცხანაში, ველობილიკის გასწვრივ გვინდა რომ კანების ზოლი გავაკეთოთ. ეს ძალიან ლამაზი მცენარეა, რომელიც მთელი ზაფხული ყვავილობს. ბლაგოევგრადის ქუჩაზე, ვგეგმავთ კონუსისებური კიპარისების დარგვას და მერიის ირგვლივ სკვერების რეკონსტრუქციას.  გრიბოედოვის ქუჩაზე, სადაც მცენარეების სიხალვათეა, გვინდა გამწვანება შევიტანოთ. ესაა ჩვენი ამ წლის გეგმა.“ – ამბობს ლევან ჭანუყვაძე.

მისივე თქმით, ქალაქში ასევე იგეგმება ვერტიკალური გამწვანების, აივანზე გადმოკიდებული ქოთნების განახლება.

ამჟამად ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს ტენდერი აქვს გამოცხადებული 200 ათას ლარზე ხე-მცენარეების შესაძენად. გამწვანების სამსახური ბათუმისათვის ტუიას, არყის ხეების, ფიჭვების, ლავანდების, ზამბახების, ჰორტენზიების და სხვა მცენარეების შეძენას გეგმავს.

გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის უფროსის თქმით, მათი გეგმების განსახორციელებლად არსებული ფინანსური რესურსი არ იქნება საკმარისი, ამიტომ დამატებით ითხოვენ დაფინანსებას, რომ შემოდგომაზე კიდევ ერთ ტენდერი გამოაცხადონ. „თუ ეს მოხერხდება, ქალაქი შეიცვლება გამწვანების კუთხით“ – ამბობს ლევან ჭანუყვაძე.

დაგვანებეთ გორელებს თავი

ავტორი: მიხეილ ჩიტაძე, გორის მცხოვრები

ბოლო დროს ტელევიზიით რამდენჯერმე გაიჟღერა პოლიტიკოსების მოსაზრებებმა იმის თაობაზე, რომ აუცილებელია თვითმმართველი ქალაქების დაბრუნება თემის მუნიციპალიტეტებში. ასევე ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ მთავრობასა და პარლამენტში სერიოზულად იხილავენ ამ თემას, რამაც ძალზე შეგვაშფოთა – ვერ გავიგე რა უნდათ ჩვენგან, რატომ არ გვანებებენ თავს. იმის მაგივრად, რომ განვითარებას შეუწყონ ხელი და კიდევ უფრო გააღრმაონ რეფორმა, მონაწილეობისა და წარმომადგენლობის მეტი საშუალება შექმნან, მეტი რეალური უფლებამოსილება და სახსრები გადასცენ ადგილებზე – ისევ ცენტრალიზებასა და გამსხვილებას იწყებენ და უკვე მრავალგზის გათელილი წარუმატებელი გზით აგრძელებენ სვლას.
ამ ამბავზე ერთი ცნობილი გამოთქმის პერეფრაზი მახსენდება: „მხოლოდ სულელები სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე“.

ამ შემთხვევაში სულელებზე უარესი გამოვდივართ, რადგან, როგორც ჩანს, საკუთარ შეცდომებზეც კი ვერ ვსწავლობთ.

უდავოა, რომ არსებულ სისტემაში და პირობებში გაყოფამ ის შედეგი ვერ მოიტანა, რაც რეფორმის სრულყოფილად განვითარების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ ქალაქში გააჩინა თემის ერთობის განცდა: წარმოიქმნა იმის შეგრძნება, რომ ადგილობრივი პრობლემის მოგვარება ადგილზევეა შესაძლებელი, თუმცა, ისიც ნათლად დაგვანახა, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება სწორედ ცენტრალიზების გამო ხდება შეუძლებელი.

მარტივ მაგალითს მოვიყვან: პრობლემა შემექმნა საკანალიზაციო სისტემასთან და, ბუნებრივია, მივმართე გორის მერიას, რადგანაც წყალმომარაგება და წყალარინება მათი ექსკლუზიური უფლებამოსილებაა. მიპასუხეს, რომ ვერ გააკეთებდნენ, რადგან ამ მომსახურებას გაერთიანებული წყლის კომპანია ახორციელებს და მათ გავლენის არანაირი მექანიზმი არ გააჩნდათ. მივმართე კომპანიასაც, რომელმაც თბილისიდან გამოიძახა სპეციალისტი. სპეციალისტი ჩამოვიდა, ჭკვიანი თვალებითა და დაჟინებით უყურა კანალიზაციას (მართალი გითხრათ რა დაინახა არ ვიცი), დაწერა მილებს ჭავლით უნდა გარეცხვაო. წავიდა და მე გაოცებული დამტოვა. ვერაფრით გავიგე ისეთი რა სირთულე იყო კანალიზაციაში, რომ თბილისიდან გახდა სპეციალისტის მოწვევა საჭირო. ისიც დღემდე გაუგებარია ჩემთვის, როგორ შეიძლება მილის გარეცხვამ გამოასწოროს კანალიზაცია, რომელსაც წყალი გასდის. ამასთან, აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული, რომ გორის მერია რომ მიეშვათ საკუთარი უფლებამოსილების შესასრულებლად, პრობლემა უკვე გადაწყვეტილი მექნებოდა.
სისტემის არაეფექტურობის მიზეზები ასევე თვითმმართველობის ფორმირების წესშიც უნდა ვეძებოთ: გორის საკრებულო 15 დეპუტატისგან შედგება, რომელთაგან 10 პარტიული სიითაა დაკომპლექტებული, ისეთი ადამიანებით, რომელთა უმრავლესობასაც მოსახლეობა არასოდეს არ აირჩევდა. შესაბამისად, საკრებულო პარლამენტის მინი-მაკეტს დაემსგავსა – ერთი მოწვევის ორი თავმჯდომარე გადააყენეს და დღესაც არ ყავთ არჩეული მათი შემცვლელი. დებატები პოლიტიკურ საკითხებზე იმართება და არა ქალაქისთვის საჭირბოროტო თემებზე; ზოგს საკრებულო პოლიტიკურ ტრამპლინად უნდა გამოიყენოს და ზოგს იმისთვის, რომ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენა არ გაუშვას ხელიდან. რა თქმა უნდა, არიან ისეთებიც, რომელთაც მართლა შესტკივათ გული თავის ქალაქზე, მაგრამ ასეთები ძალიან ცოტაა.
რაც შეეხება გამგებლებსა და გამგეობებს, აქაც თითქმის იგივე სიტუაციაა: აშკარად იგრძნობა პარტიული და ცენტრალური ხელისუფლების გავლენა და ზეწოლა. თუ გავითვალისწინებთ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, ადვილი გასაგებია, რომ გამგებლები ცენტრალური ხელისუფლების ადგილებზე წარმომადგენლები უფრო არიან, ვიდრე ხალხის. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ შესაბამისი სიტუაციაც მივიღეთ: თვითმმართველობა მმართველი პოლიტიკური ძალის დასაქმების ბიუროებად გადაიქცა. ბოლო დროს მომრავლებული ბუნდოვანი და საეჭვო მიზნებით დაარსებული აიპ-ებიც ვეღარ იტევს თანამშრომლებს…
რას მოგვიტანს გაერთიანება – უფრო მეტ ფულს? – გამორიცხულია! 2016 წლის ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის ჯამური ბიუჯეტის ზრდამ 2013 წელთან შედარებით 119% შეადგინა, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტში, სადაც არ მომხდარა გაყოფა – 32%-მა. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გაყოფამდე ქალაქ გორზე იხარჯებოდა საერთო ბიუჯეტის 89%. ჩემი აზრით (და ამ აზრს თვითმმართველობის მრავალი ექსპერტი იზიარებს), გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამ სახსრების უკან, ცენტრში წაღებაა, რაც ადგილობრივ საჭიროებებზე ზრუნვას ბევრად შეამცირებს, ხოლო ქვეყანას ბევრს არაფერს მოუტანს – შეიძლება რამდენიმე ახალი ავტომობილი იყიდონ.

მოგვიტანს თუ არა გაერთიანება მეტ წარმომადგენლობას? – შეუძლებელია! გაერთიანების შემთხვევაში ქალაქ გორს შეიძლება წარმოადგენდეს არაუმეტეს 5 დეპუტატისა იმდენად, რამდენადაც ქალაქში 5 ტერიტორიული ერთეულია. ამასთან, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ წინა, გაერთიანებულ მუნიციპალიტეტში ქალაქი მხოლოდ ერთი მაჟორიტარი დეპუტატით იყო წარმოდგენილი, შესაძლოა არც დღეს დაუშვან მეტი. გაერთიანების შემთხვევაში საკრებულოს 30 მაჟორიტარი წევრიდან გორს მხოლოდ 5 მაჟორიტარი ეყოლება, ე.ი. სრული შემადგენლობის 8%, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტს – 50%, მაშინ როდესაც ქალქ გორის მოსახლეობამ სრული მოსახლეობის 38% უნდა შეადგინოს.

გაიზრდება ხარჯთეფექტურობა? – ვერავინ დამაჯერებს! ხარჯთეფექტურობის ზრდა მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებითაა შესაძლებელი, ე.ი. უნდა გაათავისუფლონ მათ მიერვე მიღებული ხალხი თანამდებობებიდან და სამსახურებიდან, შეკვეცონ და გააუქმონ ზემოხსენებული „ლეგენდარული“ აიპ-ები, რაც ზემოთ ნახსენები პოლიტიკური გარემოებების გამო აბსოლუტურად შეუძლებლად მიმაჩნია. პირიქით – მგონია, რომ აიპ-ების რაოდენობა გაიზრდება კიდევაც, იმდენად, რამდენადაც ამ სფეროს რეგულირება მხოლოდ საზოგადოებრივი ჩართულობის, მონაწილეობისა და წარმომადგენლობის გაზრდითაა შესაძლებელი, ხოლო მუნიციპალიტეტების ზომის ზრდა ამ ყველაფერთან უკუპროპორციულ დამოკიდებულებაშია. გარდა ამისა, მსოფლიო გამოცდილებაც იგივეს გვეუბნება: ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება არ ნიშნავს ხარჯთეფექტიანობის ზრდას, მითუმეტეს, რომ ხარჯების შემცირებაც სათუოა.

გაიზრდება კვალიფიციური კადრების რაოდენობა? – სასაცილოა! კვალიფიციური კადრები დიდი ხანია წავიდნენ ამ ქალაქიდან ან სულაც ქვეყნიდან და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი თაობა ადგილობრივ თვითმმართველობაში აპირებდეს კარიერის აწყობას. კვალიფიკაციის ზრდა, რა თქმა უნდა, ყველა სისტემის ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელი პირობაა, მაგრამ არანაკლებ აუცილებელია მართვის პროცესების უნიფიცირება და სტანდარტიზება, რაც შეამცირებს საჭირო კვალიფიკაციის დონეს და საშუალებას მოგვცემს დაბალკვალიფიციური კადრებით ავამაღლოთ მართვის ეფექტიანობა. ჯერჯერობით არსად ჩანს, რომ მთავრობის წარმომადგენლებს ამ საკითხზე რაიმე ხედვა ჰქონდეთ ან განვითარებასთან დაკავშირებით რაიმე ზომა მიეღოთ. გამონაკლისს წარმოადგენს რამდენიმე “NGO” და თითზე ჩამოსათვლელი ენთუზიასტი თანამდებობის პირი. სამწუხაროა, რომ ეს ენთუზიასტებიც დიდ ხანს ვერ ძლებენ თავიანთ პოზიციებზე – ისინი ან სხვა სფეროში გადაყავთ, ან ათავისუფლებენ და ან შეხედულებებს იცვლიან კონიუნქტურიდან გამომდინარე.

ამგვარად, კიდევ ერთხელ ვამბობ (და იმდი მაქვს, ქალაქის ბედ-იღბლით დაინტერესებული ჩემი თანამოქალაქეებიც შემომიერთდებიან): გაგვანებეთ თავი, იზრუნეთ სისტემის დახვეწაზე და არა თვითმმართველი ერთეულების გამსხვილებაზე. ეს მხოლოდ წუთიერ შედეგს იძლევა მმართველი ძალისთვის, რადგან, მათი აზრით, აადვილებს „კონტროლს“. წინა მთავრობასაც ასე ეგონა – 300 თვითმმართველ ერთეულის კონტროლზე ადვილი 70 ერთეულის კონტროლიაო, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაფერი პირიქით გამოვიდა. პოლიტიკოსებს თავშიც ქვა უხლიათ. სამწუხარო ისაა, რომ ქვეყნის სტაგნაციაში თვითმმართველობის სისტემის გაუმართაობას ლომის წილი უკავია. მართალია, ნაკლებად შესამჩნევია, მაგრამ ასეა – მოქალაქეებს ნაკლებად აქვთ მესაკუთრისა და პროცესის მონაწილის აღქმა; ვერ ყალიბდება თემი, როგორც საზოგადოებრივი ერთობის ძირითადი უჯრედი, რაზეც სწორედ თვითმმართველი ერთეულების ზომა ახდენს უდიდეს გავლენას. ურბანული და სასოფლო დასახლებების პრობლემატიკაში გადაკვეთის წერტილები ძალზე მცირეა. ამას ადასტურებს საერთაშორისო გამოცდილება (მაღალგანვითარებული ქვეყნების ჩათვლით) და გამონაკლისი არც საქართველოა. მაგალითად, თუ გორში პრობლემას მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი, გზების დაზიანებული საფარის შეკეთება და წყლის სისტემაში დაბალი წნევა წარმოადგენს, მთის სოფლებში პრობლემები აბსოლუტურად განსხვავებულია: აქ მთავარი პრობლემა არა ამ კომუნიკაციების გაუმართავი მუშაობაა, არამედ ამ კომუნიკაციების არარსებობაა. საკმარისია დავფიქრდეთ ჩვენი სადარბაზოების მდგომრეობაზე, რომ მოვხვდეთ, სად იწყება კუთვნილების განცდა: თუ სხეულის დაუზიანებლად გადარჩი ჩამონგრეულ და ჩაბნელებულ სადარბაზოში კიბეზე სვლას და სასურველ სართულსა და ბინას მიაღწიე, კარის გაღებისთანავე მოწყობილ, განათებულ და გალამაზებულ გარემოში ხვდები. ნათელია, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ ჩამოგვყალიბებია სათემო საკუთრების და საერთო ზრუნვის განცდა. და თუ გვინდა ამ მენტალობის შეცვლა, მუშაობა სწორედ დაბალი დონიდან – „სადარბაზოებიდან“ უნდა დავიწყოთ, რასაც არსებული და შემოთავაზებული გიგანტური თვითმმართველი ერთეულები ვერაფრით ვერ შეძლებენ.
არავითარ შემთხვევაში არ მინდა ამგვარი დეკლარაციები ერთგვარ ქალაქურ სნობიზმში ჩამომართვათ. პირიქით, ვთვლი, რომ ამგვარი ხარვეზები უფრო მეტ ზიანს სოფლის მოსახლეობას აყენებს: გაიხსენეთ თუნდაც ზემოთ მოყვანილი გორის გაერთიანებული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განაწილების სტატისტიკა.
აღარ მინდა დავბრუნდე იმ სიტუაციაში, როდესაც კომისიაში, რომელიც გორის ღერბსა და დროშას იღებდა, არც ერთი გორელი არ იყო, ხოლო სამუშაო ჯგუფში, რომელიც ატენის ხეობის განვითარების კონცეფციაზე მუშაობდა – ამ ხეობის არც ერთი მცხოვრები.
ასე, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა არამც და არამც არ არის შვიდი საცოდავი ქალაქის მუნიციპალიტეტებში შეკვეხება და თუ ვინმე ცდილობს, რომ ამ თემის წამოწევით რაიმეს მოიგებს, ძალიან ცდება. გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ წააგებს კიდეც, ახლავე თუ არა, არც თუ ისე შორეულ მომავალში. ზემოთ ნახსენებ გამოთქმას თუ მოვიშველიებთ სულელებზე ორჯერ უარესი ნუ გავხდებით.
კიდევ ერთხელ დაგვანებეთ თავი, მოგვეცით საშუალება თავად გავაკეთოთ არჩევანი და თავად ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა საკუთარ არჩევანზე.

 

მძღოლი გამოძახებით და პატრულის მიერ 700 ლარით დაჯარიმებული მომხმარებელი

ბათუმის საქალაქო სასამართლო ჩარიტა ჟღენტის სარჩელს განიხილავს. ჩარიტა სასამართლოში საპატრულო პოლიციას უჩივის. მიიჩნევს, რომ ის უსამართლოდ დააჯარიმეს.

რამდენიმე თვის წინ ჩარიტა დაბადების დღეზე ყოფილა და ერთ-ერთი ტაქსისთვის დაურეკავს, სადაც ე.წ. „ფხიზელი მძღოლის“ მომსახურება აქვთ. ჩარიტა ნასვამი იყო და მძღოლი გამოიძახა, საკუთარი მანქანით შინ უსაფრთხოდ რომ დაბრუნებულიყო.

„რესტორან „რივიერაში“ ვიყავი გასული წლის 28 ნოემბრის საღამოს, რამდენიმე ჭიქის დალევა მომიხდა და ამიტომ ვარჩიე „ფხიზელი მძღოლის“ მომსახურებით მესარგებლა. მოვიდა მძღოლი და წამოვედით. ჭავჭავაძის ქუჩაზე ძალიან ცუდი მანევრირება გააკეთა, პატრულმა დაგვაფიქსირა და გაგვაჩერა. აღმოჩნდა, რომ მძღოლს მართვის მოწმობა არ ჰქონია. იმის გამო, რომ მანქანა ჩემი იყო, 700 ლარით დამაჯარიმეს, მძღოლი – 500 ლარით“, – გვიყვება ჩარიტა.

ჩარიტა საპატრულო პოლიციელის მიერ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმს ასაჩივრებს სასამართლოში. ამბობს, რომ ადმინისტრაციული დავის შემდეგ სარჩელს სამოქალაქო წესით ტაქსის კომპანიის წინააღმდეგაც შეიტანს და კომპენსაციას მოითხოვს.

ჩარიტა ჟღენტი: „რამდენჯერმე მივმართე ამ კომპანიას. თავდაპირველად მითხრეს, რომ ზარალს ამინაზღაურებდნენ, მაგრამ ბოდიშიც კი არ მოუხდიათ. კომპანიას სახელი შეუცვალეს და ახლა მეუბნებიან, ხელმძღვანელობა შეიცვალა და ჩვენ რა შუაში ვართო. პრინციპის ამბავია, უნდა მოვახერხო საკუთარი უფლებების დაცვა“.

„პასუხი წინა ხელმძღვანელობას მოსთხოვეთ, ჩვენ არაფერი ვიცით“, – გვითხრეს კომპანიაში, რომელსაც ჩარიტა ედავება და სადაც „ფხიზელი მძღოლის“ მომსახურება აქვთ. კომპანიის სახელწოდებას, ვიდრე სასამართლო პროცესები არ დასრულდება, „ბათუმელები“ არ ასახელებს.

 

 

 

ივანიშვილის ხის გამო ავტომაგისტრალზე განათების ბოძები და საგზაო ნიშნები ამოთხარეს [ფოტო]

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში, სადაც შეკვეთილში გადასატანად ხეებს თხრიან, ბათუმი-თბილისის ავტომაგისტრალზე გარეგანათების ბოძები და საგზაო ნიშნებიც ამოთხარეს. მაგისტრალზე გარეგანათება გუშინ საღამოს გათიშეს, ხოლო განათების ბოძები წუხელ ამოიღეს.

დღეს, 17 მარტს, კიდევ ერთი მრავალწლოვანი ხის ტრანსპორტირება იგეგმება ბუკნარიდან ჩაქვში, რის გამოც გარკვეული დროით ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალიც გადაიკეტება.

კომპანია „ზიმოს“ [ეს კომპანია ერთ-ერთი მათგანია, რომლსაც ხეები გადააქვს] წარმომადგენელმა, ირაკლი შანავამ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ განათების ბოძები და საგზაო ნიშნები იმისთვის ამოიღეს, რომ ხის ტრანსპორტირებისას არ დაზიანებულიყო. ხის ტრანსპორტირება კი ბუკნარიდან ჩაქვში დღეს, ღამით იგეგმება და განათების ბოძებსაც და საგზაო ნიშნებსაც პარალელურად აღადგენენ.

არის თუ არა სათანადო ნებართვები გაცემული? – „ბათუმელები“ ინფორმაციისთვის ქობულეთის გამგეობისა და შსს-ს პრესსამსახურებს დაუკავშირდა. მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

ხის გადატანის გამო აღნიშნული მაგისტრალის ეს მონაკვეთი, ბოლოს, 5 თებერვალსაც გადაიკეტა.

 

17352541_1490773967622316_1793644057796937789_n
ხის გადატანის სამზადისი, ბათუმი-ქობულეთის ავტომაგისტრალი / ბუკნარი, ჩაქვი / 17.03.2017 / არჩილ კახაძის ფოტოები

17353347_1490774170955629_3654037201881148574_n

17352000_1490773964288983_7476188893288168885_n

17353506_1490774087622304_3534447175926894449_n

17264936_1490774157622297_5607175854447998394_n

 

ავტოავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

ხელვაჩაურის გზატკეცილზე, კახაბრის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთის წინ მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველები ყვებიან, რომ ქვეითს ავტომანქანა დაეჯახა.

ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ მამაკაცს მრავლობითი დაზიანება ჰქონდა თავის არეში და იგი სასწრაფოს მანქანაში მოთავსების დროს გარდაიცვალა. ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი დაახლოებით 50 წლისაა. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მართვის წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

ბათუმის აქციის შემდეგ დაკავებულთა რაოდენობა 85-მდე გაიზარდა

ბათუმის აქციაზე მოწყობილი მასობრივი არეულობისა და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 16 მარტს, 6 პირი დააკავა. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ბათუმში, ციალა ქათამიძე ამბობს, რომ მან წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკავებულები უკვე მოინახულა. მათ შორის  არის ერთი არასრულწლოვანი, ხოლო ერთ-ერთი მათგანი ადმინისტრაციული წესით უკვე იმყოფებოდა პატიმრობაში საპროტესტო აქციაზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო.

აქამდე სამართალდამცავ უწყებებს სისხლის სამართლის პასუხისგებაში სხვა პირი არ მიუციათ. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ამ 6 პირისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი უახლეს 48 საათში უნდა განიხილოს.

ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 80 პირი დააკავა. დაზუსტებული მონაცემი დღეს სახალხო დამცველის ბათუმის წარმომადგენლობამ დაასახელა. ამ ციფრს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. 80 პირიდან 11 მარტის აქციამდე ასევე 6 პირი დააკავეს, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან ამ დროისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში 32 საქმე შევიდა. 7 პირს 5-5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, 10 ადამიანს – ჯარიმა 250 ლარი, 1 არასრულწლოვანს  შენიშვნა მისცეს, ხოლო 2 პირის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება საერთოდ შეწყდა. 12 პირის საქმის განხილვა გადადებულია დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის მოტივით.

მოქალაქე პატრულს სასამართლოში უჩივის

მოქალაქე, ვინც პატრულს სასამართლოში უჩივლა, დავით ოქროპილაშვილია. ის ამერიკის მოქალაქეა. ბათუმის კარიბჭესთან, გასული წლის ზაფხულში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვდვის გამო იგი პატრულმა 250 ლარით დააჯარიმა. საქმეს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე განიხილავს.

“ჩვენ წარმოვადგინეთ დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა, რაც ადასტურებს იმას, რომ ავარია დავით ოქროპილაშვილის მიზეზით არ მომხდარა”, – უთხრა მოსამართლეს ტოგო ჭელიძემ. ის სასამართლოში დავით ოქროპილაშვილის ინტერესებს იცავს.

“ჩვენც წარმოვადგინეთ ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა სამსახურმა მოამზადა,” – მიმართა მოსამართლეს ზურაბ გვარიშვილმა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა. მან ასევე ითხოვა საქმეში მესამე პირად ჩაერთოს გიორგი კონცელიძე, ვინც ავტოავარიის მონაწილე მეორე მხარეა.

მოსამართლემ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და საქმის განხილვა გადაიდო, რადგან “თუკი სასამართლო დაადგენს, რომ ავარია ოქროპილაშვილის გამო არ მომხდარა, მაშინ საპატრულო პოლიცია მეორე მხარეს დააჯარიმებს,” – დასძინა მოსამართლემ.

ტოგო ჭელიძემ “ბათუმელებს” უთხრა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, რადგან გიორგი კონცელიძის მანქანაში მყოფი ფეხმძიმე ქალი დაშავდა.

ტოგო ჭელიძე: “მძღოლებს სხეულის დაზიანება არ მიუღიათ, დაზიანდა მანქანები და მეორე მხარე მანქანის გარემონტების ხარჯებსაც მოითხოვს ჩვენგან. გამოძიება შეწყდა, მაგრამ ავარიის დღესვე პატრულმა ჯარიმა გამოუწერა დავით ოქროპილაშვილს. მან ჯარიმა არ გადაიხადა და სარჩელით სასამართლოს მიმართა”.

მოქალაქე ამბობს, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლის საშუალებას არ აძლევენ

ბათუმში, რუსთაველისა ქუჩის #7-ში მდებარე კორპუსში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ერთ-ერთი ბინის მეპატრონე აივნის გადახურვის ნებართვას ითხოვს. ჯონი ჯაიანი ამბობს, რომ მისი ბინის აივნიდან მეზობლის ბინაში წყალი ჩადის.

„… მინდა ეს პრობლემა დროულად მოვაგვარო, რადგან სამსახურში როცა გამომიძახებენ, ქალაქში რამდენიმე თვე არ ვიქნები. მეზღვაური ვარ და მორიგი გასვლა მექნება მალე. სააგენტოს მივმართე, მისული ვიყავი, წერილობით არ მიმიმართავს. მითხრეს, რომ პროექტი ხელახლა უნდა მოვამზადო, რაც დროსა და თანხას უკავშირდება, მითუმეტეს, რომ პროექტი უკვე მაქვს…“

აივნის გადახურვის პროექტით ჯონი ჯაიანს სააგენტოსთვის 2014 წელს მიუმართავს და ნებართვაც მიუღია. სააგენტოსთან იყო შეთანხმებული სახურავის მასალა და მისი ფერიც, რომლითაც მოქალაქეს აივანი უნდა გადაეხურა:

„უნდა ყოფილიყო ყავისფერი, რაც ბაზარზე არ იშოვებოდა, ამიტომ ლურჯი გამოვიყენე, რის გამოც დამაჯარიმეს. შემდეგ,, როცა ავუხსენი, რომ ვერ ვიშოვე ამ ფერის მასალის, გამოყენებაზე შევთანხმდით… “

ჯონი ჯაიანი საკუთარი ბინის აივანზე
ჯონი ჯაიანი საკუთარი ბინის აივანზე

გასულ ზამთარს, ცუდმა ამინდმა მოქალაქის მიერ 2014 წელს დამონტაჟებული აივნის სახურავი ხელახლა დააზიანა. ამის გამო მეზობლებს პრობლემები ისევ შეექმნათ:

„ამიტომ ვცდილობდი იმ დაზიანებული ნაწილის ისევ დაფარვას, მაგრამ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სამუშაოები გამაჩერებინა და სააგენტოდან ნებართვა მომთხოვა. მივმართე სააგენტოს. მითხრეს, რომ პროცედურა ხელახლა უნდა დამეწყო, ისევ უნდა მომემზადებინა პროექტი და ასე შემდეგ… მე ვიცი, რომ ეს ძეგლია და არაფრის შეცვლას არ ვეგმავ, მაქვს მოტივაცია, რომ მოვუარო როგორც ძეგლს, მაგრამ ამის საშუალება არ მეძლევა“, – ამბობს ჯონი ჯაიანი.

„ბათუმელები“ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვებისა და მონიტორინგის განყოფილებას დაუკავშირდა. განყოფილების უფროსის მირზა ცეცხლაძის განმარტებით, ჯონი ჯაიანს სახურავის აღდგენაზე ნებართვის მისაღებად რთული პროცედურის გავლა არ მოუწევს:

„… არავინ არ შეუქმნის სახურავის აღდგენაზე პრობლემას. პირიქით, როცა არის სარეაბილიტაციო სამუშაოების საჭიროება, მოქალაქემ უნდა მოგვმართოს, რომ გავცეთ შესაბამისი ნებართვა. მოქალაქე, რომელზეც თქვენ საუბრობთ იყო სააგენტოში მოსული, მას განვუმარტეთ, რომ უნდა დაწეროს განცხადება, რასაც უნდა დაურთოს კულტურული მემკვიდრეობის მოსაკრებლის ქვითარი [50 ლარი], მოიტანოს ასევე განმარტებითი ბარათი, ანუ სამუშაოს აღწერა, სამუშაო მასალა, ფოტომასალა, გეგმა-გრაფიკი, რაც საჭიროა ნებართვის მისაღებად. სიტუაციური გეგმა, საკადასტრო რუკა, შესაბამისი ნაწილის ანაზომები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც უკვე წარმოდგენილი აქვს, აღარ დაჭირდება. მითითებას გააკეთებს იმაზე, რაც აქვს წარმოდგენილი და ჩვენ ვიხელმძღვანელებთ უკვე ჩვენთან არსებული მასალებით, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი მოვალეობა და განვუმარტეთ, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ხელახლა გადახუროს აივანი.“

ჯონი ჯაიანმა „ბათუმელებთან“ სადარბაზოს პრობლემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, სადარბაზოდან ინტენსიურად ცვივა ბათქაში და ასავლელი კიბეც მწყობრიდანაა გამოსული. მოძველებულია ასევე ელექტროგაყვანილობაც, რომლის გამო ერთხელ კორპუსში ცეცხლიც გაჩნდა. ჯონის თქმით, მეზობლებს ამ ყველაფრის მოწესრიგება საკუთარი სახსრებითაც შეუძლიათ, მაგრამ მათ სააგენტოსგან ნებართვის მიღების გრძელვადიანი პროცედურა აშინებთ. სააგენტოში აცხადებენ, რომ ისინი ამ შემთხვევაშიც კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებენ.

17349280_1643848615644558_1088713270_o

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სადარბაზო
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სადარბაზო
ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ფოტო: ცაგო კახაბერიძე

“ხოფის ბაზრობაზე” თამბაქოს მაღაზია გაქურდეს

ბათუმში ე.წ. ხოფის ბაზრობაზე, მაღაზია გაძარცვეს. ადგილზე მომუშავეების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა. მათი თქმით, ქურდმა სახურავი ამოჭრა და ისე ჩაიპარა მაღაზიაში.

მაღაზიის მეპატრონე ამბობს, რომ ზარალს ახლა ითვლიან. ადგილზე მოვაჭრეების თქმით კი, მაღაზიიდან 20 ათასამდე ლარია გატანილი.

“ხოფის” ბაზრობაზე მომხდარ ქურდობის ფაქტს შსს-ში გვიდასტურებენ. მათი ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლით არის დაწყებული.

2500 ლარი მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის

აჭარის განათლების სამინისტრო აპირებს დააფინანსოს მაგისტრანტებისა და დოქტორანტების  საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში –   კონფერენცია, კონგრესი, ფორუმი, სიმპოზიუმი, სემინარი, მონაწილეობა.

ფინანსური დახმარება გაიცემა 2 500 ლარის ოდენობით. ოფიციალური ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში მუდმივად ან ხელშეკრულებით მომუშავე მეცნიერებს,  ასევე, იმ მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომლებიც სამინისტროში განაცხადის წარდგენის პერიოდში სწავლობენ ზემოაღნიშნული იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციებში.

კონკურსში მინაწილეობის მისაღებად, საბუთების მიღება სამინისტროში 2017 წლის 28 აპრილის ჩავლით იქნება შესაძლებელი. „ქვეპროგრამის ბენეფიციარებს გამოავლენს სპეციალური კომისია“.

გონიოში სასტუმროს მშენებლობისთვის ევკალიპტის ხეები მოჭრეს

გონიოს გზის განაპირას, სასტუმროს მშენებლობის გამო, თვითმხილველების თქმით, 30-მდე ევკალიპტის ასწლოვანი ხე მოჭრეს. როგორც ერთ-ერთი მოქალაქის ლაივ ვიდეოში მიწის მფლობელი ორგანიზაცია Emrag Inşaat-ის წარმომადგენელი ამბობს, ხეების მოჭრაზე მათ შესაბამისი ნებართვა გააჩნიათ. მისივე თქმით, სასტუმროს პროექტიც მალე დასრულდება, რის შემდეგაც მერიაში მშენებლობის ნებართვაზე აპირებენ განაცხადის შეტანას. როგორც ვიდეოდან ირკევა, ამ ადგილზე მაქსიმუმ ხუთსართულიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში განგვიმარტეს, რომ ეს ხე-მცენარეები კერძო საკუთრებაშია და კანონის თანახმად, გამწვანების სამსახურს არ შეუძლია მათ ამ ხეების მოჭრის გამო ვინმეს დაჯარიმება შეძლონ.


ექსპერტების ჩვენება პატიმრების გაშიშვლების აუცილებლობაზე

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია ნანა ფ.-ს სარჩელს განიხილავს. პატიმარი ქალი სასჯელაღსრულების მინისტრის ერთ-ერთი ბრძანების ანტიკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს, რომლის მიხედვითაც ციხის ადმინისტრაციას აქვს უფლება პატიმარს, შემოწმების მიზნით, მოსთხოვოს გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება.

მოსარჩელე ევროპულ პრაქტიკაზე აკეთებს აქცენტს, სადაც, ძირითადად, სკანირების აპარატს იყენებენ და გამონაკლის შემთხვევაში თხოვენ პატიმარს გაშიშვლებას. სასჯელაღსრულების სამინისტრო ამტკიცებს, რომ სკანირება სრულ შემოწმებას ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ “სრული შემოწმება” აუცილებელია.

“სკანირება აღმოაჩენს ნივთს, რომელიც სხეულის ქსოვილზე ოდნავ მძიმე მაინც იქნება”, – მიმართა მოსამართლეებს ოთარ ურუშაძემ, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის რადიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. დღეს, 16 მარტს, სასამართლომ სკანირების აპარატის ეფექტურობის დასადგენად რამდენიმე ექსპერტის პოზიცია მოისმინა. ექსპერტები ამ შემთხვევაში სასამართლომ მოიწვია.

ექსპერტები, რომლებიც სამედიცინო მიმართულებით მუშაობენ, თქვეს, რომ სკანირების აპარატი ვერ აღმოაჩენს, მაგალითად, გადაყლაპულ ქაღალდს, ან ფხვნილს, თუკი მას სიმძიმე არ ექნება.

“ამის დაფიქსირება მაღალი გარჩევადობით შეუძლია კომპიუტერულ ტომოგრაფიას, რასაც მედიცინაში იყენებენ. მისი გამოყენება მრავალჯერადად მიუღებელია, რადგან მას მაღალი გამოსხივება აქვს,” – თქვა ექსპერტმა ოთარ ურუშაძემ.

“თქვენ უახლოეს სტატიებს იცნობთ ამ საკითხზე?”- კითხა ექსპერტს გიორგი გოცირიძემ, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტმა. ის პატიმარი ქალის ინტერესებს იცავს.

“საიდან გაქვთ ეს მონაცემები. მე გაჩვენებთ, მაგალითად, ამერიკაში, კონკრეტულად კი, კოლორადოს შტატში გამოიყენება სკანირების აპარატი პატიმრებთან და აღწერაში წერია, რომ მას ქაღალდის აღმოჩენაც შეუძლია,” – უთხრა იურისტმა ექსპერტს და თან კომპიუტერში წაუკითხა ინგლისურენივანი სამეცნიერო სტატიიდან ამონარიდი.

“ამ წყაროს მე არ ვიცნობ,”- თქვა ექსპერტმა.

სასამართლომ მოისმინა იმ კომპანიის წარმომადგენლის პოზიციაც, ვინც საავადმყოფოებს, ასევე აეროპორტებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს სკანირების აპარატებს აწვდის. შპს “დდგ კომუნიკაციის” დირექტორის, დავით დავითაშვილის თქმით, სკანირების აპარატს მაღალი გარჩევადობა აქვს და იგივე აპარატები, რაც სასჯელაღსრულების სამინისტრომ შეიძინა, მაღალი ხარისხისაა.

მისი თქმით, სკანირების აპარატმა მხოლოდ ძალიან მცირე ოდენობის ფხვნილი შესაძლოა ვერ დააფიქსიროს, ან ფურცელი, თუკი ის ძალიან თხელია და დაკეცვის გარეშე აქვს პატიმარს გადაყლაპული.

წლის დასაწყისში, 5 იანვარს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა ბრძანება შეცვალა და პატიმრებს სკანირების მეთოდის არჩევის უფლება მიანიჭა, თუმცა ძალაში დარჩა ერთ-ერთი ბრძანება, რიმლითაც ციხის ადმინისტრაციას აქვს უფლება პატიმარს გაშიშვლებაც მოსთხოვოს.

გასულ წელს “ბათუმელები” წერდა პატიმარზეც, რომელიც საკუთარ სასამართლო პროცესს ვერ ესწრება. ის უარს აცხადებდა ციხიდან გამოყვანის დროს გაშიშვლებულიყო და ბუქნები გაეკეთებინა. ამის გარეშე ციხის ადმინისტრაცია მას დაწესებულებიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდა.

 

რა უნდა გააკეთოთ თუ მაღალმთიანეთში დენის გადასახადზე შეღავათით ვერ სარგებლობთ

2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონის ის მუხლი, რომლითაც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათით უნდა ესარგებლა, თუმცა ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა ბევრმა ოჯახმა „მთის კანონით“ გაწერილი ეს სარგებელი ვერ მიიღო.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანაშემწე მერაბ ტაკიძე ამბობს, რომ ქედაში ელექტროენერგიის შეღავათით ძირითადად იმ ოჯახებმა ვერ ისარგებლეს, რომელთა სააბონენტო ქვითარზე მითითებული აბონენტი გარდაცვლილი პირია.

„რამდენმა ოჯახმა ვერ მიიღო ლექტროენერგიის შეღავათი ამის ზუსტი სტატისტიკური მონაცემი არ არსებობს, ამ პრობლემით მე ქედაში მცხოვრებმა რამდენიმე მოქალაქემ მომმართა, რიგ შემთხვევაში მიზეზი არასწორად მითითებული აბონენტის პირადი ნომერი იყო, ან ელექტროენერგიის საფასურის გადასახად ქვითარზე მითითებული პიროვნება გარდაცვლილია. აბონენტებმა, რომლებმაც ვერ მიიღეს შეღავათები უნდა მიმართონ ენერგოკომპანიას ხარვეზის გასასწორებლად“ – ამბობს მერაბ ტაკიძე.

შუახევის მუნიციპალიტეტის, ზამლეთის თემის რწმუნებლი ივერი კაკალაძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ქვითარზე მითითებული პირი გარდაცვლილია, გახარჯული ელექტროენერგიის გადასახადზე სარგებლის მისაღებად აბონენტი უნდა შეცვალოს.

„აღნიშნული პრობლემით ზამლეთის თემში მცხოვრებმა 20-მდე მოქალაქემ მომმართა, შეიძლება იყოს ოჯახები, რომლებსაც ჩემთვის არ მოუმართავს, მაგრამ ანალოგიური პრობლემა ჰქონდეს.

მოქალაქე აბონენტად რომ დარეგისტრირდეს, ამისთვის საცხოვრებელი სახლი უნდა იყოს რეგისტრირებული, იმ შემთხვევაში, თუ ქვითარზე მითითებული აბონენტი გარდაცვლილია, პირველი რაც უნდა გააკეთოს ოჯახმა, ის ვინც აბონენტად უნდა დარეგისტრირდეს, საცხოვრებელი სახლი უნდა დაირეგისტრიროს“ – ამბობს ივერი კაკალაძე.

ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემის რწმუნებულის, თემურ ირემაძის თქმით, პრობლემები, რის გამოც აბონენტებმა შეღავათით ვერ ისარგებლეს, აჭარის მთაში თითქმის იდენტურია და დასძენს, რომ შეღავათის მისაღებად საჭირო პროცედურის გასავლელად ინფორმაცია ყველა ოჯახს მიაწოდეს. მისივე ინფორმაციით ღორჯომის თემში შეღავათით დაახლოებით, მოსახლეობის 5%-მა ვერ ისარგებლა.

„ბათუმელების“ კითხვაზე რამდენმა აბონენტმა ისარგებლა „მთის კანონით“ გაწერილი ელექტროენერგიის შეღავათით აჭარის რეგიონში და რამდენი აბონენტი დარჩა სარგებელის გარეშე? – „ენერგო პრო-ჯორჯიას“ აჭარის ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გენო სურმავამ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ამ ინფორმაციას კომპანია არ ფლობს და დასძინა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ აბონენტებმა ელექტროენერგიის შეღავათით სარგებელი გარკვეული უზუსტობის გამო ვერ მიიღეს, უზუსტობის გასასწორებლად და სარგებლის მისაღებად, სოციალურ სამსახურებს უნდა მიმართონ.


2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონის ის მუხლი, რომლითაც მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებლები ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათებით სარგებლობენ.

მაღალმთიან დასახლებაში აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ნახევარს [50%-ს], 2017 წლის პირველი იანვრიდან სახელმწიფო გადაიხდის, თუმცა, არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა.

აჭარიდან მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაშია ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის საზღვრებში მდებარე  ყველა სოფელი. აჭარის რეგიონიდან ნუსხაში ასევე შეტანილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები: დიდვაკე და ხინო; ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვედა ქოქოლეთი.

ბათუმის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მიერ პარკირების წესის დარღვევის ფაქტები [ვიდეო]

ბათუმის მერიის შენობის წინ, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, მერიისა და საკრებულოს ათობით სამსახურეობრივი ავტომანქანა პარკირების წესის დარღვევით დგას, მაშინ, როდესაც მერიას ადმინისტრაციული შენობის უკან აქვს  ტერიტორია პარკინგისთვის, რომელიც ნახევრად ცარიელია. „ბათუმელები“ აღნიშნულ ტერიტორიას ორი კვირის მანძილზე აკვირდებოდა.

მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, ქუჩის ერთ მხარეს პარკირება დასაშვებია, აქ ამკრძალავი ნიშნის ქვემოთ არის წარწერა – „მერიის ავტომობილების გარდა“. ქუჩის მეორე მხარეს კი დგას ნიშანი „გაჩერება აკრძალულია“. სხვა დამატებითი აბრა იქ განთავსებული არაა.

მიუხედავად ამისა, ბათუმის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ავტომობილებს ამკრძალავი ნიშნის ქვეშ აჩერებენ, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს მოძრაობის შეფერხებას.

იმის გასარკვევად, თუ რატომ არღვევენ მერიის თანამშრომლები მათ მიერვე დადგენილ ნორმებს, „ბათუმელები“ ბათუმის მერიის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს პარკირების ადმინისტრირების განყოფილებას დაუკავშირდა. ჩვენ გვაინტერესებდა დღეს, 16 მარტს ან გასული კვირის მანძილზე ბათუმის მერიის წინ კანონდარღვევით გაჩერების გამო თუ დააჯარიმეს ვინმე. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოში გვითხრეს, რომ „წვიმის გამო კონტროლიორები დღეს შემოწმებაზე არ გაუშვიათ. წინა დღეების მონაცემებს კი მოგვიანებით მოგვაწვდიან“.

დაჯარიმდა თუ არა დღეს  რომელიმე მძღოლი, პატრულის მიერ, ბათუმის მერიის შენობის წინ არასწორი პარკინგისთვის? – ამ შეკითხვით „ბათუმელებმა“ შს სამინისტროს პრესცენტრს მიმართა. შსს-ს პრესცენტრის განმარტებით „ციფრები და მონაცემები საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროში წერილობითი მიმართვის შემთხვევაში გაიცემა“.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის მერია თავად არის ის ორგანო, რომელმაც უნდა იზრუნოს ქალაქში ავტომანქანების პარკინგის მოწესრიგებაზე, გამოავლინოს დამრღვევები და დააჯარიმოს ისინი. გარდა ამისა, არასწორი დგომისთვის დამრღვევი შეიძლება დააჯარიმოს საპატრულო პოლიციამაც.

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე პარკირების წესს არღვევს

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე მესამე სექტორის რეკომენდაციები

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილი ცვლილებების პროექტის მიხედვით, უქმდება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა. გარდა ამისა, ამომრჩეველი პირადაპირი წესით ვეღარ აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს.

პროექტზე შეფასებები გამოაქვეყნეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა – „სამართლიანი არჩევნები“, „ საია“ და „გამჭვირვალობა საქართველო“ . ისინი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მიესალმებიან, თუმცა არ მოსწონთ ის, რომ პროპორციულობა პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და მის მიერ პარლამენტში მოპოვებულ მანდატებს შორის უზრუნველყოფილი არ იქნება; მესამე სექტორს სხვა შენიშვნებიც აქვს:

საარჩევნო სისტემა და მანდატების გადანაწილების წესი:

წარმოდგენილი ვერსიით პოლიტიკური პარტიები არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო ბლოკებად ვერ გაერთიანდებიან; პროექტი ითვალისწინებს ასევე გაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური პარტიისთვის მინიჭებას. გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა შეიძლება მთლიანი მანდატების 10%-ს ან მეტსაც შეადგენდეს. შესაბამისად, ამ მანდატების მთლიანად ერთი პარტიისთვის მიკუთვნება არსებითად გაზრდის პარტიის მიერ მიღებულ ხმებსა და მანდატებს შორის დისპროპორციას.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნა იმიტომ დადგა დღის წესრიგში, რომ ის ამომრჩეველთა ხმებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებულ მანდატებს შორის დისპროპორციას წარმოქმნის.

მესამე სექტორის შეფასებით, მოტივაცია, რომ საარჩევნო სისტემამ უზრუნველყოს სტაბილურობა გასაგებია, მაგრამ მსგავსი მეთოდით აღნიშნული მიზნის მიღწევა უსამართლო და გაუმართლებელია:

„სისტემის შეცვლას აზრი ეკარგება, თუ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებშიც კი, მანდატების გადანაწილების არსებითად უსამართლო და არაპროპორციულ შედეგს მივიღებთ. მიგვაჩნია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან ერთად, გაუნაწილებელი მანდატები პარტიებს შორის უნდა გადანაწილდეს მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად.“

პრეზიდენტის არჩევის წესი:

შემოთავაზებული ვერსიით, უქმდება საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი და ის არაპირდაპირ, პარლამენტის მიერ აირჩევა. მეამე სექტორში კი მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა დემოკრატიის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნების გაუქმება არ წარმოადგენს საპარლამენტო მოდელიდან გამომდინარე აუცილებლობას, რადგან საპარლამენტო მმართველობის მქონე ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც, მიუხედავად შეზღუდული უფლებამოსილებებისა, პრეზიდენტი პირდაპირი წესით ირჩევა.

იმ შემთხვევაში, თუ მაინც გაუქმდება პირდაპირი წესით არჩევნები, მნიშვნელოვანია, რომ ეს არ შეეხოს მომდევნო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს და ძალაში შევიდეს 2023 წელს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება პოლიტიკური დატვირთვისგან გათავისუფლდეს და კონკრეტულ პიროვნებების გამო მიღებულად არ იყოს აღქმული.

მისასალმებელია, რომ მსგავსი პოზიცია უმრავლესობის მხრიდანაც გამოითქვა, თუმცა კატეგორიულად მიუღებელია საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ის განცხადებები, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის არჩევის წესის სავარაუდო ცვლილების ძალაში შესვლა შესაძლოა დამოკიდებული იყოს პრეზიდენტის მიერ გამოთქმულ ამა თუ იმ პოზიციაზე. მსგავსი განცხადებები ხელს უშლის კონსტრუქციულ დისკუსიას და მხოლოდ ამყარებს ეჭვებს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი ცვლილების ინიციატივა მოქმედი პრეზიდენტისადმი პირადი დამოკიდებულებებიდან გამომდინარეობს“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებში.

ბლოკების გაუქმება:

მომზადებული ცვლილებები ითვალისწინებს საარჩევნო ბლოკების გაუქმებას, რის არგუმენტადაც მოყვანილია პარტიების განვითარებისა და გაძლიერების აუცილებლობა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული ცვლილება, თუნდაც ის მომდევნო არჩევნებისთვის არ ამოქმედდეს, ზედმეტად რადიკალური ზომაა და არ არის მიზანშეწონილი. განსაკუთრებულად მიუღებელი იქნება ეს ნაბიჯი თუ შენარჩუნდება 5%-იანი ბარიერი და დამტკიცდება მანდატების განაწილების შემოთავაზებული წესი.

„აღსანიშნავია ისიც, რომ უმეტეს შემთხვევებში საარჩევნო ბლოკების შექმნა მხოლოდ ფინანსური ან სხვა მატერიალური და არამატერიალური სარგებლის მიღებით არის გამოწვეული, რაც ცალსახად უარყოფითი ფაქტია. აღნიშნული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად და არალეგიტიმური მანიპულაციების გამოსარიცხად, უმჯობესია, ცვლილებები განხორციელდეს შესაბამის კანონმდებლობაში. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ ერთი მხრივ პარტიები ორიენტირებული არ იქნებიან ბლოკის შექმნაზე ფინანსური სარგებლის ინტერესით, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში პარტიების გაძლიერებას შეუწყობს ხელს და მეორე მხრივ, თუ პარტიები გადაწყვეტენ მაინც შექმნან ბლოკი, ეს გამოწვეული იქნება მხოლოდ პოლიტიკური და არჩევნებში გამარჯვების ინტერესით. ასეთ შემთხვევაში კი, საარჩევნო ბლოკის შექმნა გამართლებულია.“

საპარლამენტო არჩევნების თარიღი:

წარმოდგენილი ვერსიით შემოთავაზებულია არჩევნების ფიქსირებული თარიღი, კერძოდ, პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის პირველი კვირა დღე. აღნიშნულის მიზანი შეიძლება იყოს მომავალში იმ გაუგებრობის თავიდან აცილება, რაც გამოწვეული იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისას.

მესამე სექტორი თარიღის დაკონკრეტებას პრობლემად არ მიიჩნევს, თუმცა მათივე მოსაზრებით არც აუცილებლობას არ წარმოადგენს მისი დაკონკრეტება.

„ერთ შემთხვევაში მომხდარი გაუგებრობის გამო. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის პირველ კვირაში არჩევნების დანიშვნა შესაძლებლობას არ აძლევს პოლიტიკურ პარტიებს სრულფასოვნად აწარმოონ წინასაარჩევნო კამპანია, ვინაიდან საარჩევნო კამპანიის დროის უმეტესი ნაწილი ემთხვევა ზაფხულის პერიოდს, როდესაც ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ისვენებს. აქედან გამომდინარე, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს მსჯელობის გამართვა არჩევნების გაზაფხულზე გადატანის შესახებ“.

„სამართლიანი არჩევნები“, „საია“ და „გამჭვირვალობა საქართველო“ მიმართავენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს მხარი დაუჭირონ:

  1. არსებული საარჩევნო სისტემის პროპორციული მოდელით ჩანაცვლებას, მათ შორის გაუნაწილებელი მანდატების პროპორციულად გადანაწილებას, რათა თავიდან იქნას აცილებული არსებითად უსამართლო და არაპროპორციული შედეგი;
    2. საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებას;
    3. პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესის შენარჩუნებას, როგორც მინიმუმ მომდევნო, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

მუხრან ვახტანგაძეზე ერთი წიგნის მომზადება-დაბეჭდვაში სახელმწიფო 43 ლარს იხდის

წიგნის – „მუხრან ვახტანგაძე – დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი“ გამოსაცემად, აჭარის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 48 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა წიგნის გამოცემას 43 ათასი ლარი დასჭირდება.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა: ბათუმში რეგისტრირებული შპს „მარკა“ და თბილისში რეგისტრირებული შპს „სეზანი“. მომსახურება ყველაზე დაბალ ფასად დეპარტამენტს სწორედ „სეზანმა“ შესთავაზა – 43 ათასი ლარი.

სატენდერო კომისიამ „სეზანი“ ტენდერში გამარჯვებულად გამოავლინა. შესყიდვების ვებგვერდის მონაცემების მიხედვით, წიგნის მომზადება-დაბეჭდვის თაობაზე მხარეები ხელშეკრულებას უკვე ამზადებენ.

სატენდერო პირობების მიხედვით, დაიბეჭდება 200-გვერდიანი, არანაკლებ 1000 ცალი წიგნი.

მუხრან ვახტანგაძეზე წიგნს აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი იმ პროგრამის ფარგლებში გამოსცემს, რომლის მიზანია „ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, სპორტული მიღწევების გაუმჯობესება და ეროვნულ და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული გამოსვლა“.

ამავე დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მუხრან ვახტანგაძე დღეს საქართველოს პარლამენტის წევრია „ქართული ოცნებიდან“.

ვიქტორ დოლიძე უვიზო მიმოსვლის დეტალებზე სტუდენტებს ესაუბრა

დღეს 16 მარტს, ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, სტუდენტებს შეხვდა.

საუბარი შეეხო ევროპასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით  სტუდენტების ინფორმირებას. შეხვედრა იმ კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას შესაძლებლობებისა და ვალდებულებების შესახებ ინფორმირებულობას და ცნობიერების ამაღლებას.

შეხვედრის დროს, სტუდენტების მხრიდან კითხვები დაისვა შეჩერების მექანიზმებთან დაკავშირებით. უვიზო მიმოსვლის ვალდებულებების დეტალებზე და სამომავლო პერსპექტივებზე.

სტუდენტებს აინტერესებთან, იყო თუ არა აუცილებელი სასტუმროს ჯავშანის იმ შემთხვევაში, თუკი ახლობლის მოსანახულებლად მიდიხარ? ვიქტორ დოლიძის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მიუთითო იმ პირის რეკვიზიტები, ვისთანაც მიდიხარ. ვიქრტორ დოლიძის თქმით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი რომ არ ამოქმედდეს, ამისთვის აუცილებელია ყველა საქართველოს ყველა მოქალაქემ, ვინც შენგენის ზონის ქვეყნებში მიემგზავრება ზედმიწევნით დაიცვას უვიზო მიმოსვლის მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა დაკარგავს იმ შესაძლებლობას, რომელსაც წლების განმავლობაში ელოდებოდა.

უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევის შემთხვევაში, თუკი პირი 90 დღეზე მეტი ხნით დარჩება  შენგენის ზონის ქვეყანაში, დაჯარიმდება და მას რამდენიმე წლით ამ ზონაში შევლა აეკრძალება.

სტუდენტების კითხვები შეეხო სასწავლო მიზნით ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას და სხვა დეტალებს.

შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი და აჭარის განათლების მინისტრი.

ბსუ-ს სტუდენტები, ვიქტორ დოლიძესთან შეხვედრაზე.
ბსუ-ს სტუდენტები, ვიქტორ დოლიძესთან შეხვედრაზე.

 

ქობულეთში გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშვების ვადა უცნობია

ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასრულდა, თუმცა ზუსტად როდის შევა იგი ექსპლუატაციაში, ჯერ უცნობია. როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში გვითხრეს, ამჟამად პროცედურული ღონისძიებები ტარდება და სანამ ქობულეთის გამწმენდი ნაგებობა ამუშავდება, ჯერ დასრულებული ნაგებობა უნდა ჩაიბარონ პროექტის კონტრაქტორებმა.

ახალი გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ფეკალური მასები ზღვაში აღარ მოხვდება, რაც სანაპირო ზოლზე გააუმჯობესებს სანიტარულ მდგომარეობას, ასევე შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და ხელს შეუშლის სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელებას.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მონაცემებით, ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლები ზოგან შედარებით დაბალია, ზოგან კი მაღალი, თუმცა დაბინძურების მაჩვენებელი ნორმის ზღვარს არ სცდება.

მაგალითად, 2016 წელს აპრილიდან ოქტომბრამდე ჩატარებული კვლევით, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, რომელთა ნორმაც წყლის 1 დეციმეტრ კუბში არის 10 000, აჭარის სანაპიროზე ასეთი მაჩვენებლით დაფიქსირდა: ქობულეთის პლაჟზე –  620, ბობოყვათში – 620, სარფში – 500, კვარიათში – 500, ბათუმში, აკვაპარკთან – 950, ბათუმში, ცენტრალურ პლაჟთან – 1300, ბარცხანაში – 2400 და მწვანე კონცხზე – 950.

ასევე, ლაქტოზა დადებითი ნაწლავის ჩხირის მაჩვენებელი, რომლის ნორმაც წყლის 1 დეციმეტრ კუბში არის 5000, აჭარის სანაპიროზე ასეთი გამოიყურება: ქობულეთის პლაჟზე – 230, ბობოყვათში – 230, მწვანე კონცხი – 230, სარფში – 50, კვარიათში – 60, ბათუმში, აკვაპარკის ტერიტორიაზე – 230, ბათუმში, ცენტრალურ პლაჟთან – 200 და ბარცხანაში – 630.

ქობულეთის წყალარინების პროექტის საერთო ღირებულება 5 800 000 ლარზე მეტია და იგი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ტექნიკური აღჭურვილობა კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჰოლანდიის მთავრობის გრანტით შეიძინა.

გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა გასული წლის მარტში დაიწყო და წელს თებერვალში დასრულდა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ობიექტზე 120 ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული.

ამავე თემაზე: შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობა [ვიდეო]

სასამართლომ გიორგი პაპუაშვილის ბათუმის სადავო ბინაზე გადაწყვეტილება მიიღო

თბილისის სააპელაციო სასამართლომ როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. როლანდ ბლადაძე ასლან აბაშიძის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანია. მას საცხოვრებელი ბინა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე 2004 წელს ჩამოართვეს. ბინა ამ დრომდე გიორგი პაპუაშვილს ეკუთვნის, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს.

როლანდ ბლადაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. მოპასუხე ამ საქმეში გიორგი პაპუაშვილთან ერთად ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროა. სწორედ ამ უწყებამ ჩამოართვა ქონება როლანდ ბლადაძეს, როგორც დაუსაბუთებელი ქონება.

აბაშიძის ყოფილი მაღალჩინოსანი ითხოვდა 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, რომლითაც ბინა სიმბოლურ ფასად – 1000 ლარად გადაეცა გიორგი პაპუაშვილს. მოსარჩელე მხარე გიორგი პაპუაშვილის არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად აღიარებას მოითხოვდა.

გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეებმა: მერაბ ლომიძემ, თეა ძიმისტარაშვილმა და ამირან ძაბუნიძე მიიღეს. როლანდ ბლადაძის ინტერესების დამცველი, არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, რომ მიმართავს უზენაეს სასამართლოს და ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს.

„სახელმწიფო ვერ ბედავს მიიღოს გადაწყვეტილება, რომელსაც ექნება გამოხმაურება. ქონებას ამჟამად ფლობს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე“, – გვითხრა არჩილ კაიკაციშვილმა, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა. მისი შეფასებით, სასამართლომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საქმეში რამდენიმე პირდაპირი მტკიცებულება არსებობდა:

„მთავარი არის ის, რომ პროკურატურამ თავისი დადგენილებით უდანაშაულოდ მიიჩნია როლანდ ბლადაძე. შესაბამისად, არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს მისთვის ქონების ჩამორთმევა იყოს კანონიერი. ჩვენ ასევე წარმოვადგინეთ მტკიცებულება, რომ გიორგი პაპუაშვილი 2007 წელს, ქონების მისთვის გადაცემის დროსაც ფლობდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ როლანდ ბლადაძე ასაჩივრებდა ბინის ჩამორთმევას 2004 წლიდან. მაშინაც გაასაჩივრა ბატონმა როლანდმა აჭარის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთი გარემოება, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე 2004 წელს პროკურატურაში მუშაობდა და ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა ქონების კონფისკაციის პროცესს. ეს გადაწყვეტილება წინასწარ განჭვრეტადი იყო“, – ამბობს არჩილ კაიკაციშვილი.

გიორგი პაპუაშვილთან ერთად, 2007 წელს საცხოვრებელი ბინები ბათუმში სიმბოლურ ფასად საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა მოსამართლეებსაც გადაეცათ. სხვა ბინებიც ასევე აბაშიძის ოჯახის წევრებს და მაღალჩინოსნებს ეკუთვნოდათ. სადავო გიორგი პაპუაშვილის ქონება აღმოჩნდა. 2012 წელს, როცა ხელისუფლება შეიცვალა პაპუაშვილმა წერილით იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართა და გამოხატა მზადყოფნა, დაეთმო სადავო ბინა, თუკი სახელმწიფო მას ალტერნატიული საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფდა.

2013 წელს საქართველოს პროკურატურამ დადგენილება გამოსცა, სადაც ეწერა, რომ როლანდ ბლადაძის წინააღმდეგ 2004 წელს დაწყებული გამოძიება შეწყდა.

2015 წლის 17 მარტს გიორგი პაპუაშვილმა სადავო ბინა თავისი ცოლის დის, ეკა ხოფერიას ყოფილ ქმარს, გიორგი ლევიძეს მიყიდა 195 ათას დოლარად. ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა, რადგან ამ დროისთვის როლანდ ბლადაძის სარჩელს უკვე განიხილავდა სასამართლო. გიორგი პაპუაშვილმა მაშინ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ამ დავის მონაწილე თვითონ არ არის და საჯარო რეესტრმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა.

გიორგი პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო 2006-2016 წლებში.

 

 

 

Exit mobile version