სიახლეები

გამგებლის მოწოდების მიუხედავად, 22 ოჯახი სოფელს არ ტოვებს

22.06.2017 • 3197
გამგებლის მოწოდების მიუხედავად, 22 ოჯახი სოფელს არ ტოვებს

„მეუბნებიან, 25 ათას ლარს მოგცემთ და დატოვე შენი სახლი. მითხრან, როგორ და სად დავიწყო 25 ათასი ლარით ახალი ცხოვრება და  წავალ,“ – ასე იწყებს თავის და კიდევ 21 ოჯახის პრობლემაზე საუბარს შუახევში, სოფელ მახალაკიძეებში მცხოვრები ჯუმბერ ფუტკარაძე.

მახალაკიძეებში, რაბათის უბანში მცხოვრებ 22 ოჯახს მუდმივი საფრთხის ქვეშ უწევს ცხოვრება. სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია. რამდენიმე დღის წინ, 19 ივნისს სოფელში ფერდობიდან  უზარმაზარი ლოდი დასახლებულ უბანში, სოფლის გზაზე ჩამოვარდა.

„როცა წვიმს, მეზობელთან, შედარებით უსაფრთხო ადგილას გადავდივარ იმ შემთხვევისთვის, თუ მეწყერი გააქტიურდა, თან არ ჩაგვიტანოს. ზამთარი რომ მოვა, მერე რა უნდა ვქნათ არ ვიცი“, – ამბობს ჯუმბერ ფუტკარაძე.

მისი თქმით, ძველი მეწყრული კერები სოფელში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც იქ კომპანია „აჭარის წყალი ჯორჯიამ“ შუახევი ჰესისთვის საჭირო გვირაბის გაყვანა დაიწყო. ამბობენ, რომ გვირაბის მშენებლობისთვის საჭირო აფეთქებებმა ჯერ სოფლიდან სასმელი წყალი გააქრო, შემდეგ კი მეწყერი გაჩნდა. ჯუმბერ ფუტკარაძის მსგავს სიტუაციაშია გენადი ბერიძეც.

„როდესაც  დაიწყო გვირაბის მშენებლობა, უნდა გაკეთებულიყო ეს ბურღვა აფეთქებით. სოფლის ტერიტორიაზე  განხორციელდა 700-მდე აფეთქება. სადაც მე ვცხოვრობ, იმ მხარეს საერთოდ გაქრა სასმელი წყალი. აქ მონიტორინგი აწარმოეს, იცოდნენ, რომ 5 წამში 20 ლიტრა წყალი ივსებოდა. შვიდი თვეა არ გვაქვს წყალი. მოდიან გეოლოგები, ამოწმებენ და გვეუბნებიან შეიძლება კავშირში იყოს, მაგრამ ჩვენ ვერ ჩავწერთ.  როცა მემორანდუმი გაგვიფორმა ნორვეგიელმა სამშენებლო კომპანიამ და თქვა, თუ ჩვენი ბრალეულობა გამოიკვეთება, ამ შემთხვევაში  ევროსტანდარტების შესაბამისად გაგიყვანთო. ახლა საერთოდ გაქრა კომპანია. ჩავალთ შუახევში, ჩავალთ ბათუმში ერთი და იგივე პასუხი  – გვუბნებიან  25 ათას ლარს მოგცემთ და წადით. სახელმწიფო პროგრამაა  და იმ ოჯახებს  ეძლევა, ძირითადად, ვინც ხვდება მეწყერსაშიშ ზონაში. კომპანიის ბრალეულობა როცა გამოიკვეთა, კეთილი ინებონ და ვინც დააშავა, მან  აგოს პასუხი,“ – ამბობს სოფელ მახალაკიძეების მკვიდრი გენადი ბერიძე.

გენადი ბერიძე, ჯუმბერ ფუტკარაძე და მეწყერულ ზონაში მცხოვრები სხვა ოჯახები  სახელმწიფოსგან ადეკვატურ კომპენსაციას ითხოვენ.

„არაერთხელ მოვიწვიეთ გეოლოგიური სამსახური, ჩვენი პასუხისმგებლობა რაც არის,  მოვახდინეთ რეაგირება. გეოლოგთა ჯგუფი დადიოდა კარდაკარ, ფერდობებისა და იმ დაქანებების შესასწავლად, სადაც მოსალოდნელი იყო საფრთხე. გეოლოგიური დასკვნები აქვს ყველა მოსახლეს,  რომ იქ არ იცხოვრება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ შუახევის გამგებელი ტარიელ ებრალიძე.

კითხვაზე, რამდენად ადეკვატურია 25-ათასლარიანი კომპენსაცია, ებრალიძე პასუხობს:

„ახლა თუ ვინმეს რუსთაველზე ან გორგილაძეზე უნდა ბინის შეძენა, ამას ვერ მოახერხებს. იქ სხვა ტარიფებია. 35 ოჯახი იყო და 13 უკვე დარეგისტრირდა პროგრამაში.  ის 22 ოჯახი, სავარაუდოდ, იმიტომ არ რეგისტრირდება, რომ მათ აქვთ ალტერნატიული ფართობები. პროგრამაში, როდესაც რეესტრის ამონაწერი ერთვის თან, როცა ადამიანი რეგისტრირდება და მას აღმოაჩნდება ალტერნატიული ფართობი, იმას  ავტომატურად პროგრამა ეუბნება უარს. ამიტომ მათი ქონების შესახებ ხომ იციან, ვის რა ქონება გააჩნია,  ეტყობა ამის გამო იკავებენ ისინი თავს პროგრამაში მონაწილეობისგან“.

ჯუმბერ ფუტკარაძე და მისი სოფლელები ამბობენ, რომ მათ კომპენსაცია არა სახელმწიფოსგან, არამედ კომპანიისგან უნდა მიიღონ, რადგან ზარალი კომპანიისგან მიადგა სოფელს.

„კი, ეს მეწყრული კერა დიდი ხანია არსებობდა და არ იყო აქტიური. ვცხოვრობდით ჩვენთვის, არც სახელმწიფოს ვთხოვდით რამეს და არც არავის. მოვიდა  კომპანია, სახლის ქვემოთ გვირაბი გაიყვანა და ახლა იძულებულს მხდის წავიდე ჩემი სახლიდან – მის მიერ წარმოებულმა სამუშაოებმა ჩემი საცხოვრებელი გარემო შეცვალა. შეუძლებელი გახდა აქ ცხოვრება. კომპანიამ ჩაიდინა ეს დანაშაული, მაგრამ სახელმწიფოს არ უნდა ამის აღიარება. გვეუბნებიან, რომ ჩავატაროთ ალტერნატიული გეოლოგიური შემოწმება. ამას ჭირდება სანდო უცხოელი სპეციალისტების დაქირავება და ჩამოყვანა. ამდენი ფული რომ გვქონდეს, საერთოდ არაფერს მოვითხოვდით, თვითონ მივხედავდით ჩვენს თავს. ახლა  გვთავაზობენ 25 ათას ლარს. 11 ათასი დოლარია დაახლოებით. ამ თანხით, ახალ ადგილას, ახალ ცხოვრებას ვერ დავიწყებ. შეუძლებელია უბრალოდ,“ – ამბობს ჯუმბერ ფუტკარაძე.

შუახევის გამგებლის მტკიცებით, იმ გეოლოგიური დასკვნების მიხედვით, რომელიც კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ და მუნიციპალიტეტმა ერთად ჩაატარა, დადგინდა, რომ  მეწყრული  პროცესები არ არის გამოწვეული გვირაბის  მშენებლობით.

„მე მათ ვუთხარი, თუ თქვენ არ გჯერათ ამ დასკვნის,  შეგიძლიათ მოიწვიოთ დამოუკიდებელი ექსპერტები, დაიდოს შესაბამისი დასკვნა და თუ დასკვნაში გამოიკვეთება კომპანიის ბრალეულობა, მათ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს და სასამართლოს გზით შეუძლიათ ნახონ „სამართალი“, რომელსაც ისინი ეძებენ. მაგრამ [უკვე არსებულ] დასკვნებში შავით თეთრზე წერია, რომ ეს არ არის გამოწვეული გვირაბის მიმდინარე სამუშაოების შედეგად“, – ამბობს ტარიელ ებრალიძე.

მოსახლეობა სახელმწიფოს შეთავაზებას არ თანხმდება, სახელმწიფო კი ამბობს, რომ ოჯახების სოფელში დარჩენა მათივე უსაფრთხოებისთვის მიზანშეწონილი არ არის. ვინ აიღებს პასუხისმგებლობას, თუ მეწყერი ისევ გააქტიურდება და ფატალური შედეგი დადგება?

„ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მე ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. ვეყრდნობი გეოლოგიურ დასკვნებს და გეოლოგიური დასკვნების მიხედვით ისინი არ უნდა ცხოვრობდნენ იქ, სადაც ცხოვრობენ და ჩვენ ამისთვის მაქსიმუმი გავაკეთეთ. ყველა ინფორმირებულია. მთავრობის თავმჯდომარეც შეხვდა. ახლა მათ უნდა  მიიღონ გადაწყვეტილება, რომ არ აცხოვრონ ოჯახი საფრთხის ქვეშ. სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს, რომ ასეთ მდგომარეობაში  მყოფ ოჯახებს დაუდგეს გვერდით“, –  ამბობს ტარიელ ებრალიძე.

მახალაკიძეები

გადაბეჭდვის წესი