მთავარი,სიახლეები

პირველი ივლისიდან „ბათუმის აქციის საქმეს“ მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს

22.06.2017
პირველი ივლისიდან „ბათუმის აქციის საქმეს“ მოსამართლე ლევან გელოვანი განიხილავს

პირველი ივლისიდან „ბათუმის აქციის საქმეს“ მოსამართლე ირაკლი შავაძე აღარ განიხილავს, მას მოსამართლე – ლევან გელოვანი ჩაენაცვლება.

ირაკლი შავაძემ განცხადება უკვე დაწერა და იგი სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გადადის. ირაკლი შავაძე 2015 წლის 28 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გამწესდა სამი წლის ვადით, თუმცა სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, იგი აქამდე სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავდა. პირველი ივლისიდან თავად მოსამართლე ირჩევს მისთვის სასურველ კოლეგიას.

„ირაკლი შავაძემ წერილობით უარი განაცხადა სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მუშაობაზე და პირველი ივლისიდან საქმე დაეწერა მოსამართლე ლევან გელოვანს,“ – გვითხრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა, ივერი აბაშიძემ.

გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის თავმჯდომარე:„2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარეს აღარ ექნება უფლება, მოსამართლის თანხმობის გარეშე დაავალოს სხვა სპეციალიზაციის საქმის განხილვა. ამ დრომდე მოქმედი წესის თანახმად, სასამართლოს თავმჯდომარეს შეეძლო აუცილებლობის შემთხვევაში, მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან ასაცილებლად,ინდივიდუალური გადაწყვეტილებით, მოსამართლესთან შეთანხმების გარეშე მიეღო გადაწყვეტილება მისი სხვა კოლეგიაში გადაყვანის თაობაზე.“

levan gelovani.jpg akhaliრაც შეეხეხება ლევან გელოვანს, რომელიც პირველი ივლისიდან „ბათუმის აქციის საქმეს“ განიხილავს – ის მოსამართლედ 2017 წლის 25 მაისს გაამწესეს. ლევან გელოვანს აქამდე მოსამართლის გამოცდილება არ ჰქონია. იგი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. 2015 წლიდან ლევან გელოვანი მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი იყო.

ლევან გელოვანი „ბათუმის აქციის საქმეზე“ 9 ბრალდებულის საქმეს განიხილავს. ამავე საქმეზე კიდევ 8 ბრალდებულს განაჩენი მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი გამოუტანს. მასობრივი ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულების: მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას ბათუმის სასამართლოს თავმჯდომარე – დავით მამისეიშვილი მიიღებს.

„ბათუმის აქციის საქმეზე“ კიდევ ორი არასრულწლოვანია ბრალდებული. ამ შემთხვევას მოსამართლე გიორგი გრატიაშვილი განიხილავს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: